კულტურული მემკვიდრეობა,მთავარი,სიახლეები

რა მოხდება, თუ ავარიული სახლი ისტორიული ღირებულების ან ძეგლის სტატუსის მქონეა

25.03.2022 • 5593
რა მოხდება, თუ ავარიული სახლი ისტორიული ღირებულების ან ძეგლის სტატუსის მქონეა

ჯერ კიდევ არ არსებობს საჯარო დოკუმენტი ან რაიმე სახის პირველადი მონახაზი, რომელსაც ბათუმის მერია სამომავლოდ ავარიული სახლების მართვის სტრატეგიად განიხილავს. ბათუმის მერი, არჩილ ჩიქოვანი, ისევ ამბობს, რომ ინფორმაცია მუშავდება და ხელშესახები დოკუმენტი მხოლოდ მას შემდეგ გვექნება, როცა კომისია მუშაობას დაასრულებს. 

არც ის ვიცით, რა დრო დასჭირდება ავარიული სახლების პროგრამის კრიტერიუმებზე მომუშავე კომისიას იმისთვის, რომ მერიის ხედვები ჯერ დრაფტის სახით  ჩამოაყალიბოს, შემდეგ კი საჯარო განხილვისთვის გამოაქვეყნოს. შესაბამისად, საინტერესოა ისიც, რამდენად თანხვედრაში იქნება ეს საკითხი ბათუმის გენგეგმასთან, რომელზეც ტენდერში გამარჯვებული კომპანია „სითი ინსტიტუტი საქართველო“ მუშაობს. 

„ამ ეტაპზე მიმდინარეობს მონაცემების შეგროვება, შესაძლებელია იყოს როგორც საკანონმდებლო ცვლილების აუცილებლობა, ასევე სამთავრობო უწყებების ჩართულობა როგორც ადგილობრივ, ასევე ცენტრალურ დონეზე – ეს არის სამუშაო ფორმატი. რა პოზიციებიც გვაქვს გაჟღერებული როგორც სახელმწიფო დაფინანსებასთან დაკავშირებით, ასევე სხვა… იგივეა. თუ რაიმე ტიპის გადაწყვეტილება გვექნება, აუცილებლად ჩაგაყენებთ საქმის კურსში.

ვართ მუშა პროცესში. ამ ეტაპზე ვიცით, რომ 80 მილიონი არის გამოყოფილი  მუნიციპალიტეტისთვის 4-წლიან შუალედში აჭარის მთავრობის მხრიდან. დანარჩენ პროცედურებთან მიმართებაში, კერძო სექტორის ჩართულობასთან, მათ შორის, სხვადასხვა შეთავაზებასთან დაკავშირებით იქნება ეს თუ სხვა… საექსპერტო დაწესებულებაში ჩვენ გვაქვს დაახლოებით 250 განაცხადი მოსახლეობის თხოვნით და კიდევ იზრდება. მოხდება ამის სისტემატიზაცია. როდესაც ეს ყველაფერი დასრულდება, გვექნება პრეზენტაცია. პირველ რიგში ექსპერტიზებია ჩასატარებელი“, – გვითხრა ბათუმის მერმა, არჩილ ჩიქოვანმა.

ეს ყველაფერი სულაც არ ნიშნავს, რომ მერია რაღაც სტრატეგიით უკვე არ მოქმედებს და მოსახლეობასთან გარკვეულ პირობებზე მორიგებას არ ცდილობს. ჩვენ მიერ მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით, ავარიულ სახლებში მცხოვრებლები გააფრთხილეს კიდეც, რომ კანონი მერიას აძლევს უფლებას, სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი სახლი მესაკუთრის ნებართვის გარეშეც დაანგრიოს.

ოფიციალურ წერილში, რომლითაც მერია ერთ-ერთი ავარიული სახლის მცხოვრებს ატყობინებს, რომ მისი სახლი ავარიულია და ცხოვრება საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, ვკითხულობთ:

„სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო კანონის შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ ექსპერტიზით დადასტურებულია, რომ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უძრავი ქონება ავარიულია და გამაგრებას არ ექვემდებარება და  მისი არსებობა საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას და  სიცოცხლეს, ასეთი შენობის დემონტაჟი განხორციელდება მესაკუთრის თანხმობის გარეშე.“

მერია იქვე განუმარტავს მესაკუთრეებს, რომ ასეთ შემთხვევაში ვალდებულია დემონტაჟის განხორციელებამდე მესაკუთრეს გადასცეს ტოლფასი ქონება ან სამართლიანი კომპენსაცია. ანუ როგორც ბათუმის მერი ხშირად ამბობს – „ყველაფერი კანონის შესაბამისად…“

მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით, მერიას ამ დროისთვის 73 საცხოვრებლის ექსპერტიზის პასუხი აქვს, სადაც 1727 ოჯახი ცხოვრობს. აქედან 30 საცხოვრებელი ამორტიზებულია და არ ექვემდებარება გამაგრებას [631 ოჯახი]; 11-ის აღდგენა-გამაგრება შესაძლებელია [338 ოჯახი]. ამას ემატება ავარიული სახლი მემედ აბაშიძის ქუჩაზე, რომლის ჩანაცვლების მიზნით გარკვეულ სამუშაოებს მერია უკვე ასრულებს [150 ოჯახი]. [ შესაძლოა სტატიის მომზადების პროცესში ეს მონაცემები კიდევ გაიზარდა].

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი

მერია ავარიულ სახლში მცხოვრებლებს სთხოვს შეთანხმებული პოზიცია 30 დღის ვადაში წარუდგინონ და აფრთხილებს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ავარიული სახლების პროგრამაში ვერ ჩაერთვებიან.

 

ავარიული სახლების პრობლემა დღის წესრიგში განსაკუთრებით მწვავედ დადგა 26 მაისის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის შემდეგ.  ათეულობით მოქალაქე ყოველდღე რეკავდა მუნიციპალურ ინსპექციაში, რომ მისი საცხოვრებელი შესაძლოა ავარიული იყოს და მერიისგან შესაბამისი რეაგირებაა საჭირო.

26 მაისის ქუჩაზე მდებარე კორპუსის სადარბაზო 2021 წლის 8 ოქტომბერს, მოულოდნელად ჩამოინგრა. დაიღუპა 9 ადამიანი, მათ შორის, სამი მცირეწლოვანი. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ კორპუსის პირველ სართულზე მესაკუთრე უკანონო სამუშაოებს აწარმოებდა. დაიწყო გამოძიება, დააკავეს ორი მუშა და ფართობის მეპატრონე. 

ჩამონგრეული კორპუსი 26 მაისის ქუჩაზე

22 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელთან, ლელა სურმანიძესთან ერთად, ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ მერია მთავრობასთან ერთად ავარიული სახლების პროგრამას იწყებს – ამ პროგრამისთვის 80 მილიონზე მეტი ლარი იქნება გათვალისწინებული.

მოგვიანებით კი გაგვიმარტეს, რომ პროგრამის ფარგლებში ყოველწლიურად გაითვალისწინებდნენ ბათუმის მერიის ბიუჯეტში 20 მილიონ ლარს. სხვა რაიმე სახის სქემა, თუ როგორ დაიხარჯება ეს თანხა, დღემდე ცნობილი არ არის.

ამავე ბრიფინგზე თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ ბათუმში 140-ზე მეტი ავარიული კორპუსია, რომლებშიც 1500-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს. მოგვიანებით ეს მონაცემები კიდევ გაიზარდა. ამ ეტაპზე ვიცით, რომ ავარიულ სახლში 3000-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს.

ავარიული სახლი ბათუმში. გიორგი ბრწყინვალის #48

2021 წლის 22 მარტს ბათუმის მერიის ა(ა)იპ საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ გამოაცხადა ტენდერი, რომელიც ავარიული სახლების დემონტაჟის, გამაგრება-რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების შედგენას გულისხმობს. შესყიდვის ბიუჯეტი 450 000 ლარია. წინადადებების მიწოდების ვადა 4 აპრილს უნდა დასრულდეს. დოკუმენტების მიხედვით, მერიამ ამ დროისთვის არ იცის, რამდენი სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტი დასჭირდება. შესაბამისად, ეს ციფრი მითითებული არ აქვს.

ავარიული სახლების ჩანაცვლების საჭიროებაზე საუბარი ბათუმის მერიამ 2019 წელს დაიწყო. დოკუმენტების მიხედვით, რომლებიც მაშინ მერიამ საკრებულოს წარუდგინა, მომზადებული იყო 34 საცხოვრებლის ექსპერტიზის დასკვნა, საიდანაც 19 აღდგენა-გამაგრებას არ ექვემდებარებოდა: „ავარიულია და სახლის ან/და მისი ცალკეული ზონების ექსპლუატაცია საფრთხის შემცველია“.

იმ სახლებიდან, რომელთა მისამართებიც მაშინ მერიამ საკრებულოს წარუდგინა, უმრავლესობაში ოჯახები დღესაც ცხოვრობენ და როგორც ადგილზე გვითხრეს, მისაღებ შეთავაზებას ელიან მერიისგან ან ინვესტორისგან.

რურუას ქუჩა # 1, ავარიული სახლი

პროგრამაში ინვესტორების შესაძლო ჩართვაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემაც ისაუბრა, როდესაც მან ავარიული სახლების პროგრამის დაწყების შესახებ აუწყა საზოგადოებას.

„კერძო სექტორს შევთავაზებთ კონკრეტულ პაკეტს, რომელიც ითვალისწინებს საჯარო და კერძო ინტერესების გათვალისწინებით ბიზნესის და სამშენებლო სექტორის მეტ ჩართულობას ამ პრობლემის გადაჭრაში. ეს მოიცავს რეგულაციების კუთხით სტიმულებს, ასევე, ფინანსურ თავდებობას, რაც გულისხმობს კონკრეტული პროექტების სიცოცხლისუნარიანობას, ფინანსურ მდგრადობას და კერძო სექტორი ჩაერთვება ავარიული სახლების პროგრამის განხორციელების ნაწილში,“ – თქვა თორნიკე რიჟვაძემ.

ინვესტორების ჩართვა ავარიული სახლების პროგრამაში ერთ-ერთი საკითხია მათ შორის, რაც ბათუმში ძეგლების დამცველებს მშვიდად ყოფნის საშუალებას არ აძლევს. გაჩნდა მოსაზრება და შიში იმასთან დაკავშირებით, რომ დაინტერესებული კომპანიები ისევ შეეცდებიან სასურველ ადგილებზე არსებული ისტორიული ორსართულიანი სახლებისა და ბელეტაჟების ნაცვლად ახალი კორპუსების მშენებლობის ნებართვები მოიპოვონ.

„ეჭვიც არ მეპარება, რომ ასე იქნება. გარდა ქალაქის წინააღმდეგ წასვლისა, არაფერი უკეთებია მერიას და არც ამის შემდეგ გააკეთებს. ხალხის ბედი რომ არ ადარდებთ, ეს ბევრჯერ გამოჩნდა და არ მინდა მაგალითების მოყვანა, სიტუაციის კიდევ დრამატიზების გამო. ამას „გააპრავებენ“ სამხარაულის ყალბი დასკვნებით, ამაშიც ეჭვი არ მეპარება. ამას დაემატება არაკეთილსინდისიერი ხელოვნებათმცოდნეების კველევები“, – ამბობს შოთა გუჯაბიძე, ორგანიზაცია „ბათომის“ წევრი.

შიში, რომ „ავარიული სახლების პროგრამას“ შესაძლოა ისტორიული სახლებიც შეეწიროს, უსაფუძვლო სულაც არ არის:

დასანგრევი სახლების ჩამონათვალში რამდენიმე ისტორიული სახლია

დასანგრევი სახლების სიაშია, მაგალითად, ისტორიული სახლი ბათუმში, ბარათაშვილის ქუჩაზე, #43-ში. ამის შესახებ სახლის მცხოვრებლებს 2022 წლის 2 მარტს ოფიციალურად, წერილობით აცნობეს.

„სახლი არის ავარიული და მასში ცხოვრება საფრთხეს უქმინის ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, საცხოვრებელი სახლი ექვემდებარება დემონტაჟს ან და არარენტაბელურია“, – ნათქვამია მერიის წერილში, რომელიც აქ მცხოვრებლებმა მერიისგან მიიღეს.

წერილის მიხედვით, მერია აქ მცხოვრებლებს სთავაზობს რეგისტრირებული ფართობის სანაცვლოდ იმავე ზომის გარემონტებულ ბინას ქალაქის სხვა ტერიტორიაზე, იმავე ტერიტორიაზე ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას და ახალ შენობაში იმავე ზომის ბინების გადაცემას. მერია მოსახლეობას ატყობინებს, რომ ამ ვარიანტებიდან განიხილავს ნებისმიერს, თუ მესაკუთრეების 100- პროცენტიანი თანხმობა იქნება.

ბათუმი. ბარათაშვილის #43. სახლი დასანგრევი შენობების სიაშია

„ბათუმელების“ ინფორმაციით, მსგავსი წერილები სხვა კორპუსების ამხანაგობების თავმჯდომარეებმაც მიიღეს.

ხელოვნებათმცოდნე სოფიო ჭანიშვილი ბარათშვილის #43-ში მდებარე ავარიული სახლის ერთ-ერთი მესაკუთრეა. ცალსახა გადაწყვეტვეტილება, რომ სახლი უნდა დაინგრეს, მისთვის მიუღებელია:

„ადგილი, სადაც ჩვენი სახლი დგას, ისტორიული ბათუმია, ეზოში არის რამდენიმე უსახური შენობა, რაც  მოსაწესრიგებელია. ასევე, გვერდით ეზოში, მიმდინარეობს ახალი მშენებლობა არც თუ ისე სასურველი არქიტექტურით. ისტორიულ უბანში ღირებული ობიექტის დემონტაჟი არ არის მიზანშეწონილი. უნდა დაიწყოს კვარტალის ურბანული შესწავლა და დაგეგმარება. ამის შემდეგ უნდა გამოაშკარავდეს, რისი დემონტაჟია შესაძლებელი. ხაზს ვუსვამ – ეს შიძლება შეეხოს არაღირებულ ნაგებობებს.

ღირებული შენობებისთვის, როგორიც არის ბარათაშვილის 43, აუცილებელია პროექტის შედგენა. შეიძლება სახლზე ჩატარდეს რამდენიმე სახის გამაგრებითი სამუშაო, იმ შემთხვევაში, თუ შენობა მართლა ძალიან დაზიანებულია და საჭიროა ძველი კედლების მოშორება, უნდა შედგეს ადაპტაციის ან რესტავრაციის პროექტი. არის რამდენიმე ძალიან კონკრეტული მაგალითი, რითაც შესაძლებელია გადავარჩინოთ ისტორიული სახლები. მე მესმის მათიც, ვინც შესაძლოა უცებ მოაწერს ხელს პირობას, რადგან გაუსაძლისია ასეთ მდგომარეობაში ცხოვრება, მაგრამ ეს ერთგვარად ნდობაც არის ქალაქის მერიის მიმართ, რომელმაც ყველაფერი სწორედ უნდა გააკეთოს,“- ამბობს  სოფო ჭანიშვილი.

„სიცოცხლისათვის საშიში სახლების“ ნუსხაში მოხვდა ბათუმში, ჰაიდარ აბაშიძის #21-ში მდებარე ორსართულიანი სახლიც. აქ მცხოვრებლების ინფორმაციით, რაზეც გადმოცემით იციან, სახლი 130 წლის წინ უნდა იყოს აშენებული. მის ფასადზე შემორჩენილია ქვის მასკარონები და ხის ფანჯრებიანი აივანი, ძველი მოაჯირით. სახლის ინტერიერს ჯერ კიდევ ამშვენებს ძველი ბათუმისთვის დამახასიათებელი ჩუქურთმებიანი ჭერი, როგორც ფოიეში, ასევე, საცხოვრებელ ოთახებში.

130 წლის მასკარონებიანი სახლი „სიცოცხლისათვის საშიში სახლების“ ნუსხაში მოხვდა

 

ბათუმი, ჰაიდარ აბაშიძის #21

ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამაზე საუბრისას თორნიკე რიჟვაძეს არ უხსენებია უკვე არსებული პროგრამა მსგავსი დასახელებითა და მიზნებით, რომელიც აჭარის მთავრობამ რვა წლის წინ აამოქმედა.

„ქ. ბათუმში არასათანადო-არასტანდარტული საცხოვრისის ლიკვიდაციის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ“ დადგენილებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2014 წლის ივნისში მოაწერა ხელი.

არასათანადო-არასტანდარტული საცხოვრისის ათვისების პროგრამის მიზანი, როგორც მთავრობა გვიხსნიდა, ბარაკებში მცხოვრები მოსახლეობისთვის საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესების შესაძლებლობად უნდა ქცეულიყო. მისი დამტკიცებიდან მერვე წელს პროგრამის ფარგლებში მხოლოდ 15 პროექტი განხორციელდა.

პროგრამის ფარგლებში აჭარის მთავრობის თავმჯდომარის შუამდგომლობით, ბათუმის მერია დეველოპერებს სამშენებლო პროექტების სიმაღლის გაზრდაზე აძლევდა ნებართვებს. გარდა ამისა, სამთავრობო პროგრამა მათ უსახური საცხოვრებლების ათვისების სანაცვლოდ ბათუმის ზოგიერთ ზონაში კოეფიციენტის გაზრდის ანუ სიმაღლის გადასახადისგან ათავისუფლებდა.

რაც შეეხება ავარიული სახლების გადაწყვეტის გზების ასახვას ბათუმის გენგეგმაში. გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის ტექნიკური კოორდინატორი სოფო თოდუა ამბობს:

„ყველა სხვა პრობლემასთან ერთად, რაც კვლევის ფაზაში გამოიკვეთა, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სწორედ ამ ავარიულ ობიექტებს. ერთია, შესაბამისი დასკვნებით შეფასებული ავარიული ობიექტების დაფიქსირება და მეორე ის, რომ ჩვენ ქალაქი ვიზუალურად დავათვალიერეთ და  რომელი შენობების მდგრადობაშიც ეჭვი გვეპარება, ესეც ასახულია დოკუმენტში.  ჯერჯერობით ჩვენ საკვლევ ფაზაში ვართ, ხედვა და კონცეფცია იქნება მიღებული მონაცემების ბაზაზე.  ვინაიდან ეს ქალაქისთვის მწვავე და  უმთავრესი საკითხია, გადაწყვეტილებები მიღებული იქნება სტრაეგიულად, ამ ტიპის უბნები როგორ უნდა განვითარდნენ.“

სოფო თოდუას ინფორმაციით, გენგეგმასთან დაკავშირდებულ პირველად დოკუმენტებს კომპანია მერიას უახლოეს მომავალში გადასცემს და იქნება პრეზენტაციაც.

ფარნავაზ მეფისა და ქუთაისის ქუჩების კვეთა

სტატია მომზადებულია პროექტის, „გაიგე მეტი ბათუმზე“  ფარგლებში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: