მთავარი,სიახლეები

ბათუმელი ბუღალტერი, რომელიც გამხმარი ყვავილებისგან სამკაულებს ქმნის

13.12.2021 •
ბათუმელი ბუღალტერი, რომელიც გამხმარი ყვავილებისგან სამკაულებს ქმნის

23 წლის ბათუმელი ხატია ხოზრევანიძე პროფესიით ბუღალტერია, თუმცა პანდემიის დროს სხვა საქმიანობამაც გაიტაცა და აგერ უკვე წელიწადზე მეტია ჰერბარიუმისგან სამკაულებს ამზადებს. 

„ზოგადად, ძალიან მიყვარს ბუნება, ყვავილები განსაკუთრებით. როცა ვხედავდი უცხოურ საიტებზე მსგავს ნაკეთობებს, ყოველთვის აღფრთოვანებით ვუყურებდი და გამიჩნდა სურვილი, მეც გამეკეთებინა.

ყვავილები ძალიან მიყვარს და ყველაზე მეტად ის აღმაფრთოვანებს, რომ მათთვის ახალი სიცოცხლის მიცემა და სამუდამოდ შენახვა შემიძლია,“ – ამბობს ხატია. 

მოკლე ხანში ბრენდიც შექმნა და მას „ლულუნა“ დაარქვა:

ლულუნა ვარ მე, მეგობარმა შემარქვა და ძალიან მიყვარს, თან შეიცავს მთვარეს – ისიც ძალიან მიყვარს და ხშირად ვაკეთებ მთვარის აქსესუარებსაც. იდეაც ძალიან  მომეწონა – ლულუნას ლულუნები“. 

სამკაულების დამზადება ინტერნეტის საშუალებითა და კომპეტენტური ადამიანების რჩევებით ისწავლა, ნელ-ნელა ყველაფერი გამოუვიდა. 

ხატიას დამზადებული სავარცხლები. ფოტო: ლულუნა • Luluna/facebook

აქსესუარი, რომელიც პირველად შექმნა, ტელეფონის დამცავი იყო:

„2020 წლის გაზაფხულზე შევქმენი ტელეფონის ქეისი, რომელიც საკმარისად კარგი არ გამომივიდა  და შემდეგ დავიწყე ყელსაბამების კეთება.

ყოველთვის მქონდა გამხმარი ყვავილები. ჩემთვის, ჩემი მეგობრებისთვის შევქმენი, მერე ეს ჰობი ვაქციე ბიზნესად“.

გვირილა ხატიას  საყვარელი ყვავილია, აქსესუარშიც გამოიყენა და პირველი სამკაული, რომელიც ტელეფონის დამცავის შემდეგ დაამზადა, სწორედ გვირილას ყელსაბამი იყო.

„გიფსოფილები [მცენარე] მიყვარს ძალიან, ხშირად ვამზადებ აქსესუარებს მათი გამოყენებით“ – ამბობს ხატია.  

სამკაულებს ეპოქსიდისა და ჰერბარიუმისგან ამზადებს, ფორმებს ყალიბების საშუალებით ანიჭებს.

ხატიას დამზადებული ყელსაბამები. ფოტო: ლულუნა • Luluna/facebook

ხატიას დამზადებული ყელსაბამები. ფოტო: ლულუნა • Luluna/facebook

ხატია ამბობს, რომ აქსესუარებში გამოყენებულ მცენარეებს თავიანთი მნიშვნელობა აქვთ:

„ყვავილებს აქვთ თავიანთი დატვირთვა იმ კუთხით, რომ სამახსოვროდ შენახულ მცენარეებს ვიყენებ. მაგალითად, ჩემსას, მეგობრის ან მომხმარებლის, მაგრამ, ძირითადად, მაინც გემოვნების საკითხია“. 

დღისით თავისი ძირითადი პროფესიით მუშაობს, ამიტომ აქსესუარებს საღამოობით ამზადებს.

„ფიზიკურად არ მაქვს დრო, რომ დღისით ვიმუშაო, ამიტომ სამკაულებს ღამით ვამზადებ, თუმცა შექმნის პროცესი იმდენად სასიამოვნოა ჩემთვის, რომ არასოდეს ვიღლები.

თანაც ძალიან მოსწონთ მომხმარებლებს ჩემი ნაკეთობები, განსაკუთრებით, გვირილებიანი აქსესუარები და მათზე მოთხოვნაც დიდია.

ისეც ყოფილა, რომ გვიან ღამით შემხმიანებია მომხმარებელი და დაძინების ნაცვლად აქსესუარები გამიკეთებია.

კეთებისას დროს ვერასდროს ვაკონტროლებ.

ჩემს ნაკეთობებს ინდივიდუალიზმი ახასიათებს. მათ სიყვარულით ვქმნი, მომხმარებლის სურვილს ვითვალისწინებ და ბუნებრივ ყვავილებს ვიყენებ,“ – ამბობს ხატია. 

ხატიას დამზადებული ბეჭდები. ფოტო: ლულუნა • Luluna/facebook

ხატიას დამზადებული ყელსაბამები. ფოტო: ლულუნა • Luluna/facebook

სამკაულები რამდენჯერმე ფესტივალებსა და  გამოფენებზეც გაუტანია, მაგრამ, უმეტესად, სოციალური ქსელების დახმარებით ყიდის:

„ძირითადად, ვყიდი ონლაინ, ერთ-ერთ მაღაზიაშიც მიდევს სამკაულების ნაწილი.

გამოფენებზეც გამიტანია – შავი ზღვის ფესტივალზე და მანდარინის ფესტივალზე.

გამოფენებმა თავდაჯერებულობა შემმატა იმ კუთხით, რომ ძალიან ბევრი დადებითი შეფასება იყო მომხმარებლებისგან.

ამან მოტივაცია მომცა, რომ გამეგრძელებინა ამ საქმის კეთება“. 

ამბობს, რომ სამკაულს, რომელიც თავისთვის დაიმზადა, არასოდეს გაყიდის:

„ჩემთვის მაქვს დამზადებული ერთი ყელსაბამი ნეკერჩხლის ფოთლით, რომელსაც არ გავყიდი“. 

გადაბეჭდვის წესი