აპრილიდან საქართველოში ექიმებს მხოლოდ გენერიკული მედიკამენტების გამოწერა შეეძლებათ. ეს ნიშნავს, რომ ექიმი წამლის გამოწერისას ვერ მიუთითებს კონკრეტულ ბრენდს.
ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა „იმედის“ ეთერში საუბრისას განაცხადა. აზარაშვილის განმარტებით, ამ რეგულაციის მიზანია არ მოხდეს ექიმების მხრიდან მედიკამენტების მიკერძოებულად ან ჭარბი რაოდენობით გამოწერა.
აზარაშვილის თქმით, ეს რეგულაცია ფარმაცევტული ბაზრის გამჭვირვალობის სამოქმედო გეგმის ნაწილია, გეგმა წლის ბოლომდე უნდა შესრულდეს.
„პირველი ეტაპი იყო თურქეთის ბაზრის გახსნა. 1-ელი მარტიდან ჩვენ ელექტრონული რეცეპტების სავალდებულო რეგისტრაცია შემოვიღეთ. ამით ჩვენს ბაზაში ვხედავთ ვინ რა მედიკამენტს წერს, ასევე, რა მედიკამენტს გასცემს ფარმაცევტი. ანალიზის საფუძველზე, ვიღებთ იმ ინფორმაციას, რომელიც დაგვეხმარება ბაზრის უფრო მეტად დარეგულირებაში; იმის გაკონტროლებაში, რომ არ მოხდეს მიკერძოებულად ან მედიკამენტების ჭარბი რაოდენობით გამოწერა ანუ პოლიფარმაცია – დღეისთვის ჩვენ გვაქვს ამის ბერკეტები, თუ როგორ უნდა ვმართოთ ეს.
ჩვენი გეგმის მომდევნო ეტაპზე, აპრილიდან, მხოლოდ გენერიკული მედიკამენტების გამოწერის შესაძლებლობა ექნება ექიმს. ის კონკრეტულ მედიკამენტს, კონკრეტული ბრენდის დასახელებით ვერ მიუთითებს. რის შემდეგაც მომხმარებელს საშუალება ექნება, თავისი სურვილის მიხედვით მიიღოს გადაწყვეტილება აფთიაქში და არ შეიძინოს, მაგალითად, რომელიმე ქვეყნის წარმოებული ან კონკრეტული ბრენდის მედიკამენტი, რომელსაც ექიმი აქამდე უწერდა.
ყველა ეს ეტაპი წლის ბოლომდე უნდა გავიაროთ და საერთო ჯამში, მივიღებთ კარგად დარეგულირებულ, გამჭვირვალე ფარმაცევტულ ბაზარს, რაც აუცილებლად აისახება ფარმაცევტული პროდუქციის ხარისხსა და ხელმისაწვდომობაზე“,- განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
გენერიკის გამოწერისას ექიმი უთითებს მედიკამენტში შემავალ აქტიურ ნივთიერებას, რომელიც ფარმაბაზარზე შეიძლება სხვადასხვა სავაჭრო დასახელებით და ფასით იყოს წარმოდგენილი.
გავრცელებული პრაქტიკით, საქართველოში სამედიცინო წარმომადგენლები ხვდებიან კლინიკების მენეჯერებსა და ექიმებს და მათთან გარიგებას აფორმებენ პრინციპით – „რამდენსაც გაყიდი, იმდენს მიიღებ“.
საქართველოში მედიკამენტების უმსხვილესი მწარმოებელი კომპანიები არიან: „პსპ ფარმა“, „გეფა“ (რომელიც ფლობს „ჯი პი სი-ს“ და „ფარმადეპოს“ ქსელებს) და „ავერსი“. ყველა მათგანი ასევე ფლობს როგორც კლინიკებს, ისე სააფთიაქო ქსელს მთელი ქვეყნის მასშტაბით. მათთვის მუშაობენ სამედიცინო წარმომადგენლებიც.