შსს ინფორმაციით, ორგანიზებული დანაშაულის ბრალდებით 13 პირი დააკავეს.
ჯგუფის წევრები თბილისის კლუბებში ტურისტებისგან დიდი ოდენობით თანხებს ეუფლებოდნენ.
შსს განცხადებით, „ბრალდებულები ტურისტებს მოტყუებით, მუქარით, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლით, იძულებით ახდევინებდნენ შეკვეთილი მომსახურების შეუსაბამო, არარეალურ, დიდ თანხებს.
მათი დანაშაულებრივი ქმედებით სერიოზულად ილახებოდა საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის იმიჯი და ჩვენს ქვეყანაში არსებული უსაფრთხო გარემოს რეპუტაცია“.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ქალები, რომლებიც თბილისში მდებარე კლუბებში – „ქალაქურსა“ და „როიალში“ ე.წ. პრომო გოგონებად მუშაობდნენ, სხვა ბრალდებულებთან – ამავე კლუბების მფლობელ ა.ა.-სთან, მენეჯერებთან – ა.ს.-სა და ტ.ჰ.-სთან შეთანხმებით, მეტი ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, საქართველოში ჩამოსულ უცხოელ ტურისტ მამაკაცებს თავს აპატიჟებინებდნენ და მათთან შეუთანხმებლად უკვეთავდნენ სხვადასხვა დასახელების სასმელს და საკვებს.
შემდეგ, თაღლითურ სქემაში ჩართულ მიმტანს უცხოელ ტურისტებთან მიქონდა ჩეკი და ბრალდებულები მათ მოტყუებით, იძულებით ახდევინებდნენ შეკვეთილი მომსახურების შეუსაბამო დიდ თანხებს.
სამართალდამცველებმა, კლუბი „როიალის” ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს, სავარაუდოდ, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხები – 980 ლარი, 2 712 აშშ დოლარი, 1 815 ევრო, 64 500 რუსული რუბლი, 500 შვეიცარიული ფრანკი, 712 არაბული დირჰამი და 3 550 ავსტრალიური დოლარი“-ამბობს შსს.
ამავე წყაროს ცნობით, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ასევე ამოღებულია მობილური ტელეფონები, საბანკო ბარათები და სხვადასხვა სახის დოკუმენტაცია.
პოლიციამ რამდენიმეთვიანი ინტენსიური კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა: სომხეთის მოქალაქეები – 1997 წელს დაბადებული ა. ა., 1996 წელს დაბადებული ა.ს., 1997 წელს დაბადებული ტ. ჰ.
ასევე, საქართველოს მოქალაქეები – 1998 წელს დაბადებული ნ. გ., 1982 წელს დაბადებული ხ. ბ., 2001 წელს დაბადებული ლ. წ., 1995 წელს დაბადებული თ. შ., 1991 წელს დაბადებული ვ. კ., 1996 წელს დაბადებული მ. გ., 1999 წელს დაბადებული ე. მ., 1987 წელს დაბადებული ნ. თ., 1999 წელს დაბადებული ნ. დ., 1999 წელს დაბადებული ნ. ხ.
„მათ ბრალად ედებათ ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია“.
დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საერთაშორისო მედიის ცნობით, რუსეთს უკრაინაში გადაჰყავს სამხედრო ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ „ბიბისი“, „ვაშინგტონ პოსტი“ და „სიენენი“ წყაროებზე დაყრდნობით.
„ვაშინგტონ პოსტი“ პენტაგონზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთი უკრაინისთვის სამხედრო ძალების მობილიზებას იწყებს, რადგან მსხვერპლი იზრდება. გამოცემის ცნობით, არის ცნობები, რომ რუსეთს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ძალები გადაჰყავს, თუმცა ზუსტი რიცხვი არ სახელდება.
იგივე ინფორმაციას ავრცელებს CNN-იც. აშშ-ს თავდაცვის მაღალჩინოსნის თქმით, რუსი სამხედროები საქართველოდან უკრაინაში გამაგრების მიზნით გადაჰყავთ – წერს გამოცემა.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, დღეს, 26 მარტს, ქვეყანაში კოვიდის 658 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჩატარდა 22 836 ტესტი.
ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 6 ადამიანი გარდაიცვალა.
დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2.88 პროცენტია.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 658 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 290 შემთხვევა, აჭარაში – 37, იმერეთში – 88, ქვემო ქართლში – 31, შიდა ქართლში – 46, გურიაში – 43, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 53, კახეთში – 43, მცხეთა-მთიანეთში -12, სამცხე-ჯავახეთში -7, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 8.
ამ ეტაპზე 665 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 357, აჭარაში – 53, იმერეთში – 121.
რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 184 პირი, მათ შორის, თბილისში – 105, აჭარაში – 30, იმერეთში – 27. 13 398 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დენის შეყვანის საფასური საქართველოში 2022 წლიდან გაძვირდა. საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის, როგორც ქალაქებში, ასევე სოფლად, ის 600 ლარის ნაცვლად 800 ლარია. კომერციული სექტორისთვის კი – გაცილებით მეტი და მოთხოვნილ სიმძლავრეზეა დამოკიდებული.
ახალი ობიექტის ელექტროქსელთან მიერთების საფასურის გაზრდით, გაიზარდა დეველოპერთა ხარჯები, რაც დიდი ალბათობით, საცხოვრებელი ბინების თვითღირებულებასაც გაზრდის.
მოქალაქეებისთვის ახალი აბონენტების ქსელში ჩართვის ღირებულების გაზრდის პარალელურად, იზრდება დენის იმპორტიც ოკუპანტი ქვეყნიდან – რუსეთიდან.
[red_box]რუსეთი – დენის უმსხვილესი იმპორტიორი საქართველოში[/red_box]
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოსთვის რუსეთი დენის მთავარი იმპორტიორი არ იყო, მან მხოლოდ 2021 წელს მიაღწია ამ პოზიციას და წელსაც ინარჩუნებს. რუსული დენით საქართველოში აზერბაიჯანული დენი ჩაანაცვლეს. წელს აზერბაიჯანმა დენის მოწოდების კუთხით მესამე პოზიციაზე გადაინაცვლა.
2022 წელი
იანვარ-თებერვალში საქართველოში იმპორტირებულია 763.7 მილიონი კოლოვატსაათი [კვტსთ] ელექტროენერგია.
რუსეთიდან – 513 მილიონი კვტსთ [მთლიანი იმპორტის 67%]
სომხეთიდან – 135.9 მილიონი კვტსთ
აზერბაიჯანიდან – 114.8 მილიონი კვტსთ
2021 წელი
საქართველოში იმპორტირებული იყო 2 006.2 მილიონი კვტსთ ელექტროენერგია.
რუსეთიდან – 1 244.9 მილიონი კვტსთ [მთლიანი იმპორტის 62%]
აზერბაიჯანიდან – 600.1 მილიონი კვტსთ
თურქეთიდან – 161.2 მილიონი კვტსთ
2019 წელი
საქართველოში იმპორტირებული იყო 1626.5 მილიონი კვტსთ ელექტროენერგია.
აზერბაიჯანიდან – 1102 მილიონი კვტსთ
რუსეთიდან – 524.5 მილიონი კვტსთ
დენის მთავარ იმპორტიორად რჩება რუსეთი 2022 წლის მიმდინარე, მარტის თვეშიც. ესკოს მონაცემებით, 1-24 მარტს საქართველოში რუსეთიდან განხორციელდა – ჯამში 259.37 მილიონი კვტსთ ელექტროენერგიის იმპორტი, სომხეთიდან – 1.74, ხოლო აზერბაიჯანიდან – 0.16 მილიონი კვტსთ-ის.
ქართული მხარე რუსეთიდან დენის იმპორტის გაზრდის მიზეზად აფხაზეთს ელექტრომომარაგებას ასახელებს [და აპელირებს იმაზეც, რომ 2021 წელს რამდენიმე თვით გაჩერებული იყო ენგურჰესი].
თუმცა, რუსეთიდან ელექტროენერგიის შესყიდვა ენგურჰესის ამუშავების შემდეგაც გაგრძელდა და გრძელდება დღესაც. ამასთან 2021 წელს და მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში რუსეთიდან შეძენილი ელექტროენერგიიდან, ჯამში 304.3 მილიონი კვტსთ, ოფიციალური ინფორმაციით, აფხაზეთისთვის არ მიუწოდებიათ.
აღსანიშნავია, რომ ელექტროენერგიის ხარჯი უკონტროლოა არათუ იმ ტერიტორიაზე, რომელსაც ქართული მხარე ვერ აკონტროლებს [აფხაზეთი], არამედ იმ ტერიტორიაზეც, რომელსაც ოფიციალური თბილისი ოფიციალურად აკონტროლებს – საუბარია სვანეთის რეგიონზე.
საქართველომ რუსეთიდან 2021 წელს თითქმის ორჯერ მეტი ელექტროენერგია იყიდა, ვიდრე ნებისმიერ წელს, თუნდაც ბოლო 10 წლის განმავლობაში.
ექსპერტი ალექსანდრე თვალჭრელიძე თვლის, რომ აზერბაიჯანიდან იმპორტის შემცირებას ობიექტური მიზეზები აქვს და არა რაიმე გეოპოლიტიკური. თუმცა, ის, რომ რუსეთი მთავარ იმპორტიორად იქცა, საქართველოსთვის დიდი პრობლემაა: „მიუხედავად იმისა, რომ თავისუფალი ბაზარია, კონკურენციაა და რუსული დენი შედარებით იაფია.“
„ის, რომ რუსეთი მთავარი იმპორტიორია, სახელმწიფოსთვის ეს არის ძალიან დიდი, უზარმაზარი პრობლემა. აი ვთქვათ, დაიშალა რუსეთი, ან არ მოგაწოდა დენი, შემდეგ საიდან განვახორციელებთ ელექტროენერგიის იმპორტს? – მერე ეს იქნება საკითხავი. როგორც ჩანს, აზერბაიჯანიდან ვერ მოახერხეს და არ მოგვაწოდეს. აზერბაიჯანი თვითონ ვითარდება, მეტს მოიხმარს და აღარ აქვს იმდენი შესაძლებლობა, რომ ელექტროენერგიის დიდი ექსპორტი განახორციელოს. ამიტომ, მოგვიწევს თურქეთიდან ზამთარში ყიდვა და ეს ორჯერ უფრო ძვირი იქნება“, – ამბობს ალექსანდრე თვალჭრელიძე.
ექსპერტის თქმით, ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის აუცილებელია ჰესებისა და თბოსადგურების აშენება, რესურსი ქვეყანაში არის და საქართველო არა თუ უნდა ყიდულობდეს, არამედ ელექტროენერგიის ექსპორტიორი უნდა იყოს: „ვთვლი, რომ ამისთვის აუცილებელია კაშხლური ჰიდროელექტროსადგურების აშენება; სასწრაფოდ უნდა მოხდეს თბოსადგურების აქტივაცია და ა.შ. აშენდეს ნახშირის მძლავრი ელექტროსადგური, მაგრამ არა ისეთი, რომ ნახშირი ამოვიღოთ და ხალხი დაზარალდეს, არამედ უნდა მოხდეს ამერიკელებთან ერთად ახალი ტექნოლოგიის დანერგვა“.
რა მოხდა ბაზარზე
„ენერგო-პრო ჯორჯია“, რომელიც ქვეყანაში [თბილისის გამოკლებით] ბაზარზე დენის მიწოდების კუთხით მონოპოლისტია, სემეკის გადაწყვეტილებით ახალ ობიექტებში ქსელის მოწყობის სამუშაოების შესრულების კუთხითაც მონოპოლისტი გახდა. სემეკის ამ გადაწყვეტილებით კი, სხვადასხვა მცირე კომპანიაში ასობით დასაქმებული ადამიანი უმუშევარი დარჩა.
2022 წლამდე თუ ახალი ობიექტის მიერ მოთხოვნილი სიმძლავრე იყო, ვთქვათ, 1 000 კილოვატი [კვტ] და ნაკლები, ასეთ ობიექტებში ელექტროგაყვანილობის და მრიცხველების მონტაჟს, კანონით, ისედაც ენერგოკომპანია, მაგალითად, „ენერგო-პრო ჯორჯია“ ასრულებდა. 1 000 კვტ-ზე მეტი სიმძლავრე სადაც იყო საჭირო, ასეთ კორპუსში [სადარბაზოებში] გარე ქსელის მოსაწყობად დეველოპერის/მშენებელის დაკვეთით სხვა, კერძო კომპანია მუშაობდა.
სემეკმა ეს ზღვარი 1 000-იდან 3 200 კვტ-მდე აწია. ანუ, 3 200 და ნაკლები სიმძლავრის მოთხოვნის შემთხვევაში, მრავალბინიან თუ სხვა ობიექტებზე ელექტროქსელს [და მრიცხველებს] მხოლოდ „ენერგო-პრო ჯორჯია“ დაამონტაჟებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ობიექტი დენის გარეშე დარჩება.
სწორედ ამ დადგენილების გამო, გარკვეულწილად სამუშაო ადგილებს კარგავენ მცირე მეწარმეები, რომლებიც დენის დაერთებაზე მუშაობდნენ. მათ სემეკმა გარკვეული შეზღუდვები დაუწესა „ენერგო პრო ჯორჯიას“ სასარგებლოდ.
იმის სილუსტრაციოდ, თუ როგორ გაძვირდა დენი შემოვლით, მაგალითისთვის ავიღოთ 250-ბინიანი კორპუსი. ამ შემთხვევაში ადრე თუ მოთხოვნილი სიმძლავრე იყო 800-დან 1 000 კილოვატამდე, „ენერგო-პროს“ მშენებელი უხდიდა მიერთებისა და მრიცხველების საფასურს, რაც ჯამში იყო 245 ათასი ლარი [მოთხოვნილი სიმძლავრის მიხედვით მიერთების საფასური სხვადასხვაა].
იანვრიდან კი, ვინაიდან მიერთების საფასური სემეკის დადგენილებით გაძვირდა ამ შემთხვევაში 100 ათასი ლარით, ხოლო ერთი მრიცხველი 100 ლარით – მშენებელი „ენერგო-პროს“ გადაუხდის არა 245 ათას ლარს, არამედ 370 ათას ლარს. შესაბამისად, მშენებელიც იძულებული ხდება გააძვიროს გასაყიდი ბინა.
თუ, ვთქვათ, 350-ბინიანი კორპუსის მშენებლის მიერ მოთხოვნილი იყო 1 300 კილოვატამდე სიმძლავრე, ამ შემთხვევაში, ადრე მშენებელი „ენერგო-პრო ჯორჯიას“ უხდიდა ქსელზე მიერთების საფასურს – 221 ათას ლარს. ამას ემატებოდა 105 ათასი ლარი ჭკვიანი მრიცხველების ღირებულება [ერთი მრიცხველის ფასი იყო 300 ლარი], ანუ ჯამში 326 ათას ლარს.
პარალელურად, მშენებელს შეეძლო „ენერგო-პრო“ ჯორჯიასგან აეღო ტექნიკური პირობა, დაექირავებინა კერძო კომპანია, რომელიც კორპუსში შიგნით უკვე ელექტროგაყვანილობის გარე ქსელს მოაწყობდა. მომსახურების ფასზე კი მშენებელი და დაქირავებული კომპანია თანხმდებოდნენ.
როგორც ამ სფეროში დასაქმებულები „ბათუმელებთან“ ამბობენ, კორპუსში, სადაც 350 მრიცხველს ამონტაჟებდნენ, გარე ქსელის [სადარბაზოებში] მოწყობას 87 ათასი ლარი მაინც სჭირდებოდა. ანუ, მშენებელი „ენერგო-პროს“ და ამ კომპანიას ერთად 413 ათას ლარს უხდიდა.
2022 წლიდან კი, 350-ბინიანი კორპუსის აშენების შემთხვევაში, მშენებელმა „ენერგო-პრო ჯორჯიას“ უნდა გადაუხადოს მოთხოვნილი სიმძლავრის მიერთების საფასური 288 ათასი ლარი [221 ათასი ლარის ნაცვლად, ეს საფასური სემეკის დადგენილებით გაძვირდა], ამას ემატება უკვე 140 ათასი ლარი ჭკვიანი მრიცხველების ფასი [ერთი მრიცხველის ფასი 100 ლარით გაძვირდა], რაც ჯამში 428 ათასი ლარია.
ამ შემთხვევაში, კორპუსებში გარე ქსელის მოწყობა 2022 წლის იანვრიდან უკვე „ენერგო-პროს“ ვალდებულებაა. ანუ კერძო კომპანიები, რომლებიც გარე ქსელს აწყობდნენ, ამ რგოლიდან ამოვარდნენ.
ამ მაგალითის მიხედვით, ახალი წესით მშენებელს 15 ათასი ლარით მეტი ხარჯი აქვს, ვიდრე ადრე ჰქონდა. ასეთი მრავალბინიანი, ვთქვათ, 400-500 ბინიანი კორპუსები იშვიათად შენდება. ნაკლებბინიანი კორპუსების შემთხვევაში კი, როცა გარე ქსელს ისედაც „ენერგო-პრო“ აწყობდა და აწყობს ახლაც, მშენებელს 2022 წლიდან ხარჯები მნიშვნელოვნად გაეზარდა.
მაგალითად ავიღოთ 250-ბინიანი კორპუსი. ამ შემთხვევაში ადრე თუ მოთხოვნილი სიმძლავრე იყო 800-დან 1 000 კილოვატამდე, „ენერგო-პროს“ მშენებელი უხდიდა მიერთებისა და მრიცხველების საფასურს, რაც ჯამში იყო 245 ათასი ლარი [მოთხოვნილი სიმძლავრის მიხედვით მიერთების საფასური სხვადასხვაა].
იანვრიდან კი, ვინაიდან მიერთების საფასური სემეკის დადგენილებით გაძვირდა ამ შემთხვევაში 100 ათასი ლარით, ხოლო ერთი მრიცხველი 100 ლარით – მშენებელი „ენერგო-პროს“ გადაუხდის არა 245 ათას ლარს, არამედ 370 ათას ლარს.
ანუ, მშენებელს 250-ბინიანი კორპუსის ელექტროქსელზე მიერთება უკვე 125 ათასი ლარით გაუძვირდა. ეს თანხა კი, ბუნებრივია, მშენებელმა შემდგომში ბინის მყიდველებისგან უნდა ამოიღოს.
[/toggle]
კერძო კომპანიებში, რომლებიც გარე ქსელის მოწყობაზე მუშაობდენენ, „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მიერთების საფასურის გაზრდა და ასევე 3 200 კილოვატამდე სიმძლავრის შემთხვევაში ქსელის მოწყობის დარეგულირება „ენერგო-პრომ“ მოითხოვა და სემეკმა, რომელიც სახელმწიფო უწყებაა, დააკმაყოფილა.
ელექტროქსელზე ახალი ობიექტის მიერთების საფასური 2021 წელს და 2022 წლის იანვრიდან / წყარო: სემეკის დადგენილება
„ბათუმელებმა“ სცადა პასუხების მიღება „ენერგო-პრო ჯორჯიადან“, თუ რის საფუძველზე მოითხოვა კომპანიამ საფასურის, ასევე დარეგულირებული მიერთების ზღვარის გაზრდა, თუმცა კონკრეტული პასუხები ვერ მივიღეთ.
„ქსელზე მიერთების საფასური განისაზღვრება სემეკის მიერ, შესაბამის ნორმატიული აქტით;
0,4 კვ ძაბვაზე ქსელზე მიერთების საფასური სემეკის მიერ დადგენილია 3 200 კვტ-მდე;
ქსელზე მიერთების საფასურში შედის ობიექტის [მათ შორის, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი] ქსელზე მიერთების სამუშაოები [სრული ტექნოლოგიური ციკლი], მათ შორის აღრიცხვის კვანძების ჩათვლით.
ნებისმიერ მუნიციპალიტეტში [მათ შორის სოფლად] 1-დან 10 კვტ-მდე ქსელზე მიერთების საფასური შეადგენს 800 ლარს“, – მოგვწერეს „ენერგო-პრო ჯორჯიადან“.
რატომ გაიზარდა მიერთების საფასური? – „ბათუმელებს“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში [სემეკში] მიზეზად ის დაუსახელეს, რომ არ გაზრდილიყო დენის ტარიფი.
„600 ლარი როცა იყო მიერთების საფასური, მიმწოდებელი მოდის და გვეუბნება, რომ მას უჯდება, დავუშვათ, 700 ლარი ან 800 ლარი და ის იღებს 600 ლარს, დანარჩენი 200 ლარი უნდა წასულიყო უკვე ტარიფში და ამ განსხვავებას ჩვეულებრივად გადაიხდიდა ყველა მომხმარებელი – დენის გადასახადიდან.
მიერთება შესაძლოა სადღაც კომპანიას დაუჯდეს 200 ლარი, იმიტომ, რომ, მაგალითად, სატრანსფორმატორო პუნქტის გვერდით იყოს ახალი მომხმარებელი, ამიტომ მრიცხველის და, ვთქვათ, 10 მეტრი ახალი კაბელის ჩამოკიდება დასჭირდეს და სადღაც რამდენიმე ასეული მეტრით იყოს დაშორებული, როცა კომპანიას უწევს გზის გადათხრა, მიწის გამოსყიდვაც და ა.შ. ჩვენ ამას ვუყურებთ წლის ჭრილში – რა უჯდება მიერთება საშუალოდ.
ასევე გასათვალისწინებელია ერთი გარემოება. ძირითადად ქალაქებში არის ეს პრობლემა – ისე ადვილი აღარ არის ახალი მიერთების გაკეთება, როგორც ადრე იყო – გინდა კორპუსი მიაერთე და გინდა ინდივიდუალურად [ვთქვათ, ერთი კომერციული ობიექტი].
ახლა თითქმის ყველაფერი პრივატიზებულია, მერია ძალიან დიდ წინააღმდეგობას უწევს კომპანიას, რომ გადათხაროს გზა – [შეიძლება გზის გადათხრით 10 მეტრში დააერთოს, მაგრამ მერიამ უფლება არ მისცეს და სადღაც 100 მეტრში ჩაიყვანოს, შემოახვევინოს და ა.შ. ამიტომ აი ეს ყველაფერი ერთობლიობაში, ზრდის მიერთების საფასურს, ამას უკავშირდება, ასევე ინფლაცია, საერთაშორისო ფასები, ფასები ქვეყნის შიგნით.
აქედან გამომდინარე ჩვენ მიზანშეწონილად ჩავთვალეთ გაგვეზარდა მიერთების საფასური, რათა ისე არ მომხდარიყო, რომ უკვე ყველა აბონენტის მიერ დაფინანსებულიყო ტარიფიდან“, – უთხრა „ბათუმელებს“ ზვიად გაჩეჩილაძემ, სემეკის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორმა.
რაც შეეხება მიერთების დარეგულირების ზღვარის გაზრდას [1000-დან 3200 კვტ-მდე], ზვიად გაჩეჩილაძე ამბობს, რომ კანონით მრიცხველები უნდა ეკუთვნოდეს ენერგოკომპანიას და მიუხედავად იმისა, ქსელს ის მოაწყობდა თუ არა, მრიცხველი მაინც მას უნდა დაემონტაჟებინა.
„თუმცა ადრე 1000 კვტ-ზე მაღლა ენერგოკომპანია აძლევდა უფლებას მრიცხველიც მშენებელს ჩამოეკიდა და მერე გადმოეცათ მისთვის. ეს, ჩვენი აზრით, კანონის ახალ მოთხოვნებთან შეუსაბამოა. მეეჭვება, რომ ბოლო პერიოდშიც ასე ექნათ, ეს ცოტა უფრო ადრე იქნებოდა. მაგრამ ეს არარეგულირებული მიერთება ჩვენ 1000-იდან ავწიეთ 3200-მდე და საფასურები დავადგინეთ. ამით, მშენებელს ხელ-ფეხი აქვს შეკრული – მან უნდა გადაიხადოს საფასური და დაელოდება ენერგოკომპანიას [მოუყვანს ქსელს, შეუყვანს კორპუსში, დაუყენებს მრიცხველებს].
რეგულირების ზღვარი ავწიეთ იმიტომ, რომ ენერგოკომპანია მოგცემდა ტექნიკურ პირობას და არ აინტერესებდა ქსელის მოწყობა დაგიჯდებოდა 1 000 ლარი თუ მილიონი ლარი. ეს იყო მომხმარებლის/მშენებლის თავის ტკივილი, ვიღაცას შეიძლება ეხეირა, მაგრამ ვიღაცა შეიძლება მაგრად გაწეწილიყო. ამიტომ დავადგინეთ ახლა ეს საფასური,“ – ამბობს ზვიად გაჩეჩილაძე.
ზვიად გაჩეჩილაძის თქმით, „რაღაცა რომ ღირდა 170 000 ლარი და ახლა გახდა 270 000 ლარი, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ წინა დადგენილი პერიოდი სულ 170 ათასი უჯდებოდა კომპანიას და მაინცა და მაინც 2021 წელს დაუჯდა 270 000 ლარი და ჩვენ ეგრევე გავზარდეთ. ჩვენ რამდენიმე წელი ვითმენდით ამას, ფაქტობრივად, ვიცოდით, რომ კომპანიას ხარჯები ნელ-ნელა გაეზარდა სხვადასხვა მიზეზის გამო და შემდეგ უკვე იძულებული გავხდით, გაგვეზარდა“.
„მატება მესმის, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ ყოველ წელს ამ საფასურს არ ვზრდით. არის 3-4-5-წლიანი პერიოდები ამ გაზრდებს შორის და ამ პერიოდში ინფლაციას, სამუშაოს ხარჯების გაზრდას უკავშირდება. მეტ-ნაკლებად, ახლა რაც არის დადგენილი, არის ერთი-ერთში გასწორებული კომპანიის ხარჯებთან, რაც კომპანიას დაუჯდა, თუნდაც ბოლო წლის განმავლობაში“, – ამბობს ზვიად გაჩეჩილაძე.
ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორს ასევე ვკითხეთ, რამდენით ითხოვდნენ ენერგოკომპანიები მიერთების საფასურის გაზრდას?
„ასე ვერ გეტყვთ, რას ითხოვდა, იმიტომ, რომ კომპანიებმა არაერთგზის მოგვმართეს საფასურის გაზრდაზე, მათ შორის „თელასმა“ და „ენერგო-პრო ჯორჯიამ“. თბილისში, მაგალითად, გაცილებით ძვირი ჯდება მიერთება ვიდრე, ვთქვათ, „ენერგო-პროს“ უჯდება სხვა რეგიონებში. სანამ არ დავრწმუნდით, რომ ორივე კომპანიას გაეზარდა ხარჯები, მანამდე ჩვენ წინა წლებში სხვა მომართვიანობაც გვქონდა, რომლებისთვისაც არ მიგვიცია არანაირი მსვლელობა.
2021 წლის ბოლოსაც იყო მომართვა გაზრდასთან დაკავშირებით, მაგრამ კომპანია ამ შემთხვევაში ფასს არ გვთავაზობს… კომპანიას რომ ვკითხოთ, ის გაცილებით მეტ ფასს იტყვის. ჩვენ კომპანიას ამ შემთხვევაში ვთხოვთ აუდირებული, დოკუმენტირებული ხარჯთაღრიცხვის წარმოდგენას, რეალურ ხარჯებს პაკეტების მიხედვით და ვაკეთებთ გაცხრილვას – იყო თუ არა არაგონივრული ხარჯი და ა.შ. საბოლოოდ რაც გამოდის, ვადგენთ იმ ფასს,“ – ამბობს ზვიად გაჩეჩილაძე.
მისივე თქმით, „ის, რომ დიდი და კომერციული ობიექტების მიერთება პროცენტულად უფრო მეტად გაძვირდა, ვიდრე საყოფაცხოვრებო მომხმარებლების, აქ სხვა ფაქტორიც არის – სოციალური. აქ ჩადებულია, რომ უბრალოდ შეიძლება ადამიანი, ოჯახი უშუქოდ დარჩეს, რაც დაუშვებელია. სახლი ააშენოს ადამიანმა და ფიზიკურად ვერ მიერთდეს ქსელზე, ასეთი რამ გამორიცხულია. ამიტომ, საყოფაცხოვრებო მიერთებები მაინც, ასე თუ ისე, უნდა იყოს ხელმისაწვდომი მოსახლეობისთვის, მაშინ, როცა კომერციული უფრო ახლოს არის მიერთების რეალურ ხარჯთან, რაც კომპანიას უჯდება“.
[/toggle]
ბაზარზე მონოპოლია გრძელდება
მიერთებისა და მრიცხველის საფასური ქვეყანაში გაიზარდა არა მარტო „ენერგო-პრო ჯორჯიას“, არამედ „თელასთან“ მიმართებაშიც. ეს ორი კომპანია ენერგეტიკის სფეროში დაწყებული რეფორმით დენის გამანაწილებლები არიან, ხოლო მიმწოდებლები არიან მათი შვილობილი კომპანიები: „ეპ ჯორჯია მიწოდება“ და „თელმიკო“.
რეფორმის მიზანი იყო ასევე, რომ ენერგეტიკის ბაზარზე ახალი, თავისუფალი მიმწოდებლები გამოჩენილიყვნენ რათა არ ყოფილიყო მონოპოლია და მომხმარებელს მისცემოდა შესაძლებლობა აერჩია, თუ რომელი მიმწოდებლისგან შეისყიდდა ელექტროენერგიას.
ენერგეტიკის სექტორში ახალი წესები 2022 წლის იანვრიდან უნდა ამოქმედებულიყო, როცა ელექტროენერგეტიკული ბირჟა [ბაზრი] გაიხსნებოდა, თუმცა მთავრობამ ეს ვადა ჯერ 2022 წლის მარტამდე გადასწია, შემდეგ ეს ვადაც გაუქმდა და ამჯერად უცნობი რჩება, როდის გაიხსნება ეს ბირჟა.
„ყველა არის მოლოდინის რეჟიმში, როდის გაიშვება ახალი ბაზრის მოდელი – ენერგეტიკული ბირჟა და რა მოხდება. ამ გარდამავალ რეჟიმში ყველას უჭირს ბიზნესმოდელის აწყობა… სემეკმაც მივმართეთ მთავრობას რეკომენდაციით, გადაეწია რამდენიმე თვით, იქედან გამომდინარე, რომ არის ძალიან რთული და მნიშვნელოვანი რეფორმა. გარკვეული საკითხები, რაც სექტემბრიდან სიმულაციურ რეჟიმში მუშაობდა, დასახვეწია, უფრო სწორად, ბოლომდეა მისაყვანი.
ბაზრის მონაწილეებს კიდევ სჭირდებათ გარკვეული დრო, რომ მოემზადონ ახალი ტიპის ვაჭრობისთვის და აქედან გამომდინარე, რამდენიმე თვე იმდენად მნიშვნელოვანი არ არის ბაზრის გაშვება, რამდენადაც ის, რომ წარმატებულად მოხდეს გაშვება. აქ თუ რაღაცა ხარვეზი აღმოჩნდა და ჩავარდნა მოხდა – ბაზრის გაშვებაში და რეფორმაში – ეს იქნება ძალიან დიდი როგორც ფინანსური, ასევე ტექნიკური და ფსიქოლოგიური დარტყმა დარგისთვისაც და მომხმარებლებისთვისაც. ამიტომ რამდენიმე თვით თავი გადავიზღვიეთ,“ – გვითხრა ზვიად გაჩეჩილაძემ.
მისივე თქმით, ენერგეტიკული ბირჟა 2022 წლის „სავარაუდოდ ზაფხულის ან გვიანი ზაფხულის პერიოდში“ ამუშავდება.
როგორ გამოიყურება დღეს რუსეთ-უკრაინის ომში უკრაინის კონტრშეტევაზე გადასვლა შესაძლებლობები. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლი, ოლექსი არესტოვიჩი ამბობს, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ბევრ მიმართულებაზე შეუძლიათ კონტრშეტევაზე გადასვლა, თუმცა მძიმე ტექნიკისა და შეიარაღების ნაკლებობის გამო ამას ვერ ახერხებენ. რა შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, თუკი უკრაინა მარიუპოლზე კონტროლს საბოლოოდ დაკარგავს?
უკრაინის ომიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ არსებულ ვითარებაზე ვესაუბრეთ ვახტანგ კაპანაძეს – ის გადამდგარი გენერალ-მაიორია და სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი.
ბატონო ვახტანგ, პირველ რიგში მინდა გკითხოთ, რა გავიგეთ გუშინ ბრიუსელში, ნატოს საგანგებო სამიტზე, ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერების შეკრების შემდეგ. მიიღებს უკრაინა იმ მხარდაჭერას, რასაც ზელენსკი ითხოვს?
მოლოდინი არის, რომ გაიზრდება ნატოს მხრიდან მხარდაჭერა. ეს არ გამოიხატება გამანადგურებლების გადაცემაში, რასაც ზელენსკი ითხოვს, მაგრამ ძალიან მაღალი დონის სახმელეთო ბაზირების პლატფორმები შეიძლება მიიღოს.
ისრაელის მაგალითი მოჰყავდა ზელენსკის და ისარაელს არ ჰყავს გამანადგურებლები, იქ არის ხმელეთზე ბაზირებული ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები. მსგავს საშუალებებს, დარწმუნებული ვარ, მიიღებს უკრაინა, თანაც დიდი რაოდენობით.
ნაწილობრივ მან მიიღო კიდეც ეს დახმარება. შესაძლოა იყოს ტექნიკური საკითხები მოსაგვარებელი, რადგან ყველა ტექნიკას თავისი მომზადებული პერსონალი სჭირდება.
როგორ შეაფასებთ ახლა, ერთი თვის თავზე ომის მიმდინარეობას, ვის ეკუთვნის ფრონტის ხაზზე უპირატესობა?
უკრაინასაც აქვს გარკვეული უპირატესობა, ეს ეხება ძირითადად კიევის ჩრდილოეთ მიმართულებას – ბუჩა, ირპენი, გოსტომელის რაიონებს. ირპენი ფაქტობრივად მთლიანად დაბრუნებულია, როგორც ვიცი, პოლიციაც კი შევიდა და დაიწყო წესრიგის დამყარება.
უკრაინელები კი იძახიან, რომ რუსების დაჯგუფება არის გარკვეულწილად ბლოკირებული და ალყაში აპირებენ მის მოქცევას, თუმცა სხვა მიმართულებაზე, მაგალითად, სამხრეთ-აღმოსავლეთით და მარიუპოლის მიმართულებაზე, ინიციატივას ჯერ კიდევ ინარჩუნებს რუსეთი და უპირატესობა მის მხარესაა.
ჯერ ვერ ვიტყვით იმას, რომ უკრაინას შეუძლია ფართომასშტაბიანი კონტრშეტევის განხორციელება. თუმცა, გარკვეული ლოკალურ კონტრშეტევებს საკმაოდ წარმატებით ახორციელებს. ეს მცირე მასშტაბის კონტრშეტევები, ზოგადად, ხელს უწყობს დიდი კონტრშეტევის მომზადებას და სწორად იქცევა უკრაინა, როცა ელოდება რუსეთი ტემპის დავარდნას.
ითვლებოდა, რომ ირპინის აღების შემთხვევაში კიევის ალყა უფრო შესაძლებელი იქნებოდა. ამ მიმართულებით რუსეთმა პოზიციები უკვე დაკარგა, რა შემთხვევაში შეიძლება კიევი მოაქციოს ალყაში რუსეთმა?
დარწმუნებული ვარ, რუსებსაც აღარ სჯერათ, რომ კიევს აიღებენ. ფაქტობრივად, ეს დასრულებული საკითხია, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული დაჯგუფებები იქმნება ჩრდილოეთში, ბელორუსიაში, მაგრამ კიევის ალყას ვერ განახორციელებენ.
ამ ძალებით კიევზე ალყის გაკეთება ძალიან რთულია. სხვათა შორის, მეორე მსოფლიო ომის დროს, კიევის გარშემო იყო კიევის თავდაცვითი რაიონი, რომელმაც ყველაზე დიდხანს გაუძლო გერმანელებს, ვერმახტის შეტევებს. კიევი რომ აეღოთ, გერმანელებმა თავი მოუყარეს 1 მილიონ 200 ათას დაჯგუფებას. ამ თავდაცვის სისტემას უკრაინა ახლაც საკმაოდ კარგად იყენებს.
მთელი ძალები რომ გადაიყვანოს რუსეთმა კიევის მიმართულებით, კიდევ შეიძლება დაიწყო გაანგარიშებებზე ფიქრი, მაგრამ იმ ძალებით, რაც დღეს იქ არის, დაფანტული ჩრდილოეთ მიმართულებებზე, ეს ნამდვილად არ ეყოფა კიევის ბლოკადას და აღებას.
ამ ომის ყველაზე მძიმე შედეგი ჯერჯერობით არის მარიუპოლი, რომელიც ალყაშია. „მარიუპოლის ჯოჯოხეთის“ გათვალისწინებით, თუ არის რაიმე ბერკეტი იმისთვის, რომ ჰუმანიტარული დერეფანი გაიხსნას და შეჩერდეს სამოქალაქო პირების ხოცვა?
მარიუპოლი რჩება რუსეთისთვის ყველაზე ხელში ჩასაგდებ მიმართულებად. მარიუპოლის მეტალურგიულ ქარხანაშია „აზოვის“ დანაყოფი გამაგრებული. ეს არის ამ ქალაქის სამხრეთი მიმართულება, რომელიც ერთი მხრიდან ზღვით არის შემოსაზღვრული და მეორე – ჩრდილოეთიდან, მდინარით.
ფაქტობრივად, მოწყვეტილები არიან შესაბამის დახმარებას და ალყის გარღვევის შესაძლებლობას. მე გულისტკივილით შემიძლია ვთქვა, რომ მძიმე დღეში არიან და ღმერთმა ქნას, მოლაპარაკებებმა მოუსწროს, რადგან რუსები ავიწროებენ და ავიწროებენ წრეს. ამავე დროს, რუსებს ზღვიდანაც შეუძლიათ შეტევა. ფაქტობრივად, ჩრდილოეთ მიმართულებაზე მარიუპოლი სახმელეთო დერეფნის ქვევითაა მოქცეული, სამხრეთითაც ჩაკეტილია, ამიტომ მებრძოლების იქიდან გამოყვანა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ამ მომენტისთვის არ ძალუძთ.
გმირები არიან, გმირულად ომობენ, მაგრამ მათი გამოყვანა იქიდან, არ ვიცი, როგორ მოხერხდება. ნეტა ვცდებოდე, მაგრამ ერთი კვირა თუ გაუძლეს, ძალიან მაგრები იქნებიან.
გამოსავალი ერთია, რომ მოლაპარაკებებით მოხდეს ცეცხლის შეწყვეტა ან იმაზე შეთანხმება, რომ გამოიყვანონ ეს დაჯგუფებები შეთანხმების საფუძველზე. ან მოსახლეობა მაინც რომ გამოიყვანონ, რადგან 100-150 ათასი ადამიანი რჩება იქ, მშვიდობიანი მოსახლე, რომელიც ძალიან მძიმე დღეშია.
ამ პროცესში წითელი ჯვარი და საერთაშორისო ორგანიზაციები უნდა ჩაერთოს.
რატომ არ ხერხდება მათი ჩართვა, უფრო მეტი აქტიურობა მათი მხრიდან, როგორ ფიქრობთ?
მოლაპარაკებებს აწარმოებენ ზელენსკი და პუტინი. ჯერჯერობით არ ჩანს მესამე მხარე, რომელმაც უნდა აწარმოოს მომრიგებლის როლი.
ეჭვი მეპარება, რომ ეს მოლაპარაკებები ძალიან დიდხანს გაგრძელდება და ჯერჯერობით უშედეგოდ.
თუკი რუსეთი საბოლოოდ გაიმაგრებს მარიუპოლში პოზიციებს, ეს რა პრობლემას შეუქმნის უკრაინას სამომავლოდ?
დილემას შექმნის, რადგან ამ შემთხვევაში უკრაინა კარგავს აზოვის ზღვას, აზოვის ზღვა ხდება რუსეთის შიდა ზღვა. რუსეთს ექნება ყირიმთან სახმელეთო დერეფანი და შეეცდება ამ დერეფნის შენარჩუნებას. შეეცდება რომ უკრაინა არ დაუშვას აზოვის ზღვაზე, არადა ეს იქნება ძალიან დიდი ეკონომიკური დარტყმა უკრაინისთვის.
ამ შემთხვევაში უკრაინა ერთ ზღვას დაკარგავს, თუმცა თუ მეორე ტალღაც იქნება, რუსეთმა შესაძლოა ოდესა-დნესტრისპირეთის მიმართულებაზე გააკეთოს შეტევა. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს წარმატებული არ იქნება. თუმცა, ეს ჩანაფიქრში ექნებათ რუსებს, რომ გავიდნენ დნესტრისპირეთთან და ამ შემთხვევაში უკვე შავ ზღვასაც მოწყვეტენ უკრაინას.
თუკი ბელორუსი ჩაერთვება უკრაინის წინააღმდეგ ომში, ეს რა შედეგებს მოიტანს და როგორ ფიქრობთ, ლუკაშენკო მოახერხებს თავისი გენერალიტეტის თანხმობის გარეშე ომში ჩართვას?
ლუკაშენკო ისეა რუსეთის გავლენის ქვეშ, რომ დიდი ალბათობით ჩაერთვება. თუმცა, მისი შეიარაღებული ძალების ენთუზიაზმი ნამდვილად დაბალია და თუ მაინც ჩაერთვებიან ომში, გამოყენებული იქნებიან როგორც დამხმარე დანაყოფები და არა ვთქვათ მოიერიშე დანაყოფები.
ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბელორუსიაში აქტიურად მიდის ანტისაომარი მოძრაობები. ყოველ შემთხვევაში, საბოტაჟი და ხელისშეშლა.
ამ ეტაპზე, უკრაინამ თითქმის ერთი თავით მაღალი სამხედრო მზაობა აჩვენა, როგორც სამხედრო ხელოვნებით ისე საბრძოლო სულისკვეთებით, ვიდრე რუსეთმა.
რუსეთის მხრიდან ქიმიური იარაღის გამოყენების თემა ისევ გაჟღერდა ნატოს სამიტზე, რაზეც ბაიდენმა თქვა, რომ თუკი რუსეთი გამოიყენებს ქიმიურ იარაღს, აშშ მას უპასუხებს. რა იგულისხმა ბაიდენმა?
ამაზე ალბათ პოლიტიკოსებმა უნდა უპასუხონ. შესაძლოა ეს იყოს უფრო ძლიერი სანქციები, უფრო მეტი შეიარაღების მიწოდება უკრაინაზე თუ რა, ამას ზუსტად ვერ გეტყვით. ალბათ უფრო სანქციებზე იქნება საუბარი.
ვფიქრობ, ქიმიური იარაღის თემას რუსეთი ფსიქოლოგიური ზემოქმედებისთვის იყენებს. უკრაინაში მინერალური და ქიმიური სასუქების იმდენი საწყობია, რომ მათზე ზემოქმედებითაც შეუძლია არანაკლები ზიანის მიყენება უკრაინაზე და ტექნოგენური კატასტროფის გამოწვევა.
ერთი თვეა უკვე, რაც ომი მიმდინარეობს. ყოველდღე ვრცელდება სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია. „ფორბსი“ წერს, რომ 23 თებერვლიდან დღემდე 74 ტანკი დაკარგა უკრაინამ და ხელში ჩაიგდო 117 რუსული ტანკი. რამდენად რეალურია დანაკარგებზე მოცემული ინფორმაციები, როგორ ფიქრობთ?
ნუ გვავიწყდება, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები თუ არ ვცდები მეორე იყო ევროპაში, ეს არის არის ხელწამოსაკრავი ძალა. მით უმეტეს 2014 წლის შემდეგ მუდმივ წვრთნებში იყო ნატოსთან ერთად.
ამასთან, სრული მხარდაჭერა აქვს მოსახლეობის მხრიდანაც, სწორად აქვს თავდაცვითი სისტემა ორგანიზებული და რუსეთის სუსტ წერტილებსაც ძალიან ზუსტად იყენებს. ამის მიუხედავად, მაინც ნაკლები სანდოობით შევხედავდი უკრაინის მონაცემებს.
თუმცა, იმის ნახევარიც რომ ავიღოთ, რასაც უკრაინელები იძახიან, რუსეთს მაინც დიდი დანაკარგები აქვს. ვთქვათ, ერთ თვეში დაკარგეს 10 ათასი ჯარისკაცი: საბჭოთა კავშირმა ავღანეთში ათ წელიწადში დაკარგა 15 ათასი კაცი. უფრო ნაკლები, სადღაც 6 ათასი კაცი დაკარგა ჩეჩნეთის პირველ ომში ორი წლის განმავლობაში. ასეთი დანაკარგი რუსეთის შეიარაღებულ ძალებს არსად მიუღიათ.
ყველა ელის, რომ ამ ეგრეთ წოდებულ პაუზას მხარეები იყენებენ კრიტიკული მასის მობილიზებისთვის. რა კრიტიკული მასის მობილიზება შეუძლია ამ ეტაპზე რუსეთს უკრაინაში მორიგი ფართომასშტაბიანი თავდასხმის წამოსაწყებად?
არა მგონია სრული მობილიზაცია გამოაცხადოს. ასეთ შემთხვევაში ახალწვეულებს დასჭირდება გაწვრთნა, რაც ასევე ძალიან დიდ თანხებთან იქნება დაკავშირებული.
რუსეთს, რა თქმა უნდა, გააჩნია გარკვეული რესურსი, მიუხედავად იმისა, რომ ათი არმიიდან თითქმის რვა უკვე ჩართულია ომში – ვფიქრობ, მეორე ტალღისთვის გარკვეულ ძალებს შეაგროვებს.
თუკი უკრაინა მიიღებს დასავლეთიდან სამხედრო დახმარებას, რამდენ ხანს შეიძლება ეს ომი გაგრძელდეს?
უკრაინას ძალიან დიდხანს შეუძლია იომოს. უკრაინისთვის ყველაზე მძიმე ფაქტორი მშვიდობიანი მოსახლეობის დანაკარგია, რომელიც ძალიან დიდია და ამის გამოყენებას ცდილობს რუსეთი. ასევე რუსეთი ცდილობს გაანადგუროს ქალაქების ინფრასტრუქტურა, სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტები და ასე შემდეგ. სამხედრო თვალსაზრისით ვერაფრით დაიკვეხნის რუსეთი. პუტინმა ჯერჯერობით ვერც ერთი თავისი ამოცანა ვერ შეასრულა. აეროდრომებიც კი ვერ გამოიყვანეს სრულად წყობიდან. აქ ყველაზე დიდი პრობლემა ეგრეთ წოდებული სამოქალაქო ზარალია, რასაც რუსეთი აყენებს უკრაინას.
ბოლოს მინდა გკითხოთ რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუზე. როგორც ამბობენ, ის 12 დღეზე მეტია, რაც საჯაროდ არ გამოჩენილა. რა შეიძლება ხდებოდეს მასთან მიმართებაში?
მე უკრაინულ ტელევიზიასაც ვუყურე და იყო მოსაზრება, რომ ის კადრი, სადაც შოიგუ აჩვენეს, ადრინდელი ჩანაწერიდან იყო, რადგან იგივე ტანსაცმელი ეცვა, რაც ბოლოს უშიშროების საბჭოზე.
გასაკვირი არაფერია, რადგან ერთია ის, რომ ფაქტობრივად ჩავარდა მათი საომარი მოქმედებები და ამხელა ზარალი ნახეს. ვერც შოიგუმ და ვერც გერასიმოვმა ვერაფრით გამოიჩინეს თავი. არ არის გამორიცხული, რომ პუტინმა მათი თანამდებობაზე ყოფნის საკითხიც დააყენოს.
უფრო უარესი რაც შეიძლება იყოს, შესაძლოა ტრიბუნალს გადასცეს შოიგუ, თუმცა ამას ახლა არ იზამს, სამხედროების დემორალიზება რომ არ გამოიწვიოს.
მაგრამ ის, რომ გაათავისუფლოს და მთელი ჩავარდნა მას დააბრალოს, გამოძიება დაიწყოს მის წინააღმდეგ კორუფციის გამო, რადგან ძალიან დიდი თანხები იყო დახარჯული შეიარაღებულ ძალებში, სადაზვერვო სისტემის მომზადებაში და თუნდაც უკრაინის შიგნით წინააღმდეგობების მომზადებაში.
ფაქტია, რომ იყო ამაზე მინიშნებები, როცა ითქვა, რომ შოიგუს „გული აწუხებდა“. არ გაგვიკვირდება თუკი აღმოჩნდება, რომ „ავადმყოფის გამო“, შოიგუმ დაწეროს პატაკი წასვლაზე, მისი ლიკვიდაცია კი არა მგონია მოხდეს.
ვლადისლავ ალეინიკი მეექვსეკლასელია. ის ბათუმში უკრაინიდან, ქალაქ კიევიდან დაახლოებით ათი დღის წინ ჩამოვიდა დედასთან ერთად. დედა-შვილი უკრაინიდან ომს გამოექცა, ბომბებისა და აფეთქებების ხმას. კიევში, დნეპრის მარცხენა სანაპიროზე, სახლში დარჩნენ ვლადისლავის მამა და სტუდენტი ძმა, რომელიც 21 წლისაა.
„ბათუმელები“ ვვლადისლავს ბათუმის №7 საჯარო სკოლაში შეხვდა, სადაც ახლა მან სწავლა დაიწყო.
ვლადისლავი ინტერესით ათვალიერებს მისთვის ახალ გარემოს. სკოლის დერეფანში მოსწავლეების მიერ უკრაინელებისთვის შეგროვებული ჰუმანიტარული ტვირთი ალაგია. ყუთებზე დაწებებული უკრაინის დროშების დანახვა მას აშკარად ახარებს. ეს ახლა ვლადისლავის ახალი სკოლაა, იმ დრომდე, სანამ სახლში, კიევში დაბრუნებას შეძლებს.
ვლადისლავმა არ იცის, სად არიან ახლა მისი კლასელები კიევში.
„მივწერე ჩემ რამდენიმე კლასელს, როგორც ვიცი, ისინი უკრაინიდან გაემგზავრნენ. სხვები არ ვიცი, სავარაუდოდ ისინიც წავიდნენ.
მეტნაკლებად დავუმეგობრდი აქ კლასელებს, კარგი ბავშვები არიან. ძალიან მომწონს სკოლა და ჩვენი საკლასო ოთახიც. ჩემი სკოლა უკრაინაში და ეს სკოლა ერთმანეთს ჰგავს, განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ უკრაინაში უკრაინულად ვსწავლობდით“, – ამბობს ვლადისლავი.
ვლადისლავის დედა, ნატაშა ალეინიკი გვეუბნება, რომ ონლაინგაკვეთილები თანდათან კიევშიც აღდგა, მაგრამ ვლადისლავის ბათუმის სკოლაში შეყვანა ამჯობინა. თან ეს შესაძლებლობაა, ბავშვს თანატოლებთან ურთიერთობა ჰქონდეს და სტრესული მდგომარეობიდან გამოვიდეს.
ვლადისლავი ახალ კლასში
„ჩვენთან, კიევში მაინც არასტაბილური სიტუაციაა, ხან ახერხებენ გაკვეთილების ონლაინ ჩატარებას, ხან – ვერა, რადგან კიევი პერიოდულად იბომბება. გაკვეთილები ძალიან ხანმოკლეა და ბევრი ვერ ახერხებს დასწრებას“, – ამბობს ნატაშა.
ნატაშა ალეინიკი ამბობს, რომ არ უნდოდათ კიევის დატოვება, იმედი ჰქონდათ, რომ 24 თებერვალს, გამთენიისას დაწყებული ომი მალე დასრულდებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა.
ნატაშა გვიყვება, რომ ვლადისლავთან ერთად უკრაინის დატოვება ქმრის დაჟინებული თხოვნის შემდეგ გადაწყვიტა. „არ მინდა აქ იყოთ“ – ეუბნებოდა ნატაშას ქმარი, რომელიც ომის გამო უმუშევარი დარჩა.
„საბრძოლველად ჯერ ჩემი ქმარი და შვილი არ გაუწვევიათ. ჯერჯერობით ისეთ ხალხს იწვევენ, ვინც ბრძოლა იცის. მათ ალბათ ყველაზე ბოლოს გამოიძახებენ, როდესაც უკვე სამხედრო მოსამსახურეები აღარ იქნება საკმარისი. იარაღის ხელში დაჭერაც არ იციან, ჩემი უფროსი შვილი ჯერ ჯარშიც კი არ ყოფილა გაწვეული.
როცა მოვა მათი რიგი, ისინი აუცილებლად წავლენ და იბრძოლებენ სამშობლოს დასაცავად, მაგრამ არ მინდა საქმე აქამდე მივიდეს“, – ამბობს ნატაშა.
ნატაშა და ვლადისლავი კიევიდან ლვოვამდე უფასო საევაკუაციო მატარებლით წავიდნენ, ლვოვიდან – პოლონეთში, პოლონეთიდან კი საქართველოში გამოემგზავრნენ.
„აქ ნათესავები გვყავს, რომლებმაც გვითხრეს, რომ მიგვიღებდნენ, საცხოვრებელს მოგვცემდნენ და დაგვეხმარებოდნენ. შეგვეძლო სადმე ევროპაში წასვლა, მაგრამ აქ წამოსვლა გადავწყვიტეთ და ვარშავიდან ქუთაისში ჩამოვფრინდით“, – გვიყვება ნატაშა.
მისი თქმით, დანაზოგი, რითაც ბათუმში ჩამოვიდნენ, მაქსიმუმ ორი-სამი თვე თუ ეყოფათ, ამიტომაც ახლა ნატაშა ცდილობს სამსახური იპოვოს. ღელავს იმაზე, რა მოხდება, თუ კი საავადმყოფოში მისვლა დასჭირდებათ, ექნება თუ არა საკმარისი თანხა ძვირი სამედიცინო სერვისისთვის.
კითხვაზე, რას ეტყოდა რუსებს, ნატაშა ამბობს, რომ მათთვის არაფრის თქმას არ აქვს აზრი.
„თავიდან მქონდა დიდი აგრესია. ჩემი ნათესავები რუსეთში ცხოვრობენ და ვაგზავნიდი ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში. იმათთვის ყველაფერი ტყუილია. ყველაფერს ატყუებენ და წარმოიდგინეთ, არაფერს გიჯერებენ.
იმდენად ურეცხავთ ტელევიზიები ტვინს, რომ ისინი არ გიჯერებენ, როცა ეუბნები, რომ კიევი იბომბება, არ გიჯერებენ, რომ ხარკოვი აღარ არის, მარიუპოლი აღარ არის, რომ სამშობიარო სახლი დაბომბეს და იქ ორსული ქალები იყვნენ და ბავშვები… ისინი არ გიჯერებენ და გეუბნებიან, რომ ეს ყველაფერი არ არის სიმართლე და ჩვენ ჩვენს თავს თვითონ ვიბომბავთ. საინფორმაციო გადაცემები ამას ეუბნება იქ ხალხს.
პუტინი არ არის ნორმალური ადამიანი, ის ავადმყოფია, რომელიც დიდი ხანია რაც განდიდების მანიითაა შეპყრობილია. აიღეს და ერთი ხელის მოსმით დაგვინგრიეს ცხოვრება. ჩვეულებრივად ვცხოვრობდით, დავდიოდით სამსახურებში, ყველაფერი მუშაობდა…
არის ერთი ძველი სიმღერა – „ზუსტად 4 საათზე, კიევს ბომბავდნენ, ჩვენ გამოგვიცხადეს, რომ დაიწყო ომი…“ ეს არის მეორე მსოფლიო ომის სიმღერა და წარმოიდგინეთ, ზუსტად ამ დროს დაიწყეს დაბომბვა, 24 თებერვალს, მოსკოვის დროით დილის 4 საათზე“, – ამბობს ნატაშა.
ვლადისლავი და ნატაშა პირველად არიან ბათუმში. ნატაშას თქმით, ბათუმში ჩამოსვლა ყოველთვის უნდოდათ ნათესავების სანახავად, თუმცა ვერ ახერხებდნენ და წუხს, რომ ბათუმში პირველი ჩამოსვლის მიზეზი ომისგან თავის დაღწევა გახდა.
„ერთია, როცა როგორც ტურისტი ჩამოდიხარ და ისვენებ და მეორე, როდესაც ხარ გამოქცეული და აფორიაქებული, როცა იცი, რომ შენი კაცები იქ არიან, ომში“.
კითხვაზე – რა ენატრება ყველაზე მეტად, მეექვსეკლასელი ვლადისლავი ამბობს, რომ მამა და ძმა. იგი გვიმხელს, რომ კიევში, სახლში დარჩა მისი მანქანების კოლექცია, რომელსაც ერთ წელზე მეტხანს აგროვებდა და რომლის წამოღებაც ვერ შეძლო. მერე თავს დაბლა ხრის და მცირე პაუზის შემდეგ ამბობს:
„იმედია გავიმარჯვებთ, დავბრუნდებით სახლში და გავაგრძელებ კოლექციის შეგროვებას“.
ჯერ კიდევ არ არსებობს საჯარო დოკუმენტი ან რაიმე სახის პირველადი მონახაზი, რომელსაც ბათუმის მერია სამომავლოდ ავარიული სახლების მართვის სტრატეგიად განიხილავს. ბათუმის მერი, არჩილ ჩიქოვანი, ისევ ამბობს, რომ ინფორმაცია მუშავდება და ხელშესახები დოკუმენტი მხოლოდ მას შემდეგ გვექნება, როცა კომისია მუშაობას დაასრულებს.
არც ის ვიცით, რა დრო დასჭირდება ავარიული სახლების პროგრამის კრიტერიუმებზე მომუშავე კომისიას იმისთვის, რომ მერიის ხედვები ჯერ დრაფტის სახით ჩამოაყალიბოს, შემდეგ კი საჯარო განხილვისთვის გამოაქვეყნოს. შესაბამისად, საინტერესოა ისიც, რამდენად თანხვედრაში იქნება ეს საკითხი ბათუმის გენგეგმასთან, რომელზეც ტენდერში გამარჯვებული კომპანია „სითი ინსტიტუტი საქართველო“ მუშაობს.
„ამ ეტაპზე მიმდინარეობს მონაცემების შეგროვება, შესაძლებელია იყოს როგორც საკანონმდებლო ცვლილების აუცილებლობა, ასევე სამთავრობო უწყებების ჩართულობა როგორც ადგილობრივ, ასევე ცენტრალურ დონეზე – ეს არის სამუშაო ფორმატი. რა პოზიციებიც გვაქვს გაჟღერებული როგორც სახელმწიფო დაფინანსებასთან დაკავშირებით, ასევე სხვა… იგივეა. თუ რაიმე ტიპის გადაწყვეტილება გვექნება, აუცილებლად ჩაგაყენებთ საქმის კურსში.
ვართ მუშა პროცესში. ამ ეტაპზე ვიცით, რომ 80 მილიონი არის გამოყოფილი მუნიციპალიტეტისთვის 4-წლიან შუალედში აჭარის მთავრობის მხრიდან. დანარჩენ პროცედურებთან მიმართებაში, კერძო სექტორის ჩართულობასთან, მათ შორის, სხვადასხვა შეთავაზებასთან დაკავშირებით იქნება ეს თუ სხვა… საექსპერტო დაწესებულებაში ჩვენ გვაქვს დაახლოებით 250 განაცხადი მოსახლეობის თხოვნით და კიდევ იზრდება. მოხდება ამის სისტემატიზაცია. როდესაც ეს ყველაფერი დასრულდება, გვექნება პრეზენტაცია. პირველ რიგში ექსპერტიზებია ჩასატარებელი“, – გვითხრა ბათუმის მერმა, არჩილ ჩიქოვანმა.
ეს ყველაფერი სულაც არ ნიშნავს, რომ მერია რაღაც სტრატეგიით უკვე არ მოქმედებს და მოსახლეობასთან გარკვეულ პირობებზე მორიგებას არ ცდილობს. ჩვენ მიერ მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით, ავარიულ სახლებში მცხოვრებლები გააფრთხილეს კიდეც, რომ კანონი მერიას აძლევს უფლებას, სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი სახლი მესაკუთრის ნებართვის გარეშეც დაანგრიოს.
ოფიციალურ წერილში, რომლითაც მერია ერთ-ერთი ავარიული სახლის მცხოვრებს ატყობინებს, რომ მისი სახლი ავარიულია და ცხოვრება საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, ვკითხულობთ:
„სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო კანონის შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ ექსპერტიზით დადასტურებულია, რომ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უძრავი ქონება ავარიულია და გამაგრებას არ ექვემდებარება და მისი არსებობა საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, ასეთი შენობის დემონტაჟი განხორციელდება მესაკუთრის თანხმობის გარეშე.“
მერია იქვე განუმარტავს მესაკუთრეებს, რომ ასეთ შემთხვევაში ვალდებულია დემონტაჟის განხორციელებამდე მესაკუთრეს გადასცეს ტოლფასი ქონება ან სამართლიანი კომპენსაცია. ანუ როგორც ბათუმის მერი ხშირად ამბობს – „ყველაფერი კანონის შესაბამისად…“
მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით, მერიას ამ დროისთვის 73 საცხოვრებლის ექსპერტიზის პასუხი აქვს, სადაც 1727 ოჯახი ცხოვრობს. აქედან 30 საცხოვრებელი ამორტიზებულია და არ ექვემდებარება გამაგრებას [631 ოჯახი]; 11-ის აღდგენა-გამაგრება შესაძლებელია [338 ოჯახი]. ამას ემატება ავარიული სახლი მემედ აბაშიძის ქუჩაზე, რომლის ჩანაცვლების მიზნით გარკვეულ სამუშაოებს მერია უკვე ასრულებს [150 ოჯახი]. [ შესაძლოა სტატიის მომზადების პროცესში ეს მონაცემები კიდევ გაიზარდა].
კიდევ ერთი საინტერესო დეტალი
მერია ავარიულ სახლში მცხოვრებლებს სთხოვს შეთანხმებული პოზიცია 30 დღის ვადაში წარუდგინონ და აფრთხილებს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ავარიული სახლების პროგრამაში ვერ ჩაერთვებიან.
ავარიული სახლების პრობლემა დღის წესრიგში განსაკუთრებით მწვავედ დადგა 26 მაისის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის შემდეგ. ათეულობით მოქალაქე ყოველდღე რეკავდა მუნიციპალურ ინსპექციაში, რომ მისი საცხოვრებელი შესაძლოა ავარიული იყოს და მერიისგან შესაბამისი რეაგირებაა საჭირო.
26 მაისის ქუჩაზე მდებარე კორპუსის სადარბაზო 2021 წლის 8 ოქტომბერს, მოულოდნელად ჩამოინგრა. დაიღუპა 9 ადამიანი, მათ შორის, სამი მცირეწლოვანი. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ კორპუსის პირველ სართულზე მესაკუთრე უკანონო სამუშაოებს აწარმოებდა. დაიწყო გამოძიება, დააკავეს ორი მუშა და ფართობის მეპატრონე.
ჩამონგრეული კორპუსი 26 მაისის ქუჩაზე
22 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელთან, ლელა სურმანიძესთან ერთად, ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ მერია მთავრობასთან ერთად ავარიული სახლების პროგრამას იწყებს – ამ პროგრამისთვის 80 მილიონზე მეტი ლარი იქნება გათვალისწინებული.
მოგვიანებით კი გაგვიმარტეს, რომ პროგრამის ფარგლებში ყოველწლიურად გაითვალისწინებდნენ ბათუმის მერიის ბიუჯეტში 20 მილიონ ლარს. სხვა რაიმე სახის სქემა, თუ როგორ დაიხარჯება ეს თანხა, დღემდე ცნობილი არ არის.
ამავე ბრიფინგზე თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ ბათუმში 140-ზე მეტი ავარიული კორპუსია, რომლებშიც 1500-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს. მოგვიანებით ეს მონაცემები კიდევ გაიზარდა. ამ ეტაპზე ვიცით, რომ ავარიულ სახლში 3000-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს.
ავარიული სახლების ჩანაცვლების საჭიროებაზე საუბარი ბათუმის მერიამ 2019 წელს დაიწყო. დოკუმენტების მიხედვით, რომლებიც მაშინ მერიამ საკრებულოს წარუდგინა, მომზადებული იყო 34 საცხოვრებლის ექსპერტიზის დასკვნა, საიდანაც 19 აღდგენა-გამაგრებას არ ექვემდებარებოდა: „ავარიულია და სახლის ან/და მისი ცალკეული ზონების ექსპლუატაცია საფრთხის შემცველია“.
იმ სახლებიდან, რომელთა მისამართებიც მაშინ მერიამ საკრებულოს წარუდგინა, უმრავლესობაში ოჯახები დღესაც ცხოვრობენ და როგორც ადგილზე გვითხრეს, მისაღებ შეთავაზებას ელიან მერიისგან ან ინვესტორისგან.
რურუას ქუჩა # 1, ავარიული სახლი
პროგრამაში ინვესტორების შესაძლო ჩართვაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემაც ისაუბრა, როდესაც მან ავარიული სახლების პროგრამის დაწყების შესახებ აუწყა საზოგადოებას.
„კერძო სექტორს შევთავაზებთ კონკრეტულ პაკეტს, რომელიც ითვალისწინებს საჯარო და კერძო ინტერესების გათვალისწინებით ბიზნესის და სამშენებლო სექტორის მეტ ჩართულობას ამ პრობლემის გადაჭრაში. ეს მოიცავს რეგულაციების კუთხით სტიმულებს, ასევე, ფინანსურ თავდებობას, რაც გულისხმობს კონკრეტული პროექტების სიცოცხლისუნარიანობას, ფინანსურ მდგრადობას და კერძო სექტორი ჩაერთვება ავარიული სახლების პროგრამის განხორციელების ნაწილში,“ – თქვა თორნიკე რიჟვაძემ.
ინვესტორების ჩართვა ავარიული სახლების პროგრამაში ერთ-ერთი საკითხია მათ შორის, რაც ბათუმში ძეგლების დამცველებს მშვიდად ყოფნის საშუალებას არ აძლევს. გაჩნდა მოსაზრება და შიში იმასთან დაკავშირებით, რომ დაინტერესებული კომპანიები ისევ შეეცდებიან სასურველ ადგილებზე არსებული ისტორიული ორსართულიანი სახლებისა და ბელეტაჟების ნაცვლად ახალი კორპუსების მშენებლობის ნებართვები მოიპოვონ.
„ეჭვიც არ მეპარება, რომ ასე იქნება. გარდა ქალაქის წინააღმდეგ წასვლისა, არაფერი უკეთებია მერიას და არც ამის შემდეგ გააკეთებს. ხალხის ბედი რომ არ ადარდებთ, ეს ბევრჯერ გამოჩნდა და არ მინდა მაგალითების მოყვანა, სიტუაციის კიდევ დრამატიზების გამო. ამას „გააპრავებენ“ სამხარაულის ყალბი დასკვნებით, ამაშიც ეჭვი არ მეპარება. ამას დაემატება არაკეთილსინდისიერი ხელოვნებათმცოდნეების კველევები“, – ამბობს შოთა გუჯაბიძე, ორგანიზაცია „ბათომის“ წევრი.
შიში, რომ „ავარიული სახლების პროგრამას“ შესაძლოა ისტორიული სახლებიც შეეწიროს, უსაფუძვლო სულაც არ არის:
დასანგრევი სახლების ჩამონათვალში რამდენიმე ისტორიული სახლია
დასანგრევი სახლების სიაშია, მაგალითად, ისტორიული სახლი ბათუმში, ბარათაშვილის ქუჩაზე, #43-ში. ამის შესახებ სახლის მცხოვრებლებს 2022 წლის 2 მარტს ოფიციალურად, წერილობით აცნობეს.
„სახლი არის ავარიული და მასში ცხოვრება საფრთხეს უქმინის ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, საცხოვრებელი სახლი ექვემდებარება დემონტაჟს ან და არარენტაბელურია“, – ნათქვამია მერიის წერილში, რომელიც აქ მცხოვრებლებმა მერიისგან მიიღეს.
წერილის მიხედვით, მერია აქ მცხოვრებლებს სთავაზობს რეგისტრირებული ფართობის სანაცვლოდ იმავე ზომის გარემონტებულ ბინას ქალაქის სხვა ტერიტორიაზე, იმავე ტერიტორიაზე ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას და ახალ შენობაში იმავე ზომის ბინების გადაცემას. მერია მოსახლეობას ატყობინებს, რომ ამ ვარიანტებიდან განიხილავს ნებისმიერს, თუ მესაკუთრეების 100- პროცენტიანი თანხმობა იქნება.
ბათუმი. ბარათაშვილის #43. სახლი დასანგრევი შენობების სიაშია
„ბათუმელების“ ინფორმაციით, მსგავსი წერილები სხვა კორპუსების ამხანაგობების თავმჯდომარეებმაც მიიღეს.
ხელოვნებათმცოდნე სოფიო ჭანიშვილი ბარათშვილის #43-ში მდებარე ავარიული სახლის ერთ-ერთი მესაკუთრეა. ცალსახა გადაწყვეტვეტილება, რომ სახლი უნდა დაინგრეს, მისთვის მიუღებელია:
„ადგილი, სადაც ჩვენი სახლი დგას, ისტორიული ბათუმია, ეზოში არის რამდენიმე უსახური შენობა, რაც მოსაწესრიგებელია. ასევე, გვერდით ეზოში, მიმდინარეობს ახალი მშენებლობა არც თუ ისე სასურველი არქიტექტურით. ისტორიულ უბანში ღირებული ობიექტის დემონტაჟი არ არის მიზანშეწონილი. უნდა დაიწყოს კვარტალის ურბანული შესწავლა და დაგეგმარება. ამის შემდეგ უნდა გამოაშკარავდეს, რისი დემონტაჟია შესაძლებელი. ხაზს ვუსვამ – ეს შიძლება შეეხოს არაღირებულ ნაგებობებს.
ღირებული შენობებისთვის, როგორიც არის ბარათაშვილის 43, აუცილებელია პროექტის შედგენა. შეიძლება სახლზე ჩატარდეს რამდენიმე სახის გამაგრებითი სამუშაო, იმ შემთხვევაში, თუ შენობა მართლა ძალიან დაზიანებულია და საჭიროა ძველი კედლების მოშორება, უნდა შედგეს ადაპტაციის ან რესტავრაციის პროექტი. არის რამდენიმე ძალიან კონკრეტული მაგალითი, რითაც შესაძლებელია გადავარჩინოთ ისტორიული სახლები. მე მესმის მათიც, ვინც შესაძლოა უცებ მოაწერს ხელს პირობას, რადგან გაუსაძლისია ასეთ მდგომარეობაში ცხოვრება, მაგრამ ეს ერთგვარად ნდობაც არის ქალაქის მერიის მიმართ, რომელმაც ყველაფერი სწორედ უნდა გააკეთოს,“- ამბობს სოფო ჭანიშვილი.
„სიცოცხლისათვის საშიში სახლების“ ნუსხაში მოხვდა ბათუმში, ჰაიდარ აბაშიძის #21-ში მდებარე ორსართულიანი სახლიც. აქ მცხოვრებლების ინფორმაციით, რაზეც გადმოცემით იციან, სახლი 130 წლის წინ უნდა იყოს აშენებული. მის ფასადზე შემორჩენილია ქვის მასკარონები და ხის ფანჯრებიანი აივანი, ძველი მოაჯირით. სახლის ინტერიერს ჯერ კიდევ ამშვენებს ძველი ბათუმისთვის დამახასიათებელი ჩუქურთმებიანი ჭერი, როგორც ფოიეში, ასევე, საცხოვრებელ ოთახებში.
ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამაზე საუბრისას თორნიკე რიჟვაძეს არ უხსენებია უკვე არსებული პროგრამა მსგავსი დასახელებითა და მიზნებით, რომელიც აჭარის მთავრობამ რვა წლის წინ აამოქმედა.
„ქ. ბათუმში არასათანადო-არასტანდარტული საცხოვრისის ლიკვიდაციის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ“ დადგენილებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2014 წლის ივნისში მოაწერა ხელი.
არასათანადო-არასტანდარტული საცხოვრისის ათვისების პროგრამის მიზანი, როგორც მთავრობა გვიხსნიდა, ბარაკებში მცხოვრები მოსახლეობისთვის საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესების შესაძლებლობად უნდა ქცეულიყო. მისი დამტკიცებიდან მერვე წელს პროგრამის ფარგლებში მხოლოდ 15 პროექტი განხორციელდა.
პროგრამის ფარგლებში აჭარის მთავრობის თავმჯდომარის შუამდგომლობით, ბათუმის მერია დეველოპერებს სამშენებლო პროექტების სიმაღლის გაზრდაზე აძლევდა ნებართვებს. გარდა ამისა, სამთავრობო პროგრამა მათ უსახური საცხოვრებლების ათვისების სანაცვლოდ ბათუმის ზოგიერთ ზონაში კოეფიციენტის გაზრდის ანუ სიმაღლის გადასახადისგან ათავისუფლებდა.
რაც შეეხება ავარიული სახლების გადაწყვეტის გზების ასახვას ბათუმის გენგეგმაში. გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის ტექნიკური კოორდინატორი სოფო თოდუა ამბობს:
„ყველა სხვა პრობლემასთან ერთად, რაც კვლევის ფაზაში გამოიკვეთა, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სწორედ ამ ავარიულ ობიექტებს. ერთია, შესაბამისი დასკვნებით შეფასებული ავარიული ობიექტების დაფიქსირება და მეორე ის, რომ ჩვენ ქალაქი ვიზუალურად დავათვალიერეთ და რომელი შენობების მდგრადობაშიც ეჭვი გვეპარება, ესეც ასახულია დოკუმენტში. ჯერჯერობით ჩვენ საკვლევ ფაზაში ვართ, ხედვა და კონცეფცია იქნება მიღებული მონაცემების ბაზაზე. ვინაიდან ეს ქალაქისთვის მწვავე და უმთავრესი საკითხია, გადაწყვეტილებები მიღებული იქნება სტრაეგიულად, ამ ტიპის უბნები როგორ უნდა განვითარდნენ.“
სოფო თოდუას ინფორმაციით, გენგეგმასთან დაკავშირდებულ პირველად დოკუმენტებს კომპანია მერიას უახლოეს მომავალში გადასცემს და იქნება პრეზენტაციაც.
ფარნავაზ მეფისა და ქუთაისის ქუჩების კვეთა
სტატია მომზადებულია პროექტის, „გაიგე მეტი ბათუმზე“ ფარგლებში.
ბათუმში, დიასპორის ცენტრში ყოველდღე იკრიბებიან ომიდან ახალჩამოსული უკრაინელები – ქალები და ბავშვები. დიასპორის ცენტრი ბავშვებს ენის კურსებს, ცეკვის, სიმღერის, სპორტისა და ხატვის გაკვეთილებს სთავაზობენ.
დიასპორის ცენტს თითქმის ყოველდღე აკითხავს უკრაინელი ლტოლვილების ახალი ნაკადი ბავშვებით. ცენტრში ბავშვებისთვის რამდენიმე დღეა მოქალაქეებს სათამაშოები, ტკბილეული და სხვა საჭირო ნივთები მიაქვთ, რაც ბავშვებს გაახალისებთ.
ბათუმში უკრაინის დიასპორის ხელმძღვანელი, ნატალია მიროშნიჩენკო გვეუბნება, რომ მოქალაქეების ამგვარი, თუნდაც მცირე ძალისხმევა სრულიად ცვლის ომს გამორიდებულ ბავშვებთან მუშაობის პროცესს:
„მოდიან ჩვენთან და მოაქვთ სახატავი რვეულები, ფანქრები, ფლომასტერები, სათამაშოები, კანფეტები და შოკოლადები. ხალხის, არასამთავრობო ორგანიზაციების, აქტივისტების მონდომებით შევძელით ბავშვების გახარება ამ რთულ დროს. უზომოდ მნიშვნელოვანია ოდნავი ყურადღებაც კი.
დიასპორის ცენტს თითქმის ყოველდღე აკითხავს უკრაინელი ლტოლვილების ახალი ნაკადი ბავშვებით. ცენტრში ბავშვებისთვის რამდენიმე დღეა მოქალაქეებს სათამაშოები, ტკბილეული და სხვა საჭირო ნივთები მიაქვთ, რაც ბავშვებს გაახალისებთ.
შეიძლება უხერხული იყოს ამის საჯაროდ თხოვნა, მაგრამ იქნებ ვინმე გამოჩნდეს, ვინც შემოგვაშველებს სასკოლო ნივთებს, ტკბილეულს, ფეხბურთის ბურთებს, ლახტებს, წელზე სატრიალებელ რგოლებს და სახატავ საშუალებებს: სახატავ რვეულებს ფანქრებს და ფლომასტერებს, ძალიან სჭირდებათ ეს ყველაფერი ბავშვებს. გვაქვს ზემოთჩამოთვლილი ნივთები, მაგრამ იწურება ეს მარაგი“, – ამბობს ნატალია მიროშნიჩენკო.
დიასპორის ცენტს თითქმის ყოველდღე აკითხავს უკრაინელი ლტოლვილების ახალი ნაკადი ბავშვებით. ცენტრში ბავშვებისთვის რამდენიმე დღეა მოქალაქეებს სათამაშოები, ტკბილეული და სხვა საჭირო ნივთები მიაქვთ, რაც ბავშვებს გაახალისებთ.
უკრაინის დიასპორის ოფისი ბათუმში „მეგობრობის სახლშია“ განთავსებული მისამართზე: გრიბოედოვის 2ა. ოფისი ღიაა შაბათ-კვირის გარდა ყოველდღე: 2:30-დან 17:30-მდე. ოთხშაბათობით 12:00-დან 17:30-მდე.
დიასპორის ცენტს თითქმის ყოველდღე აკითხავს უკრაინელი ლტოლვილების ახალი ნაკადი ბავშვებით. ცენტრში ბავშვებისთვის რამდენიმე დღეა მოქალაქეებს სათამაშოები, ტკბილეული და სხვა საჭირო ნივთები მიაქვთ, რაც ბავშვებს გაახალისებთ.დიასპორის ცენტს თითქმის ყოველდღე აკითხავს უკრაინელი ლტოლვილების ახალი ნაკადი ბავშვებით. ცენტრში ბავშვებისთვის რამდენიმე დღეა მოქალაქეებს სათამაშოები, ტკბილეული და სხვა საჭირო ნივთები მიაქვთ, რაც ბავშვებს გაახალისებთ.
ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე, სასპორტო სკოლის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ორბი 170 მეტრი სიმაღლის კიდევ ორი შენობის აშენებას გეგმავს. ახალი შენობები „ორბი სითისა“ და ფიროსმანის ქუჩას შორის აშენდება და სიმაღლეში „ორბი სითის“ [უკვე აშენებულ ორ და ერთ მშენებარე] შენობებს გაუტოლდება. შესაბამისად, ამ კვარტალში საბოლოოდ 5 თაუერი იქნება.
170 მეტრი სიმაღლის შენობები, თითოეული 55-სართულიანი იქნება და ისინი შარტავასა და ხახუტაიშვილის ქუჩების გასწვრივ აშენდება. ამ ორ შენობას კი ერთმანეთთან 8-სართულიანი [40 მეტრი სიმაღლის] საერთო შენობა დააკავშირებს, რომელიც დღეს არსებული სასპორტო სკოლის ადგილას აშენდება. სამივე შენობა ერთი კომპლექსი იქნება.
„ორბი სითისა“ და დაგეგმილ შენობებს შორის გაკეთდება სამანქანე გზა, ტროტუარებით, რომელიც ფიროსმანის ქუჩის პარალელური იქნება და შარტავას გამზირს დააკავშირებს ხახუტაიშვილის ქუჩასთან.
მიწის ნაკვეთის, სადაც ახალი მშენებლობა იგეგმება, საერთო ფართობი 15 413 კვ.მ-ია. რაც შეეხება გამწვანებას, გეგმის მიხედვით, მას 2 480 კვ.მ ფართობი დაეთმობა.
ბათუმის მერიამ 2022 წლის 21 მარტს საქართველოს გარემოს დაცვისა და ჯანდაცვის სამინისტროებს აღნიშნულ ტერიტორიასთან დაკავშირებით „სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების სკრინინგის ანგარიში“ წარუდგინა. აღნიშნული მონაცემებიც ამ ანგარიშიდანაა.
ქალაქის მერიაში კი „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ „ორბს“ პროექტი ჯერ არ წარმოუდგენია და „დეტალური პროექტირება დაწყებულიც არ არის.“
საპროექტო ტერიტორია, სადაც ახალი შენობები უნდა აშენდეს [მარცხნივ] და გამწვანების გეგმა ამავე ტერიტორიისთვის / წყარო: სკრინინგის ანგარიში.სკრინინგის ანგარიშში აღნიშნულია, რომ „ამ ტერიტორიისთვის [სასპორტო სკოლასთან] მიმდინარეობს განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავება [ამ მისამართზე განაშენიანების კონცეფცია წინა მოწვევის საკრებულომ დაამტკიცა].
„განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავებისთვის, გეგმარებითი ერთეული მთლიანად მოიცავს 7 მიწის ნაკვეთს“ – „ორბი სითის“ და ახალ საპროექტო ტერიტორიას ერთად. მათი ჯამური ფართობი 45 467 კვ.მეტრია [„კომპლექსის ძირითად ნაწილში განთავსებული იქნება სასტუმრო ნომრები/აპარტამენტები, ხოლო ნაწილში (ძირითადად ე.წ. „სტილობატში“ და კომპლექსის ბოლო სართულებზე) განთავსდება სხვადასხვა ფუნქციური დანიშნულების საზოგადოებრივი და კომერციული ფართობები – რესტორნები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრები, ბრენდული მაღაზიები და სხვა“].
„გთხოვთ, განიხილოთ „სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების სკრინინგის ანგარიში“ და გვაცნობოთ თქვენი გადაწყვეტილება სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების საჭიროების თაობაზე“, – აღნიშნულია ბათუმის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის მიერ სამინისტროებში გაგზავნილ წერილში.
სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება [სგშ] – ეს არის „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ გათვალისწინებული სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელებით გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე შესაძლო ზემოქმედების შესწავლისა და ზოგადი პროგნოზირების პროცედურა.
სამინისტროებმა ამჯერად უნდა გადაწყვიტონ, საჭიროა თუ არა სგშ-ს ჩატარება.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით: „წარმოდგენილ სკრინინგის განცხადებასა და სტრატეგიულ დოკუმენტთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2022 წლის 4 აპრილის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი №6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge “
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქონება პირობიან აუქციონზე 19 მილიონ ლარად ჰქონდა გამოტანილი, ბიჯი 500 ათასი ლარი იყო. ქონება სწორედ ერთი ბიჯით გაიყიდა.
პირობის მიხედვით, „ორბს“ უფლება აქვს, სასპორტო სკოლის შენობა აჭარის მთავრობასთან შეთანხმებით დაანგრიოს, მის ადგილზე კი, მაქსიმუმ 5 წელში ანუ 2025 წლის აგვისტომდე აამოქმედოს მრავალფუნქციური კომპლექსი [რომელიც აუცილებლად მოიცავს და არ შემოიფარგლება არანაკლებ 100-ნომრიან სასტუმროს]; რაშიც არანაკლებ 60 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.
მეუღლის მხრიდან ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლმა, ახალგაზრდა ქალმა ორგანიზაცია „საფარს“ 2021 წლის დეკემბერში მიმართა. ორგანიზაციის იურისტებთან კონსულტაციის შემდეგ მან პოლიციას მისცა ჩვენება 6 თვის განმავლობაში მის მიმართ ჩადენილი დანაშაულის შესახებ.
2021 წლის დეკემბერში პოლიციამ სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო გამოძიება. რიგი საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ, 2022 წლის მარტში პროკურატურამ საქმე გადააგზავნა სასამართლოში.
დაზარალებულის ადვოკატის, თამარ ლუკავას ინფორმაციით, მოსამართლემ არ გაიზიარა პროკურორის შუამდგომლობა აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებაზე და დაკავებაზე და ბრალდებულს 1500 ლარიანი გირაო შეუფარდა:
„სამწუხაროდ, ბათუმის საქალაქო სასამართლომ არ გაითვალისწინა მთელი რიგი გარემოებები, რაც მიუთითებდა დაზარალებულის მიმართ არაერთგზის ჩადენილი სხვადასხვა დანაშაულის შემცველ ფაქტებს და ჩათვალა, რომ ბრალდების მიმართ აღმკვეთი ღონისძიების სახით 1500 ლარიანი გირაოს შეფარდება იყო მიზანშეწონილი და არ შეუფარდა პატიმრობა. გადაწყვეტილებას არ ვეთანხმებით და ვითხოვთ, რომ სააპელაციო სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით შეუფარდოს პატიმრობა ბრალდებულს.
1500 ლარი გირაო არ არის ის ოდენობა, რომელიც ბრალდებულისთვის შეიძლება იყოს შემაკავებელი, რომ მან არ ჩაიდინოს განმეორებითი დანაშაული, არ მოახდინოს ზემოქმედება მოწმეებზე და გაანადგუროს მტკიცებულებები. მეტიც გირაო საერთოდ არ უნდა ყოფილიყო ამ ტიპის დანაშაულზე გამოყენებული და უნდა შეეფარდებინა პატიმრობა, გამომდინარე იქიდან, რომ აქ ადგილი არ ჰქონია მხოლოდ ფსიქოლოგიურ ძალადობას, არაერთხელ განხორციელებული ძალადობას, გვაქვს რამდენიმე ეპიზოდი, გვაქვს საკმაოდ მძიმე ფაქტები.“
ადვოკატის ინფორმაციით, დაზარალებული „საფარს“ მხოლოდ მას შემდეგ დაუკავშირდა, როცა მეუღლეს არაოფიციალურად დაშორდა და საცხოვრებლად სხვაგან გადავიდა.
„მანამდე არც პოლიციისთვის მიუმართია. მოძალადისგან ცდილობდა თავის დაღწევას“.
ფინეთის პრემიერ-მინისტრი, სანა მარინი აცხადებს, რომ ევროპამ რაც შეიძლება მალე უნდა შეწყვიტოს წიაღისეული ენერგიის რუსეთისგან შეძენა.
„რუსეთისგან ენერგიის შეძენით ჩვენ ვაფინანსებთ პუტინის ომს უკრაინაში. ეს უნდა შეწყდეს.
რუსული იმპორტირებული ენერგიისგან თავის დაღწევა მოითხოვს ინვესტიციებს განახლებადი ენერგიის წარმოებაში. იმპორტის ალტერნატიული არხებიც აქტიურად უნდა იყოს გამოკვლეული. ეს არის სამუშაო, რომელსაც კომისია ამჟამად აკეთებს.
ფინეთი მხარს უჭერს დამატებით სანქციებს, მათ შორის, ენერგეტიკულ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ“ – წერს სანა მარინი ფეისბუქზე.
„თბილისი – იმის მერე რაც რუსეთმა 2008 წლიდან გაგიკეთათ – არ გრცხვენიათ?“ – უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, ოლეგ ნიკოლენკო, ტვიტერზე ქართულენოვან პოსტს აქვეყნებს. იგი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, რუსეთის ფედერაციის საბჭოს კომიტეტის თავმჯდომარის გრიგორი კარასინის განცხადებასთანდაკავშირებით მიმართავს.
„რუსეთის ფედერაციის საბჭოს კომიტეტის თავმჯდომარემ გრიგორი კარასინმა შეაქო საქართველო იმისთვის, რომ მან რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს მხარი არ დაუჭირა და „მადლობის გადახდა“ დაჰპირდა. თბილისი – იმის მერე, რაც რუსეთმა 2008 წლიდან გაგიკეთათ – არ გრცხვენიათ?“
რუსეთის ფედერაციის საბჭოს კომიტეტის თავმჯდომარემ გრიგორი კარასინმა შეაქო საქართველო იმისთვის, რომ მან რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს მხარი არ დაუჭირა და „მადლობის გადახდა“ დაჰპირდა. თბილისი – იმის მერე რაც რუსეთმა 2008 წლიდან გაგიკეთათ – არ გრცხვენიათ? @MFAgovge
24 მარტს გრიგორი კარასინმა „გაწონასწორებული“ უწოდა საქართველოს რეაქციას რუსეთისთვის დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებზე და თქვა, რომ ეს ფაქტი „შეუმჩნეველი არ დარჩება“.
ბათუმის მეორე საჯარო სკოლის რემონტის გამო მოსწავლეები ონლაინსწავლებაზე გადადიან. სკოლის გადაწყვეტილებას ზოგიერთი მშობელი აპროტესტებს, მათ მიაჩნიათ, რომ პანდემიის პერიოდში ბავშვები ისედაც დაზარალდნენ და ვერ მიიღეს ხარისხიანი განათლება.
„ახლა კი ვხედავთ, რომ ერთი მხრივ, თითქოსდა ბავშვების ინტერესების გამო ვაკეთებთ რემონტს, მეორე მხრივ კი, ვაზარალებთ მათ ყველაზე საუკეთესო ინტერესებს, მიიღონ ხარისხიანი განათლება,“ – ამბობს ერთ-ერთი მოსწავლის მშობელი, თამარ მამეიშვილი „ბათუმელებთან“.
„ჩემს შვილს პირველ კლასშიც ონლაინ მოუწია სწავლა, შემდეგ წელს კი პანდემიის გამო ასევე ხან ონლაინ სწავლობდნენ, ხან – სასკოლო სივრცეში.
ჩვენი შვილები ძალიან დაზარალდნენ პანდემიის დროს და უჭირდათ ადაპტირება. რა თქმა უნდა, სკოლის ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვანია, მაგრამ არა იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე ბავშვების განათლების უფლება და მათი სასკოლო სივრცეში ყოფნის უფლება. რემონტის მიზეზით ბავშვები ორი თვით ისევ სახლებში უნდა გამოვკეტოთ,“ – ამბობს თამარ მამეიშვილი.
მისი თქმით, 15 მშობელი დღეს, 25 მარტს, აპირებს განცხადებით მიმართოს სკოლის ადმინისტრაციას და განათლების სამინისტროსაც.
„ონლაინსწავლება ვერ იქნება სრულყოფილი ალტერნატივა ამ ბავშვებისთვის და ამაში დაგვარწმუნა ბოლო ორმა წელმა.
ალტერნატივა შეიძლება იყოს მცირეკონტინგენტიანი სკოლის შემოთავაზება, თუნდაც სივრცის დაქირავება. არ გვინდა, ჩვენს შვილებს შეეზღუდოთ სრულყოფილად სწავლის შესაძლებლობა სასკოლო სივრცეში.
ბოლო პერიოდში ბავშვები თითქოს იმუშავებენ მათთვის მნიშვნელოვან თვისებებს და უცებ, კიდევ ვუცვლით მათ გარემოს,“ – ამბობს ის.
თამარ მამეიშვილი ამბობს, რომ გადაწყვეტილება დირექციას მშობლებისთვის არ უცნობებია და ამის შესახებ მათ შემთხვევით გაიგეს შვილებისგან.
„მნიშვნელოვანი იყო, რომ გადაწყვეტილების მიღებაში მშობლებიც ყოფილიყვნენ ჩართული, მოესმინათ ჩვენი მოსაზრებებიც, გვემსჯელა და ისე მიეღოთ გადაწყვეტილება,“- გვითხრა თამარ მამეიშვილმა.
მეორე საჯარო სკოლის რეაბილიტაციის ესკიზი
„ბათუმელები“ მეორე საჯარო სკოლის დირექტორს მარიზა აბაშიძეს ესაუბრა. დირექტორის თქმით, სკოლის ადმინისტრაციას ონლაინსწავლების გარდა ამ ეტაპზე ბავშვებისთვის სხვა ალტერნატივის შეთავაზება არ შეუძლია.
„ონლაინრეჟიმით ვისარგებლებთ სასწავლო წლის ბოლომდე, გამოცდილება და რესურსი გვაქვს, “- ამბობს დირექტორი.
კითხვაზე, იცნობს თუ არა მშობლების პოზიციას ამ საკითხზე და ჰქონდა თუ არა სხვა ალტერნატივებზე საუბარი მათთან, დირექტორი ამბობს, რომ მისთვის არც ერთ მშობელს პრეტენზიით არ მიუმართავს.
„მე მშობლებისგან არც ერთი პრეტენზია არ მომსვლია. ინფიცირების გამო კლასების უმრავლესობას მაინც ონლაინსწავლა უწევდა. ახლა ძალიან დიდი საქმე კეთდება, სკოლას კაპიტალური რემონტი 2005 წლის შემდეგ არ ჩატარებია და ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანია.
ორ თვეზეა საუბარი. ხელშეკრულების მიხედვით, სკოლის რემონტი 15 სექტემბრამდე უნდა დასრულდეს. ახალი სასწავლო წელი გარემონტებულ შენობაში უნდა დავიწყოთ,“ – ამბობს დირექტორი.
მისი თქმით, მშობლებს მოთმინება მართებთ.
„სხვა გამოსავალი არ არის. რა ვქნათ, რემონტს ხომ ვერ გადავდებთ. ჩვენს სკოლაში 2030 ბავშვია, სად წავიყვანოთ ამდენი ბავშვი“ – ამბობს სკოლის დირექტორი.
დირექტორს ვკითხეთ, რადგან დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს უფრო მეტად სჭირდებათ გარკვეული უნარების განვითარება და მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია სასკოლო სივრცეში ყოფნა, ხომ არ უფიქრიათ, ამ საფეხურის ბავშვები მაინც რომ გაეყვანათ ალტერნატიულ სივრცეში?
მარიზა აბაშიძემ გვითხრა, რომ ვერც ეს გამოვა, რადგან ქალაქში ყველა სკოლა გადატვირთულია. „სად წავიდეთ, სად ვნახოთ ადგილი?!“ – ამბობს სკოლის დირექტორი.
ფინეთის ეროვნული სარკინიგზო ოპერატორი 28 მარტს შეაჩერებს ჰელსინკსა და სანქტ-პეტერბურგს შორის მიმოსვლას. ეს სარკინიგზო მარშრუტი ცნობილია როგორც „ალეგრო“ (Allegro). აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.
„ალეგროს“ მგზავრთა გადაყვანის ხელმძღვანელმა 25 მარტს განაცხადა, რომ კომპანიამ მითითება მომსახურების შეჩერებასთან დაკავშირებით სახელმწიფოსგან მიიღო. ამის მიზეზი, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გათვალისწინებით, საქმიანობის გაგრძელების მიზანშეუწონლობა აღმოჩნდა.
როგორც „როიტერსი“ წერს, პეტერბურგისა და ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკის დამაკავშირებელი მატარებლები გადატვირთულია რუსეთიდან ფინეთის მიმართულებით მიმავალი მგზავრებით, მას შემდეგ, რაც რუსეთი თავს დაესხა უკრაინას და რუსეთიდან ევროპის ქვეყნებთან დამაკავშირებელი საჰაერო მიმოსვლა შეწყდა.
ფინეთის მინისტრმა, ტიტი ტუპურაინენმა, რომელიც პასუხისმგებელია სახელმწიფო კომპანიებზე, ფინურ მედიასთან საუბარში აღნიშნა, რომ სარკინიგზო მიმოსვლა ამ დრომდე ნარჩუნდებოდა, რათა რუსეთში მყოფ ფინელებს შესძლებოდათ სამშობლოში დაბრუნება.
„ახლა აშკარაა, რომ სიტუაცია შეიცვალა და ალეგროს მოძრაობის გაგრძელება აღარ არის მიზანშეწონილი,“ – თქვა მან.
ფინეთსა და რუსეთს შორის საზღვარი კვლავაც ღიაა და ერთი ქვეყნიდან მეორეში გადასვლა სახმელეთო გზით (მანქანით) შესაძლებელია.
უკრაინის ალყაში მყოფი ქალაქის, მარიუპოლის რადას ცნობით, ქალაქში დრამატული თეატრის დაბომბვის შედეგად 300-მდე ადამიანი დაიღუპა.
ინფორმაციას მარიუპოლის რადა ტელეგრამზე თვითმხილველებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„სამწუხაროდ, ამ დღეს ცუდი ამბებით ვიწყებთ. თვითმხილველებისგან არის ინფორმაცია, რომ მარიუპოლის დრამატულ თეატრში რუსული თვითმფრინავის მიერ დაბომბვის შედეგად 300-მდე ადამიანი დაიღუპა,“ – წერს რადას არხი ტელეგრამზე.
მარიუპოლის თეატრი 16 მარტს, რუსეთის შეჭრიდან 21-ე დღეს დაბომბეს. სხვადასხვა წყაროს თანახმად, აქ 1000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფებოდა. თეატრი დაბომბეს იმის მიუხედავად, რომ მის წინ მოედანზე დიდი ასოებით ეწერა – „ბავშვები“.
ქალაქი ალყაშია და მას სისტემატურად ბომბავენ რუსეთის შეიარაღებული ძალები. მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო ამ დრომდე ვერ ხერხდება დაზუსტება, რამდენი ადამიანი დაიღუპა და დაშავდა მარიუპოლში.
რატომაა მნიშვნელოვანი მარიუპოლი
საქართველოს თავდაცვის ძალების ყოფილი მეთაურის, გენერალ-ლეიტენანტის ვლადიმერ ჩაჩიბაიას განცხადებით, მარიუპოლს ორივე მხარისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.
„მარიუპოლში არის საზღვაო პორტი, თუმცა მაშინ, როდესაც ყირიმისა და ქერჩის ნახევარკუნძულებს აკონტროლებს რუსეთი, აზოვის ზღვა და, შესაბამისად, მარიუპოლის პორტი მნიშვნელობას კარგავს. მარიუპოლს რუსეთისთვის ის დანიშნულება აქვს, რომ ყირიმამდე სახმელეთო გზის გაერთიანება სურს.
მეორეც, რუსეთი ვერ განავითარებს შეტევას სხვა მიმართულებით, სანამ მას ზურგში ანუ მარიუპოლში პრობლემები აქვს. ამიტომ ამ ქალაქის აღებას აქვს მნიშვნელობა არა მხოლოდ სამხედრო, არამედ რესურსების კუთხითაც, რადგან მარიუპოლის აღებით გამოთავისუფლდება გარკვეული ძალები სამომავლო შეტევისათვის. ამ ქალაქის აღების შემთხვევაში გამოჩნდება შეტევის ახალი მიმართულებები, რომელიც რუსეთს მანევრის ახალ გზებს გაუჩენს“, – უთხრა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ „ნეტგაზეთს“.
_____________
ფოტოზე: დაბომბილი მარიუპოლი, 22 მარტი, 2022 წელი. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA-EFE/MAXAR
თურქეთის პრეზიდენტი, რეჯებ ტაიპ ერდოღანი თურქეთში ეპატიჟება კომპანიებს, რომლებმაც რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ შეაჩერეს საქმიანობა რუსეთში.
„რუსეთს ტოვებენ არა მხოლოდ ამერიკული კომპანიები, არამედ სხვა მსოფლიო ბრენდები და მსხვილი ჯგუფები. რა თქმა უნდა, თურქეთის კარი ღიაა ყველასთვის, ვინც მოდის ჩვენს ქვეყანაში,“ – ერდოღანის ციტატას თურქული გამოცემა „ანადოლუ“ ავრცელებს.
გამოცემა ასევე წერს, რომ დღეს, 25 მარტს, შედგება დიალოგი ზელენსკისა და ერდოღანს შორის.
უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე პერიოდში რუსეთის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი აქვეყნებს. გენშტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 25 მარტამდე პერიოდში რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი ასეთია:
პერსონალი – დაახლოებით 16 100 ადამიანი
ტანკი – 561 ერთეული
ჯავშანტექნიკა / APV – 1 625 ერთეული
საარტილერიო სისტემა – 291 ერთეული
MLRS – 90 ერთეული
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 49 ერთეული
თვითმფრინავი – 115 ერთეული
ვერტმფრენი – 125 ერთეული
სატრანსპორტო საშუალება – 1 089 ერთეული
გემი / ნავი – 5 ერთეული
საწვავის ავზი – 72
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 53
სპეციალური აღჭურვილობა – 18
უკრაინის გენერალური შტაბი აცხადებს, რომ საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის ჯარს ამჟამად იმაზე მეტი ტანკი აქვს, ვიდრე ომის დაწყებამდე ჰქონდა – იუწყება „ფორბსი“. მიზეზი ნახეთ აქ:
ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, თუ რუსეთი უკრაინაში ქიმიურ იარაღს გამოიყენებს, აღნიშნულს მოჰყვება აშშ-ის პასუხი. ეს და სხვა განცხადებები აშშ-ის პრეზიდენტმა ბრიუსელში, ნატოს სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გაახმიანა.
რუსეთის შეჭრას უკრაინაში და იქ წარმოებულ ომს 135 უკრაინელი ბავშვი ემსხვერპლა, 200-მდე კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისი ავრცელებს.
ხულოს სასპორტო სკოლაში სხვადასხვა ასაკის 15 მოსწავლე სწავლობს ჭადრაკს. მოსწავლეები კვირაში 4-ჯერ იკრიბებიან სასპორტო სკოლაში და შედეგების გაუმჯობესებას ცდილობენ.
ხულოს სასპორტო სკოლაში ჭადრაკს იამზე ბოლქვაძე ასწავლის. როგორც იგი „ბათუმელებთან“ საუბრისას აღნიშნავს, მუნიციპალიტეტის მასშტაბით მოწყობილ ჭადრაკის შეჯიბრში მონაწილეობის მსურველი ყოველთვის ბევრია.
ბოლო წარმატებას ხულოელმა მოჭადრაკეებმა ამ წლის მარტში მიაღწიეს, როცა აჭარის ჭადრაკის პირველობისთვის გამართულ შეჯიბრში სხვა კატეგორიებში აღებულ საპრიზო ადგილებთან ერთად 8 წლამდე ასაკის გოგონების კატეგორიაში პირველობა ხულოელმა ანასტასია მელაძემ მოიპოვა.
იამზე ბოლქვაძე გვეუბნება, რომ მუნიციპალიტეტში ჭადრაკი მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ და სპორტის ამ სახეობის განვითარებას ხელს ხულოში ხანგრძლივი ზამთარიც უწყობს – ზამთარში ბავშვები ხშირად თამაშობენ ჭადრაკს სოფლის სკოლებში, სპორტის გაკვეთილზე, რადგან არ აქვთ სპორტდარბაზები ფეხბურთის, კალათბურთისა თუ ფრენბურთის სათამაშოდ.
შუაში – ანასტასია მელაძე
იამზე ბოლქვაძის თქმით, ჭადრაკის ხელშეწყობისთვის მნიშვნელოვანია ხულოში სპორტის მასწავლებლებმა ტრენინგები გაიარონ ჭადრაკის სწავლების ტექნიკის მიმართულებით, რადგან ბევრმა სკოლის მოსწავლემ, რომლებიც კარგად თამაშობენ ჭადრაკს, შესაძლოა თამაში მხოლოდ იმის გამო წააგოს, რომ არ იციან შეჯიბრისას თამაშის აუცილებელი წესები.
„პირველ რიგში, სპეციალისტები, ჭადრაკის მასწავლებლები გვჭირდება, რომლებიც ხულოში არ გვყავს.
მოდიან ხულოს სოფლებიდან ბავშვები, რომლებმაც იციან ჭადრაკი, მაგრამ არ იციან თამაშის წესები და შეჯიბრი შესაძლოა მხოლოდ ამიტომ წააგონ. ჭადრაკის სწავლება თამაშის წესების გაცნობით უნდა იწყებოდეს.
ეს პრობლემა ბოლო ორი წლის განმავლობაში როგორღაც დავამარცხეთ. ბავშვებმა წესები, ასე თუ ისე, შეჯიბრებების დროს ისწავლეს და სხვებს გაუზიარეს.
ჭადრაკის ფედერაცია ხელს გვიწყობს. ტრენინგები გვქონდა, გადამზადდა 8 სხვადასხვა სკოლის სპორტის მასწავლებელი, მაგრამ მათ ერთ წელიწადში ვერ მოსთხოვ შედეგს. ჭადრაკი ერთ და ორ თვეში შესასწავლი არ არის“, – ამბობს იამზე ბოლქვაძე.
მისი თქმით, ტრენინგი ერთი მასწავლებლისთვის ვერ ჩატარდება, ამიტომ ბევრმა მასწავლებელმა უნდა გამოთქვას ჭადრაკში გადამზადების სურვილი. იამზეს თქმით, სასურველია ამ საკითხით დაინტერესდნენ რესურსცენტრი და სკოლის დირექტორები.
იამზე ბოლქვაძეს სურს, ხულოს მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფელში მცხოვრებ მოსწავლეებს, რომლებიც ჭადრაკს კარგად თამაშობენ, ჭადრაკის დიდოსტატებთან მეცადინეობის შესაძლებლობა ჰქონდეთ.
„მას შემდეგ, რაც ჩვენს მოსწავლეებს ვასწავლით ჭადრაკს, რასაც ჩვენ შევძლებთ, შემდეგ უნდა დაფინანსდეს მათთვის ონლაინგაკვეთილები, რათა ამ ბავშვებმა დიდოსტატებთან იმეცადინონ უკეთესი შედეგებისთვის.
ჩვენ ჭადრაკის საბაზისო ცოდნას მივცემთ ბავშვებს, მაგრამ მეტი გვჭირდება. აქ, ხულოში, მშობლები დამატებით ამეცადინებენ სხვადასხვა საგანში ბავშვებს, მაგრამ ჭადრაკში – არა“, – ამბობს იამზე ბოლქვაძე.
იგი ამბობს, რომ ხულოს სხვადასხვა სოფლიდან მოსწავლეები დაბა ხულოში მდებარე სასპორტო სკოლაში სიარულს ვერ შეძლებენ ჭადრაკის შესასწავლად და ამიტომაცაა მნიშვნელოვანი, ჭადრაკი სკოლებში ისწავლებოდეს.
იამზე ბოლქვაძე ამბობს, რომ მუნიციპალიტეტში გამართული შეჯიბრები ბავშვებს მოსწონთ და ხულოს სასპორტო სკოლაშიც იზრდება ჭადრაკის სწავლის მსურველთა რიცხვი.
„როცა შეჯიბრიდან ერთ ბავშვს მიაქვს პრიზი თავის სოფელში, სხვა ბავშვებიც ინტერესდებიან ჭადრაკით. ხულოში გამართულ შეჯიბრებში მონაწილეობას 60-მდე ბავშვი იღებს, თანაც, შეზღუდვების გათვალისწინებით. კონკრეტულ კატეგორიაში ერთი სკოლიდან მაქსიმუმ ორი მოსწავლე შეიძლება მივიღოთ, მეტის რესურსი ფიზიკურად არ გვაქვს, შეჯიბრის დროს ვერსად დავსვამთ“, – ამბობს იამზე.
იამზეს თქმით, ბათუმში გამართულ შეჯიბრებებზე ხულოელი მოსწავლეები საჭადრაკო კლუბ „ნონას“ წევრებს უწევენ კონკურენციას, რაც, მისი თქმით, მნიშვნელოვანი მიღწევაა და ამიტომაც საჭიროა ხულოში ხელი შეეწყოს ჭადრაკის განვითარებას.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 25 მარტის 21 საათიდან 26 მარტის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, კვირას, 27 მარტს, ბათუმში წვიმაა მოსალოდნელი.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
დღისით: 8 – 13 გრადუსი
ღამით: 1 – 6 გრადუსი
შიდამთიან რაიონებში მოსალოდნელია:
დღისით: 3 – 8 გრადუსი სითბო
ღამით: 1 – 6 გრადუსი ყინვა
სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 28-29 მარტს, აჭარის სანაპირო რაიონებში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა, მთაში კი – თოვა.
ამინდის გრძელვადიანი პროგნოზის თანახმად, ბათუმში 29 მარტს გამოიდარებს.
უკრაინელმა პოლიციის გენერალმა ვიაჩესლავ აბროსკინმა მარიუპოლიდან ბავშვების ევაკუაციის სანაცვლოდ რუს ოკუპანტებს საკუთარი თავი მძევლად შესთავაზა. ამის შესახებ ის თავის ფეისბუქის გვერდზე წერს.
„ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე დავპირდი ქალაქის მოსახლეობას, რომ ომის შემთხვევაში აზოვთან ერთად დავიცავდი მარიუპოლს. აღმოჩნდა, რომ ომს ოდესაში შევხვდი, რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს მიმართულება მნიშვნელოვანი იყო რუსი ოკუპანტებისთვის, მაგრამ ვცდებოდი.
სრულიად დანგრეულ ქალაქში დღეს ბევრი ბავშვია დარჩენილი, რომლებიც ახლა რომ არ გადავარჩინოთ, უახლოეს დღეებში დაიღუპებიან, დრო იწურება.
ვთავაზობ რუს ოკუპანტებს – მომეცით საშუალება, რომ ბავშვები გამოვიყვანოთ მარიუპოლიდან, ცოცხალი ბავშვების ნაცვლად მე ჩემს თავს გთავაზობთ.
გთხოვ, გამიშვათ მარიუპოლში, რომ შევაგროვო ბავშვები და მოვახერხო მათი გამოყვანის ორგანიზება. სამი დღე მჭირდება ქალაქში. ბოლო საგუშაგოზე ბავშვებთან ერთად დაბრუნებისას თავს ტყვედ გაბარებთ.
მე ზუსტად ის გენერალი ვარ, რომელიც, ალბათ, ყველაზე ახლოსაა ცნობილ პოლკ „აზოვთან“, – წერს ვიაჩესლავ აბროსკინი ფეისბუქზე.
გენერალი ამბობს, რომ ეს მისი პირადი ინიციატივაა, რომ ამ პოსტის გამოქვეყნების შემდეგ მას სხვა ოფიცრებიც შეეხმიანნენ, რომლებიც მზად არიან გუნდთან ერთად გადაარჩინონ ბავშვები და შემდეგ კი ერთად ჩაბარდნენ.
_________________________
მთავარი ფოტო: ვიაჩესლავ აბროსკინი/ფეისბუქის გვერდიდან
საქართველოში 25 მარტის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 590 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში ვირუსით გარდაიცვალა 10 პაციენტი.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების590 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 255 შემთხვევა, აჭარაში – 28, იმერეთში – 81, ქვემო ქართლში – 20, შიდა ქართლში – 34, გურიაში – 60, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 46, კახეთში – 39, მცხეთა-მთიანეთში –10, სამცხე-ჯავახეთში –5, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში –12.
stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, 25 მარტის მდგომარეობით საქართველოში კოვიდსტატისტიკა ასეთია:
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 1 645 301 , ბოლო 24 საათში – 590
მათ შორის გამოჯანმრთელებული – 1 611 688 , ბოლო 24 საათში – 3 247
მათ შორის გარდაცვლილი – 16 698 , ბოლო 24 საათში – 10
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 20 918, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 18 675, PCR ტესტით – 2 243
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 2,82%, ბოლო 14 დღის – 5,14%, ბოლო 7 დღის – 3,86%
22 მარტს „ბათუმელებზე“ უკრაინის მოქალაქეების შესახებ დავწერეთ – 22 ადამიანზე, რომლებმაც ღამე ქუჩაში, მანქანებში გაათიეს, მათ შორის, 9 ბავშვია.
ეს ოჯახები ერთმანეთის ნათესავები არიან. უკრაინა რამდენიმე დღის წინ დატოვეს, ზოგიერთი მათგანი ხარკოვიდანაა, ზოგიერთი – კიევიდან. ამას ზრდასრულების პასპორტები და ბავშვების დაბადების მოწმობებიც ადასტურებს.
სტატიის გამოქვეყნებიდან მალევე უამრავი მოქალაქე დაგვიკავშირდა – დაახლოებით ნახევარ საათში ლტოლვილთა ოჯახებმა შეთავაზებებს შორის საუკეთესო ვარიანტზე შეაჩერეს არჩევანი და დასაბინავებლად თბილისისკენ გაეშურნენ.
„ბათუმელებში“ შემოსული ზარები შინაარსის მიხედვით ორ ნაწილად გაიყო: რეკავდნენ მოქალაქეები და დახმარების სურვილს გამოთქვამდნენ, დროებით საცხოვრებელს სთავაზობდნენ უკრაინის მოქალაქეებს, ან რეკავდნენ ჟურნალისტები, სხვადასხვა პარტიის პრესსამსახურები და გვაფრთხილებდნენ, რომ ადამიანებს, ვისზეც დავწერეთ, ჰქონდათ ძვირადღირებული ავტომანქანები, იწუნებდნენ შეთავაზებულ საცხოვრებელ პირობებს, იყვნენ პრეტენზიულები, ჩხუბობდნენ და თან არა უკრაინელები, არამედ ბოშები იყვნენ!
კი. ზუსტად ასე. გვაფრთხილებდნენ, რომ ბოშები იყვნენ ადამიანები, რომლებიც ქუჩაში ათევდნენ ბავშვებთან ერთად ღამეს.
ამ შინაარსის ზარებმა და – არამხოლოდ, აჩვენა, რომ ჩვენი საზოგადოების ნაწილისთვის: ოპოზიციური პოლიტელიტის, ჟურნალისტებისა და ხელისუფლებისთვის, ომის ბომბებს გამოქცეული არასლავური გარეგნობის ლტოლვილები თუ ძვირადღირებულ ავტომანქანებში ათევენ ღამეს, მაშინ არა უშავს.
მეტიც, „ბათუმელების“ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიამ მოამზადა სიუჟეტი პათოსით, რომ ბათუმში ძვირადღირებული ავტომანქანებით არიან ჩამოსული არა უკრაინელები, არამედ ბოშები, რომლებიც პრეტენზიულები არიან!
„ვინ სარგებლობს უკრაინელი დევნილების სტატუსით?“ – ამ მინაწერით დღესაც იძებნება აჭარის ტელევიზიის ფეისბუქგვერდზე სიუჟეტი. აჭარის ტელევიზია ამ სიუჟეტში არც პირდაპირ ტყუილს მოერიდა – ერთ მონაკვეთში ჟურნალისტი ამბობს, რომ „ამ ოჯახის წარმომადგენლები იყვნენ მოლდოვიდან“.
იმავე სიუჟეტში ძვირადღირებულ ავტომანქანებზე საუბრობს ბათუმის საკრებულოს წევრი პარტია „ლელოდან“, ირაკლი კუპრაძეც.
„ისინი ბოშების თემს წარმოადგენენ უკრაინიდან. რა თქმა უნდა, მათი წარმომავლობა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, რეალური საჭიროება რომ ჰქონოდათ. მოვიდნენ რამდენიმე ასეულათასიანი მანქანებით: პორშე კაიენით და პრადოს ჯიპებით. მათ არ ჰქონდათ იმის საჭიროება, რომ ჩვენ გაგვეწია დახმარება, მიუხედავად ამისა, მაინც შევთავაზეთ რიგი საცხოვრებლები, რაზეც უარი თქვეს“, – ამბობს ბათუმის საკრებულოს წევრი საზოგადოებრივი მაუწყებლის სიუჟეტში.
უამრავი კითხვა ჩნდება.
რას ნიშნავს „რეალური საჭიროება რომ ჰქონოდათ” მაშინ, როცა ღამე ქუჩაში გაათიე?
ავტომანქანა თუ მაქვს, თავშესაფარი არ მჭირდება?
დავუშვათ, ვარჩევ სახლებს პირობების მიხედვით, სადაც შემიფარებენ, რადგან მყავს 9 ბავშვი და დიახ, მჭირდება ნორმალური პირობები, არ მაქვს ამაზე ხმამაღლა საუბრის უფლება?
ომს გამოქცეული მხოლოდ მადლიერი, მშვიდად მოლაპარაკე ადამიანი მიიჩნევა დახმარების საჭიროების მქონე ლტოლვილად?
ომიდან ავტომანქანით გამოვიქეცი თუ ფეხით რა მნიშვნელობა აქვს, ამით იცვლება მთავარი ტრაგედია, რომ ომს გამოვექეცი?
დახმარების ღირს ლტოლვილად რომ ჩავითვალო, აუცილებლად ფეხშიშველი უნდა გავრბოდე სხვა ქვეყანაში თანაგრძნობის საკმარისი დოზის დასამსახურებლად?
თუ მოქალაქის პასპორტი, ბინადრობის მოწმობა მაქვს, რატომ არის მნიშვნელოვანი, რა ფესვები მაქვს და როგორი კანის ფერი?
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის სიუჟეტში უკრაინის მოქალაქე გარკვევით ამბობს, რომ შესთავაზეს სახლი მაღალ მთაზე, მეწყერსაშიშ ზონაში, სადაც ოჯახით დარჩენის შეეშინდათ. საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი კი, უწყვეტი პათოსით განაგრძობს, რომ ყველაფერი შესთავაზეს „უმადურ ბოშებს“, მათ კი არაფერი მოეწონათ.
ცხადზე ცხადია, რომ სიუჟეტით თითქოს რიგითი ბათუმელების ,,ღირსების” დაცვა, სინამდვილეში ხელისუფლების დაცვაა „უმადური ბოშებისგან“:
საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თინათინ ზოიძემ პირდაპირი მნიშვნელობით იცრუა, როცა თქვა, რომ ამ ოჯახებს დეპარტამენტისთვის არ მიუმართავთ – „ბათუმელები“ იმყოფებოდა უკრაინის დიასპორის ოფისში, როცა დიასპორის ხელმძღვანელმა, ნატალია მიროშნიჩენკომ 21 მარტს მრავალსულიანი ოჯახის დასაბინავებლად ნამდვილად მიმართა ტურიზმის დეპარტამენტს ცხელ ხაზზე. აქ მას უთხრეს, რომ დეპარტამენტი აჭარაში აბინავებს მხოლოდ იმ უკრაინელებს, რომლებიც ტურისტის სტატუსით პირველიდან 23 თებერვლის პერიოდში ჩამოვიდნენ საქართველოში და არა ლტოლვილებს.
სცადეთ, დარეკეთ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ცხელ ხაზზე: 577 909 093 და იკითხეთ, აბინავებს თუ არა სადმე სახელმწიფო ომიდან ჩამოსულ უკრაინელ ლტოლვილებს. დღესაც გეტყვიან, რომ – არა…
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის სიუჟეტს ფეისბუქზე ამ დროისთვის [21:10 საათი] 27 კომენტარი აქვს. ყველა მათგანი ბოშათა თემს ამცირებს და ლანძღავს – აქვეა სიძულვილის შემცველი არაერთი მოწოდება.
მაუწყებელი, რომელიც ჩვენი გადასახადებით ფინანსდება, არამხოლოდ სიძულვილს ავრცელებს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, პირდაპირ ქადაგებს ფაშიზმს.
„დავბინავდით და კარგად მოვეწყვეთ, მაგრამ ნეტა საერთოდ არ დაგეწერათ ჩვენზე”, – მოგვწერა აჭარის ტელევიზიის სიუჟეტის გასვლის შემდეგ ზემოხსენებული უკრაინელებიდან ერთ-ერთმა, ვოლოდიმირ ჩურონმა.
ვოლოდიმირმა გვითხრა, რომ ნახეს სიუჟეტი და წაიკითხეს ყველა კომენტარი, რაც მაუწყებლის გვერდზე იწერება მათ შესახებ მომზადებული მასალის ქვეშ:
„გვეძინება, ბათუმიდან თბილისამდე ვიარეთ, დავიღალეთ, ლაპარაკის თავი არ გვაქვს და ახლა ვკითხულობთ რა საშინელებებს წერენ ჩვენზე. გვირეკავენ, გვეკითხებიან ვინ ვართ და საიდან ვართ.
გვბომბავდნენ, ომი გვაქვს და ახლა აქ იმის მტკიცება გვიწევს, უკრაინის მოქალაქეები რომ ვართ. გაჩვენეთ პასპორტები, გესაუბრეთ უკრაინულად, მართლა არ ვიცით მეტი რა შეიძლება გავაკეთოთ იმის დასამტკიცებლად, რომ უკრაინიდან ვართ”, – გვითხრა მან.
ფეისბუქზე, აჭარის ტელევიზიის გვერდზე გამოქვეყნებული სიუჟეტის ქვეშ გამოქვეყნებული ყველა კომენტარი სიძულვილის ენის შემცველია
ქობულეთში, სოფელ ჯიხანჯურში, მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა. როგორც მერის წარმომადგენელმა, როინ გოგიტიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია, თუმცა ერთი ბინა მთლიანად დაიწვა.
როინ გოგიტიძის თქმით, ხანძრის შედეგად დამწვარ ბინაში ოთხი ადამიანი ცხოვრობდა.
„ბათუმელები“ ჯიხანჯურის ერთ-ერთი მცხოვრებს მამული სურმანიძესაც ესაუბრა. მისი თქმით, დამწვარი ბინა აგვისტოს ომის ვეტერანს, ავთანდილ ჯაყელს ეკუთვნოდა. ხანძრის დროს სახლში ორი მცირეწლოვანი ბავშვიც იმყოფებოდა.
„ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ავთანდილ ჯაყელის ბინა მთლიანად დაიწვა, მეზობლად მდებარე ბინა კი სანახევროდაა დამწვარი“, – გვითხრა მამული სურმანიძემ. მისი თქმით, დაზარალებული შშმ პირია.
ჯიხანჯურში მერის წარმომადგენლის, როინ გოგიტიძის თქმით, უბინაოდ დარჩენილ ოჯახს ქობულეთის მერია ბინას უქირავებს. „შემდეგ დადგინდება ზარალი და ამის მიხედვით გადაწყდება დახმარება“, – ამბობს ის.
„პირველი დღიდან სახლში არ ვცხოვრობ. ვცდილობ, სხვადასხვა ნაცნობთან გავჩერდე. ვიცი, დადიან და ჩემზე კითხულობენ, სად შეიძლება ვიპოვოთო“, – ამბობს 27 წლის ჟურნალისტი ხერსონიდან, კონსტანტინ რიჟენკო.
კონსტანტინი ხერსონის ოკუპაციის შემდეგაც მშობლიურ ქალაქში რჩება. იგი „ხერსონ ნიუსსიტის“ მთავარი რედაქტორია. გარდა იმისა, რომ გამუდმებით იცვლის ადგილს, უმკვლავდება კიბერთავდასხმებსა და ცდილობს გადამოწმებული ინფორმაცია გაავრცელოს, მოხალისეთა თვითორგანიზებულ ჯგუფს ეხმარება. ეს ჯგუფი ქალაქში ჰუმანიტარული დახმარების შეტანასა და დარიგებას ცდილობს.
მოქალაქეები კონსტანტინის „ტელეგრამზე“ აგზავნიან შეტყობინებებს, ავსებენ წამლებისა თუ პროდუქტების ბლანკებს და ელიან მისგან ინფორმაციას. გარდა დახმარებისა, იგი მოსახლეობას ეუბნება, რომ „ხერსონი ახსოვთ და მასზე საუბრობენ“.
ცდილობს ყველა მედიას ჩაეწეროს, მიუხედავად იმისა, რომ მას რუსი სამხედროები ეძებენ, არც საკუთარი თავის საჯაროდ იდენტიფიცირებას ერიდება: „ამაზე უარესი არაფერი იქნება. გამოაქვეყნეთ! ჩემს ქალაქში და ჩემს მიწაზე დასამალი არაფერი მაქვს“.
ჟურნალისტებისა და მოხალისეების გატაცება, მედიკამენტებისა და საკვების ნაკლებობა – ოკუპირებული ხერსონის ამ და სხვა პრობლემებზე, ქალაქის მცხოვრებლების განწყობაზე, „ბათუმელებთან“ „ხერსონ ნიუსსიტის“ მთავარმა რედაქტორმა, კონსტანტინ რიჟენკომ ისაუბრა.
კონსტანტინ,რა ვითარებაა ახლა ხერსონში?
ოკუპაციის პირობებში მაქსიმუმს ვცდილობთ. ვარიგებთ საკვებს, ვამზადებთ რეპორტაჟებს. ჟურნალისტებსა და აქტივისტებს გამუდმებით გვეძებენ, სახლში დადიან და თუ იპოვეს, მიჰყავთ. მთელ სახლს ჩხრეკენ, ტელეფონებს ამოწმებენ.
მე პირველი დღიდან სახლში არ ვცხოვრობ. ვცდილობ, სხვადასხვა ნაცნობთან გავჩერდე. ვიცი, დადიან და ჩემზე კითხულობენ, სად შეიძლება ვიპოვოთო.
დაკავებულებიდან, პრაქტიკულად, არავინ გაუთავისუფლებიათ. გათავისუფლებულები აწამეს და სცემეს. ისინი ჩუმად არიან და ამას თავიანთი დუმილითაც ადასტურებენ.
გუშინწინ იყო აქცია, ყუმბარები ესროლეს ხალხს. გუშინ კიდევ გამოვიდა ხალხი აქციაზე. კვამლის ხელყუმბარები ისროლეს. ხალხში შევარდნენ და ექვსი ადამიანი წაიყვანეს. დღეს ხალხმა შეკრება დაიწყო, მაგრამ მანქანები ყველა მხრიდან მოვიდნენ, რამდენიმე ადამიანი წაიყვანეს და დანარჩენები დაიშალნენ. [რუსი სამხედროები] ხალხს აპატიმრებენ.
როგორია რუსი ჯარისკაცების განწყობა?
მათი [ქვედანაყოფები] მუდმივად იცვლება. ყოველ ჯერზე უფრო და უფრო მკაცრები და უხეშები არიან.
ეს არის ჩვენი, თვითორგანიზებული მოძრაობა. არიან ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ დახმარება საკვებით, ვიღაცას – ფულით. ჩვენ ვცდილობთ დავეხმაროთ მათ, ვისაც ეს სჭირდება.
სამწუხაროდ, ხელისუფლების მხრიდან ცენტრალიზებული დახმარება არ არის. აქამდე არ მინახავს ხალხი, ვისაც ხელისუფლება დაეხმარა.
ოკუპაციის პირველ დღეებში ჟურნალისტი დემენტი ბელი ჰყვებოდა, რომ ჰუმანიტარული მდგომარეობა მძიმე იყო, ადგილი ჰქონდა მედიკამენტებისა და საკვების დეფიციტს. რა მდგომარეობაა ახლა?
მდგომარეობა უარესდება. ერთადერთი საკვების წყარო, რაც მოვიძიეთ, იყო შიდა ბაზარი – ფერმერებისგან.
წამლების მხრივ კატასტროფაა. სულ უფრო მეტი მოთხოვნა გვაქვს მედიკამენტებზე. დღეში საშუალოდ 300-400 განაცხადი შემოგვდის. მათი შოვნა კი არსად შეგვიძლია.
რუსეთის საოკუპაციო ძალები მოსახლეობას ჰუმანიტარული თვალსაზრისით, ალბათ, არ ეხმარება?
არა. ისინი ამბობენ, ჩვენ მხოლოდ ყირიმის ჰუმანიტარულ დახმარებას გაძლევთო. ყველაფერი დანარჩენი, როგორიცაა წამლები, არ არის.
მიდის ნერვებზე თამაში – ან იღებ რუსულ დახმარებას და ხდები შიდა პროპაგანდის ობიექტი, ან ზიხარ და შიმშილობ.
როგორი ვითარებაა ინფორმაციის მხრივ, არის თუ არა ინტერნეტი, უკრაინული არხები თუ არის ხელმისაწვდომი – თუ ინფორმაციის ერთადერთი წყარო რუსული არხებია?
ინტერნეტი ჯერ კიდევ არის, რუსული ცენზურის გარეშე.
პირველ დღეს მათ თავიანთი ტელეარხების მაუწყებლობა დაიწყეს, შემდეგ – უკრაინული არხების რუსულად თარგმნა.
თუ არ ვცდები, „ტელეგრამში“ დაწერეთ, რომ ხალხს ჰგონია მსოფლიომ დაივიწყა ხერსონიო, როგორია ხალხისგანწყობა?
იმის გამო, რომ ჩვენი ჯარები სწრაფად ვერ მოვიდნენ ჩვენთან და ვერ გვათავისუფლებენ, ადამიანებს უჩნდებათ განცდა, რომ ჩვენ ძალიან შორს ვართ და ჩვენთვის დიდწილად არავის სცალია. ხალხის განწყობა არ იცვლება. ოკუპაციაში ცხოვრობენ, ეშინიათ, გათავისუფლებას ელიან.
რა დახმარება შეუძლია მედიას და მსოფლიო საზოგადოებას?
მედიის როლია ანახოს, თუ რა ხდება.
ჩვენ გვაქვს კონტრაბანდული დერეფანი მიკოლაევამდე. მისი მეშვეობით შემოდის ჰუმანიტარული დახმარება, ხალხის გაყვანა და შემოყვანა. შესაძლებელი იქნებოდა, არაოფიციალურად მაინც, ყველაზე საჭირო მედიკამენტების ამ გზით შემოტანა, ამ წამლების სიები ყველგან არის. კარგი იქნებოდა, ხალხს ეს წამლები მიეღო. ჰუმანიტარული დერეფნის გახსნის საკითხი შესაძლოა კიდევ დიდხანს იდგეს.
ოთხი დღის წინ რეგიონის საზღვარზე [რუსმა სამხედროებმა] სამედიცინო ჰუმანიტარული დახმარების 14 სატვირთო მანქანა გააბრუნეს. ეს დახმარება რომ დაიყოს და მსუბუქი ავტომობილებით შემოვიდეს, ყველაზე საჭირო წამლები მაინც, შეიძლება ამ წამლების მოტანა ჩვენს მოხალისეთა ცენტრში, ჩვენ მათ დავარიგებდით. სანამ საკითხი ოფიციალურ დონეზე წყდება, ხალხი იღუპება. ყოველდღე ადამიანები წამლების გარეშე იხრჩობიან. არ ვიცი, კიდევ რამდენ ხანს გაძლებენ. მნიშვნელოვანია ამაზე საუბარი.
თქვენი მოხალისეების ცენტრი იატაკქვეშეთში მუშაობს, თუ საოკუპაციო ძალებმა იციან თქვენ შესახებ?
მათ იციან ჩვენ შესახებ, მაგრამ ჩვენ [ქალაქის] ცენტრიდან მოშორებით ვართ და ჯერ ვერ გვიპოვეს. სამხედროები მივიდნენ მოხალისეთა ჯგუფებთან, რომლებიც ცენტრში დახმარებას არიგებდნენ და მათ გაესაუბრნენ. ისინი [მოხალისეები] ჯერ კიდევ ვერ ამბობენ, რა მოხდა. ჯერჯერობით გაგვიმართლა, შეგვიძლია [ხალხის] დახმარება, მაგრამ არ ვიცი, რა იქნება შემდეგ.
თქვენ გარდა არიან თუ არა ქალაქში სხვა ჟურნალისტები, რომლებიც არ დაუკავებიათ?
პროუკრაინული ან ნეიტრალური პოზიციის მქონე კოლეგები ძირითადად დაიმალნენ. მხოლოდ ისინი მუშაობენ, ვისაც აშკარად პრორუსული პოზიცია ჰქონდა. იღებენ რეპორტაჟებს – პროპაგანდის სრული ნაკრები. მათ ჟურნალისტებსაც ვერ უწოდებ.
ცდილობენ, ზოგიერთი საიტი „დაჰაკონ“. ისინი ჩემი „ფეისბუქის“ და „ტელეგრამის“ გვერდის გატეხასაც ცდილობდნენ. არის მცდელობები, ზოგჯერ წარმატებული. ტელეგრამის არხები უფრო დაცულია და ძირითადად ვცდილობთ, იქ გავავრცელოთ ინფორმაცია.
მოქმედებს რუსული პროპაგანდა ადგილობრივ მოსახლეობაზე?
ისინი კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან რუსეთს. ჩვენი რეგიონი პრორუსულად მიიჩნეოდა მხოლოდ იმიტომ, რომ რუსულენოვანი იყო. გასული საუკუნის შუა ხანებში საწარმო გაიხსნა და აქ რუსეთიდან 60 ათასამდე მოქალაქე ჩამოიყვანეს. მოხდა ენების აღრევა და რუსული ენა დომინანტი გახდა.
ამიტომ მიიჩნეოდა, რომ რეგიონი პრორუსული იყო, თუმცა რუსულენოვანი ხალხი თავს უკრაინის ნაწილად მიიჩნევს. ხერსონის პრორუსულობა მითია, რომელსაც ავრცელებს რუსული პროპაგანდა და ზოგიერთი სასარგებლო იდიოტი დასავლეთ უკრაინიდან. განწყობა იყო და რჩება პროუკრაინული. ხალხს პროპაგანდის არ სჯერა.
___
ინტერვიუს ჩაწერის შემდეგ კონსტანტინს ვკითხეთ, ხომ არ შეექმნებოდა უსაფრთხოების დამატებითი რისკები მისი სახელისა და ფოტოს გამოქვეყნების შემთხვევაში. მან ასე გვიპასუხა: „გამოაქვეყნეთ. ჩემს ქალაქში და ჩემს მიწაზე დასამალი არაფერი მაქვს“.
დღეს, 24 მარტს, დაახლოებით 18:36 საათზე, საქართველოში მიწისძვრა მოხდა.
პირველადი ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრე 4.1 მაგნიტუდა იყო.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციის თანახმად, მიწისძვრის ეპიცენტრი დმანისთან მდებარე სოფელი სამებაა, სადაც 4.0 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა გუშინაც.
საქართველოს მოქალაქეს თურქეთის რესპუბლიკაში გამგზავრება ნებისმიერი მიზნით შეუძლია, თუმცა პანდემიის პერიოდში მოქმედებს გარკვეული რეგულაციები.
დღევანდელი მდგომარეობით, საზღვრის კვეთისას სავალდებულოა საქართველოს მოქალაქემ თურქეთის მხარეს წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტებიდან ერთ-ერთი მაინც:
კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტი [ვაქცინის ბოლო დოზიდან გასული უნდა იყოს 14 დღე];
ან ბოლო 6 თვის განმავლობაში COVID19-ით ინფიცირების დამადასტურებელი დოკუმენტი [6 თვე აითვლება პირველი პოზიტიური PCR-ტესტის ჩატარების თარიღიდან 28 დღის შემდეგ];
ან თურქეთში გამგზავრებამდე უკანასკნელი 48 საათის განმავლობაში ჩატარებული სწრაფი ტესტი, ან 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR-ტესტის უარყოფითი შედეგის დამადასტურებელი დოკუმენტი [სავალდებულოა 12 წლის ასაკიდან].
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული რეგულაცია არ ეხება ტრანზიტულ მგზავრებსა და ეკიპაჟის წევრებს.
ამასთან, ბათუმში თურქეთის საკონსულოს ინფორმაციით, მოქალაქეებისთვის გაუქმდა სპეციალურ ვებგვერდზე რეგისტრაციის ვალდებულება.
სამინისტრო ასევე აფრთხილებს მოქალაქეებს, რომ მგზავრობის რეგულაციები პანდემიის პერიოდში შეიძლება სწრაფად შეიცვალოს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოქალაქეს უვიზოდ მიმოსვლის უფლება აქვს რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის, თურქეთში.
საქართველოში შემოსვლის პირობები საქართველოს მოქალაქისთვის
რაც შეეხება საქართველოში შემოსვლას:
2022 წლის 28 მარტიდან ნებისმიერი ქვეყნიდან [მათ შორის თურქეთიდან] საქართველოში PCR ტესტის გარეშე შემოსულ საქართველოს მოქალაქეს თვითიზოლაციის ვალდებულება აღარ ექნება.
28 მარტამდე კი:
ქვეყანაში შემოსულმა საქართველოს მოქალაქემ, თუ ის ვაქცინირებულია, საზღვარზე უნდა წარადგინოს ნებისმიერი ვაქცინის სრული კურსის [ორი დოზა, ხოლო Johnson&Johnson-ის შემთხვევაში ერთი დოზა] დამადასტურებელი დოკუმენტი [ამ შემთხვევაში ის თვითიზოლაციაში არ გადავა].
არავაქცინირებულმა საქართველოს მოქალაქემ კი, საქართველოში შემოსვლისას საზღვარზე უნდა წარადგინოს საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR-ტესტის ნეგატიური პასუხი [ამ შემთხვევაში ის, სურვილისამებრ, გადაინაცვლებს 5-დღიან თვითიზოლაციაში, ანუ მისთვის თვითიზოლაცია სავალდებულო არ არის];
იმ შემთხვევაში, თუ არავაქცინირებულ საქართველოს მოქალაქეს საზღვარზე შემოსვლისას არ აქვს PCR ტესტის პასუხი, მან უნდა გაიაროს 5-დღიანი სავალდებულო თვითიზოლაცია.
დღეს, 24 მარტს, ტუბერკულოზის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღე აღინიშნება.
როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, ბოლო პერიოდში აჭარაში ტუბერკულოზის შემცირების ტენდენცია აღინიშნება. სამინისტროს განცხადებით, 2030 წლისათვის დაავადების მაჩვენებელი 90%-ით უნდა შემცირდეს.
ტუბერკულოზის მკურნალობა ბიუჯეტიდან სრულად ფინანსდება.
ამ დღესთან დაკავშირებით, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ ბათუმში, დევნილთა დასახლებაში, ინტეგრირებული სკრინინგი ჩაატარა როგორც ტუბერკულოზზე, ასევე აივ ინფექცია/შიდსზე, C ჰეპატიტსა და COVID 19-ზე.
გასულ წელს, ამ პროგრამის ფარგლებში, ბათუმსა და ქობულეთში 27 133 პირს ჩაუტარდა სკრინინგი. სკრინინგის შედეგად გამოვლინდა C ჰეპატიტის 195 დადებითი შემთხვევა, აივ ინფექცია/შიდსზე – 4 და ტუბერკულოზზე – 17 შემთხვევა, 18 წელს გადაცილებულ პირებში.
აჭარის რეგიონი გლობალური ფონდის პროექტს – „ნულოვანი ტუბერკულოზის ინიციატივა“ 2018 წელს შეუერთდა.
1994 წელს, ბუდაპეშტის მემორანდუმით, უსაფრთხოების გარანტიების შესახებ უკრაინა მიუერთდა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულებას. მემორანდუმის მხარეებმა – შეერთებულმა შტატებმა, რუსეთმა და ბრიტანეთმა, აიღეს ვალდებულება „პატივი სცენ უკრაინის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და არსებულ საზღვრებს“ და „თავი შეიკავონ ქვეყნის წინააღმდეგ მუქარისგან ან ძალის გამოყენებისგან“.
ამ გარანტიებმა გადამწყვეტი როლი ითამაშა უკრაინის მთავრობის დარწმუნებაში, დაეთმო მსოფლიოს სიდიდით მესამე ბირთვული არსენალი, რომელიც შედგებოდა დაახლოებით 1900 სტრატეგიული ბირთვული ქობინისგან.
2022 წლის 27 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან მეოთხე დღეს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან და გენშტაბის უფროსთან – ვალერი გერასიმოვთან შეხვედრისას, შეკავების ძალების სპეციალურ საბრძოლო მზადყოფნის რეჟიმზე გადასვლის შესახებ გასცა ბრძანება.
შესაბამისად, რუსეთი დანარჩენ მსოფლიოს უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენებით დაემუქრა.
ვლადიმერ პუტინის მტკიცებით, უკრაინა საკუთარი ბირთვული იარაღის შექმნას გეგმავს. ამის შესახებ მან ე.წ. „დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების“ აღიარებისდამი მიძღვნილი მიმართვისას განაცხადა:
„უკვე გახმიანდა განცხადებები, რომ უკრაინა საკუთარი ბირთვული იარაღის შექმნას გეგმავს. ეს ცარიელი ყოყოჩობა არ არის. უკრაინას მართლაც რომ აქვს ჯერ კიდევ საბჭოთა ბირთვული ტექნოლოგიები და მათი [მიზნამდე] მიტანის ინსტრუმენტები…
ამგვარად, უკრაინისთვის ბირთვული იარაღის შექმნა უფრო მარტივი იქნება, ვიდრე ზოგი სხვა ქვეყნისთვის… განსაკუთრებით, საზღვარგარეთიდან ტექნოლოგიური მხარდაჭერის შემთხვევაში, არც ეს უნდა გამოვრიცხოთ.
ჩვენ არ შეგვიძლია, ამ რეალურ საფრთხეზე რეაგირება არ მოვახდინოთ“.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი განაცხადა, რომ უკრაინა მოახდენს ბუდაპეშტის მემორანდუმის მონაწილე სახელმწიფოების კონსულტაციების ინიცირებას.
უკრაინის მაღალი თანამდებობის პირები მუდმივად აცხადებენ, რომ ბუდაპეშტის მემორანდუმმა ვერ უზრუნველყო მათი ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა.
რუსეთმა ეს მემორანდუმი ჯერ კიდევ 2014 წელს დაარღვია ყირიმის ანექსიით.
ცნობისთვის, 2010 წელს, პრეზიდენტ იანუკოვიჩის დროს, უკრაინამ კანონმდებლობით განსაზღვრა უბლოკო სტატუსი. მიუხედავად ამისა, 2014 წელს რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა, მანამდე კი წინააღმდეგობა გაუწია უკრაინის მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერას. მაიდნის მოვლენების შედეგად ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, 2014 წლის დეკემბერში, უკრაინამ უბლოკო სტატუსზე უარი თქვა.
რუსეთი 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა უკრაინაში და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
___
მთავარი ფოტო: 1994 წლის 5 დეკემბერი. რუსეთის პრეზიდენტი ბორის ელცინი [მარცხნივ], ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბილ კლინტონი, უკრაინის პრეზიდენტი ლეონიდ კუჩმა და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ჯონ მეიჯორი ხელს აწერენ ბუდაპეშტის მემორანდუმს.
უკრაინაში ერთთვიანმა ომმა 4,3 მილიონი ბავშვის იძულებით გადაადგილება გამოიწვია, ეს შეადგენს უკრაინის ბავშვების მოსახლეობის [7,5 მილიონი ბავშვი] ნახევარზე მეტს – წერს UNICEF-ი ახალ ანგარიშში.
4,3 მილიონიდან 1,8 მილიონზე მეტი უკრაინელი ბავშვი მეზობელ ქვეყნებში გადავიდა, როგორც ლტოლვილი და 2,5 მილიონი ბავშვი იძულებით გადაადგილებული გახდა უკრაინის შიგნით.
უკრაინაში მიმდინარე ძალადობის გამო შექმნილი ბავშვთა უფლებების კრიზისი შეიძლება თაობების განმავლობაში გაგრძელდეს – ამბობს იუნისეფი.
„ომმა გამოიწვია ბავშვების ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი გადაადგილება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ”, – თქვა UNICEF-ის აღმასრულებელმა დირექტორმა კეტრინ რასელმა, „ეს არის საშინელი ეტაპი, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს ხანგრძლივი შედეგები მომავალი თაობებისთვის. ბავშვების უსაფრთხოება, კეთილდღეობა და ძირითადი სერვისების ხელმისაწვდომობა, ყველაფერი საფრთხის ქვეშაა უწყვეტი საშინელი ძალადობის გამო“.
უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის ინფორმაციით, რუსეთის შეჭრიდან ერთ თვეში დაიღუპა 128 ბავშვი, დაიჭრა – 172-ზე მეტი.
UNICEF: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ბოლო ოთხი კვირის განმავლობაში დააფიქსირა 52 თავდასხმა უკრაინის ჯანდაცვის დაწესებულებებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით, ხოლო უკრაინის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ განაცხადა, რომ დაზიანდა 500-ზე მეტი სასწავლო დაწესებულება.
დაახლოებით 1,4 მილიონ ადამიანს უკრაინაში ახლა არ აქვს წვდომა უსაფრთხო წყალზე, 4,6 მილიონ ადამიანს აქვს შეზღუდული წვდომა წყალზე ან ემუქრება წყლის გათიშვის საფრთხე. 6-დან 23 თვემდე ასაკის 450 000-ზე მეტ ბავშვს სჭირდება დამატებითი საკვებით დახმარება.
UNICEF-ის ცნობით, ჰუმანიტარული დახმარების უსაფრთხო, სწრაფი და შეუფერხებელი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, მიუხედავად ინტენსიური მცდელობისა, მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება უკრაინის ყველაზე დაზარალებულ რაიონებში.
_____________________________
ფოტოზე: ვიკა, უკრაინელი ლტოლვილი ოდესიდან, აჭმევს თავის 2 წლის შვილს პოლონეთიდან ჩეხეთისკენ მიმავალ მატარებელში. 2022 წლის 5 მარტი.
ფოტო: EPA-EFE/MARTIN DIVISEK
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება გამოეხმაურა რუსეთის მოთხოვნას „არამეგობრული ქვეყნებისადმი“, ბუნებრივი აირის საფასური რუბლში გადაიხადონ. კულებას თქმით, თუ ამ მოთხოვნას ევროკავშირის რომელიმე წევრი დაეთანხმება, ეს იქნება „ერთი ხელით უკრაინის, ხოლო მეორით რუსების დახმარება უკრაინელების მკვლელობაში“.
If any EU country bows to Putin’s humiliating demands to pay for oil and gas in rubles, it will be like helping Ukraine with one hand and helping Russians kill Ukrainians with the other. I urge relevant countries to make a wise and responsible choice.
„თუ ევროკავშირის რომელიმე ქვეყანა თავს დაუხრის პუტინის შემარცხვენელ მოთხოვნას ნავთობისა და გაზის საფასურის რუბლში გადახდის თაობაზე, ეს იქნება ერთი ხელით უკრაინის, ხოლო მეორით რუსების დახმარება უკრაინელების მკვლელობაში. მოვუწოდებ ყველა შესაბამის ქვეყანას, გააკეთოს ბრძნული და პასუხისმგებლიანი არჩევანი“, – წერს დმიტრო კულება.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე გამოეხმაურა პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მოწოდებას მსოფლიოს მოსახლეობისადმი, გამოვიდნენ ქუჩებში და მხარი დაუჭირონ უკრაინას.
„პრეზიდენტ ზელენსკის მიმართვას მსოფლიოს ყველა თავისუფალი ადამიანისადმი: დღეიდან, 24 მარტიდან, დაწყებული უკრაინის მხარდასაჭერად, გახდით ხილულები თქვენი ქალაქების ქუჩებში. მოდით, გავაფერადოთ მსოფლიო ყვითელი და ლურჯი – თავისუფლებისა და ღირსების საერთაშორისო ფერებში“, – წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.
I reiterate President @ZelenskyyUa’s call to all the free people of the world: starting today, March 24th, make yourselves visible in the streets of your cities in support of Ukraine. Let’s paint the world yellow and blue, the worldwide colors of freedom and dignity 🇺🇦🇺🇦🇺🇦!
24 მარტს რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან ერთი თვე გავიდა. დღეს უპრეცედენტო, ერთ დღეში სამი – ნატოს, დიდი შვიდიანის (G7) და ევროკავშირის – სამიტი იმართება. ევროპაში იმყოფება აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც.
ამერიკული ვიდეოთამაშებისა და პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერულმა და გამომცემელმა კომპანია „ეპიკ გეიმსმა“ (Epic Games) უკრაინაში ომის შედეგად დაზარალებულთა ჰუმანიტარული დახმარებისთვის 50 მილიონი ამერიკული დოლარი შეაგროვა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს. ამ თანხის მობილიზება 2 დღეში მოხერხდა.
როგორც BBC-ი წერს, აღნიშნული თანხა უფრო მეტია, ვიდრე რომელიმე ქვეყანამ ამ დრომდე გამოყო.
„ეპიკ გეიმსის“ განცხადებით, მისი ერთ-ერთი ონლაინვიდეო თამაშის – „ფორტნაითის“ (Fortnite) თამაშის გაყიდვებიდან, 20 მარტიდან 3 აპრილამდე მიღებულ შემოსავალს მთლიანად მიმართავს უკრაინაში საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებულთა ჰუმანიტარული დახმარებისთვის. როგორც გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, „იქს ბოქსი“ (Xbox) ამ პერიოდში მიღებული წმინდა მოგების დონაციით უერთდება ინიციატივას.
As of today, we’ve raised $50 million USD together in humanitarian relief funds to support people affected by the war in Ukraine.
კომპანიაში აცხადებენ, რომ თანხას ოპერაციის დაფიქსირებისთანავე გადარიცხავენ მიმღებ ორგანიზაციებში და არ დაელოდებიან ოპერაციების განხორციელებასთან დაკავშირებული პროცედურების დასრულებას.
Epic’s fundraising joins other efforts by games companies and their fans to raise money for the victims of the war in Ukraine.
„ბიბისის“ ცნობით, „ეპიკ გემსის“ კამპანიამ თამაშების სხვა კომპანიები და მათი ფანებიც შეახალისა უკრაინის ომით დაზარალებულთა დასახმარებლად ფულის შესაგროვებლად.
ბათუმის მერიის განცხადებით, შპს „ზიმო 7“-მა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა, რის გამოც ბაგრატიონის ქუჩაზე [შარტავას წრიულიდან ვაჟა-ფშაველას ქუჩამდე] სარეაბილიტაციო სამუშაოების დასასრულებლად ახალი ტენდერი გამოცხადდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ახალი სატენდერო პროცედურების დასრულებამდე და გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებამდე ამ ქუჩის გარკვეული ნაწილი ისევ გადაკეტილი იქნება.
ბაგრატიონის ქუჩის აღნიშნული მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ „ზიმო 7“-ს 2021 წლის 26 მარტს 8 646 623 ლარზე გაუფორმა ხელშეკრულება.
ბათუმის მერიამ ინფორმაცია „ზიმო 7“-თან ხელშეკრულების შეწყვეტაზე დღეს, 24 მარტს, გაავრცელა. „ბათუმელების“ მიერ დოკუმენტების გადამოწმებით კი აღმოჩნდა, რომ კომპანიასთან ხელშეკრულება ერთი თვით ადრე, 24 თებერვლიდან შეწყდა – მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს დირექტორის 28 თებერვლის ბრძანებით.
დოკუმენტების მიხედვით, 11 თვის განმავლობაში კომპანიამ მხოლოდ მეოთხედი ანუ 2 704 841 ლარის ღირებულების სამუშაოები შეასრულა. მერიის განცხადებით, ეს „სამუშაოების წარმოების ძალიან დაბალ ტემპზე მიუთითებდა“.
შესყიდვების პორტალზე არსებული დღევანდელი მონაცემებით კი, კომპანიისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 2 569 599 ლარია [სახელშეკრულებო თანხის 30%] გადარიცხული. ბოლო გადარიცხვა კი [449 ათას 45 ლარი] 2022 წლის 16 თებერვლით თარიღდება.
„ჩვენ არაერთხელ გავაფრთხილეთ კომპანია როგორც ზეპირსიტყვიერად, ასევე წერილობით, თუმცა ვითარება არ შეცვლილა. იმის საფუძველზე, რომ კომპანიის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ტემპი არადამაკმაყოფილებელი იყო, ხშირ შემთხვევაში სამუშაოები შეჩერებული იყო და ირღვეოდა უსაფრთხოების წესები, რაც ასევე იწვევდა მოსახლეობის უკმაყოფილებას, მივიღეთ გადაწყვეტილება „ზიმო 7“-თან გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე“, – ამბობს ბათუმის მერია.
მათივე ინფორმაციით, ხელშეკრულების შეწყვეტამდე ბოლო ერთი თვის პერიოდში ობიექტზე არ იყო განხორციელებული არანაირი ტიპის სამუშაო და „სპეციფიკიდან გამომდინარე, შეუძლებელი იყო პროექტის დასრულება სახელშეკრულებო ვადებში, რასაც ადასტურებს დაქირავებული საზედამხედველო კომპანია ამხანაგობა „ასკ და უნიპროფჯგუფი“.
ამ ეტაპზე „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში“ დანიშნულია ექსპერტიზა შესრულებული სამუშაოების ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით“.
მერიის განცხადებით, ექსპერტიზის საფუძველზე კორექტირდება საპროექტო-სახარჯთააღრიცხვო დოკუმენტაციაში სამუშაოთა მოცულობები და გამოცხადება ახალი ტენდერი.
„ბათუმელები“ შეეცადა დაკავშირებოდა „ზიმო 7“-ის წარმომადგენლებს, თუმცა კომპანიაში ჩვენს ზარებს არ უპასუხეს.
რა ეტაპზეა ახალი ტენდერის გამოცხადებისთვის საჭირო პროცედურები და დაახლოებით როდის გამოაცხადებენ ტენდერს? – ამ კითხვაზე პასუხად საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოში გვითხრეს, რომ ახალი ტენდერი დაახლოებით 23 დღეში გამოცხადდება.
ბაგრატიონის ქუჩა დღეს. ამ ქუჩის რეაბილიტაცია ერთი წლის წინ დაიწყობაგრატიონის ქუჩა დღეს. ამ ქუჩის რეაბილიტაცია ერთი წლის წინ დაიწყო
„ერთი თვე დასჭირდა ხელშეკრულების შეწყვეტის პროცედურებს. ექსპერტიზის დასკვნის მიღების შემდეგ კი ახალი ტენდერი გამოცხადდება. ჩვენ კომპანიის მიმართ დავალიანება არ გვქონია, თანხებს ვურიცხავდით შესრულებული სამუშაოების მიხედვით.
ამ დროის მანძილზე კომპანია გვეუბნებოდა, რომ შეძლებდნენ ჯგუფების დამატებას და სამუშაოების დროულად დასრულებას, რაც ვერ გააკეთეს. ბოლო პერიოდში კი საერთოდ შეაჩერეს სამუშაოები,“- ამბობს სამმართველოს უფროსი აკაკი ბერიძე.
მისი თქმით, ახალი ტენდერი ზუსტად რა თანხაზე გამოცხადდება, ჯერ დაზუსტებული არ არის.
დაბა ხულოში სახელოვნებო სკოლისა და სამხატვრო გალერეის მშენებლობისთვის 1 491 915 ლარია გამოყოფილი. თანხას ხულოს მუნიციპალიტეტი აჭარის 2022 წლის ბიუჯეტიდან კაპიტალური ტრანსფერის ფარგლებში მიიღებს. მუნიციპალიტეტმა ტენდერი უკვე გამოაცხადა.
მარცხნივ – ადგილი ხულოში, სადაც გალერეა აშენდება / მარჯვნივ – გალერეა, რენდერი / ფოტოები ტენდერიდან
ტენდერში წინადადებების მიღება 2022 წლის 7 აპრილს დაიწყება და ხუთ დღეში, 12 აპრილს, დასრულდება. პროექტი, რომლის მიხედვითაც ახალი შენობა უნდა აშენდეს, სატენდერო დოკუმენტაციას თან ერთვის.
მშენებლობა 480 დღეში უნდა დასრულდეს, ოღონდ შემდეგი პირობით: 2022 წელს მომწოდებელმა სამუშაოები უნდა დაიწყოს პირველი მაისიდან და უნდა დაასრულოს არაუგვიანეს 214 დღეში, ხოლო 2023 წელში მომწოდებელმა დარჩენილი სამუშაოები უნდა დაიწყოს პირველი მარტიდან და უნდა დაასრულოს არაუგვიანეს 266 კალენდარულ დღეში.
სკოლა/გალერეის შენობა დაბა ხულოში, რუსთაველის ქუჩაზე აშენდება. შენობის სიმაღლე 13 მეტრი, ხოლო მოცულობა 1 282.5 კვ/მ იქნება.
ხულო / სამხატვრო სასწავლებელი და გალერეა / რენდერი პროექტიდან
განმარტებითი ბარათიდან:
„პროექტის მიზანია დაბა ხულოში, რუსთაველის ქუჩაზე, სახელოვნებო სკოლის და სამხატვრო გალერეის შენობის მოწყობა თავისი ინფრასტრუქტურით;
საპროექტო შენობაში განთავსებული იქნება:
პირველ სართულზე – გალერეის ადმინისტრაცია, პერსონალი და ტექ. სათავსოები
მეორე სართულზე – სამუსიკო კლასები, ადმინისტრაცია, პერსონალი
მესამე სართულზე – თექას შემსწავლელი კლასი, ხეზეჭრის შემსწავლელი კლასი, ანიმაციის კლასები, აგრეთვე, დარბაზი სცენით გასახდელებით და დამხმარე სათავსოებით.
გათვალისწინებულია ეზოში ავტოსადგომის მოწყობა რამდენიმე ავტომობილზე.
საპროექტო შენობას გააჩნია ორი კიბის უჯრედი, ერთი მათგანი სახანძრო დანიშნულების. პირველ სართულზე გათვალისწინებულია სანკვანძი შშმ პირებისთვის.
ტერიტორია კეთილმოეწყობა ტროტუარის ფილებით და ბორდიურებით, მოეწყობა ასევე გაზონი, გამწვანება.“
ადგილი ხულოში [მონიშნულია წითელი ფერით], სადაც სახელოვნებო სკოლა უნდა აშენდეს
რუსმა ჟურნალისტმა და პუბლიცისტმა ალექსანდრე ნევზოროვმა, რომლის წინააღმდეგაც რუსული სამხედროების შესახებ დეზინფორმაციის გავრცელების მუხლით რუსეთში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, ქვეყანაში დაბრუნებას აპირებს.
ნევზოროვი ონლაინჩართვებში კონკრეტულად არ ასახელებს საკუთარ ამჟამინდელ ადგილსამყოფელს, თუმცა მისივე ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ საჯარო შეხვედრის ვიდეოზე წერია, რომ შეკრება ისრაელში გაიმართა. დარბაზში კი რუსულენოვანი მსმენელი ზის.
„ახლა რაღაც ეჭვები მაქვს და ვყოყმანობ, მაგრამ ყოველთვის მიჭირდა წინდახედულების/სიფრთხილის მხრივ და ამიტომ, ალბათ, რუსეთში მაინც დავბრუნდები“, – ამბობს ნევზოროვი ამავე ვიდეოში.
„საქმე ის არის, რომ ის, რისი თქმაც მე შემიძლია რუსეთის საზღვრებს გარეთ, არ იქნება ისეთი მნიშვნელობის, ისეთი ღირებული, როგორც ამის გაჟღერება უშუალოდ რუსეთიდან“, – ამბობს ნევზოროვი.
მან ასევე მიანიშნა, რომ მისი დაპატიმრების შემთხვევაში გახმაურდება კომპრომატები, თუმცა არ აკონკრეტებს, ვის წინააღმდეგ: „არ დაგავიწყდეთ, ჩემი დაპატიმრება ყველას გაართობს, რადგან სასწრაფო წესით გასაჯაროვდება ბევრი სხვადასხვაგვარი სასაცილო სიბინძურე, რაც საშუალებას მოგცემთ, ოდნავ მაინც გაიცინოთ“.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე თურქეთიდან შემოტანილი მედიკამენტები ჩამონათვალი 50-მდე გაიზარდა.
თუ მათი შეძენისას სააფთიაქო ქსელებში შეგექმნათ რაიმე ბარიერი ან ფარმაცევტული კომპანიისგან ვერ მიიღებთ ინფორმაციას მედიკამენტის სარეალიზაციო ადგილისა და ღირებულების შესახებ, უნდა დარეკოთ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე: 1505.
დღეის მონაცემებით, თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები, რომელთა შეძენაც 60-80%-იანი ფასდაკლებით არის შესაძლებელი, ხელმისაწვდომია სამ სააფთაქო ქსელში. აქედან 37 დასახელების მედიკამენტი იყიდება „ფარმადეპოში“, 22 დასახელების მედიკამენტი – „ავერსის“ სააფთიაქო ქსელში და ამდენივე „PSP“-ს აფთიაქებში.
თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები „PSP“-სა და „ავერსის“ ქსელის აფთიაქებში გადანაწილებულია საქართველოს მასშტაბით. კონკრეტული პრეპარატის მარაგების და ფილიალის მისამართის გადასამოწმებლად უნდა დაუკავშირდეთ სააფთიაქო ქსელს.
„ფარმადეპოს“ ქსელში კი აღნიშნული მედიკამენტების შეძენა შესაძლებელია 11 ფილიალში. აქედან ბათუმში მედიკამენტები ხელმისაწვდომია ერთ ფილიალში, რომელიც მდებარეობს მელიქიშვილისა და გორგასლის ქუჩების კვეთაში.