მთავარი,სიახლეები

კლუბებში უცხოელებისთვის თანხების გამოძალვის ბრალდებით 13 პირი დააკავეს – შსს

26.03.2022
კლუბებში უცხოელებისთვის თანხების გამოძალვის ბრალდებით 13 პირი დააკავეს – შსს

შსს ინფორმაციით, ორგანიზებული დანაშაულის ბრალდებით 13 პირი დააკავეს.

ჯგუფის წევრები თბილისის კლუბებში ტურისტებისგან დიდი ოდენობით თანხებს ეუფლებოდნენ.

შსს განცხადებით, „ბრალდებულები ტურისტებს მოტყუებით, მუქარით, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლით, იძულებით ახდევინებდნენ შეკვეთილი მომსახურების შეუსაბამო, არარეალურ, დიდ თანხებს.

მათი დანაშაულებრივი ქმედებით სერიოზულად ილახებოდა საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის იმიჯი და ჩვენს ქვეყანაში არსებული უსაფრთხო გარემოს რეპუტაცია“.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ქალები, რომლებიც თბილისში მდებარე კლუბებში – „ქალაქურსა“ და „როიალში“ ე.წ. პრომო გოგონებად მუშაობდნენ, სხვა ბრალდებულებთან – ამავე კლუბების მფლობელ ა.ა.-სთან, მენეჯერებთან – ა.ს.-სა და ტ.ჰ.-სთან შეთანხმებით, მეტი ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, საქართველოში ჩამოსულ უცხოელ ტურისტ მამაკაცებს თავს აპატიჟებინებდნენ და მათთან შეუთანხმებლად უკვეთავდნენ სხვადასხვა დასახელების სასმელს და საკვებს.

შემდეგ, თაღლითურ სქემაში ჩართულ მიმტანს უცხოელ ტურისტებთან მიქონდა ჩეკი და ბრალდებულები მათ მოტყუებით, იძულებით ახდევინებდნენ შეკვეთილი მომსახურების შეუსაბამო დიდ თანხებს.

სამართალდამცველებმა, კლუბი „როიალის” ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს, სავარაუდოდ, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხები – 980 ლარი, 2 712 აშშ დოლარი, 1 815 ევრო, 64 500 რუსული რუბლი, 500 შვეიცარიული ფრანკი, 712 არაბული დირჰამი და 3 550 ავსტრალიური დოლარი“-ამბობს შსს.

ამავე წყაროს ცნობით, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ასევე ამოღებულია მობილური ტელეფონები, საბანკო ბარათები და სხვადასხვა სახის დოკუმენტაცია.

პოლიციამ რამდენიმეთვიანი ინტენსიური კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა: სომხეთის მოქალაქეები – 1997 წელს დაბადებული ა. ა., 1996 წელს დაბადებული ა.ს., 1997 წელს დაბადებული ტ. ჰ.

ასევე, საქართველოს მოქალაქეები – 1998 წელს დაბადებული ნ. გ., 1982 წელს დაბადებული ხ. ბ., 2001 წელს დაბადებული ლ. წ., 1995 წელს დაბადებული თ. შ., 1991 წელს დაბადებული ვ. კ., 1996 წელს დაბადებული მ. გ., 1999 წელს დაბადებული ე. მ., 1987 წელს დაბადებული ნ. თ., 1999 წელს დაბადებული ნ. დ., 1999 წელს დაბადებული ნ. ხ.

„მათ ბრალად ედებათ ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია“.

დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: