მთავარი,სიახლეები

ბათუმელი სპორტსმენი, რომელიც პურს აცხობს და კიეველებს უფასოდ ურიგებს – „ახლაც ისვრიან“ 

01.03.2022
ბათუმელი სპორტსმენი, რომელიც პურს აცხობს და კიეველებს უფასოდ ურიგებს – „ახლაც ისვრიან“ 

„ახლაც ისვრიან, მესმის აფეთქებების ხმა… იმდენი რამ ვნახე ამ ხუთ დღეში, უკვე საუბარიც მიჭირს. ასე მგონია, ერთი კაციც რომ გადარჩეს აქ, ისიც აუცილებლად განაგრძობს ბრძოლას,“ – ამბობს მირო ვანაძე. ის ბათუმელი სპორტსმენია, ბოლო ხუთი წელია კიევში ცხოვრობს და ომის დროს, როგორც მოხალისე, კიეველებისთვის პურს უფასოდ აცხობს.

„თუ ვინმეს პური გავუტეხე, არ ნიშნავს, რომ ეს ყველამ გაიგოს, ამ თემაზე საუბარი არ მინდა, მეგობრების დახმარებით ვაცხობ და ვარიგებთ პურებს, ეგაა. ხვალ ალბათ მედიკამენტებს დავურიგებ მოხუცებს,“ – გვიყვება მირო ვანაძე. – „ომი როცა დაიწყო, შემეძლო საქართველოში დაბრუნება, მაგრამ არ წამოვედი. დღეს მე აქ ვიბრძვი, როგორც უკრაინელი. როგორც სპორტსმენი რამეს თუ წარმოვადგენ, ეს უკრაინის დამსახურებაა.

ჩავთვალე, რომ საქართველოში დაბრუნების დრო ახლა არ არის.

ჩემი ოჯახი ეკომიგრანტია, გურიაში ჩაგვასახლეს, მერე მე ბათუმში წამოვედი. აქ სპორტული მიღწევებიც მაქვს, 7 ბრძოლა ზედიზედ მოვიგე. 15 მარტს უნდა მქონოდა მორიგი ბრძოლა ქამარზე. მინდოდა, ბათუმში გამარჯვებით დაბრუნება, მაგრამ ახლა შეიძლება საერთოდ ვეღარ ჩამოვიდე,“ – ხმა უწყდება სპორტსმენს, მას ჩვენ სოციალური ქსელით ვესაუბრეთ. მცირე პაუზის შემდეგ მირო ვანაძის ხმა ისმის: „უფასოა პური, დიახ, მიირთვით“, – მიმართავს ქართველი მოხალისე საცხობთან მისულ მორიგ კიეველებს.

მირო ვანაძე შერეულ ორთაბრძოლაში ასპარეზობს. არ ასახელებს, მაგრამ ტყვედ მიიჩნევს ქართველი სპორტსმენი პრემიერ ღარიბაშვილს:

მირო ვანაძე

„ჩანს ქართველი ხალხის სახე, როცა გაიმართა საპროტესტო აქციები ქუჩებში. ერთმა ადამიანმა, ტყვემ, რაც განაცხადა, ის არ არის საქართველო… მე ვფიქრობ, მაინც უნდა ჩამოვიდნენ ქართველები აქ. როგორც ვიცი, პოლონეთიდან არის ჩამოსვლა შესაძლებელი,“ – დასძინა მირო ვანაძემ.

—————–

მე-6 დღეა რუსეთის არმია განუწყვეტლივ უტევს უკრაინას როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო და საზღვაო გზებით. რუსეთის შეჭრას ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქე და სამხედრო ემსხვერპლა. ინტენსიურად იბომბება უკრაინის ქალაქები.

რუსეთი 24 თებერვალს, გამთენიისას, შეიჭრა უკრაინაში და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. შეჭრას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის სეპარატისტული რეგიონების – დონბასის და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: