ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს მთავრობა ახალ შენობას გადასცემს – COVID 19-ის მართვა

23.04.2020 • 2410
ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს მთავრობა ახალ შენობას გადასცემს – COVID 19-ის მართვა

გუშინ, 22 აპრილს, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, აჭარის მთავრობას ეთხოვა შპს „ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს“ სარგებლობაში გადასცეს  კლინიკის ახალი შენობა, რომელიც აჭარის მთავრობის საკუთრებაა. ამ კლინიკაში რამდენიმე დღის წინ ცხელების ცენტრი ამოქმედდა.

მთავრობის დადგენილებით, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო COVID 19-ის მართვაში ჩაერთვება „შესაბამისი ქონების [ახალი კლინიკის] სარგებლობის ხელშეკრულების გაფორმებისთანავე“.

ამ გადაწყვეტილების მიღებამდე კი, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო COVID 19-ის მართვაში „სანებართვო დანართის მიღებისთანავე“ უნდა ჩართულიყო.

22 აპრილს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს მიეცა უფლება, ახალ შენობაში საქმიანობა აწარმოოს უკვე არსებული ლიცენზიის/ნებართვის საფუძველზე. ეს უფლება 14 აპრილიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე გავრცელდება. ახალ კლინიკაში პაციენტების მიღება უკვე დაწყებული იყო.

ახალი კლინიკის შენობა, რომელშიც ცხელების ცენტრი 9 აპრილს გაიხსნა, ამ დრომდე ჩაბარებული არ არის. შენობა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შპს „სტადიონმა“ უნდა ჩაიბაროს.

„რესპუბლიკურ საავადმყოფოში გახსნილია ცხელების ცენტრი და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად იღებს პაციენტებს. ამ დროისთვის ჯამში 100-მდე პაციენტი მიიღო. საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულება ასევე დაიწყებს ინფიცირებული პაციენტების მიღებასაც.

დღეისათვის მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები და უახლოეს დღეებში გაფორმდება [შენობის] მიღება-ჩაბარების ხელშეკრულება. შესრულებულ სამუშაოებზე უკვე არსებობს სამხარაულის ექსპერტიზის დადებითი დასკვნა და ყველა სახის სისტემის გამოცდა/ტესტირება ჩატარებულია.

რაც შეეხება ქონებას,  შენობა-ნაგებობა და ინვენტარი სარგებლობაში გადაეცემა შპს „ქ. ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოს“, დადგენილი წესების დაცვით. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ქონების სარგებლობაში გადაცემის ხელშეკრულებაზე მუშაობა“, – გვითხრეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში.

შპს „ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს“ 100% წილის მფლობელი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაა, ხოლო წილის მმართველი – აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო.

ახალი საავადმყოფოს შენობა ამ დრომდე ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოზე რაიმე ფორმით გადაცემული არ არის. მიწის ნაკვეთიც [22 109 კვ.მ ფართობი], სადაც ორთავე [ძველი და ახალი] საავადმყოფოს შენობები დგას, ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაშია.

ბათუმში 170-საწოლიანი, მრავალპროფილური კლინიკური საავადმყოფოს შენობა თავდაპირველი ხელშეკრულებით 2018 წლის 18 მაისამდე უნდა აშენებულიყო.

სახელშეკრულებო თანხა 22 172 764 ლარი იყო, თუმცა, ამ ხელშეკრულებაში ცვლილება 11-ჯერ შევიდა –  გადაიწია დასრულების ვადამ, თანხა კი 24 384 751 ლარამდე გაიზარდა.

შესყიდვების სააგენტოს პორტალის მონაცემებით, მშენებელი კომპანიისთვის ამ დროისთვის აჭარის ბიუჯეტიდან 22 741 273 ლარია გადახდილი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: