მთავარი,სიახლეები

ბათუმის წყალი „ოცნების“ სამსახურში – ადმინისტრაციულ რესურსის გამოყენების ფაქტი 

16.08.2021 • 3635
ბათუმის წყალი „ოცნების“ სამსახურში – ადმინისტრაციულ რესურსის გამოყენების ფაქტი 

„ქართული ოცნება“ წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციულ რესურს იყენებს. ამის დამადასტურებელი ფოტოები „ბათუმელებმა“ მემედ აბაშიძის გამზირზე, „ქართული ოცნების“ აჭარის ორგანიზაციის ცენტრალური ოფისის წინ გადაიღო. საქართველოში 2021 წლის 2 ოქტომბერს თვითმმართველობის, მათ შორის ბათუმის მერის არჩევნები ტარდება.

კომპანია „ბათუმის წყალმა“ მმართველი პარტიის ოფისში კუთვნილი ავტომობილით სკამები მიიტანა.

საარჩევნო კოდექსით წინასაარჩევნო პერიოდში პარტიების მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება აკრძალულია და დასჯადი.

„ბათუმის წყალი“ კერძო სამართლის იურიდიული პირია, თუმცა ის ბათუმის მერიის დაარსებულია და კომპანიის 100%-იან წილსაც თავად ფლობს. ბათუმის მერი ნიშნავს და ათავისუფლებს კომპანიის დირექტორსაც. „ბათუმის წყალი“ ნაწილობრივ ფინანსდება ბათუმის მერიისგან, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანია ბიუჯეტიდან ანუ მოქალაქეების მიერ გადახდილი გადასახადებიდან, გარკვეულ თანხას იღებს.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა „ბათუმის წყალს“ კომენტარისთვის. გვაინტერესებდა არსებობდა თუ არა რაიმე ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც კომპანია მოემსახურა „ქართული ოცნებას“. არც „ბათუმის წყლის“ დირექტორმა და არც სხვა პასუხისმგებელმა პირებმა კომპანიიდან ჩვენს კითხვებს არ უპასუხეს.

„ბათუმის წყლის“ პრესსამსახურის ცნობით, ადმინისტრაციული რესურსის შესაძლო გამოყენებაზე ისინი ამ ეტაპზე კომენტარს არ გააკეთებენ.

„ბათუმელებმა“ სცადა „ქართული ოცნების“ შტაბის უფროსთან, გიორგი მანველიძესთან დაკავშირებაც. მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. კითხვებზე პასუხის მიღება ვერც „ქართული ოცნების“ პრესსამსახურის საშუალებით შევძელით.

„ბათუმის წყალმა“ მმართველი პარტიის ოფისში სკამები კუთვნილი ავტომობილით მიიტანა. 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი, პაატა დიასამიძე ამბობს, რომ სახეზეა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება.

„წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა პრაქტიკა, როცა მმართველი პარტია სხვადასხვა ფორმით იყენებს ამ ადმინისტრაციულ რესურსს. წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია) იწყება კენჭისყრის დღემდე 60 დღით ადრე. პოლიტიკური პარტიები და საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატები სარგებლობენ თანასწორი უფლებებით და აკისრიათ თანაბარი ვალდებულებები.

წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლების მქონე ნებისმიერ პირს წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ეკრძალება რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის, საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიის პროცესში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება.

მათ შორის იკრძალება, სახელმწიფო ხელისუფლების ან მუნიციპალიტეტის ორგანოების საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების გამოყენება, რასაც მოცემულ შემთხვევაში აქვს ადგილი. ეს არის ერთგვარი მავნე პრაქტიკა, რასაც წლებია იყენებს სახელისუფლებო გუნდი,“ – განმარტავს პაატა დიასამიძე.

საარჩევნო კოდექსის თანახმად, წინასაარჩევნო აგიტაციისას და კამპანიისას ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებისას და თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებისას კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა ითვალისწინებს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: