ბათუმში, ჰაიდარ აბაშიძის #21-ში მდებარე ორსართულიანი სახლი მერიის „სიცოცხლისათვის საშიში სახლების“ ნუსხაში მოხდა. იმ დოკუმენტების მიხედვით, რომელიც მერიამ საკრებულოს წარუდგინა, სახლი ვერ გადარჩება. აქ მაცხოვრებლების ინფორმაციით, რაზეც გადმოცემით იციან, სახლი 130 წლის წინ უნდა იყოს აშენებული. მის ფასადზე შემორჩენილია ქვის მასკარონები და ხის ფანჯრებიანი აივანი, ძველი მოაჯირით. სახლის ინტერიერს ჯერ კიდევ ამშვენებს ძველი ბათუმისთვის დამახასიათებელი ჩუქურთმებიანი ჭერი, როგორც ფოიეში, ასევე საცხოვრებელ ოთახებში.
სიცოცხლისთვის საშიში ავარიული სახლების შესწავლა და შესაბამისი დასკვნების მომზადება ბათუმის მერიამ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დაუკვეთა. დასკვნის მიხედვით, შენობა ამორტიზებულია:
„მის მზიდ კონსტრუქციულ ელემენტებს განცდილი აქვს მაღალი ფიზიკური და ასაკობრივი ცვეთა, მისი აღდგენა-გამაგრება შესაძლებელია, თუმცა, ჩასატარებელი სამუშაოების დიდი მოცულობისა და ღირებულებებიდან გამომდინარე, მიგვაჩნია გაუმართლებლად. გარკვეული საფრთხეების შემცველობის გამო, შენობის შემდგომი ექსპლუატაცია არ არის მიზანშეწონილი. ცალკე საფრთხის შემცველია მიშენებული ნაწილების ექსპლუატაციაც სამშენებლო სეისმურ ნორმებთან შეუსაბამობის გამო.“
მერიის ინფორმაციით, ამ სახლში 11 ოჯახი ცხოვრობს. მერიამ შესაძლოა მათ ფულადი კომპენსაცია, საბინაო ფონდიდან ბინა ან ამავე ადგილას ახალი სახლის აშენება შესთავაზოს, ინვესტორის ჩართულობით ან მის გარეშე, ეს საკითხი საბოლოოდ დაზუსტებული ჯერ კიდევ არ არის [ეს ის ვერსიებია, რასაც მერია განიხილავს].ჰაიდარ აბაშიძის #21-ში მდებარე სახლს ძეგლის სტატუსი არ აქვს, თუმცა ის ძეგლის დაცვის ზონაშია. ძეგლის დაცვის ზონაში კი სამშენებლო სამუშაოების წარმოების საკითხს ნებართვის გაცემამდე, კულტურული მემკვიდრეობის ზონალური საბჭო ითანხმებს. კანონის იმ მუხლის მიხედვით, რომლითაც მერია ამ საკითხის წარმოებისას იხელმძღვანელებს, თუ ადამიანების სიცოცხლე საფრთხეშია, ზონაში განსაკუთრებული რეჟიმი აღარ ვრცელდება.
ამ სახლის გვერდით ჰაიდარ აბაშიძისა და ფალიაშვილის ქუჩების კვეთაში ძეგლის ნიშნის მქონე ერთი სახლი უკვე დაანგრიეს. მის ტერიტორიაზე კომპანია „ძმების სახლმა“ ორი სართული ნებართვის გარეშე ააშენა. ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ ძეგლის ნიშნის მქონე სახლი თავად კომპანიამ დაანგრია, თუმცა კომპანიის დირექტორი ამ ინფორმაციას უარყოფს.
მშენებარე პროექტი ჰაიდარ აბაშიძისა და ფალიაშვილის ქუჩების გადაკვეთზე კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ზონალურმა საბჭომ ისე განიხილა და შეითანხმა [დადებითი პასუხი მისცა მერიას ნებართვის გასაცემად], რომ იქ ორი სართული უკვე აშენებული იყო.
მერია ბათუმში ავარიული სახლების დანგრევას და მობინადრეებისთვის ბინების გადაცემას გეგმავს