მთავარი,სიახლეები

„კიევში მამა და 21 წლის ძმა დარჩა“ – რას ყვება ბათუმში ჩამოსული VI კლასელი ვლადისლავი

25.03.2022 • 3741
„კიევში მამა და 21 წლის ძმა დარჩა“ – რას ყვება ბათუმში ჩამოსული VI კლასელი ვლადისლავი

ვლადისლავ ალეინიკი მეექვსეკლასელია. ის ბათუმში უკრაინიდან, ქალაქ კიევიდან დაახლოებით ათი დღის წინ ჩამოვიდა დედასთან ერთად. დედა-შვილი უკრაინიდან ომს გამოექცა, ბომბებისა და აფეთქებების ხმას. კიევში, დნეპრის მარცხენა სანაპიროზე, სახლში დარჩნენ ვლადისლავის მამა და სტუდენტი ძმა, რომელიც 21 წლისაა.

„ბათუმელები“ ვვლადისლავს ბათუმის №7 საჯარო სკოლაში შეხვდა, სადაც ახლა მან სწავლა დაიწყო.

ვლადისლავი ინტერესით ათვალიერებს მისთვის ახალ გარემოს. სკოლის დერეფანში მოსწავლეების მიერ უკრაინელებისთვის შეგროვებული ჰუმანიტარული ტვირთი ალაგია. ყუთებზე დაწებებული უკრაინის დროშების დანახვა მას აშკარად ახარებს. ეს ახლა ვლადისლავის ახალი სკოლაა, იმ დრომდე, სანამ სახლში, კიევში დაბრუნებას შეძლებს.

ვლადისლავმა არ იცის, სად არიან ახლა მისი კლასელები კიევში.

„მივწერე ჩემ რამდენიმე კლასელს, როგორც ვიცი, ისინი უკრაინიდან გაემგზავრნენ. სხვები არ ვიცი, სავარაუდოდ ისინიც წავიდნენ.

მეტნაკლებად დავუმეგობრდი აქ კლასელებს, კარგი ბავშვები არიან. ძალიან მომწონს სკოლა და ჩვენი საკლასო ოთახიც. ჩემი სკოლა უკრაინაში და ეს სკოლა ერთმანეთს ჰგავს, განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ უკრაინაში უკრაინულად ვსწავლობდით“, – ამბობს ვლადისლავი.

ვლადისლავის დედა, ნატაშა ალეინიკი გვეუბნება, რომ ონლაინგაკვეთილები თანდათან კიევშიც აღდგა, მაგრამ ვლადისლავის ბათუმის სკოლაში შეყვანა ამჯობინა. თან ეს შესაძლებლობაა, ბავშვს თანატოლებთან ურთიერთობა ჰქონდეს და სტრესული მდგომარეობიდან გამოვიდეს.

ვლადისლავი ახალ კლასში

„ჩვენთან, კიევში მაინც არასტაბილური სიტუაციაა, ხან ახერხებენ გაკვეთილების ონლაინ ჩატარებას, ხან – ვერა, რადგან კიევი პერიოდულად იბომბება. გაკვეთილები ძალიან ხანმოკლეა და ბევრი ვერ ახერხებს დასწრებას“, – ამბობს ნატაშა.

ნატაშა ალეინიკი ამბობს, რომ არ უნდოდათ კიევის დატოვება, იმედი ჰქონდათ, რომ 24 თებერვალს, გამთენიისას დაწყებული ომი მალე დასრულდებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა.

ნატაშა გვიყვება, რომ ვლადისლავთან ერთად უკრაინის დატოვება ქმრის დაჟინებული თხოვნის შემდეგ გადაწყვიტა. „არ მინდა აქ იყოთ“ – ეუბნებოდა ნატაშას ქმარი, რომელიც ომის გამო უმუშევარი დარჩა.

„საბრძოლველად ჯერ ჩემი ქმარი და შვილი არ გაუწვევიათ. ჯერჯერობით ისეთ ხალხს იწვევენ, ვინც ბრძოლა იცის. მათ ალბათ ყველაზე ბოლოს გამოიძახებენ, როდესაც უკვე სამხედრო მოსამსახურეები აღარ იქნება საკმარისი. იარაღის ხელში დაჭერაც არ იციან, ჩემი უფროსი შვილი ჯერ ჯარშიც კი არ ყოფილა გაწვეული.

როცა მოვა მათი რიგი, ისინი აუცილებლად წავლენ და იბრძოლებენ სამშობლოს დასაცავად, მაგრამ არ მინდა საქმე აქამდე მივიდეს“, – ამბობს ნატაშა.

ნატაშა და ვლადისლავი კიევიდან ლვოვამდე უფასო საევაკუაციო მატარებლით წავიდნენ, ლვოვიდან – პოლონეთში, პოლონეთიდან კი საქართველოში გამოემგზავრნენ.

„აქ ნათესავები გვყავს, რომლებმაც გვითხრეს, რომ მიგვიღებდნენ, საცხოვრებელს მოგვცემდნენ და დაგვეხმარებოდნენ. შეგვეძლო სადმე ევროპაში წასვლა, მაგრამ აქ წამოსვლა გადავწყვიტეთ და ვარშავიდან ქუთაისში ჩამოვფრინდით“, – გვიყვება ნატაშა.

მისი თქმით, დანაზოგი, რითაც ბათუმში ჩამოვიდნენ, მაქსიმუმ ორი-სამი თვე თუ ეყოფათ, ამიტომაც ახლა ნატაშა ცდილობს სამსახური იპოვოს. ღელავს იმაზე, რა მოხდება, თუ კი საავადმყოფოში მისვლა დასჭირდებათ, ექნება თუ არა საკმარისი თანხა ძვირი სამედიცინო სერვისისთვის.

კითხვაზე, რას ეტყოდა რუსებს, ნატაშა ამბობს, რომ მათთვის არაფრის თქმას არ აქვს აზრი.

„თავიდან მქონდა დიდი აგრესია. ჩემი ნათესავები რუსეთში ცხოვრობენ და ვაგზავნიდი ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში. იმათთვის ყველაფერი ტყუილია. ყველაფერს ატყუებენ და წარმოიდგინეთ, არაფერს გიჯერებენ.

იმდენად ურეცხავთ ტელევიზიები ტვინს, რომ ისინი არ გიჯერებენ, როცა ეუბნები, რომ კიევი იბომბება, არ გიჯერებენ, რომ ხარკოვი აღარ არის, მარიუპოლი აღარ არის, რომ სამშობიარო სახლი დაბომბეს და იქ ორსული ქალები იყვნენ და ბავშვები… ისინი არ გიჯერებენ და გეუბნებიან, რომ ეს ყველაფერი არ არის სიმართლე და ჩვენ ჩვენს თავს თვითონ ვიბომბავთ. საინფორმაციო გადაცემები ამას ეუბნება იქ ხალხს.

პუტინი არ არის ნორმალური ადამიანი, ის ავადმყოფია, რომელიც დიდი ხანია რაც განდიდების მანიითაა შეპყრობილია. აიღეს და ერთი ხელის მოსმით დაგვინგრიეს ცხოვრება. ჩვეულებრივად ვცხოვრობდით, დავდიოდით სამსახურებში, ყველაფერი მუშაობდა…

არის ერთი ძველი სიმღერა – „ზუსტად 4 საათზე, კიევს ბომბავდნენ, ჩვენ გამოგვიცხადეს, რომ დაიწყო ომი…“ ეს არის მეორე მსოფლიო ომის სიმღერა და წარმოიდგინეთ, ზუსტად ამ დროს დაიწყეს დაბომბვა, 24 თებერვალს, მოსკოვის დროით დილის 4 საათზე“, – ამბობს ნატაშა.

ვლადისლავი და ნატაშა პირველად არიან ბათუმში. ნატაშას თქმით, ბათუმში ჩამოსვლა ყოველთვის უნდოდათ ნათესავების სანახავად, თუმცა ვერ ახერხებდნენ და წუხს, რომ ბათუმში პირველი ჩამოსვლის მიზეზი ომისგან თავის დაღწევა გახდა.

„ერთია, როცა როგორც ტურისტი ჩამოდიხარ და ისვენებ და მეორე, როდესაც ხარ გამოქცეული და აფორიაქებული, როცა იცი, რომ შენი კაცები იქ არიან, ომში“.

კითხვაზე – რა ენატრება ყველაზე მეტად, მეექვსეკლასელი ვლადისლავი ამბობს, რომ მამა და ძმა. იგი გვიმხელს, რომ კიევში, სახლში დარჩა მისი მანქანების კოლექცია, რომელსაც ერთ წელზე მეტხანს აგროვებდა და რომლის წამოღებაც ვერ შეძლო. მერე თავს დაბლა ხრის და მცირე პაუზის შემდეგ ამბობს:

„იმედია გავიმარჯვებთ, დავბრუნდებით სახლში და გავაგრძელებ კოლექციის შეგროვებას“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: