მთავარი,სიახლეები

პანდემიის დროს რუსეთიდან არაფერი შემოსულა, მაგრამ გადავრჩით – ბესო ნამჩავაძე

04.03.2022 • 2119
პანდემიის დროს რუსეთიდან არაფერი შემოსულა, მაგრამ გადავრჩით – ბესო ნამჩავაძე

„ახლა საქართველოს პრემიერ-მინისტრი რუსულ ბაზარზე დაბრუნებით კი არ უნდა ტრაბახობდეს, უნდა გვესაუბრებოდეს, რა გეგმები აქვს რუსეთზე დაწესებული სანქციების გამო საქართველოს შემოსავლების კლების წინააღმდეგ… მთავრობა აქტიურად უნდა ესაუბრებოდეს დასავლეთის ქვეყნებს დამატებითი გარანტების გამოყოფაზე, მაგრამ გავიხსენოთ, შარშან როგორ არჩიეს სასამართლოში კლანის შენარჩუნება ევროკავშირისგან 75 მილიონი ევროს შეღავათიან კრედიტს. ამით არამარტო 75 მილიონზე, ზოგადად გრანტების და შეღავათიანი დაფინანსების პერსპექტივაზე თქვეს უარი“ – წერს ბესო ნამჩავაძე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ეკონომისტი, ფეისბუქზე.

როგორ აფასებს მთავრობის ნაბიჯებს მოსალოდნელი ეკონომიკური კრიზის ფონზე, რატომ არ არის სიმართლე, რომ საქართველო რუსეთის ბაზარზეა დამოკიდებული და მის გარეშე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა ვერ გადარჩება? – ამ და სხვა საკითხებზე ბესო ნამჩავაძემ „ბათუმელების“ კითხვებს უპასუხა.

  • ბატონო ბესო, თქვენი აზრით, რამდენად მწვავედ შეეხება საქართველოს „კლება“, რაზეც თქვენ წერთ? იმის გათვალისწინებით, რომ მთავრობამ რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე უარი თქვა?

მიუხედავად იმისა, რომ არ შევუერთდით სანქციებს, დიდი განსხვავება არ იქნება. რუსეთზე დამოკიდებულება ახლა მნიშვნელოვნად შემცირდება.

სანქციების გამო შემცირდება ქართული პროდუქტის იმპორტი რუსეთში და იმის გამოც, რომ სანქციებს რუსეთში მოჰყვება მოსახლეობის შემოსავლების კლება და გაუჭირდებათ პროდუქციის შესყიდვა.

შემცირდება ფულადი გზავნილები რუსეთიდან.

სამი მიმართულება: ექსპორტი, ტურიზმი და ფულადი გზავნილები არის ძირითადი წყარო, რითაც საქართველოში ფული შემოდის. გასულ წელს შემოვიდა 1 მილიარდ 300 მილიონი დოლარი. ეს თანხა მნიშვნელოვნად შემცირდება რუსეთში დაწყებული ეკონომიკური კრიზისის გამო.

გარდა ამისა, შეიძლება ნაკლები აქცენტი კეთდება ამაზე, მაგრამ უკრაინიდანაც ყველაფერი შემცირდება. ომია, ეკონომიკა გაჩერებულია და იქ პროდუქციას ვერ შევიტანთ, დასაქმებული ადამიანი კი იქიდან ფულს ვერ გადმორიცხავს.

ვერც ტურისტი ჩამოვა. უკრაინიდან დაახლოებით 500 მილიონი დოლარი შემოდიოდა. შესაძლებელია ორივე ქვეყნიდან [რუსეთიდან და უკრაინიდან] წლის განმავლობაში მილიარდ დოლარამდე დანაკლისი მივიღოთ. ეს საკმაოდ დიდი გამოწვევაა.

რუსებზე დამოკიდებულება, რაც შეიქმნა 2013 წლიდან, არ იყო სასურველი. მოსალოდნელი იყო, რომ ასე დასრულდებოდა, უშუალოდ ჩვენთან ექნებოდა დაპირისპირება თუ სხვა ქვეყნებთან. რუსეთს უკვე ჰქონდა სანქციები და ახლა დაუმძიმდა, შედეგად ჩვენ აღმოვჩნდით ასეთ ცუდ მდგომარეობაში, რადგან მნიშვნელოვანი შემოსავალი გვქონდა რუსეთიდან. ამაზე რომ გვეფიქრა წლების წინ, ახლა ასეთ ზიანს არ მივიღებდით.

მონაცემებს თანდათან ვნახავთ, გამოქვეყნდება სტატისტიკური მონაცემები ვაჭრობის, ტურიზმის, გზავნილების და ამ ყველაფერს დავინახავთ რიცხვებში.

  • ამ ფონზე ლარს რა საფრთხე ემუქრება?

ეს ყველაფერი, რაზეც ვისაუბრეთ, უკვე დავინახეთ ლარის კურსით, ლარი ყოველდღე უფასურდება. უფრო მეტად გაუფასურდა დოლარის მიმართ მას შემდეგ, რაც უკრაინაში ვითარება დაიძაბა და ომში გადაიზარდა.

ერთია, რომ მოსახლეობას შეეშინდა და მეორე – უკვე შემცირდა დოლარით შემოსვლა ქვეყანაში ომის გამო. აქედან გამომდინარე, ლარი გაუფასურდა და როცა ეს ხდება, ფასებზე აისახება.

რუსეთი და უკრაინა საქართველოში საკვები პროდუქტების მნიშვნელოვანი მომწოდებლები იყვნენ. დეფიციტი არ იქნება, მაგრამ ფასებზე აისახება გაძვირების კუთხით. ჩანაცვლება მოხდება სხვა ქვეყნებიდან, რაც იქნება შედარებით ძვირი.

საბოლო ჯამში დიდი იქნება თუ არა ზიანი, დამოკიდებულია ამ ომის ხანგრძლივობაზე. არავინ იცის ეს როდის დამთავრდება – ერთ თუ ექვს თვეში და არავინ იცის სანქციები რამდენ ხანს გაგრძელდება. თუ დიდხანს გასტანს, დანაკარგი უფრო დიდი გვექნება.

  • რას ნიშნავს მთავრობის მხრიდან მუდმივად იმაზე აპელირება, რომ რუსულ ბაზარზე ვართ დამოკიდებული და სხვაგვარად არ გამოდის? რომ აუხსნათ საზოგადოებას, ეს რამდენად ასეა?

ამაზე აპელირებით უფრო მეტად წარმოაჩინა საქართველოს მთავრობამ რუსეთზე დამოკიდებულება, ვიდრე რეალურად არის. ეს გააკეთა 2019 წელს, „გავრილოვის ღამის“ დროს, როცა დაიძაბა რუსეთთან ურთიერთობა და ახლაც აკეთებს ამას. საქართველოს მთავრობას უნდა მიანიშნოს, რომ ჩვენ ვერ გადავრჩებით რუსეთის გარეშე.

იქნება დანაკლისი, მაგრამ საბედნიეროდ იმ დონეზეც არ ვართ დამოკიდებული რუსეთზე, რომ ვერ გადავრჩეთ მის გარეშე. მაგალითად, 2020 წელს პანდემიის გამო ფაქტობრივად ყველაფერი ჩახსნილი იყო, ტურისტი ვეღარ შემოდიოდა, ვაჭრობა მნიშვნელოვნად შემცირდა, მაგრამ გადაიტანა ქვეყანამ ეს სიტუაცია, ამ დროს პარალელურად სხვა ქვეყნებთანაც რთული სიტუაცია გვქონდა და არა მხოლოდ რუსეთთან.

შედარებისთვის, რომ ვთქვა – სულ ყველანაირი ეკონომიკური კავშირი რომ გაწყდეს რუსეთთან, ჩვენ დავუწესებთ სანქციებს, ისინი დაგვიწყებენ თუ როგორ იქნება, იმის ნახევარი ზარალი იქნება, რაც პანდემიამ მოგვაყენა, სადღაც შეიძლება მესამედიც არ იყოს. აქედანაც ჩანს, რომ შეგვიძლია ამის გადატანა. თუ პანდემიის დროს ასეთი მნიშვნელოვანი ზარალი გადავიტანეთ, ამასაც გადავიტანთ.

პანდემიის დროს იყო ერთი მნიშვნელოვანი გარემოებაც. მაშინ ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნები დაგვიდგნენ გვერდში, რაც ჯერჯერობით არ ჩანს უკრაინის ომთან დაკავშირებული პოზიციის გამო, რაც უჭირავს ჩვენს მთავრობას. საერთოდ საუბარი არ არის, რომ ამ ომის შედეგად შეიძლება საქართველოც დაზიანდეს.

საქართველო უფრო ადრე დაზიანდა, ვიდრე უკრაინა და ასეთ პირობებში ჩვენი მთავრობა იმით კი არ უნდა იწონებდეს თავს, რომ ბოლო 5-8 წლის განმავლობაში ამდენი ღვინო გავყიდეთ რუსეთში, ან ამდენი ტურისტი შემოვიდა. უნდა საუბრობდეს იმაზე, რომ ომის გამო საქართველოს ეკონომიკას ადგება ზიანი და ეძებდეს ამის კომპენსირების გზებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო დახმარებით.

  • იმ მოლოდინის გათვალისწინებით, რომ დანაკარგებმა შეიძლება მწვავედ დაარტყას ეკონომიკას, რამდენად ადეკვატურია მთავრობის მოქმედებები, რომ ამ ყველაფერმა დრამატულად არ დააზარალოს ისევ საქართველოს ღარიბი მოსახლეობა?

ეს უფრო დაარტყამს ექსპორტიორებს რუსეთში, გზავნილების შემცირებამ კი შეიძლება დაარტყას მოსახლეობას. ბოლო წლებში საქართველოდან ემიგრანტები წავიდნენ უფრო ევროპისკენ, რუსეთი აღარ არის ძირითადი ქვეყანა ემიგრაციის კუთხით, ევროკავშირმა მნიშვნელოვნად გადაუსწრო. თუმცა 400 მილიონი დოლარი გადმოირიცხა შარშან რუსეთიდან, რაც მნიშვნელოვანი თანხაა.

როცა რუსეთში ცხოვრობ, მუშაობ და ფულს აგზავნი, რისკებისთვის მზად უნდა იყო.

ალბათ მაინც მოუწევს საქართველოს მთავრობას ბიუჯეტი შეცვალოს, გადააწყოს და რაღაც დახმარება გასცეს დაზარალებულებისთვის, ვინც შემოსავლის გარეშე დარჩება.

  • რა შეიძლება ამ ვითარებაში გააკეთოს ქვეყანამ, რომ დანაკლისები დააბალანსოს რუსეთის ბაზრის გარეშე?

ეს, ბუნებრივია, შესაძლებელია, ოღონდ არ არის ერთი და ორი კვირის საქმე, წლების წინ უნდა დაგვეწყო ამაზე მუშაობა. სამწუხაროდ, პირიქით ხდებოდა, უფრო და უფრო დამოკიდებული ვხდებოდით რუსეთზე, ნაცვლად იმისა, რომ ეს შეგვემცირებინა.

გასაგებია, რომ პროდუქტი კერძო ბიზნესს გააქვს, მაგრამ როცა საქმე საქმეზე მიდგება, პასუხისმგებლობა მაინც მთავრობას ეკისრება.

სხვა ბაზრების თანდათან დივერსიფიცირება შესაძლებელია, ამიტომ ვამბობ, რომ ამ მხრივ ჩვენი საზღვარგარეთ კავშირები ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა საუბარიც კი არ არის ამ თემაზე, რომ დაგვეხმაროს ევროკავშირი და სხვა ქვეყნები და გავიდეს ქართული პროდუქცია, იმიტომ, რომ ჩვენც დაგვაზარალა ამ ომმა.

ბოლოს და ბოლოს ეს ზარალიც აწონვადია, ღვინოა ყველაზე სენსიტიური და სულ 130 მილიონი დოლარი მივიღეთ ღვინის გატანით, საერთოდ რომ არ გავიდეს ღვინო რუსეთში წელიწადში ვკარგავთ 130 მილიონს და პანდემიის გამო რომ ჩაიკეტა საზღვრები დავკარგეთ 3 მილიარდი დოლარი. რამხელა სხვაობაა ხომ ვხედავთ?! საერთოდ არ გაგვქონდა ერთი ბოთლი ღვინო, მაგრამ არ მგონია, რომ დღეს განსაკუთრებით კარგად ცხოვრობს იგივე კახეთის მოსახლეობა, იმიტომ, რომ რუსეთის ბაზარი გახსნილია.

  • ევროკავშირში განაცხადი, თუ სტატუსს მოგვანიჭებენ, ეკონომიკაზე როგორ აისახება?

თუ მივიღეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, ევროკავშირი დაგვეხმარება უფრო მეტად, ასე მოხდა ყველა ქვეყნის შემთხვევაში ვინც იყო კანდიდატი და გახდა წევრი. ამ შემთხვევაში მივიღებთ უფრო დიდ დავალებებს, ვიდრე ევროასოცირების დროს. ბევრი რეფორმა იქნება გასატარებელი, მაგრამ ამას მოჰყვება ძალიან დიდი დახმარება ევროკავშირის მხრიდან. ეს შეიძლება იყოს მილიარდობით დოლარი, ასე მოხდა ოთხმოცდაათიან წლებში ბალტიისპირეთის ქვეყნებში, თუ სწორად და ეფექტურად გაჰყვები დასახულ გეგმას, უფრო აქტიურად გეხმარება ევროკავშირი, ამიტომ არის ეს მნიშვნელოვანი.

  • საუბარია, რომ რუსეთის მოქალაქეებს სურთ ქონების შეძენა საქართველოში, პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისინი კერძო სექტორში ბინების დაქირავებით არიან დაინტერესებულები. ცოტა ხნის წინ თქვენმა ორგანიზაციამ გამოაქვეყნა კვლევა რუსული კომპანიების მომრავლებაზე საქართველოში. რომ განგვიმარტოთ კიდევ ერთხელ, ამ შემთხვევაში რა რისკებთან გვაქვს საქმე?

საშიშია, როცა ეს კომპანიები არიან სტრატეგიულ სექტორში, ეს არის ელექტროენერგიის გამომუშავება, განაწილება, სატრანსპორტო სფერო, მათ შორის ტელეკომუნიკაციები.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ძალიან ბევრ ინფორმაციაზე მიუწვდებათ ხელი. სხვა მხრივ, როცა ბიზნესი შემოდის, შემდეგ, როცა პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება მოგიწევს, ვთქვათ დასავლეთისკენ წახვედი და რუსეთი გემუქრება, უფრო მეტი გექნება დასაკარგი.

სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობას რაც შეეხება, აქ სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხია. არ შეიძლება ყველაფერი ვიყიდოთ რუსეთისგან. უნდა არსებობდეს საქონლის ჩამონათვალი, რომელსაც არ ვიყიდით ამ ქვეყნისგან.

ვფიქრობთ, რომ არ შეიძლება საქართველოს ინფრასტრუქტურას რუსული კომპანიები აშენებდნენ. მათ შეიძლება საომარი დანიშნულებით გამოიყენონ ეს ინფორმაცია. ასევე, არ შეიძლება სახელმწიფო შესყიდვებში მიიღოს მონაწილეობა სანქცირებულმა კომპანიამ. დასავლეთი სანქციებს უწესებს და ჩვენ ასეთ კომპანიებს ბიუჯეტიდან ფული მივცეთ, წარმოუდგენელია. ქონებას რაც შეეხება, აქ უფრო კერძო ინიციატივებია, ამის დარეგულირება ასევე წარმოუდგენლად მიმაჩნია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: