მთავარი,სიახლეები

პანდემიისას შშმ პირების მდგომარეობა გაუარესდა – სახალხო დამცველი

10.12.2021 • 1464
პანდემიისას შშმ პირების მდგომარეობა გაუარესდა – სახალხო დამცველი

დღეს, 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს, სახალხო დამცველმა საგანგებო განცხადებით შეაჯამა 2021 წელს ადამიანის უფლებების მხრივ მდგომარეობა საქართველოში. ნინო ლომჯარიას თქმით, ქვეყანაში კვლავ გამოწვევად რჩება შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობის დაცვა, ახალი კორონავირუსის პანდემიამ კი დამატებითი პრობლემები შეუქმნა შშმ პირებს.

განცხადების მიხედვით, 2021 წელს გამოიკვეთა ჯანმრთელობის დაცვის კუთხით არსებული რიგი სისტემური პრობლემები.

„მათ შორის, როგორც სამედიცინო დაწესებულებებსა და სერვისებზე წვდომის, ისე სამედიცინო პერსონალთან კომუნიკაციის სირთულის კუთხით. გაუარესდა ამ პირთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, დასაქმების პერსპექტივა. მათი ნაწილი კვლავ დარჩა პანდემიის საპასუხოდ შემუშავებული სახელმწიფოს ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის მიღმა,“ – ამბობს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია.

მისივე თქმით, მიმდინარე წელს საქართველოს პარლამენტმა გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება მოახდინა, რაც მნიშვნელოვანია ამ პირთა უფლებების საერთაშორისო დაცვის მექანიზმებით უზრუნველყოფისთვის. ასევე, სახალხო დამცველმა დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის შექმნა.

თუმცა, როგორც ნინო ლომჯარია ამბობს, ჯერ კიდევ არ მომხდარა შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის მინიჭების სამართლიან სისტემაზე გადასვლა, რომელიც გარდა სამედიცინო ჩვენებისა, ყურადღებას გაამახვილებს პირის ფსიქოლოგიურ და სოციალურ ფაქტორებზე.

„მოქმედი მოდელის მიხედვით განსაზღვრული სოციალური პაკეტის ოდენობა, გარდა იმისა, რომ არ არის მორგებული პირის ინდივიდუალურ საჭიროებებზე, მინიმალურადაც ვერ უზრუნველყოფს შშმ პირთა საჭიროებების დაკმაყოფილებას.

გასული წლის შემდეგ არსებითად არ შეცვლილა სოციალური რეაბილიტაციის და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული მომსახურებები. თითქმის ყველა შემთხვევაში პრობლემურია მომსახურებათა გეოგრაფიული დაფარვა, მეტწილად ვერ ხერხდება ქვეყნის მასშტაბით შესაბამისი საჭიროების მქონე ყველა შშმ ბავშვის/პირის მოცვა და სერვისებს ჰყავთ მომლოდინეთა რიგები,“- ამბობს ლომჯარია.

_________________________

მთავარ ფოტოზე: შშმ პირთა მსვლელობა ბათუმში/ბათუმელები

________________________

ამავე თემაზე:

თეა და ანა – როგორ შეცვალა პანდემიამ ეტლით მოსარგებლე ადამიანების ცხოვრება

გადაბეჭდვის წესი


ასევე: