ნეტგაზეთი • RU

უკრაინის მცირე შეტევები ხელს უწყობს დიდი კონტრშეტევის მზადებას – ინტერვიუ

როგორ გამოიყურება დღეს რუსეთ-უკრაინის ომში უკრაინის კონტრშეტევაზე გადასვლა შესაძლებლობები. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლი, ოლექსი არესტოვიჩი ამბობს, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ბევრ მიმართულებაზე შეუძლიათ კონტრშეტევაზე გადასვლა, თუმცა მძიმე ტექნიკისა და შეიარაღების ნაკლებობის გამო ამას ვერ ახერხებენ. რა შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, თუკი უკრაინა მარიუპოლზე კონტროლს საბოლოოდ დაკარგავს?

უკრაინის ომიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ არსებულ ვითარებაზე ვესაუბრეთ ვახტანგ კაპანაძეს – ის გადამდგარი გენერალ-მაიორია და სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი.

  • ბატონო ვახტანგ, პირველ რიგში მინდა გკითხოთ, რა გავიგეთ გუშინ ბრიუსელში, ნატოს საგანგებო სამიტზე, ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერების შეკრების შემდეგ. მიიღებს უკრაინა იმ მხარდაჭერას, რასაც ზელენსკი ითხოვს?

მოლოდინი არის, რომ გაიზრდება ნატოს მხრიდან მხარდაჭერა. ეს არ გამოიხატება გამანადგურებლების გადაცემაში, რასაც ზელენსკი ითხოვს, მაგრამ ძალიან მაღალი დონის სახმელეთო ბაზირების პლატფორმები შეიძლება მიიღოს.

ისრაელის მაგალითი მოჰყავდა ზელენსკის და ისარაელს არ ჰყავს გამანადგურებლები, იქ არის ხმელეთზე ბაზირებული ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები. მსგავს საშუალებებს, დარწმუნებული ვარ, მიიღებს უკრაინა, თანაც დიდი რაოდენობით.

ნაწილობრივ მან მიიღო კიდეც ეს დახმარება. შესაძლოა იყოს ტექნიკური საკითხები მოსაგვარებელი, რადგან ყველა ტექნიკას თავისი მომზადებული პერსონალი სჭირდება.

  • როგორ შეაფასებთ ახლა, ერთი თვის თავზე ომის მიმდინარეობას, ვის ეკუთვნის ფრონტის ხაზზე უპირატესობა?

უკრაინასაც აქვს გარკვეული უპირატესობა, ეს ეხება ძირითადად კიევის ჩრდილოეთ მიმართულებას – ბუჩა, ირპენი, გოსტომელის რაიონებს. ირპენი ფაქტობრივად მთლიანად დაბრუნებულია, როგორც ვიცი, პოლიციაც კი შევიდა და დაიწყო წესრიგის დამყარება.

უკრაინელები კი იძახიან, რომ რუსების დაჯგუფება არის გარკვეულწილად ბლოკირებული და ალყაში აპირებენ მის მოქცევას, თუმცა სხვა მიმართულებაზე, მაგალითად, სამხრეთ-აღმოსავლეთით და მარიუპოლის მიმართულებაზე, ინიციატივას ჯერ კიდევ ინარჩუნებს რუსეთი და უპირატესობა მის მხარესაა.

ჯერ ვერ ვიტყვით იმას, რომ უკრაინას შეუძლია ფართომასშტაბიანი კონტრშეტევის განხორციელება. თუმცა, გარკვეული ლოკალურ კონტრშეტევებს საკმაოდ წარმატებით ახორციელებს. ეს მცირე მასშტაბის კონტრშეტევები, ზოგადად, ხელს უწყობს დიდი კონტრშეტევის  მომზადებას და სწორად იქცევა უკრაინა, როცა ელოდება რუსეთი ტემპის დავარდნას.

  • ითვლებოდა, რომ ირპინის აღების შემთხვევაში კიევის ალყა უფრო შესაძლებელი იქნებოდა. ამ მიმართულებით რუსეთმა პოზიციები უკვე დაკარგა, რა შემთხვევაში შეიძლება კიევი მოაქციოს ალყაში რუსეთმა?

დარწმუნებული ვარ, რუსებსაც აღარ სჯერათ, რომ კიევს აიღებენ. ფაქტობრივად, ეს დასრულებული საკითხია, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული დაჯგუფებები იქმნება ჩრდილოეთში, ბელორუსიაში, მაგრამ კიევის ალყას ვერ განახორციელებენ.

ამ ძალებით კიევზე ალყის გაკეთება ძალიან რთულია. სხვათა შორის, მეორე მსოფლიო ომის დროს, კიევის გარშემო იყო კიევის თავდაცვითი რაიონი, რომელმაც ყველაზე დიდხანს გაუძლო გერმანელებს, ვერმახტის შეტევებს. კიევი რომ აეღოთ, გერმანელებმა თავი მოუყარეს 1 მილიონ 200 ათას დაჯგუფებას. ამ თავდაცვის სისტემას უკრაინა ახლაც საკმაოდ კარგად იყენებს.

მთელი ძალები რომ გადაიყვანოს რუსეთმა კიევის მიმართულებით, კიდევ შეიძლება დაიწყო გაანგარიშებებზე ფიქრი, მაგრამ იმ ძალებით, რაც დღეს იქ არის, დაფანტული ჩრდილოეთ მიმართულებებზე, ეს ნამდვილად არ ეყოფა კიევის ბლოკადას და აღებას.

  • ამ ომის ყველაზე მძიმე შედეგი ჯერჯერობით არის მარიუპოლი, რომელიც ალყაშია. „მარიუპოლის ჯოჯოხეთის“ გათვალისწინებით, თუ არის რაიმე ბერკეტი იმისთვის, რომ ჰუმანიტარული დერეფანი გაიხსნას და შეჩერდეს სამოქალაქო პირების ხოცვა?

მარიუპოლი რჩება რუსეთისთვის ყველაზე ხელში ჩასაგდებ მიმართულებად. მარიუპოლის მეტალურგიულ ქარხანაშია „აზოვის“ დანაყოფი გამაგრებული. ეს არის ამ ქალაქის სამხრეთი მიმართულება, რომელიც ერთი მხრიდან ზღვით არის შემოსაზღვრული და მეორე – ჩრდილოეთიდან, მდინარით.

ფაქტობრივად, მოწყვეტილები არიან შესაბამის დახმარებას და ალყის გარღვევის შესაძლებლობას. მე გულისტკივილით შემიძლია ვთქვა, რომ მძიმე დღეში არიან და ღმერთმა ქნას, მოლაპარაკებებმა მოუსწროს, რადგან რუსები ავიწროებენ და ავიწროებენ წრეს. ამავე დროს, რუსებს ზღვიდანაც შეუძლიათ შეტევა. ფაქტობრივად, ჩრდილოეთ მიმართულებაზე მარიუპოლი სახმელეთო დერეფნის ქვევითაა მოქცეული, სამხრეთითაც ჩაკეტილია, ამიტომ მებრძოლების იქიდან გამოყვანა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ამ მომენტისთვის არ ძალუძთ.

გმირები არიან, გმირულად ომობენ, მაგრამ მათი გამოყვანა იქიდან, არ ვიცი, როგორ მოხერხდება. ნეტა ვცდებოდე, მაგრამ ერთი კვირა თუ გაუძლეს, ძალიან მაგრები იქნებიან.

გამოსავალი ერთია, რომ მოლაპარაკებებით მოხდეს ცეცხლის შეწყვეტა ან იმაზე შეთანხმება, რომ გამოიყვანონ ეს დაჯგუფებები შეთანხმების საფუძველზე. ან მოსახლეობა მაინც რომ გამოიყვანონ, რადგან 100-150 ათასი ადამიანი რჩება იქ, მშვიდობიანი მოსახლე, რომელიც ძალიან მძიმე დღეშია.

ამ პროცესში წითელი ჯვარი და საერთაშორისო ორგანიზაციები უნდა ჩაერთოს.

  • რატომ არ ხერხდება მათი ჩართვა, უფრო მეტი აქტიურობა მათი მხრიდან, როგორ ფიქრობთ?

მოლაპარაკებებს აწარმოებენ ზელენსკი და პუტინი. ჯერჯერობით არ ჩანს მესამე მხარე, რომელმაც უნდა აწარმოოს მომრიგებლის როლი.

ეჭვი მეპარება, რომ ეს მოლაპარაკებები ძალიან დიდხანს გაგრძელდება და ჯერჯერობით უშედეგოდ.

  • თუკი რუსეთი საბოლოოდ გაიმაგრებს მარიუპოლში პოზიციებს, ეს რა პრობლემას შეუქმნის უკრაინას სამომავლოდ?

დილემას შექმნის, რადგან ამ შემთხვევაში უკრაინა კარგავს აზოვის ზღვას, აზოვის ზღვა ხდება რუსეთის შიდა ზღვა. რუსეთს ექნება ყირიმთან სახმელეთო დერეფანი და შეეცდება ამ დერეფნის შენარჩუნებას. შეეცდება რომ უკრაინა არ დაუშვას აზოვის ზღვაზე, არადა ეს იქნება ძალიან დიდი ეკონომიკური დარტყმა უკრაინისთვის.

ამ შემთხვევაში უკრაინა ერთ ზღვას დაკარგავს, თუმცა თუ მეორე ტალღაც იქნება, რუსეთმა შესაძლოა ოდესა-დნესტრისპირეთის მიმართულებაზე გააკეთოს შეტევა. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს წარმატებული არ იქნება. თუმცა, ეს ჩანაფიქრში ექნებათ რუსებს, რომ გავიდნენ დნესტრისპირეთთან და ამ შემთხვევაში უკვე შავ ზღვასაც მოწყვეტენ უკრაინას.

  • თუკი ბელორუსი ჩაერთვება უკრაინის წინააღმდეგ ომში, ეს რა შედეგებს მოიტანს და როგორ ფიქრობთ, ლუკაშენკო მოახერხებს თავისი გენერალიტეტის თანხმობის გარეშე ომში ჩართვას?

ლუკაშენკო ისეა რუსეთის გავლენის ქვეშ, რომ დიდი ალბათობით ჩაერთვება. თუმცა, მისი შეიარაღებული ძალების ენთუზიაზმი ნამდვილად დაბალია და თუ მაინც ჩაერთვებიან ომში, გამოყენებული იქნებიან როგორც დამხმარე დანაყოფები და არა ვთქვათ მოიერიშე დანაყოფები.

ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბელორუსიაში აქტიურად მიდის ანტისაომარი მოძრაობები. ყოველ შემთხვევაში, საბოტაჟი და ხელისშეშლა.

ამ ეტაპზე, უკრაინამ თითქმის ერთი თავით მაღალი სამხედრო მზაობა აჩვენა, როგორც სამხედრო ხელოვნებით ისე საბრძოლო სულისკვეთებით, ვიდრე რუსეთმა.

  • რუსეთის მხრიდან ქიმიური იარაღის გამოყენების თემა ისევ გაჟღერდა ნატოს სამიტზე, რაზეც ბაიდენმა თქვა, რომ თუკი რუსეთი გამოიყენებს ქიმიურ იარაღს, აშშ მას უპასუხებს. რა იგულისხმა ბაიდენმა?

ამაზე ალბათ პოლიტიკოსებმა უნდა უპასუხონ. შესაძლოა ეს იყოს უფრო ძლიერი სანქციები, უფრო მეტი შეიარაღების მიწოდება უკრაინაზე თუ რა, ამას ზუსტად ვერ გეტყვით. ალბათ უფრო სანქციებზე იქნება საუბარი.

ვფიქრობ, ქიმიური იარაღის თემას რუსეთი ფსიქოლოგიური ზემოქმედებისთვის იყენებს. უკრაინაში მინერალური და ქიმიური სასუქების იმდენი საწყობია, რომ მათზე ზემოქმედებითაც შეუძლია არანაკლები ზიანის მიყენება უკრაინაზე და ტექნოგენური კატასტროფის გამოწვევა.

  • ერთი თვეა უკვე, რაც ომი მიმდინარეობს. ყოველდღე ვრცელდება სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია. „ფორბსი“ წერს, რომ  23 თებერვლიდან დღემდე 74 ტანკი დაკარგა უკრაინამ და ხელში ჩაიგდო 117 რუსული ტანკი. რამდენად რეალურია დანაკარგებზე მოცემული ინფორმაციები, როგორ ფიქრობთ?

ნუ გვავიწყდება, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები თუ არ ვცდები მეორე იყო ევროპაში, ეს არის არის ხელწამოსაკრავი ძალა. მით უმეტეს 2014 წლის შემდეგ მუდმივ წვრთნებში იყო ნატოსთან ერთად.

ამასთან, სრული მხარდაჭერა აქვს მოსახლეობის მხრიდანაც, სწორად აქვს თავდაცვითი სისტემა ორგანიზებული და რუსეთის სუსტ წერტილებსაც ძალიან ზუსტად იყენებს. ამის მიუხედავად, მაინც ნაკლები სანდოობით შევხედავდი უკრაინის მონაცემებს.

თუმცა, იმის ნახევარიც რომ ავიღოთ, რასაც უკრაინელები იძახიან, რუსეთს მაინც დიდი დანაკარგები აქვს. ვთქვათ, ერთ თვეში დაკარგეს 10 ათასი ჯარისკაცი: საბჭოთა კავშირმა ავღანეთში ათ წელიწადში დაკარგა 15 ათასი კაცი. უფრო ნაკლები, სადღაც 6 ათასი კაცი დაკარგა ჩეჩნეთის პირველ ომში ორი წლის განმავლობაში. ასეთი დანაკარგი რუსეთის შეიარაღებულ ძალებს არსად მიუღიათ.

  • ყველა ელის, რომ ამ ეგრეთ წოდებულ პაუზას მხარეები იყენებენ კრიტიკული მასის მობილიზებისთვის. რა კრიტიკული მასის მობილიზება შეუძლია ამ ეტაპზე რუსეთს უკრაინაში მორიგი ფართომასშტაბიანი თავდასხმის წამოსაწყებად?

არა მგონია სრული მობილიზაცია გამოაცხადოს. ასეთ შემთხვევაში ახალწვეულებს დასჭირდება გაწვრთნა, რაც ასევე ძალიან დიდ თანხებთან იქნება დაკავშირებული.

რუსეთს, რა თქმა უნდა, გააჩნია გარკვეული რესურსი, მიუხედავად იმისა, რომ ათი არმიიდან თითქმის რვა უკვე ჩართულია ომში – ვფიქრობ, მეორე ტალღისთვის გარკვეულ ძალებს შეაგროვებს.

  • თუკი უკრაინა მიიღებს დასავლეთიდან სამხედრო დახმარებას, რამდენ ხანს შეიძლება ეს ომი გაგრძელდეს?

უკრაინას ძალიან დიდხანს შეუძლია იომოს. უკრაინისთვის ყველაზე მძიმე ფაქტორი მშვიდობიანი მოსახლეობის დანაკარგია, რომელიც ძალიან დიდია და ამის გამოყენებას ცდილობს რუსეთი. ასევე რუსეთი ცდილობს გაანადგუროს ქალაქების ინფრასტრუქტურა, სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტები და ასე შემდეგ. სამხედრო თვალსაზრისით ვერაფრით დაიკვეხნის რუსეთი. პუტინმა ჯერჯერობით ვერც ერთი თავისი ამოცანა ვერ შეასრულა. აეროდრომებიც კი ვერ გამოიყვანეს სრულად წყობიდან. აქ ყველაზე დიდი პრობლემა ეგრეთ წოდებული სამოქალაქო ზარალია, რასაც რუსეთი აყენებს უკრაინას.

  • ბოლოს მინდა გკითხოთ რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუზე. როგორც ამბობენ, ის 12 დღეზე მეტია, რაც საჯაროდ არ გამოჩენილა. რა შეიძლება ხდებოდეს მასთან მიმართებაში?

მე უკრაინულ ტელევიზიასაც ვუყურე და იყო მოსაზრება, რომ ის კადრი, სადაც შოიგუ აჩვენეს, ადრინდელი ჩანაწერიდან იყო, რადგან იგივე ტანსაცმელი ეცვა, რაც ბოლოს უშიშროების საბჭოზე.

გასაკვირი არაფერია, რადგან ერთია ის, რომ ფაქტობრივად ჩავარდა მათი საომარი მოქმედებები და ამხელა ზარალი ნახეს. ვერც შოიგუმ და ვერც გერასიმოვმა ვერაფრით გამოიჩინეს თავი. არ არის გამორიცხული, რომ პუტინმა მათი თანამდებობაზე ყოფნის საკითხიც დააყენოს.

უფრო უარესი რაც შეიძლება იყოს, შესაძლოა ტრიბუნალს გადასცეს შოიგუ, თუმცა ამას ახლა არ იზამს, სამხედროების დემორალიზება რომ არ გამოიწვიოს.

მაგრამ ის, რომ გაათავისუფლოს და მთელი ჩავარდნა მას დააბრალოს, გამოძიება დაიწყოს მის წინააღმდეგ კორუფციის გამო, რადგან ძალიან დიდი თანხები იყო დახარჯული შეიარაღებულ ძალებში, სადაზვერვო სისტემის მომზადებაში და თუნდაც უკრაინის შიგნით წინააღმდეგობების მომზადებაში.

ფაქტია, რომ იყო ამაზე მინიშნებები, როცა ითქვა, რომ შოიგუს „გული აწუხებდა“. არ გაგვიკვირდება თუკი აღმოჩნდება, რომ „ავადმყოფის გამო“, შოიგუმ დაწეროს პატაკი წასვლაზე, მისი ლიკვიდაცია კი არა მგონია მოხდეს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com