მთავარი,სიახლეები

რა სჭირდებათ ომიდან ჩამოსულ ბავშვებს, რომლებიც ბათუმში დიასპორის ოფისში იკრიბებიან

23.03.2022 • 7181
რა სჭირდებათ ომიდან ჩამოსულ ბავშვებს, რომლებიც ბათუმში დიასპორის ოფისში იკრიბებიან

5 წლის ნასტინკა დედასთან ერთად ბათუმში რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა უკრაინის ომიდან. ბათუმში უკრაინული დიასპორის გაყინულ, 15 კვადრატულ მეტრ ოთახში ზის და უკრაინის დროშას ხატავს, მერე გვიხსნის რა სიმბოლოებს აღნიშნავს დროშის ცისფერი და ყვითელი. ცისფერი ცას ნიშნავს, ყვითელი ხორბლის ყანაა. „ეს ჩემი გულია დროშაზე“, –  ამბობს ნასტინკა.

ნასტინკა, ლტოლვილი უკრაინიდან

უკრაინული დიასპორის ოფისი ბათუმში გრიბოედოვის ქუჩაზეა, №2ა ,,მეგობრობის სახლის” შენობა.

პატარა, 25 კვადრატულ მეტრ ოთახში შემოდიან და გადიან ომიდან ახალჩამოსული უკრაინელები. ყოველდღე, დღის სამ საათზე ნატალია მიროშნიჩენკო უკრაინული ენის გაკვეთილებს უნდა ატარებდეს წესით ბათუმში მცხოვრები უკრაინელებისთვის, მაგრამ ახლა დიასპორის ოფისი ომს გამოქცეული უკრაინელების ნავსაყუდელადაა ქცეული.

ომს გამოქცეული ქალები და ბავშვები პირველად მაინც, ძირითადად, დიასპორის ოფისში მოდიან ბათუმში. ოფისი, ერთი პატარა ოთახი, 14, 15 ადამიანსაც კი ვერ იტევს. დიასპორის ხელმძღვანელს, ნატალია მიროშნიჩენკოს თხოვნით მიმართავენ ბათუმში ჩამოსული უკრაინელები: ეძებენ თავშესაფარს, ღამის გასათევს, ეძებენ ბავშვებისთვის ადგილს სკოლაში, ბევრ მათგანს სჭირდება საკვები პროდუქტები და სამოსი.

უკრაინელები ბათუმში

მომცრო ოთახში ათამდე უკრაინელია თავშეყრილი, ომიდან ახალჩამოსული ქალები შვილებით. ნატალია მიროშნიჩენკო მათ უხსნის, სად და რომელ კაფეებში კვებავენ ომს გამოქცეულ ლტოლვილებს ბათუმში. ბავშვებთან ერთად უსმენენ მშობლები ყურადღებით ნატალიას, რომელიც ამბობს, რომ ინგლისური, ქართული და უკრაინული ენის კურსები აქვს დიასპორას და ცეკვის, სიმღერის გაკვეთილებიც ტარდება.

„გინდათ ამ კურსებზე სიარული?“ – კითხულობს ნატალია.

ბავშვები მხრებს უხალისოდ იჩეჩავენ. რამდენიმე დღის წინ დატოვეს ომი და გამოეცალნენ განგაშის სირენების ხმას.

უკრაინული დიასპორის ოფისი ბათუმში

უკრაინული დიასპორის ბათუმის ოფისში ლტოლვილებს პირველ ჯერზე ნატალიას გარდა არავინ ხვდება. ფინჯანი ყავა, წყალი მოსასულიერებლად, სიმბოლური ტკბილეული ბავშვებისთვის – უკრაინული დიასპორის ოფისში ომიდან ახალჩამოსულ უკრაინელებს არაფერი ხვდებათ, რაც მათ სიმბოლურ თანადგომას, ზრუნვას და ყურადღებას ოდნავ მაინც აგრძნობინებდა. მეტიც, ახალი ნაკადები მოდის და მიდის – როცა ადგილი არაა ოთახში, დიასპორის ხელმძღვანელი მათ სთხოვს გარეთ დაიცადონ და მერე შემოვიდნენ, როცა ოთახი ცოტათი გათავისუფლდება უფრო ადრე მოსულებისგან.

უკრაინული დიასპორის ოფისი ბათუმში

ნატალია მთელი დღე რეკავს. რეკავს ნაცნობებთან, უცნობებთან, ნათესავებთან, მეგობრებთან, მეზობლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ტურიზმის დეპარტამენტში, ყველასთან, ვისი იმედიც აქვს, რომ დაეხმარებიან და სასწაულებრივად კიდევ ერთ თავისუფალ ბინას, ოთახს, სახლს მოაძებნინებენ უკრაინელებისთვის დროებით საცხოვრებლად, სანამ ომი დამთავრდება.

ეძებს ადგილებს ბავშვებისთვის სკოლებში, ინგლისური ენის, სიმღერის, სპორტის ჯგუფებში, ყველგან, სადაც ისინი შეძლებენ სხვებთან ურთიერთობის დაიწყებენ, რაც შეიძლება მალე, რომ დროებით დაივიწყონ უკრაინაში საომრად დარჩენილი მამების, ძმების, მეგობრების  შესახებ. რომ დაივიწყონ დროებით ომის საშინელებები, გრძელი გზა, რომელსაც რამდენიმე დღეა ადგნენ ხან მატარებლით, ხან თვითმფრინავით, ავტობუსით თუ მანქანით.

რეკავს ნატალია ყველგან, სადაც შეუძლია და როცა სალაპარაკო დრო ეწურება მერე ვეღარც რეკავს. უყურებს დიასპორის ოთახში შეკრებილ, ომს გამოქცეულ ქალებს, ბავშვებს და ჩუმად ამბობ: „დასარეკი აღარ მაქვს“.

„სახელმწიფო დონეზე საქართველოში არაფერი კეთდება უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად, რა შეთავაზებებიც გვაქვს მათთვის ყველაფერი კერძო ინიციატივებითაა“, – ამბობს ნატალია მიროშნიჩენკო, უკრაინული დიასპორის ხელმძღვანელი ბათუმში.

ის გვიყვება, რომ 16 მარტის შემდეგ მან დიასპორის ოფისში 32 ბავშვი მიიღო მშობლების განცხადებით, რომლებსაც სხვადასხვა რამ სჭირდებათ.

გვეუბნება, რომ მიიღო დიასპორაში აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვი, რომელსაც სპეციალური საჭიროებები აქვს და ვერ გაარკვია, ვის უნდა მიმართოს ამ ბავშვის დასახმარებლად.

„კიდევ ერთი პატარა ბავშვია, რომლისთვისაც კიევში გულის ოპერაცია უნდა გაეკეთებინათ 16 მარტს, კიევი კი იბომბება და ვის მივმართოთ არ ვიცით. ბავშვი დედასთან ერთად აქაა“, – ამბობს დიასპორის ხელმძღვანელი.

ნატალია მიროშნიჩენკო. უკრაინული დიასპორის ხელმძღვანელი ბათუმში

დიასპორის ოფისში შევხვდით ლილია ლისენკოს. ის კიევიდან რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა მეხუთეკლასელ შვილთან ერთად.

„კიევში ჩვენი უბანი გუშინ, 21 მარტს დაბომბეს. საბედნიეროდ ჩვენმა უკრაინელმა ახლობლებმა დაგვითმეს ბინა ბათუმში და მხოლოდ კომუნალურ გადასახადებს ვიხდით.

ფარნავაზ მეფის ქუჩაზე ოფისში პლედები და თბილი სამოსი მოგვცეს, რაღაც საკვებიც. ვიცი, რომ არის ადგილები, სადაც კვებავენ კიდეც უკრაინელებს.

მეხუთეკლასელი ბიჭი მყავს. მითხრეს, რომ სკოლები ბათუმში გადატვირთულია და იქ მოხვედრა რთულია.

უკრაინაში გეგმავდნენ აღედგინათ ონლაინსწავლება, მაგრამ კიევი უკვე აღარაა უსაფრთხო და მასწავლებლებიც აღარ არიან კავშირზე, წავიდნენ ქალაქიდან. ონლაინსწავლება უკვე შეუძლებელია“, – ამბობს ლილია.

ლილია ლისენკო, ლტოლვილი უკრაინიდან

მისი შვილი, ვლად ლისენკო კი იხსენებს, რომ კიევში 156 სკოლაში ალა მიხაილოვნა იყო მისი მასწავლებელი.

„ცოტა მკაცრი ქალია, მაგრამ კეთილი. ყველაფერი იცის. ალბათ სადმე წავიდოდა უკვე კიევიდან. თავი შეაფარა ალბათ სადმე“, – ამბობს მეხუთეკლასელი ვლადი.

რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა ბათუმში პოლინა აკიროვაც 7 წლის გოგოსთან ერთად კრივოი როგიდან:

„ჩემს შვილს სპეციალური საჭიროებები აქვს, ძალიან სჭირდება მას ახლა უბრალო, ადამიანური ურთიერთობები ბავშვებთან, უბრალო კონტაქტი, თამაში, სიცილი და არა სახლში გამოკეტვა… მადლობა ღმერთს ბათუმში ბინა ვიყიდეთ წლების წინ და ახლა ძალიან გამოგვადგა. უკრაინაში დავტოვე ჩემი 18 წლის ბიჭი და მეუღლე. თუ კრივოი როგში საბრძოლო მოქმედებები დაიწყება, მათ ბრძოლა მოუწევთ… ეს საშინელებაა, მე აქ ვარ, ისინი იქ და არ ვიცით რა იქნება.

ჩემი შვილი ხარკოვში სწავლობდა, მისი მეგობრები ახლა მიწისქვეშა თავშესაფრებში ათევენ ღამეს.

ჯერჯერობით მეუღლე მიგზავნის ფულს, რაც გვჭირდება, როდემდე გვეყოფა ეს ყველაფერი არ ვიცით. ერთადერთი ადგილი, სადაც ჩემი გოგო გამყავს და ერთობა – მაკდონალდსია. თოჯინების თეატრიც არის თურმე ბათუმში, მაგრამ ბილეთი 5 ლარი ღირს, ორჯერ წავალთ ალბათ, ყოველ შაბათ-კვირას ვერ ვივლით, ფული საკვებისთვის უნდა დავზოგოთ, თუმცა რა დროს ამაზე ლაპარაკია: მეგობრები საშინელებებს მიყვებიან მარიუპოლიდან, წყალი და საკვებიც კი აღარ აქვთ ადამიანებს“, – ამბობს პოლინა.

პოლინა აკიროვა, ლტოლვილი უკრაინიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: