ბათუმის აეროპორტში დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხა გამოავლინეს – შემოსავლები

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტში „ბათუმის აეროპორტი“, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, ისრაელის მოქალაქეების დ.ი.-სა და ს.ვ.-ს კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული თანხა, ჯამში, 95 300 აშშ დოლარი, 1 100 ევრო, 27 030 ებრაული შეკელი და 2 375 ქართული ლარი გამოავლინეს.

არადეკლარირებული თანხის საერთო რაოდენობამ, ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით, 327 980 ლარი შეადგინა.

„საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, საერთო ჯამში, [არადეკლარირებული თანხის 10 %-ის ოდენობით] 32 798 ლარი შეეფარდათ.“ – აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საბაჟოზე საბრძოლო ვაზნების შემოტანის მცდელობა აღიკვეთა – შემოსავლების სამსახური

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო დეპარტამენტის მებაჟე ოფიცრებმა, ერთ-ერთი საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე განთავსებული ავტომობილის მიმართ, კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი, 107 ცალი საბრძოლო ვაზნა აღმოაჩინეს.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა – აცხადებს შემოსავლების სამსახური.

უკრაინის 300 მოქალაქე აჭარაში კერძო სექტორმა შეიფარა, 110 კი – სახელმწიფომ

უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში ტურისტული ვიზიტით იმყოფებოდნენ, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის გამო ვეღარ ახერხებენ სამშობლოში დაბრუნებას, საქართველო შეიფარებს. საქართველო მზადაა უკრაინელი დევნილებიც მიიღოს, რომლებიც ყოველდღიურად რეკავენ ცხელ ხაზებზე.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, აჭარაში ამ დროისთვის უკრაინის 410 მოქალაქე იმყოფება. მათგან 110 ტურისტული მიზნით იყო შემოსული ქვეყანაში, 300-მდე ადამიანი კი უკრაინიდან ლტოლვილია.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, თინათინ ზოიძის თქმით, შექმნილია ორი ცხელი ხაზი. აქედან ერთი მთელ საქართველოს ფარავს, მეორე – აჭარის რეგიონში ცალკე შეიქმნა და 24 საათი ფუნქციონირებს.

„ასევე ტურისტული საინფორმაციო ცენტრების მეშვეობით ხდება უკრაინის მოქალაქეებთან კოორდინირება.

შემუშავდა სახელმწიფო პროგრამა უკრაინის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც პირველი თებერვლიდან 23 თებერვლის ჩათვლით იმყოფებოდნენ საქართველოში და მათ საქართველო უზრუნველყოფს როგორც სასტუმრო მომსახურებით, ასევე კვებით, შეისწავლის მათ სამედიცინო საჭიროებებსაც და მერიასთან და ჯანდაცვის უწყებებთან ერთად მოხდება ამ საჭიროებების იდენტიფიცირება, აღრიცხვა და მოგვარება“, – ამბობს თინათინ ზოიძე.

საქართველოში ტურისტად მყოფ უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც ომის გამო ვერ დაბრუნდნენ უკრაინაში, საქართველო შეიფარებს. ფოტო: აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი.

რაც შეეხება ლტოლვილებს, თინათინ ზოიძის თქმით, ომის შემდეგ დაახლოებით 300 ზარი შემოვიდა აჭარაში ცხელ ხაზზე.

„ამ ეტაპზე ლტოლვილების დაკმაყოფილება ხდება კერძო სექტორის ჩართულობით. როგორც საოჯახო ტიპის სახლები, ასევე მოხალისეები გამოთქვამენ მზაობას, რომ დაეხმარონ მათ და, შესაბამისად, ამ სექტორში ხდება მათი განთავსება.

პროცესში ჩართულია უკრაინის საელჩო საქართველოში, საიმიგრაციო სამსახური და სხვა სახელმწიფო უწყებები. მუშავდება პროგრამა, რომ მათი საჭიროებების ნაწილიც იყოს დაფარული“, – ამბობს თინათინ ზოიძე.

23 თებერვალს რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ, იბომბება უკრაინის დედაქალაქი და კიდევ რამდენიმე ქალაქი. რუსი სამხედროები ესვრიან მშვიდობიან მოქალაქეებს და საცხოვრებელ პუნქტებს.

ამ დროისთვის უკრაინას 2 მილიონამდე ლტოლვილი ჰყავს. ისინი ძირითადად აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში გადადიან,ზოგიერთი საქართველოშიც ჩამოდის.

_______________

ფოტოზე: უკრაინელი ლტოლვილები პოლონეთის საზღვარზე. ფოტო: EPA-EFE/Vitaliy Hrabar

პროექტის გამარჯვებული გოგო შუახევიდან: ნამუშევრების უცხოეთში გატანაზეც ვფიქრობ 

თამუნა ქარცივაძე შუახევის სოფელ ტაკიძეებში ცხოვრობს. ამბობს, რომ ბავშვობიდან უყვარდა სხვადასხვა ნივთებისთვის ახალი სახის მიცემა, ბოლო დროს კი სტრინგ არტით დაინტერესდა. სტრინგ არტი, ძირითადად ლურსმნებითა და ძაფებით ახალი დეკორაციების და ნივთების შექმნაა. თამუნამ მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პროგრამაშიც გაიმარჯვა, რითაც საყვარელი საქმე ერთგვარ ბიზნესად აქცია.

„ნივთების შეძენის სურვილი გაჩნდა უცხოეთიდანაც და სამომავლოდ, რა თქმა უნდა, ექსპორტზეც ვფიქრობ“, – ამბობს თამუნა.

„ბავშვობიდან მიყვარდა სხვადასხვა ნივთის კეთება და ძველ, დაზიანებულ ნივთებს ყოველთვის ახალ სახეს ვაძლევდი. შემდეგ უკვე გამიჩნდა იდეა, რომ შემეძინა მასალა და მათგან დამემზადებინა სხვადასხვა დეკორაცია. ძირითადად მიყვარს ყვავილებთან მუშაობა, თუმცა უკვე გადავედი სტრინგ არტის ხელოვნებაზე. ინოვაციური და საინტერესო პროდუქტი იყო და, შესაბამისად, მომხმარებლებიც მალე გაიზარდა. ერთი შეხედვით, მარტივ ნივთებს ჰგავს, თუმცა დამზადების პროცესი ხანგრძლივია და შეიძლება რამდენიმე დღეც კი დასჭირდეს ერთი ნივთის სრულად დამზადებას. ერთი პატარა დეტალიც რომ შეგეშალოს, მერე ყველაფერი თავიდან უნდა გააკეთო. არაერთხელ დავიზიანე ხელები, დამიწვია, ჩაქუჩიც დამირტყამს ბევრჯერ“.

თამუნა ქარცივაძის თქმით, რაღაც პერიოდის შემდეგ აუცილებელი გახდა სპეციალური ტექნიკის გამოყენება: „სწორედ ამ პერიოდში სოციალურ ქსელში გავიგე შუახევის მუნიციპალიტეტის ქალთა ოთახის მიერ გამოცხადებული პროგრამის შესახებ, რომელიც ემსახურებოდა სოფლად მცხოვრების ქალების გაძლიერებას, ამ შემთხვევაში მეწარმეობის მიმართულებით და ზუსტად შეეფერებოდა ჩემს საქმიანობას. გამოვიყენე ეს შანსი, რა თქმა უნდა, მივმართე ქალთა ოთახს, სადაც გამიწიეს რეკომენდაცია და დამეხმარნენ კიდეც“.

პროგრამის ფარგლებში თამუნამ გრავირების აპარატი შეიძინა, რომელიც, როგორც თავად ამბობს, საკმაოდ ძვირადღირებული და მრავალფუნქციურია: „დაახლოებით სამი ათას ლარამდე დაგვიჯდა მისი შეძენა, ადგილზე მოტანა და მონტაჟი“.

თამუნა ქარცივაძის ნამუშევრები

„ამ აპარატით შესაძლებელია ახალი პროდუქტების შექმნა და ვმუშაობ, რომ ახალი მიმართულებით გამოვიყენო პროგრამის ფარგლებში მიღებული ტექნიკა. ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი მომხმარებელი მყავს. გარდა იმისა, რომ ადგილობრივ ბაზარზე ვყიდი, ნაცნობებისთვის, მეგობრებისთვის, სასაჩუქრედ ხშირად მიკვეთენ. რამდენიმე შემოთავაზება, სურვილი გაჩნდა უცხოეთიდანაც, თუმცა, რაღაც მიზეზების გამო ვერ მოვახერხე ორგანიზება, რომ მიმეწოდებინა და სამომავლოდ, რა თქმა უნდა, ექსპორტზეც ვფიქრობ“, – ამბობს თამუნა ქარცივაძე.

შუახევის მერიის ქალთა ოთახის ხელმძღვანელის, თამილა ფუტკარაძის თქმით, დღეს ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება მნიშვნელოვანია და შუახევის ადგილობრივმა თვითმმართველობამ არა მხოლოდ აჭარის რეგიონში, არამედ საქართველოს მასშტაბით პირველი ინოვაციური პროექტი შეიმუშავა ამ კუთხით.

„მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სრულწლოვან ფიზიკურ პირებს, ქალებსა და ქალთა საინიციატივო ჯგუფებს, პროგრამის ფარგლებში ეძლევათ შესაძლებლობა, იდეა აქციონ რეალობად. აღნიშნული პროგრამის მიზანია ქალთა თანაბარი უფლებების უზრუნველყოფა და ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერა. ეს ხელს შეუწყობს დამწყები, საშუალო და მცირე მეწარმეობის განვითარებას. პროგრამა წელს მესამედ ხორციელდება, რომლის ამოქმედებიდან დღემდე სულ 7 ბიზნესიდეა იქნა დაფინანსებული“, – ამბობს თამილა ფუტკარაძე.

2022 წელს, შუახევის მუნიციპალიტეტში ბიზნესიდეების განაცხადის მიღება წელს, 21 თებერვალს დაიწყო და 29 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.

შუახევის მუნიციპალიტეტში აღნიშნული პროგრამის პოპულარიზაციაში ჩართულია არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“.სპეციალური პროექტის ფარგლებში, რომელსაც მხარს უჭერს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა“ მოამზადა საინფორმაციო ცნობარები. ასევე, მერიის ჩართულობით მომზადდა სარეკლამო რგოლი, რომელიც გადის აჭარის ტელევიზიისა და ტვ-25-ის ეთერში.

საინფორმაციო შეხვედრა შუახევში

„ჩვენ ვცდილობთ ამ პოგრამის პოპულარიზაციას, ვინაიდან ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა შუახევის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალებისთვის, რომ განახორციელონ თავიანთი იდეები. დღეს ვმართავთ შეხვედრებს შუახევის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ქალბთან და ვაწვდით ინფორმაციას პროგრამის შესახებ. ასევე ვავრცელებთ იმ ცნობარებს, რომლებიც მომზადდა პროექტის ფარგლებში“, – ამბობს ასლან ჭანიძე, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ხელმძღვანელი.

საინფორმაციო შეხვედრა შუახევში

„ამოვიდნენ სოფელში, გაგვაცნეს პროგრამა, რომლის მიხედვითაც შეგვიძლია სხვადასხვა პროექტი განვახორციელოთ. ძალიან კარგია ეს მხარში დგომა. მადლობელი ვართ და იმედია, გამართლდება ეს პროექტი“, – ამბობს მზისა მიქელაძე, რომელიც შუახევის სოფელ ნენიაში ცხოვრობს.

საინფორმაციო შეხვედრა შუახევში

„რამდენიმე ბენეფიციარი გვყავს, რომლებიც დაფინანსებული არიან ამ პროგრამის ფარგლებში და საკმაოდ წარმატებით გაართვეს თავი. წელს პროგრამის თანხა 5000 ლარამდე გაზარდა მუნიციპალიტეტმა, გაიზარდა თანადაფინანსებაც, რადგან ძირითადად იმ ქალებზე გვაქვს ორიენტაცია, რომელთაც არ აქვთ შემოსავლის წყარო. 15 პროცენტამდე დაიწია თანადაფინანსება, გასულ წელს 20 პროცენტი გვქონდა“, – ამბობს ფატი ჭაღალიძე, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი.

მისივე თქმით, მთავარია ქალებს ჰქონდეთ იდეა და მინიმალური თანხა საიმისოდ, რომ საქმე წამოიწყონ. მათ პროექტის დაწერაში კი, ქალთა ოთახიც დაეხმარება.

„თუ იდეა ექნება რომელიმე ქალს, მაგრამ მას არ შეეძლება კონკრეტულად ჩამოაყალიბოს და ფორმა მისცეს პროექტს, ამაში ქალთა ოთახის მენეჯერი ეხმარება. შეუძლიათ ჩვენც მოგვმართონ, დახმარებას გავუწევთ. მოგეხსენებათ,  ჩვენს პირობებში დასაქმება ძალიან ჭირს, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ქალებმა გამოვნახოთ საქმე, რადგან ქალთა ეკონომიკური გაძლიერება ქალების დამოუკიდებლობასაც უწყობს ხელს. პირველ რიგში, ეს არის მთავარი იდეა ამ პროექტის, რომ რაც შეიძლება მეტი ქალი იყოს დამოუკიდებელი და თავისუფალი“, – ამბობს ფატი ჭაღალიძე.


 

 

„დისქავერი“ რუსეთში მაუწყებლობას აჩერებს

დღეს, 9 მარტს, Discovery Inc-მა განაცხადა, რომ უერთდება კორპორაციების მზარდ რაოდენობას, რომლებიც რუსეთიდან უკრაინაზე თავდასხმის საპასუხოდ გადიან. „დისქავერი“ აჩერებს თავისი არხების და სერვისების მაუწყებლობას რუსეთში.

Discovery-ის თხუთმეტი გასართობი ბრენდი, მათ შორის, HGTV-ი, Animal Planet-ი, TLC-ი და Eurosport-ი, ნაწილდება მედიაალიანსის მეშვეობით, რომელიც რუსეთის ეროვნულ მედიაჯგუფისა და „დისქავერის“ ერთობლივი საწარმოა.

განცხადება გამოქვეყნდა მას შემდეგ, რაც CNN-მა, BBC-მ და სხვებმა შეაჩერეს მაუწყებლობა რუსეთიდან ახალი კანონის საპასუხოდ, რომელიც ჟურნალისტებს “ყალბი” ახალი ამბების გავრცელების გამო პატიმრობით ემუქრება.

„როიტერსი“ წერს, რომ ეროვნული მედიაჯგუფი ასევე თანამშრომლობდა Netflix-სთან, რომელმაც 2020 წლის ბოლოს გამოუშვა თავისი სერვისის ვერსია რუსული სუბტიტრებით, ადგილობრივი ფილმებით და შესთავაზა მომხმარებლებს გადახდის ადგილობრივი ვარიანტები. რუსული სერვისი კვირას Netflix-მაც შეაჩერა.

ზახაროვამ კიევისა და თბილისის ბიოლოგიურ ლაბორატორიებზე ისაუბრა და აშშ დაადანაშაულა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ უკრაინა და აშშ ბიოლოგიური იარაღის შემუშავებასა და ფლობაში დაადანაშაულა და აშშ-სგან საჯარო განმარტებები მოითხოვა. მისი თქმით, რუსეთი ითხოვს შეერთებული შტატებისგან უკრაინის ბიოლოგიურ ლაბორატორიებში განხორციელებული საქმიანობის დეტალებს.

ზახაროვამ იქვე დასძინა, რომ ბიოლოგიური იარაღის კონვენციის საწინააღმდეგო სამხედრო ბიოლოგიური მოქმედებების თავიდან ასაცილებლად საჭიროა გარკვეული ზომების მიღება, მათ შორის, კონვენციის მე-5 და მე-6 მუხლების გამოყენება, რომლებიც ძირითადად კონვენციის ხელმომწერთა შორის კონსულტაციებსა და გაეროს უშიშროების საბჭოსთან ამ კონვენციის სხვა წევრების მიერ შეტანილი საჩივრების შესახებ გამოძიებაში თანამშრომლობას გულისხმობს.

„ამ დღეებში დადასტურდა ჩვენი დიდი ხნის შიში, რომელიც არაერთხელ გაგვიჟღერებია სხვა წლებშიც, აშშ-ის შესაბამისი სპეცსამსახურების ეგიდით, უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ბიოლოგიური მასალების შემუშავებასთან დაკავშირებით“, – თქვა ზახაროვამ. – „ეს დადასტურდა არა მხოლოდ იმ მასალებისა და მონაცემების საფუძველზე, რომლებიც ოპერატიულად იქნა მოპოვებული უკრაინის ტერიტორიაზე, არა მხოლოდ უკრაინის შესაბამისი დეპარტამენტების განცხადებებიდან, ეს ასევე პირდაპირ დადასტურდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ვიქტორია ნულანდის გამოსვლით.

“ჩვენ 2020 წელსაც გამოვთქვამდით შეშფოთებას აშშ-ის სამხედრო-ბიოლოგიური აქტივობის შესახებ პოსტსაბჭოთა სივრცეში. ჩამოვთვლი, რა რაოდენობის განცხადებებს და მასალებს ვავრცელებდით ბიოლაბორატორიების შესახებ, პოსტსაბჭოთა ქვეყნების ტერიტორიაზე, მაგალითად, საქართველოში. უამრავი კითხვა ეხებოდა აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ბაზაზე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის, ლუგარის სახელობის კვლევითი ცენტრის საქმიანობას. საუბარია უშუალოდ საქართველოზე. იქ ხდებოდა აშშ-საქართველოს ქვეითი ჯარების სამედიცინო გამოკვლევების მართვა…”

ზახაროვა ირწმუნება, რომ 24 თებერვალს განადგურდა განსაკუთრებით საშიში პათოგენები, რათა არ გამჟღავნებულიყო უკრაინისა და შეერთებული შტატების მიერ ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის აკრძალვის კონვენციის დარღვევის ფაქტები.

“ჩვენ ვადასტურებთ უკრაინაში სპეციალური ოპერაციის ჩატარებისას გახსნილ ფაქტებს, რომლებიც მოწმობენ სამხედრო ბიოლოგიური პროგრამის კვალის სასწრაფო წმენდაზე. ისინი რეალიზდებოდა კიევის მიერ აშშ-ს დაფინანსებით. არანაირ მშვიდობიან გამოყენებაზე, სამეცნიერო და განვითარების მიზნებზე, რა თქმა უნდა, საუბარი არ არის. საქმე ის არის, რომ ისინი ფინანსდებოდნენ აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ხაზით.

უკრაინის ბიოლაბორატორიების თანამშრომლებისგან მიღებულია დოკუმენტაცია, 24 თებერვალს განსაკუთრებულად საშიში, ჭირის, ციმბირის წყლულის, ქოლერის და სხვა მომაკვდინებელი დაავადებების პათოგენების სასწრაფოდ განადგურების შესახებ. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ამ ყველაფერს აქვს დოკუმენტური დადასტურება. უფრო მეტიც, ამის შესახებ გაფრთხილებდით ბევრი წელი… კერძოდ, საუბარია უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს განკარგულებაზე საშიში პათოგენების შენახული მარაგების ოპერატიული ლიკვიდაციის შესახებ, რომელიც გაიგზავნა ყველა ბიოლაბორატორიაში…” – თქვა მან.

იქიდან გამომდინარე, რომ ამ მტკიცებულებების გაქარწყლება უკვე არაფრით შეიძლება, ჩვენ ვითხოვთ დეტალებს. მსოფლიომ უნდა იცოდეს რის გაკეთებას აპირებდით იქ, რა მიზნით, რა ვადებში, რა იყო  ე.წ. ინვესტიციების მასშტაბი უკრაინის ბიოლოგიურ აქტივობაში. მონაცემები, მასალები, გთხოვთ, დაალაგოთ მაგიდაზე.

„ჩვენ გამოვდივართ იქიდან, რომ უახლოეს მომავალში ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტი, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ვალდებულია ოფიციალურად გააცნოს მსოფლიო საზოგადოებას ის პროგრამები, რომლებიც განხორციელდა უკრაინაში”, – თქვა ზახაროვამ ბრიფინგზე.

ზახაროვამ იქვე აღნიშნა, რომ რუსეთის სამხედრო ოპერაცია უკრაინაში “მკაცრი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს” და რომ ოპერაცია იძულებითი ხასიათისაა. “იგი კიევის რეჟიმის მიერ დონბასზე რვაწლიანი აგრესიის შედეგია. კიევის მთავრობის მხრიდან ადამიანის უფლებების უგულებელყოფა და სურვილის არქონა შეეჩერებინა რუსულენოვანი მოსახლეობის დისკრიმინაცია”, – თქვა მან.

“ეს ყველაფერი მოხდა გლობალური უსაფრთხოების კატასტროფული დეგრადაციის ფონზე, რომელიც გამოწვეულია ნატოსა და შეერთებული შტატების შესაბამისი ქმედებებით. კრიზისზე პასუხისმგებლობის ლომის წილი ეკისრება ნატოს ქვეყნებს, რომლებიც ახალისებდნენ და მხარს უჭერდნენ კიევის რუსოფობიურ პოლიტიკას, რომლებმაც არა მხოლოდ აღიარეს, არამედ განახორციელეს ანტიკონსტიტუციური გადატრიალება [უკრაინაში] 2014 წელს. რა თქმა უნდა, ბოლო წვეთი გახდა პოლიტიკოსების განცხადებები ბირთვული იარაღის ფლობაზე პრეტენზიების შესახებ, რაც მათ თავიანთი ოფიციალური უფლებამოსილებით გააკეთეს”, – თქვა ზახაროვამ.

ბათუმში მთელი კვირა იწვიმებს | ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 9 მარტის 21 საათიდან 10 მარტის 21 საათამდე ბათუმში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა და წვიმა, აჭარის მთებში მოთოვს.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ამინდის ტემპერატურა უახლოესი 2 დღის განმავლობაში სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 7 – 12 გრადუსი
  • ღამით: 1 – 6 გრადუსი

შიდამთიან რაიონებში მოსალოდნელია:

  • დღისით: 1 – 6 გრადუსი სითბო
  • ღამით: 1– 6 გრადუსი ყინვა

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 11-12 მარტს, აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მთაში – თოვა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი ამინდის პროგნოზის თანახმად, ბათუმში წვიმიანი ამინდი კიდევ ერთი კვირა იქნება.

უკრაინის ელჩი სავიზო რეჟიმის დროებით შემსუბუქებისკენ მოუწოდებს დიდ ბრიტანეთს

უკრაინის ელჩი დიდ ბრიტანეთში, ვადიმ პრისტაიკო, მოუწოდებს გაერთიანებული სამეფოს მთავრობას, შეამსუბუქოს უკრაინასთან სავიზო რეჟიმი შეზღუდული დროით, რათა ლტოლვილებს ქვეყნის სწრაფად დატოვების საშუალება მიეცეთ.

უკრაინის ელჩი ამბობს, რომ იცის იმის შესახებ, თუ როგორი მგრძნობიარე საკითხია ემიგრაცია დიდ ბრიტანეთში, მაგრამ საუბარია სავიზო რეჟიმის დროებით შემსუბუქებაზე.

ორი დღის წინ, 7 მარტს, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინელებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივებას არ გეგმავს.

 

Coinbase-მა რუსეთთან დაკავშირებული 25 000 კრიპტოსაფულე დაბლოკა

კრიპტოვალუტის სავაჭრო პლატფორმა Coinbase-მა რუსეთთან დაკავშირებული 25 000 საფულის მისამართი დაბლოკა.

პლატფორმის თქმით, მისამართები დაკავშირებული იყო რუს პირებთან ან სუბიექტებთან, რომლებიც, სავარაუდოდ, უკანონო საქმიანობაში იყვნენ ჩართულნი.

მისამართები დაიბლოკა იმის შიშით, რომ კრიპტოვალუტა შეიძლება გამოყენებული იქნას სანქციების თავიდან ასაცილებლად.

Coinbase-ის მთავარმა იურიდიულმა ოფიცერმა, პოლ გრევალმა, განცხადება კომპანიის ბლოგზე გამოაქვეყნა. მან ხაზი გაუსვა, თუ როგორ ემორჩილებოდა კრიპტო ბირჟა ახალ წესებს, რომლებიც დაწესებულია რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო.

„Coinbase ბლოკავს 25000-ზე მეტ მისამართს, რომლებიც დაკავშირებულია რუს ფიზიკურ პირებთან ან მეწარმეებთან, რომლებიც ჩვენი ინფორმაციით მონაწილეობენ უკანონო საქმიანობაში. ბევრი მათგანი აღმოვაჩინეთ ჩვენი პროაქტიული გამოძიების შედეგად“, – წერს გრევალი.

მისივე თქმით, კომპანიამ აშშ-ის მთავრობას მიაწოდა მათ ხელთ არსებული მონაცემები დამატებითი სანქციების დაწესების მხარდასაჭერად: „სანქციები მნიშვნელოვან როლს თამაშობს ეროვნული უსაფრთხოების ხელშეწყობასა და უკანონო აგრესიის შეკავებაში. Coinbase სრულად უჭერს მხარს ხელისუფლების ამ ძალისხმევას“.

როგორც BBC-ი წერს, აშშ-ის მთავრობამ კრიპტო პლატფორმებს სთხოვა დახმარება, რუსი ოლიგარქების მიერ ვირტუალური ვალუტის გამოყენებით სანქციებისთვის თავის არიდების პრევენციაში.

მაგრამ ბევრი წინააღმდეგობას უწევს როგორც უკრაინის მთავრობის, ასევე აშშ-ისა და ევროპელი პოლიტიკოსების ზეწოლას – უფრო შორს წავიდნენ და აკრძალონ ყველა რუსი მომხმარებელი. აღნიშნული კომპანიები წინააღმდეგობის მიზეზად რუსეთის რიგითი მოქალაქეების დაზარალების საფრთხეს ასახელებენ, რუბლის რეკორდული გაუფასურების შემდეგ.

Coinbase-ის თანადამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, ბრაიან არმსტრონგი, ტვიტერზე განმარტების სახით წერს, რომ კანონი აშშ-ს ყველა მოქალაქისა და ბიზნესისთვის ერთნაირია და მათი კომპანია დაემორჩილება მას, მათ შორის, სანქციების ნაწილშიც. თუმცა მანამ აშშ-ის მთავრობას მსგავსი ბრძანება არ გაუცია, არ აპირებენ წინასწარ დაბლოკონ ყველა რუსი მომხმარებელი:

„გვჯერა, რომ ყველა იმსახურებს წვდომას ძირითად ფინანსურ სერვისებზე, თუ კანონი სხვა რამეს არ ითვალისწინებს. ზოგიერთი რიგითი რუსი იყენებს კრიპტოვალუტას, როგორც სამაშველო რგოლს ახლა, როდესაც მათმა ვალუტამ კოლაფსი განიცადა. სავარაუდოდ, ბევრი მათგანი  ეწინააღმდეგება იმას, რასაც მათი ქვეყანა აკეთებს და მსგავსი აკრძალვა მათაც დააზარალებს.“


გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ლიზ ტრასის განცხადებით, დასავლეთმა ფინანსური სისტემა SWIFT-იდან ყველა რუსული ბანკი უნდა გააძევოს.

„როიტერსის“ ინფორმაციით კი, ევროკომისიამ რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი მოამზადა. გამოცემა წერს, რომ დოკუმენტი დამატებით ითვალისწინებს რუსი ოლიგარქებისა და პოლიტიკოსების, ასევე, სამი ბელარუსული ბანკის სანქცირებას.

______

ფოტო: New York Post

კანადა უკრაინას სამხედრო აღჭურვილობის ახალ პარტიას გაუგზავნის

კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ დღეს, 9 მარტს,  განაცხადა, რომ კანადა უკრაინას სამხედრო აღჭურვილობის კიდევ ერთ პარტიას გაუგზავნის.

ტრუდომ ტვიტერზე დაწერა, რომ მან, ასევე, მიიწვია ზელენსკი კანადის პარლამენტში გამოსვლისთვის. 

ჯერ კიდევ პირველ მარტს ჯასტინ ტრუდომ განაცხადა, რომ კანადა უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო იარაღითა და მოდერნიზებული საბრძოლო მასალით მოამარაგებს და აკრძალავს ნავთობის ყველა სახის იმპორტს რუსეთიდან.

ტრუდოს თქმით, ნავთობის ინდუსტრია „უკიდურესად უწყობდა ხელს პრეზიდენტ პუტინსა და მის ოლიგარქებს“.

სურსათი ქვეყანაში არის, მარაგების შექმნის აუცილებლობა არ დგას – სამინისტრო

სახელმწიფო სურსათის მარაგის შექმნას ამ ეტაპზე არ აპირებს – უთხრეს „ბათუმელებს“ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში. „ბოლო დღეებში გარკვეული პროდუქტების მიწოდებაში პრობლემები შეიქმნა. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს პროდუქტები ქვეყანაში არ არის“, – განაცხადეს სამინისტროში.

მეწარმეები კი, რომლებიც შაქრის იმპორტზე მუშაობენ, „ბათუმელებთან“ ამბობენ, რომ უახლოეს მომავალში შესაძლოა ბაზარზე შაქრის დეფიციტი გაჩნდეს. ბევრ მაღაზიას კი შაქარი გაყიდვაში აღარ აქვს: „მივაკითხეთ საწყობს და შაქარი ვერ ავიღეთ, აღარ აქვთ. რაც შეეხება ფქვილს და ზეთს, შემომტანების თქმით, ჯერჯერობით მარაგები არის.“

„ბოლო ორი დღე დასავლეთ საქართველოში შაქარი არ იყო, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში შაქარი არ არის. არის; იყო დისტრიბუციის/ლოჯისტიკის პრობლემა“, – გვითხრეს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურში.

პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს, 9 მარტს, სამინისტროში გაიმართა შეხვედრა მიმწოდებლებთან, მათ შორის, მსხვილი სუპერმარკეტების ქსელების წარმომადგენლებთან, სადაც ითქვა, რომ „ბოლო დღეებში მოთხოვნა სურსათზე 30 პროცენტით არის გაზრდილი, რამაც შექმნა პრობლემები ლოჯისტიკაში/მიწოდებაში, რაც უმოკლეს დროში გამოსწორდება.“

სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრმა ოთარ შამუგიამ განაცხადა, რომ „მარაგების მხრივ არანაირი დეფიციტი არ არსებობს. შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ მაქსიმალურ კოორდინაციაში ვიმუშავებთ იმპორტიორებთან და მიმწოდებლებთან“.

შეხვედრაზე საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ივა ჭყონიამ განაცხადა, რომ  „ამ ეტაპზე, ბაზარზე სტაბილური ვითარებაა, თუმცა ბოლო დღეებში, სავაჭრო ქსელებში მიწოდების მხრივ შეფერხებები დაფიქსირდა, რაც მოსახლეობის მხრიდან ჭარბ შესყიდვებს უკავშირდება და ხელოვნურად იწვევს დეფიციტს. გარკვეულ ბრენდებთან დაკავშირებული ჩავარდნები გამოწვეულია ლოგისტიკური ჯაჭვის წყვეტიდან, მაგრამ თუ დღეს გარკვეული ბრენდის ზეთი, წიწიბურა თუ შაქარი მომხმარებელს არ დახვდათ დახლზე, ეს არ ნიშნავს, რომ ორ-სამ დღეში არ იქნება, ამიტომ მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ ჭარბი შესყიდვებით არ დააზიანონ არც საკუთარი თავი და არც სხვა მომხმარებელი“.

სამინისტროს ინფორმაციით, ამავე შეხვედრაზე აღინიშნა, რომ „1-ლი აპრილიდან  ქარხანა „აგარის შაქარი“ სრული დატვირთვით განაახლებს მუშაობას და ბაზარზე შაქრის შეუფერხებელი მიწოდება უზრუნველყოფილი იქნება“.

„ბათუმელებს“ სამინისტროში ასევე უთხრეს, რომ „არსებული სიტუაციის გამო ფასებით სპეკულაცია არ იქნება და თუ რამე გაძვირდება ეს, ძირითადად, ლარის კურსზე იქნება დამოკიდებული. სასურსათო პროდუქტები ქვეყანაში არის. მარაგების შექმნის აუცილებლობა არ დგას“.

სურსათის მარაგის შექმნა საქართველოს მთავრობამ ორი წლის წინ, პანდემიის დასაწყისში მიიჩნია საჭიროდ და ამისთვის რუსული და ბელარუსული შაქარი, ზეთი და მაკარონი იყიდა.

მთავრობამ მაშინ სპეციალური პროგრამებიც შეიმუშავა – ვალუტის კურსის ცვლილების გამო ზოგიერთ სასურსათო პროდუქტზე ფასის ზრდის შესაჩერებლად და ცალკე – ხორბლის იმპორტის სუბსიდირებისთვის:

საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, ლევან სილაგავას განცხადებით, ამ ეტაპზე  რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე ომმა გამოიწვია ბაზარზე ხორბლის ფასის ზრდა და მიწოდების ჯაჭვების მოშლა.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, საქართველო ჯერ კიდევ იღებს წარსულში დადებული კონტრაქტების საფუძველზე რუსულ ხორბალს, მომავალში საჭირო იქნება ახალი ბაზრების მოძიება, მათ შორის, ეს შეიძლება იყოს ევროპული და ყაზახური ბაზრები.

ამავე თემაზე: პანდემიის დროს რუსეთიდან არაფერი შემოსულა, მაგრამ გადავრჩით – ბესო ნამჩავაძე

2020 წელს, პანდემიის გამო, სახელმწიფომ მარაგისთვის ჯამში 4 232 800 აშშ დოლარის რუსული და ბელარუსული წარმოების პროდუქტები ორი კერძო კომპანიისგან ტენდერის გარეშე, პირდაპირი წესით შეისყიდა. ორივე კომპანია „ოცნების “ შემწირველია.

პანდემიის დაწყებიდან ორი თვის შემდეგ კი, სახელმწიფო მარაგისთვის ნაყიდი ზეთი და შაქარი მთავრობამ აუქციონზე გაყიდა. მარაგის ნაწილი კი, უსასყიდლოდ, შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებს გადასცა.

მთავრობამ მარაგში დახარჯა 13 498 735 ლარი, ეს მარაგი კი გაცილებით იაფად – 12 319 936 ლარად გაყიდა, მათ შორის, „ქართული ოცნების“ შემწირველებზე, ან გასცა სახელმწიფო უწყებებზე.

ვრცლად:

მთავრობამ 13 მილიონად ნაყიდი ზეთი და შაქარი 12 მილიონად გაყიდა/გასცა 

 

 

სამინისტროს თქმით, ქვეყანაში შაქარი არის, მეწარმეები კი შესაძლო დეფიციტზე საუბრობენ

„უახლოეს მომავალში შესაძლოა ბაზარზე შაქრის დეფიციტი გაჩნდეს“, – აცხადებენ მეწარმეები, რომლებიც ბათუმში შაქრის იმპორტზე მუშაობენ. სოფლის მეურნეობის სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ქვეყანაში შაქარი არის. რაც შეეხება ფქვილსა და ზეთს, შემომტანების თქმით, „ჯერჯერობით მარაგი არის“.

მომხმარებლების ინფორმაციით, ზოგიერთ ქსელში მხოლოდ ხუთი კილოგრამი შაქრის ყიდვა შეიძლება. პროდუქტის ბევრ მაღაზიას კი შაქარი გაყიდვაში საერთოდ აღარ აქვს: „მივაკითხეთ საწყობს და შაქარი ვერ ავიღეთ, აღარ აქვთ.“

ამ დროისთვის მაღაზიებში 1 კგ. შაქრის ფასი 2.90 ან სამი ლარია. თებერვლის დასაწყისში კი 1 კგ. შაქრის ფასი 2.60 ლარი იყო. მცირე მეწარმეების ინფორმაციით, თებერვლის დასაწყისში 1 ტომარა შაქარს 105 ლარად ყიდულობდნენ, ახლა კი ფასი 128 ლარია.

 

 

ლონდონის საფონდო ბირჟაზე შაქრის ღირებულება ტონაზე 536 დოლარია, რაც ერთი წლის განმავლობაში  17%-იან გაძვირებას  გულისხმობს. შაქრის ასეთი მაღალი ფასი ბოლოს 2016 წელს იყო.

საქართველო შაქარს ძირითადად ბრაზილიიდან ყიდულობს. 2021 წელს საქართველოში 120.7 ათასი ტონა შაქარი შემოვიდა, იმპორტის საშუალო ფასი ტონაზე 499 დოლარი იყო. შესყიდული შაქრის თითქმის ნახევარი – 57 ათასი ტონა [28.2 მლნ] ბრაზილიიდან  შემოვიდა, იმპორტში შემდეგ ადგილებზე თურქეთი და პოლონეთი არიან. უკრაინა საქართველოს შაქრის იმპორტში მერვე, ხოლო რუსეთი – მეთორმეტე ადგილზეა.

ამ დროისთვის მაღაზიებში 1 ლიტრი ზეთის ფასი 7.30 ლარია, ხოლო 1 კგ ფქვილი 3.5 ლარი ღირს. 24-კილოგრამიანი ტომარა ფქვილის  ყიდვა 24 ლარად შეიძლება.

„ბოლო ორი დღე დასავლეთ საქართველოში შაქარი არ იყო, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში შაქარი არ არის. არის. იყო დისტრიბუციის/ლოჯისტიკის პრობლემა, რაც გამოსწორდება“, – გვითხრეს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურში.

სამინისტროს ინფორმაციით „1-ლი აპრილიდან  ქარხანა „აგარის შაქარი“ სრული დატვირთვით განაახლებს მუშაობას და ბაზარზე შაქრის შეუფერხებელი მიწოდება უზრუნველყოფილი იქნება“.

ვინ არის ატირებული ბავშვი პოლონეთის საზღვარზე, რომლის ვიდეოც ვირუსული გახდა

პატარა ბიჭის ვიდეო, რომელიც მარტო, ტირილით მიდის პოლონეთის საზღვარზე, უკრაინიდან გამოქცეულ ლტოლვილებს შორის, 7 მარტს ვირუსულად გავრცელდა ინტერნეტში. 30-წამიანი ვიდეო, რომელიც თავდაპირველად „როიტერსის“ ლოგოთი გავრცელდა, ბევრმა ცნობილმა მედიასაშუალებამ აჩვენა ეთერში.

ვინ არის ბავშვი, რა ბედი ეწია მას და სად არიან მისი მშობლები? – ამ კითხვებზე პასუხის მიღებას ორი დღე ცდილობდნენ ინტერნეტში.

9 მარტს ბავშვის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა პოლონეთის სასაზღვრო დაცვის დეპარტამენტმა.

დეპარტამენტის ცნობით, უკრაინელ ბავშვს, რომლის ტირილმაც მსოფლიოში მილიონობით ადამიანს მოუკლა გული, ვალერი ჰქვია, იგი 4 წლისაა და პოლონეთის საზღვარი მას მარტო არ გადაუკვეთავს.

„ბიჭი მარტო არ ყოფილა, იგი ოჯახთან ერთად იყო. მან საზღვარი 5 მარტს, 09:33 საათზე გადაკვეთა დედასთან, ბებიასთან და ძმასთან ერთად. 4 წლის ვალერიმ ოფიცრებისგან ტკბილეული მიიღო. ღიმილიანი და მხიარული იყო“ – ამბობს სასაზღვრო დაცვის დეპარტამენტის პრესსპიკერი, პიოტრ ზაკიელარცი პოლონურ გამოცემა wyborcza-სთან. პრესსპიკერი ამბობს, რომ ბავშვი ოჯახთან ერთად პოლონეთში იმყოფება.

უკრაინელი ბავშვი ამ ფოტოზე უკვე იღიმის. პოლონელი მესაზღვრეები ამბობენ, რომ მას ტკბილეულით გაუმასპინძლდნენ.

რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის შედეგად 2 მილიონზე მეტი უკრაინელი ლტოლვილად იქცა. ყველაზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი პოლონეთის საზღვარს კვეთს. ძირითადად ქვეყანას ტოვებენ ქალები, ბავშვები, მოხუცები, შშმ პირები. საზღვრებიდან ათასობით ფოტო და ვიდეო ვრცელდება, რომლებიც უკრაინელ ლტოლვილთა გზას ასახავს.

ამავე თემაზე: 

2 მილიონი უკრაინელი ლტოლვილად იქცა | ფოტო

 

 

რუსეთს „სტარბაქსი“ და „ჰეინეკენიც“ ტოვებენ

უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ რუსეთის ბაზრიდან ევროპული და დასავლური ბრენდები ისევ გადიან. მათ სიას ამჯერად ნიდერლანდებში დაფუძნებული ლუდის კომპანია Heineken-იც შეუერთდა. სპეციალურ განცხადებაში კომპანიის ხელმძღვანელობა წერს, რომ დღეიდან რუსეთში ჩერდება Heineken-ის ლუდის წარმოება და რეალიზაცია.

Heineken-ის ბრენდის წარმოება, რეკლამა და გაყიდვა იქ დაუყოვნებლივ შეჩერდება, ნათქვამია კომპანიის განცხადებაში – “ჩვენ შოკირებული და დამწუხრებული ვართ უკრაინაში დატრიალებული ტრაგედიით… რუსეთის მთავრობების ომი უკრაინის წინააღმდეგ არის არაპროვოცირებული და სრულიად გაუმართლებელი თავდასხმა. „ჰეინეკენი” აჩერებს ლუდის წარმოებას და რეალიზაციას რუსეთში”.

სამშაბათს ასევე ცნობილი გახდა, რომ რუსეთის ბაზრიდან გასული უცხოური კომპანიების ტალღას ამერიკული ყავის სახლის ქსელი „სტარბაქსიც შეუერთდა“. ამის შესახებ Starbucks-ის აღმასრულებელი დირექტორის კევინ ჯონსონის განცხადებაში წერია, რომელიც კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„ჩვენ ვგმობთ რუსეთის მიერ უკრაინაზე საზარელ თავდასხმებს. დღეს გადავწყვიტეთ შევაჩეროთ ყველა ბიზნესსაქმიანობა რუსეთში, Starbucks-ის ყველა პროდუქტის გადაზიდვის ჩათვლით,” – წერია განცხადებაში.

 

უკრაინა რუსეთის არმიის დანაკარგზე – ომის დაწყებიდან მე-14 დღე

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განახლებული მონაცემებით, 9 მარტის დილის მდგომარეობით, რუსეთ-უკრაინის ომში რუსეთის არმიის დაახლოებითი საბრძოლო დანაკარგი ამ დროისთვის ასეთია:

  • პერსონალი – 12 000-ზე მეტი ადამიანი
  • ტანკი – 317 ერთეული
  • ჯავშანტექნიკა / APV – 1070 ერთეული
  • საარტილერიო სისტემა – 120 ერთეული
  • MLRS / MLRS – 56 ერთეული
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 28 ერთეული
  • თვითმფრინავი – 49 ერთეული
  • ვერტმფრენი – 81 ერთეული
  • საავტომობილო ტექნიკა – 482 ერთეული
  • გემი / ნავი  – 3 ერთეული
  • საწვავის ავზი – 60
  • UAV ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 7.

გენერალური შტაბი აცხადებს, რომ საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.


მე-14 დღეა, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს ქალაქებსაც, დაღუპულია ასობით მშვიდობიანი მოქალაქე. ძირითადად ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებით ქვეყანა დატოვა 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა. ეს არის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე მასშტაბური და სწრაფი ლტოლვილთა კრიზისი.

პოლონეთი მზადაა, ამერიკის შეერთებულ შტატებს ყველა თავისი Mig-29 უფასოდ გადასცეს და ისინი გერმანიაში, რამშტაინის საავიაციო ბაზაზე განათავსოს. 

პენტაგონი კი უარს ამბობს პოლონეთის შეთავაზებაზე:

ამავე თემაზე:

რა შემთხვევაში შეუძლია პუტინს „წითელი ღილაკის“ გამოყენება – ინტერვიუ სამხედრო ექსპერტთან

მიტროპოლიტი დიმიტრი პუტინზე: ბოროტმოქმედი კაცობრიობას ბირთვული იარაღით ემუქრება

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრი შიოლაშვილმა ქადაგების დროს უკრაინელ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადა და პუტინს ბოროტმოქმედი უწოდა.

„შეძრწუნებული ვართ იმ ბოროტებით, რაც ხდება უკრაინაში და თანავუგრძნობ ამ მედგარ, მტკიცე ნებისყოფის ხალხს. ღმერთმა მისცეს მათ სიმხნევე და სიმტკიცე,

გამოჩნდა ერთი ბოროტმოქმედი მმართველი, რომელიც მთელ კაცობრიობას ბირთვული იარაღის ჟღარუნით ემუქრება და თავის თავს ის მიიჩნევს ქრისტიანად და მე ვიტყოდი, რომ მას [პუტინს], ქრისტიანულ ფასეულობებთან საერთო არაფერი არ აქვს.

როცა ის მთელი სიამოვნებით მთელ მსოფლიოს უცხადებს, ეუბნება, რომ თვალის დახამხამებას ვერ მოასწრებთ, თუ ბირთვულ იარაღს გამოვიყენებო, იმას არაფერი არ აქვს ქრისტიანობასთან საერთო, რადგან ის ემუქრება ჩვენს ქვეყანას, ის ემუქრება შენს ქვეყანას, ის ემუქრება ჩვენს შვილებს, თქვენს შვილებს და კაცობრიობას, თავისთავად.“ – ამბობს მიტროპოლიტი დიმიტრი.

მან ასევე აღნიშნა, რომ გარკვეული პერიოდი რუსეთში სწავლობდა და  თანაკურსელებს უკრაინაში მიმდინარე ომის გამო დაუკავშირდა და მიმართა.

„ჩვენ ვხედავთ როგორ ნადგურდება და ინგრევა ყველაფერი, იხოცებიან ქალები, ბავშვები…  ზოგიერთ ჩემს თანაკურსელს რუსეთში გავუგზავნე შეტყობინება, რომ თქვენ უნდა შეაჩეროთ ეს ბოროტმოქმედი და ამხილოთ, რადგან ის დაბომბავს რუსეთს. უკიდურეს შემთხვევაში, მე თქვენთან გამიჭირდება ურთიერთობა. სამწუხაროდ, არანაირი პასუხი მათგან არ არის.

მე მაქვს ყოველდღიური ურთიერთობა უკრაინაში მეგობრებთან, ახლობლებთან და თვალცრემლიანი ვემშვიდობებით ერთმანეთს. განადგურებულია ზოგიერთი ეპარქია და ძალიან გულნატკენი არიან რუსეთის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებული ეპარქიები, რადგან თავიანთმა პატრიარქმა გაამართლა ბოროტმოქმედება და უწოდა რუსეთის ინტერესების დაცვა.“-ამბობს დიმიტრი შიოლაშვილი.

„რუსი ჯარისკაცები ჩვენ გვთხოვენ საჭმელს“ – ქალი ოკუპირებული ხერსონიდან

„ხმოვან შეტყობინებებს ვერ გიგზავნით, დავიწყებ თუ არა ლაპარაკს, მაშინვე ტირილს ვიწყებ,“ –  მოგვწერა უკრაინელმა ქალმა, ლუდმილა ალექსეევნამ, რომელიც ახლა უკრაინაში, ოკუპირებულ ხერსონში იმყოფება. „ბათუმელებს“ მან უამბო, როგორ ცხოვრობს ახლა რუსი სამხედროების მიერ ოკუპირებული 300-ათასიანი ქალაქი.

ლუდმილამ „ბათუმელებს“ უამბო, რა მდგომარეობაა ახლა ქალაქში, როგორ უწევთ საკვების მოპოვება და როგორ აპროტესტებს მოსახლეობა ქალაქში ოკუპანტების ყოფნას.

„მე ლუდმილა ალექსეევნა ვარ, რუსების მიერ ოკუპირებული ხერსონიდან. რუსმა ოკუპანტებმა ხერსონი აიღეს. დაიღუპნენ უკრაინელი ჯარისკაცები, მაგრამ გაცილებით დიდი მსხვერპლია ოკუპანტების მხარეს. რამდენიმე საცხოვრებელი სახლიც დაიბომბა ხერსონში, არის მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში.

ქალაქში ტერიტორიული თავდაცვა ძალიან აქტიური იყო.

ხალხი შიშველი ხელებით და მოლოტოვის კოქტეილებით ებრძვის ოკუპანტებს.

ხშირად წყდება ინტერნეტი და სატელეფონო კონტაქტი. ქალაქის ირგვლივ, ყველგან ბრძოლები იყო.

მხოლოდ ერთ დღეში 50 ადამიანი მოკლეს ოკუპანტებმა. მიტინგზე ყოველდღე გამოვდივართ!

საკვები ჯერჯერობით გვაქვს, მაგრამ მარაგის ნარჩენებზე ვართ უკვე გადასული. ყოველდღე გვიწევს მაღაზიის რიგში დგომა, რომ ზეთი ვიყიდოთ. 6 საათი ვიდექით ყველის რიგში.

ლუდმილა ოჯახთან ერთად. ფოტო მან ფეისბუქზე მოგვაწოდა.

სამი შვილიშვილი მყავს, ორი ჩვილი: 8 თვის და 3 თვის, მესამე  8 წლისაა. მთელ ქალაქში ვეძებთ ბავშვთა კვების პროდუქტებს, მაგრამ აღარსადაა.

ბევრი ბლოკპოსტი იყო ქალაქში და გადაადგილება ძალიან საშიშია. გუშინ ეს ბლოკპოსტები აიღეს.

ქალაქში არ უშვებენ ჰუმანიტარულ დახმარებას. ოკუპანტებმა შემოიტანეს ვითომ თავიანთი ჰუმანიტარული დახმარება და თითქოს ხალხს ურიგებდნენ, ცრუ სიუჟეტი გადაიღეს ამაზე, მაგრამ ჩვენები არ მოტყუვდნენ, რამდენიმე გამყიდველი და მოღალატე ბებო კი ნამდვილად მოისყიდეს. მისცეს მათ ეს პროდუქტები და აჩვენეს მაყურებელს, თითქოს ჩვენმა ხალხმა მათი დახმარება მიიღო.

არ ვიცით კიდევ რამდენ დღეს გვეყოფა საკვები. წითელი ჯვარიც კი ვერ შემოდის ჩვენთან.

შუქი, გაზი და წყალი ჯერჯერობით გვაქვს, ვლოცულობთ, არ გათიშონ. ახლა სახლში ვართ, ქალაქს აღარ ბომბავენ.

ბევრი ოკუპანტია ქალაქში. მათ არ აჭმევენ, საკვები არ აქვთ და ჩვენს მაღაზიებს ძარცვავენ, რუსი ჯარისკაცები მოსახლეობას სთხოვენ საჭმელს. დადიან და ითხოვენ, ვინმემ აჭამოთ.

ჰუმანიტარული კორიდორი ხერსონში არ გვაქვს. არც პროდუქტების შემოსატანად, არც მშვიდობიანი მოსახლეობის საევაკუაციოდ. ქალაქში პოლიციაც კი აღარაა.

ნახავდით ალბათ როგორ დაცხრილეს  ქალაქ ირპენში მწვანე კორიდორი – დაიღუპა ორი ბავშვი და რამდენიმე ზრდასრული. არის ბევრი დაჭრილი. ჩვენი ადმინისტრაცია ითხოვს კორიდორს, რუსები უარს აცხადებენ. გუშინწინ ქალაქ ახალ კახოვკაში ოკუპანტები მომიტინგეებსაც ესროდნენ“.

______________________________________________

ქალაქი ხერსონი 2 მარტს დაიკავეს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა. მას შემდეგ ქალაქში მოსახლეობა ანტისაოკუპაციო აქციებს მართავს. „ხერსონი უკრაინაა“, „ზელენსკი – ყოჩაღ“ – ისმის ვიდეომასალებში, რომელიც ოკუპირებულ ქალაქში გამართული აქციებიდან ვრცელდება.

______________

მთავარ ფოტოზე: ლუდმილა ალექსეევნა ოჯახთან ერთად და ქალაქი ხერსონი, უკრაინელების აქცია ოკუპაციის წინააღმდეგ. 8 მარტი, 2022 წელი. კადრი ვიდეომასალიდან

აჭარაში დადასტურდა კოვიდის 24 ახალი შემთხვევა, მთელს ქვეყანაში – 865

9 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 865 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჩატარდა 7 733 ტესტი კორონავირუსზე.

აჭარაში დადასტურდა კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა.

ბოლო 24 საათში კოვიდით გარდაიცვალა 26 პაციენტი.

ბოლო მონაცემებით, კოვიდის დადებითობის დღიური მაჩვენებელია 11,19 პროცენტი.

 

რა ხდება რუსეთში, რა ფასი აქვს რუს ჯარისკაცს და მედიას – ინტერვიუ რუს ნობელიანტ ჟურნალისტთან

დიმიტრი მურატოვი 2021 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი და რუსეთში ჯერ კიდევ მომუშავე „ნოვაია გაზეტას“ მთავარი რედაქტორია. „ნოვაია გაზეტა“ 2006 წელს რუსეთში მოკლული ჟურნალისტის, ანა პოლიტკოვსკაიას მშობლიური რედაქციაა. დღემდე მისი სამუშაო მაგიდა ხელუხლებელია, სამუშაო კომპიუტერის ეკრანზე კი მისი ინტერვიუების კადრები გადის.

დიმიტრი მურატოვი შიშობს, რომ რუსეთში ყალბი ინფორმაციის შესახებ კანონის დამტკიცებით, რედაქციას მუშაობის შეწყვეტა ან მის ჟურნალისტებს 2-დან 15 წლამდე დაპატიმრება დაემუქრებათ. 7 მარტს იუთუბზე, გადაცემაში – „უთხარი გორდეევას“ ნობელის პრემიის ლაურეატმა ჟურნალისტმა ვრცლად ისაუბრა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრაზე, რუსეთ-დასავლეთის ურთიერთობაზე, პუტინის მიერ დახატულ რუსეთის იდეასა და შესაძლო ბირთვულ კატასტროფაზე.

„ბათუმელები“ მასთან ჩაწერილი ინტერვიუდან მნიშვნელოვან მონაკვეთებს გთავაზობთ.

  •  ომი და „ნოვაია გაზეტა

„ბევრი რამე გადაგვხდენია თავს: კოლეგების, მეგობრების სიკვდილი, გაგვივლია ჩეჩნეთის და საქართველოს ომები, მიგვიღია ასობით მუქარა, რუსი ფაშისტებისგან და ნაცისტებისგან ღორის მოჭრილი თავები მიგვიღია წარწერით, რომ ასე დაემართებოდათ რედაქციის დამლაგებლიდან მთავარ რედაქტორამდე – მოკლედ, ბევრი რამე გვინახავს და მაგარი ნერვების მქონე ხალხი ვართ. აი, ახალგაზრდა თანამშრომლებს კი საზარელი განწყობა აქვთ და სულ უფრო უმყარდებათ სურვილი, ქვეყანა დატოვონ. რედაქციაში მათი პასპორტების ასლები მიდევს, იქნებ, სადმე რამე გამოჩნდეს მათ გასამგზავრებლად.

ჩვენ ვწინასწარმეტყველებდით, რომ, სამწუხაროდ, ომი იქნებოდა. რედაქციაში უამრავ შეხვედრას ვმართავდით და ვფიქრობდით, რომ ეს ოლიმპიადის მერე მოხდებოდა (ნუ, პარაოლიმპიელები, ცხადია, არ დაინდვეს, რადგან პარაოლიმპიადა მეორე ეტაპზე იმართება ხოლმე). რაღაც პრინციპებზე შევთანხმდით, რომ შეგვიძლია ყველასთან გავმართოთ დიალოგი, მაგრამ თუ ომი დაიწყებოდა, არჩევანი უბრალოდ არ დაგვრჩებოდა. ასეც მოხდა.

როცა ინფორმირებული მოლოდინი გვქონდა, რომ ომი აუცილებლად დაიწყებოდა, მოვილაპარაკეთ და ვთქვით, რომ ევფემიზმებისთვის დრო და ადგილი აღარ დარჩებოდა და ყველაფერს ვიტყოდით პირდაპირ, რომ ომს არ შევეგუებოდით და არავითარი „მაგრამ“ არ იარსებებდა. რა „კი, მაგრამ?“ წინათ თუ ამბობდნენ, რომ პატრიოტიზმი უკანასკნელი ნაძირალების თავშესაფარია, ახლა გეოპოლიტიკა გახდა ასეთი თავშესაფარი, არავითარი „კი, მაგრამ“, როცა უკრაინელი და რუსი ჯარისკაცები იღუპებიან, როცა მშვიდობიანი ქალაქები ნადგურდება და მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავენ.

  • „პუტინისთვის მეორე მსოფლიო ომი არ დასრულებულა

„გამოსვლებში ვლადიმერ პუტინმა ჩამოთვალა ყველა ის წყენა, რომელიც მას, როგორც რუსეთის ლიდერს, გულში ჩარჩენია; პუტინის გამოსვლებიდან ცხადი გახდა, რომ მეორე მსოფლიო ომი პუტინისთვის არ დასრულებულა, ვვარაუდობ, რომ პუტინს ახლა პირადი გამარჯვების მოპოვება სურს მეორე მსოფლიო ომში. ეს გამარჯვება ნიშნავს იმ შედეგების შენარჩუნებას, რაც მეორე მსოფლიო ომის დასრულებისას დადგა და რაც პუტინს მართებულად მიაჩნია – ის ახლა იქ იბრძვის, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეა. ეს, რა თქმა უნდა, წარსულში ცხოვრებაა, მაგრამ რას იზამ, უნდა გამარჯვება მოიპოვოს. გამოდის, თითქოს მეორე მსოფლიო ომი გამარჯვებით არ დასრულებულა.

ამ დღეებში იმ ადამიანებს ვესაუბრე, რომლებიც ხელისუფლებაში არიან. არ მინდა მათ ელიტა ვუწოდო (ელიტა ის ხალხია, ვისაც სისხლითა და ოფლით ხალხისთვის და ქვეყნისთვის კარგი მოაქვს, ჩვენ კი უშიშროების საბჭოს სხდომის დროს ვნახეთ ტრიბუნასთან მიმავალი, შიშისგან აცახცახებული ადამიანები, რომლებიც განიერად დგამდნენ მიკროფონთან ფეხებს. იცით, რატომ? პამპერსები ეკეთათ – მათ ეშინოდათ, ვერ გამოეცნოთ, თუ რა ჰქონდა პუტინს ჩაფიქრებული, ამიტომ ეშინოდათ. ახლა უკვე გაიგეს მისი ჩანაფიქრი და ყველაფერს გააკეთებენ, რასაც პუტინი უბრძანებს), მაგრამ ასე ერთიანი ხელისუფლება არასდროს ყოფილა – ისინი სრულად იზიარებენ პუტინის მსოფლმხედველობას, მას კი სამყაროს საკუთარი სურათხატი აქვს: ეს სურათხატი კი ისეთივე მყარია, როგორც ეგვიპტური პირამიდები, რომელთა ფილებს შორის ნემსსაც კი ვერ შეყოფთ; ამ წარმოდგენაში რუსეთი იზოლაციონისტური ქვეყანაა სასარგებლო წიაღისეულების უზარმაზარი მარაგით და მას არავინ სჭირდება. რუსეთმა უნდა გაიგოს, რომ დასავლეთი, ზოგადად, დანარჩენი სამყარო არის მტერი.

  • რუსეთი-საქართველო-დასავლეთი

„ეს ყველაფერი გაცილებით ადრე დაიწყო. შეიძლება ვცდებოდე, მაგრამ 2007 წელს, როცა რუსეთს ბრიუსელში, ნატოში საელჩო ჰქონდა, დიპლომატებს შორის როგოზინიც იყო. პუტინი სთავაზობდა (დასავლეთს) რუსეთის ნატოში მიღებას. უთხრეს, რომ ასე არ ხდება, რომ საჭიროა გამოსაცდელი ვადის გავლა, დოკუმენტების მომზადება. ასეთ რამეს არ ელოდა. მერე, როცა იფიქრა, რომ დასავლეთი მას ატყუებდა, 2007 წელს მიუნხენში ის ცნობილი სიტყვა წარმოთქვა (ამ გამოსვლაში პუტინმა მსოფლიოს ერთპოლუსიანობასა და რუსეთის ცვალებად როლზე ისაუბრა – რედ. შენიშვნა). აი, მანდ იმ ყველაფერზე ისაუბრა, რაც ახლა გახდა ცნობილი.

არავინ აღიქვა ეგ გამოსვლა სერიოზულად, რამდენიმე ავტორიტარის გარდა სამხრეთ ამერიკაში. დასავლელმა პოლიტიკოსებმა ეს არასერიოზულად, მხოლოდ რიტორიკად აღიქვეს, მაგრამ უკვე მომდევნო წელს საქართველოსთან ომი გაჩაღდა: ბუში ერთს ეუბნებოდა პუტინს, მეორეს – სააკაშვილს, დაზვერვა კი იმისთვის არსებობს, რომ ერთიც და მეორეც გადაამოწმო და შეადარო.

აი, ეს იყო გარდამტეხი მომენტი: რუსეთში მანამდე ირწმუნებოდნენ დასავლური ღირებულებების ერთგულებაზე, კანონის უზენაესობაზე, ღიაობასა და გლობალიზაციაზე. ამით მორჩა ყველაფერი – კოლექტიური ძალაუფლება რუსეთში გაბრაზდა დასავლეთზე.

კიდევ ერთი რამე მოხდა: პუტინმა გააცნობიერა, რომ ადამიანები, რომლებიც დასავლეთში ფასეულობებზე საუბრობდნენ, სინამდვილეში ფასს გულისხმობდნენ: პუტინმა ბითუმად იყიდა დასავლელი პოლიტიკოსები და დასვა რუსეთის სახელმწიფო კომპანიების სამეთვალყურეო საბჭოებში და ეს ადამიანები მართლაც ისე სწრაფად შევიდნენ ამ საბჭოებში, როგორც ახლა გამოდიან (იქ იყვნენ საფრანგეთის პრემიერი, გერმანიის კანცლერები, იტალიელი პოლიტიკოსები…). მოასხდნენ სავარძლებს, იღებდნენ რამდენიმე მილიონს წელიწადში, პუტინი კი იქედნურად იცინოდა, აი, ეს ადამიანები მესაუბრებიან დასავლურ ფასეულობებზე?! მათ ხომ მხოლოდ ფული აინტერესებთ?

ამაში ის დარწმუნებული იყო, ისევე, როგორც დარწმუნებულია, რომ ის დასავლეთს მეგობრობას სთავაზობდა, რაც უარყვეს, მერე კი არ უნდა გაბრაზებულიყვნენ იმის გამო, რაც მიიღებს რუსეთის ხელისუფლებისგან. ეს არის ტიპური რუსული ეზოს, არასრული სკოლის ეზოს ლოგიკა: არ მიიღე ჩემი მეგობრობა და ახლა უკვე ნუღარ გაბრაზდები, რომ მე ასე მოგექცევი. ეს არის მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური გადახრა და ამ გადახრის გამო 24 თებერვალს (უკრაინაში ომის დაწყებით) ქვეყანას მომავალი გაუნადგურა.

იმ გამოსვლაში ყველა ის წყენა ჩამოთვალა, როგორც გითხარით, რაც მას გულში ჩარჩენია.

კიდევ ერთი რამ იკითხებოდა პრეზიდენტის გამოსვლაში: ვის უნდა მოველაპარაკო, თუ ისინი მუდმივად იცვლებიანო: პუტინის მმართველობის დროს გერმანიამ რამდენიმე კანცლერი გამოიცვალა, ამერიკამ – რამდენიმე პრეზიდენტი, იტალიამ და საფრანგეთმა რამდენიმე პრემიერი, პრეზიდენტი – აი, თვითონ კი ყველაზე გამოცდილი პოლიტიკოსი გამოდგა, 22 წელია ხელისუფლებაშია და არარაციონალურია ესაუბრო ლიდერებს, რომლებიც მუდმივად იცვლებიან.

  • კრემლი, პროპაგანდა და ხალხი

ჩვენს პროპაგანდისტებს ეგონათ, რომ უკრაინელი ხალხი რუს სამხედროებს ყვავილებით დახვდებოდა…

ჩვენი ხელისუფლება საკუთარ ტელევიზიებს უკვეთავს პროპაგანდას მოსახლეობისთვის და აკვირდება, როგორ ართმევენ თავს დასახულ ამოცანებს და თანდათან თავად იწყებს იმის დაჯერებას, რაც თავად მოიგონა და ხალხს უჩვენეს. ფსიქოლოგებს ტერმინი აქვთ საამისოდ – თვითინდუქცია. მომხდარის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ხელისუფლება საკუთარი პროპაგანდით გაძღა და ვერ მოინელა.

სოციოლოგიურ რეიტინგებს იმ ადამიანების განწყობებით ზომავენ, რომლებიც მხოლოდ მათ ტელევიზიებს უყურებენ.

  • დამოუკიდებელი მედიის დასასრული რუსეთში

„ეხო მასკვის“ დახურვა უდიდესი ადამიანური დრამაა – აიღეს და გამორთეს კრიტიკული აზრი. ეს სრული სიგიჟეა. უცხოეთის აგენტობის კანონით ფეხქვეშ გაიგდეს ახალგაზრდა, დამოუკიდებელი და საკმაოდ მიმზიდველი მედიაორგანიზაციები. რუსეთიდან გაედინება ჟურნალისტების, ანალიტიკოსების, პროგრამისტების უზარმაზარი რესურსი, მალე ყველა ვნახავთ, რაზეც ვსაუბრობ.

„ნოვაია გაზეტას“ არსებობის ორი დღეღა დარჩენია, რადგან ე.წ. ყალბი ამბების შესახებ კანონი თუ მიიღეს, ნიშნავს, რომ ჩვენი ნებისმიერი თანამშრომელი შეიძლება ციხეში გაუშვან 2-დან 15 წლამდე. გვეტყვიან, რომ ინფორმაცია, რომელსაც ავრცელებთ, ყალბია. ვეტყვით: როგორ? წყაროები გვაქვს, ვიდეო გვაქვს, ფოტო გვაქვს! გვეტყვიან: ყალბია იმიტომ, რომ ჩვენ ასე ვფიქრობთ, ასე ვფიქრობთ პროკურატურაში, წითელ მოედანზე და ა.შ. არა და, ჩვენი საქმე ხომ მიმდინარე მოვლენების ასახვაა, მსხვერპლებზე, დაღუპულებზე, ომზე წერაა, რომელსაც თურმე „ომი“ არა, „სპეცოპერაცია“ უნდა დავუძახოთ.

ნახავდით ალბათ, ტოლსტოის რომანს ხუმრობით სოციალურ ქსელში „სპეცოპერაცია და მშვიდობა“ რომ გადაარქვეს.

თუ კანონპროექტი ყალბი ამბების გავრცელების შესახებ მიიღეს, ყველა ვრისკავთ, რომ ჩვენი თანამშრომლები დააპატიმრონ. არა და, ჩვენს რედაქციაში ახალი ამბები გამოქვეყნებამდე, სულ მცირე, 10 ადამიანის ხელში გადის რედაქტირებას, გადამოწმებას, დაზუსტებას და ა.შ. ეს კანონი მედიის დამოუკიდებლად სრულად შთანთქავს, ეს მედიას საბოლოოდ მოკლავს ამ ქვეყანაში.

  • ბირთვული ღილაკით თამაში

„მივედით იმ ეტაპამდე, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ბირთვული იარაღის ღილაკს ატრიალებს, როგორც მძღოლი – ძვირადღირებული ავტომანქანის გასაღებს – იმას გვაჩვენებს, რომ ავტომანქანა მისია. სრული სერიოზულობით ვამბობ, რომ როცა სანქციები საბოლოოდ გაანადგურებს რუსეთის ეკონომიკას (რაც უკვე დაიწყო), შეიძლება ის გასაღები მართლა გადაატრიალოს“.

  • რაზე შეიძლება უკრაინა რუსეთს ესაუბროს მოლაპარაკებებზე?

„ცეცხლის შეწყვეტა, მოლაპარაკება, ჰუმანიტარული დერეფნები, ჰუმანიტარული დახმარება, ტყვეთა გაცვლა და ცხედრების გადაცემა – სხვა არაფერზე არ შეიძლება იყოს მოლაპარაკება“.

  • რუსი ჯარისკაცის ცარიელი საფლავი სარატოვში

„სარატოვიდან გვაქვს საშინელი ისტორია – ჯარისკაცის გვარს არ დავასახელებ, 24 თებერვალს მოკლეს, 25-ში საკუთარ დაბადების დღეზე უნდა ჩამოესვენებინათ. ოჯახმა იყიდა მიწის ნაკვეთი, ამოთხარა სამარე და ცელოფნის პარკი გადააფარა, რომ თოვლით არ ამოვსებულიყო. ჰკითხეს, ცხედარს როდის ჩამოასვენებთო. უთხრეს, ცხედარი დავკარგეთო. ასეა, სარატოვში იმ სასაფლაოზე ცარიელი სამარე დღემდე ელოდება ცხედარს, რომელიც ომში დაკარგეს“.

თორნიკე რიჟვაძე კიევის უნივერსიტეტის განცხადებას პასუხობს

„მოიცალეს“ ჩემი საგარეო პოლიტიკური პოზიციის და აკადემიური ბიოგრაფიის გაყალბებისთვის,“ – დაწერა დღეს, 9 მარტს, ფეისბუქში აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ.

თორნიკე რიჟვაძე ვრცელი განმარტებით ეხმიანება კიევის უნივერსიტეტის განცხადებას იმის შესახებ, რომ რიჟვაძის სწავლა კიევის უნივერსიტეტის დოქტორანტურაში არ დასრულებულა სამეცნიერო ხარისხის მიღებით, რადგან სწავლა შეწყდა. ასევე, მედიაში 7 მარტს გავრცელებულ მისსავე კომენტარს, როცა ჟურნალისტის კითხვაზე – „ვინ დაიწყო ომი, რუსეთმა თუ უკრაინამ“, პასუხად აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თქვა, რომ ამ კითხვას „დარგის ექსპერტებმა“ უნდა უპასუხონ.

უკრაინის უნივერსიტეტის მიერ 8 მარტს გავრცელებული ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძეს არ მიუღია კიევის უნივერსიტეტის დიპლომი და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რიჟვაძეს აქვს დოქტორის ხარისხი, სიმართლეს არ შეესაბამება.

თორნიკე რიჟვაძე ფეისბუქზე გამოქვეყნებულ განმარტებაში ადასტურებს, რომ დოქტორანტურა არ დაუსრულებია და ამბობს, რომ ყველა ოფიციალურ წყაროში მითითებულია ამის შესახებ:

„2015 წელს ჩავაბარე ტარას შევჩენკოს სახელობის კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტში დოქტორანტურაში ენერგეტიკის სამართლის მიმართულებით, 2017 წელს, სამწუხაროდ, გარდაიცვალა დისერტაციის აკადემიური ხელმძღვანელი, ალექსანდრე ზადოროჟნი, ოჯახური და სამსახურებრივი გარემოებების გათვალისწინებით იძულებული გავხდი საკუთარი სურვილით ამეღო აკადემიური შვებულება და შემეწყვიტა სწავლა. შესაბამისად, ყველა ოფიციალურ წყაროში მითითებულია დოქტორანტი,“ – აღნიშნავს თორნიკე რიჟვაძე ფეისბუქპოსტში.

ამავე განმარტებაში თორნიკე რიჟვაძე „რიტორიკულ-პროვოკაციულს“ უწოდებს ჟურნალისტის კითხვას, რომელმაც მას, როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს და  „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრს ორჯერ სთხოვა გამოეხატა თავისი პოზიცია საკითხზე – ვინ დაიწყო ომი უკრაინაში.

„რუსულ ოკუპაციასთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია და კონკრეტული ქმედებები საჯაროდ ცნობილია! ჩვენმა ხელისუფლებამ ყველა საერთაშორისო ფორმატში დაგმო რუსული აგრესია და მხარი დაუჭირა უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას! ე.წ. ჟურნალისტის რიტორიკულ-პროვოკაციულ კითხვაზე ომის დაწყებასთან დაკავშირებით პასუხიც გახლდათ შესაბამისი,“ – წერს თორნიკე რიჟვაძე.

ვრცელი განმარტების მიუხედავად, თორნიკე რიჟვაძე არც ამ ფეისბუქპოსტში პასუხობს კითხვას: ვინ დაიწყო ომი უკრაინაში, ან რატომ არ მიიჩნია საჭიროდ, ან ვერ გაბედა „ოცნების“ ხელისუფლებამ საპარლამენტო რეზოლუციაში ჩაეწერა სიტყვა „რუსეთი“.

„რუსული აგრესია“ – ამჯერად ასე ამბობს ომის ნაცვლად თორნიკე რიჟვაძე.

„ჩვენმა ხელისუფლებამ ყველა საერთაშორისო ფორმატში დაგმო რუსული აგრესია და მხარი დაუჭირა უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას,“ – აღნიშნავს თორნიკე რიჟვაძე ისევე, როგორც ამას „ოცნების“ სპიკერები, ასევე პრემიერი ღარიბაშვილი აკეთებს და ცდილობს გვერდი აუაროს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა სანქციები რუსეთის მიმართ, რასაც საქართველო არ უერთდება და რის გამოც უკრაინამ პროტესტის ნიშნად თავისი ელჩი კონსულტაციისთვის გაიწვია საქართველოდან, ან, მაგალითად, უკრაინიდან რამდენი დევნილის მიღებას აპირებს საქართველო. 

აქტუალურ კითხვებზე პასუხის გაცემის თუ განმარტების ნაცვლად თორნიკე რიჟვაძემ წლების წინ დასრულებული დისკუსიის განახლებაც სცადა –  რა ჩაიწერა ევროსაბჭოს რეზოლუციაში, რასაც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ ხელი მოაწერა.

„განსაკუთრებით სამარცხვინოა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე ხელმომწერების, 2008 წლის ომის დაწყებაში საქართველოს ბრალმდებელი პარტიისა და მათი ტელევიზიების მიერ დასმულ პროვოკაციულ კითხვას სერიოზულად უნდა ვუპასუხო?! მე იქით მაქვს შეკითხვა, 2008-ში ვინ დაიწყო? შემთხვევით მაშინაც რუსეთმა ხომ არა? თუ კი, მაშინ ამას ხელი როგორ მოაწერეთ?! შემთხვევით მოღალატეები ხომ არ ხართ ამის გამო?!“ – წერს თორნიკე რიჟვაძე.

ამ კითხვას წლების განმავლობაში სვამდნენ „ქართული ოცნების“ ლიდერები.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები კი ადასტურებენ, რომ რეზოლუციის მე-5 მუხლი მართლაც პრობლემურია საქართველოსთვის, თუმცა მიუთითებენ, რომ იმ პერიოდში, როცა ომი ახალი დასრულებული იყო, ხოლო რუსეთმა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა ოკუპირებული ტერიტორიები და ყველგან აცხადებდა, რომ საქართველომ დაიწყო ომი და ეთნიკურ ნიადაგზე კონფლიქტისას გენოციდი მოუწყო ოსებს, საერთაშორისო ორგანიზაციაში პირველად იქნა მიღებული რეზოლუცია, რომელიც ოკუპანტად რუსეთს აღიარებს და გმობს მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების აღიარებას.

კიევის უნივერსიტეტის განცხადება რიჟვაძეზე: ვწუხვართ, რომ ვერ შეიყვარა უკრაინა

ტარას შევჩენკოს სახელობის კიევის უნივერსიტეტი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

კერძოდ, უნივერსიტეტი აცხადებს, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს არ მიუღია კიევის უნივერსიტეტის დიპლომი და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რიჟვაძეს აქვს დოქტორის ხარისხი, სიმართლეს არ შეესაბამება.

„2015 წელს ჩააბარა კიევის ტარას შევჩენკოს ეროვნული უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის სამაგისტრო პროგრამაში, ხოლო 2017 წელს ოჯახური გარემოების გამო, საკუთარი სურვილით გარიცხეს. ამრიგად, სწავლის ეს პერიოდი არ დასრულებულა სამეცნიერო ხარისხისა და კვალიფიკაციის მიღებით, რადგან სწავლა შეწყდა.

ჩვენ გულწრფელად ვწუხვართ, რომ მან, როგორც ჩვენმა ასპირანტმა, ვერ შეიყვარა უკრაინა“ – ვკითხულობთ განცხადებაში, რომელიც უნივერსიტეტმა გაავრცელა.

გუშინ, 7 მარტს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, არ უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, ვინ დაიწყო ომი უკრაინაში. კითხვაზე – ომი უკრაინამ დაიწყო თუ რუსეთმა,  აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თქვა, რომ ამ კითხვას „დარგის ექსპერტებმა“ უნდა უპასუხონ.

დღეს, 8 მარტს, „მირატვორეცის“ [მშვიდობისმყოფელი] ცენტრმა, რომელიც მკვლევრების, ჟურნალისტებისა და სპეციალისტებისგან დაკომპლექტებულ არასამთავრობო ორგანიზაციას წარმოადგენს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე, რუსი სამხედრო დამნაშავეების თანამზრახველად და უკრაინაში რუსეთის შეჭრის უარმყოფლად გამოაცხადა.

ამავე თემაზე: 

უკრაინული ორგანიზაცია რიჟვაძეს რუსი სამხედროების ხელშემწყობად ასახელებს

 

რა მოიკვლია აუდიტმა „სიძულვილის ბანერების“ განთავსებაზე

სახელმწიფო აუდიტის სამსახური წერს, რომ ე.წ. სისხლიანი ბანერების განთავსებაზე ჩატარებული მოკვლევის შედეგად დარღვევა ვერ აღმოაჩინა. ბანერები წარწერით: „არა ნაცებს, არა ბოროტებას, არა ღალატს“ შპს „ალმას“ ბილბორდებზე თვითმმართველობის არჩევნებამდე გამოჩნდა.

ბანერზე პოლიტიკოსებთან ერთად მედიამენეჯერებიც იყვნენ გამოსახული. ეს ბანერები 2021 წლის სექტემბერში ქვეყნის მასშტაბით გარე რეკლამისათვის განკუთვნილ ადგილებში
განათავსეს. ამ გზით ამომრჩეველს რამდენიმე პოლიტიკური ძალის მხარდაჭერისგან თავის შეკავებისკენ  მოუწოდეს. 

აუდიტის სამსახურმა ბანერების განთავსებიდან მალევე განაცხადა, რომ ბანერების განთავსების მიზნით გაწეული ხარჯის კანონიერების დასადგენად ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. ამ მიზნით სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ბანერების განთავსებაზე გაწეული ხარჯის შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა ბანერების განთავსების ადგილების მფლობელი კომპანიისგან.

2022 წლის თებერვალში გამოქვეყნებულ ანგარიშში აუდიტი წერს, რომ შესწავლის შედეგად, „ხარჯის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით განხორციელების ფაქტი არ გამოვლენილა“.

სისხლიანი ბანერების განთავსებისთვის თანხა ბიზნესმენმა მიხეილ გაბრიაძემ გადაიხადა.

McDonald’s-ი ყველა რესტორანს ხურავს რუსეთში

სწრაფი კვების ქსელი McDonald’s-ი რუსეთში ყველა რესტორანს დროებით ხურავს.

კომპანიას ქვეყანაში 850 რესტორანი აქვს, სადაც 65 ათასი ადამიანია დასაქმებული.

კომპანიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილების მიზეზი რუსეთის უკრაინაზე თავდასხმაა.

„ლორეალი“ დროებით კეტავს მაღაზიებს რუსეთში

პარფიუმერიისა და კოსმეტიკის მწარმოებელი მსხვილი ფრანგული კომპანია L’Oreal-ი აცხადებს, რომ დროებით ხურავს მაღაზიებს რუსეთში და აჩერებს პროდუქციის ონლაინ გაყიდვას რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო.

კომპანია ასევე აჩერებს რუსეთში ინვესტიციებს.

„ლორეალს“ რუსეთში 2200 თანამშრომელი ჰყავს. კომპანია აცხადებს, რომ 5.5 მილიონ დოლარს გადასცემს იმ ორგანიზაციებს, რომლებიც ომისგან დაზარალებულ უკრაინელებს უწევენ დახმარებას.

დღეს, 8 მარტს, ასევე ცნობილი გახდა, რომ კოსმეტიკისა და პარფიუმერიის მწარმოებელი ცნობილი ამერიკული ბრენდი „ესტე ლაუდერი“ რუსეთს ტოვებს.

2 მილიონი უკრაინელი ლტოლვილად იქცა | ფოტო

რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის შედეგად მილიონობით უკრაინელი ლტოლვილად იქცა.

ყოველდღიურად ათიათასობით უკრაინელი კვეთს მეზობელი ქვეყნების საზღვარს.

ამ ეტაპზე უკრაინა დადასტურებულად დატოვა 2,011,312-მა ადამიანმა.

არსებობს მოლოდინი, რომ ლტოლვილების რაოდენობა 5 მილიონს მიაღწევს.

რუსეთის სამხედრო ქმედებებისგან დაზარალებული ყველაზე მეტი უკრაინელი პოლონეთს აფარებს თავს. ბოლო ცნობებით, პოლონეთში უკვე 1,2 მილიონზე მეტი ადამიანი გადავიდა.

უკრაინიდან ლტოლვილები პოლონეთ-უკრაინის საზღვართან დოროჰუსკში, აღმოსავლეთ პოლონეთი. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ პოლონეთმა მიიღო მილიონზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი. 2022 წლის 7 მარტი. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA-EFE/Wojtek Jargilo
უკრაინიდან გაქცეული ასაკოვანი ქალი საზღვარს კვეთს სოფელ პალანკაში, მოლდოვა, 2022 წლის 7 მარტი. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/DUMITRU DORU
უკრაინელი ოჯახი ერთად სადილობს რუმინეთ-უკრაინის საზღვრის გადაკვეთის შემდეგ. მას შემდეგ, რაც რუსეთმა დაიწყო სამხედრო ოპერაცია უკრაინაში, დაახლოებით 225 000 უკრაინელი შევიდა რუმინეთში, რომელთაგან 150 000-ზე მეტმა დატოვა ქვეყანა სხვა მიმართულებით. 2022 წლის 6 მარტი. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/MASSIMO PERCOSSI
უკრაინელი დედა და მისი ქალიშვილი ელიან სუჩავას საერთაშორისო აეროპორტისკენ ავტობუსის გამგზავრებას, ჩრდილოეთ რუმინეთის სირეტის სასაზღვრო გადასასვლელის გავლის შემდეგ, 2022 წლის 8 მარტი. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/ROBERT GHEMENT
უკრაინელი ლტოლვილები პოლონეთ-უკრაინის საზღვართან დოროჰუსკში, აღმოსავლეთ პოლონეთი, 2022 წლის 7 მარტი. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/Wojtek Jargilo
უკრაინელები გადადიან სირეტის საზღვარზე, ჩრდილოეთ რუმინეთი, 2022 წლის 8 მარტი. EPA/ROBERT GHEMENT
უკრაინიდან გაქცეული ხალხი მიდის ლტოლვილთა ბანაკში სოფელ პალანკას მახლობლად, მოლდოვა-უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით სამ კილომეტრში, მოლდოვა, 2022 წლის 7 მარტს. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA-EFE/DUMITRU DORU
უკრაინიდან გაქცეული ხალხი იკრიბება ლტოლვილთა ბანაკში სოფელ პალანკას მახლობლად, მოლდოვა-უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით სამ კილომეტრში, მოლდოვა, 2022 წლის 7 მარტი. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA-EFE/DUMITRU DORU
უკრაინელი ლტოლვილები კვეთენ მოლდოვას საზღვარს ოტაჩიში, მოლდოვა, 2022 წლის 7 მარტი.  ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA-EFE/CIRO FUSCO
უკრაინელი ლტოლვილები კვეთენ მოლდოვას საზღვარს ოტაჩიში, მოლდოვა, 2022 წლის 7 მარტი. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA-EFE/CIRO FUSCO

„ბოლო 2 ღამე კოშმარი გამოვიარეთ, გადავრჩით“ – ქართველი მებრძოლი უკრაინაში

„რუსეთი ამ ომს ვერ მოიგებს, ეს გამორიცხულია,“ – კატეგორიული შეფასება ჩამოუყალიბა გურამ ჩალაგაშვილს რუსეთ-უკრაინის ომში მონაწილეობამ, ორმა დღემ და ღამემ, როცა სამხედრო გამოცდილების არმქონე კაცს პირდაპირ ცხელ წერტილში მოუხდა ბრძოლა.

„ბოლო ორი ღამე კოშმარი გამოვიარეთ, გადავრჩით,“ – გვიყვება გურამ ჩალაგაშვილი. – „ინტენსიურ სროლებში მოვყევით, არტილერია და ჰაერი მუშაობდა აქტიურად, ასეულობით ჭურვი გამოუშვეს ჩვენი მიმართულებით. ეცადნენ, რომ ალყაში მოვექციეთ, კომუნიკაციაც დაგვიხშეს, მოკლედ მძიმე ვითარება იყო…

საბოლოოდ, იმ კონკრეტულ ლოკაციაზე ოკუპანტებმა დაკარგეს ორი თუ სამი მძიმე ტექნიკა, ასევე 70 ადამიანი, ჩვენს მხარეს კი, მხოლოდ ორი დაიჭრა მსუბუქად… ერთ-ერთის ახლოს ჭურვი აფეთქდა და სანგარში დროულად ჩაწოლა ვერ მოასწრო, ტვინის შერყევა მიიღო.

სამწუხაროდ, ერთ-ერთ ბლოგპოსტზე სამი უკრაინელი მოგვიკლეს. იქ ჩვენც ვიყავით მანამდე, შემდეგ გადავინაცვლეთ უფრო ცხელ წერტილში, ამ დილით ჩაცხრილულები დაგვხდნენ სანგრებში, ჩუმად მიპარვიათ, როგორც ჩანს,“ – გვითხრა გურამ ჩალაგაშვილმა.

ქართველი მებრძოლის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა ქართველი მოხალისეებისგან, მათ შორის, სამხედრო გამოცდილების მქონე პირებისგან ცალკე ბატალიონი შექმნეს.

„ჩვენ უკრაინაში ჩავედით 8 მეგობარი ერთად, მათ შორის, ირაკლი ოქრუაშვილი, საზღვართან დაგვხდნენ უკრაინელი მეგობრები და მიგვიყვანეს სამხედრო ბაზაზე. ბაზაზე იყვნენ ქართველი მებრძოლებიც, რომლებმაც გამოთქვეს სურვილი ერთად გვებრძოლა. საბოლოოდ 26-კაციანი ბატალიონი შევკარით, ერთი ლატვიელი შემოგვიერთდა და ერთი აზერბაიჯანელი. ბატალიონის უფროსი ომარ მეტრეველია, გამოცდილი სპეცრაზმელი და მეომარი…

უკრაინელი გამოცდილი მეომარიცაა ჩვენთან ერთად. ის გვეუბნება, სად უნდა წავიდეთ. გვითხრა, რომ გზაში გვეტყვიან, სად მივდივართ, ამას უკრაინელები წყვეტენ, რა და როგორ,“ – ამბობს გურამ ჩალაგაშვილი.

მოხალისეებს საქართველოდან განსაკუთრებით უკრაინელების შემართება მოსწონთ.

„ყველა 100 მეტრში ბლოგპოსტია მოწყობილი, ქალებიც დგანან ავტომატებით ხელში, ყველა უკრაინელი ომობს…“ – დასძინა გურამ ჩალაგაშვილმა. მისი დაკვირვებით, უკრაინას ყველაზე მეტად სამხედრო აღჭურვილობით სჭირდება დახმარება.

„სჭირდებათ უფრო მეტი იარაღი, თანამედროვე ტექნოლოგიები, ოპერატორები, ჯაველინები… რუსეთი კიევის სიახლოვესაც ვერ მოვა. მითი უძლეველ რუსეთზე დასრულდა მთლიანად.

ფაქტია, რომ ეს საქართველოს ბრძოლაცაა. ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ თუ უკრაინა ომს წააგებს, ჩვენ 15 წუთში გადაგვყლაპავს რუსეთი. არც დასჭირდებათ გადაყლაპვა, ისეთი ხელისუფლება გვყავს,“ – აღნიშნა გურამ ჩალაგაშვილმა „ბათუმელებთან“.

————–

8 მარტი უკრაინაში რუსეთის ფედერაციის ჯარების შეჭრიდან მე-13 დღეა. რუსეთმა დაბომბა ქალაქებიც, დაღუპულია ასობით მშვიდობიანი მოქალაქე. ძირითადად ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებით ქვეყანა დატოვა 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა. ეს არის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე მასშტაბური და სწრაფი ლტოლვილთა კრიზისი.

მთავარი ფოტო: გურამ ჩალაგაშვილი

ამაღამ მეც ჯარს ვუერთდები, კიევი უნდა დავიცვათ – უკრაინაში მცხოვრები ბათუმელი სპორტსმენი

„ახლა მოხუცებს დავუტოვეთ საჭმელი… ისევ მოხალისე ვარ, მაგრამ რეზერვისტად ჩავეწერე უკვე, ალბათ, ამაღამ მეც ომში წავალ,“ – ამბობს მირო ვანაძე, ის ბათუმელი სპორტსმენია და ბოლო 5 წელი უკრაინაში ცხოვრობს.

ომის დაწყების შემდეგ მირო ვანაძემ საქართველოში დაბრუნებას მოხალისეობა არჩია – ის პურს აცხობს და არიგებს კიევის ქუჩებში. მირო გვიყვება, რომ კიევის შემოგარენის, ასევე ჟიტომირსა და ჩერნოგოვზე განხორციელებული სამხედრო იერიშის შემდეგ კიდევ უფრო ნაკლები ადამიანი ჩნდება დედაქალაქის ქუჩაში.

„მარცხენა სანაპიროზე, სადაც მე ვცხოვრობ, ბლოკპოსტია და ალბათ იქ ვიქნებით. ყველას ეშინია, რადგან ვხედავთ, როგორ მიდიან ყველაფერზე რუსები. მაგრამ აქ ვინც არის, ჩემი აზრით, ყველა ბოლომდე იბრძოლებს თავისუფლებისთვის, ბოლომდე შეSწირავენ თავს,“ – მიიჩნევს მირო ვანაძე.

ქართველი სპორტსმენის თქმით, რუსული არმია მიზანმიმართულად ცდილობს პანიკის დათესვას.

„ყველგან ცდილობენ პანიკის შექმნას. ჩვენი, მოხალისეების შეშინებაც სცადეს. დამირეკეს და კონკრეტულ მისამართზე მთხოვეს მისვლა, შემდეგ გაირკვა, რომ დივერსანტები იყვნენ.

მათ უნდათ, რომ პანიკა გააჩინონ, ფსიქოლოგიური შეტევაა არამხოლოდ ჯარზე, არამედ მოსახლეობაზე, ხელისუფლებაზე.

ყველაფერი დაცარიელებულია. ქუჩებში იშვიათად ჩნდება ვინმე, მაღაზიებშიც… თავშესაფრებშია ხალხი. ზოგიც მიდის, მაგრამ ქვეყნის დატოვებაც საფრთხეა უკვე… მოხუცები არიან მხოლოდ ალაგ-ალაგ კორპუსებში… შუქს არ ანთებენ, ისე არიან მარტო.

ბოლომდე დანაყრებასა და დესერტზე აქ აღარავინ ფიქრობს. მთავარია, მშიერი არ დარჩე, რომ გადარჩე.

 

უკვე ფრონტის წინა ხაზია ყველგან და არა მხოლოდ ის ადგილი, სადაც ისვრიან,“ – ამბობს მირო ვანაძე.

—————

8 მარტი უკრაინაში რუსეთის ფედერაციის ჯარების შეჭრიდან მე-13 დღეა. რუსეთმა დაბომბა ქალაქებიც, დაღუპულია ასობით მშვიდობიანი მოქალაქე. ძირითადად ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებით ქვეყანა დატოვა 1.5 მილიონზე მეტმა ადამიანმა. ეს არის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე მასშტაბური და სწრაფი ლტოლვილთა კრიზისი.

სი ძინპინი მაკრონს და შოლცს აფრთხილებს, რომ სანქციები გლობალურ ეკონომიკას „თან ჩაიყოლებს“

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, გერმანიის კანცლერთან, ოლაფ შოლცთან ერთად ესაუბრა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტ სი ძინპინს.

როგორც მაკრონი წერს, მათ ისაუბრეს „უკრაინაში ომის ტრაგიკულ შედეგებზე“.

„პრეზიდენტმა სიმ მხარი დაუჭირა ჩვენს ქმედებებს ცეცხლის შეწყვეტისა და ჰუმანიტარულ დახმარებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით,“ – ვკითხულობთ საფრანგეთის პრეზიდენტის პოსტში, რომელიც Twitter-ზე გამოქვეყნდა.

როგორც ჩინეთის სამთავრობო მედია CGTN წერს, ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა გერმანელ და ფრანგ კოლეგებთან ვიდეოკონფერენციის დროს აღნიშნა, რომ ამჟამინდელი მდგომარეობა უკრაინაში შემაშფოთებელია და „ჩინეთი ღრმა მწუხარებას გამოხატავს ევროპაში ომის კვლავ დაბრუნების გამო“.

ამ დრომდე, ჩინეთი თავს არიდებდა უკრაინაში რუსეთის ქმედებების ომად მოხსენიებას.

ჰონგ-კონგური ონლაინ გამოცემის ცნობით, შეხვედრაზე ჩინეთის პრეზიდენტმა კვლავ გაიმეორა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკურ სანქციებს არ ეთანხმება. მან მაკრონი და შოლცი გააფრთხილა, რომ ამ სანქციებს შეუძლია გლობალური ეკონომიკა „თან ჩაიყოლოს“.

7 მარტს, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვანგ იმ განაცხადა, რომ ჩინეთი უკრაინას ჰუმანიტარულ დახმარებას გაუგზავნის, თუმცა იქვე დასძინა, რომ ჩინეთისა და რუსეთის მეგობრობა „ქვასავით მყარია“.

პირველ მარტს, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ მინისტრი დმიტრო კულება ჩინელ კოლეგას ტელეფონით ესაუბრა და სთხოვა „გამოიყენოს პეკინსა და მოსკოვს შორის არსებული ურთიერთობების დონე, რათა აიძულოს რუსეთი შეაჩეროს შეიარაღებული აგრესია უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ“. განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ჩინეთმა მზაობა გამოთქვა გამოიყენოს საკუთარი დიპლომატიური კავშირები კონფლიქტის მოსაგვარებლად.

მოგვიანებით, 5 მარტს, დმიტრო კულებამ, საერთაშორისო მედიისთვის გამართულ ონლაინბრიფინგზე, ჩინეთის შესახებ დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა:

„ჩინეთი დაინტერესებულია ამ ომის დიპლომატიის მეშვეობით შეჩერებით. ჩვენ მოველით, რომ ისინი იმოქმედებენ. ჩინეთს აქვს განსაკუთრებული ურთიერთობა რუსეთთან, ამიტომ მოველით, რომ ისინი დაუკავშირდებიან რუსეთს ძალიან თანმიმდევრული და ძლიერი მესიჯით – ეს ომი ასევე ეწინააღმდეგება ჩინეთის ინტერესებს, ეწინააღმდეგება კაცობრიობის ინტერესებს. პრეზიდენტმა პუტინმა უკან უნდა დაიხიოს. ჩინურ დიპლომატიას აქვს საკმარისი ინსტრუმენტები ცვლილების მისაღწევად. ჩვენ (ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან საუბრიდან გამომდინარე) ვთვლით, რომ ის უკვე ჩართულია და მისი ძალისხმევა წარმატებული იქნება“.

_________

 

რა შეცვალეს კანდიდატებმა უკრაინის ომის შემდეგ – 2 აპრილს ბათუმში არჩევნებია

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ანუ 24 თებერვლიდან, ბათუმში შუალედურ არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს საჯარო საარჩევნო აქტივობები აღარ აქვთ. „ქართული ოცნების“ კანდიდატი რამაზ ჯინჭარაძე ამბობს, რომ წინასაარჩევნო კამპანია ომის დაწყების შემდეგ გაურკვეველი ვადით შეწყვიტა, ხოლო ოპოზიციური ერთობის კანდიდატს, მათე ფუტკარაძეს, მხოლოდ კარდაკარ შეხვედრები აქვს.

ბათუმში შუალედური არჩევნები 2 აპრილს გაიმართება. ამ არჩევნებზე ბათუმის მე-4 მაჟორიტარულ ოლქში აირჩევენ ბათუმის საკრებულოს წევრს. ეს არჩევნები გადაწყვეტს, ბათუმის საკრებულო ოპოზიციური იქნება თუ „ქართული ოცნების“.

ბათუმის საკრებულოში 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებში ოპოზიციამ უმრავლესობა მოიპოვა, თუმცა ბათუმის მე-4 მაჟორიტარული ოლქიდან არჩეული ნუგზარ ფუტკარაძე 2021 წლის 18 ნოემბერს გარდაიცვალა. 24 ნოემბერს კი „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაავრცელა აუდიოჩანაწერი, რაც, პარტიის მტკიცებით, ადასტურებს იმას, რომ ნუგზარ ფუტკარაძის მოსყიდვას ცდილობდნენ 100 ათასი დოლარის სანაცვლოდ. თანხმობის შემთხვევაში ოპოზიცია უმრავლესობას საკრებულოში დაკარგავდა.

ნუგზარ ფუტკარაძის საქმეზე“ ამ დრომდე გამოძიებას არაფერი დაუდგენია.

„მხოლოდ კარდაკარ მაქვს მოსახლეობასთან შეხვედრა. უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით ვცდილობ სოციალური ქსელებით აღარ ვიაქტიურო,“ – ამბობს მათე ფუტკარაძე, „ოპოზიციური ერთობის“ კანდიდატი. ის ბათუმის საკრებულოს გარდაცვლილი დეპუტატის – ნუგზარ ფუტკარაძის შვილია.

მათე ფუტკარაძეს  ბოლო სტატუსი ფეისბუქში 4 მარტს დაუწერია უკრაინის ომზე და სოლიდარობის აქციაზე, როცა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმართა საქართველოს მოსახლეობას.

„მე ასეთი საქართველო მიყვარს, ერთიანი და გაუტეხელი,“ – წერს საკრებულოს წევრობის კანდიდატი.

მათე ფუტკარაძის ბოლო ფეისბუქპოსტი 4 მარტსაა გამოქვეყნებული

„სხვა აქტივობები შეჩერებული გვაქვს, ჰუმანიტარული დახმარების ამბავზეა გადართული მთლიანად პარტია, ოფისსაც მაგისთვის იყენებენ“, – აღნიშნავს მირდატ ქამადაძე, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ბათუმში.

რუსეთ – უკრაინის ომს გამოეხმაურა ფეისბუქში რამაზ ჯინჭარაძეც, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი. „ასეთ უსამართლობას უკრაინელი ხალხი არ იმსახურებდა, სოლიდარობა უკრაინას“, – დაწერა რამაზ ჯინჭარაძემ 24 თებერვალს.

რამაზ ჯინჭარაძის ფეისბუქპოსტი უკრაინის შესახებ

რამაზ ჯინჭარაძეს ამომრჩეველთან ბოლო შეხვედრა 24 თებერვალს გაუმართავს. ამ დღეს დაიწყო რუსეთმა ომი უკრაინაში. მანამდე რამაზ ჯინჭარაძე ყოველდღიურად ფეისბუქში აქვეყნებდა მოსახლეობასთან შეხვედრების ამსახველ ფოტოებს. კანდიდატს თან დაჰყვებოდნენ აჭარის მთავრობის მინისტრები, ასევე უმაღლესი საბჭოს წევრები.

„გაჩერებული ვართ, არ ვიცი, რა დროით,“ – გვიპასუხა რამაზ ჯინჭარაძემ. მან წინასაარჩევნო ხედვებზე სასაუბროდ ჯერჯერობით „ბათუმელებთან“ სასაუბროდ ვერ მოიცალა.

23 თებერვალს „ქართული ოცნების“ დეპუტატობის კანდიდატი ბათუმის იმ რამდენიმე ქუჩის მოსახლეობას შეხვედრია, ვისაც ამ დრომდე კანალიზაციის სისტემაც კი არ აქვს.

უკრაინული ორგანიზაცია რიჟვაძეს რუსი სამხედროების ხელშემწყობად ასახელებს

„მირატვორეცის“ [მშვიდობისმყოფელი] ცენტრმა, რომელიც მკვლევრების, ჟურნალისტებისა და სპეციალისტებისგან დაკომპლექტებულ არასამთავრობო ორგანიზაციას წარმოადგენს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე რუსი სამხედრო დამნაშავეების თანამზრახველად და უკრაინაში რუსეთის შეჭრის უარმყოფლად გამოაცხადა.

ორგანიზაცია უკრაინულ სამართალდამცავ უწყებებს რეაგირებას სთხოვს.

„რუსი სამხედრო დამნაშავეების თანამზრახველი;
უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრის უარყოფა [24/02/2022];
საჯაროდ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მანიპულირება;
მონაწილეობა უკრაინის წინააღმდეგ ჰუმანიტარული აგრესიის აქტებში, რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების დროს“ – წერია ვებგვერდზე თორნიკე რიჟვაძის შესახებ.

„მირატვორეცი“ სთხოვს სამართალდამცავ ორგანოებს, განიხილონ ეს პუბლიკაცია, როგორც განცხადება ამ პირის მიერ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების, მშვიდობის, კაცობრიობის უსაფრთხოებისა და საერთაშორისო სამართლისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული მიზანმიმართული ქმედებების ჩადენის შესახებ.

განცხადება ვებგვერდზე დღეს, 8 მარტს, გამოქვეყნდა.

განცხადებას თან ერთვის 7 მარტს გადაღებული ვიდეო, სადაც თორნიკე რიჟვაძე ჟურნალისტის კითხვაზე – ვინ დაიწყო ომი, უკრაინამ თუ რუსეთმა, პასუხს თავს არიდებს. “ეს უნდა ჰკითხოთ ამ დარგის ექსპერტებს. მე ვუსურვებ უკრაინელებს ამ ომის ძალიან მალე დასრულებას”, – თქვა რიჟვაძემ.

აქვე აღნიშნულია, რომ რიჟვაძე ტარას შევჩენკოს სახელობის კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობდა [რიჟვაძე ამ უნივერსიტეტის დოქტორანტი იყო].

უკრაინული ორგანიზაცია „მირატვორეცი“ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების, მშვიდობის, ჰუმანურობის და საერთაშორისო სამართლის წინააღმდეგ დანაშაულის ნიშნების კვლევის ცენტრია, რომელიც სამართალდამცავი ორგანოებისა და სპეცსამსახურებისთვის აგროვებს ინფორმაციას პრორუსი ტერორისტების, სეპარატისტების, დაქირავებულების, ომის დამნაშავეებისა და მკვლელების შესახებ. ორგანიზაცია 2014 წელს შეიქმნა.

„ჩვენი კვლევის ობიექტების (სამშობლოს მოღალატეები, მებრძოლები, დაქირავებულები და ტერორისტები, რუსი სამხედრო მოსამსახურეები – ომის დამნაშავეები) სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე გამოვლენის მიზნით, ვიწვევთ უცხო სახელმწიფოების სამართალდამცავ ორგანოებს თანამშრომლობისთვის“, – წერია ვებგვერდზე.

“მირატვორეცის” ბაზაში ძირითადად რუსი სამხედროები არიან, თუმცა უკრაინულ მედიაგამოცემებზე დაყრდნობით, ამავე ბაზაში სხვა ქვეყნების, მათ შორის, უკრაინელი თანამდებობის პირები, რუსი ჟურნალისტები და სხვა პროფესიის ადამიანებიც ხვდებიან. ბაზაში პიროვნების დამატებისთვის ვებგვერდზე რეგისტრაცია და სპეციალური ფორმის შევსებაა საჭირო, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს შესაბამისი მტკიცებულებები.

ვებგვერდზე არის განყოფილება, სადაც შესაძლებელია განცხადების გაპროტესტებაც.

„ესტე ლაუდერი“ რუსეთის ბაზარს ტოვებს

კოსმეტიკისა და პარფიუმერიის მწარმოებელი ცნობილი ამერიკული ბრენდი „ესტე ლაუდერი“ რუსეთს ტოვებს.

კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ კომპანია შოკირებულია რუსეთის უკრაინაში შეჭრით და მხარს უჭერს უკრაინელ ხალხს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ კომპანია 1 მლნ დოლარს გამოყოფს უკრაინაში ომით დაზარალებულთა დასახმარებლად.

კომპანია რუსეთში დასაქმებულ პირებს კომპენსაციას და მხარდაჭერას ჰპირდება.

„ესტე ლაუდერი“ საკუთარი სახელით გამოსული პროდუქციის გარდა მსოფლიოში 30-მდე ბრენდის მეპატრონეა. მათ შორისაა: Clinique, MAC Cosmetics-ი და ა.შ. ასევე, კომპანია აწარმოებს სუნამოებს მოდის სახლებისთვის: DKNY-სა და  Tom Ford-ისთვის.

რუსეთს ნაწილობრივ ტოვებს ჰიგიენური საშუალებების მწარმოებელი ცნობილი ბრენდი Procter & Gamble, რომელიც აწარმოებს სარეცხ საშუალებებს [„არიელი“, „ტაიდი“, „ფეირი“], პირის ღრუს მოვლის საშუალებებს, საპარსებსა და „პამპერსს“.

რუსულ ბაზარზე Procter & Gamble-ის პროდუქცია შემცირდება და ქვეყანაში შეწყდება კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქტის რეკლამა და მარკეტინგი.

პოდოლიაკი: რუსებმა ჩვენი ბავშვები ომის შვილებად აქციეს

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი, მიხაილო პოდოლიაკი, Twitter-ზე თავისი შვიდი წლის შვილის ნახატს ავრცელებს და წერს:

„რუსებმა ჩვენი ბავშვები „ომის შვილებად“ აქციეს. ვისაც სარდაფებში სძინავთ, ვინც გამუდმებული სარაკეტო ცეცხლის ქვეშაა, ვინც ხედავს შეიარაღებულ თავდამსხმელების მიერ ძარცვას, სროლასა და მოროდიორობას. ჩემი შვიდი წლის ვაჟი ისე ხედავს ომს, როგორც ამ ნახატზეა. ახლა ყოველივე ეს ჩვენი ბავშვების მეხსიერებაშია“.

ნახატი, რომელსაც პოდოლიაკი ავრცელებს
დღეს, 8 მარტს, უკრაინაში რუსეთის ფედერაციის ჯარების შეჭრიდან მე-13 დღეა. რუსეთმა დაბომბა ქალაქები და სოფლები, დაღუპულია ასობით მშვიდობიანი მოქალაქე. ძირითადად ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებით ქვეყანა დატოვა 1.5 მილიონზე მეტმა ადამიანმა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეს არის ევროპაში ყველაზე მასშტაბური და სწრაფი ლტოლვილთა კრიზისი.

სუსი რუსეთიდან ე.წ. „მასიურ და უკონტროლო შემოდინებაზე“ – მიმდინარეობს საზოგადოების დაშინება 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების, კერძოდ, რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის მოქალაქეების მასიური და უკონტროლო შემოდინების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება და მას „მიზანმიმართულად გავრცელებულ დეზინფორმაციას“ უწოდებს.

„მიმდინარეობს საზოგადოების დაშინება შემოსულ პირთა შორის ე.წ. დივერსანტების, ტერორიზმთან დაკავშირებული ჯგუფების და ა.შ. არსებობის შესახებ.“ – აცხადებს სუსი.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ქვეყანაში არსებული უსაფრთხოების გარემო სრულ კონტროლს ექვემდებარება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სხვა შესაბამის უწყებებთან ერთად აქტიურ რეჟიმში ატარებს ყველა საჭირო ღონისძიებას, რათა მინიმუმამდე შემცირდეს შესაძლო რისკები და გამოწვევები, ასევე სრულად იქნას გაკონტროლებული  ქვეყანაში მყოფი პოტენციური რისკის შემცველი ყველა პირი.

გატარებული ღონისძიებების შედეგად ქვეყნის მასშტაბით შენარჩუნებულია მშვიდი და უსაფრთხო გარემო. ქვეყანაში შემოსული რუსეთის ფედერაციის, ბელარუსის და სხვა უცხო ქვეყნების მოქალაქეების მიერ არ შეიმჩნევა ქვეყნის უსაფრთხოებისათვის რისკის შემცველი აქტივობების განხორციელების ტენდენცია.“ – აღნიშნულია სუსის განცხადებაში.

სამსახური ასევე აცხადებს, რომ „მიმდინარე პერიოდში ქვეყენაში შემომსვლელ პირთა რაოდენობა არ აღემატება გასული წლების ანალოგიური პერიოდის სტატისტიკას.  საქართველოს სახელმწიფო, ქვეყნის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მოქალაქის დაშვების სუვერენულ უფლებას ახორციელებს კანონმდებლობის სრული დაცვით, არსებული რისკებისა და გამოწვევების შესაბამისად.“


„არა რუსეთს!“ – 7 მარტს თბილისში საპროტესტო აქცია გაიმართა, სადაც ერთ-ერთი მოთხოვნა რუსეთთან სავიზო რეჟიმის შემოღება იყო.

ამავე თემაზე

რუსეთის მოქალაქეების მხრიდან საქართველოში ქონების ყიდვაზე მოთხოვნა გაიზარდა

Airbnb-ზე უკრაინის დაბომბილ ქალაქებში ბინებს ჯავშნიან – მსოფლიო სოლიდარობა

Airbnb-ი საცხოვრებელი ფართობების გაქირავების სერვისია, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით მუშაობს. Airbnb -ზე რეგისტრირებული უკრაინელი მასპინძლების ბინები მთელი მსოფლიოდან იჯავშნება, დაბომბილი ქალაქების ცენტრში ბინის ქირას მსოფლიოს მოსახლეობა სოლიდარობის ნიშნად იხდის. ცხადია, ისინი ამ სახლებში კიდევ დიდ ხანს ვერ ჩამოვლენ სტუმრად.

Airbnb-მ გადაწყვიტა უკრაინაში არც სტუმარს და არც მასპინძელს არ ჩამოაჭრას დამატებითი გადასახადი კომპანიის სასარგებლოდ.

Airbnb-ის წარმომადგენლის ინფორმაციით, 2 და 3 მარტს უკრაინაში 61 000-ზე მეტი ღამე დაიჯავშნა მთელი მსოფლიოდან. კომპანიის ცნობით, ჯავშნების ღირებულება ამ ორ დღეში დაახლოებით 2 მილიონი დოლარია.

მოწოდება სტუმრებისთვის, დაეჯავშნათ Airbnb-ზე ბინები უკრაინაში, ონლაინ დაიწყო, სადაც მხარდამჭერებმა მოუწოდეს ხალხს დაეჯავშნათ ოთახები, რაც შეიძლება ახლოს რეგისტრაციის თარიღთან, რათა მასპინძლებს სწრაფად მიეღოთ საფასური. Airbnb-ი ჩვეულებრივ გასცემს საფასურს სტუმრის დარეგისტრირებიდან დაახლოებით 24 საათის შემდეგ.

ომში მყოფი უკრაინის დახმარებისთვის ათეულობით მსხვილი საერთაშორისო ფონდი მუშაობს. ფულის, მედიკამენტებისა და სხვა საჭირო ნივთების შესაგროვებლად ცალკე მოხალისეობრივი ჯგუფებიც არიან მობილიზებული სხვადასხვა ქვეყანაში. ეს კიდევ ერთი მეთოდია უკრაინაში ომით დაზარალებული მოქალაქეების მყისიერი დახმარებისთვის.

Airbnb.org-ი დონორებთან ერთად აფინანსებს უკრაინიდან წამოსული 100 000-მდე ლტოლვილის მოკლევადიან საცხოვრებელს. სურვილის შემთხვევაში მოქალაქეებს საქართველოდანაც შეუძლიათ თავიანთი საცხოვრებლის შეთავაზება უკრაინელი ლტოლვილებისთვის, ამისთვის სპეციალური ფორმის “უმასპინძლე ლტოლვილს” შევსებაა საჭირო.

ამავე თემაზე: Booking-მა და Airbnb-მ რუსეთსა და ბელარუსში მუშაობა შეაჩერა

ბათუმის ბულვარში პრომინადი ჩაინგრა და ტრაქტორი გადავარდა

ბათუმის ახალ ბულვარში პრომინადის ნაწილი ჩაინგრა, რის გამოც „ბათუმის წყლის“ მძიმე ტექნიკა, რომელიც ამ ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა, სანაპიროზე გადავარდა.

ახალი ბულვარის ზღვისპირა ზოლი შტორმისგან არის დაზიანებული და მიტაცებული.

ძლიერი წვიმის დროს ზღვა რეცხავს ახალი ბულვარის ნაპირს. წელს ზღვამ პირსის ნაწილიც დაშალა და დააზიანა მიმდებარე ინფრასტრუქტურა ბულვარში.

დღეს, 8 მარტს, ბათუმში ისევ წვიმს. ამინდის პროგნოზით, ხვალ ზღვაზე 4-ბალიანი შტორმია მოსალოდნელი.

ბათუმის ბულვარი

ბათუმში დროგამოშვებით წვიმა, მთაში თოვა – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 8 მარტის 21 საათიდან 9 მარტის 21 საათამდე ბათუმსა და აჭარის მთიანეთში მოსალოდნელია:

უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით წვიმა, მთაში თოვა; იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15მ/წმ-ში;

ჰაერის ტემპერატურა:

  • სანაპირო რაიონებში – ღამით 0-5 გრადუსი, დღისით 7-12 გრადუსი სითბო,
  • შიდამთიან რაიონებში – ღამით 0-5 გრადუსი ყინვა, დღისით 2-7 გრადუსი სითბო,
  • მაღალ მთაში – ღამით 5-10 გრადუსი ყინვა, დღისით 0-5 გრადუსი სითბო.

ზღვის პროგნოზი:

სამხრეთ-დასავლეთის ქარი 7-12მ/წმ-ში, დროგამოშვებით წვიმა, ხილვადობა: 4-10კმ, ტალღის სიმაღლე: ღამით და დილით 7-12დმ(2-ბალი), დღისით: 13-18დმ(4ბალი); ზღვის წყლის ტემპერატურა: +10 გრადუსი.

აჭარის ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის პროგნოზით, მომდევნო ორ დღეს, 10 და 11 მარტს, აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მთაში – თოვა.

Exit mobile version