ქვეყანაში შაქრის, ზეთისა და მაკარონის მარაგის შესაქმნელად სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტომ ხელშეკრულება ორ კერძო კომპანიასთან ჯამში 4 232 800 აშშ დოლარზე გააფორმა.
ხელშეკრულებების მიხედვით, სააგენტო შეისყიდის რუსულ ზეთსა და მაკარონს, ხოლო შაქარი ბელორუსული წარმოებისაა.
1 424 400 აშშ დოლარის ხელშეკრულება შპს „მზიურთან“ 1,5 მილიონი ლიტრი ზეთის შესყიდვაზეა გაფორმებული. ზეთის მწარმოებელი ქვეყანა რუსეთის ფედერაციაა.
კომპანია სააგენტოს 6 სახეობის ზეთს სამ ეტაპად მიაწვდის – არაუგვიანეს 2020 წლის 10 მაისისა, 20 მაისისა და 15 ივნისისა [ნახევარი მილიონი ლიტრი, ყოველ ეტაპზე].
2 808 400 აშშ დოლარზეა გაფორმებული ხელშეკრულება შპს „ალფასთან“ 5 ათასი ტონა შაქრისა და 400 ტონა მაკარონის შესყიდვაზე.
ხელშეკრულების მიხედვით, შესასყიდი შაქარი [საერთო ღირებულება 2 596 000 აშშ დოლარი] წარმოებულია ბელარუსის რესპუბლიკაში, ხოლო მაკარონი [212 400 აშშ დოლარი] – რუსეთის ფედერაციაში.
ამ პროდუქტების მიწოდებაც სამ ეტაპად, 2020 წლის 5, 20 და 31 მაისამდე უნდა განხორციელდეს.
—
საქართველოს მთავრობამ ქვეყანაში პირველადი საკვები პროდუქტების: მაკარონის, შაქრისა და მზესუმზირას ზეთის სასურსათო მარაგის შექმნის გადაწყვეტილება ახალი კორონავირუსის (COVID 19) გავრცელებით გამოწვეული გარემოებების გამო მიიღო.
მარაგის შექმნა ითვალისწინებს ამ პროდუქტების შესყიდვას, დასაწყობებას და შენახვას.
ამ თემაზე: