მთავარი,სიახლეები

მესტიაში დენის მოხმარება არც ხატზე დაფიცების შემდეგ შემცირდა – რას ამბობენ ენერგოპროში

06.01.2022 •
მესტიაში დენის მოხმარება არც ხატზე დაფიცების შემდეგ შემცირდა – რას ამბობენ ენერგოპროში

მესტიაში მოსახლეობის ნაწილმა 30 დეკემბერს ხატზე დაიფიცა, რომ მაინერებს, იგივე კრიპტოვალუტის მომპოვებელ აპარატებს გამორთავენ. მიუხედავად ამისა, „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მესტიაში ელექტროენერგიის მოხმარება, დეკემბრის თვესთან შედარებით, იანვარში არ შემცირებულა.

„450 ათასი კილოვატი იყო მოხმარება საშუალოდ დღე-ღამეში 30 დეკემბრამდე და ანალოგიური მაჩვენებელია მიმდინარე წლის იანვარშიც. ვიდრე მაინერების პრობლემა დადგებოდა, მესტია მოიხმარდა დაახლოებით 200-230 ათას კილოვატს დღე-ღამეში, ესეც კი მაშინ დიდი მოხმარება იყო და პრობლემატური. გაზრდილ მოხმარებას მწყობრიდან გამოჰყავს გადამცემი ქსელი“, – გვითხრეს ენერგოკომპანიაში.

ადგილობრივების თქმით, იძულებულები გახდნენ ამ „უკიდურესი ზომისთვის“ [ხატზე დაფიცებისთვის] მიემართათ, რადგან დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდებოდათ. ამის გამო არ ჰქონდათ გათბობა, ტურისტები კი ჯავშნებს აუქმებენ.

ენერგოკომპანიამ მესტიისთვის ელექტროენერგიის მისაწოდებლად მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი 28 დეკემბერს აღადგინა, თუმცა მოხმარება თუ არ შემცირდება, სამომავლოდ მუნიციპალიტეტის სტაბილურ ენერგომომარაგებაზე პასუხისმგებლობა მოიხსნა.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ჰოლდინგის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის, მიხეილ ბოცვაძის განცხადებით, ,,ვერანაირი ქსელი ვერ გაუძლებს ელექტროენერგიის იმ მოხმარებას, რაც მესტიაში ფიქსირდება. გარდაუვალია ავარიების განმეორება. შესაბამისად, ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ სრულად იხსნის პასუხისმგებლობას მესტიაში არსებულ მდგომარეობაზე. ჩვენი ანალიზით, მოსახლეობის მოხმარებაც გაზრდილია, თუმცა, მთავარი მიზეზი მაინც უკანონოდ მიერთებული მაინერებია, რომელთა რიცხვიც, ამ რთულ დღეებშიც იზრდება“.

კომპანიის მონაცემებით, ელექტროენერგიის მოხმარება მესტიაში გაიზარდა. მაგალითად, 2012 წელს, მთლიანი მოხმარება იყო 37,2 მილიონი კვტ.სთ, ხოლო 2021 წელს 101,5 მილიონი კვტსთ-ია:

ელექტროენერგიის მოხმარება მესტიაში [მლნ.კვტ.სთ] / წყარო: „ენერგო-პრო ჯორჯია“

„ენერგო-პრო ჯორჯიაში“ აცხადებენ, რომ „მესტიის არსებული მოხმარება გაუტოლდა 2019 წლის დეკემბრის მოხმარებას, როდესაც 5 მილიონი ლარის მაინერი გავთიშეთ და ამოვიღეთ ადგილობრივ პოლიციასთან ერთად“.

ამ პროცესის გაგრძელებას მხარი დაუჭირა სემეკის თავმჯდომარემაც.

„უნდა გაითიშოს უკანონო მაინინგები, რომელმაც ქსელი დაამძიმა და თუ საჭიროება მოითხოვს უნდა დაყადაღდეს კიდეც. ასეთი რამდენიმე ღონისძიება გაკეთდა თავის დროზე შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად და მგონია, რომ ეს უნდა გაგრძელდეს“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

 

  • რას ნიშნავს „უკანონო მაინერები“, როდესაც საქართველოში კრიპტოვალუტის მოპოვება აკრძალული არ არის? 

სემეკში ამას ასე განმარტავენ: „ტერმინი უკანონო მაინინგი ხშირად გამოიყენება და ეს, ძირითადად, გულისხმობს ელექტროენერგიის უკანონოდ მოხმარებას. ამ შემთხვევაში უკანონო მაინინგად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ მესტიაში ელექტროენერგიას მოიხმარენ აღრიცხვის, მრიცხველის გარეშე, ანუ უკანონოდ. ეს კი, საბოლოოდ აისახება მესტიის ენერგომომარაგებაზე“.

„ენერგო-პრო ჯორჯიაში“ „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მესტიაში კომპანია ოპერირებას ვერ ახერხებს, რაც უმთავრესი პრობლემაა: „ჩვენი თანამშრომლების უსაფრთხოებაც კი არ არის დაცული“.

კომპანიამ მდგომარეობიდან ერთ-ერთ გამოსავალზე – გამრიცხველიანებასა და დენის საფასურის გადახდაზეც მიანიშნა:

„მესტიაში არსებული უკანონო მაინინგი არის მავნებლობა მთელი ზემო სვანეთის წინააღმდეგ, ამის ორგანიზატორი მავნებლები აზარალებენ
ადგილობრივ პატიოსან მომხმარებლებს და მთელს რეგიონს ორი მთავარი მიზეზის გამო: 1. მნიშვნელოვნად აზიანებენ ინფრასტრუქტურას, ახლა უკვე შეიძლება ითქვას, რომ მის აღდგენას 4-5 წელი დასჭირდება; 2. აახლოებენ გადაწყვეტილებას, რომ მესტიის ყველა მომხმარებელმა დაიწყოს ელექტროენერგიის საფასურის გადახდა. არასდროს გვისაუბრია, თუმცა ახლა ვაცხადებთ, რომ მესტიის მოსახლეობის უფასო მომარაგებას მრავალი წლის განმავლობაში უზრუნველყოფდა „ენერგო-პრო“.

45 მილიონი ლარია დალექილი ამ რეგიონში და აბსურდულია მოსაზრება, რომ თითქოს მოსახლეობას ეკუთვნოდა ან ეკუთვნის უფასო ელექტროენერგია. ამ ფონზე, რა თქმა უნდა მინიმუმ უხერხულია პერიოდული ადგილობრივი დამტაცებლების, თუ მოსახლეობის მხრიდან ზეწოლა თუ მუქარა, ჩვენს თანამშრომლებზე ავარიული, თუ გეგმური გათიშვების არსებობის შესახებ; აგრეთვე შემაშფოთებელია კატეგორიული მოთხოვნა, რომ კომპანიამ შეუფერხებლად მოახდინოს ერთდროულად 10-15 რაინისთვის საჭირო ელექტროენერგიის მიწოდება და თან ყოველგარი შეფერხების გარეშე“, – აღნიშნავს მიხეილ ბოცვაძე.

სემეკში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მათ მიერ „ენერგო-პროსთვის“ დადგენილი დენის ტარიფი თანაბრად მოქმედებს მისი ყველა რაიონისთვის, სადაც ოპერირებს კომპანია და ის, რომ მესტიაში დენი უფასოა, თავად კომპანიის კეთილი ნება იყოო.

„არ ახდევინებდა გადასახადს და ეს არის კომპანიის გადაწყვეტილება, თორემ ჩვენი მხრიდან ტარიფი დადგენილია. აუცილებლად უნდა მოხდეს მრიცხველების დამონტაჟება და არ უნდა მოხდეს ელექტროენერგიის უკანონოდ მოხმარება, რაც აზიანებს გადამცემ ხაზებს და კომპანიასაც ინვესტიციის სურვილს უკარგავს. სემეკის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ამ საკითხში სახელმწიფო უნდა ჩაერიოს და ასევე აღნიშნა, რომ უკვე ვმუშაობთ მთავრობასთან ერთად“, – გვითხრეს სემეკში.

როგორ უნდა მოგვარდეს მესტიის დენის პრობლემა, ამის გარკვევას „ნეტგაზეთი“ შეეცადა. ვრცლად ნახეთ ამ ბმულზე:

 

ელექტროენერგიის მოხმარება მესტიაში [მლნ.კვტ.სთ] / წყარო: „ენერგო-პრო ჯორჯია“


2021 წელს საგრძნობლად გაიზარდა ელექტროენერგიის იმპორტი საქართველოში. ქართული მხარე იმპორტის გაზრდას აფხაზეთს უკავშირებს, დენის მოხმარების ზრდის მიზეზად კი, აფხაზეთშიც მაინინგს ასახელებენ.

საქართველომ რუსეთიდან წელს თითქმის ორჯერ მეტი ელექტროენერგია იყიდა, ვიდრე ნებისმიერ წელს, თუნდაც ბოლო 10 წლის განმავლობაში, რის შედეგადაც რუსეთი მთავარ იმპორტიორად იქცა:

რატომ გახდა რუსეთი ისევ დენის მთავარი იმპორტიორი? – საქართველოს ენერგოუსაფრთხოება

გადაბეჭდვის წესი


ასევე: