ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ბათუმის სასპორტო სკოლა თავისი ტერიტორიით 19,5 მილიონად გაიყიდა – მყიდველია „ორბი“

23.07.2020
ბათუმის სასპორტო სკოლა თავისი ტერიტორიით 19,5 მილიონად   გაიყიდა – მყიდველია „ორბი“

ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე სასპორტო სკოლის, როგორც მას ბათუმში უწოდებენ „ბასკოს“ შენობა და 13 540 კვ/მ მიწის ნაკვეთი დღეს, 23 ივლისს, ელექტრონულ აუქციონზე 19 500 000 ლარად გაიყიდა. მყიდველი „ორბი ჯგუფი ბათუმია“, რომელიც ამ თანხას ეტაპობრივად გადაიხდის. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქონება პირობიან აუქციონზე 19 მილიონ ლარად ჰქონდა გამოტანილი, ბიჯი 500 ათასი ლარი იყო. ქონება სწორედ ერთი ბიჯით გაიყიდა. „ორბს“ უფლება აქვს, სასპორტო სკოლის შენობა აჭარის მთავრობასთან შეთანხმებით დაანგრიოს.

აუქციონის მთავარი პირობით, „ორბი ჯგუფი ბათუმი“ ვალდებულია:

  • ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 თვის ვადაში უზრუნველყოს ტერიტორიაზე მოქმედი კანონმდებლობით დაშვებული შენობის/ნაგებობის (მრავალფუნქციური კომპლექსის, რომელიც აუცილებლად მოიცავს და არ შემოიფარგლება არანაკლებ 100-ნომრიან სასტუმროს) ექსპლუტაციაში მიღება/ამოქმედება;
  • პროექტში ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 თვის ვადაში განახორციელოს არანაკლებ 60 მილიონი ლარის ინვესტიცია;
  • სასტუმროს ამოქმედებიდან არანაკლებ 10 წელი შეინარჩუნოს სასტუმროს პროფილი.

გაყიდული ტერიტორიის ნაწილი – 3 022 კვ/მ მიწის ნაკვეთი, სასპორტო სკოლის შენობის გარეშე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2017 წლის აგვისტოში 5 მილიონ 745 ათას ლარად გაყიდა [აუქციონზე საწყისი ფასი მაშინ 1,3 მილიონი ლარი იყო]. ნაკვეთი შპს „მწვანე ხეივანმა“ იყიდა, რომელიც ქონების შეძენამდე 10 თვით ადრე დარეგისტრირდა.

2018 წელს კი, სამინისტრომ „მწვანე ხეივანთან“ ხელშეკრულება გააუქმა და ეს ტერიტორია შემდეგ იჯარით „ორბი ჯგუფ ბათუმს“ გადასცა.

ამ შეწყვეტილი ხელშეკრულების მიხედვით, სასპორტო სკოლის გვერდით 130 [±7] მეტრი სიმაღლის მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობა უნდა აშენებულიყო. კომპლექსი მოიცავდა:

  • სასტუმროს – არანაკლებ 100 ნომერს;
  • საცხოვრებელ აპარტამენტებს;
  • არანაკლებ 160 ავტომანქანაზე გათვლილ მიწისზედა და მიწისქვეშა ავტოსადგომს;
  • სტილობატს [ე.წ „პოდიუმი“], საზოგადოებრივი და კომერციული დანიშნულებით;
  • საცურაო აუზს, კომერციულ ფართობებს, დედათა და ბავშვთა გასართობ ცენტრს, სუპერმარკეტს;
  • საზოგადოებრივ კვების ობიექტებს და ა.შ.

აღნიშნულ პროექტში ინვესტორს არანაკლებ 40 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა.

დღეს დასრულებული აუქციონის პირობის მიხედვით, „ორბიმ“ სასპორტო სკოლის შენობის დემონტაჟის დაწყებამდე, ა(ა)იპ ქალაქ ბათუმის სასპორტო სკოლას უსასყიდლოდ უნდა გადასცეს ეს შენობა სარგებლობაში.

შენობის დემონტაჟს „ორბი“, აჭარის მთავრობის თანხმობით, მას შემდეგ შეძლებს, რაც დასრულდება ლეონიძის ქუჩაზე მშენებარე სპორტული კომპლექსის ან/და ყინულის სახლის მიმდებარედ არსებული სპორტის სასახლის ექსპლუატაციაში მიღება-აღჭურვა და ის ა(ა)იპ ქალაქ ბათუმის სასპორტო სკოლას გადაეცემა სარგებლობაში.

პირობის მიხედვით, საბოლოო საპრივატიზებო საფასურს (საწყისი საპრივატიზებო საფასურის 10% ოდენობით “ბე“-ს გამოკლებით) „ორბი“ გადაიხდის შემდეგნაირად:

  • 2020 წლის 20 დეკემბრამდე – არანაკლებ 5 %-ს;
  • 2021 წლის 20 დეკემბრამდე – არანაკლებ 25 %-ს;
  • 2022 წლის 30 ივნისამდე – დარჩენილ საფასურს სრულად.

ამ თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/289336/?fbclid=IwAR1k6xxurXzlxVAZHN-lH42XdUamA85DHX05bWTpXnFCVR6QK6FyYKEXC6A

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: