მთავარი,სიახლეები

რუსეთი – დენის მთავარი იმპორტიორი, აზერბაიჯანმა მესამე პოზიციაზე გადაინაცვლა

25.03.2022 • 1659
რუსეთი – დენის მთავარი იმპორტიორი, აზერბაიჯანმა მესამე პოზიციაზე გადაინაცვლა

დენის შეყვანის საფასური საქართველოში 2022 წლიდან გაძვირდა. საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის, როგორც ქალაქებში, ასევე სოფლად, ის 600 ლარის ნაცვლად 800 ლარია. კომერციული სექტორისთვის კი – გაცილებით მეტი და მოთხოვნილ სიმძლავრეზეა დამოკიდებული.

ახალი ობიექტის ელექტროქსელთან მიერთების საფასურის გაზრდით, გაიზარდა დეველოპერთა ხარჯები, რაც დიდი ალბათობით, საცხოვრებელი ბინების თვითღირებულებასაც გაზრდის.

მოქალაქეებისთვის ახალი აბონენტების ქსელში ჩართვის ღირებულების გაზრდის პარალელურად, იზრდება დენის იმპორტიც ოკუპანტი ქვეყნიდან – რუსეთიდან.

[red_box]რუსეთი – დენის უმსხვილესი იმპორტიორი საქართველოში[/red_box]

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოსთვის რუსეთი დენის მთავარი იმპორტიორი არ იყო, მან მხოლოდ 2021 წელს მიაღწია ამ პოზიციას და წელსაც ინარჩუნებს. რუსული დენით საქართველოში აზერბაიჯანული დენი ჩაანაცვლეს. წელს აზერბაიჯანმა დენის მოწოდების კუთხით მესამე პოზიციაზე გადაინაცვლა.

2022 წელი

იანვარ-თებერვალში საქართველოში იმპორტირებულია 763.7 მილიონი კოლოვატსაათი [კვტსთ] ელექტროენერგია.

  • რუსეთიდან – 513 მილიონი კვტსთ [მთლიანი იმპორტის 67%]
  • სომხეთიდან – 135.9 მილიონი კვტსთ
  • აზერბაიჯანიდან – 114.8 მილიონი კვტსთ
2021 წელი

საქართველოში იმპორტირებული იყო 2 006.2 მილიონი კვტსთ ელექტროენერგია.

  • რუსეთიდან – 1 244.9 მილიონი კვტსთ [მთლიანი იმპორტის 62%]
  • აზერბაიჯანიდან – 600.1 მილიონი კვტსთ
  • თურქეთიდან – 161.2 მილიონი კვტსთ
2019 წელი

საქართველოში იმპორტირებული იყო 1626.5 მილიონი კვტსთ ელექტროენერგია.

  • აზერბაიჯანიდან – 1102 მილიონი კვტსთ
  • რუსეთიდან – 524.5 მილიონი კვტსთ

დენის მთავარ იმპორტიორად რჩება რუსეთი 2022 წლის მიმდინარე, მარტის თვეშიც. ესკოს მონაცემებით, 1-24 მარტს საქართველოში რუსეთიდან განხორციელდა – ჯამში 259.37 მილიონი კვტსთ ელექტროენერგიის იმპორტი, სომხეთიდან – 1.74, ხოლო აზერბაიჯანიდან – 0.16 მილიონი კვტსთ-ის.

ქართული მხარე რუსეთიდან დენის იმპორტის გაზრდის მიზეზად აფხაზეთს ელექტრომომარაგებას ასახელებს [და აპელირებს იმაზეც, რომ 2021 წელს რამდენიმე თვით გაჩერებული იყო ენგურჰესი].

თუმცა, რუსეთიდან ელექტროენერგიის შესყიდვა ენგურჰესის ამუშავების შემდეგაც გაგრძელდა და გრძელდება დღესაც. ამასთან 2021 წელს და მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში რუსეთიდან შეძენილი ელექტროენერგიიდან, ჯამში 304.3 მილიონი კვტსთ, ოფიციალური ინფორმაციით, აფხაზეთისთვის არ მიუწოდებიათ.

აღსანიშნავია, რომ ელექტროენერგიის ხარჯი უკონტროლოა არათუ იმ ტერიტორიაზე, რომელსაც ქართული მხარე ვერ აკონტროლებს [აფხაზეთი], არამედ იმ ტერიტორიაზეც, რომელსაც ოფიციალური თბილისი ოფიციალურად აკონტროლებს – საუბარია სვანეთის რეგიონზე.

საქართველომ რუსეთიდან 2021 წელს თითქმის ორჯერ მეტი ელექტროენერგია იყიდა, ვიდრე ნებისმიერ წელს, თუნდაც ბოლო 10 წლის განმავლობაში.

ექსპერტი ალექსანდრე თვალჭრელიძე თვლის, რომ აზერბაიჯანიდან იმპორტის შემცირებას ობიექტური მიზეზები აქვს და არა რაიმე გეოპოლიტიკური. თუმცა, ის, რომ რუსეთი მთავარ იმპორტიორად იქცა, საქართველოსთვის დიდი პრობლემაა: „მიუხედავად იმისა, რომ თავისუფალი ბაზარია, კონკურენციაა და რუსული დენი შედარებით იაფია.“

„ის, რომ რუსეთი მთავარი იმპორტიორია, სახელმწიფოსთვის ეს არის ძალიან დიდი, უზარმაზარი პრობლემა. აი ვთქვათ, დაიშალა რუსეთი, ან არ მოგაწოდა დენი, შემდეგ საიდან განვახორციელებთ ელექტროენერგიის იმპორტს? – მერე ეს იქნება საკითხავი. როგორც ჩანს, აზერბაიჯანიდან ვერ მოახერხეს და არ მოგვაწოდეს. აზერბაიჯანი თვითონ ვითარდება, მეტს მოიხმარს და აღარ აქვს იმდენი შესაძლებლობა, რომ ელექტროენერგიის დიდი ექსპორტი განახორციელოს. ამიტომ, მოგვიწევს თურქეთიდან ზამთარში ყიდვა და ეს ორჯერ უფრო ძვირი იქნება“, – ამბობს ალექსანდრე თვალჭრელიძე.

ექსპერტის თქმით, ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის აუცილებელია ჰესებისა და თბოსადგურების აშენება, რესურსი ქვეყანაში არის და საქართველო არა თუ უნდა ყიდულობდეს, არამედ ელექტროენერგიის ექსპორტიორი უნდა იყოს: „ვთვლი, რომ ამისთვის აუცილებელია კაშხლური ჰიდროელექტროსადგურების აშენება; სასწრაფოდ უნდა მოხდეს თბოსადგურების აქტივაცია და ა.შ. აშენდეს ნახშირის მძლავრი ელექტროსადგური, მაგრამ არა ისეთი, რომ ნახშირი ამოვიღოთ და ხალხი დაზარალდეს, არამედ უნდა მოხდეს ამერიკელებთან ერთად ახალი ტექნოლოგიის დანერგვა“.

რა მოხდა ბაზარზე

„ენერგო-პრო ჯორჯია“, რომელიც ქვეყანაში [თბილისის გამოკლებით] ბაზარზე დენის მიწოდების კუთხით მონოპოლისტია, სემეკის გადაწყვეტილებით ახალ ობიექტებში ქსელის მოწყობის სამუშაოების შესრულების კუთხითაც მონოპოლისტი გახდა. სემეკის ამ გადაწყვეტილებით კი, სხვადასხვა მცირე კომპანიაში ასობით დასაქმებული ადამიანი უმუშევარი დარჩა.

2022 წლამდე თუ ახალი ობიექტის მიერ მოთხოვნილი სიმძლავრე იყო, ვთქვათ, 1 000 კილოვატი [კვტ] და ნაკლები, ასეთ ობიექტებში ელექტროგაყვანილობის და მრიცხველების მონტაჟს, კანონით, ისედაც ენერგოკომპანია, მაგალითად, „ენერგო-პრო ჯორჯია“ ასრულებდა. 1 000 კვტ-ზე მეტი სიმძლავრე სადაც იყო საჭირო, ასეთ კორპუსში [სადარბაზოებში] გარე ქსელის მოსაწყობად დეველოპერის/მშენებელის დაკვეთით სხვა, კერძო კომპანია მუშაობდა.

სემეკმა ეს ზღვარი 1 000-იდან 3 200 კვტ-მდე აწია. ანუ, 3 200 და ნაკლები სიმძლავრის მოთხოვნის შემთხვევაში, მრავალბინიან თუ სხვა ობიექტებზე ელექტროქსელს [და მრიცხველებს] მხოლოდ „ენერგო-პრო ჯორჯია“ დაამონტაჟებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ობიექტი დენის გარეშე დარჩება.

სწორედ ამ დადგენილების გამო, გარკვეულწილად სამუშაო ადგილებს კარგავენ მცირე მეწარმეები, რომლებიც დენის დაერთებაზე მუშაობდნენ. მათ სემეკმა გარკვეული შეზღუდვები დაუწესა „ენერგო პრო ჯორჯიას“ სასარგებლოდ.

იმის სილუსტრაციოდ, თუ როგორ გაძვირდა დენი შემოვლით, მაგალითისთვის ავიღოთ 250-ბინიანი კორპუსი. ამ შემთხვევაში ადრე თუ მოთხოვნილი სიმძლავრე იყო 800-დან 1 000 კილოვატამდე, „ენერგო-პროს“ მშენებელი უხდიდა მიერთებისა და მრიცხველების საფასურს, რაც ჯამში იყო 245 ათასი ლარი [მოთხოვნილი სიმძლავრის მიხედვით მიერთების საფასური სხვადასხვაა].

იანვრიდან კი, ვინაიდან მიერთების საფასური სემეკის დადგენილებით გაძვირდა ამ შემთხვევაში 100 ათასი ლარით, ხოლო ერთი მრიცხველი 100 ლარით – მშენებელი „ენერგო-პროს“ გადაუხდის არა 245 ათას ლარს, არამედ 370 ათას ლარს. შესაბამისად, მშენებელიც იძულებული ხდება გააძვიროს გასაყიდი ბინა.

 

კერძო კომპანიებში, რომლებიც გარე ქსელის მოწყობაზე მუშაობდენენ, „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მიერთების საფასურის გაზრდა და ასევე 3 200 კილოვატამდე სიმძლავრის შემთხვევაში ქსელის მოწყობის დარეგულირება „ენერგო-პრომ“ მოითხოვა და სემეკმა, რომელიც სახელმწიფო უწყებაა, დააკმაყოფილა.

ელექტროქსელზე ახალი ობიექტის მიერთების საფასური 2021 წელს და 2022 წლის იანვრიდან / წყარო: სემეკის დადგენილება

„ბათუმელებმა“ სცადა პასუხების მიღება „ენერგო-პრო ჯორჯიადან“, თუ რის საფუძველზე მოითხოვა კომპანიამ საფასურის, ასევე დარეგულირებული მიერთების ზღვარის გაზრდა, თუმცა კონკრეტული პასუხები ვერ მივიღეთ.

„ქსელზე მიერთების საფასური განისაზღვრება სემეკის მიერ, შესაბამის ნორმატიული აქტით;
0,4 კვ ძაბვაზე ქსელზე მიერთების საფასური სემეკის მიერ დადგენილია 3 200 კვტ-მდე;
ქსელზე მიერთების საფასურში შედის ობიექტის [მათ შორის, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი] ქსელზე მიერთების სამუშაოები [სრული ტექნოლოგიური ციკლი], მათ შორის აღრიცხვის კვანძების ჩათვლით.
ნებისმიერ მუნიციპალიტეტში [მათ შორის სოფლად] 1-დან 10 კვტ-მდე ქსელზე მიერთების საფასური შეადგენს 800 ლარს“, – მოგვწერეს „ენერგო-პრო ჯორჯიადან“.

რატომ გაიზარდა მიერთების საფასური? – „ბათუმელებს“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში [სემეკში] მიზეზად ის დაუსახელეს, რომ არ გაზრდილიყო დენის ტარიფი.

სწორედ ამ მიზეზით სემეკმა 6 თვის წინ გაზის შეყვანის საფასურიც გააძვირა: ბათუმში ბინაში გაზის შეყვანა 300 ლარით გაძვირდა და 1 100 ლარია – სემეკის განმარტება

„600 ლარი როცა იყო მიერთების საფასური, მიმწოდებელი მოდის და გვეუბნება, რომ მას უჯდება, დავუშვათ, 700 ლარი ან 800 ლარი და ის იღებს 600 ლარს, დანარჩენი 200 ლარი უნდა წასულიყო უკვე ტარიფში და ამ განსხვავებას ჩვეულებრივად გადაიხდიდა ყველა მომხმარებელი – დენის გადასახადიდან.

მიერთება შესაძლოა სადღაც კომპანიას დაუჯდეს 200 ლარი, იმიტომ, რომ, მაგალითად, სატრანსფორმატორო პუნქტის გვერდით იყოს ახალი მომხმარებელი, ამიტომ მრიცხველის და, ვთქვათ, 10 მეტრი ახალი კაბელის ჩამოკიდება დასჭირდეს და სადღაც რამდენიმე ასეული მეტრით იყოს დაშორებული, როცა კომპანიას უწევს გზის გადათხრა, მიწის გამოსყიდვაც და ა.შ.  ჩვენ ამას ვუყურებთ წლის ჭრილში – რა უჯდება მიერთება საშუალოდ.

ასევე გასათვალისწინებელია ერთი გარემოება. ძირითადად ქალაქებში არის ეს პრობლემა – ისე ადვილი აღარ არის ახალი მიერთების გაკეთება, როგორც ადრე იყო – გინდა კორპუსი მიაერთე და გინდა ინდივიდუალურად [ვთქვათ, ერთი კომერციული ობიექტი].

ახლა თითქმის ყველაფერი პრივატიზებულია, მერია ძალიან დიდ წინააღმდეგობას უწევს კომპანიას, რომ გადათხაროს გზა – [შეიძლება გზის გადათხრით 10 მეტრში დააერთოს, მაგრამ მერიამ უფლება არ მისცეს და სადღაც 100 მეტრში ჩაიყვანოს, შემოახვევინოს და ა.შ. ამიტომ აი ეს ყველაფერი ერთობლიობაში, ზრდის მიერთების საფასურს, ამას უკავშირდება, ასევე ინფლაცია, საერთაშორისო ფასები, ფასები ქვეყნის შიგნით.

აქედან გამომდინარე ჩვენ მიზანშეწონილად ჩავთვალეთ გაგვეზარდა მიერთების საფასური, რათა ისე არ მომხდარიყო, რომ უკვე ყველა აბონენტის მიერ დაფინანსებულიყო ტარიფიდან“, – უთხრა „ბათუმელებს“ ზვიად გაჩეჩილაძემ, სემეკის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორმა.

რაც შეეხება მიერთების დარეგულირების ზღვარის გაზრდას [1000-დან 3200 კვტ-მდე], ზვიად გაჩეჩილაძე ამბობს, რომ კანონით მრიცხველები უნდა ეკუთვნოდეს ენერგოკომპანიას და მიუხედავად იმისა, ქსელს ის მოაწყობდა თუ არა, მრიცხველი მაინც მას უნდა დაემონტაჟებინა.

„თუმცა ადრე 1000 კვტ-ზე მაღლა ენერგოკომპანია აძლევდა უფლებას მრიცხველიც მშენებელს ჩამოეკიდა და მერე გადმოეცათ მისთვის. ეს, ჩვენი აზრით, კანონის ახალ მოთხოვნებთან შეუსაბამოა. მეეჭვება, რომ ბოლო პერიოდშიც ასე ექნათ, ეს ცოტა უფრო ადრე იქნებოდა. მაგრამ ეს არარეგულირებული მიერთება ჩვენ 1000-იდან ავწიეთ 3200-მდე და საფასურები დავადგინეთ. ამით, მშენებელს ხელ-ფეხი აქვს შეკრული – მან უნდა გადაიხადოს საფასური და დაელოდება ენერგოკომპანიას [მოუყვანს ქსელს, შეუყვანს კორპუსში, დაუყენებს მრიცხველებს].

რეგულირების ზღვარი ავწიეთ იმიტომ, რომ ენერგოკომპანია მოგცემდა ტექნიკურ პირობას და არ აინტერესებდა ქსელის მოწყობა დაგიჯდებოდა 1 000 ლარი თუ მილიონი ლარი. ეს იყო მომხმარებლის/მშენებლის თავის ტკივილი, ვიღაცას შეიძლება ეხეირა, მაგრამ ვიღაცა შეიძლება მაგრად გაწეწილიყო. ამიტომ დავადგინეთ ახლა ეს საფასური,“ – ამბობს ზვიად გაჩეჩილაძე.

ბაზარზე მონოპოლია გრძელდება

მიერთებისა და მრიცხველის საფასური ქვეყანაში გაიზარდა არა მარტო „ენერგო-პრო ჯორჯიას“, არამედ „თელასთან“ მიმართებაშიც. ეს ორი კომპანია ენერგეტიკის სფეროში დაწყებული რეფორმით დენის გამანაწილებლები არიან, ხოლო მიმწოდებლები არიან მათი შვილობილი კომპანიები: „ეპ ჯორჯია მიწოდება“ და „თელმიკო“.

რეფორმის მიზანი იყო ასევე, რომ ენერგეტიკის ბაზარზე ახალი, თავისუფალი მიმწოდებლები გამოჩენილიყვნენ რათა არ ყოფილიყო მონოპოლია და მომხმარებელს მისცემოდა შესაძლებლობა აერჩია, თუ რომელი მიმწოდებლისგან შეისყიდდა ელექტროენერგიას.

ენერგეტიკის სექტორში ახალი წესები 2022 წლის იანვრიდან უნდა ამოქმედებულიყო, როცა ელექტროენერგეტიკული ბირჟა [ბაზრი] გაიხსნებოდა, თუმცა მთავრობამ ეს ვადა ჯერ 2022 წლის მარტამდე გადასწია, შემდეგ ეს ვადაც გაუქმდა და ამჯერად უცნობი რჩება, როდის გაიხსნება ეს ბირჟა.

„ყველა არის მოლოდინის რეჟიმში, როდის გაიშვება ახალი ბაზრის მოდელი – ენერგეტიკული ბირჟა და რა მოხდება. ამ გარდამავალ რეჟიმში ყველას უჭირს ბიზნესმოდელის აწყობა… სემეკმაც მივმართეთ მთავრობას რეკომენდაციით, გადაეწია რამდენიმე თვით, იქედან გამომდინარე, რომ არის ძალიან რთული და მნიშვნელოვანი რეფორმა. გარკვეული საკითხები, რაც სექტემბრიდან სიმულაციურ რეჟიმში მუშაობდა, დასახვეწია, უფრო სწორად, ბოლომდეა მისაყვანი.

ბაზრის მონაწილეებს კიდევ სჭირდებათ გარკვეული დრო, რომ მოემზადონ ახალი ტიპის ვაჭრობისთვის და აქედან გამომდინარე, რამდენიმე თვე იმდენად მნიშვნელოვანი არ არის ბაზრის გაშვება, რამდენადაც ის, რომ წარმატებულად მოხდეს გაშვება. აქ თუ რაღაცა ხარვეზი აღმოჩნდა და ჩავარდნა მოხდა – ბაზრის გაშვებაში და რეფორმაში – ეს იქნება ძალიან დიდი როგორც ფინანსური, ასევე ტექნიკური და ფსიქოლოგიური დარტყმა დარგისთვისაც და მომხმარებლებისთვისაც. ამიტომ რამდენიმე თვით თავი გადავიზღვიეთ,“ – გვითხრა ზვიად გაჩეჩილაძემ.

მისივე თქმით, ენერგეტიკული ბირჟა 2022 წლის „სავარაუდოდ ზაფხულის ან გვიანი ზაფხულის პერიოდში“ ამუშავდება.

ნახეთ დეტალურად:

რატომ გახდა რუსეთი ისევ დენის მთავარი იმპორტიორი? – საქართველოს ენერგოუსაფრთხოება

გადაბეჭდვის წესი


ასევე: