მთავარი,მოსაზრება,სიახლეები

„ბოშათა თემიდან არიან“ – როგორ ავრცელებს სიძულვილს აჭარის ტელევიზია

24.03.2022 • 9780
„ბოშათა თემიდან არიან“ – როგორ ავრცელებს სიძულვილს აჭარის ტელევიზია

22 მარტს „ბათუმელებზე“ უკრაინის მოქალაქეების შესახებ დავწერეთ – 22 ადამიანზე, რომლებმაც ღამე ქუჩაში, მანქანებში გაათიეს, მათ შორის, 9 ბავშვია.

ეს ოჯახები ერთმანეთის ნათესავები არიან. უკრაინა რამდენიმე დღის წინ დატოვეს, ზოგიერთი მათგანი ხარკოვიდანაა, ზოგიერთი – კიევიდან. ამას ზრდასრულების პასპორტები და ბავშვების დაბადების მოწმობებიც ადასტურებს.

სტატიის გამოქვეყნებიდან მალევე უამრავი მოქალაქე დაგვიკავშირდა – დაახლოებით ნახევარ საათში ლტოლვილთა ოჯახებმა შეთავაზებებს შორის საუკეთესო ვარიანტზე შეაჩერეს არჩევანი და დასაბინავებლად თბილისისკენ გაეშურნენ.

„ბათუმელებში“ შემოსული ზარები შინაარსის მიხედვით ორ ნაწილად გაიყო: რეკავდნენ მოქალაქეები და დახმარების სურვილს გამოთქვამდნენ, დროებით საცხოვრებელს სთავაზობდნენ უკრაინის მოქალაქეებს, ან რეკავდნენ ჟურნალისტები, სხვადასხვა პარტიის პრესსამსახურები და გვაფრთხილებდნენ, რომ ადამიანებს, ვისზეც დავწერეთ, ჰქონდათ ძვირადღირებული ავტომანქანები, იწუნებდნენ შეთავაზებულ საცხოვრებელ პირობებს, იყვნენ პრეტენზიულები, ჩხუბობდნენ და თან არა უკრაინელები, არამედ ბოშები იყვნენ!

კი. ზუსტად ასე. გვაფრთხილებდნენ, რომ ბოშები იყვნენ ადამიანები, რომლებიც ქუჩაში ათევდნენ ბავშვებთან ერთად ღამეს.

ამ შინაარსის ზარებმა და – არამხოლოდ, აჩვენა, რომ ჩვენი საზოგადოების ნაწილისთვის: ოპოზიციური პოლიტელიტის, ჟურნალისტებისა და ხელისუფლებისთვის, ომის ბომბებს გამოქცეული არასლავური გარეგნობის ლტოლვილები თუ ძვირადღირებულ ავტომანქანებში ათევენ ღამეს, მაშინ არა უშავს.

მეტიც, „ბათუმელების“ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიამ მოამზადა სიუჟეტი პათოსით, რომ ბათუმში ძვირადღირებული ავტომანქანებით არიან ჩამოსული არა უკრაინელები, არამედ ბოშები, რომლებიც პრეტენზიულები არიან!

„ვინ სარგებლობს უკრაინელი დევნილების სტატუსით?“ – ამ მინაწერით დღესაც იძებნება აჭარის ტელევიზიის ფეისბუქგვერდზე სიუჟეტი. აჭარის ტელევიზია ამ სიუჟეტში არც პირდაპირ ტყუილს მოერიდა – ერთ მონაკვეთში ჟურნალისტი ამბობს, რომ „ამ ოჯახის წარმომადგენლები იყვნენ მოლდოვიდან“.

იმავე სიუჟეტში ძვირადღირებულ ავტომანქანებზე საუბრობს ბათუმის საკრებულოს წევრი პარტია „ლელოდან“, ირაკლი კუპრაძეც.

„ისინი ბოშების თემს წარმოადგენენ უკრაინიდან. რა თქმა უნდა, მათი წარმომავლობა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, რეალური საჭიროება რომ ჰქონოდათ. მოვიდნენ რამდენიმე ასეულათასიანი მანქანებით: პორშე კაიენით და პრადოს ჯიპებით. მათ არ ჰქონდათ იმის საჭიროება, რომ ჩვენ გაგვეწია დახმარება, მიუხედავად ამისა, მაინც შევთავაზეთ რიგი საცხოვრებლები, რაზეც უარი თქვეს“, – ამბობს ბათუმის საკრებულოს წევრი საზოგადოებრივი მაუწყებლის სიუჟეტში.

უამრავი კითხვა ჩნდება.

რას ნიშნავს „რეალური საჭიროება რომ ჰქონოდათ” მაშინ, როცა ღამე ქუჩაში გაათიე?

ავტომანქანა თუ მაქვს, თავშესაფარი არ მჭირდება?

დავუშვათ, ვარჩევ სახლებს პირობების მიხედვით, სადაც შემიფარებენ, რადგან მყავს 9 ბავშვი და დიახ, მჭირდება ნორმალური პირობები, არ მაქვს ამაზე ხმამაღლა საუბრის უფლება?

ომს გამოქცეული მხოლოდ მადლიერი, მშვიდად მოლაპარაკე ადამიანი მიიჩნევა დახმარების საჭიროების მქონე ლტოლვილად?

ომიდან ავტომანქანით გამოვიქეცი თუ ფეხით რა მნიშვნელობა აქვს, ამით იცვლება მთავარი ტრაგედია, რომ ომს გამოვექეცი?

დახმარების ღირს ლტოლვილად რომ ჩავითვალო, აუცილებლად ფეხშიშველი უნდა გავრბოდე სხვა ქვეყანაში თანაგრძნობის საკმარისი დოზის დასამსახურებლად?

თუ მოქალაქის პასპორტი, ბინადრობის მოწმობა მაქვს, რატომ არის მნიშვნელოვანი, რა ფესვები მაქვს და როგორი კანის ფერი?

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის სიუჟეტში უკრაინის მოქალაქე გარკვევით ამბობს, რომ შესთავაზეს სახლი მაღალ მთაზე, მეწყერსაშიშ ზონაში, სადაც ოჯახით დარჩენის შეეშინდათ. საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი კი, უწყვეტი პათოსით განაგრძობს, რომ ყველაფერი შესთავაზეს „უმადურ ბოშებს“, მათ კი არაფერი მოეწონათ.

ცხადზე ცხადია, რომ სიუჟეტით თითქოს რიგითი ბათუმელების ,,ღირსების” დაცვა, სინამდვილეში ხელისუფლების დაცვაა „უმადური ბოშებისგან“:

საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თინათინ ზოიძემ პირდაპირი მნიშვნელობით იცრუა, როცა თქვა, რომ ამ ოჯახებს დეპარტამენტისთვის არ მიუმართავთ – „ბათუმელები“ იმყოფებოდა უკრაინის დიასპორის ოფისში, როცა დიასპორის ხელმძღვანელმა, ნატალია მიროშნიჩენკომ 21 მარტს მრავალსულიანი ოჯახის დასაბინავებლად ნამდვილად მიმართა ტურიზმის დეპარტამენტს ცხელ ხაზზე. აქ მას უთხრეს, რომ დეპარტამენტი აჭარაში აბინავებს მხოლოდ იმ უკრაინელებს, რომლებიც ტურისტის სტატუსით პირველიდან 23 თებერვლის პერიოდში ჩამოვიდნენ საქართველოში და არა ლტოლვილებს.

სცადეთ, დარეკეთ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ცხელ ხაზზე: 577 909 093 და იკითხეთ, აბინავებს თუ არა სადმე სახელმწიფო ომიდან ჩამოსულ უკრაინელ ლტოლვილებს. დღესაც გეტყვიან, რომ – არა…

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის სიუჟეტს ფეისბუქზე ამ დროისთვის [21:10 საათი] 27 კომენტარი აქვს. ყველა მათგანი ბოშათა თემს ამცირებს და ლანძღავს – აქვეა სიძულვილის შემცველი არაერთი მოწოდება.

მაუწყებელი, რომელიც ჩვენი გადასახადებით ფინანსდება, არამხოლოდ სიძულვილს ავრცელებს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, პირდაპირ ქადაგებს ფაშიზმს.

„დავბინავდით და კარგად მოვეწყვეთ, მაგრამ ნეტა საერთოდ არ დაგეწერათ ჩვენზე”, – მოგვწერა აჭარის ტელევიზიის სიუჟეტის გასვლის შემდეგ ზემოხსენებული უკრაინელებიდან ერთ-ერთმა, ვოლოდიმირ ჩურონმა.

ვოლოდიმირმა გვითხრა, რომ ნახეს სიუჟეტი და წაიკითხეს ყველა კომენტარი, რაც მაუწყებლის გვერდზე იწერება მათ შესახებ მომზადებული მასალის ქვეშ:

„გვეძინება, ბათუმიდან თბილისამდე ვიარეთ, დავიღალეთ, ლაპარაკის თავი არ გვაქვს და ახლა ვკითხულობთ რა საშინელებებს წერენ ჩვენზე. გვირეკავენ, გვეკითხებიან ვინ ვართ და საიდან ვართ.

გვბომბავდნენ, ომი გვაქვს და ახლა აქ იმის მტკიცება გვიწევს, უკრაინის მოქალაქეები რომ ვართ. გაჩვენეთ პასპორტები, გესაუბრეთ უკრაინულად, მართლა არ ვიცით მეტი რა შეიძლება გავაკეთოთ იმის დასამტკიცებლად, რომ უკრაინიდან ვართ”, – გვითხრა მან.

ფეისბუქზე, აჭარის ტელევიზიის გვერდზე გამოქვეყნებული სიუჟეტის ქვეშ გამოქვეყნებული ყველა კომენტარი სიძულვილის ენის შემცველია

გადაბეჭდვის წესი


ასევე: