მთავარი,სიახლეები

ყოფილი პოლიციელი, რომელიც აქციაზე დააკავეს: “ვერ გავიგე, რატომ დამაკავეს”

28.11.2021
ყოფილი პოლიციელი, რომელიც აქციაზე დააკავეს: “ვერ გავიგე, რატომ დამაკავეს”

„ვერ გავიგე, რატომ დამაკავეს, არავითარი მოთხოვნა ჩემ მიმართ პოლიციას არ ჰქონია,” – ამბობს გია ხალვაში, რომელიც 26 ნოემბერს უმაღლესი საბჭოს წინ აქციაზე დააკავეს.

აქციაზე შეკრებილები აპროტესტებდნენ იმას, რომ ბათუმის ახალი ბიუჯეტი ძველმა საკრებულომ დაამტკიცა მაშინ, როცა ახალი საკრებულო უკვე არჩეულია, თუმცა იქ უმრავლესობა “ქართულ ოცნებას” აღარ აქვს.

გია ხალვაში ყოფილი პოლიციელია და ბათუმის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი იყო ბოლო არჩევნებზე. ის აქციაზე სამ აქტივისტთან: გიორგი ბოლქვაძესთან, ვახტანგ ხუნდაძესთან და დენის ბუკაშვილთან ერთად ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

დღეს, 28 ნოემბერს, ადმინისტრაციული წესით დაკავებულების სასამართლო პროცესი დაიწყო.

„რეალურად, ბევრი ადამიანი ვიდექით ერთად… ჩემმა ნაცნობმა პოლიციელმა, ჯარჯი მელაძემ, ხელებით სცადა ჩემი  გაწევა და მითხრა, გადადი იქითო, მაგრამ ისეთი ჭყლეტა იყო, ვერსად გადავიდოდი. ტროტუარზე ვიყავი. მას ხუმრობით ვუთხარი, ყველა ჭიდაობს და მოდი, ვიჭიდაოთ მაშინ-მეთქი…

მერე სხვა პოლიციელები მოვიდნენ და დამაკავეს,” – გვიყვება გია ხალვაში, რომელიც დღეს, 28 ნოემბერს, გაათავისუფლეს სასამართლო პროცესის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, როცა ადმინისტრაციული დაკავების მაქსიმალური დრო – 48 საათი სრულად ამოიწურა.

„უნდათ გაჩნდეს განცდა, რომ ნებისმიერი შეიძლება დააკავონ. მნიშვნელობა არ აქვს, დაარღვევ რამეს თუ არა,” – ამბობს გია ხალვაში.

გია ხალვაში დაკავების შემდეგ ლანჩხუთის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს, დანარჩენი სამი კი – ოზურგეთში.

„მითხრეს, სიტუაცია რომ არ დაძაბულიყო, ამიტომ გადამიყვანეს, უადგილობა არ იყო მიზეზი,“ – დასძინა „ბათუმელებთან“ გია ხალვაშმა.

სასამართლო განხილვაზე პოლიციას არ წარმოუდგენია ვიდეომტკიცებულება, რაც ასახავდა აქციაზე მომხდარს. პოლიციამ მხოლოდ მოწმეების სახით პოლიციელების გამოკითხვა ითხოვა.

დაკავებულების ადვოკატმა, მალხაზ ზოიძემ კი სასამართლო პროცესის გადადება ითხოვა იმისთვის, რომ მხარემ მტკიცებულებების წარდგენა შეძლოს.

„ეს ემსახურება პროცესის გაჭიანურებას, მათ ჰქონდათ საკმარისი დრო. ჩვენთვის მისაღებია, თუ დღესვე დასრულდება პროცესი,“ – მიმართა მოსამართლე სალიხ შაინიძეს პოლიციელმა.

„პოლიციის მასალებიც კი არ ჩამბარებია, არასამუშაო დღეებია,“ – პოლიციელებს მიმართა ადვოკატმა, მალხაზ ზოიძემ.

„შაბათს მუშაობს პირველ საათამდე კანცელარია,“ – მიმართა ისევ მოსამართლეს პოლიციელმა.

„ფიზიკური პირები იყვნენ დაკავებული, თქვენ კი, წარმოადგენთ სახელმწიფოს,“ – შსს-ს წარმოამდგენელს მოსამართლემ შეახსენა, რომ ოთხი პირი სასამართლო სხდომის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე გაათავისუფლეს და რეალურად ვერ ექნებოდათ დრო მტკიცებულებების შესაგროვებლად.

მოსამართლე სალიხ შაინიძემ სასამართლო სხდომა 7 დეკემბრამდე გადადო.

სასამართლო განხილვა 7 დეკემბრამდე გადაიდო

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: