მთავარი,სიახლეები

მერია შეიარაღებული ბანდების დაწესებულება არ არის – ენმ ბათუმის მერს რეაგირებას სთხოვს

11.12.2021
მერია შეიარაღებული ბანდების დაწესებულება არ არის – ენმ ბათუმის მერს რეაგირებას სთხოვს

ბათუმის საკრებულოს წევრები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის უფროსის მოადგილისა და ბიზნესმენის დაპირისპირებას გამოეხმაურნენ. ისინი შესაბამის რეაგირებას ბათუმის მერს, არჩილ ჩიქოვანს სთხოვენ.

„სამწუხარო და ამავდროულად უბედურებაა ის, რომ მერიის თანამშრომლები უკვე, ლამის დეშეკათი დარბიან, იმისთვის, რომ ქალაქში ზედამხედველობის სამსახურმა თავისი ფუნქცია შეასრულოს.

მერის ასე ჩუმად ყოფნა და დუმილი ნიშნავს იმას, რომ მას უფლება აქვს მიცემული, შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა, თუნდაც იმ მოსახლეობას ელაპარაკოს, რომელიც კანონდარღვევით აშენებს. ყველაფერი ეს იმ ფონზე ხდება, როცა ჩვენ ვხედავთ, რომ უკანონობის პიკია, თუნდაც ბულვარში მშენებლობაზე. თუნდაც ჩინური კვარტლის მშენებლობაზე, სადაც ზედამხედველობის სამსახური ხმას არ იღებს“ – განაცხადა ენმ-ის წევრმა, რეზო ხარაზმა ბრიფინგზე.

„ჩინურ კვარტალს“ რეზო ხარაზი უწოდებს გოგოლის ქუჩაზე მიმდინარე უნებართვო მშენებლობას, რომლის შეჩერებაც მერიამ ვერ შეძლო.

ბიზნესმენი მერაბ ფარტენაძე ამბობს, რომ მერიის მაღალჩინოსანი, ბესო ცეცხლაძე მას იარაღით დაემუქრა, გავრცელდა დაპირისპირების კადრებიც.

შსს-ს ინფორმაციით ფაქტთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება, ბიზნესმენი გუშინ გამოკითხვაზეც იმყოფებოდა, გამოჰკითხეს ბესო ცეცხლაძეც.

ბიზნესმენი ამბობს, რომ ბათუმის მერიის მაღალჩინოსანი იარაღით დაემუქრა – გამოძიება დაიწყო

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის პრესცენტრის განმარტებით, კი „აეროპორტის გზატკეცილზე 259ბ-ში პროექტის დარღვევით მიმდინარე მშენებლობაზე მონიტორინგის მიზნით გასულ მუნიციპალური ინსპექციის ჯგუფს მოქალაქეთა ნაწილმა საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით წინააღმდეგობა გაუწია:

„აღნიშნული ობიექტი მუნიციპალური ინსპექციის მიერ ეტაპობრივად 10-ჯერ იქნა დაჯარიმებული მშენებლობის გაგრძელების ფაქტზე. დღეს, მორიგი აქტის შედგენის პროცედურას კი, მოჰყვა აღნიშნული ინციდენტი,“ – აღნიშნულია მუნიციპალური ინსპექციის წერილობით განმარტებაში.

ბიზნესმენი ამბობს, რომ მუნიციპალური ინსპექციის მაღალჩინოსანი მას კომერციულ ფართობს დაბალ ფასად სთხოვდა:

„დავა იყო ქონებაზე, კომერციული ფართობის დათმობას ითხოვდა, რაც ღირდა კვადრატული მეტრი 2 ათასი დოლარი, ის დამითმე 500 დოლარადო…“

ბიზნესმენის თქმით, 2 ათას დოლარად ღირებულ 1 კვადრატს, მერიის მოხელე ხუთასად სთხოვდა

ენმ- ის წევრები ასევე ითხოვენ, რომ ბესო ცეცხლაძემ მუნიციპალურ ინსპექციაში თანამდებობა დატოვოს:

„მისი სამსახური არის უსაფრთხოების სამსახური, წავიდეს და იარაღით ირბინოს უშიშროებაში. ბათუმის მერია არ არის შეიარაღებული ბანდების დაწესებულება, მოვითხოვთ დროულ რეაგირებას.“

ბიზნესმენის თქმით, 2 ათას დოლარად ღირებულ 1 კვადრატს, მერიის მოხელე ხუთასად სთხოვდა

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: