მთავარი,სიახლეები

მარიუპოლის რადა: თეატრის დაბომბვის შედეგად 300-მდე ადამიანი დაიღუპა

25.03.2022
მარიუპოლის რადა: თეატრის დაბომბვის შედეგად 300-მდე ადამიანი დაიღუპა

უკრაინის ალყაში მყოფი ქალაქის, მარიუპოლის რადას ცნობით, ქალაქში დრამატული თეატრის დაბომბვის შედეგად 300-მდე ადამიანი დაიღუპა.

ინფორმაციას მარიუპოლის რადა ტელეგრამზე თვითმხილველებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„სამწუხაროდ, ამ დღეს ცუდი ამბებით ვიწყებთ. თვითმხილველებისგან არის ინფორმაცია, რომ მარიუპოლის დრამატულ თეატრში რუსული თვითმფრინავის მიერ დაბომბვის შედეგად 300-მდე ადამიანი დაიღუპა,“ – წერს რადას არხი ტელეგრამზე.

მარიუპოლის თეატრი 16 მარტს, რუსეთის შეჭრიდან 21-ე დღეს დაბომბეს. სხვადასხვა წყაროს თანახმად, აქ 1000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფებოდა. თეატრი დაბომბეს იმის მიუხედავად, რომ მის წინ მოედანზე დიდი ასოებით ეწერა – „ბავშვები“.

ქალაქი ალყაშია და მას სისტემატურად ბომბავენ რუსეთის შეიარაღებული ძალები. მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო ამ დრომდე ვერ ხერხდება დაზუსტება, რამდენი ადამიანი დაიღუპა და დაშავდა მარიუპოლში.

  • რატომაა მნიშვნელოვანი მარიუპოლი

საქართველოს თავდაცვის ძალების ყოფილი მეთაურის, გენერალ-ლეიტენანტის ვლადიმერ ჩაჩიბაიას განცხადებით, მარიუპოლს ორივე მხარისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.

„მარიუპოლში არის საზღვაო პორტი, თუმცა მაშინ, როდესაც ყირიმისა და ქერჩის ნახევარკუნძულებს აკონტროლებს რუსეთი, აზოვის ზღვა და, შესაბამისად, მარიუპოლის პორტი მნიშვნელობას კარგავს. მარიუპოლს რუსეთისთვის ის დანიშნულება აქვს, რომ ყირიმამდე სახმელეთო გზის გაერთიანება სურს.

მეორეც, რუსეთი ვერ განავითარებს შეტევას სხვა მიმართულებით, სანამ მას ზურგში ანუ მარიუპოლში პრობლემები აქვს. ამიტომ ამ ქალაქის აღებას აქვს მნიშვნელობა არა მხოლოდ სამხედრო, არამედ რესურსების კუთხითაც, რადგან მარიუპოლის აღებით გამოთავისუფლდება გარკვეული ძალები სამომავლო შეტევისათვის. ამ ქალაქის აღების შემთხვევაში გამოჩნდება შეტევის ახალი მიმართულებები, რომელიც რუსეთს მანევრის ახალ გზებს გაუჩენს“, – უთხრა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ „ნეტგაზეთს“.

_____________

ფოტოზე: დაბომბილი მარიუპოლი, 22 მარტი, 2022 წელი. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA-EFE/MAXAR

ამავე თემაზე: 

20 დღე მარიუპოლში: ჟურნალისტები აგონიაში მყოფ ქალაქში – AP

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: