მთავარი,სიახლეები

რა არის საჭირო ჭადრაკის განვითარებისთვის ხულოში

25.03.2022 • 1573
რა არის საჭირო ჭადრაკის განვითარებისთვის ხულოში

ხულოს სასპორტო სკოლაში სხვადასხვა ასაკის 15 მოსწავლე სწავლობს ჭადრაკს. მოსწავლეები კვირაში 4-ჯერ იკრიბებიან სასპორტო სკოლაში და შედეგების გაუმჯობესებას ცდილობენ.

ხულოს სასპორტო სკოლაში ჭადრაკს იამზე ბოლქვაძე ასწავლის. როგორც  იგი „ბათუმელებთან“  საუბრისას აღნიშნავს, მუნიციპალიტეტის მასშტაბით მოწყობილ ჭადრაკის შეჯიბრში მონაწილეობის მსურველი ყოველთვის ბევრია.

ბოლო წარმატებას ხულოელმა მოჭადრაკეებმა ამ წლის მარტში მიაღწიეს, როცა აჭარის ჭადრაკის პირველობისთვის გამართულ შეჯიბრში სხვა კატეგორიებში აღებულ საპრიზო ადგილებთან ერთად  8 წლამდე ასაკის გოგონების კატეგორიაში პირველობა ხულოელმა ანასტასია მელაძემ მოიპოვა.

იამზე ბოლქვაძე გვეუბნება, რომ მუნიციპალიტეტში ჭადრაკი მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ და სპორტის ამ სახეობის განვითარებას ხელს ხულოში ხანგრძლივი ზამთარიც უწყობს – ზამთარში ბავშვები ხშირად თამაშობენ ჭადრაკს სოფლის სკოლებში, სპორტის გაკვეთილზე, რადგან არ აქვთ სპორტდარბაზები ფეხბურთის, კალათბურთისა თუ ფრენბურთის სათამაშოდ.

შუაში – ანასტასია მელაძე

იამზე ბოლქვაძის თქმით, ჭადრაკის ხელშეწყობისთვის მნიშვნელოვანია ხულოში სპორტის მასწავლებლებმა ტრენინგები გაიარონ ჭადრაკის სწავლების ტექნიკის მიმართულებით, რადგან ბევრმა სკოლის მოსწავლემ, რომლებიც კარგად თამაშობენ ჭადრაკს, შესაძლოა თამაში მხოლოდ იმის გამო წააგოს, რომ არ იციან შეჯიბრისას თამაშის აუცილებელი წესები.

„პირველ რიგში, სპეციალისტები, ჭადრაკის მასწავლებლები გვჭირდება, რომლებიც ხულოში არ გვყავს.

მოდიან ხულოს სოფლებიდან ბავშვები, რომლებმაც იციან ჭადრაკი, მაგრამ არ იციან თამაშის წესები და შეჯიბრი შესაძლოა მხოლოდ ამიტომ წააგონ. ჭადრაკის სწავლება თამაშის წესების გაცნობით უნდა იწყებოდეს.

ეს პრობლემა ბოლო ორი წლის განმავლობაში როგორღაც დავამარცხეთ. ბავშვებმა წესები, ასე თუ ისე, შეჯიბრებების დროს ისწავლეს და სხვებს გაუზიარეს.

ჭადრაკის ფედერაცია ხელს გვიწყობს. ტრენინგები გვქონდა, გადამზადდა 8 სხვადასხვა სკოლის სპორტის მასწავლებელი, მაგრამ მათ ერთ წელიწადში ვერ მოსთხოვ შედეგს. ჭადრაკი ერთ და ორ თვეში შესასწავლი არ არის“, – ამბობს იამზე ბოლქვაძე.

მისი თქმით, ტრენინგი ერთი მასწავლებლისთვის ვერ ჩატარდება, ამიტომ ბევრმა მასწავლებელმა უნდა გამოთქვას ჭადრაკში გადამზადების სურვილი. იამზეს თქმით, სასურველია ამ საკითხით დაინტერესდნენ რესურსცენტრი და სკოლის დირექტორები. 

იამზე ბოლქვაძეს სურს, ხულოს მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფელში მცხოვრებ მოსწავლეებს, რომლებიც ჭადრაკს კარგად თამაშობენ, ჭადრაკის დიდოსტატებთან მეცადინეობის შესაძლებლობა ჰქონდეთ.

„მას შემდეგ, რაც ჩვენს მოსწავლეებს ვასწავლით ჭადრაკს, რასაც ჩვენ შევძლებთ, შემდეგ უნდა დაფინანსდეს მათთვის ონლაინგაკვეთილები, რათა ამ ბავშვებმა დიდოსტატებთან იმეცადინონ უკეთესი შედეგებისთვის.

ჩვენ ჭადრაკის საბაზისო ცოდნას მივცემთ ბავშვებს, მაგრამ მეტი გვჭირდება. აქ, ხულოში, მშობლები დამატებით ამეცადინებენ სხვადასხვა საგანში ბავშვებს, მაგრამ ჭადრაკში – არა“, – ამბობს იამზე ბოლქვაძე.

იგი ამბობს, რომ ხულოს სხვადასხვა სოფლიდან მოსწავლეები დაბა ხულოში მდებარე სასპორტო სკოლაში სიარულს ვერ შეძლებენ ჭადრაკის შესასწავლად და ამიტომაცაა მნიშვნელოვანი, ჭადრაკი სკოლებში ისწავლებოდეს.

იამზე ბოლქვაძე ამბობს, რომ მუნიციპალიტეტში გამართული შეჯიბრები ბავშვებს მოსწონთ და ხულოს სასპორტო სკოლაშიც იზრდება ჭადრაკის სწავლის მსურველთა რიცხვი.

„როცა შეჯიბრიდან ერთ ბავშვს მიაქვს პრიზი თავის სოფელში, სხვა ბავშვებიც ინტერესდებიან ჭადრაკით. ხულოში გამართულ შეჯიბრებში მონაწილეობას 60-მდე ბავშვი იღებს, თანაც, შეზღუდვების გათვალისწინებით. კონკრეტულ კატეგორიაში ერთი სკოლიდან მაქსიმუმ ორი მოსწავლე შეიძლება მივიღოთ, მეტის რესურსი ფიზიკურად არ გვაქვს, შეჯიბრის დროს ვერსად დავსვამთ“, – ამბობს იამზე.

იამზეს თქმით, ბათუმში გამართულ შეჯიბრებებზე ხულოელი მოსწავლეები საჭადრაკო კლუბ „ნონას“ წევრებს უწევენ კონკურენციას, რაც, მისი თქმით, მნიშვნელოვანი მიღწევაა და ამიტომაც საჭიროა ხულოში ხელი შეეწყოს ჭადრაკის განვითარებას.

ხულოში გამართული შეჯიბრი ჭადრაკში

გადაბეჭდვის წესი


ასევე: