მთავარი,სიახლეები

რუსეთის მოქალაქეების მხრიდან საქართველოში ქონების ყიდვაზე მოთხოვნა გაიზარდა

04.03.2022 • 12288
რუსეთის მოქალაქეების მხრიდან საქართველოში ქონების ყიდვაზე მოთხოვნა გაიზარდა

საქართველოს უძრავი ქონების ასოციაცია აცხადებს, რომ რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეების მხრიდან საქართველოში უძრავი ქონების შესყიდვაზე მოთხოვნა გაიზარდა.

დაინტერესება არის ასევე ამ ქვეყნების ბიზნესსექტორიდან როგორც ქონების შესყიდვის, ასევე გრძელვადიანი საიჯარო ხელშეკრულებების გაფორმებაზე.

საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაცია მოუწოდებს წევრ და პარტნიორ ორგანიზაციებს, რომ მაქსიმალურად დიდი ყურადღება და სიფრთხილე გამოიჩინონ საქმიანობისას და არ დაუშვან, რომ უნებლიეთ გახდნენ ისეთი გარიგებების მონაწილეები, რაც შესაძლოა ეწინააღმდეგებოდეს ქვეყანაში მოქმედ შიდა, საერთაშორისო კანონმდებლობასა თუ საერთაშორისო შეთანხმებებს:

„მოგიწოდებთ, საეჭვო ტრანზაქციების შესახებ ინფორმაციის მიღებისას, ვიდრე გახდებით ამა თუ იმ გარიგების ან მოლაპარაკების პროცესის მონაწილე, იურიდიული კონსულტაცია გაიაროთ იურიდიული სერვისის გამწევ სუბიექტებთან. აქვე გასათვალისწინებელია ის პათოსი, რაც მსოფლიოში სუფევს,“ – აცხადებს საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის თავმჯდომარე ოთარ კაჭკაჭაშვილი.

გაიზარდა თუ არა მოთხოვნა სახელმწიფო ქონების შესყიდვაზე რუსეთის მოქალაქეების ან რუსული კომპანიების მხრიდან, ამაზე ქონების ეროვნულ სააგენტოში არ საუბრობენ: „ჩვენ აუქციონებს ვაცხადებთ, დეტალური ინფორმაცია წერილობით გამოითხოვეთ,“ – გვითხრეს სააგენტოში.

ბოლო წლებში საქართველოში ქონებას როგორც რუსული კომპანიები, ასევე რუსეთ-საქართველოს, ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები ყიდულობენ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კვლევის მიხედვით, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა:

  • საქართველოში 7 000-ზე მეტი რუსული კომპანიაა რეგისტრირებული
  • 2011-2021 წლებში სახელმწიფო შესყიდვებში 410-მა რუსულმა კომპანიამ ჯამში 590 მლნ-მდე ლარის  ღირებულების კონტრაქტები მიიღო
  • 2021 წელს ქართული პროდუქციის რუსეთში ექსპორტი 38%-ით გაიზარდა, რუსულ ბაზარს ქართული ღვინის ექსპორტში 55% ეკავა
  • რუსული ბუნებრივი აირის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 23.1% შეადგინა, როცა ეს მაჩვენებელი 2018 წელს 2.8% იყო
  • რუსული პროდუქციის წილი საქართველოს ხორბლის ჯამურ იმპორტში 94% იყო
  • საქართველოში შემოსულ ვიზიტორებში რუსი ტურისტების წილი 2021 წელს 11.3%, ხოლო უცხოურ გზავნილებში რუსეთის წილი 17.5% იყო

ამის პარალელურად სოციალურ ქსელში, სხვადასხვა ჯგუფში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გაზრდილია ბინების ჯავშნებზე მოთხოვნა რუსეთიდან.

ჯგუფის რამდენიმე წევრი წერს, რომ აინტერესებს, რატომ არ უნდა მიიღონ რუსი ტურისტები, თუ ისინი პუტინის მოწინააღმდეგეები არიან, სხვები მიიჩნევენ, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად მათი შემოშვება ქვეყანაში სახიფათოა: „ასე ჯავშნიდნენ უკრაინაშიც ისტერიულად, მერე იარაღი აიღეს და დაიწყეს ბრძოლა“.

__________________

ფოტოზე: ლარსის გამშვები პუნქტი. ფოტო: გურამ როგავა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: