მთავარი,სიახლეები

გოგო, რომელიც 13 წლიდან მუშაობს: ყველა გარბის საქართველოდან, ალბათ მეც წავალ

11.12.2021 • 10933
გოგო, რომელიც 13 წლიდან მუშაობს: ყველა გარბის საქართველოდან, ალბათ მეც წავალ

კორონავირუსის პანდემიამდე საზღვრებს მიღმა, სეზონურ სამუშაოზე ასობით ბავშვი მუშაობდა. ბავშვები თხილისა და ჩაის საკრეფად მშობლებთან ერთად გადადიოდნენ და იქ სეზონის დასრულებამდე რჩებოდნენ.

სანდრა ხალვაში 17 წლის აბიტურიენტია ბათუმიდან. 13 წლის იყო, როცა მშობლებთან ერთად სამუშაოდ წავიდა თურქეთში, სამსუნთან ახლოს, თხილის საკრეფად. იმ ზაფხულის ცხელი აგვისტო სანდრამ თხილის კრეფაში გაატარა, საქართველოში დაბრუნებულმა კი გამომუშავებული ფულით ტელეფონი იყიდა.

„ჩემი მშობლები საქართველოში დასაქმებულები არიან, მაგრამ აგვისტოს თვეში ყოველთვის მამაჩემი იღებდა შვებულებას იმის გამო, რომ იქ უფრო მეტს აკეთებდა, ვიდრე აქ, იმ ერთ თვეში. თავიდან ჩემი უფროსი და იყო წასული. ჩამოვიდა და დავინახე, რომ  საკუთარი ფულით, რაც უნდოდა იმას ყიდულობდა. მეც მომინდა. ჩემს მშობლებს ვერ მოვთხოვდი მომეცი ტელეფონის ფული, როცა ვთქვათ იქ ტანსაცმლის ყიდვა იყო საჭირო.

თან მაინტერესებდა რას მუშაობდნენ, რას აკეთებდნენ წლების მანძილზე ჩემი მშობლები. თეორიულად კი ვიცოდი, მაგრამ პრაქტიკულად მინდოდა გამომეცადა,“ – ასე იხსენებს სანდრა იმ ზაფხულს, მშობლებს თურქეთში სამუშაოდ წაყვანა რომ სთხოვა.

სამუშაო შავიზღვისპირა ქალაქ სამსუნთან ახლოს სოფელში იყო, იქ 35 დღის განმავლობაში სანდრა მშობლებთან ერთად თხილს კრეფდა. ეს იყო მისი პირველი სამუშაო გამოცდილება.

„მახსოვს, რომ დილით ადგომა, როცა ძილი ყველაზე მეტად მიყვარს, არ გამჭირვებია. მახსოვს, უფროსები, რომლებიც იქ იყვნენ, თვითონ თურქები, არასოდეს გვიშვებდნენ ისეთ ადგილებში, სადაც მუშაობა შეიძლება სახიფათო ყოფილიყო ბავშვისთვის ან მოხუცებისთვის. ვგულისხმობ ხრიოკ, ციცაბო, სახიფათო ადგილებს. დილის ექვსზე ვდგებოდით, შვიდზე უნდა ვყოფილიყავით სამუშაოზე. საღამოს ექვსზე ვამთავრებდით. შუალედში დასვენებაც გამოდიოდა.

ვერ ვიტყვი, რომ ის 35 დღე გამიჭირდა. პირიქით, ყოველი დღე მოტივაციას მაძლევდა, როდესაც ჩემს მიერ შედგენილ კალენდარში მორიგ დღეს გადავხაზავდი ხოლმე და ვამბობდი, აი, დღეს ამდენი ფული მაქვს. ხვალ ამდენი მექნება…“ – იხსენებს სანდრა.

სანდრას თქმით, მიუხედავად დღის განმავლობაში თავაუღებელი შრომისა, ის ზაფხული მაინც კარგად ახსოვს.

„მარტო შრომა არ იყო. გართობაც იყო. საღამოობით როდესაც ვბრუნდებოდით, ტანსაცმელს გამოვიცვლიდით, ვთამაშობდით, ვსაუბრობდით, ვერთობოდით. როცა ჩამოვედი უკვე სკოლის დაწყების დრო იყო. ჩემი კლასელები მეკითხებოდნენ – როგორი იყო? როგორ დგებოდი დილით? არ გიჭირდა? კარგად მახსოვს ჩემი დირექტორის რეაქცია, მასწავლებელს უთხრა სანდრა ახალი ჩამოსულია თურქეთიდან და მოდი ბევრი დავალებებით არ დატვირთოო. მეორე წელსაც ვიყავი წასული. მეორე წელს ისე არ გაამართლა, როგორც პირველ წელს. პირველად თუ 35 დღე ვიყავი, მეორე წელს 15  დღე დავრჩით მხოლოდ,“ – იხსენებს სანდრა.

კითხვაზე რა შეცვალა იმ ზაფხულმა მის ცხოვრებაში, როცა მუშაობა დაიწყო, სანდრა ამბობს, რომ შრომის ფასი ისწავლა.

„ჩემი აზრით, ცხოვრება მარტო გართობა არ არის. ვფიქრობ, ბავშვობიდანვე უნდა მიეჩვიოს ადამიანი ფულის გამომუშავებას, რომ გაიგო ფულის ყადრი. როცა მშობლების ხარჯზე ცხოვრობ, ზრდასრულ ასაკში გიჭირს შენი იშოვო, რადგან სხვანაირად ხარ მიჩვეული. მიჩვეული ხარ, რომ ყოველთვის მშობელმა მოგცეს, ყოველთვის მისი უნდა გამოიყენო. როცა ბავშვობიდან ეჩვევი, ნელ-ნელა იზრდები და იცი როგორ უნდა იშოვო ფული.

ვერ ვიტყვი, რომ როგორც ბავშვმა ფუჭად დავკარგე ის ზაფხული. პირიქით,  დიდი გამოცდილება მივიღე. წიგნები მქონდა წაღებული. როცა წვიმდა, წიგნებს ვკითხულობდი. წერა მიყვარს, მაგრამ წერით ვეღარ ვწერდი. მაინც ფიზიკური შრომა მიწევდა, ხელები დაკავებული მქონდა მთელი დღე და აღარ შემეძლო წერა,“ –  ამბობს სანდრა.

მიუხედავად იმისა, რომ აბიტურიენტია, სანდრა მუშაობას ბათუმშიც აგრძელებს. ზაფხულობით მუშაობს მიმტანად, არიგებს ფლაერებს, მუშაობს სტადიონზე ბილეთების შემმოწმებლად.

სანდრას ვკითხეთ, რა განასხვავებს შრომას საქართველოსა და საზღვარგარეთ მისთვის.

„საქართველოში მაინც შენს მშობლიურ მიწაზე ხარ, სხვანაირი შეგრძნებაა. იქ რომ მიდიხარ, უფრო მეტი შიშის გრძნობა გაქვს. უფროსები როგორ მოიქცევიან. როგორი უფროსი გეყოლება. შეიძლება ისეთი ხელმძღვანელი შეგხვდეს, რომ მთელი თვე შიშის ქვეშ იყო. თუმცა საქართველოში ზოგჯერ უფრო კაპასი უფროსები გვყავს, ვიდრე იქ,“ – ამბობს სანდრა და აგრძელებს:

„როგორც არ უნდა მჭირდებოდეს, ჩემს მშობლებს ფულს ვერ ვთხოვ. სულ მერიდება ხოლმე.

დედაჩემს დღემდე ფიზიკურად მუშაობს, სახსრები აწუხებს. რთულია ადგე და უთხრა – მე მჭირდება ფული მეგობრის დაბადების დღისთვის ან რაღაცისთვის. არ არის მარტივი საქმე ფულის შოვნა და მუშაობა. ხანდახან მაინც მიწევს ხოლმე, მაგრამ ძირითადად ვცდილობ პატარ-პატარა სამუშაოები ვიპოვო – ფლაიერების დარიგება იქნება ეს თუ სტადიონზე, ბილეთების გატარება.

ვცდილობ, ისეთ ადამიანებთან მქონდეს კონტაქტი, ვინც დამასაქმებს სეზონურად. რთულია სხვას მოსთხოვო, როცა იცი, რომ არც მას ულხინს ცხოვრებაში“.

აპირებს ფილოლოგი გახდეს, თუმცა ჯერ საბოლოო არჩევანი არ გაუკეთებია ქართულ ფილოლოგიას აირჩევს თუ ინგლისურს. უფრო ინგლისური უნდა, რადგან ფიქრობს საზღვარგარეთ წასვლის ასე უფრო დიდი შანსი ექნება.

„ჩემი ოცნება არის საზღვარგარეთ მოგზაურობა, თუნდაც იქ დასაქმება. იქ უფრო მეტი პერსპექტივაა, ვიდრე საქართველოში. ყველა გარბის საქართველოდან თუ დააკვირდებით, ურჩევნიათ ემიგრაციაში იცხოვრონ, იმუშაონ. ფული გჭირდება იმისათვის, რომ იცხოვრო. საქართველოში ცოტა რთულადაა საქმე. რითი უნდა ირჩინო თავი, როცა ყველაფრის ფასი მირბის ზემოთ და ხელფასები ქვემოთ?

თუ ქართულის მასწავლებელი გავხდები, ალბათ ბავშვებთან ისეთი ვიქნები, რომ ბავშვობიდანვე ვასწავლი არამარტო სამუშაოს მიმართ, არამედ სკოლის მიმართაც სიყვარულს. ძალიან ბევრი ბავშვია, რომელიც სკოლას ვერ იტანს. სინამდვილეში არც ისე საძულველია სკოლა და მინდა ეს სხვანაირადაც ვაჩვენო ბავშვებს. მთავარი ოცნება მაინც ისაა, რომ ჯერ სტუდენტი გავხდე.

ვიცი, ოცნებების ასახდენად მე თვითონ უნდა ვიშრომო და ვიბრძოლო, იმიტომ, რომ ეს ცხოვრება არის ნამდვილი ბრძოლა“.

___

გადაბეჭდვის წესი


ასევე: