მთავარი,სიახლეები

რატომ გახდა რუსეთი ისევ დენის მთავარი იმპორტიორი? – საქართველოს ენერგოუსაფრთხოება

26.12.2021 •
რატომ გახდა რუსეთი ისევ დენის მთავარი იმპორტიორი? – საქართველოს ენერგოუსაფრთხოება

საქართველომ რუსეთიდან წელს თითქმის ორჯერ მეტი ელექტროენერგია იყიდა, ვიდრე ნებისმიერ წელს, თუნდაც ბოლო 10 წლის განმავლობაში. ვინაიდან ზამთრის პერიოდში ელექტროენერგიაზე მოხმარება იზრდება, ადგილობრივი გამომუშავება კი შემცირებულია, შესაბამისად, იმპორტი კიდევ უფრო გაიზრდება.

ქართული მხარე იმპორტის გაზრდას აფხაზეთს უკავშირებს, აფხაზეთში კი, დენის მოხმარების ზრდის მიზეზად მაინინგს ასახელებენ და მიწოდებაში მაინც შეზღუდვებია.

ე.წ. მაინინგი სახელდება მესტიაში დენის შეზღუდვის მიზეზადაც, რის გამოც დენი მუნიციპალიტეტს დღეს შეზღუდვით მიეწოდება.

2021 წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით რუსეთიდან უკვე შესყიდულია 1.108 მილიარდი კილოვატსაათი ენერგია, მაშინ როცა, მაგალითად, პანდემიის [2020] და არაპანდემიის [2019] წლებში, ამავე ქვეყნიდან შესყიდული იყო, შესაბამისად, 570.6 მილიონი და 524.5 მილიონი კვტსთ.

ელექტროენერგიის იმპორტი რუსეთიდან 2021 წელს საგრძნობლად გაიზარდა:

რუსეთისგან შესყიდული ელექტროენერგია წლების მიხედვით / წყარო: ესკო / ია ფრანგიშვილის ინფოგრაფიკა

ხომ არ ხდება საქართველოს ენერგეტიკული თვალსაზრისით ისევ ოკუპანტ სახელმწიფოზე დამოკიდებული, თუნდაც ისეთ პერიოდში, როცა ადგილობრივი დენის გამომუშავება მინიმუმამდე დადის, მაგალითად, ზამთარში? – მით უმეტეს, წელს იმპორტირებული ელექტროენერგიის 61.6% რუსეთიდანაა.

წყარო: ესკო

ესკოს ძირითადი ფუნქცია საბალანსო ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვაა [მათ შორის, იმპორტსა და ექსპორტზე საშუალო და გრძელვადიანი ხელშეკრულებების გაფორმების გზითაც].

„არის ტენდერში გამარჯვებული კომპანია, რომლისგანაც ჩვენ შემოგვაქვს ელექტროენერგია. ამჯერად არის რუსეთის კომპანია, იმიტომ, რომ ელექტროენერგიის შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერში დადო ყველაზე დაბალი ფასი. მომწოდებელი კი ირჩევა მხოლოდ და მხოლოდ ფასის გამო“, – გვითხრეს ესკოში.

ესკოში ასევე გვითხრეს, რომ „ამ ეტაპზე უფრო მეტად მოხმარება გაზრდილია ძირითადად აფხაზეთის ტერიტორიაზე, თუმცა რატომ და რა მიზეზით, ეს ესკოს დასათვლელი ნამდვილად არ არის. ჩვენ ვართ შემსრულებელი ინსტრუმენტი. გვეტყვიან აქ საჭიროა ენერგია მიგვაქვს… რაც შეეხება იმას, თუ რა პრინციპით ხდება აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდება, ეს უკვე პოლიტიკური საკითხია და ეკონომიკის სამინისტროს უნდა მიმართოთ“.

რაც შეეხება ზოგადად იმპორტის ზრდას, ესკოში ამბობენ, რომ „გაზრდილია მოხმარება და შესაბამისად იმპორტი, მით უმეტეს ზამთრის თვეებში. ზაფხულის თვეებში კი ეს სტატისტიკა ასე არ არის და იმპორტი გაცილებით ნაკლებია, ან საერთოდ არ არის და ელექტროენერგია გაგვაქვს ექსპორტზე.“

საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარების გაზრდასთან დაკავშირებით ისევ ესკოს მონაცემებს თუ დავეყრდნობით, 2021 წლის 11 თვეში 1,8 მილიარდი კვტსთ-ით მეტი ელექტროენერგიაა მოხმარებული, ვიდრე 2019 წლის იგივე პერიოდში.

თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ 2019-2021 წლებში საქართველოში ექსპლუატაციაში გაეშვა 18 ჰიდრო და 1 თბოსადგური [„გარდაბნის თბოსადგური 2“].

აქვე საინტერესოა ის, რომ ანგარიშგების დოკუმენტის მიხედვით, „ესკო არ მონაწილეობს ინვესტორთან გასაფორმებელ მემორანდუმში ფასის და შესასყიდი პერიოდის განსაზღვრის პროცესში. იგი მთავრობასა და ინვესტორს შორის მიღწეული შეთანხმებით, მემორანდუმებში ასახული პირობების გათვალისწინებით ინვესტორთან აფორმებს ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებას“.

რამდენი ნებართვა გაიცა საქართველოში ჰესების მშენებლობაზე 2012 წლიდან დღემდე და რამდენ კილოვატსაათ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს 2012 წლის შემდეგ აშენებული ჰესები ჯამურად? ასევე რამდენი განაცხადია შესული სამინისტროში ჰესის მშენებლობის ნებართვის მოთხოვნით და რა მემორანდუმებია გაფორმებული? – ამ კითხვებზე პასუხი ეკონომიკის სამინისტრომ „ბათუმელებს“, წერილობითი მოთხოვნის მიუხედავად, არ მოგვაწოდა.

სამინისტროსთვის კითხვები რუსეთიდან დენის იმპორტის გაზრდასთან და აფხაზეთისთვის მიწოდებასთან დაკავშირებითაც გადავუგზავნეთ, თუმცა პასუხები ამ დრომდე არც ამ კითხვებზე მიგვიღია.

დენის მოხმარება საქართველოში [ესკოს მონაცემებით]:

  • 2021 წელი [იანვარი-ნოემბერი] – 13 777.7 მლნ. კვტსთ
  • 2020 წელი – 12 412.6 მლნ. კვტსთ
  • 2019 წელი – 13 147.2 მლნ. კვტსთ
  • 2018 წელი – 13 186.5 მლნ. კვტსთ

ესკოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ყველა ძირითადი ინფორმაცია მათ ოფიციალურ გვერდზე ქვეყნდება, თუმცა ამ გვერდზე ჯერ გამოქვეყნებული არ არის კომპანიის 2020 წლის წლიური ანგარიში.

ესკოს 2019 წლის ანგარიშის მიხედვით კი, საბალანსო ელექტროენერგიის გამყიდველებში ელექტროენერგიის იმპორტიორთა წილი ნახევარზე მეტი, 53 პროცენტი იყო.

საბალანსო ელექტროენერგიის გამყიდველების რაოდენობრივი მაჩვენებლები
და მათი წილობრივი მონაწილეობა 2019 წლისათვის:

წყარო: ესკო [2019 წელს საბალანსო ელექტროენერგია ელექტროენერგიის მთლიანი საბითუმო ვაჭრობის 21,7 პროცენტს  შეადგენდა]

ფინანსური ანგარიშგების დოკუმენტის მიხედვით, ესკოს შემოსავალმა 2020 წელს 648.8 მილიონი ლარი შეადგინა, წლის მოგებამ კი – 3.9 მილიონი ლარი. აუდიტის მიხედვით, კოვიდპანდემიას  არანაირი არსებითი უარყოფითი გავლენა არ მოუხდენია ესკოს მუშაობაზე.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, კომპანიის „საკრედიტო რისკი არსებობს აფხაზეთში მოხმარებული საბალანსო ელექტროენერგიის დავალიანებაზეც… აფხაზეთის ტერიტორიაზე ელექტროენერგიის მიწოდება ხორციელდება ენგურჰესისა და ვარდნილჰესების კასკადის ჰესების მიერ. იმ შემთხვევაში თუ აფხაზეთის ტერიტორიაზე ელექტროენერგიის მიწოდება ხდება ესკოს მიერ შესყიდული ელექტროენერგიის ხარჯზე, ენგურჰესი და ვარდნილჰესების კასკადი ვალდებულნი არიან მომდევნო საანგარიშო პერიოდში მიაწოდონ ესკოს ეკვივალენტური რაოდენობის ელექტროენერგია. ესკო უფლებამოსილია აღნიშნული ელექტროენერგია გაყიდოს მის მიერ ნაყიდი და აფხაზეთის ტერიტორიაზე მიწოდებული ელექტროენერგიის ფასად… აღნიშნული ჰესების ვალდებულებაა მიაწოდოს აფხაზეთს ელექტროენერგია უსასყიდლოდ და ესკო საბალანსო ელექტროენერგიის დაბრუნების დროს, აწვდის შიდა მომხმარებლებს ამ ელექტროენერგიას ბაზრის წესების მოთხოვნით, არსებული საშუალო შეწონილი ფასით“.

ვინაიდან 2021 წლის თებერვალ-აპრილში ენგურჰესი გაჩერებული იყო, ესკო აფხაზეთს რუსეთში ნაყიდ დენს აწვდიდა.

ენგურის გაჩერებამდე, შპს „ენგურჰესის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ლევან მებონია ნეტგაზეთთან ამბობდა, რომ ენგურის გაჩერების პერიოდში აფხაზეთისთვის საჭირო იქნებოდა დაახლოებით 450 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგია. თუმცა, ესკომ, მიმდინარე წლის მარტის ჩათვლით, ორჯერ მეტი – 909.1 მილიონი კვტსთ ელექტროენერგია იყიდა რუსეთში და მიაწოდა აფხაზეთს.

ესკომ რუსეთიდან ელექტროენერგიის შესყიდვა მაისის შემდეგაც გააგრძელა, თუმცა ეს დენი აფხაზეთისთვის არ მიუწოდებია. მაისიდან ნოემბრის ჩათვლით, ესკომ რუსეთიდან 71.92 მილიონი კვტსთ, ხოლო აზერბაიჯანიდან – 29.57 მილიონი კვტსთ ელექტროენერგია შეისყიდა.

როცა ესკო რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის ზრდას აფხაზეთისთვის მიწოდებას უკავშირებს, აფხაზეთში ენერგოდეფიციტია. დენის მიწოდებაში დაწესებული შეზღუდვების გამო კი, ადამიანებს დღე-ღამის განმავლობაში ფაქტობრივად გათბობის გარეშე, სიცივეში უწევთ ცხოვრება.

რუსეთიდან დენის იმპორტის გაზრდასთან დაკავშირებით კომენტარის მიღება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნულ კომისიაში [სემეკი] ვცადეთ. აქ გვითხრეს, რომ ელექტროენერგიის იმპორტთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი [ესკო] ფლობს და უმჯობესია კომენტარისთვის მას მივმართოთ.

ესკოში „ბათუმელებს“ ოფიციალურ კომენტარზე უარი იმ მიზეზით უთხრეს, რომ ესკო არ წარმოადგენს საჯარო დაწესებულებას და არ აქვს საჯარო ინფორმაციის გაცემისა და კომენტარის გაკეთების ვალდებულება [ესკო სააქციო საზოგადოებაა და მისი აქციები სრულად ეკუთვნის საქართველოს მთავრობას].

ენერგეტიკის სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების ხელშეწყობის მიზნით, ესკომ და საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ მიმდინარე წლის მაისში, ახალი სააქციო საზოგადოების [„საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა“] წესდება დაამტკიცეს. ენერგეტიკის სექტორში ახალი წესები 2022 წლის იანვრიდან უნდა ამოქმედდეს.

ახალი წესების ამოქმედებით კი, 2022 წლის იანვრიდან, ბაზარზე თავისუფალი მიმწოდებლებიც უნდა გამოჩნდნენ, ვინაიდან სწორედ ამ დროისთვისაა დაგეგმილი ელექტროენერგეტიკული ბირჟის [ბაზრის] გახსნა.

ბირჟაზე ელექტროენერგიის ყიდვა და მომხმარებლისთვის მისი მიწოდების უფლება კი, წესით, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ექნება, ვინც მანამდე სემეკში თავისუფალ მიმწოდებლებად დარეგისტრირდება.


სტატია მომზადებულია პროექტის ფარგლებში – „მოქალაქეებისა და ახალგაზრდების ჩართულობის გაძლიერება სამოქალაქო აქტივობებში“. პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ამერიკული ფონდი „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ [NED]. არ არის აუცილებელი სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: