მთავარი,სიახლეები

ქალზე მოძალადე ყოფილ ქმარს მოსამართლემ 1500 ლარიანი გირაო შეუფარდა – ადვოკატი

25.03.2022 • 1608
ქალზე მოძალადე ყოფილ ქმარს მოსამართლემ 1500 ლარიანი გირაო შეუფარდა – ადვოკატი

მეუღლის მხრიდან ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლმა, ახალგაზრდა ქალმა ორგანიზაცია „საფარს“ 2021 წლის დეკემბერში მიმართა. ორგანიზაციის იურისტებთან კონსულტაციის შემდეგ მან პოლიციას მისცა ჩვენება 6 თვის განმავლობაში მის მიმართ ჩადენილი დანაშაულის შესახებ.

2021 წლის დეკემბერში პოლიციამ სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო გამოძიება. რიგი საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ, 2022 წლის მარტში პროკურატურამ საქმე გადააგზავნა სასამართლოში.

დაზარალებულის ადვოკატის, თამარ ლუკავას ინფორმაციით, მოსამართლემ არ გაიზიარა პროკურორის შუამდგომლობა აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებაზე და  დაკავებაზე და ბრალდებულს 1500 ლარიანი გირაო შეუფარდა:

„სამწუხაროდ, ბათუმის საქალაქო სასამართლომ არ გაითვალისწინა მთელი რიგი გარემოებები, რაც მიუთითებდა დაზარალებულის მიმართ არაერთგზის ჩადენილი სხვადასხვა დანაშაულის შემცველ ფაქტებს და ჩათვალა, რომ ბრალდების მიმართ აღმკვეთი ღონისძიების სახით 1500 ლარიანი გირაოს შეფარდება იყო მიზანშეწონილი და არ შეუფარდა პატიმრობა. გადაწყვეტილებას არ ვეთანხმებით და ვითხოვთ, რომ სააპელაციო სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით შეუფარდოს პატიმრობა ბრალდებულს.

1500 ლარი გირაო არ არის ის ოდენობა, რომელიც ბრალდებულისთვის შეიძლება იყოს შემაკავებელი, რომ მან არ ჩაიდინოს განმეორებითი დანაშაული, არ მოახდინოს ზემოქმედება მოწმეებზე და გაანადგუროს მტკიცებულებები. მეტიც გირაო საერთოდ არ უნდა ყოფილიყო ამ ტიპის დანაშაულზე გამოყენებული და უნდა შეეფარდებინა პატიმრობა, გამომდინარე იქიდან, რომ აქ ადგილი არ ჰქონია მხოლოდ ფსიქოლოგიურ ძალადობას, არაერთხელ განხორციელებული ძალადობას, გვაქვს რამდენიმე ეპიზოდი, გვაქვს საკმაოდ მძიმე ფაქტები.“

ადვოკატის ინფორმაციით, დაზარალებული „საფარს“ მხოლოდ მას შემდეგ დაუკავშირდა, როცა მეუღლეს არაოფიციალურად დაშორდა და საცხოვრებლად სხვაგან გადავიდა.

„მანამდე არც პოლიციისთვის მიუმართია. მოძალადისგან ცდილობდა თავის დაღწევას“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: