მთავარი,სიახლეები

„ვმღერი მაშინაც, როცა ჩუმად ვარ“ – რატომ არის ჯაზი 16 წლის მარიტას არჩევანი

12.12.2021 •
„ვმღერი მაშინაც, როცა ჩუმად ვარ“ –  რატომ არის ჯაზი 16 წლის მარიტას არჩევანი

ავტორი: მარიკა ბოლქვაძე

______________________

ბათუმელი მარიტა ცეცხლაძე 16 წლისაა, მას სხვადასხვა სატელევიზიო მუსიკალური შოუებიდან უკვე იცნობენ.

ბოლო შოუ, რომელშიც მარიტა მონაწილეობდა, „ვოისი“ იყო. მანამდე კი იყო „X ფაქტორი“, სადაც მარიტამ 12 წლის ასაკში მიიღო მონაწილეობა.

ახლა მარიტა აბიტურიენტია, ბათუმის #2 საჯარო სკოლაში, XII კლასში სწავლობს და სტუდენტობისთვის ემზადება. პარალელურად ზაქარია ფალიაშვილის პირველ სამუსიკო სკოლაში იღებს მუსიკალურ განათლებას.

„საბავშვო ბაღში, 3 წლის ასაკში შევასრულე პირველი სოლონომერი და იქიდან მოყოლებული არასდროს შემიწყვეტია სიმღერა.

„სიმღერა ჩემშია. გამუდმებით. ყველა მომენტში, ყველა ადგილას ვმღერი, მაშინაც კი, როცა ჩუმად ვარ,“ – ამბობს მარიტა.

მისი მთავარი სიყვარული ჯაზია.

„ყველა ჟანრი მიყვარს, თუმცა ჯაზი ჩემთვის სხვა განზომილებაა. ჯაზი თავისუფლებაა, თავის თავში ყველა ჟანრს მოიცავს, საზღვრებს არ გიწესებს და იმპროვიზაციის საშუალებას გაძლევს.

ჯაზი ცხოვრებაა, რომელსაც შენ ქმნი და თავად ხარ პასუხისმგებელი სიღრმეებზე, რაც მაყურებლამდე უნდა მიიტანო.

სიმღერის დროს მიჭირს საზღვრების დაწესება. ორჯერ ერთი და იმავე სიმღერის ერთნაირად შესრულება ჩემთვის შეუძლებელია. ჩემი ყველა ნამღერი ემოციურადაც განსხვავებულია,“ – ამბობს მარიტა.

2021 წლის ნოემბერში მარიტას მიერ შესრულებული დუკ ელინგტონის სიმღერა – I Don’t Mean a Thing – „ვოისის“ გლობალური პროექტის 2021 წლის ჯაზის 10 საუკეთესო შესრულებას შორის მოხვდა. მარიტა ამბობს, რომ ეს მისთვის ძალიან დიდი სიხარული იყო.

„ეს ჩემთვის კიდევ ერთი მოულოდნელი სიურპრიზი იყო, რადგან მასშტაბებიდან გამომდინარე ამ შესრულების ნახვა შეუძლიათ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში. სხვა პროექტებზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ „ვოისში“ გატარებულმა სამმა თვემ იმაზე მეტი მომცა, ვიდრე აქამდე ჩემს ცხოვრებაში განვლილმა კონკურსებმა,“ – ამბობს მარიტა.

მარიტა ცეცხლაძე

მან გვითხრა, რომ სცენა მისთვის არასდროს ყოფილა უცხო, თუმცა დიდ სატელევიზიო პროექტებში მონაწილეობამ მეტი გამოცილება და თავდაჯერებულობა შესძინა.

„პროექტში გამოჩენამდე ჩემთვის სცენა არც საქართველოში და არც ქვეყნის ფარგლებს გარეთ უცხო არ იყო, მაგრამ სატელევიზიო პროექტი დიდ აუდიტორიას გულისხმობს და ეს ჩემთვის ნამდვილად იყო გამოწვევა. პირველ რიგში საკუთარი თავისთვის უნდა დამემტკიცებინა, რომ მე ეს შემიძლია.

„X ფაქტორის“ დროს 12 წლის ვიყავი. მაშინაც, როგორც „ვოისის“ მიმდინარეობისას, ყველაზე პატარა მონაწილე ვიყავი, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია თანაბარი კონკურენციისთვის.

ბავშვობიდან ვმონაწილეობდი სხვადასხვა ქვეყნის საერთაშორისო კონკურსებში, მაქვს აღებული 7 გრანპრი. ეს ის შემთხვევაა, როდესაც შენ ხარ შენი ქვეყნის სახე და გეამაყება, როდესაც შენთან ერთად შენი ქვეყანაც იმარჯვებს.

სატელევიზიო პროექტებმა ჩემი ცნობადობა გაზარდა და ამასთანავე დამარწმუნა, რომ ყველაფერი, რაც მოხდა, გუშინდელი დღეა და დღეიდან ახალი ცხოვრება იწყება, სუფთა ფურცლიდან,“ – ამბობს მარიტა.

მარიტას საყვარელი მუსიკოსები არიან ჯაზის შემსრულებლები: დუკ ელინგტონი, ლუი არმსტრონგი, ელა ფიცჯერალდი, ჩეტ ბეიკერი და სხვები. ძალიან უყვარს ევა კესიდი – „ქალი ანგელოზის ხმით“, უიტნი ჰიუსტონი და ჯეიკობ კოლერი – ახალგაზრდა ბრიტანელი მუსიკოსი, რომელიც ბევრ ინსტრუმენტს ფლობს.

„რაც შეეხება ქართველ ჯაზ შემსრულებლებს, ძალიან მიყვარს ბექა გოჩიაშვილი და პაპუნა შარიქაძე. პროექტ „ვოისში“ მონაწილეობით ერთი ოცნება უკვე ავისრულე  და ნიკოლოზ რაჭველთან ვითანამშრომლე, დღემდე იგი ჩემი უსაყვარლესი მეგობარია,“ – ამბობს მარიტა.

მარიტა ცეცხლაძე

ახლა მარიტა აბიტურიენტია და მისი სამომავლო გეგმები მუსიკას და ხელოვნებას უკავშირდება. აპირებს უცხოეთში მუსიკალური განათლების მიღებას და უახლოესი გეგმებიც ამის მიხედვით აქვს დალაგებული. ის ახლა სამუსიკო სკოლის მე-9 საფეხურზეა.

„ფორტეპიანოში გენიალური პედაგოგი მყავს, ნანა შალაძე. მისმა პედაგოგიურმა მიდგომებმა განაპირობა ამ ეტაპზე ჩემი სამომავლო გეგმებიც. მან კლასიკური მუსიკის ისეთ სიღრმეებში ჩამახედა, რომ ფორტეპიანომ ჩემს ცხოვრებაში ისეთივე მნიშვნელობა შეიძინა, როგორც სიმღერამ,“ – გვითხრა მარიტამ.

ჯერ არ გადაუწყვეტია სასურველი ფაკულტეტებიდან რომელს შეარჩევს, მაგრამ ერთი რამ ზუსტად იცის – სასწავლებლად ამ ეტაპზე რჩება ბათუმში, თუმცა გვეუბნება, რომ განიხილავს  მთელ რიგ შემოთავაზებებს, რომელზეც ჯერ არ სურს საუბარი.

მარიტა ამბობს, რომ ახლა, აბიტურიენტობის პერიოდში, თავისუფალი დრო ფაქტობრივად არ რჩება, „აბიტურიენტობის მიღმა მთელ დროს მხოლოდ მუსიკას ვუთმობ,“ – გვითხრა მან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: