შაბათს, 23 აპრილს, უკრაინის ქალაქ ოდესაში რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, 3 თვის ბავშვი.
იური გლოდანი დაბომბვისას დაღუპული 3 თვის კირას მამაა. „ბიბისის“კორესპონდენტი მასთან ერთად კვირას, 24 აპრილს, იმყოფებოდა ბინაში, სადაც დაიღუპა იურის 3 თვის შვილი, ცოლი და სიდედრი – ოჯახის სამი თაობის წევრი.
23 აპრილს იური საყიდლებზე იყო გასული, როცა რუსული რაკეტა სახლს დაეცა. იგი დაბრუნდა და პოლიციელებს უყვიროდა, შეეშვათ ცეცხლმოკიდებულ სახლში, სადაც მისი ოჯახი იყო. ბინაში შესვლის შემდეგ მან ცოლის და სიდედრის ცხედრები იპოვა. მოგვიანებით მაშველებმა აღმოაჩინეს იურის 3 თვის შვილის, კირას ცხედარიც.
იური და მისი ცოლი, ვალერია, ერთად 10 წლის განმავლობაში იყვნენ.
„ძალიან კეთილი იყო, კისკისა, უყვარდა სიცილი, სიხარულს წვრილმანებში, უბრალო რამეებში პოულობდა. ძალიან უყვარდა ოდესა, მართლა მისი საყვარელი ქალაქი იყო. თქვენ არ იცით, რა კარგად წერდა, როგორი დედა იყო… ვერ წარმოიდგენთ!
…ვესწრებოდი მშობიარობას, ბედნიერებისგან ვტიროდი, რომ გოგონა დაიბადა. ძალიან მიჭირს გააზრება, რომ ჩემი გოგონა უკვე აღარ არის. არც ცოლი, არც სიდედრი. გუშინ ჩემი სამყარო მოკვდა. ის მოკლა რუსულმა რაკეტამ“ – “ – უთხრა იურიმ ჟურნალისტებს.
კვირას იური დანგრეულ სახლში მივიდა, რომ ბინიდან წაეღო, რაც გადარჩა. ფოტოალბომები, ხელნაწერები… დანგრეულ სახლში მან იპოვა 3 თვის კირას საბავშვო ეტლის ნამსხვრევებიც.
„ბიბისი“ წერს, რომ იურიმ წამოსვლისას სამგზავრო ჩანთაში ჩალაგებული ბავშვის საფენები მიაწოდა ჟურნალისტებს.
„ეს უკვე აღარაა საჭირო. ეს ბავშვებს გადაეცით, საქველმოქმედო ორგანიზაციებს.“ – თქვა მან.
სააგენტო TASS-ი წერს, რომ რუსეთში დააკავეს ადამიანების ჯგუფი, ვინც კრემლის პროპაგანდისტი ჟურნალისტის, ვლადიმერ სოლოვიოვის მოკვლას გეგმავდა. სააგენტო ინფორმაციას რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურზე [ФСБ] დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროს ინფორმაციით, ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც უკრაინის უშიშროების სამსახურის დავალებით გეგმავდნენ ჟურნალისტ სოლოვიოვის მკვლელობას. ФСБ აცხადებს, რომ აქვს აღიარებითი ჩვენებები.
ФСБ-ს ცნობით, „დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები აღიარებენ ვ. სოლოვიოვის მკვლელობის მომზადებას, რის შემდეგაც საზღვარგარეთ აპირებდნენ მიმალვას“.
ФСБ-ს ცნობით, ჩხრეკისას ამოიღეს ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა, მოლოტოვის კოქტეილის მსგავსი 8 თვითნაკეთი მოწყობილობა, 6 პისტოლეტი, გადაჭრილი სანადირო თოფი, ხელყუმბარა, 1000-ზე მეტი სხვადასხვა კალიბრის ტყვია, ნარკოტიკული საშუალებები, ყალბი უკრაინული პასპორტები ჯგუფის წევრების ფოტოებით, ნაციონალისტური ლიტერატურა და ატრიბუტიკა.
___
ვლადიმერ სოლოვიოვი იმ პირებს შორისაა, ვისაც დასავლეთის სანქციები შეეხო რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ. სოლოვიოვს იტალიაში, კომოს ტბაზე, ვილა ჩამოართვეს. ის კრემლის პოლიტიკის აქტიური მხარდამჭერია და უკრაინის მიმართ იყენებს სიძულვილის ენას.
გაერთიანებული სამეფოს დაზვერვა უახლეს ცნობებს აქვეყნებს უკრაინაში მიმდინარე ომზე. ამ ცნობების მიხედვით, ომში დაღუპული სამხედროებისთვის კომპენსაციის გაცემას რუსეთში სამხედროები გააკონტროლებენ და არა ოფიციალური პირები.
„მას შემდეგ, რაც რუსეთმა ყურადღება დონბასის სრულ ოკუპაციაზე გადაიტანა, ზოგიერთ სფეროში მცირე წინსვლას მიაღწია. საკმარისი ლოჯისტიკური და საბრძოლო მხარდაჭერის გარეშე, რუსეთს ჯერ კიდევ არ მიუღწევია მნიშვნელოვანი გარღვევისთვის”, – წერს გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრო თავის ოფიციალურ ტვიტერზე.
უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ უახლესი ცნობების წყაროდ გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის სამსახურია მითითებული.
„რუსეთის გადაწყვეტილება მარიუპოლის აზოვსტალის ალყაში მოქცევისა და არა თავდასხმის შესახებ ნიშნავს, რომ ბევრი რუსული შენაერთი რჩება ქალაქში და რომ მათ არ შეუძლიათ დისლოცირების ადგილის შეცვლა. უკრაინის მიერ მარიუპოლის დაცვამ ასევე დაასუსტა მრავალი რუსული ქვედანაყოფი და შეამცირა მათი საბრძოლო ეფექტურობა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ შესთავაზა, რომ გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებისთვის კომპენსაციის გადახდა გააკონტროლონ სამხედროებმა და არა სამოქალაქო ოფიციალურმა პირებმა. ეს, სავარაუდოდ, ასახავს რუსეთის სურვილს, დამალოს ზარალის რეალური მასშტაბი ადგილობრივი მოსახლეობისგან“, – წერია გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
Latest Defence Intelligence update on the situation in Ukraine – 25 April 2022
იაპონიაში გარდაიცვალა 119 წლის ქალი, კეუნ ტანაკა, რომელიც გინესის რეკორდების წიგნში შეყვანილი იყო, როგორც ყველაზე ხანდაზმული ადამიანი მსოფლიოში. ინფორმაციას ამის შეახებ იაპონური მედია ავრცელებს.
ქალი 1903 წლის იანვარში იყო დაბადებული, რუსეთ-იაპონიის ომის (1904-1905) დაწყებამდე ერთი წლით ადრე.
103 წლის ასაკში ქალს მსხვილი ნაწლავის კიბო დაუდგინეს, მაგრამ მან შეძლო დაავადების დამარცხება ხუთსაათიანი ოპერაციის შემდეგ. მას მიაჩნდა, რომ მისი დღეგრძელობის საიდუმლო ოჯახი, იმედი, ჯანსაღი ძილი და სწორი კვება იყო.
2018 წელს ტანაკას ჟურნალისტმა ჰკითხა, კიდევ რამდენ წელს სურდა ეცოცხლა. „ვფიქრობ, კიდევ 5 წელი დამრჩა“ – უპასუხამას ტანაკამ. იგი მართლაც 5 წლის შემდეგ, 2022 წელს გარდაიცვალა.
მედიის ცნობით, ტანაკას გარდაცვალების შემდეგ, იაპონიის ყველაზე ხანდაზმული ადამიანი 115 წლის ფუსა ტაცუმია, რომელიც ოსაკას პრეფექტურაში ცხოვრობს.
„რუსულ ნავთობსა და გაზზე ემბარგო ან სადამსჯელო ტარიფის დაწესება იქნებოდა მნიშვნელოვანი ზომა, რომელიც პუტინს მოლაპარაკების მაგიდასთან დასვამდა. მაგრამ ამ დროისთვის ევროკავშირში ამ საკითხზე ერთიანი პოზიცია არ გვაქვს,“ – განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჟოზეფ ბორელმა WELT-თან ინტერვიუში.
ბორელის თქმით, ევროკომისია რუსეთის წინააღმდეგ წარსადგენ სანქციათა მეექვსე პაკეტზე მუშაობს, თუმცა უკვე დანებდა ემბარგოს საკითხის ამ პაკეტში შეყვანის მცდელობას. ემბარგოს საკითხი შემდეგ სესიაზე კვლავ განიხილება, თუმცა შემდეგი სესია 5 კვირის შემდეგ, 30-31 მაისს გაიმართება.
ავსტრია და გერმანია ხმამაღლა ეწინააღმდეგებიან რუსულ ნავთობსა და გაზზე ემბარგოს მანამდე, სანამ თავად არ ექნებათ გარანტირებული ალტერნატიული წყაროები. როგორც WELT-ი წერს, ამ ქვეყნების განწყობაა, რომ რუსულ ნავთობსა და გაზზე დამოკიდებულება უნდა შემცირდეს, მაგრამ არა ისე, რომ ამან რუსეთზე არანაკლებ დააზარალოს ევროკავშირის ის ქვეყნები, რომლებიც რუსულ ენერგორესურსებზე არიან დამოკიდებული.
უნგრეთი კატეგორიულად გამორიცხავს ემბარგოს რუსულ ენერგორესურსებზე. უნგრეთის ახალი ვადით არჩეული პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი, ვლადიმერ პუტინთანაა დაახლოებული. მან არჩევიდან მალევე დაურეკა რუსეთის პრეზიდენტს და მხოლოდ სანახევროდ შეუერთდა ევროკავშირის სანქციებს. ორბანმა განაცხადა, რომ ვეტოს დაადებს ევროკავშირში რუსულ ენერგორესურსებზე რაიმე ტიპის ემბარგოს დაწესების ინიციატივას.
როგორც გერმანული გამოცემა წერს, ბორელი იმედგაცრუებულია. „ზოგმა წევრმა ქვეყანამ ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ ისინი არ დაუჭერენ მხარს ემბარგოს ან სადამსჯელო ტარიფს რუსულ ნავთობსა და გაზზე. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ჯერ არ გვაქვს ევროკავშირში ერთსულოვნება, რომ გადავწყვიტოთ ემბარგოს ან ტარიფის საკითხი ამ ეტაპზე“, – განაცხადა მან.
ბორელის თქმითვე, ევროკავშირის წევრი ქვეყნები ყოველდღიურ რეჟიმში ეძებენ ახალ მომწოდებლებს: „მთელი ევროკავშირი კრიზისშია. ყოველთვის, როცა წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს ვურეკავ და ვეკითხები სად არიან, ისინი მპასუხობენ, რომ გაზს ყიდულობენ. ისინი არიან ახლო აღმოსავლეთში, კონგოში, ალჟირში, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში და იქ ყიდულობენ გაზს“.
WELT-ი წერს, რომ წამყვანი ეკონომისტები ასევე მხარს უჭერენ რუსული ნავთობისა და გაზის სადამსჯელო ტარიფებს. საუბარია რუსეთისთვის ნავთობისა და გაზის მიწოდებისთვის თანხის მხოლოდ ნაწილის მიცემაზე, ხოლო მეორე ნაწილის ესქროს ანგარიშზე გადატანაზე, სადაც გაყინული იქნება მანამ, სანამ მოსკოვი ომს არ დაასრულებს. ასევე შესაძლებელია დაწესდეს სანქციები მხოლოდ გარკვეული ტიპის ნავთობზე, რომლის ჩანაცვლებაც შედარებით მარტივია.
ამერიკის შეერთებული შტატები სიფრთხილით ეკიდება რუსულ ენერგორესურსებზე ემბარგოს საკითხს. აშშ-ს ხაზინის მდივანმა ჯანეტ იელენმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოველწლიურ შეხვედრაზე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ, მართალია, ევროპისთვის საშუალოვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვანია რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შემცირება, მაგრამ „ფრთხილად უნდა ვიყოთ მთლიან ევროპულ ემბარგოზე საუბრისას ისეთ რამეებზე, როგორიცაა, მაგალითად, ნავთობი. ეს ცალსახად გაზრდიდა ფასებს ნავთობზე მსოფლიოს გარშემო და დააზარალებდა ევროპასა და მსოფლიოს სხვა ნაწილებს“.
ოფიციალური კიევი, უკრაინის პრეზიდენტი და მისი გუნდის წევრები უკვე დიდი ხანია მოითხოვენ ემბარგოს დაწესებას რუსულ ნავთობსა და გაზზე.
რუსი შოუმენი, იუმორისტი და ტელეწამყვანი მაქსიმ გალკინი ინსტაგრამზე გამოეხმაურა ოდესაში საცხოვრებელი სახლის დაბომბვას, რის შედეგადაც 6 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, 3 თვის ბავშვი.
„აღდგომის დღესასწაულის წინ, წმინდა ცეცხლის გადმოსვლის დღეს, რუსეთის მფრინავი რაკეტები მიფრინავენ ოდესაში საცხოვრებელი სახლისკენ, იღუპება ოჯახი, იღუპება 3 თვის ბავშვი.
ერთდროულად ლოცულობთ იერუსალიმის პატრიარქთან ერთად მშვიდობაზე. თქვენ, ოფიციალურ პირებს, მოგაქვთ წმინდა ცეცხლი რუსეთში და ამავე დროს იგივე ხელისუფლება აგზავნის ამ რაკეტებს.
თუ ეს ისევ „ჩვენ არ ვართ“?
ამდენ საშინელებაში დამნაშავეა რუსეთი და ამავე დროს ამბობს, რომ არ არის დამნაშავე.
მხეცობა ბუჩაში – ეს ჩვენ არ ვართ; მალაიზიური ბოინგი – ეს ჩვენ არ ვართ, მარიუპოლი მიწასთან გაასწორეს – ეს ჩვენ არ ვართ; ოდესაში რაკეტა მიფრინავს – ეს ჩვენ ვართ, მაგრამ მთლად ჩვენც არ ვართ, ყველაფერი – ეს ჩვენ არ ვართ.
აბა, რას ვაკეთებთ ჩვენ იქ?!“ – ამბობს მაქსიმ გალკინი ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ ვიდეოში.
გალკინმა, რომელსაც 9 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს ინსტაგრამზე, პირველი პოსტი რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის პირველსავე დღეს, 24 თებერვალს, გამოაქვეყნა. „დილიდანვე ვუკავშირდები ნათესავებსა და მეგობრებს უკრაინიდან! სიტყვებით ვერ გადმოვცემ, რას ვგრძნობ! ომის გამართლება არ შეიძლება!“ – დაწერა გალკინმა.
მან ცოლთან, ალა პუგაჩოვასთან და შვილებთან ერთად რუსეთი დატოვა და ამჟამად ისრაელში იმყოფება.
ერთი კვირის წინ გალკინმა მარიუპოლელი ბავშვის, კირას ვიდეოგამოაქვეყნა ინსტაგრამზე, სადაც პატარა ბავშვი ჰყვება, როგორ დაშავდა მარიუპოლიდან გამოქცევისას. „ეს უკრაინელი გოგონა ნამდვილად არ აპირებდა არავისზე თავდასხმას, “ – დაწერა გალკინმა.
გალკინი აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც მისი პოზიცია ომთან დაკავშირებით ცნობილი გახდა, რუსეთში შეუჩერეს სარეკლამო ხელშეკრულებები, უკვე დაგეგმილი კონცერტები და სატელევიზიო ეთერიდან ჩახსნეს ის სარეკლამო რგოლებიც, სადაც თვითონ მონაწილეობდა.
გალკინმა ივნისში კონცერტები დააანონსა ისრაელში და განაცხადა, რომ ბილეთებიდან შემოსული თანხის ნაწილი უკრაინელი დევნილების დასახმარებლად გადაირიცხება.
უკრაინის პროკურატურის ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული აგრესიის შედეგად 215 ბავშვი დაიღუპა და 391-ზე მეტი დაშავდა.
პროკურატურის ცნობით, ყველაზე მეტი – 124 ბავშვი დაშავდა დონეცკის ოლქში, კიევში – 114, ჩერნიგოვში– 66.
ეს რიცხვები საბოლოო არ არის, ინფორმაცია მსხვერპლის და დაშავებულების შესახებ ჯერ ისევ ზუსტდება, რადგან უკრაინის ქალაქებსა და სოფლებში აქტიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობს. ასევე, ამ მონაცემებში არ შედის ქალაქ მარიუპოლში დაღუპული და დაშავებული ბავშვების სტატისტიკა, სადაც ახლაც საომარი მოქმედებები მიმდინარეობს.
უკრაინის პროკურატურის ცნობით, რუსეთის შეიარაღებული ძალების დაბომბვის შედეგად დაზიანდა 1500 სასწავლო დაწესებულება. მათგან 102 მთლიანად განადგურდა.
რუსეთ-უკრაინის ომი 2022 წლის 24 თებერვალს, კიევის დროით დილის 5 საათზე დაიწყო. რუსეთის შეიარაღებული ძალები სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო გზით დაესხნენ თავს უკრაინას.
უკრაინამ და რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე პერიოდში სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 25 აპრილამდე პერიოდში რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 21 900 ადამიანი
ტანკი – 884 ერთეული
ჯავშანტექნიკა / APV – 2 258 ერთეული
საარტილერიო სისტემა – 411 ერთეული
MLRS – 149 ერთეული
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 69 ერთეული
თვითმფრინავი – 181 ერთეული
ვერტმფრენი – 154 ერთეული
საავტომობილო მანქანა – 1 566 ერთეული
გემი/ნავი – 8 ერთეული
საწვავის ავზი – 76 ერთეული
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 201
სპეციალური აღჭურვილობა – 28
მობილური SRBM სისტემა – 4
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთიც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ამ დილით გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 25 აპრილამდე პერიოდში, სულ განადგურებულია უკრაინის:
141 თვითმფრინავი
110 ვერტმფრენი
566 უპილოტო საფრენი აპარატი
2 526 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
265 საზენიტო სარაკეტო სისტემა
283 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
1 096 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
2 362 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინა თავშესაფრის ძიებისთვის სულ მცირე 5 186 744 მოქალაქემ დატოვა. ამის შესახებ იუწყება ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ბოლო მონაცემები.
25 აპრილის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 58 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში სულ ჩატარდა 4 243 კვლევა ტესტით. ვირუსით გასულ დღე-ღამეში არავინ გარდაცვლილა.
ამ დროისთვის ქვეყანაში დადებითობის დღიური მაჩვენებელი 1,37 პროცენტია.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 58 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 35 შემთხვევა, აჭარაში – 1, იმერეთში – 9, ქვემო ქართლში – 2, შიდა ქართლში – 0, გურიაში – 3, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 0, კახეთში – 4, მცხეთა-მთიანეთში -2, სამცხე-ჯავახეთში – 2, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 0.
stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, 25 აპრილის დილის მდგომარეობით საქართველოში კოვიდსტატისტიკა ასეთია:
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 1 654 313 , ბოლო 24 საათში – 58
მათ შორის გამოჯანმრთელებული – 1 636 004 , ბოლო 24 საათში – 213
მათ შორის გარდაცვლილი – 16 800
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 4 243, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 3 179, PCR ტესტით – 1 064
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 1,37%, ბოლო 14 დღის – 1,18%, ბოლო 7 დღის – 1,14%
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 321
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 1 483, მათგან, 321 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 188, აჭარაში – 9, იმერეთში – 71. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 72 პირი, მათ შორის, თბილისში – 50, აჭარაში – 4, იმერეთში – 9. 1 162 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ბათუმში, რუსთაველის ქუჩის 20 ნომერში, 150-ნომრიანი სასტუმრო აშენდება. მშენებლობა დაგეგმილია „ინტურისტის“ გვერდით, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.
ახალი შენობა, პროექტის მიხედვით, 8-სართულიანი [დამატებით ერთი სართული მიწის ქვეშ], 28 მეტრი სიმაღლის იქნება. მასში სასტუმროს ნომრებთან ერთად განთავსდება ასევე სასტუმროს ტიპის ბინები და კომერციული ფართობები.
ბათუმის მერიამ სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების [სგშ] ჩატარების საჭიროების დასადგენად საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში 2022 წლის 12 აპრილს რუსთაველის ქუჩაზე, №20-ში არსებული მიწის ნაკვეთის განაშენიანების დეტალური გეგმა და სკრინინგის განცხადება წარადგინა.
სამინისტრომ უნდა გადაწყვიტოს, საჭიროა თუ არა სგშ-ს ჩატარება.
ბათუმში, რუსთაველის ქუჩა N20-ში არსებული შენობა [ზემოთ] და რენდერი [ქვემოთ] / ფოტოები განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციიდან
სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება [სგშ] – ეს არის „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ გათვალისწინებული სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელებით გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე შესაძლო ზემოქმედების შესწავლისა და ზოგადი პროგნოზირების პროცედურა. სგშ მოიცავს სკოპინგს, სგშ-ის ანგარიშის მომზადებას, საზოგადოების მონაწილეობას, უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებთან კონსულტაციების გამართვას და მათგან მიღებული რეკომენდაციებისა და შეფასების შედეგების მხედველობაში მიღებას სტრატეგიული დოკუმენტის მიღებისას/დამტკიცებისას“.
სკრინინგი კი არის პროცედურა, რომელიც განსაზღვრავს სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ჩატარების საჭიროებას.
სამინისტროს ინფორმაციით, წარმოდგენილ სკრინინგის განცხადებასა და სტრატეგიული დოკუმენტის პროექტთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები მოქალაქეებს შეუძლიათ წარუდგინონ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2022 წლის 2 მაისის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი №6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge
ბათუმში, რუსთაველის ქუჩა N20-ში მდებარე 1043 კვ/მეტრი ტერიტორია შპს ORIX-ს ეკუთვნის. ამ კომპანიის დირექტორი ზვიად ხავლოშვილია, ხოლო 100 პროცენტი წილის მფლობელი – შპს „ანურია“. „ანურიას“ მესაკუთრე კი არის კლიმენტი ქასრაძე, რომელიც საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეა.
შემოსავლების სამსახურის განცხადებით, „საბაჟო კონტროლს ექვემდებარება რუსეთიდან და ბელარუსიდან საქართველოში შემოსული სანქცირებული საქონლის რეექსპორტი, ასევე, ამავე ქვეყნების დანიშნულებით საქართველოდან სანქცირებული საქონლის რეექსპორტი [რეექსპორტისას აგრეთვე კონტროლდება სანქცირებული ფიზიკური პირები და კომპანიები]“.
„განსაკუთრებულ კონტროლს ექვემდებარება ევროკავშირის ქვეყნებიდან, აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან და სხვა სანქციების მონაწილე ქვეყნებიდან შემოტანილი ან ამ ქვეყნების წარმოშობის სერტიფიკატის მქონე სანქცირებული საქონლის რეექსპორტი რუსეთში და ბელარუსში ან პირიქით, რათა მაქსიმალურად აღიკვეთოს საქართველოს გამოყენებით სანქციებისაგან თავის არიდების შესაძლებლობა“, – აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია:
„მკაცრად კონტროლდება საქართველოში გაიმპორტებული სანქცირებული საქონლის ექსპორტის შემთხვევებიც, რათა არ მოხდეს რუსული ან ბელარუსული საქონელი სანქციების მონაწილე ქვეყნებში ან პირიქით.
საქართველოს გავლით საქონლის ტრანზიტისას, განსაკუთრებით გამკაცრებულია საბაჟო კონტროლი სამხედრო და ორმაგი დანიშნულების საქონლის გადაადგილებაზე [ისევე როგორც სხვა სანქცირებულ პროდუქციაზე]. ტვირთის ტრანზიტისას, აგრეთვე ყურადღება ექცევა სანქცირებულ ფიზიკურ პირებს და კომპანიებს.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ თითოეული სამართალდარღვევის ფაქტზე უწყება რეაგირებას მოახდენს კანონით დადგენილი ნორმების შესაბამისად.“
უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ასევე გაერთიანებულმა სამეფომ, ევროკავშირმა და ეკონომიკური სანქციების დაწესების პროცესში მონაწილე ქვეყნებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რუსეთის ფედერაციასა და ბელარუსთან მიმართებაში, განსაზღვრული საქონლით ვაჭრობაზე, დაწესდეს გარკვეული სახის შეზღუდვები. მკაცრი სანქციები დაუწესდათ აგრეთვე რუსეთსა და ბელარუსში მოქმედ კომპანიებსა და ფიზიკურ პირებს.
„აღნიშნულის გათვალისწინებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საბაჟო დეპარტამენტის ყველა სტრუქტურული ერთეულის მიერ ნებისმიერი ტიპის საქონელი, როგორც სამხედრო, ისე ორმაგი დანიშნულების, ასევე ყველა ის პროდუქცია, რომელიც სანქციების მონაწილე ქვეყნების მიერ მოხვედრილია სანქციების სიაში, ექვემდებარება მკაცრ საბაჟო კონტროლს.
ამასთან, საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე, საბაჟო დეპარტამენტის მიერ კონტროლდება ნებისმიერი საბაჟო ოპერაცია, რომელიც შესაძლებელია განხორციელდეს სანქცირებული ფიზიკური პირების ან კომპანიების მიერ.“ – აცხადებს შემოსავლების სამსახური.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, სანქცირებული სამხედრო, ორმაგი დანიშნულების და სამოქალაქო საქონლის მისაღებად რუსეთი კონტრაბანდულ არხებს ქმნის, რომელიც, საქართველოს ტერიტორიაზე გადის.
ქართულმა მხარემ „ყოვლად დაუსაბუთებელი და აბსურდული“ უწოდა ამ ბრალდებას და უკრაინისგან მტკიცებულებების წარდგენა მოითხოვა.
მოგვიანებით უკრაინაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ჩავიდა.
რაც შეეხება სანქციებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რუსეთის უკრაინაში შეჭრის და ომის დაწყების მეორე დღეს, 25 თებერვალს, განაცხადა, რომ საქართველო არ შეუერთდება რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, კიდევ ერთხელ გააკრიტიკა საქართველოს მთავრობის პოზიცია რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებთან დაკავშირებით:
ბათუმში, ბარათაშვილისა და გორგასლის ქუჩების კვეთაში მდებარე ბელეტაჟისგან მხოლოდ ფასადი დატოვეს. სახლს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს და მას კანონი იცავს. სახლის რეაბილიტაციის პროექტზე ნებართვა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ გასცა.
რამდენად გულისხმობს რეაბილიტაციის პროექტი მხოლოდ ფასადის ნაწილის შენარჩუნებას, როცა საქმე ძეგლს ეხება და რამდენად კანონიერია, როცა ძეგლის ძირითადი ნაწილი ავთენტურობას ვერ ინარჩუნებს? – ამ საკითხზე კითხვებს იკომოსის ხელმძღვანელი ლია ბოკუჩავა სცემს პასუხს.
ქალბატონო ლია, რამდენად კანონიერია, როცა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისგან, მისი რეაბილიტაციის პროცესი მხოლოდ ფასადის ნაწილის შენარჩუნებას ითვალისწინებს?
მგონი, აღარ არის საჭირო კიდევ გავიმეორო კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობაზე. რამდენად მნიშვნელოვანია ის ნებისმიერი ერისთვის, რადგან ის არის მისი სახე, წარსული და მომავალი თაობებისთვის მათი დატოვება აუცილებელია, ანუ თითოეული ერის მნიშვნელობა დევს აი ამ ძეგლებში. ამიტომ უნდა შევინარჩუნოთ ისინი თავდაპირველი სახით.
რა თქმა უნდა, მესმის, რომთუ ძეგლი ეკუთვნოდა ერთ მესაკუთრეს, ახლა რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს ამ სახლში და სჭირდებათ პირობების გაუმჯობესება. ამის გამო სურთ ხოლმე გეგმარების შეცვლა, შენობის გადიდება, სახურავზე მანსარდის დამატება და შენობის მოცულობაში გაზრდა. ეს სრულიად დაუშვებელია. ფასადი არის კულტურული მემკვიდრეობის ერთი ნაწილი, მემკვიდრეობა არის მთლიანად შენობა თავისი გეგმარებით და იმ ყველაფრით, რაც შიგნითაა – ეს შეიძლება იყოს ბუხარი, სახელური, კარები, კარნიზი, თუ რაც არის შიგთავსი. ეს იგივეა ადამიანს გამოაცალო ყველაფერი და მხოლოდ ფიტული დატოვო.
ძეგლის შინაარსი არის მთლიანი, როგორც ფასადი, ასევე ინტერიერი და გეგმარება. ეს არის ის, რაც არის ღირებული და რისი შეცვლაც ნამდვილად არ შეიძლება, ასეთი გადაწყვეტები არ არის სწორი.
ბარათაშვილის #37 – აქ ადრე ბელეტაჟის ტიპის სახლი იდგა. ახლა სახლს მხოლოდ ფასადის კედელი დაუტოვეს. სახლს დაუნგრიეს სახურავი.
თქვენ, სპეციალისტები და ძეგლების დამცველი მიიჩნევთ, რომ არასწორია და ეს გასაგებია. მაგრამ რამდენად შეესაბამება ეს კანონს?
წაგიკითხავთ ციტატას საერთაშორისო კონვენციიდან, რომლის დაცვაც სავალდებულოა ყველა ქვეყნისთვის, რომელსაც აქვს კულტურული მემკვიდრეობა. კონვენციაში ნათქვამია: „ძეგლთა კონსერვაციას მუდამ ხელს უწყობს მათი გამოყენება საზოგადოებისათვის სასარგებლო მიზნით. ასეთი გამოყენება სასურველია, თუმცა დაუშვებელია ამ მიზნით შენობის გეგმარებითი სტრუქტურის ან დეკორის შეცვლა. ფუნქციის ცვლილებით გამოწვეული გადაკეთება მოაზრებულ და ნებადართულ უნდა იქნას მხოლოდ ამ შეზღუდვების გათვალისწინებით“.
ესე იგი, ჩვენ თუ გვინდა, რომ რამე გადავაკეთოთ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ არც დეკორი და არც გეგმარება არ უნდა შეიცვალოს. არათუ დაინგრეს მთელი შენობის ნაწილი.
სამწუხაროა, რომ ჩვენთან არის ასეთი შემთხვევები, არა მარტო ბათუმში.
ასეთ გადაწყვეტილებებს იღებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების საბჭო და სააგენტო, რომლის მოვალეობაც ის არის, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ძეგლის ინტერესები დაიცავს.
სპეციალისტმა არ უნდა გასცეს თანხმობა, თუ თავისი ქვეყანა უყვარს და კულტურას პატივს სცემს. უნდა შევუნარჩუნოთ მომავალ თაობას, მომავალმა თაობამ უნდა ნახოს, თუ რას წარმოადგენდნენ მათი წინაპრები. ეს მათ მისცემს საფუძველს, შეიქმნან წარმოდგენა საკუთარ ქვეყანაზე, საკუთარ თავზე. სამწუხაროდ, ამას ვართმევთ ჩვენს თაობას – კანონს არ იცავენ.
მხოლოდ ფასადის შენარჩუნება, ფაქტობრივად ნიშნავს ძეგლის დაკარგვას. ეს, რა თქმა უნდა, კანონს არ ექვემდებარება. ეს არის ერთპიროვნული გადაწყვეტილებები ქვეყნისა და კულტურის საზიანოდ მომავალში. ახლა იმიტომ მოსწონთ, რომ ის მოსახლე, რომელსაც დაუნგრევენ სახლს და ახალს აუშენებენ, კმაყოფილია და ამ დროს კმაყოფილია მთავრობაც. მაგრამ თუ ცოტა უფრო შორს გავიხედავთ, ეს არის ძალიან ცუდი მაგალითები.
ხშირად გვეუბნებიან, რომ ეს სახლები საცხოვრებლად სახიფათოა, რომ მათი შენარჩუნება იგივე ფორმით შეუძლებელია. თუმცა, რამდენად არის ეს ექსპერტიზით დადასტურებული არ ვიცით.
საკმაოდ კარგი შენობებია ბათუმში და მათი გამაგრება შესაძლებელია. არ არსებობს შენობა, როგორ ავარიულიც არ უნდა იყოს… ეს თემები კონსტრუქტორებთან ერთად გვაქვს გავლილი. შენობა უნდა ღირდეს აი, ამ ძალისხმევად. ეს ყველაფერი უნდა განიხილონ ხელოვნებათმცოდნემ, არქიტექტორ-რესტავრატორმა და თქვან – ღირს ეს შენობა თუ არა, რომ შევინარჩუნოთ.
თუ გადაწყვეტილება უარყოფითი იქნება, ჯობია იქ ახალი, თანამედროვე შენობა ააშენონ, ვიდრე ასეთი დამახინჯებული, გადაკეთებული რაღაც.
სამწუხაროდ, ჩვენ ძალიან დაბალი შეფასება გვაქვს იმ ძეგლებისა და შენობების, რაც გვაქვს. ბევრი დასანგრევად განწირული სახლი გადარჩა ბათუმში და ასე მგონია, რომ იქ მცხოვრებლები ძალიან კმაყოფილები არიან. სამწუხაროდ, უფრო მეტი ფიქრობს, რომ ამ სახლით პირობები გაიუმჯობესოს, როდესაც ვინმე სთავაზობს რომ გაუკეთებს, მათი სურვილები უფრო ზემოთ მიდის.
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი წერს, რომ ტელეფონით ესაუბრა თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს.
„სატელეფონო საუბარი მქონდა პრეზიდენტ ერდოღანთან. პუტინთან მისი საუბრის წინ, მე ხაზი გავუსვი მარიუპოლიდან სამოქალაქოების სასწრაფო ევაკუაციის საჭიროებას, მათ შორის „აზოვსტალიდან“ და ასევე ბლოკადაში მოქცეული ჯარისკაცების სასწრაფოდ გაცვლას“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ერდოღანთან ასევე განიხილეს უკრაინის უსაფრთხოებისა და გლობალური სურსათის უსაფრთხოების საკითხები, რაც რუსეთ-უკრაინის ომის ერთ-ერთი გამოწვევაა.
„განვიხილეთ ჩვენი მოლაპარაკებების პროცესის კურსი, თურქეთთან და სხვა ქვეყნებთან კოორდინაცია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიისთვის. წამოვჭერი უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობებისა და გლობალური სურსათის უსაფრთხოების საკითხები, რომელიც საფრთხეშია შავ ზღვაზე ნავიგაციის ბლოკირების გამო“, – წერს პრეზიდენტი ზელენსკი.
თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით პრეზიდენტების სატელეფონო საუბრის შესახებ იუწყება თურქული მედიაც. „ანადოლუს“ ცნობით, ერდოღანი ზელენსკის ესაუბრა იმის შესახებ, რომ „აუცილებელია მარიუპოლიდან დაჭრილებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია“.
„ერდოღანის თქმით, ანკარა მზადაა უზრუნველყოს მოლაპარაკების პროცესის ყველა საჭირო მხარდაჭერა, მათ შორის შუამავლობა.
ერდოღანმა ხაზი გაუსვა, რომ მიესალმება [თურქეთი] გახდეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი“, – წერს „ანადოლუ“.
___
ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ, 23 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინა დატოვებს ნებისმიერი მოლაპარაკების ფორმატს, „თუ ჩვენ ხალხს განადგურებენ მარიუპოლში, თუ რეფერენდუმს გამოაცხადებენ უკრაინის ნებისმიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე“.
ხერსონელი მღვდელი, რომელიც 30 მარტს დაატყვევეს რუსმა სამხედროებმა, ჰყვება იმის შესახებ, რომ წამების შედეგად ხელი მოაწერა ფურცელს, რომელზეც ეწერა, რომ ნებაყოფლობით თანამშრომლობს რუსულ არმიასთან.
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელი სერგეი ჩუდინოვიჩი რუსმა ოკუპანტებმა ტყვედ 30 მარტს აიყვანეს. იმის შესახებ, თუ რა გადაიტანა ტყვეობაში, მღვდელმა აღდგომის წინა დღეს ვიდეომიმართვა ჩაწერა და გაავრცელა. მღვდელი სერგეი ჩუდინოვიჩი ვიდეომიმართვაში ჰყვება, რომ მას შეურაცხყოფდნენ. ასევე დაემუქრნენ გაუპატიურებით და იმით, რომ მისწვდებოდნენ მის ახლობლებსაც.
მღვდელი ვიდეოში ჰყვება, რომ ოკუპანტები მას ბრალად უყენებდნენ უკრაინის შეიარაღებული ძალების დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფის წევრობას. მაგალითად, ასევე უთხრეს, რომ ის არის უკრაინის ტერიტორიული თავდაცვითი ძალების [ТРО] შემადგენლობაში.
„ხელები გადამიგრიხეს და მითხრეს, რომ ჩემი ცხოვრება დასრულდა, რომ დამანაწევრებდნენ, რომ მომკლავდნენ, დამხვრეტდნენ… სხვა შენობაში გადამიყვანეს… იქ დამიწყეს ცემა, ხელკეტებს მირტყამდნენ მკერდის არეში“, – ჰყვება მღვდელი.
მღვდელი დასძენს, რომ მას არ აძლევდნენ წყალს, არ გაჰყავდათ ტუალეტში. მისივე მონათხრობით, ხელები ზურგზე შეუკრეს წებოვანი ლენტით და ფეხებში ურტყეს. დაკითხვის დროს კი წყლის ნაცვლად არაყი მისცეს, ასევე დაემუქრნენ, რომ მის ახლობლებსაც მისწვდებოდნენ. მოგვიანებით კი გახადეს შარვალი და ტრუსებიც.
„ოკუპანტები მემუქრებოდნენ, რომ ხელკეტით გამაუპატიურებდნენ. იმ მომენტში პანიკამ შემიპყრო“, – ამბობს მღვდელი.
და ამის შემდეგ დასთანხმდა თანამშრომლობას, რასაც მისგან ოკუპანტები ითხოვდნენ – დაწერა ფურცელზე, რომ ნებაყოფლობით თანამშრომლობს რუსულ არმიასთან.
მღვდელი, რომელმაც უკრაინელების კონტროლირებად ტერიტორიაზე გააღწია, ამბობს, რომ რცხვენია თავისი საქციელის და ამიტომაც ჩაწერა ვიდეომიმართვა.
დღეს, 24 აპრილს, ბათუმში უკრაინიდან დევნილ 34 წლის ლიუდმილა ობუხოვას ქალიშვილი შეეძინა. ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში [ბაუ] „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ქალმა ფიზიოლოგიურად იმშობიარა და დედაც და ახალშობილიც თავს კარგად გრძნობენ.
ფეხმძიმე ლიუდმილა ობუხოვა საქართველოში 11 წლის შვილთან ერთად 21 მარტს ჩამოვიდა. ოჯახის სხვა წევრები კი უკრაინაში არიან.
აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 24 აპრილის 21 საათიდან 25 აპრილის 21 საათამდე ბათუმსა და აჭარის დანარჩენ მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა; უმეტესად უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში.
ჰაერის ტემპერატურა:
სანაპირო რაიონებში – ღამით 8-13, დღისით 22-27 გრადუსი სითბო
შიდამთიან რაიონებში – ღამით 3-8, დღისით 18-23 გრადუსი სითბო
მაღალ მთაში – ღამით 0-5, დღისით 10-15 გრადუსი სითბო
ზღვის პროგნოზი:
სამხრეთ-დასავლეთის ქარი 6-11 მ/წმ-ში; უმეტესად უნალექოდ, ხილვადობა: კარგი, ტალღის სიმაღლე: 5-10 დმ (2-3 ბალი);
ზღვის წყლის ტემპერატურა +13 გრადუსია.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 26 და 27 აპრილს აჭარის სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში ძირითადად უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ხუთშაბათიდან, 28 აპრილიდან კი, სავარაუდოდ, დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი.
24 აპრილის დილის მონაცემებით, საქართველოში, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 92 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში გარდაიცვალა 3 პაციენტი.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 92 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 46 შემთხვევა, აჭარა – 10, იმერეთი – 11, ქვემო ქართლი – 1, შიდა ქართლი – 4, გურია – 8, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 2, კახეთი – 10, მცხეთა-მთიანეთი -0, სამცხე-ჯავახეთი – 0, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.
stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, 24 აპრილის დილის მდგომარეობით საქართველოში კოვიდსტატისტიკა ასეთია:
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 1 654 255 , ბოლო 24 საათში – 92
მათ შორის გამოჯანმრთელებული – 1 635 791 , ბოლო 24 საათში – 241
მათ შორის გარდაცვლილი – 16 800 , ბოლო 24 საათში – 3
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 6 708, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 5 261, PCR ტესტით – 1 447
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 1,37%, ბოლო 14 დღის – 1,2%, ბოლო 7 დღის – 1,15%
უკრაინამ და რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე პერიოდში სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 24 აპრილამდე პერიოდში რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 21 800 ადამიანი
ტანკი – 873 ერთეული
ჯავშანტექნიკა / APV – 2 238 ერთეული
საარტილერიო სისტემა – 408 ერთეული
MLRS – 147 ერთეული
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 69 ერთეული
თვითმფრინავი – 179 ერთეული
ვერტმფრენი – 154 ერთეული
საავტომობილო მანქანა – 1 557 ერთეული
გემი/ნავი – 8 ერთეული
საწვავის ავზი – 76 ერთეული
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 191
სპეციალური აღჭურვილობა – 28
მობილური SRBM სისტემა – 4
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთიც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ამ დილით გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 24 აპრილამდე პერიოდში, სულ განადგურებულია უკრაინის:
141 თვითმფრინავი
110 ვერტმფრენი
551 უპილოტო საფრენი აპარატი
2 496 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
264 საზენიტო სარაკეტო სისტემა
282 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
1 093 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
2 343 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი წერს, რომ ოდესაში 23 აპრილს განხორციელებული რუსული სარაკეტო თავდასხმების შედეგად 3 თვის ბავშვი დაიღუპა. მისი თქმით, თავდასხმამ სულ 6 ადამიანი იმსხვერპლა, 18 კი დაშავდა.
რუსეთის ჯარებმა 23 აპრილს პირველად განახორციელეს სარაკეტო თავდასხმა ოდესაზე – უკრაინის შავიზღვისპირეთის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ქალაქზე.
„თუ ჩვენ ხალხს განადგურებენ მარიუპოლში, თუ რეფერენდუმს გამოაცხადებენ უკრაინის ნებისმიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, უკრაინა ნებისმიერი მოლაპარაკებიდან გამოვა“ – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა:
უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი წერს, რომ ოდესაში დღეს განხორციელებული რუსული სარაკეტო თავდასხმების შედეგად 3 თვის ბავშვი დაიღუპა. მისი თქმით, თავდასხმამ სულ 6 ადამიანი იმსხვერპლა, 18 კი დაშავდა.
პრეზიდენტის მრჩეველი წერს:
„ოდესაში დღევანდელი სარაკეტო თავდასხმის 6 მსხვერპლს შორის იყო 3 თვის ბავშვი. ასევე დაშავდა 18 ადამიანი. კიდევ რამდენი ბავშვი უნდა მოკლას რუსეთმა, ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოთა სიაში რომ მოხვდეს? გვითხარით, ჩვენ დავითვლით“.
Among the 6 victims of today’s missile strike in Odesa was 3-month old baby. 18 people were also injured. How many more children have to be killed to include Russia to the State Sponsor of Terrorism list? Tell us, we will count. pic.twitter.com/XAz9pVrIXd
როგორც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე ვკითხულობთ, „ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოების“ სიაში სახელმწიფო მდივანს შეჰყავს ქვეყნები, რომლებმაც არაერთხელ დაუჭირეს მხარი საერთაშორისო ტერორისტულ აქტებს.
ერთად აღებული ოთხი ძირითადი კატეგორიის სანქციები, რომლებიც წარმოიქმნება ამ უფლებამოსილებების შესაბამისად, მოიცავს შეზღუდვებს აშშ-ის საგარეო დახმარებაზე; თავდაცვის ექსპორტსა და გაყიდვების აკრძალვას; ორმაგი დანიშნულების პროდუქციის გარკვეულ კონტროლს ექსპორტზე; ფინანსურ და სხვა სახის შეზღუდვებს.
ასევე, აშშ-ს აძლევს უფლებამოსილებას დააჯარიმოს ქვეყნები და პირები, რომლებიც ტერორიზმის სპონსორ ქვეყნებთან გარკვეული სახის სავაჭრო ურთიერთობაში ჩაერთვებიან.
ამჟამად ამ სიაში შეყვანილია ოთხი ქვეყანა: კუბა, კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა (ჩრდილოეთ კორეა), ირანი და სირია.
დღეს, 23 აპრილს, რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ დასახელება ასევე მოითხოვა, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ:
„ოდესაზე რუსული სარაკეტო დარტყმის ერთადერთი მიზანი ტერორია. რუსეთი უნდა დასახელდეს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ და, შესაბამისად, უნდა მოვეპყროთ. არც ბიზნესი, არც კონტაქტები, არც კულტურული პროექტები. ჩვენ გვჭირდება კედელი ცივილიზაციასა და ბარბაროსებს შორის, რომლებიც მშვიდობიან ქალაქებს რაკეტებით ესხმიან“.
___
რუსეთის ჯარებმა დღეს პირველად განახორციელეს სარაკეტო თავდასხმა ოდესაზე – უკრაინის შავიზღვისპირეთის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ქალაქზე.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს პრესკონფერენცია კიევის მეტროსადგურიდან გამართა, სადაც განაცხადა: „თუ ჩვენ ხალხს განადგურებენ მარიუპოლში, თუ რეფერენდუმს გამოაცხადებენ უკრაინის ნებისმიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, უკრაინა ნებისმიერი მოლაპარაკებიდან გამოვა“.
ბოლო კვირების განმავლობაში რუსული არმიის მიერ ოკუპირებულ ხერსონში მყოფი ჟურნალისტები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ რუსეთი „რეფერენდუმის“ ჩატარებას გეგმავს, რის შედეგადაც აპირებს ხერსონის ოლქის დამოუკიდებლობა გამოაცხადოს. ჟურნალისტების თქმით, რუსეთი ამას მონაცემების ფალსიფიკაციის გზით აპირებს.
სწორედ ამაზე ისაუბრა ცოტა ხნის წინ პრეზიდენტმა ზელენსკიმ და თქვა, რომ ის მზად არის პირადად შეხვდეს ვლადიმერ პუტინს:
„მე არ მეშინია პრეზიდენტთან [პუტინთან] შეხვედრის. უბრალოდ, შიშის უფლება არ მაქვს, რადგან ჩვენმა ხალხმა აჩვენა, რომ არაფრის ეშინია, შიშველი ხელებით შეაჩერეს ტანკები, ისევე როგორც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, ეროვნულ გვარდიამ. დიახ, ხალხს საკუთარი შვილების გამო ეშინია. სწორედ ამიტომ ნორმალურ ლიდერს არ უნდა ეშინოდეს, როცა საქმე ჩვენს სახელმწიფოსა და დამოუკიდებლობას ეხება“.
ზელენსკი აქვე ახსენა რეფერენდუმის საკითხი და განაცხადა, რომ უკრაინა გამოვა ნებისმიერი მოლაპარაკების პროცესიდან, თუ ხერსონის დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმს ჩაატარებენ:
„თუ ჩვენ ხალხს გაანადგურებენ მარიუპოლში, თუ რეფერენდუმს გამოაცხადებენ უკრაინის ნებისმიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, უკრაინა ნებისმიერი მოლაპარაკებიდან გამოვა.
იქ [ოკუპირებულ ტერიტორიებზე] ხალხმა უნდა იცოდეს და არ დაეხმაროს ოკუპანტს. ადგილობრივი მცხოვრებლები დადიან სახლიდან სახლში და მონაცემებს აგროვებენ. ეს რუსეთის არასწორი ნაბიჯია. ეს აჩვენებს, რომ ყველა წინა მოლაპარაკება არის ფიქცია – თეატრი ძალიან ცუდი მსახიობებით“.
ზელენსკიმ ასევე ისაუბრა იმაზეც, რომ უკრაინა ამ ომში აუცილებლად გაიმარჯვებს: „როცა გავიმარჯვებთ, ყველაზე ძლიერი და გამოცდილი არმია გვეყოლება. ჩვენ ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სახელმწიფო გავხდებით“.
ხულოში, მაღალმთიანი აჭარის მუნიციპალიტეტში, პროგრამა, რომლითაც სახელმწიფო მარტოხელა დედებს დაეხმარებოდა, არ აქვთ. რა სჭირდებათ მარტოხელა დედებს ხულოში? – „ბათუმელები“ ამ თემაზე ხულოში მცხოვრებ დედას ესაუბრა, რომელსაც მარტოხელა მშობლის სტატუსი აქვს, თუმცა ამ სტატუსის მიუხედავად მას სახელმწიფო მხარს არ უჭერს.
31 წლის სალომე დავითაძე ხულოში, სოფელ სხალთაში ცხოვრობს და 5 წლის შვილს, ერეკლე დავითაძეს ზრდის. სალომე მარტოხელა დედაა.
სალომე სხალთაში შვილთან ერთად მშობლების სახლში ცხოვრობს. იგი იხსენებს, რომ ერეკლეს დაბადების შემდეგ სახლიდან გასვლა გაუჭირდა.
„საზოგადოებაში გამოჩენა – ეს ჩემთვის ძალიან რთული იყო.
რის გამოც არ მინდოდა სახლიდან გასვლა, ეს ხალხის არასწორი დამოკიდებულება იყო ჩემ მარტოხელა დედობაზე. სოფელში ცხოვრობ და მოსახლეობისთვის უჩვეულოა მარტო, ქმრის გარეშე ზრდიდე შვილს. ხალხის არასწორი შეხედულებების მეშინოდა. მათ არ იციან არაფერი და ჭორაობენ“, – ამბობს სალომე.
სალომე ამ პერიოდს ყველაზე დიდ სირთულედ მოიხსენიებს და დასძენს, რომ ის უკვე დასძლია. ახალგაზრდა დედა ახლა სხალთის საჯარო სკოლაში ქართულს ასწავლის.
სალომე ამბობს, რომ ფინანსურად დამოუკიდებელია და ამ ეტაპზე მისი და ერეკლეს საჭირო ხარჯებს სწვდება. თუმცა ამბობს იმასაც, მშობლებთან რომ არ ცხოვრობდეს და ოჯახისთვის საჭირო ხარჯებსაც თავად რომ ფარავდეს, ხელფასი საკმარისი არ იქნებოდა.
სალომე მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია ხულოს მუნიციპალიტეტს მარტოხელა მშობლების მხარდაჭერის პროგრამა ჰქონდეს. მით უმეტეს იმ ფონზე, რომ ხულოში ბევრ ოჯახს აქვს რთული ეკონომიკური მდგომარეობა.
„მარტოხელა მშობლების მხარდასაჭერი პროგრამა რომ მოქმედებდეს ხულოში, ვთქვათ, საკვებით ან თანხით დახმარება, ასეთ სიახლეს მივესალმები“, – ამბობს სალომე.
სალომე გვიყვება, რომ დედებს, განსაკუთრებით მარტოხელებს, რომელთაც არ აქვთ სახელმწიფო დახმარება, ძალიან უჭირთ. განსაკუთრებით კი მაშინ, თუ მათ ჩვილი ბავშვები ჰყავთ.
„დედებს არ შეუძლიათ ბავშვებისთვის ჰიგიენური ნივთების ყიდვა, ისეთი ფასი აქვს უკვე ყველაფერს. ვთქვათ, 200 ლარი აქვს დედას თვეში, აქედან შაქარში უნდა იყიდოს, ფქვილში და ბავშვისთვის რომ რაღაცები იყიდოს, აღარ რჩება შემოსავალი. ამ ოჯახებისთვის რაღაც უფრო მეტი უნდა კეთდებოდეს და ეხმარებოდნენ“, – გვითხრა სალომემ.
ერეკლე რომ დაიბადა, სალომემ 2 წლის განმავლობაში მუშაობას თავი დაანება, ბავშვზე რომ ეზრუნა.
„ამ ხნის განმავლობაში რთული პერიოდი ბევრჯერ მქონია. ხომ გესმით, იყო მარტოხელა დედა, არ არის მარტივი. ბავშვს სჭირდება ბევრი რამ და შენ, ერთი დედა, უკეთებ იმას, რასაც ოჯახები აკეთებენ.
ბავშვი სწორად უნდა აღზარდო. ამასთან, მარტო ხარ, მაგრამ უმამობა არ უნდა აგრძნობინო. ყველაფერი ეს, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია. ბევრ პირად დათმობაზე წავედი“, – ამბობს სალომე.
სალომე დავითაძე შვილთან ერთად
სალომე მიიჩნევს, რომ აუცილებელია ქალს შემოსავალი ჰქონდეს, რათა შვილების სათანადოდ გაზრდა შეძლოს. „მე არ ვფიქრობ, რომ ყოველთვის ვიღაც უნდა დაგეხმაროს. შენ უნდა შეგეძლოს, შენი შვილის, საკუთარი თავის საჭიროებები დააკმაყოფილო“, – ამბობს სალომე.
სალომე გვიყვება, რომ მისი დღე ყოველთვის ძალიან დატვირთულია. დილით ბავშვს ამზადებს, ბაღში ტოვებს, თვითონ კი სკოლაში მიდის. სკოლის შემდეგ სალომე ოჯახის საქმეებით კავდება.
5 წლის ერეკლე, სალომეს თქმით, მშვიდი ბავშვია. მას ყველაფერი აინტერესებს. ერეკლეს მთავარი გატაცება ახლა ციური სხეულებია. უკვე დიდი ხანია სთხოვს დედას ტელესკოპის ყიდვას, ვარსკვლავებზე დაკვირვება რომ შეძლოს. ერეკლე აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში მოხვედრაზე ოცნებობს.
„საღამოობით ვსეირნობთ ხოლმე. ერეკლეს სიმღერა უყვარს. ერთად ვთამაშობთ – ვხატავთ, ვაფერადებთ, ვჭრით რაღაცებს. მთელ ყურადღებას ერეკლეს ვუთმობ. ჩემი მშობლებიც ასე არიან. როცა რაღაც აქვს ერეკლეს სამეცადინო, მთელი ოჯახი ფეხზე ვდგავართ“, – გვითხრა სალომემ.
ახალგაზრდა მარტოხელა დედას სამომავლო გეგმებიც აქვს. ტიხრულ მინანქარზე მუშაობა სტუდენტობისას ისწავლა და ძალიან უნდა, რომ საკუთარი პატარა სახელოსნო მოაწყოს.
ახალი ამბების გლობალური გამოცემა The Insider-ი ვრცელ სტატიას აქვეყნებს ომის საერთაშორისო კორეპონდენტებზე, ქალებზე, რომლებიც უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიას აშუქებენ. გამოცემა წერს, რომ ქალი რეპორტიორები კვლავაც აწყდებიან წინასწარგანწყობებს ომში მუშაობისას, თუმცა გარკვეულ უპირატესობებსაც ფლობენ. The Insider-ი ესაუბრა 5 ქალს, CNN-ის, CBS-ის, ABC-ისა და Fox News-ის კორესპონდენტებს, რომლებიც საკუთარი საქმისადმი ერთგულების გამო მოსალოდნელ რისკებზე მიდიან.
„CNN-ის მთავარი საერთაშორისო გამომძიებელი კორესპონდენტი, ნიმა ელბაგირი, ხარკოვიდან აშუქებდა მოვლენებს, როცა უკრაინელ ჯარისკაცს სთხოვა, გუნდთან ერთად ფრონტის ხაზთან მიეყვანა. კილომეტრ-ნახევრის მოშორებით რუს ჯარისკაცებს უკრაინული სოფელი ჰქონდათ დაკავებული და საარტილერიო ცეცხლს უხსნიდნენ მჭიდროდ დასახლებულ რაიონს.
შორეული აფეთქებების ფონზე, ჯარისკაცმა თითი გაიშვირა ელბაგირის კაცი კოლეგისკენ და თქვა, – „წაგიყვანთ ფრონტის ხაზისკენ უფრო ახლოს, მაგრამ წავიყვან მხოლოდ მას“.
ელბაგირისთვის და კონფლიქტის ზონებში მომუშავე ბევრი ქალისთვის ასეთი რამ უცხო არ ყოფილა.
„ვუპასუხე, მეც უნდა წამიყვანო-მეთქი და გავუღიმე. ალბათ, ეს მაძლევს საშუალებას, არ გავღიზიანდე. უფრო ფართო, სოციოპოლიტიკურ დონეზე ყველანი გაღიზიანებული უნდა ვიყოთ, მაგრამ მე აქ სამუშაოდ ვარ“, – ამბობს ჟურნალისტი.
ქალები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ უკრაინაში რუსეთის შეჭრის გაშუქებაში, მიუხედავად იმისა, რომ საომარი ჟურნალისტების უმრავლესობა კაცია. ახალი ამბების არხებზე გადართვა-გადმორთვისას აუცილებლად წააწყდებით ელბაგირის გამოძიებას რუსული ჯარის მიერ ჩადენილ ომის დანაშაულებზე; ABC News-ის მარტა რადაცის ინტერვიუებს უკრაინელ ჟურნალისტებთან; Fox News-ის ალექს ჰოგანის რეპორტაჟს ლვოვიდან, უკანა ფონზე ამომავალი კვამლით; CBS News-ის ჰოლი უილიამსის საუბარს დაბომბვისგან შოკირებულ ბავშვებთან ქალაქ ბუჩის მიმდებარე საევაკუაციო ცენტრებში.
CNN-ის მთავარი საერთაშორისო საგამოძიებო კორესპონდენტი ნიმა ელბაგირი აშუქებს მოვლენებს ხარკოვიდან, უკრაინა. შეინ ბელი / CNN. ფოტო: The Insider
ქალები, რომლებიც საომარი ჟურნალისტები არიან, კვლავ აწყდებიან წინაღობებს, მაგრამ მათი მუშაობა უკრაინაში წარმოადგენს მნიშვნელოვან პროგრესს იმის დამტკიცებაში, რომ ქალების ადგილი წინა ხაზებზეა“.
„ჟურნალისტიკა კაცებისა და თეთრკანიანების სფეროდ რჩება“, – წერს The Insider-ი და Pew-ის 2018 წლის კვლევას იშველიებს, რომლის თანახმადაც, ამერიკული ნიუსრუმების თანამშრომელთა 61% კაცია, 77% კი – არალათინოამერიკელი თეთრკანიანი.
„დაახლოებით ხუთი წლის წინ, ჰოლი უილიამსმა და მისმა კოლეგებმა CBS News-ში შეიტყვეს, რომ ტელეარხმა სტანდარტული, საბრძოლო შეიარაღების ნამსხვრევებისგან დამცავი ქურთუკები შეიძინა, თუმცა მხოლოდ კაცების ზომები. მოგვიანებით კომპანიამ ქალი კორესპონდენტებისთვის ახალი ქურთუკები შეუკვეთა.
„როცა ჟურნალისტად მუშაობა დავიწყე, უამრავი კაცი კოლეგა მყავდა, მაგრამ ქალებიც ყოველთვის იყვნენ“, – ამბობს უილიამსი და იხსენებს ელიზაბეტ პალმერს, რომელიც 2000 წელს შეუერთდა არხს უფროსი საგარეო კორესპონდენტის რანგში – „ტელევიზიაში ვნახულობდი ქალებს, რომლებიც საგარეო და საომარი კორესპონდენტები იყვნენ და არასდროს მომსვლია თავში, რომ ამას მე ვერ გავაკეთებდი“.
როცა იონატ ფრილინგმა ისრაელის ერთ-ერთ მედიაში მუშაობისას ველზე გადაყვანა ითხოვა, უპასუხეს, რომ საომარ ზონებში მხოლოდ კაცების ადგილი იყო. იგი სამსახურიდან წამოვიდა და ახლა Fox News-ის იერუსალიმის ბიუროს უფროსი საველე პროდიუსერია. უკრაინაში ყოფნისას უფრო მეტ ქალს შეხვდა, ვიდრე ნებისმიერ სხვა დროს, მაგრამ აღნიშნავს, რომ პროფესიაში მაინც კაცები ჭარბობენ.
„მეტი ქალი გვჭირდება. აქეთ მივდივართ, თუმცა, როცა კარგი დღეა, სამიდან ერთია ქალი. ნაკლებად კარგ დღეს კი – ათიდან ერთი“, – ამბობს იგი.
CBS News-ის გლობალურ საქმეთა მთავარი კორესპონდენტი, მარტა რადაცი კონფლიქტებს ათწლეულებია აშუქებს, ჯერ კიდევ 1990-იანი წლების ბოსნიის ომიდან. ის ბევრი ქალი ჟურნალისტის მენტორიც იყო, თუმცა ლვოვში გამგზავრებული გუნდის ერთადერთი ქალი წევრი გამოდგა.
„ერთადერთი ქალი ვიყავი და შევამჩნიე კიდეც“, – ამბობს რადაცი.
Fox News-ის კორესპონდენტი ალექს ჰოგანი ამჟამად ლვოვში მუშაობს და ამბობს, რომ როგორც წესი, გუნდში ერთადერთი ქალი თავადაა. უკრაინაში წასვლისას მას ქალი შუამავალი და პროდიუსერი ჰყავდა, რაც „იშვიათობაა“, მაგრამ ჰოგანს უფრო მეტად სხვების მიერ გამოჩენილი წინასწარგანწყობა აღელვებს.
„ყოველ შემთხვევაში, გაჩენილი კითხვები სხვა ადამიანების თვალთახედვიდან მოდის და ჩემს ოჯახურ ურთიერთობებს ეხება. ვფიქრობ, ბევრ ქალ კორესპონდენტს უწევს ამასთან გამკლავება. ეს შეიძლება იმედგამაცრუებელი იყოს. ბევრ კითხვას მისვამენ იმაზე, თუ რას გრძნობს ჩემი პარტნიორი, აქ რომ ვარ. მაშინვე იმას ვფიქრობ, ალბათ, ამას აქ კაცებს არ ეკითხებით“, – ამბობს ალექსი.
ელბაგირი „სი-ენ-ენის“ პირველი შავკანიანი ქალი რეპორტიორია, რომელსაც მთავარი კორესპონდენტის სტატუსი აქვს. იგი ამბობს, რომ წინასწარგანწყობა კიდევ უფრო მეტია ფერადკანიანი ქალების მიმართ:
„ჩემთვის ეს ორმაგდება, არა? იკვეთება წინასწარგანწყობები სქესსა და რასაზე. ისე ჩანს, რომ არსებობს რაღაც დისკომფორტი კომპეტენტური ქალების მიმართ ზუსტად ისევე, როგორც წინა ხაზზე მომუშავე ქალების მიმართ. გასაოცარია. ძალაუფლების დერეფნებში ყოფნისას ჯერ კიდევ რჩება ჯოხი კარში, როდესაც საქმე მიდის იმის აღიარებამდე, რომ კი, არ გამოვიყურები როგორც ასაკოვანი თეთრკანიანი კაცი, რომელსაც შეუძლია ჩამოარაკრაკოს საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონმდებლობის ყველა მუხლი, მაგრამ ჩვენც ვიცით ჩვენი საქმე.“
მარცხნივ: Fox News-ის კორესპონდენტი ალექს ჰოგანი ლვოვში, უკრაინა; მარჯვნივ: CBS News-ის უცხოური კორესპონდენტი ჰოლი უილიამსი პირდაპირ ეთერში უკრაინიდან იუწყება. CBS News. ფოტო: The Insider
ისტორიკოსი ენ სება, წიგნის ავტორი „ბრძოლა ახალი ამბებისთვის: ქალი რეპორტიორის აღზევება“ გამოცემას უყვება, რომ ისტორიულად, ომის დროს ქალები დაკავებულნი იყვნენ „ნაზი ახალი ამბების“ წერით დაჭრილ ჯარისკაცებსა და დაობლებულ ბავშვებზე, რადგანაც ქალებს საბრძოლო ზონებში არ უშვებდნენ. თანამედროვე ომებმა კი ყველა ადგილი საბრძოლო ზონად აქცია.
„სწორედ ამდენი ხანი დასჭირდა იმის გაცნობიერებას, რომ სწორედ „ნაზი ახალი ამბები“ იყო მნიშვნელოვანი. პირველ მსოფლიო ომში სანგრების ომი იყო, შემდეგ კი ოფიცრები თავიანთ სასტუმროებში, კარვებში თუ სადღაც ბრუნდებოდნენ, მაგრამ პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ასე აღარ ხდებოდა. სწორედ ქალები იბომბებოდნენ პურის რიგებში და ჭიდან წყლის ამოღების მცდელობისას. მაშინ ყველამ გაიაზრა, რომ როდესაც ომი ქალაქებსა და სოფლებში მივიდა, საავადმყოფოებსა და ობოლთა სახლებზე ქალები აკეთებდნენ რეპორტაჟებს, და ეს აღარ იყო „ნაზი ახალი ამბები“, ეს იყო ახალი ამბები“, – ხსნის სება.
უკრაინაში ქალ რეპორტიორებს უნიკალური მდგომარეობა აქვთ კონფლქტის ისეთი ასპექტების გასაშუქებლად, როგორიცაა საზღვართან არსებული ლტოლვილთა კრიზისი. გაეროს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ცნობით, ომის დაწყების შემდეგ 7,1 მილიონ ადამიანს იძულებით გადაადგილება მოუწია. ვინაიდან 18-60 წლის ასაკის კაცები უკრაინაში რჩებიან და იბრძვიან, ლტოლვილთა უმრავლესობა ქალი და ბავშვია.
ჰოგანი ამბობს, რომ ქალ რეპორტიორებს უკრაინაში ლტოლვილებთან საუბრისას „მცირე უპირატესობა აქვთ“. შესაძლოა, ლტოლვილებმა უფრო კომფორტულად მიიჩნიონ თავიანთი ისტორიის სხვა ქალისთვის მოყოლა.
„ვფიქრობ, ამ ისტორიამ ხალხს, მიუხედავად სქესისა, თვალები აუხილა და დაანახა ამ ვითარების – ბავშვების გადასარჩენად ყველაფრის მიტოვების და ახალი ცხოვრების დაწყების საჭიროების – საშინელება. შესაძლოა, ამან ქალებს, რომლებიც ასეთ ისტორიებს აშუქებენ, საშუალება მისცა, ქალებთან ცოტაოდენი შიშის გარეშე მივიდნენ, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რის გავლაც მოუწიათ ამ ქალებს საზღვართან მისვლამდე“.
უილიამსი, რომელიც უკრაინის მოვლენებს 2014 წლიდან აშუქებს, ასევე მიიჩნევს, რომ საომარ ზონაში ქალ რეპორტიორს კონკრეტული უპირატესობებიც აქვს.
„როგორც წესი, უმეტესობა უფრო მიდრეკილია დაელაპარაკოს ქალს, საქმე დაიჭიროს ქალთან, ქალი იყოს წინა ხაზზე ან ესაუბროს ჯარისკაცებს. ზოგჯერ, ქალი რომ ხარ, შეიძლება ოდნავ არ დაგაფასონ, რაც, ჩემი აზრით, ჟურნალისტისთვის უპირატესობაც კი შეიძლება იყოს, რადგან ხალხი სიფხიზლეს ოდნავ კარგავს, ვინაიდან ნაკლებ საფრთხედ მიგიჩნევს“, – ამბობს იგი.
კონფლიქტის ადამიანური დანაკარგების გარდა, ჰოგანი ცდილობს იმ ქალთა ისტორიებიც მოჰყვეს, რომლებიც ომში არიან ჩართულნი და უკრაინის თავისუფლებისთვის იარაღით იბრძვიან:
„ომმა გვაჩვენა, რომ ქალები უკრაინაში მზად არიან, კაცების გვერდით დადგნენ. მოხუცი ქალები სწავლობენ, როგორ ისროლონ და გააკეთონ მოლოტოვის კოქტეილები. ქალები ფრონტზე იბრძვიან. ქალები მუშაობენ საავადმყოფოებში და ატარებენ სასწრაფო დახმარების მანქანებს. ქალები ამ ომსაც აშუქებენ“.
იონატ ფრილინგი, Fox News-ის იერუსალიმის ბიუროს უფროსი საველე პროდიუსერი, Fox News-ის სტივ ჰარიგანთან და იბრაჰიმ ჰაზბუნთან ერთად კიევში, უკრაინა. ფოტო: The Insider
საფრთხე
მარტა რადაცმა ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტების გაშუქებაში წლები გაატარა, მაგრამ უკრაინაში, ახლო აღმოსავლეთისგან განსხვავებით, ამერიკელი სამხედროები არ არიან.
„სულ სხვა გრძნობაა. ერაყსა და ავღანეთში იცოდი, რომ ამ ქვეყნებში არიან აშშ-ის წარმომადგენლები. თუ დაშავდები, უმალ გაგიყვანენ. უკრაინაში ასე არაა. აქ საკუთარი თავის იმედად ხარ“, – ამბობს იგი.
ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის ცნობით, რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ მოკლულია 7 და დაჭრილია 11 ჟურნალისტი, თუმცა ეს რიცხვი გაცილებით მეტია უკრაინის კულტურისა და ინფორმაციის სამინისტროს ცნობით.
„იცი, რომ ასეთი სიტუაციები შეიძლება მოხდეს და აკეთებ ყველაფერს რისკის შესამცირებლად. ჩვენი მიზანია, წავიყვანოთ ხალხი იმ ადგილას, სადაც ნახავენ, როგორია ომი. რა თქმა უნდა, არ გვინდა, ვინმე უკან დაშავებული დაბრუნდეს. ბალანსია. უნდა მიიღო სწორი გადაწყვეტილებები – იმდენად ახლოს უნდა მიხვიდე მოვლენებთან, რომ ხალხს ისინი აგრძნობინო, მაგრამ ძალიანაც არ უნდა გარისკო,“- აღნიშნავს უილიამსი.
„დავდივართ წარმოსახვითი ფარით და დარწმუნებული ვართ, რომ არაფერი მოგვივა. ეს ჩვენთვის რთულია, რადგან ჩვენი ძვირფასი მეგობრები და ყველაზე მამაცი ადამიანები, ვისაც კი ვიცნობდი, ჩემნაირად დადიოდნენ ამ წარმოსახვითი ფარით და დაშავდნენ და დაიღუპნენ… ეს განგაცვიფრებს, მაგრამ უნდა განვაგრძოთ ამბების მოყოლა. ვგრძნობ, რომ ჟურნალისტობა მხოლოდ პროფესია არაა. ესაა მოწოდება, ესაა ძირეული ღირებულება, მოესწრო [ამბავს] და მოუყვე იგი ხალხს, ვისაც არ აქვს შესაძლებლობა, იქ იყოს და ის თავად ნახოს“, – ამბობს ფრილინგი.
ABC News-ის გლობალური ურთიერთობების მთავარი კორესპონდენტი მარტა რადაცი თავის გუნდთან ერთად უკრაინაში. მარტა რადაცი. ფოტო: The Insider
ომის წინა ხაზებიდან მოვლენების გაშუქება სუსტი ნერვების მქონე ადამიანებისთვის ნამდვილად არაა. თუმცა, ელბაგირს არტილერიასა და ტყვიებზე მეტად აშინებს კონფლიქტის ზონის დატოვება ამბის მოსაყოლად აუცილებელი ელემენტების გარეშე.
„შეიძლება სოციოპათის სიტყვებს ჰგავდეს, მაგრამ ყველაზე საშიში იმის გაფიქრებაა, რომ უკან დაბრუნდი ისე, რომ რაც გჭირდებოდა, ვერ მიიღე. რომ ამხელა რისკი გასწიე, გარისკე საკუთარი და სხვების სიცოცხლით იმისთვის, რომ უკან არაფრით დაბრუნდე. დღესაც კი, როცა ჩვენს გადაღებულ კადრებს ვუყურებთ, ვხედავთ მომენტს, როცა არტილერიის ცეცხლი სულ უფრო და უფრო ახლოვდება. მაყურებლისთვის ამის ასახსნელად მხოლოდ ერთი შანსი მაქვს, ხმაურის ფონზე. მნიშვნელოვანია იმის ახსნა, რა ხდება უკრაინის ამ კუთხეში და რაღაცნაირად გადასცე, როგორ გრძნობს თავს ხალხი, ვინც ამ სახლებში დარჩა“.
საბოლოო ჯამში, ამბები ომსა და მის გავლენაზე მშვიდობიან მოქალაქეებზე ვინმემ უნდა მოჰყვეს. ქალები ამტკიცებენ, რომ [კაცების] მსგავსად შეუძლიათ ამის კეთება.
„ხალხი უკრაინაში მიმდინარე ამბებს მიჯაჭვულია. ასე არ იქნებოდა, იქ რომ ხალხი არ მიდიოდეს, არ ჰყვებოდეს ამ ისტორიებს და არ სურდეს რისკის აღება. ამ რისკს კი იმიტომ იღებ, რომ ეს მნიშვნელოვანია… ეს სიკვდილ-სიცოცხლეა. ეს მსოფლიოს მომავალია. რა ხდება კონფლიქტის ზონებში, გავრცელდება თუ არა ომი და რა დაემართება ხალხს, აი, ამისთვისაა რისკი. ვფიქრობ, სწორედ ამიტომ ვაკეთებთ ამ ყველაფერს“.
კოლეჯი „ბლექსი“-ს შენობის მშენებლობაზე საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ ხელახალი ტენდერი 17 534 630 ლარით გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება წინა ტენდერთან შედარებით 1 114 387 ლარითაა გაზრდილი.
კოლეჯის ახალი შენობა ბათუმში, სვიშევსკის ქ N1-ში უნდა აშენდეს.
წინა ტენდერი 16 420 243 ლარით იყო გამოცხადებული, თუმცა, ის უარყოფითი შედეგით დასრულდა. შესყიდვების პორტალის მიხედვით, სააგენტოს სამუშაოებს კომპანია „დაგი“ ზუსტად 16 420 243 ლარად სთავაზობდა. სატენდერო კომისიამ კომპანიას ჯერ ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტება მოსთხოვა, მაგრამ საბოლოოდ დისკვალიფიკაცია მისცა.
სააგენტომ ტენდერი შეწყვიტა და ხელახლა გამოაცხადა.
სატენდერო კომისიის 21 აპრილის სხდომის ოქმში აღნიშნულია, რომ:
„კოლეჯი „ბლექსი“-ს შენობის მშენებლობის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე 2022 წლის 27 იანვარს გამოცხადებული ტენდერი არ შედგა, ხოლო 2022 წლის 23 თებერვალს გამოცხადებული ტენდერი დასრულდა უარყოფითი შედეგით;
სააგენტოს თანამშრომლების მიერ მოხდა პროფესიული სასწავლებლის სახარჯთაღრციხვო დოკუმენტაციის გადათვლა-გადაანგარიშება მშენებლობის შემფასებელთა კავშირის (სამშენებლო რესურსების ფასებით) 2022 წლის I კვარტლის დონეზე და პროფსასწავლებელ ,,ბლექსის” სამშენებლო სამუშაოების შესასრულებელი თანხა შეადგენს 17 534 630 ლარს;
სამშენებლო სამუშაოები ვერ დასრულდება მიმდინარე წლის ბიუჯეტის ფარგლებში, ამდენად, პროექტის მშენებლობის შესრულების სახარჯთაღრიცხვო ღირებულება სავარაუდოდ ასე გადანაწილდება:
2022 წელს სავარუდოდ განხორციელდება – 4 000 000 ლარის ღირებულების სამუშაოები; 2023 წელს სავარუდოდ განხორციელდება – 7 000 000 ლარის ღირებულების სამუშაოები; 2024 წელს სავარუდოდ განხორციელდება დარჩენილი – 6 534 630 ლარის ღირებულების სამუშაოები.
ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით სააგენტოში წარმოდგენილია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა“.
ახალ ტენდერში წინადადებების მიღება 2022 წლის 11 მაისს დაიწყება და ხუთ დღეში, 16 მაისს დასრულდება. მშენებლობის ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 თვეა.
ოკუპანტებმა ქალაქ რუბიჟნიდან გაიტაცეს ქალი და რამდენიმე დღის განმავლობაში აუპატიურებდნენ. ქალს სახლში ჰყავდა პატარა ბავშვები, რომლებიც დედას ელოდნენ. ქალმა როცა სახლში დაბრუნება შეძლო, შვილები აღარ დახვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას Telegram-ზე უკრაინის ნაციონალური პოლიციის ლუგანსკის ოლქის მთავარი სამმართველო ავრცელებს.
პოლიციის ინფორმაციით, „აპრილის დასაწყისში 34 წლის ქალი რუბიჟნეს დროებით ოკუპირებულ ნაწილში მდებარე ერთ-ერთ ადგილობრივ ბაზარში საკვების საყიდლად წავიდა. დამპყრობლებმა ის თითქოსდა მაროდიორობის ბრალდებით დააკავეს.
ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების მუქარით, ე.წ. „ლნრ“-ის წარმომადგენლებმა ქალი დასაკითხად წაიყვანეს. მას ტელეფონი და უკრაინის მოქალაქის პასპორტი წაართვეს. დამპყრობლებმა ქალს გაშიშვლება უბრძანეს და დაათვალიერეს, შემდეგ მოათავსეს ქალაქის ერთ-ერთი სახელმწიფო დაწესებულების შენობაში, რომელშიც სამხედროებს ახლა ციხე აქვთ მოწყობილი.
ღამით ქალი გადაიყვანეს ქალაქის ერთ-ერთ სახლში, სადაც ერთ-ერთმა ბოევიკმა ქალს შესთავაზა სექსუალური კავშირი და დაემუქრა, რომ თუ უარს იტყოდა, შენობაში მყოფი ყველა ბოევიკი გააუპატიურებდა. ძალადობის შემდეგ დაზარალებული კვლავ ციხეში გადაიყვანეს, მეორე ღამეს, ქალი ფიზიკური ძალის მუქარით, იმავე ბოევიკმა რამდენჯერმე გააუპატიურა“, – იუწყება პოლიცია.
პოლიციის ინფორმაციით, ქალი რამდენიმე დღეს ჰყავდათ ტყვეობაში, სადაც მას სცემდნენ და აიძულებდნენ „მათთვის ეცნობებინა უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკის გადაადგილების შესახებ. ბოლოს კი დაზარალებული ქალაქის ცენტრში წაიყვანეს და იქ დატოვეს.
სახლში მისულ მსხვერპლს ბავშვები აღარ დახვდა. როდესაც მას უთხრეს, რომ ბავშვების ევაკუირება წითელმა ჯვარმა მოახდინა, ის ფეხით გაემართა ქალაქ სევეროდონეცკში. უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი პოზიციაზე მიღწევის შემდე [უკრაინელმა] სამხედროებმა ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ქალი ახლაც იქ იმყოფება“.
პოლიციის ინფორმაციით, ქალთან ახლა ექიმები და ფსიქოლოგები მუშაობენ.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული გამოცდებისთვის, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დადგენილი რეკომენდაციები შეიცვალა.
პერსონალი, მეთვალყურეები და გამოსაცდელები საგამოცდო ცენტრში ინდივიდუალური დაცვის საშუალებების [პირბადის] გარეშე ისევ არ დაიშვებიან, თუმცა აღარ იქნება სავალდებულო ტემპერატურის შემოწმება.
ახალი რეკომენდაციები საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა 2022 წლის 20 აპრილს დაამტკიცა.
გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა:
გამოსაცდელები წინასწარ უნდა გააფრთხილოს, რომ ზედმეტი ნივთები [გარდა კალმისა და აუცილებელი ნივთებისა] საგამოცდო ცენტრში არ შეიტანონ;
გელიანი კალმები, რომლებსაც ხშირად იყენებენ გამოსაცდელები, ყოველი მოხმარების შემდეგ უნდა გაიწმინდოს სადეზინფექციო ხსნარით;
მაქსიმალურად უნდა შეამციროს მეთვალყურეთა რაოდენობა ან უნდა გამოიყენოს როტაციის პრინციპი იმგვარად, რომ ერთ სესიაზე ერთ სექტორში არაუმეტეს ორმა მეთვალყურემ შეასრულოს თავისი ვალდებულებები;
ყოველი ცვლის შემდგომ უნდა გამოიყენონ სანიტარიული შესვენება;
მაგიდებს შორის, როგორც სიგანეში, ასევე ერთმანეთის მიმდევრობით მანძილი უნდა იყოს არანაკლებ 1 მეტრისა [ადრე იყო 2 მეტრი].
სესიის დაწყებამდე საგამოცდო სივრცის დასუფთავება/დეზინფექცია სავალდებულოა – განიავება გაღებული ფანჯრებისა და კარის პირობებში, 30 წუთის განმავლობაში ორპირი ქარის პრინციპით; სესიის განმავლობაში უპირატესობა უნდა მიენიჭოს უსაფრთხო ბუნებრივ ვენტილაციას, ხოლო კონდიცირების საჭიროებისას – უზრუნველყოფილი უნდა იყოს სუფთა ჰაერის შემოდინება ფანჯრების ან მცირე სარკმლების საშუალებით;
[toggle title=”ახალი რეკომენდაციების სრულად სანახავად დააწკაპუნეთ აქ“]
ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული რეკომენდაციები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული გამოცდებისთვის
ძირითადი რეკომენდაციები:
გამოსაცდელ პირთა მიღებისას საგამოცდო ცენტრებში დაიცავით წინასწარ განსაზღვრული წესები, რომელთა თანახმადაც უნდა უზრუნველყოთ რეგისტრატორების აღჭურვა სამედიცინო ნიღბით;
გარდა ამისა, უსაფრთხოების მიზნით:
მაქსიმალურად შეამცირეთ მეთვალყურეთა რაოდენობა ან გამოიყენეთ როტაციის პრინციპი იმგვარად, რომ ერთ სესიაზე ერთ სექტორში არაუმეტეს ორმა მეთვალყურემ შეასრულოს თავისი ვალდებულებები;
მიაწოდეთ ინფორმაცია პერსონალსა და გამოსაცდელებს ვირუსთან დაკავშირებული პრევენციული ღონისძიებების შესახებ (თვალსაჩინო ადგილას განათავსეთ უსაფრთხოების დაცვის წესები);
არ დაუშვათ პერსონალი, მეთვალყურეები და გამოსაცდელები საგამოცდო ცენტრში ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გარეშე (ან თავად უზრუნველყავით მათი აღჭურვა);
განათავსეთ დეზინფექციისათვის საჭირო 70%-იანი ალკოჰოლის შემცველი ხელის დასამუშავებელი ხსნარი სამუშაო ადგილზე პერსონალისათვის, ხოლო გამოსაცდელებისათვის – ყოველი საგამოცდო სექტორის შესასვლელში;
ყოველი ცვლის შემდგომ გამოიყენეთ სანიტარიული შესვენება;
უზრუნველყავით პერსონალისა და გამოსაცდელებისათვის სველ წერტილებში ხელის ჰიგიენა წყლითა და თხევადი საპნით, ხოლო ხელის გასამშრალებლად განათავსეთ ერთჯერადი ხელსახოცები. გამოაკარით ხელის ჰიგიენის წესები;
მიაწოდეთ ინფორმაცია პერსონალს ინდივიდუალური დაცვისა და ჰიგიენური საშუალებების სწორად გამოყენების, შემდგომ კი შენახვა/მოცილების თაობაზე;
სამუშაო ადგილებზე დადგით ზედაპირების სადეზინფექციო საშუალებები და იქვე თვალსაჩინოდ მიუთითეთ მათი სწორად მოხმარების წესები;
გამოყავით პირები, რომლებიც პერიოდულად დაასუფთავებენ ხშირად შეხებად ზედაპირებს (მათ შორის, ღილაკებს, კარის სახელურებს, ჩამრთველ/გამომრთველებს) შესაბამისი კონცენტრაციის სადეზინფექციო ხსნარით;
გელიანი კალმები, რომლებსაც ხშირად იყენებენ გამოსაცდელები, ყოველი მოხმარების შემდეგ გაწმინდეთ სადეზინფექციო ხსნარით;
სექტორები, ოფისები და საერთო სარგებლობის ფართები აღჭურვეთ გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერებით (სატერფულით გახსნის შესაძლებლობით), რომლებშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პოლიეთილენის პარკი. ნარჩენების პარკი ამოიღეთ და განკარგეთ ერთჯერადი ხელთათმანების გამოყენებით. უზრუნველყავით ასეთი ნარჩენების დროული გატანა შესაბამისი პირის/სამსახურის მიერ;
თავდაპირველად გამოცდების დაწყებამდე, ხოლო შემდგომ ყოველი სესიის დასრულებისას ლეპტოპები დაამუშავეთ სპეციალური სადეზინფექციო ხსნარში დასველებული ერთჯერადი ხელსახოცებით. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია 70 %-იანი ალკოჰოლის შემცველი ნებისმიერი ხსნარის გამოყენება, რომელიც არ დააზიანებს კომპიუტერის ეკრანს;
გამოსაცდელები წინასწარ გააფრთხილეთ იმის შესახებ, რომ ზედმეტი ნივთები (გარდა კალმისა და აუცილებელი ნივთებისა) საგამოცდო ცენტრში არ შემოიტანონ. სხვა შემთხვევაში უზრუნველყავით ნივთების მოთავსება სპეციალურ პარკებში და შემდეგ მათი უსაფრთხოდ გატანა. ამ შემთხვევაში პერსონალი უნდა აღიჭურვოს სამედიცინო ნიღბით (საყურადღებოა, რომ პერსონალმა ნიღაბი უნდა გამოიცვალოს და ხელები დაიმუშაოს შესაბამისი პერიოდულობით).
სესიის დაწყებამდე საგამოცდო სივრცის დასუფთავება/დეზინფექცია;
განიავება გაღებული ფანჯრებისა და კარის პირობებში, 30 წუთის განმავლობაში ორპირი ქარის პრინციპით;
სესიის განმავლობაში უპირატესობა მიანიჭეთ უსაფრთხო ბუნებრივ ვენტილაციას;
კონდიცირების საჭიროებისას – უზრუნველყავით სუფთა ჰაერის შემოდინება ფანჯრების ან მცირე სარკმლების საშუალებით;
უწყისში გამოსაცდელების მიერ ხელმოწერისა და პასუხების ფურცლების შეგროვებისას გასატარებელი ღონისძიებები:
ყოველი სესიის დასრულების შემდეგ, მეთვალყურემ კალმების, პასუხებისა და შავი სამუშაოსათვის განკუთვნილი ფურცლების აკრეფისა და დათვლის პროცედურამდე და ამ პროცედურის შემდეგ უნდა ჩაიტაროს ხელის ჰიგიენა (დამუშავება სანიტაიზერით, ან დაბანა საპნითა და წყლით).
საგამოცდო ცენტრებიდან მიღებული ნამუშევრების უსაფრთხოდ დამუშავება:
ოპერატორებმა, დაინფიცირების რისკის შემცირების მიზნით, პასუხების ფურცლები უნდა დაამუშაონ (ამოლაგება პაკეტებიდან და დასკანერება) და ნამუშევრები დაასკანერონ ხელთათმანებით, სხვა შემთხვევაში უნდა დაიმუშაონ ხელი შესაბამისი პერიოდულობით.
საგამოცდო ცენტრის დალაგება:
საგამოცდო ცენტრი დაალაგეთ თითოეული სესიის დაწყებისა და დასრულების შემდეგ;
გააღეთ ფანჯრები და მაქსიმალურად გაანიავეთ სივრცე გამჭოლი ნიავის პირობებში;
სესიის დაწყების წინ საგამოცდო ცენტრი დაასუფთავეთ და დეზინფექცია ჩაატარეთ სველი წესით (მაგ., 0,5 %-იანი ქლორის შემცველი სადეზინფექციო ხსნარით);
დაასუფთავეთ შედარებით სუფთა სივრცეებიდან (მაგ., საგამოცდო სექტორიდან) უფრო დაბინძურებული სივრცეების (სანიტარიული კვანძი) მიმართულებით;
იმ ზედაპირებისათვის, რომლებიც შეიძლება დაზიანდეს ქლორშემცველი ხსნარების ზემოქმედების შედეგად, შესაძლებელია 70%-იანი ალკოჰოლის შემცველი ან სხვა შესაბამისი დანიშნულების ხსნარის გამოყენება;
საყოფაცხოვრებო ქიმიის, ასევე სადეზინფექციო საშუალებების ნებისმიერი პროდუქტის გამოყენებისას დაცული უნდა იყოს მწარმოებლის ინსტრუქცია და უსაფრთხოების რეკომენდაციები;
დასუფთავება-დალაგების პროცედურები ჩაატარეთ „ახალი კორონავირუსით (SARS-cov-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციისა და მართვის უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 25 მარტის №01-123/ო ბრძანების მე-6 დანართით (ახალი კორონავირუსით (SARS-cov-2) გამოწვეული ინფექციისადმი (COVID-19) ექსპოზირებული არასამედიცინო ობიექტების დასუფთავების დროებითი რეკომენდაციები).
აკრძალულია: დასუფთავების მშრალი მეთოდების (მშრალი ცოცხითა და ჩვრებით) გამოყენება, რადგან ასეთ დროს შესაძლებელია მტვრისა და პათოგენური ბიოლოგიური აგენტების მოხვედრა ჰაერსა და სამუშაო გარემოს ზედაპირებზე.
საგამოცდო ცენტრის სანიტარიული კვანძის/საპირფარეშოების დალაგება/დეზინფექცია:
სანიტარიული კვანძების დალაგება, ინფექციის გადაცემის რისკების შემცირების მიზნით, აუცილებელია დადგენილი წესით ყოველი სესიის წინ რეგისტრაციის დასრულების შემდეგ (სესიის მიმდინარეობის პერიოდში) და ყოველი სესიის დასრულების შემდგომ;
საპირფარეშოს დალაგება აუცილებელია სველი წესით და სარეცხი საშუალებებით წმენდის შემდგომი დეზინფექციით სათანადო წესით;
დამლაგებლის ეკიპირებისათვის აუცილებელია:
სამედიცინო ნიღაბი;
ერთჯერადი ხალათი;
სპეციალური/სქელი ხელთათმანები (მრავალჯერადი);
თვალის დამცავი (სათვალე ან სახის ფარი).
ცენტრის პერსონალის ვალდებულებები:
დაიცავით ჰიგიენის წესები თქვენს სამუშაო ადგილზე;
სამუშაოს შესრულებისას სრულად გამოიყენეთ ის ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, რომლებიც დამსაქმებელმა მოგაწოდათ;
სამუშაოს დასრულების შემდეგ სადეზინფექციო საშუალებებით დაასუფთავეთ ის ადგილები და ხელსაწყოები, რომლებსაც იყენებთ მუშაობისას;
ხელის ჰიგიენა ჩაიტარეთ ხშირად;
გამოიყენეთ 70%-იანი სპირტის შემცველი ხელის საწმენდი საშუალებები იმ შემთხვევაში, თუ ვერ ახერხებთ ხელების დაბანას და გამშრალებას. გახსოვდეთ, რომ ხელების დაბანა საპნითა და წყლით არის უპირატესი;
მოერიდეთ ხელებით თვალებზე, ცხვირსა და პირზე შეხებას. მუშაობის პერიოდში მჭიდროდ დაიმაგრეთ თმა, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს თმისა და სახის შეხება.
გამოსაცდელთა ვალდებულებები:
საგამოცდო ცენტრში არ შემოიტანოთ ზედმეტი ნივთები (გარდა გელიანი კალმისა და აუცილებელი ნივთებისა) . სხვა შემთხვევაში ნივთები დატოვეთ ამ ნივთების შენახვისათვის განკუთვნილ ადგილას;
საგამოცდო ცენტრში ვალდებული ხართ გეკეთოთ სამედიცინო ნიღაბი;
მითითების შემთხვევაში, დაიმუშავეთ ხელები ადგილზე განთავსებული სადეზინფექციო ხსნარით;
მაქსიმალურად დაიცავით სოციალური დისტანცია;
დაიცავით წესები, რომლებიც დაკავშირებულია ვირუსის გავრცელების პრევენციულ ღონისძიებებთან.
თუმცა, პირბადის ტარების ვალდებულება რჩება, როგორც დახურულ სივრცეებში, ისე – ტრანსპორტში. ეს არის, პრაქტიკულად, ერთადერთი შეზღუდვა ამ ეტაპზე, რომელიც პანდემიის გამო საქართველოში დარჩა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დიდი ალბათობით, წელს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია პანდემიას დასრულებულად გამოაცხადებს, თუ ვირუსის ევოლუციაში რაიმე ექსტრაორდინარული არ მოხდა.
ქვეყანაში კოვიდრეგულაციები და რეკომენდაციები, არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, მუდმივად იცვლება.
მთავარი ფოტო: ერთიანი ეროვნული გამოცდები 2021
ნახეთ რა კოვიდრეგულაციები მოქმედებდა გამოცდებზე 2021 წელს:
„რუსეთი უნდა დასახელდეს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ და, შესაბამისად, უნდა მოვეპყროთ,“ – წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება. მისი თქმით, ოდესაზე რუსული სარაკეტო თავდასხმების ერთადერთი მიზანი ტერორია. კულება აცხადებს, რომ აუცილებელია რუსეთის სრული იზოლაცია: „კედელი ცივილიზაციასა და ბარბაროსებს შორის, რომლებიც მშვიდობიან ქალაქებს რაკეტებით ესხმიან“.
„ოდესაზე რუსული სარაკეტო დარტყმის ერთადერთი მიზანი ტერორია. რუსეთი უნდა დასახელდეს ტერორიზმის სპონსორ სახემწიფოდ და, შესაბამისად, უნდა მოვეპყროთ. არც ბიზნესი, არც კონტაქტები, არც კულტურული პროექტები. ჩვენ გვჭირდება კედელი ცივილიზაციასა და ბარბაროსებს შორის, რომლებიც მშვიდობიან ქალაქებს რაკეტებით ესხმიან,“ – წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.
The only aim of Russian missile strikes on Odesa is terror. Russia must be designated a state sponsor of terrorism and treated accordingly. No business, no contacts, no cultural projects. We need a wall between civilization and barbarians striking peaceful cities with missiles.
დღესვე, 23 აპრილს, უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ რუსულ კულტურასა და ისტორიაშია პოსტსაბჭოთა ქვეყნების მიღწევებია მისაკუთრებული. მან რუსეთის ისტორიას სხვისი ნამუშევრის ქურდობა უწოდა.
„რუსი მხატვარი აივაზოვსკი სინამდვილეში სომეხი აივაზიელია. მხატვარი მალევიჩი, მწერლები – გოგოლი და ბულგაკოვი უკრაინელები არიან. პირველი ვერტმფრენის – „სიკორსკის“, სატელიტის – „კოროლევის“ და თვითმფრინავის – „ტუპოლევის“ „საბჭოთა გამომგონებლები“ რეპრესირებული უკრაინელები იყვნენ.
საბჭოთა საკულტო სიმღერაც კი „აღსდექ, დიდო ქვეყანა“ (1941) არის უკრაინული „აღსდექ, ჩემო ხალხო“ (1919). მთელი რუსეთის ისტორია სხვისი ნამუშევრის ქურდობაა. გასაკვირი არ არის, რომ რუსული არმია იღებს საყოფაცხოვრებო ტექნიკას უკრაინელების სამზარეულოდან და აგზავნის სახლში. ეს არის „დიდი რუსული კულტურა,“ – წერს პოდოლიაკი.
The Russian artist Aivazovsky is actually Armenian Aivazian. Artist Malevich, writers Gogol and Bulgakov are Ukrainians. “Soviet” inventors of the first helicopter – Sikorsky, satellite – Korolev and plane – Tupolev were repressed Ukrainians. (1/2)
დღეს რუსეთმა ფრთოსანი რაკეტებით პირველად დაბომბა ოდესა – უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქალაქი. ბომბი საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. დაბომბვის შედეგად მინიმუმ ერთი ადამიანი დაიღუპა – კაცი საკუთარი საცხოვრებელი კომპლექსის ეზოში, მანქანაში იმყოფებოდა, რა დროსაც რაკეტა მოფრინდა და აფეთქდა.
ბათუმში, გოგებაშვილის #14-ში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ე.წ. ჩაის სახლის ჩაბეტონების სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე მყოფი პირის ინფორმაციით, დაშლილია შენობის ინტერიერის ნაწილი, შენარჩუნებულია ფასადი. ამ ეტაპზე მშენებელი დაშენების სამუშაოებს აწარმოებს.
ბათუმი, გოგებაშვილის #12
კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ინფორმაციით, ნებართვა გაცემულია, თუმცა ამ დროისთვის ვერ ვაზუსტებთ, მიმდინარეობს თუ არა სამუშაოები სააგენტოსთან შეთანხმებული პროექტის მიხედვით.
ძეგლს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონი იცავს და მისი ხელყოფა სისხლის სამართლის დანაშაულია.
ჩაის სახლის შენობის ნაწილი, 341 კვადრატული მეტრი, ბათუმის მერიამ 2019 წელს ელექტრონული აუქციონით გაყიდა, პირობა შენობაში სასტუმროს მოწყობა იყო. თავის დროზე ძეგლის გაყიდვაზე გადაწყვეტილება მერიამ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან შეათანხმა.
მერისთვის მიწერილი ოფიციალური წერილით ირკვევა, რომ სააგენტო წინააღმდეგი არ ყოფილა შენობა სასტუმროს მოწყობის პირობით გასხვისებულიყო იმ შემთხვევაში, თუ შემძენი სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტს სააგენტოს წარუდგენდა.
2015 წელს ჩატარებული კვლევის შემდეგ, შპს „გეოგრაფიკის“ დახასიათებით, შენობის მხატვრული იერ-სახე და ტექნიკური მდგომარეობა კარგი იყო და მოითხოვდა მხოლოდ გეგმურ მცირე რეაბილიტაციას. თუმცა კომპანია დადებითად არ აფასებდა მიმდებარედ პარკინგის მოწყობას, სასტუმროს მოწყობის შემდეგ კი ამ მხრივ, სავარაუდოდ, ბევრად რთული ვითარება შეიქმნება.
„ჩაის სახლის მდებარეობა ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ, ზღვისკენ ორიენტირებულ მაგისტრალზე სავსებით შეესაბამება მის საზოგადოებრივ დანიშნულებას. დატვირთვის თვალსაზრისით შენობის მდებარეობა მოხერხებულია, თუმცა პრობლემურია ავტოსადგომის მოწყობა“, – ნათქვამია „გეოგრაფიკის“ კვლევის ანგარიშში.
2012 წლამდე ეს შენობა ორსართულიანი იყო, შემდეგ კიდევ ორი სართული დააშენეს. მერიის ინფორმაციით, ქონება აუდიტმა 853 200 ლარად შეაფასა.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, შენობას რამდენიმე მესაკუთრე ჰყავს.
ქობულეთში, ფიჭვნარის სანაპიროზე მდებარე მიწის ნაკვეთი და ალამბარში – სასათბურე მეურნეობა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ გასაყიდად აუქციონზე ხელახლა გაიტანა.
ქონება ამჯერად, როგორც აუქციონშია აღნიშნული, 20-პროცენტიანი ფასდაკლებით იყიდება. პირობები ორივე შემთხვევაში იგივეა და განსხვავება მხოლოდ ვადებშია.
რაც შეეხება გასაყიდ ფასს:
ფიჭვნარის მიწის ნაკვეთის საწყისი გასაყიდი ფასი არ შეცვლილა და წინა, არშემდგარი აუქციონის მსგავსად 4 360 000 ლარია.
სასათბურე მეურნეობის საწყისი გასაყიდი ფასი კი, შემცირებულია და 1 816 000 ლარია [ნაცვლად 2 270 000 ლარისა].
ფიჭვნარში, პლაჟთან ახლოს მდებარე 11 235 კვ.მ ფართობის მიწა გასაყიდად სამინისტრომ აუქციონზე უკვე მეცხრედ გაიტანა. იმავე ფასად წინა ორ აუქციონზე ეს ნაკვეთი არ გაიყიდა – მონაწილეობა არავინ მიიღო.
აუქციონის ერთ-ერთი პირობით, ქონების შემძენი ვალდებულია „ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვის ვადაში მიიღოს საკუთრებაში გადაცემულ მიწის ნაკვეთზე განსათავსებელი მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობ(ებ)ის მშენებლობის ნებართვა; მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობა უნდა შეიცავდეს არანაკლებ 100-ნომრიან სასტუმროს, სპორტულ-გამაჯანსაღებელ ან/და სარეაბილიტაციო ცენტრს, არანაკლებ 60 ავტომანქანაზე გათვლილ ავტოსადგომს, სკვერს;
ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 თვის ვადაში კი, ქონების მყიდველმა აღნიშნულ პროექტში არანაკლებ 20 მილონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.“
ქობულეთში არსებული სასათბურე მეურნეობა, რომლის მრავალწლიანი იჯარით გაცემა აჭარის მთავრობამ რამდენჯერმე უშედეგოდ სცადა, წინა აუქციონზე 2 270 000 ლარად იყიდებოდა, თუმცა არც ეს აუქციონი შედგა.
განმეორებით გამოცხადებული აუქციონი 2022 წლის 10 მაისს დასრულდება.
სასათბურე მეურნეობის მყიდველის ვალდებულება იქნება „შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 3 თვის ვადაში, არსებული სათბურების, თავისი სასაწყობე მეურნეობით (აგროპარკი) ამოქმედება და აგროპარკის არსებული ინფრასტრუქტურის შენარჩუნება არანაკლებ საპრივატიზებო საფასურის გადახდამდე, სადაც დასაქმებულთა არანაკლებ 80% უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე“.
მყიდველი ასევე ვალდებული იქნება „საკუთრებაში გადაცემულ ქონებაზე დასაქმებულთა თანაფარდობა და სასოფლო-სამეურნეო პროფილი შეინარჩუნოს არანაკლებ 20 წლის ვადით. ასევე დასაშვებია სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებისათვის საჭირო [გადამუშავება, დაფასოება, შეფუთვა, შენახვა და ა.შ.] ნაგებობების განთავსება“.
აუქციონში გამარჯვებულმა, ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 წლის ვადაში, საკუთრებაში გადაცემულ უძრავ ქონებაზე არანაკლებ 500 000 ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.
უკრაინამ და რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე პერიოდში სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 23 აპრილამდე პერიოდში რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 21 600 ადამიანი
ტანკი – 854 ერთეული
ჯავშანტექნიკა / APV – 2 205 ერთეული
საარტილერიო სისტემა – 403 ერთეული
MLRS – 143 ერთეული
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 69 ერთეული
თვითმფრინავი – 177 ერთეული
ვერტმფრენი – 154 ერთეული
საავტომობილო მანქანა – 1 543 ერთეული
გემი/ნავი – 8 ერთეული
საწვავის ავზი – 76 ერთეული
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 182
სპეციალური აღჭურვილობა – 27
მობილური SRBM სისტემა – 4
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთიც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, 24 თებერვლიდან 23 აპრილამდე პერიოდში, სულ განადგურებულია უკრაინის:
141 თვითმფრინავი
110 ვერტმფრენი
538 უპილოტო საფრენი აპარატი
2 471 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
261 საზენიტო სარაკეტო სისტემა
274 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
1 075 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
2 311 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
“მიუხედავად გაზრდილი აქტივობისა, რუსეთის ძალებს ბოლო 24 საათის განმავლობაში მნიშვნელოვანი მიღწევები არ ჰქონიათ, რადგან უკრაინული [ძალების] კონტრშეტევები კვლავ აფერხებს მათ ძალისხმევას”, — ნათქვამია დიდი ბრიტანეთის თავდაცვის დაზვერვის მიერ 23 აპრილს გამოქვეყნებულ რელიზში.
23 აპრილის დილის მონაცემებით, საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ამავე პერიოდში ვირუსისგან 2 პაციენტი გარდაიცვალა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 87 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 36 შემთხვევა, აჭარა – 2, იმერეთი – 14, ქვემო ქართლი – 3, შიდა ქართლი – 3, გურია – 8, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 10, კახეთი – 7, მცხეთა-მთიანეთი -2, სამცხე-ჯავახეთი – 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.
stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, 23 აპრილის დილის მდგომარეობით საქართველოში კოვიდსტატისტიკა ასეთია:
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 1 654 163 , ბოლო 24 საათში – 87
მათ შორის გამოჯანმრთელებული – 1 635 550 , ბოლო 24 საათში – 259
მათ შორის გარდაცვლილი – 16 797 , ბოლო 24 საათში – 2
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 7 360, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 6 080, PCR ტესტით – 1 280
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 1,18%, ბოლო 14 დღის – 1,21%, ბოლო 7 დღის – 1,15%
გრძელვადიანი გადამოწმება-შეთანხმების პროცესის შემდეგ, ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ გენგეგმა ჩაიბარა, თუმცა დოკუმენტი საზოგადოებისთვის ჯერ კიდევ არ არის საჯარო. შესაბამისად არ ვიცით რა ცვლილებები შევიდა პირველად ვარიანტში. ამის შესახებ ბულვარის ადმინისტრაციას რაიმე სახის განმარტება არ გამოუქვეყნებია.
უკვე დასრულებული დოკუმენტი ბულვარის ადმინისტრაციამ მერიას, როგორც ქონების მესაკუთრეს უნდა გადაუგზავნოს, რომელიც თავის მხრივ ვალდებულია ის დასამტკიცებლად საკრებულოს წარუდგინოს.
ბათუმის საკრებულო შუალედური არჩევნების შემდეგაც პასიურ რეჟიმშია, სხდომები კვორუმის არარსებობის გამო არ იმართება. ვიდრე ეს საკითხი დარეგულირდება, მერიას შეუძლია, ისეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი, როგორიც არის ბულვარის გენგემა, საჯარო განხილვისთვის გამოაქვეყნოს.
ბულვარის გენგეგმასთან დაკავშირებული ჯგუფის წევრის, ნათია აფხაზავას ინფორმაციით დოკუმენტის დამტკიცების პროცედურა მოიცავს მისი საჯაროდ განხილვის აუცილებლობასაც.
„პროცესის დროში გაჭიანურების პარალელურად ისევ აქტუალური ხდება მეიჯარეების საკითხი, რომელთა ხელშეკრულებებსაც ვადები გაუვიდა. საინტერესოა, როგორ გადაწყვეტენ ამ საკითხს. თუ მერიამ უკვე არ დაიწყო მუშაობა ამ დოკუმენტებზე პროცესი ისევ გაიწელება. გაგრძელებული საიჯარო ხელშეკრულებების პირობებში გენგეგმის დამტკიცება არარელევანტური იქნება. მერიამ დრო უნდა გამოიყენოს, ვიდრე საკრებულოს ექნება შესაძლებლობა, რომ შეიკრიბოს. “ – ამბობს ნათია აფხაზავა.
ბულვარის განაშენიანების გეგმის მოსამზადებლად სახელმწიფომ ნახევარმილიონამდე ლარი დახარჯა. ბულვარის ადმინისტრაციამ დოკუმენტის შესყიდვაზე კონკურსი გამოაცხადა, დოკუმენტი კონკურსში გამარჯვებულმა კომპანიამ შპს „ბაუ დიზაინმა“ მოამზადა.
რა ქმნის სიცრუის, დამახინჯებული ისტორიის, ან გეოგრაფიის ეფექტს, რასაც რუსეთში აჩვენებენ ბავშვებს, ამჯერად უკვე პირველივე კლასიდან? – ეს სამივე რესპონდენტს ვკითხეთ, ვისაც თანამედროვე რუსულ ანიმაციურ ფილმებზე ვესაუბრეთ. მაგალითად, ერთ-ერთ ანიმაციაში რუსეთი ძალიან კეთილი ვანიაა, უკრაინელი „კოლია“ კი ჯერ ითხოვს მიკოლი დამიძახეთო, ხოლო შემდეგ ის ბიჭი, ამერიკის დროშებიანი მაისური რომ აცვია, აქეზებს სხვების ჩაგვრისკენ. რუს ვანიას ფილმში ამერიკელი პერსონაჟი მაშინ უწყრება, როცა უკრაინელ მიკოლს ხელკეტს ართმევს.
ინტერნეტსივრცეში ნახავთ სხვა ზღაპრებს და ანიმაციებს, სადაც ჩანს რუსეთის სტრატეგია – შეაყვაროს ომი ბავშვებს, უთხრას, რომ სინამდვილეში რუსეთი მხოლოდ „რუსულ მიწას“ იცავს.
მაგალითად, ერთ ასეთ ვიდეო კლიპში მოსწავლეები გეოგრაფიის გაკვეთილზე მღერიან: „დონეცკიდან კრემლამდე ეს ჩემი სამშობლოა“. მოსწავლეები მასწავლებელს აბარებენ გაკვეთილს „შეცვლილ გეოგრაფიაზე“, სადაც რუსეთ საზღვარი არ აქვს, როგორც ეს პუტინმა ერთ-ერთ მუსიკალურ შოუში უთხრა ბავშვს. მოსწავლეები სწრაფად ატრიალებენ ხელში გლობუსს. მასწავლებელი კმაყოფილია.
რა ჩანს ანიმაციური ფილმებიდან, რასაც დღეს რუსეთში უჩვენებენ ბავშვებს? – „ბათუმელები“ ამ თემაზე ესაუბრა ფსიქოლოგ მაია ცირამუას, კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილს და პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას. მათ, პირველ რიგში, ეს ანიმაციები საკუთარ ბავშვობას ახსენებს, როცა საბჭოთა პროპაგანდა ისევ ამერიკას აჩვენებდა, როგორც მტერს.
„რუსეთში განსაკუთრებით უყვართ ისტორიის გაყალბება“ – პოლიტოლოგი რუსულ ანიმაციებსა და ომზე, რომელსაც რუსეთში ბავშვებსაც აყვარებენ
„გეოპოლიტიკური ბოდვები“ – ასე ასათაურებს პოლიტოლოგი რუსეთის მცდელობებს, ბავშვებსაც თავს მოახვიოს რუსული პროპაგანდა და დააჯეროს, რომ რუსეთი სინამდვილეში კეთილია და მშვიდობას ამყარებს. კორნელი კაკაჩია მიიჩნევს, რომ რუსეთში განსაკუთრებულად უყვართ ისტორიის გაყალბება და ხშირად საზოგადოებას აქვს ამაზე მოთხოვნა.
„ფაქტია, რომ მუშაობს ეს გეოპოლიტიკური ბოდვები… მათ ისტორიულად გამოუმუშავდათ ეს ფსიქოლოგია. მოგეხსნებათ, რუსეთში ბევრგან სტეპებია და მტრისთვის წინაღობა რომ შეექმნათ, ძირითადად გარე ტერიტორიაზე აწყობდნენ თავდაცვით ზღუდეებს. მაგალითად, პირველი და მეორე მსოფლიო ომები ძირითადად ახლანდელი ბელარუსიისა და უკრაინის ტერიტორიაზე იწარმოებოდა, რუსეთის ცენტრალურ ტერიტორიაზე კი, ნაკლებად. მათი მიზანი ყოველთვის იყო, რომ ცენტრალურ რუსეთს საფრთხე არიდებოდა.
კორნელი კაკაჩია
ეს პროპაგანდისტული ხრიკები, რომელსაც დღეს კრემლი იყენებს, მიმართულია იმის ხაზგასასმელად, რომ თითქოს რუსებსა და უკრაინელებს შორის არავითარი განსხვავება არ არის და მესამე ძალის ბრალია, რომელიც სხვადასხვა ფორმით მათ დაახლოებას ხელს უშლის. ისინი დღეს ბავშვებსაც ამას უნერგავენ, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად დაკარგეს ისტორიული ტერიტორიები და სულაც არ აინტერესებთ, რომ იმ ტერიტორიაზე მანამდე ცხოვრობდა ხალხი, სახელმწიფოები არსებობდა. რუსეთი ისევ ამ შოვინისტური, იმპერიალისტური იდეოლოგიით ზრდის ახალ თაობებს,“ – მიიჩნევს კორნელი კაკაჩია.
პოლიტოლოგის დაკვირვებით, ამ კუთხით რუსეთი განსაკუთრებით მას შემდეგ გააქტიურდა, როცა პუტინის მომხრეებმაც კი იგრძნეს საერთაშორისო წნეხის გავლენა და მიხვდნენ, რომ ამ შემთხვევაში რუსეთი მშრალად ვერ გამოვა, როგორც სხვა დროს.
„მათ სურთ მორალური დილემის გადალახვაც, რადგან ახლა უკვე პუტინის მომხრეებსაც ვერ მოატყუებ, თუ ვინ დაიწყო ომი უკრაინაში და რატომ. რუსები საკუთარ თავს ხომ არ გამოუტყდებიან, რომ თავად ჩაიდინეს ეს და არაფრით განსხვავდებიან მათგან, ვინც მეორე მსოფლიო ომი დაიწყო. შესაბამისად, ისინი მოქმედებენ „გაღმა შეედავეს“ პრინციპით.
რა არის მიმზიდველი ამ მითებში, გაყალბებულ გეოგრაფიასა და ისტორიაში? – კორნელი კაკაჩია გვიზიარებს კიდევ ერთ შეხედულებას, რაც მას აფიქრებინებს, რომ რუსეთში არაფერი არც ახლო მომავალში შეიცვლება.
„ზოგადად, რუსული საზოგადოებას ახასიათებს ცენტრალური ხელისუფლების ნარატივის მიმღებლობა. რასაც მეფის რუსეთი ამბობდა, იმის სჯეროდათ, შემდეგ საბჭოთა ხელისუფლების სჯეროდათ და ასე მოვიდნენ აქამდე… ისტორიული ფაქტების მიჩქმალვა არის ჩვეულებრივი გასართობი საშუალება რუსული ელიტისთვის. გახსოვთ ხომ, პუტინმა საქართველოს ისტორიის საკუთარი ვერსიაც როგორ შეთხზა. ისინი ისტორიულ ფაქტებსაც კი ისე აყალბებენ, როგორც მოეჩვენებათ. პუტინს რა ვერსიაც აკმაყოფილებდა, ის მოყვა, ისტორიოგრაფიულ წყაროებს აქ არ აქვს მნიშვნელობა.
ეს არის ხელსაყრელი მითები, რომ საკუთარი აგრესიული გეოპოლიტიკური განზრახვები დამალონ. მეტ-ნაკლები წარმატებით ისინი ამას ახერხებენ კიდეც. ჯერჯერობით, რასაც კვლევები აჩვენებს, რუსები მზად არ არიან სიმართლეს თვალებში შეხედონ, თუმცა ომის დამთავრების შემდეგ დასჭირდებათ მათ გარკვეულწილად კონკრეტული საკითხების გააზრება და არავინ იცის, როგორ დასრულდება ეს პროცესი,“ – მიიჩნევს კორნელი კაკაჩია.
„ალყაშემორტყმული ციხესიმაგრის სინდრომი“ – პოლიტოლოგის აზრით, ამ კომპლექსით იმართება რუსეთი ამ დრომდე, რაც ანიმაციებშიც ჩანს.
„თითქოს ის ერთგვარი ციხესიმაგრეა, რომელსაც მთელი დანარჩენი სამყარო თავს ესხმის, მათი წმინდა მოვალეობა კი, მხოლოდ თავის დაცვაა, ისინი საერთოდ არ აჩვენებენ იმას, რომ პირიქით, თვითონ არიან დამპყრობლები. ეს სინდრომი დღემდეა აქტუალური რუსულ აზროვნებაში, განსაკუთრებით კი, პოლიტიკურ აზროვნებაში. ისინი თვლიან, რომ საქართველო [და ბალტიისპირეთის ქვეყნებიც კი], უტევს და საფრთხეს უქმნის მის არსებობას, მაგალითად იმით, რომ ნატოში უნდა შესვლა. ცდილობენ სიტუაციის ისე წარმოჩენას, რომ თითქოს ყველა მხრიდან ალყაში არიან,“ – ამბობს კორნელი კაკაჩია.
რუსულ საბავშვო ანიმაციებში რუს ვანიას კეთილი პერსონაჟის როლი აქვს. რატომ სჭირდება რუსეთს ეს როლი? – ესეც ვკითხეთ პოლიტოლოგს.
„მათ ჰგონიათ, რომ ეს არის მათი ისტორიული, მისიონერული მისია – აზიარონ ხალხები რუსულ ცივილიზაციას. რეალურად რუსეთში ხვდებიან, რომ დასავლეთთან შედარებით არ აქვთ ე.წ. „რბილი ძალა“ მეზობლებთან მიმართებაში, რაც რუსეთის მიმართ კეთილგანწყობას გამოიწვევდა, არც ეკონომიკაა განვითარებული, არც განათლების სისტემაა სანიმუშო… რუსეთს არ აქვს ეს „რბილი ძალა“ და იძულებულია ხისტი ძალით იმოქმედოს. ხისტი ძალით კი, მეზობლებს თავს ვერ შეაყვარებ, მით უფრო, ომით და ეთნიკური წმენდით,“ – მიიჩნევს კორნელი კაკაჩია.
რუსეთი ამ დრომდე ვერ ეგუება საბჭოთა კავშირის დაშლას, როცა ის აშშ-ის ერთგვარი საპირწონე იყო, განსაკუთრებით კი, „ცივი ომის“ დროს.
„რუსებს გამოჰყვათ კომპლექსი ამერიკაზე. პუტინის რეჟიმმა ვერ მოინელა ის, რომ საბჭოთა კავშირი დაიშალა. მათ უნდათ, აშშ-მ და დასავლეთმა აღიაროს რუსეთის იმპერია, როგორც აშშ-ის საპირწონე. მათ მიაჩნიათ, რომ ამერიკა რუსეთს თავს არც კი უყადრებს და, მაგალითად, აშშ-თვის ჩინეთი უფრო მნიშვნელოვანი სახელმწიფოა, ვიდრე რუსეთი, რომელიც რეალურად სუსტია.
ამ ომით და პოლიტიკით რუსეთი ცდილობს დაუმტკიცოს მთელ მსოფლიოს, რომ ისინი არიან რეალური მეტოქეები, რომ თითქოს თანაბარ დონეზე არიან და რუსეთი წარმოადგენს მსოფლიო პოლიტიკის დამოუკიდებელ პოლუსს,“ – გვითხრა კორნელი კაკაჩიამ.
კონფლიქტოლოგი: „მულტფილმებით ბავშვებს ვერ გააფუჭებენ, თუ მასობრივ ტერორზე არ გადავიდა რუსეთი“
„ბავშვს პროპაგანდით ვერ გააფუჭებ, ის მაშინ იჯერებს ამას, როცა სხვადასხვა გარიგება შემოდის მის ცხოვრებაში: დასაქმება, დაოჯახება და ასე შემდეგ. მხოლოდ მაშინ ფუჭდება, თუ მშობელიც იმავეს ეუბნება და ეშინია, რადგან ქვეყანაში ტერორია,“ – სკეპტიკურად უყურებს პოლიტიკური ანიმაციების და მულტფილმების ეფექტურობას კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი. მისი აზრით, ანიმაციები ბავშვებზე იმ შემთხვევაში „იმუშავებს“, თუკი ქვეყანაში მასობრივი ტერორი იქნება და რეპრესიები დაიწყება.
დღეს კი, პაატა ზაქარეიშვილს რუსული ანიმაციის პერსონაჟებმა ის კარიკატურები გაახსენა, ბავშვობაში ყველა გაზეთში რომ პოულობდა.
„ჩემს ბავშვობაშიც იყო სამიზნე ამერიკა. გაზეთს ვერ ნახავდი, რომ იქ რამე კარიკატურა ამ თემატიკაზე არ გეპოვა, მაგალითად, ამერიკელი როგორ არის გადამჯდარი დოლარს გამოსახულებიან ტომარაზე და მას საბჭოთა მუშა ხელს ურტყამს… არ მინახავს ვინმეს ექილიკოს ამერიკელზე. პირიქით, ყველაფერი ამერიკული მოგვწონდა,“ – იხსენებს პაატა ზაქარეიშვილი.
კონფლიქტოლოგის მოსაზრებით, ახალ-ახალი ზღაპრებით და ანიმაციებით, ან პუტინზე შესრულებული სიმღერებით არაფერი იცვლება, რადგან რუსეთში იმპერიალისტური აზროვნებაა ზოგადად, ეს არ შეცვლილი და არც არასდროს შეიცვლება, თუ რუსებმა ერთადერთი რამ არ იგრძნეს, რასაც ისინი ანგარიშს უწევენ – ფიზიკური ძალა.
„პროპაგანდა არ მუშაობს ბავშვების და ახალგაზრდების გარეშე, მაგრამ ამით უფროსები უფრო ამართლებენ საკუთარ ხელფასს… ახლა რუსეთში ავტომატურად ამუშავდა სისტემა, რომ აი, თითქოს კრიზისის დროს რაღაცას აკეთებენ, თორემ სკოლა, როგორც წესი, ვერ ხდება პროპაგანდის გამტარი, თუ ავტორიტარიზმს არ კვებავს შიში და რეპრესიები, რაც მუშაობდა, მაგალითად, სტალინის დროს. ჩემს ბავშვობაში კარიკატურებს ჩვენი მშობლებიც ღიმილით უყურებდნენ, მაგრამ ბაბუას და ბებიას თაობა ამაზე შიშით საუბრობდა, რადგან იცოდნენ, რაც იყო შიში. ასე რომ, ტერორის გარეშე პროპაგანდა ბავშვებისთვის ანეკდოტი ხდება მხოლოდ,“ – მიიჩნევს პაატა ზაქარეიშვილი.
პაატა ზაქარეიშვილი
პაატა ზაქარეიშვილის აზრით, საზოგადოებრივი აზრის მხარდაჭერა, რაც დღეს პუტინს აქვს რუსეთში, პროპაგანდაზე არ დგას. ამ ფაქტორზე გვესაუბრა კონფლიქტოლოგი იმის დასანახად, რომ პროპაგანდისტული ანიმაციური ფილმებიც უფრო მეორადი ფაქტორია და არა წამყვანი.
„…წარმოიდგინეთ, საბჭოთა წლებშიც კი, ჩვენ დახშულ „ამერიკულ ხმას“ ვიჭერდით და ამერიკა გვიყვარდა, ახლა კი, ათასი საშუალებაა, რომ რუსმა ბავშვებმა გაიგონ, რა ხდება… ბრეჟნევის პერიოდიც კი ამას ვერ უშველის… დღეს რაც ხდება, ეს არ არის ტერორი, რადგან ის ადამიანებს გაქცევის საშუალებას აძლევს, თუმცა ერთადერთი გამოსავალი პუტინს ეს დარჩა – რეპრესიები.
მხარდაჭერა, რომელიც აქვს პუტინს, არ დგას პროპაგანდაზე. იქ არის იმპერიალიზმი და ეს არსებობს ისედაც, ყოველგვარი პროპაგანდის გარეშეც, როგორც ჩვენთან, ნებისმიერი კულტურაში არსებობს რაღაც, რაც არსებობს ისედაც, ეს ქართული ნაციონალისტური ნარატივიც არსებობს ხომ პროპაგანდის გარეშე…
როცა ადამიანები დანაშაულში მონაწილეობენ, ამ დროს მათ სინდისს სძინავს. ნუ გვექნება ილუზია, რომ მათი სინდისი გაიღვიძებს. არსებობს ფსიქოლოგიური მუხრუჭი, როცა ადამიანებს ურჩევნიათ, რაღაც საერთოდ დაივიწყონ. გერმანიაში თავის დროზე ყველა ნაცისტური პარტიის წევრი იყო, მაგრამ ომის დასრულების შემდეგ, როცა იქ ამერიკელები შევიდნენ, ერთი კაციც ვერ იპოვეს – ყველა ამბობდა, სხვა იყოო, მე არაო.
დღეს საშუალო სტატისტიკური რუსი ვერ ხედავს აუცილებლობას, რომ უკრაინის თემა თავში გაატაროს. თქვენ უყურებთ მათ, როგორც ცივილიზებულ ადამიანებს, მაგრამ ისინი სულ სხვა ჯიშის ადამიანები არიან, ღარიბები არიან, უამრავი საქმე აქვთ და არ უნდათ, რომ უკრაინა იყოს კიდევ დამატებით პრობლემა.
მულტფილმი და ანიმაცია ამ დროს მხოლოდ ბიუროკრატიის საქმეა, რომ რაღაც დაიბრალონ, საქმე გავაკეთოო. მერწმუნეთ, ამ ანიმაციებზე გაზრდილი ბავშვები სხვა რუსეთში იცხოვრებენ. ეს არის უფროსების აქტივობა. ნახავთ, რომ ამ თაობის ბავშვებს ვერ მოწამლავენ ისე, როგორც დღევანდელ თაობას, რადგან დემოკრატია მაინც იმუშავებს,“ – გვიყვება პაატა ზაქარეიშვილი.
„სიახლეებს უნდა ველოდოთ, რუსებს აფხიზლებს ძალა,“ – რუსულ ანიმაციებზე და ბავშვებთან პროპაგანდისტულად მუშაობაზე საუბრისას საკუთარი ოპტიმისტური პროგნოზიც გაგვანდო კონფლიქტოლოგმა. მას მოლოდინი აქვს, რომ უკრაინა ამ ომში გაიმარჯვებს, თუმცა დონეცკი-ლუგანსკიდან, ისევე, როგორც ყირიმიდან რუსული ჯარი არ გავა. პაატა ზაქარეიშვილი არ გამორიცხავს, რომ ამ დროს უკვე განსაკუთრებული ეფექტი ფინანსურ სანქციებს ექნება, რომელსაც დასავლეთი რუსეთს არ მოუხსნის, ვიდრე პუტინის რეჟიმი არ შეიცვლება.
„ჩემი აზრით, პუტინიც იყო ილუზიების ქვეშ და ახლა მოვიდა გონს, როცა ეს ძალა იგრძნო. დაიჯერა, რომ უკრაინა მართლაც არ ყოფილა მითიური სახელმწიფო, როგორც ამას ეუბნებოდნენ თავისი ისტორიკოსები, სოციოლოგები, ექსპერტები და ასე შემდეგ. იგრძნო, რომ უკრაინას ასე ვერ დაამარცხებ. ძალა ახლა იგრძნო პუტინმა და, შესაბამისად, ახლა იწყება რეალური პოლიტიკა.
პუტინი არ წავა არჩევნებით, მას გაუშვებენ, როგორც ელცინი და ხრუშჩოვი გაუშვეს. მოვა ახალი ლიდერი, რომელსაც ექნება დასავლეთთან ურთიერთობის გამოცდილება, შესაძლოა ყოფილი ელჩიც იყოს, ნავალნის გამოუშვებს ციხიდან და იქნება არჩევნები. დასავლეთს აუცილებლად ექნება მოთხოვნა, რომ რუსებმა თავისი ჯარები გაიყვანოს ყველა დაკავებული ტერიტორიიდან, მათ შორის, საქართველოდან…
ჩემი აზრით, სწორედ ელიტა მიხვდება რუსეთში, რომ სიტუაცია უნდა შეიცვალოს, მათ არ აწყობთ დაშლილი რუსეთი,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ პაატა ზაქარეიშვილმა.
ფსიქოლოგის დასკვნა: „ხვალ ეს ბავშვები იმავეს გააკეთებენ, რასაც დღეს აკეთებენ რუსი ჯარისკაცები…“
„ეს არის ტიპური მოძალადის ბუნება,“ – მოძალადის ფსიქოლოგიური პორტრეტი ახსენდება რუსულ ანიმაციებზე საუბრის დაწყებისთანავე ფსიქოლოგ მაია ცირამუას, რომელსაც ვთხოვეთ ეთქვა: რა ფსიქოლოგიურ მოცემულობაშია რუსეთი, რომელიც ცდილობს, ბავშვებსაც შეაყვაროს ომი – „მოძალადეს არასდროს აქვს პასუხისმგებლობა საკუთარ ქმედებაზე, არ შეუძლია განიცადოს მსხვერპლის ტკივილი, მისთვის დამნაშავე ყოველთვის არის სხვა, ასეა ამ ანიმაციებშიც, დამნაშავე არის სხვა სახელმწიფო…“
ფსიქოლოგ მაია ცირამუას თქმით, „მოძალადე მუდმივად ცდილობს წარმოაჩინოს, რომ მასთან ტყუის მთელი დანარჩენი სამყარო და თვითონ, როგორც ექცევა მსხვერპლს, ეს არის წმინდათა წმინდა. მოძალადე ცდილობს ისე წარმოაჩინოს, თითქოს თავად არის მსხვერპლი, რომ ვერ დაინახეს, არ დააფასეს მისი სიკეთე… ერთგვარად ფსიქოპათიური მორალი ყალიბდება, როცა ადამიანს ხელი არც აუკანკალდება და ე.წ. მტრის ხატში ვინც შედის, ნებისმიერი შეიძლება გაანადგუროს.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ის ბავშვები, რომლებიც ახლა ამას ისმენენ, ხვალ მოიქცევიან ისე, როგორც დღეს იქცევიან რუსი ჯარისკაცები უკრაინაში“.
ამ აღწერის შემდეგ ფსიქოლოგი საქართველოში პრორუსულ ულტრამემარჯვენე ჯგუფების ძალადობასაც იხსენებს იმის საილუსტრაციოდ, რომ მოძალადის ქცევა იგივეობრივია:
„მთავარია, რომ მოძალადე ემპათიისგან დაიცალოს, რომ არავითარი თანაგრძნობის უნარი არ დარჩეს… ულტრამემარჯვენე ჯგუფებსაც აქვთ ეს გამოგონილი, ფანტომური იდეა, როგორც ამ ანიმაციურ ფილმებშია, მაგალითად, თითქოს ამერიკის წაქეზებით ჩაგრავს თანატოლებს უკრაინელი ბავშვი და ამ ულტრამემარჯვენე ჯგუფებსაც აქვთ მტრის ხატი, ის ყველა ძალადობრივ მეთოდს გამოიყენებს, რომ ობიექტი გაანადგუროს. ეს ძალიან საშიში ტენდენციაა“.
მაია ცირამუა, ფსიქოლოგი
რატომ ხდება, რომ რუსეთში თაობები იცვლება, იმპერიალისტური სულისკვეთება კი უცვლელია? – მაია ცირამუა მიიჩნევს, რომ „შიშსა და ტყუილზე დგას ეს სისტემა“. ფსიქოლოგი რამდენიმე შემთხვევას იხსენებს, როცა რუსეთში აქციაზე ბავშვებიც დააკავეს, ან ადამიანები ცარიელი, სუფთა ფურცლებით ხელში.
„სისტემა დევნის ყველას, ვინც განსხვავებულია… გარდა ამისა, მუშაობს კიდევ ერთი ფაქტორი – თითოეული ჩვენგანი გარკვეულწილად ნარცისულია, ყველას გვინდა, რომ კარგი ადამიანები ვიყოთ,“ – შენიშნავს ფსიქოლოგი და ანიმაციური ფილმების სულისკვეთებას უსვამს ხაზს – თითქოს რუსეთი სინამდვილეში სიკეთეს სჩადის.
„როცა ხვდები, რომ ძალადობ და, მაგალითად, სხვის ტერიტორიაზე იჭრები, ზოგჯერ აანალიზებ ამას და აღარ მოგწონს. გავრცელდა კადრები რუსი ჯარისკაცების, რომლებიც ამბობდნენ, გვეგონა, ყვავილებით დაგვხვდებოდნენ უკრაინაშიო, ანუ ისინი პროპაგანდას ჰყავდა დამუშავებული, რომ მათ უნდა ეხსნათ ადამიანები ფაშიზმისგან. შესაბამისად, პროპაგანდის მუდმივი ამოცანაა იმის ჩვენება, რომ სინამდვილეში მოძალადე სიკეთეს აკეთებს, წმინდათა წმინდა იდეას ემსახურება და ადამიანებს ათავისუფლებს.
ეს არის უდიდესი ტრაგედია ერისთვის, რომელსაც „აჭმევენ“ ამ პროპაგანდას,“ – აღნიშნა მაია ცირამუამ.
ფსიქოლოგის დაკვირვებით, რუსულ იმპერიალისტურ ცნობიერებაში არაფერი იცვლება. პაატა ზაქარეიშვილის მსგავსად, მაია ცირამუასაც ბავშვების სიმღერები პუტინსა თუ დამახინჯებულ გეოგრაფიაზე საკუთარ ბავშვობას ახსენებს.
„ჩვენც გვყავდა წარმოსახვითი ბელადი, რომელიც იყო თითქოს ყველაზე ძლიერი, სიკეთით სავსე, ჩვენც გვაშინებდნენ ნატო-თი და კაპიტალიზმით, გვეუბნებოდნენ, რომ ეს ძალიან საშიშია. ზუსტად იგივე გრძელდება ახლაც – ეს არის პროპაგანდისტული მანქანა, რომელიც ღრმად შეჭრილია საგანმანათლებლო სივრცეში. თუმცა, ეს ბევრად საშიშია იმისგან, რაც ჩემს ბავშვობაში იყო. იმ დროს არავის ეშინოდა იმის, რომ დააპატიმრებდნენ.
თაობები გაიზარდა ამ იდეოლოგიით და ასე გაიზრდებიან კიდეც, თუ არ შეიცვლება რუსეთი. ეს იდეოლოგია ამოზრდილია რუსეთისთვის ტრავმულ მოვლენაზე, როგორიც იყო საბჭოთა კავშირის დაშლა და მტრის ხატი შემოიტანეს…
დღეს ძალიან ნათელია რა არის სიკეთე და რა – ბოროტება. დღეს ღირებულებების ომია. თუ გაიმარჯვებს დამოუკიდებლობის და თავისუფლების იდეა, მჯერა, ეს დიდ გარღვევას მოახდენს რუსეთშიც,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ ფსიქოლოგმა მაია ცირამუამ.
___
ანია მალინოვსკაია უკრაინიდან ბათუმში ორ აპრილს ჩამოვიდა, ქვეყანაში რუსეთის შეჭრიდან მალევე. ანია იშვიათი გამონაკლისია, მან ბათუმში ჩამოსვლისთანავე იპოვა სამსახური.
ანია პარიკმახერია, სილამაზის სალონში ადგილი დაიქირავა და ახლა მსურველებს ბათუმში თმებს კრეჭს.
„გამიმართლა, რომ მოქნილი პროფესია მაქვს, ყველა ქვეყანაში გამოსადეგი. ბათუმში დამხვდნენ ყურადღებიანი თანამშრომლები, მიმიღეს ძალიან თბილად და საერთოდაც, აშკარაა, რომ უკრაინელებს საქართველოში ძალიან კარგად ხვდებიან.
მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენი ცხოვრება აქ ყოველდღიური დარდია. ჩვენი ფიქრები უკრაინაშია ახლა. იქ დავტოვეთ დედა, რომელიც ყოველ ღამეს სარდაფში ათენებს.
ჩვენმა 61 წლის დედამ სლავიანსკიდან გამოსვლა ვერ მოახერხა. საევაკუაციო ავტობუსებსაც ესროდნენ არაერთხელ და შეეშინდა, ვერ გარისკა. სახლში მარტო დარჩენა არჩია“ – გვეუბნება ანია.
ანიას სლავიანსკში დარჩენის შეეშინდა. დასთან და 5 წლის შვილთან ერთად პოლონეთში გადაფრინდა, პოლონეთიდან – ქუთაისში, ქუთაისიდან კი ბათუმში ჩავიდა, სადაც მეგობრები ელოდებოდნენ. ანია ამბობს, რომ სწორედ მეგობრები დაეხმარნენ სამსახურისა და ბინის პოვნაში.
ანიასთან და მის დასთან ბათუმში დეიდაც ჩამოვიდა დონეცკიდან. ახლა ანია ბათუმში 5 წლის შვილისთვის ბაღს ეძებს, სამსახურს ეძებს მისი დაც.
ანია მარტივად გაერკვა, თუ როგორ უნდა მოეზიდა თმის შეკრეჭის მსურველები, დიდი ფეისბუქგვერდები დაძებნა ბათუმში და აქ მყოფ უკრაინელებსა და ბელორუსებშიც გაავრცელა ინფორმაცია, რომ სტილისტის მომსახურების გაწევა შეუძლია. ახლა მისი მომხმარებლები ბათუმში ძირითადად უკრაინელები და ბელორუსები არიან. ეცნობიან ანიას რეზიუმეს და სალონში ეწერებიან.
„350 დოლარად ვიქირავეთ ბათუმში ბინა, ჩვენს მეზობლად 800 დოლარის გადახდაც უწევთ თვეში უკრაინელებს და ბინის ფასები კიდევ უფრო გაიზრდება ზაფხულშიო, შიშობენ აქ. არ ვიცი, როგორ ვიქნებით.
საქართველოში ძალიან მცირეა ხელფასი, ჩვენთან, უკრაინაში 4-5-ჯერ მეტს უხდიან დასაქმებულებს. მაღაზიაში კი პროდუქტი საქართველოში შესამჩნევად ძვირია უკრაინასთან შედარებით“ – ამბობს ანია.
ანია გვიყვება რომ, სლავიანსკში, სადაც ახლა დედამისი ყოველ ღამეს სახლის სარდაფში ათევს, სროლებია, დაიწყეს სახლების დაზიანებაც, ქალაქი მოსახლეობის დიდმა ნაწილმა დატოვა და ქუჩაში გასვლისგან ყველა თავს იკავებს. ჩანან მხოლოდ სამხედროები და საბრძოლო მზადყოფნაა.
ანიას ახლა ბათუმში ახალჩამოსული უკრაინელებიც უყვებიან ამბებს:
„ერთი კლიენტი მყავდა რამდენიმე დღის წინ, ქალი მელიტოპოლიდან, მითხრა ძლივს გამოვიქეცით, მაროდიორები ყველაფერს ძარცვავენ და ყველგან შედიანო.
დედა ამბობს, რომ ყველაზე საშინელი პერიოდი ღამეა: როცა ისვრიან, მაგრამ ვერ ხვდები საიდან ისვრიან, რას ისვრიან და საიდან მოდის საფრთხეო. დედას უკვე დიდი ხანია სძინავს სარდაფში, არ ვიცით ეს რამდენ ხანს გაგრძელდება, ან ომი როდემდე გაგრძელდება საერთოდ?
ეს ომი უკრაინელი ხალხის გენოციდია, ენით აღუწერელი საშინელება. ისიც კი არ ვიცით დავბრუნდებით კი საკუთარ ქვეყანაში, ან როცა დავბრუნდებით დაგვხვდება იქ ჩვენი სახლები? რომ არ დაგვხვდეს რა უნდა ვქნათ, სად უნდა წავიდეთ? ძალიან გვენატრება სახლი. ჩვენ აქ დასასვენებლად არ ჩამოვსულვართ.
ჯერ დგას ჩვენი სახლები, ვლოცულობთ რომ ადგილზე დაგვხვდეს როცა უკრაინაში დავბრუნდებით“ – ამბობს ანია.
დღეს, 22 აპრილს, დედამიწის დღე აღინიშნება. ცხადია, წელსაც ყველა გარემოსდამცველი ორგანიზაციისა და კამპანიის მთავარი აქცენტი, პლანეტის ყველაზე დიდი გამოწვევა – კლიმატის ცვლილებაა.
გაეროს ცნობით, დედამიწა ახლა დაახლოებით 1,1°C-ით უფრო თბილია, ვიდრე 1800-იან წლებში, ინდუსტრიულ რევოლუციამდე იყო. „ჩვენ არ ვასრულებთ პარიზის შეთანხმებას, რათა შევინარჩუნოთ გლობალური ტემპერატურა არაუმეტეს 1.5°C-ისა. ეს ითვლება ზედა ზღვრად კლიმატის ცვლილების ყველაზე უარესი შედეგების თავიდან ასაცილებლად“, – წერს გაერო.
კლიმატის ცვლილების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ადამიანის საქმიანობაა, რომელიც იწვევს სათბურის გაზების გადაჭარბებული რაოდენობით გამოყოფას ჩვენს ატმოსფეროში. ბუნების მსოფლიო ფონდის განმარტებით, ეს საქმიანობები მოიცავს კაცობრიობის მიერ წიაღისეული საწვავის ჭარბ გამოყენებას – როგორიცაა ქვანახშირი, ნავთობი და გაზი ელექტროენერგიის წარმოებისთვის, ავტომობილებისა და სხვა ტრანსპორტის მართვისთვის, ასევე ენერგიის წარმოებისა და მრეწველობისთვის;
ტყეების განადგურება – იმიტომ, რომ ცოცხალი ხეები შთანთქავენ და ინახავენ ნახშირორჟანგს. ასევე, მზარდი ინტენსიური სოფლის მეურნეობა – რომლის შედეგადაც გამოიყოფა ისეთი სათბურის გაზები, როგორიცაა მეთანი და აზოტის ოქსიდი.
ბოლო პერიოდში გარემოსდამცველი ორგანიზაციები ყურადღებას ამახვილებენ ომის წვლილზე კლიმატის კრიზისის გაღრმავებაში. ორგანიზაცია Global Citizen-ი წერს, რომ რუსეთის შეჭრამ უკრაინაში გამოიწვია არა მარტო ადამიანების დაღუპვა და ტანჯვა, წარმოშვა ლტოლვილები და მზარდი გლობალური სასურსათო კრიზისი, კონფლიქტმა ასევე დიდი ზიანი მიაყენა უკრაინის ბუნებრივ გარემოს, რადგან ომი ანადგურებს ბიომრავალფეროვნებას და ხელს უწყობს კლიმატის კრიზისს.
ომის გარემოზე ზემოქმედება ბევრად უფრო მყისიერია, ვიდრე სათბურის გაზები, რომლებიც ათბობენ ატმოსფეროს – Global Citizen.
ორგანიზაციის ცნობით, უფლებადამცველებმა უკრაინაში დააფიქსირეს ასობით გარემოსდაცვითი დანაშაული. „ეს დანაშაულებები მოიცავს თავდასხმებს სამრეწველო ობიექტებზე, რომლებიც აბინძურებენ მიწისქვეშა წყლებსა და ჰაერს, ასევე მოიცავს ველური ბუნების თავშესაფრებისა და სხვა მნიშვნელოვანი ეკოსისტემების განზრახ დაბომბვას“.
3 ძირითადი ფაქტი იმის შესახებ, თუ როგორ მოქმედებს ომი კლიმატის კრიზისზე და გარემოზე:
სამხედროები მოიხმარენ წიაღისეული საწვავის უზარმაზარ რაოდენობას, რაც უშუალოდ უწყობს ხელს გლობალურ დათბობას. მაგალითად, აშშ-ს არმია ქვეყანა რომ ყოფილიყო, ის იქნებოდა 47-ე ადგილზე ყველაზე მაღალი ემისიებით მსოფლიოში.
დაბომბვა და თანამედროვე ომის სხვა მეთოდები პირდაპირ აზიანებს ველურ ბუნებას და ბიომრავალფეროვნებას. კონფლიქტის თანმხლებმა დაზიანებამ შეიძლება მოკლას დიდი ცხოველების 90% ამ ტერიტორიაზე.
ომით გამოწვეული დაბინძურება აბინძურებს წყალსატევებს, ნიადაგსა და ჰაერს, რაც ადამიანის ცხოვრებისთვის საშიშ გარემოს ქმნის.
გაერო მიიჩნევს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომით გამოწვეული გარემოზე ზემოქმედება – დაბომბვის, ნავთობის/გაზის გაჟონვის, ქიმიურ ქარხნებში ან ატომურ ქარხნებში მომხდარი ინციდენტების შედეგად, უმთავრესი შეშფოთებაა როგორც უკრაინის, ისე ევროკავშირის მოსახლეობისთვის;
ევროპის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტი გასულ თვეში მიღებულ რეზოლუციაში წერს, რომ ევროკავშირმა უნდა დაიცვას და აღადგინოს გარემო ომით მიყენებული ზიანისგან, ასევე დააწესოს სანქციები გარემოს მიმართ ჩადენილი დანაშაულებისთვის, რადგან მათ აუცილებლად ექნებათ ხანგრძლივი შედეგები;
Google წელს, დედამიწის დღეს, ტრადიციული, ყოველწლიური Doodle-თ გამოეხმაურა და ისიც, კლიმატის ცვლილებაზე ამახვილებს ყურადღებას, კერძოდ Google Earth Timelapse და სხვა წყაროებიდან რეალური დროის გამოსახულებების გამოყენებით, პლანეტის ოთხ სხვადასხვა ლოკაციაზე აჩვენებს კლიმატის ცვლილების გავლენას.
მყინვარის უკან დახევა კილიმანჯაროს მწვერვალზე:
სურათები გადაღებულია ყოველი წლის დეკემბერში 1986 წლიდან 2020 წლამდე. მთა კილიმანჯარო | ტანზანია, აფრიკა
მყინვარის უკან დახევა გრენლანდიაში:
სურათები გადაღებულია ყოველი წლის დეკემბერში 2000 წლიდან 2020 წლამდე. სერმერსუკი | გრენლანდია
მარჯნის გაუფერულება ლიზარდ კუნძულზე, ავსტრალია:
სურათები გადაღებულია ყოველთვიურად 2016 წლის მარტიდან მაისამდე. წყარო ოკეანის სააგენტო.
ტყეები, რომლებიც გაანადგურეს ქერქიჭამია ხოჭოებმა ტემპერატურის მატებისა და ძლიერი გვალვის გამო:
ჰარცის ტყეები | უბედურება, გერმანია. სურათები გადაღებულია ყოველი წლის დეკემბერში 1995 წლიდან 2020 წლამდე
მთავარ ფოტოზე: უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე 2022 წლის 17 მარტს, კიევის გარეუბანში მომხდარი აფეთქების შემდეგ საწყობში გაჩენილი ხანძრის ფონზე. ფოტო: ვადიმ გირდა / AP Vadim Ghirda / AP
ბათუმის მერიასა და აჭარის მთავრობაში ვერ ამბობენ, აღადგენენ თუ არა პრომინადს ბათუმის ახალ ბულვარში ზაფხულის სეზონის დაწყებამდე. ამ ეტაპზე თებერვალში ჩამონგრეული პრომინადს იკვლევენ, რაც კომპანია „ქოსთ დიზაინმა“ აპრილის ბოლოს, ანუ რამდენიმე დღეში უნდა დაასრულოს. ამავე კომპანიამ სანაპიროს აღდგენის ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაცია უნდა მოამზადოს.
ეს აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს მიერ „ბათუმელებისთვის“ მოწოდებული საჯარო ინფორმაციიდან ირკვევა.
შტორმმა ბათუმის ახალი ბულვარი რამდენჯერმე დააზიანა, მათ შორის, 2022 წლის 5 თებერვალს, როცა ზღვამ სანაპიროს ნაწილი წაიღო. ამ დრომდე შემოღობილია პრომინადის ჩამონგრეული ნაწილი და ფეხით მოსიარულეები ველობილიკის სავალ ნაწილს იყენებენ. ექსპერტების თქმით, ზღვისგან სანაპიროს მიტაცების პროცესი გაგრძელდება, თუკი ინერტულ მასალას ზღვაში პერიოდულად არ ჩაყრიან. ბათუმის სანაპიროზე, ზღვაში ინერტული მასალა წლებია არ ჩაუყრიათ.
აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს მიერ „ბათუმელებისთვის“ მოწოდებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, 2 მარტს დაავალა აჭარის მთავრობამ ამ უწყებას შტორმის შედეგების აღმოფხვრის მიზნით „სანაპირო ზოლის ხელოვნური კვების სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვასთან დაკავშირებით მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება.“
სამმართველოდან ასევე გამოგვიგზავნეს თორნიკე რიჟვაძის მიერ 7 მარტს ხელმოწერილი ბრძანება, რომლის მიხედვითაც „…გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს ქალაქ ბათუმში, შავი ზღვის სანაპირო ზოლის ქალაქ ბათუმის გამწმენდი ნაგებობის მოპირდაპირედ, ასევე, აეროპორტის ასაფრენი ბილიკის და ე.წ. ახალი ბულვარის მიმდებარე მონაკვეთზე სანაპირო ზოლის ხელოვნური კვების სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების შესყიდვის მიზნით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გამოეყო 19 700 ლარი“.
გამარტივებული შესყიდვის ფორმით, სამმართველომ ხელშეკრულება „ქოსთ დიზაინს“ გაუფორმა 2022 წლის 22 მარტს. ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიამ 40 დღეში უნდა დაასრულოს სანაპიროს კონკრეტული უბნის სკრინინგი და ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაცია მოამზადოს.
„ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს ქალაქ ბათუმში შავი ზღვის სანაპირო ზოლის ქალაქ ბათუმის გამწმენდი ნაგებობის მოპირდაპირედ, ასევე, აეროპორტის ასაფრენი ბილიკის და ე.წ. ახალი ბულვარის მიმდებარე მონაკვეთზე პლაჟის ხელოვნური კვების სამუშაოების (პლაჟის გასამაგრებელი სამუშაოების) საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურება.
„ქოსთ დიზაინი“ ამოცანაა ტექნიკური დავალების მიხედვით მომზადდეს ქალაქ ბათუმში შავი ზღვის სანაპირო ზოლის ქალაქ ბათუმის გამწმენდი ნაგებობის მოპირდაპირედ, ასევე, აეროპორტის ასაფრენი ბილიკის და ე.წ. ახალი ბულვარის მიმდებარე მონაკვეთზე პლაჟის ხელოვნური კვების სამუშაოების (პლაჟის გასამაგრებელი სამუშაოების) საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია“.
ვინ ჩაიბარებს შესრულებულ სამუშაოებს და ვინ მუშაობს სახელმწიფოს მხრიდან ბათუმის სანაპიროს აღდგენაზე? – „ჰიდროტექნიკოსი, ოკეანოლოგი, ჰიდროლოგი, გეოდეზისტი, ხარჯთაღმრიცხველი, სკრინინგის სპეციალისტი…“ – მოგვწერეს აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოდან. ბათუმის მერიის მსგავსად, არც ამ უწყებაში დაგვიკონკრეტეს სპეციალისტების ვინაობა.
პოლიტიკურ განტოლებაში სად არის სინდისის და პრაგმატიზმის ადგილი, რა პოზიცია უნდა ჰქონდეს საზოგადოებას, როცა ხედავს, რომ ქვეყანა არასწორ ორბიტაზეა და ამის გამო მას შავი ხვრელი შთანთქმით ემუქრება? – ფიზიკოსი გია დვალი „ბათუმელებს“ ესაუბრება თანამედროვე საქართველოს არჩევანზე.
ბატონო გია, საქართველოში დიდი ვნებათაღელვაა იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანა შეიძლება აღმოჩნდეს რკინის ფარდის მიღმა, ანუ რუსეთის ორბიტაზე და ამაში თავის წვლილი შეაქვს ქვეყნის ხელისუფლებას, თავისი პრაქტიკული თუ ვერბალური ქცევებით, იქნება ეს „გვამების შემოდების“ რიტორიკა თუ უკრაინის მთავრობის ქართველი წევრების გათავისუფლების მოთხოვნა. რა უნდა გააკეთონ ამ ქვეყნის მოქალაქეებმა, რომ მართლა არ აღმოჩნდეს ქვეყანა რკინის ფარდის მიღმა? მოქალაქეების როლს სად ხედავთ?
ვინაიდან ეს არის მთავარი და გადამწყვეტი კითხვა დღეს საქართველოსთვის, მოდით ასე გავშალოთ – რა არის რეალობა და შემდეგ რა შეიძლება საქართველოს საზოგადოებამ გააკეთოს იმისთვის, რომ გადარჩეს.
რეალობა შემდეგია – ის ორბიტა, რაზეც ქვეყანა, ასე ვთქვათ, მეთოდურად შესვა საქართველოს მთავრობამ, არის დამღუპველი. ეს ორბიტა არის დამღუპველი.
მზის სისტემის ანალოგია რომ წარმოიდგინოთ. არის ორბიტები, სადაც სიცოცხლე არსებობს და კომფორტულია. ეს არის ევროკავშირი და დასავლეთის ცივილიზაცია. არის ორბიტები, სადაც სიცოცხლე არის შესაძლებელი, მაგრამ – არაკომფორტული და შემდეგ არის დამღუპველი ორბიტები. ამ ორბიტაზე ჩვენთან ერთად ტრიალებს შავი ხვრელი. ანალოგია რომ ავიღოთ, რუსეთი, ფაქტობრივად, არის შავი ხვრელი. მთელი ჩვენი ამოცანა არის ის, თუ საით მივყავართ ამ ორბიტას.
ომამდე არსებობდა ლეგიტიმური ილუზია [მე არ ვიზიარებ ამ მიდგომას], მაგრამ ბევრი ადამიანი ამას იზიარებდა და იზიარებს, რომ არსებობდა ისეთი ორბიტა, რომელსაც მთლად არ გადაყლაპავდა შავი ხვრელი. [რუსეთთან] რაღაც ოპტიმალურ მანძილზე ვიარსებებდით. რატომ? ომამდე სხვა რეალობა იყო. პერსპექტივა ჩვენი ევროკავშირში მიღების ძალიან შორეული იყო, ასევე ნატოში და ა.შ.
არავინ რუსეთს არ უპირისპირდებოდა ღიად და, შესაბამისად, ამ აზრს ჰქონდა ლეგიტიმური არსებობის უფლება – „რა ვქნათ, თავს ზემოთ ძალა არაა. იქ [ევროკავშირსა და ნატოში] არ გვიღებენ, ამიტომ ვიყოთ ამ რუსეთის ორბიტაზე“.
მაგრამ ეს ყველაფერი მოისპო ომის შემდეგ. აღარ არსებობს ეს ორბიტა. მოხდა ჯახი, კოსმიური ჯახი, რის შედეგადაც ჩვენი ორბიტა ცალსახად მიდის ამ შავი ხვრელისკენ, ეს შავი ხვრელი გადაგვყლაპავს.
ის რეალობა, რომელიც თითქოს მანამდე არსებობდა, რაღაც ორბიტა, სადაც ჩვენ შეგვეძლო გავჩერებულიყავით, ახლა აღარ არის. ამ ორბიტაზე დამჯდარი საქართველო ვერანაირად ვერ შედგება, როგორც მინიმალური დემოკრატიის ქვეყანაც კი. ამისათვის საკმარისია დააკვირდეთ და იცოდეთ რუსეთში რა ხდება. საკონცენტრაციო ბანაკებს აშენებენ, ფილტრაციის ბანაკებს. თვალნათლივ ჩანს ეს ქვეყანა საით მიექანება. უკვე სამხედრო ცენზურა მოქმედებს ქვეყანაში.
ეს რკინის ფარდა იმას ნიშნავს, რომ შავი ხვრელი გადაგვყლაპავს. დღეს ერთადერთი გამოსავალი არის, რომ ამ ორბიტას მოვშორდეთ.
დრო გვაქვს შეზღუდული. ევროკავშირმაც და დასავლეთმაც გააცნობიერა, ისინი ხედავენ, რომ მართლაც მოხდა ეს კოსმოსური დაჯახება, ჩვენი ორბიტა ცალსახად მიექანება იმისაკენ, რომ შავმა ხვრელმა გადაგვყლაპოს. შესაბამისად, მათ გადმოგვიგდეს მაშველი რგოლი, რომელიც მივიღეთ EU კითხვარის სახით.
ევროპაც ხვდება და დასავლეთიც, რომ თუ ასე მიგვატოვეს, ჩვენ ვართ დაღუპულები, ჩვენი ქვეყანა არის განწირული.
ეს არ გავიგოთ ისე, რომ აი, დღეს ერთი მაშველი რგოლი გადმოგვიგდეს, ჩვენ თუ მას ხელს არ მოვკიდებთ, ხვალ კიდევ გადმოგვიგდებენ და ა.შ.
ჩვენი ქვეყანა დააყენეს რაღაც შუალედური გამოცდის წინ. ამიტომ დღეს უმნიშვნელოვანესია, ქვეყანამ ღირსეულად შეავსოს ეს კითხვარი და ღირსეულად ჩააბაროს ეს გამოცდა. ეს მთავრობა თავის ნებაზე მიშვებული ამ გამოცდას ვერ ჩააბარებს, ან არ ჩააბარებს.
ძალიან ცოტა დრო გვაქვს. ამიტომ აუცილებელია, საზოგადოება გაერთიანდეს. დიდი ძალისხმევა და ზეწოლა განახორციელოს ჩვენს მთავრობაზე, რომ მთავრობამ ორბიტა შეცვალოს. მე სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ.
მუშაობა უნდა ჩატარდეს სამი მიმართულებით: პირველი – კითხვარი უნდა შეივსოს და ამას ამ მთავრობის ინტელექტუალური პოტენციალი არ ეყოფა. იმიტომ, რომ არ არის მარტივი კითხვარი. შესაბამისად, საზოგადოება მაქსიმალურად უნდა ჩაერთოს. ვგულისხმობ პროფესიონალებს, იმ ადამიანებს, ვისაც აქვს გამოცდილება, არასამთავრობოები, პოლიტიკოსები და ა.შ.
მეორე – არის სამუშაო ევროკავშირის მიმართულებით, რომ საქართველოს საკითხის აქტუალიზაცია გაასმაგებული ძალით მოხდეს. რა თქმა უნდა, ამის ნაწილია, ასევე, დემოკრატიზაცია, მაგრამ დემოკრატიზაცია, ეს არის პროცესი.
ასევე ამის ნაწილია გაასმაგებული მხარდაჭერა უკრაინისადმი. უნდა შევქმნათ ჩვენი საკითხი განუყოფელი უკრაინის საკითხისგან. ამისათვის ყველანაირი პლატფორმა უნდა იქნას გამოყენებული ჩვენი მესიჯის მისაბმელად.
სინდისი და პრაგმატიზმი პოლიტიკურ განტოლებაში – თქვენ ამ საკითხზე ბევრი ისაუბრეთ უკვე და ამბობთ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ამოიღო სინდისი თავის დღის წესრიგიდან და ის დადგა ბოროტების მხარეს. საქართველოს აქვს რამდენიმე კვირის შესაძლებლობების ფანჯარა [ევროკავშირის კითხვარი უკვე გადმოეცა ქვეყანას და მალე პასუხებით უნდა დააბრუნოს] და საქართველოს მთავრობამ შეიძლება ეს ფანჯარას სათანადოდ არ გამოიყენოს. რას არ აკეთებს ხელისუფლება? თქვენ როგორ ხედავთ?
ზუსტად ეს არის საშიშროება – თუ თავის ნებაზე იქნება მიშვებული, თუ არ იქნება საზოგადოების მხრიდან ძალიან მკაფიო გზავნილი და გზავნილები, მე ვთვლი, რომ ამ გამოცდას ეს ხელისუფლება ვერ ჩააბარებს. კი, შეიძლება რაღაც კითხვარი გააგზავნო შევსებული, მაგრამ ეს ის არ იქნება და ქვეყანა ვერ ჩააბარებს ამ გამოცდას. ასეთი რამეები არ შეიძლება სანახევროდ გააკეთო. ეს ყველაფერი ნაწილია იმ პატერნის, როცა ორი თვის თავზე როგორც იქნა მოწყალება გაიღო საქართველოს მთავრობამ და ჩავიდა უკრაინაში. რაღაც დელეგაცია გაემგზავრა.
ეს ისე არის გამოყვანილი, თითქოს ჩვენ უნდა ვიყოთ მადლობლები, რომ მთავრობამ მოწყალება მოიღო, ასეთი ნაბიჯი გადადგა და ჩავიდა.
ომის დაწყებამდეც, მაგრამ განსაკუთრებით ომის დაწყებიდან, საქართველო უნდა ყოფილიყო იქ წარმოდგენილი.
ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ უნდა ყოფილიყო გამუდმებული. ის, რომ ორი თვის თავზე, ამდენი კინკლაობის და ჯახირის მერე დელეგაცია ჩავიდა, ეს რა არის? ეს არის ზღვაში წვეთი. ეს არის სანახევროდ გაკეთებული საქმე და ეს არ არის საკმარისი.
ახლა ჩვენ ვართ სიტუაციაში, როდესაც გემი ჩაიძირა და ადამიანები არიან გაყინულ წყალში. ვფართხალებთ. ჩვენ უნდა მივაღწიოთ რაღაც განსაზღვრულ ადგილს, საიდანაც მოჩანს სინათლე. იქ მიცურდები ან ვერ მიცურდები. სანახევროდ რამის გაკეთებას არ აქვს არანაირი აზრი. შეიძლება ვიღაცამ ორჯერ მეტად მოუსვა ხელი, მაგრამ მაინც დაიღუპა გზაში, ეს არაფერს ცვლის. ორი თვის თავზე რომ დელეგაცია სადღაც ჩავიდა, ეს არ არის არც საამაყო, არც დასაყვედრებელი.
მაგრამ ასეთი კომიკური სიტუაციაა შექმნილი. მთავრობა, რომელიც დაქირავებულია, რომ ქვეყანას მიხედოს, ლამის გვაყვედრის, რომ იქ ჩავიდნენ. ამიტომ აუცილებელია საზოგადოების კონსოლიდაცია იმისათვის, რომ ეს მესიჯი გავიდეს.
საქართველოს რიგითი მოქალაქის დილემა –ერთის მხრივ ჩვენ გვინდა საქართველოს ხელისუფლებამ კარგად შეავსოს ეს კითხვარი, მეორეს მხრივ, ვიცით, რომ გვაქვს პრობლემები. მაგალითად, დამოუკიდებელი სასამართლოს არარსებობა, გვაქვს 5 ივლისი, სადაც ჟურნალისტებს სცემეს ძალადობრივმა ჯგუფებმა. მოქალაქემ რა ქნას? მხარი დაუჭიროს მთავრობას ტყუილში და თავი დაიბრმაოს, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა, თუ სიმართლე თქვას და არ მისცეს არც მთავრობას მოტყუების უფლება?
ეს კითხვარი არის დემოკრატიის გამოცდა. ძალიან დიდი ნაწილი ამ კითხვების არის იმაზე, რომ შენ იმსახურებ თუ არა იყო ევროპული ოჯახის ნაწილი, შენი დემოკრატიული განვითარების დონით და დემოკრატიისადმი მისწრაფებით.
ობიექტური რეალობა რა არის? 5 ივლისი ხომ გამოვლინებაა. სინამდვილეში დაავადება არის ქვეყანაში დემოკრატიის არქონა. 5 ივლისი არის სიმპტომი, რომელიც კომბინაციაა დემოკრატიის არ ქონის, რუსული პროპაგანდის და ა.შ. მაგრამ მთავარი რა არის, ქვეყანაში არ არის განვითარებული დემოკრატიული ინსტიტუციები სათანადო დონეზე. არ არის სასამართლო დამოუკიდებელი.
სიტყვის თავისუფლება არის ჟურნალისტების და საზოგადოების დამსახურება. ის კი არა, რომ მთავრობიდან მოდის – „ოღონდ თქვენი ჭირიმე რაღაცა თქვით განსხვავებული“. არა. ეს არის ბრძოლა ქვემოდან.
შესაბამისად, ჩვენ ვართ უკეთეს შემთხვევაში ჰიბრიდული რეჟიმი, რომელშიც დემოკრატიული ინსტიტუციები ზოგი ჩანასახშია, ზოგი ჩანასახშიც არ არის და ა.შ.
ასეთი რეალობა გვაქვს.
ეს კითხვა, რასაც სვამთ, არის ფუნდამენტური. ასეთ სიტუაციაში გვაქვს კითხვარი და მას პასუხები უნდა გავცეთ.
დიდი ცდუნება იქნება სახელმწიფოს მხრიდან, რომ მოიტყუოს.
ჩვენი ამოცანა რა არის. ვინაიდან სხვა არჩევანი არ გვაქვს, ეს არის ფანჯარა, რომელშიც თუ ჩვენ ვერ გავძვერით, პრაქტიკულად დაღუპულია ქვეყანა. იმიტომ, რომ სხვა ტრაექტორია არ არსებობს. ან იმ შავ ხვრელში ვეცემით, ან გამოვძვრებით იმ ორბიტიდან. ამიტომ ჩვენ ევროპას უნდა განვუმარტოთ გულახდილად ის სიტუაცია, რომელშიც აღმოვჩნდით.
ევროპამ უნდა გაიაზროს შემდეგი – ჩვენ, როგორც საზოგადოება, ვიმსახურებთ ევროპაში ინტეგრაციას. ჩვენს საზოგადოებას აქვს ძალიან მძაფრი შეგრძნება სამართლიანობის და დემოკრატიის.
99 %-ს ეს შეგრძნება გვაქვს, მაგრამ ასევე ჩვენ უნდა ავუხსნათ, რომ დიდი გავლენა ხდებოდა ჩვენზე რუსეთის მხრიდან და ეს გავლენა მარტო პროპაგანდაში კი არ გამოიხატება, არამედ არსებობს პირდაპირი გავლენები. ამიტომ რაღაცნაირად უნდა შეარბილონ ჩვენი მიღების კრიტერიუმები, რადგან ჩვენ რუსეთთან მეზობლობაში და რუსეთის ორბიტაზე ყოფნით უფრო დემოკრატიულები ვერ გავხდებით. ეს ძალიან რთულია.
პირიქით, ევროპა უნდა დაგვეხმაროს უფრო დემოკრატიულები გავხდეთ. ამიტომ გვჭირდება ჩვენ ზუსტად ეს მაშველი რგოლი, რომ ამ ორბიტიდან გამოგვიყვანოს. აი, ეს არის ასახსნელი.
ჩვენს ქვეყანაში, როდესაც მეზობლად გყავს ასეთი მონსტრი, რომელსაც თან ოკუპირებული ჰყავხარ, იმაში რა არის გასაკვირი, რომ რუსული პროპაგანდის და მთავრობის არადემოკრატიულობის შედეგად 5 ივლისი და კიდევ უფრო უარესი მოხდეს.
ამიტომ აუცილებელია გულწრფელობა. ვერავის ჩვენ ვერ მოვატყუებთ. ეს არის ჩვენი ილუზიები, რომ ვითომ რაღაცას ჩავწერთ და ვითომ მოვიტყუებით და ამას ვიღაც გადაყლაპავს. არავინ არაფერს არ გადაყლაპავს. ყველა ჩვენზე ჭკვიანია. ერთადერთი, რაც უნდა ვთქვათ, არის სიმართლე. სიმართლე არის ყოველთვის მომგებიანი და ასევე არის ყოველთვის განმაიარაღებელი.
რაც არ გვაქვს, უნდა ვაღიაროთ და ვთქვათ, რომ გვიშველონ ამის გამოსწორებაში.
თქვენ გაქვთ საქართველოს ევროპული მომავლის ხედვა – რკინის ფარდის მიღმა რომ არ აღმოჩნდეს ქვეყანა, ყველამ უნდა იმუშაოს ევროპარლამენტარებთანო. თქვით, რომ უნდა შეიქმნას ახალგაზრდული ფოკუს-ჯგუფები, რომლებიც კავშირზე გავლენ ევროპარლამენტარებთან. რომ ეს ფოკუს-ჯგუფები მთელ ქვეყანაში უნდა გაიშალონ. როგორ წარმოგიდგენიათ ამ ჯგუფების შექმნა და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? რა უნდა გააკეთონ ამ ფოკუს-ჯგუფებმა, რა უნდა იყოს მათი მესიჯები?
სხვათა შორის, ამ იდეას უკვე გამოეხმაურა ძალიან კარგი და აქტიური ახალგაზრდების ჯგუფი. ასე ვთქვათ, ახლა მიმდინარეობს ამ ჯგუფების ჩამოყალიბება. იდეა ისაა, რომ ეს ჯგუფი უნდა იყოს ენთუზიაზმზე დაფუძნებული. ის ვერც ერთ ვარიანტში ვერ ჩაანაცვლებს მთავრობას ან პოლიტიკოსებს. ეს არის სპონტანურად შექმნილი ახალგაზრდული ჯგუფები, მათი მიზანია პირდაპირ კავშირზე გავიდნენ ევროპარლამენტარებთან. ჩაერთონ ზუმში და პირდაპირ გაიტანონ ეს მესიჯი, რომ საქართველო იმსახურებს ევროკავშირში მიღებას და რომ სხვა შემთხვევაში საქართველო დაიღუპება.
ეს ძალიან ეფექტურია. იმიტომ, რომ ნებისმიერი დასავლელი პოლიტიკოსი ყოველთვის სიმპათიით იქნება გამსჭვალული ასეთი ტიპის შეხვედრების და ასეთი ტიპის გზავნილების მიმართ. ეს ჯგუფები ყალიბდება.
ვფიქრობ, უნდა შეიქმნას საზოგადოებრივი მოძრაობა ნეირონული ქსელის პრინციპზე. როგორც ნერვული უჯრედებია ერთმანეთზე გადაბმული, ასეთი ეროვნული ქსელი. ეს უნდა იყოს ენთუზიაზმზე დაფუძნებული, ყველა ყველასთან კავშირში, საზოგადოებრივი მოძრაობის ქსელი, რომელიც აი, ამ მესიჯების გატანას მოემსახურება.
კონსოლიდაციის, გაერთიანების მომენტია ყველაზე მნიშვნელოვანი.
იმისათვის, რომ საზოგადოება გაერთიანდეს, ჯერ უნდა გავიაზროთ რა არის საზოგადოების დაქსაქსულობის მიზეზი. შემდეგ რას ნიშნავს გაერთიანება.
როდესაც ვსაუბრობთ გაერთიანებაზე, იმას კი არ ვგულისხმობთ, რომ ერთ ღამეში საზოგადოება მოვიდეს ერთ ჭკუაზე და ერთმანეთს გამოუცხადონ უპირობო ნდობა. ასეთი რამ არცერთ საზოგადოებაში არ ხდება. აქ იგულისხმება არა რაღაც აბსტრაქტული გაერთიანება, არამედ გაერთიანება კონკრეტული მიზნისკენ, რომ ქვეყანა გამოვგლიჯოთ ამ დამღუპველ ორბიტას და გადავიყვანოთ ევროპული მომავლისკენ მიმავალ ორბიტაზე.
რეალობა როგორაა, დაქსაქსულობის ერთ-ერთი მიზეზი რა არის საზოგადოებაში? მოუშუშებელი ჭრილობები. უამრავი ადამიანი, როდესაც თქვენ მათ ეტყვით, რომ უნდა გავერთიანდეთ, გაიხსენებენ ან წინა მთავრობიდან მიყენებულ მოუშუშებელი ჭრილობებს, ან ამ მთავრობიდან. გეტყვიან – მე ახლა ვისთან გავერთიანდე?
როდესაც უამრავ ადამიანს აქვს მოუშუშებელი ჭრილობა, რომელიც წლებია გრძელდება, გეტყვიან, რომ წინა მთავრობის გამო ჩემი ახლობლები დაიღუპნენ. ვიღაცას ცხოვრება დაენგრა. ქონებებზე აღარ ვლაპარაკობ.
ძალიან ბევრი ადამიანია, ვინც ეს გადალახა და თქვა – მოდი, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ.
ადამიანების უმეტესობას უსამართლობა ამახსოვრდება. ეს ბუნებრივია. ჩვენ ადამიანები ვართ და ვიღაც თუ მოგვექცა უსამართლოდ, რა თქმა უნდა, ეს ჩვენში მოუშუშებელ ჭრილობას ტოვებს. ის ადამიანი იქნება 100 %-იანი მართალი. გეტყვის, „რომელ გაერთიანებაზე მელაპარაკები, ვისთან უნდა გავერთიანდე?“
აი, ზუსტად ეს უნდა ავუხსნათ, რომ ეს გაერთიანება არის კონკრეტული მიზნის გარშემო გაერთიანება, რომელიც ზუსტად იმას ემსახურება, რომ მსგავსი ჭრილობები აღარავის მიადგეს ჩვენს საზოგადოებაში.
დემოკრატიულები ჩვენ ევროპასთან ურთიერთობის გარეშე ვერ გავხდებით და დემოკრატიულები თუ ვერ გავხდებით, ყოველთვის იქნება ასეთი ჭრილობები. ყველა უბედურება საქართველოში მოდის იქიდან, რომ საქართველომ ვერ მოახერხა დემოკრატიული საზოგადოების შექმნა. ვერ მოახერხა დამოუკიდებელი სასამართლო და ა.შ.
როგორც კი დემოკრატიული საზოგადოება შეიქმნება, ეს პრობლემები… გამონაკლისის ყველგან არის, მაგრამ მეტ-ნაკლებად დემოკრატიული საზოგადოება იძლევა საშუალებას, რომ ასეთი ჭრილობები აღარ იყოს.
ეს უნდა განემარტოს ჩვენს საზოგადოებას, რომ გაერთიანებას არავინ არ სთხოვს არავის, რაღაცა კონკრეტული პოლიტიკური მესიჯების გარშემო. ეს არის გაერთიანება გადასარჩენად.
დღეს ქართული საზოგადოება, სხვადასხვა მხარეს მდგარი ადამიანები ერთმანეთს არ ელაპარაკებიან და არ უსმენენ. არსებობს გამოთქმა – „ვერ გააღვიძებ ადამიანს, რომელიც თავს იმძინარებს“. როცა არცერთ მხარეს არ უნდა ერთმანეთის მოსმენა, რა შეიძლება აღმოჩნდეს ის გადაკვეთის წერტილი, როცა ადამიანები ერთმანეთის მოსმენას დაიწყებენ?
ძალიან იშვიათად ხდება, როდესაც სიმართლე არის იმდენად შიშველი, რომ ცხადია და იმას არ სჭირდება ძალიან ბევრი გამართლება.
აი, ასეთ სიტუაციაში ვართ დღეს. არის სიმართლე, რომელიც არის ცალსახა და შეუიარაღებელი თვალითაც უნდა იყოს დასანახი ნებისმიერი მხარისთვის. ზუსტად აქ არის აუცილებელი, რომ საზოგადოებას ავუხსნათ. აქ უფრო გამოიკვეთება საზოგადოების წარმომადგენლების როლი.
მე რატომ ვლაპარაკობ ამ დღეებში ამდენს, როცა ცხოვრებაში პოლიტიკურ თოქ-შოუში მონაწილეობა არ მიმიღია არასდროს. ახლა ვთვლი, რომ მოვალეობაა ჩვენი საზოგადოების წარმომადგენლების, რომლებიც არანაირ პოლიტიკურ დღის წესრიგში არ ვეწერებით, მაგრამ ჩვენ გვინდა საზოგადოებას დავანახოთ რა არის სიმართლე, რის გარშემოც საზოგადოების კონსოლიდაცია არის შესაძლებელი.
სიმართლე არის გადარჩენა. გაყინულ წყალში ვართ და უნდა გადავრჩეთ. რომ გადავრჩეთ, ერთად უნდა მივცუროთ რაღაც ადგილამდე. ამის გარშემოა გაერთიანებაზე ლაპარაკი და არა პოლიტიკური დღის წესრიგის გარშემო.
ეს უნდა იყოს გააზრებული. რა თქმა უნდა, ამას ხელს უშლის სამთავრობო პროპაგანდა მარტივი მესიჯებით – ომი თუ თავისუფლება. ამ მარტივი მესიჯებით ცდილობენ სიმართლე დაბურონ.
როდესაც სიმართლე არის ცალსახა, ერთადერთი არგუმენტი, რაც რჩება მოწინააღმდეგეს, არის ის, რომ რაღაცნაირად ეს სიმართლე დაბუროს. პრიმიტიული მესიჯები, რომელიც იწვევს ირაციონალურ შიშს ადამიანებში, სწორედ აქეთკენაა მიმართული, რომ ვერ მოხდეს ორიენტირის გამოკვეთა.
„აბა ომი გინდათ?“ – ეს არის ხელისუფლების რიტორიკა ნებისმიერ განსხვავებულ აზრზე. თქვენ საუბრობთ ირაციონალურ შიშზე. თქვენი აზრით, რა კვებავს ამ შიშს საქართველოში სამთავრობო რიტორიკის გარდა?
ეს მესიჯი არის რუსული პროპაგანდა. ეს არის ერთი-ერთი ფსევდო არგუმენტი იმ ორბიტაზე ქვეყნის გადაყვანისთვის. მთელი რუსული პროპაგანდა ამას კვებავს. ჩვენ უნდა გავიაზროთ შემდეგი – არავინ ჭკუათმყოფელი არ ამბობს, რომ ომი არ მოხდება. აქ ლაპარაკი სხვა რამეზეა. რამ შეიძლება გამოიწვიოს ომი და რამ შეიძლება თავიდან აგვაცილოს. ჩვენ ხომ ვლაპარაკობთ ალბათობაზე. ჩვენ გაურკვეველი, ქაოსური მეზობლის გვერდით ვცხოვრობთ. რა თქმა უნდა, არანაირი გიჟური მოქმედების გამორიცხვა არ შეიძლება. ჩვენ ვერ ვიწინასწარმეტყველებთ, რა ხდება ამ ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის თავში.
ამიტომ ჩვენ რაც შეგვიძლია, ის უნდა გავთვალოთ მკაფიოდ არსებულ ორიენტირებზე. მორჩა, ჩვენ სხვა ვერაფერზე ვერ ვიმარჩიელებთ. მკაფიოდ არსებული ორიენტირი, რომელსაც რაღაც დაცვის შანსი აქვს, ეს არის ევროკავშირი და დასავლეთი – ნატო.
კონკრეტული ამ სიტუაციაში ევროკავშირია. სხვა არაფერს კონკრეტიკა არ გააჩნია.
ახლა ამის ლაპარაკი და მარჩიელობა – უარვყოთ ევროკავშირი, გავშეშდეთ, ამით ჩვენ რამე რეალურ საფრთხეს თავიდან ავიცილებთ – ამას არანაირი საფუძველი არ აქვს. არანაირი არგუმენტი არაა.
ჩვენ გვაქვს ასეთი არჩევანი – ერთის მხრივ სრული გაურკვევლობა და დიდი ალბათობით შავი ხვრელის ორბიტაზე მოხვედრა, თუ ჩაყლაპვა არა და მეორეს მხრივ არის ორიენტირი, რომლისკენაც ცურვა შეგვიძლია.
რა უნდა ამოირჩიოს ადამიანმა ამ დროს? როდესაც გაყინულ წყალში ტივტივებ და არის ორიენტირი, სადაც უნდა მიცურდე და მეორე – სრული ქაოსი და გაურკვევლობა? შეიძლება ვიღაცამ გითხრას – მე არ მინდა გაცურვა. დავრჩეთ აქ ადგილზე, ვიტივტივოთ და შეიძლება რაღაც ხომალდი ციდან ჩამოფრინდეს და გადაგვარჩინოს. ან რა ვიცი, უცებ კუნძული ამოვიდეს.
რა თქმა უნდა, შეიძლება რაღაც მოხდეს, მაგრამ რაციონალურად ადამიანმა ხომ არ შეიძლება ეს გადაწყვეტილება მიიღოს, არა?! რაციონალური გადაწყვეტილებით ადამიანი მიდის იმ გზით, რასაც ხედავს. იმხელა ბეწვის ხიდზე უნდა გავიაროთ ამ ღია ფანჯრის განმავლობაში, რომ ევროკავშირი დავარწმუნოთ, მაგრამ სხვა ალტერნატივა ვინმეს წარმოუდგენია ჩვენთვის? რამე არგუმენტი მოუცია? გარდა აზრიდან დაცლილი მანტრების – „აბა ომი გინდათ?! აბა მშვიდობა გინდათ?!“
შესაბამისად, მე, მოქალაქეს, როდესაც მთავრობა მელაპარაკება ასეთი მესიჯებით, ჩემი რეაქცია არის, რომ ამ მესიჯების უკან არანაირი საღი აზრი არ დგას. ეს მესიჯი ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ სიმართლე დაბუროს.
სამწუხაროდ, ეს მოქმედებს ადამიანებზე.
ჩვენ ასე ვართ მოწყობილი, რაც უფრო პრიმიტიულია მესიჯი, უფრო ადვილად მოქმედებს ჩვენზე. ბინარული კოდი რომ ავიღოთ. ბინარული კოდი რა არის? ყველაზე მარტივი ინფორმაციის მატარებელი. 0 და 1. კი – არა. 0 და 1. ამაზე მარტივი პრიმიტიული ინფორმაცია არ არსებობს და ეს ყველაზე მოქმედებს, იმიტომ, რომ შენ თუ ადამიანს აძლევ ორ არჩევანს და მეტს არაფერს, რა თქმა უნდა, ის ოდნავი გადახრაც მას დააჯერებს არჩევანში, რომელიც შეესაბამება მისი გადარჩენის ინსტინქტს.
ადამიანს როცა თქვენ ეუბნებით, ომი თუ თავისუფლება, გადარჩენის ინსტინქტი მას ეტყვის, რომ რა თქმა უნდა, არ მინდა ომი. ყოველთვის იქით გადაიხრება.
პრობლემა ის არის, რომ არ არსებობს არანაირი გახსნილი სივრცე, არანაირი დიალოგი, არანაირი სურვილი, რომ რაღაც გავიაზროთ, რაღაც გადავწყვიტოთ.
თან ახლა უკვე ამის დროც აღარ არის, ისეთ სიტუაციაში ვართ. ე.ი. ყველამ ერთად უნდა გავიაროთ იმ ბეწვის ხიდზე, რომ ფანჯარაში ფეხი მაინც შევყოთ.
საჯარო პირების გამოსვლის მნიშვნელობაზე მინდა გკითხოთ. „ბათუმელები“ ცდილობს აპოლიტიკურ ადამიანებთან ინტერვიუ ჩაწეროს და მათი პოზიცია გაიგოს ქვეყნის კურსთან და საქართველოში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. რატომ არის მნიშვნელოვანი თავის სფეროში წარმატებულმა ადამიანებმა გამოხატონ თავიანთი პოზიცია ამ ქვეყანაზე?
ასეთ სიტუაციაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას მიეწოდოს საღი აზრი ისეთი მხრიდან, რომელსაც არ აქვს პოლიტიკური დღის წესრიგი. მე იმას კი არ ვიძახი, რომ პოლიტიკური დღის წესრიგი ცუდია. პირიქით, პოლიტიკოსები რაც უფრო იაქტიურებენ, მით უკეთესია. ჩვენი პრობლემა ისაა, რომ არ აქტიურობენ. რა თქმა უნდა, ოპოზიციას უდიდესი როლი გააჩნია ქვეყნის განვითარებაში და მაქსიმალური ძალისხმევა უნდა გაიღოს, მაგრამ კონსოლიდაციისთვის ასევე აუცილებელია არსებობდეს საღი აზრის სივრცე, რომელიც თავისუფალია პოლიტიკური დღის წესრიგისგან.
ახლა მე რასაც ვლაპარაკობ, პოლიტიკურია აბა რა არის, რუსეთის ორბიტიდან უნდა გამოვიდეთ და წავიდეთ ევროკავშირისკენ. ამაზე პოლიტიკური შეუძლებელია, მაგრამ ეს არის უფრო გლობალური პოლიტიკური დღის წესრიგი, რომელიც შიგნით დანაწევრებული არ მაქვს პატარ-პატარა რაღაცებად. ვცდილობ, რომ დიდ სურათზე ვილაპარაკო.
პრობლემა არის შემდეგი – როდესაც ქვეყანა არ არის დემოკრატიული, შესაბამისად ამ ქვეყანაში არ არსებობს გარანტიები, რომ ადამიანის პოლიტიკური შეხედულებების გამო არ მოხდება მათი დევნა. ხომ გვქონდა ჩვენ შემთხვევები, როდესაც მუზეუმიდან მეცნიერები გაყარეს, თანამშრომლები გაყარეს, რაც პირდაპირი დარღვევაა აკადემიური თავისუფლების.
წინა მთავრობის დროსაც იყო ასეთი მაგალითები.
როდესაც ხალხი დასაქმებულია სახელმწიფო ინსტიტუციებში, მათთვის ძალიან რთულია, რომ გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები, რადგან პირდაპირ ტერორი მიდის მათზე. ახლა ომმა გადაფარა, თორემ ხალხმა, რომელმაც პროტესტი გამოთქვა, შეიძლება სამსახური დაკარგოს და ა.შ.
სისტემა, რომელიც არის მაამებლურ პრინციპებზე აგებული, თავისას შვრება. როდესაც მთავრობა სელექციას აკეთებს ამ პრინციპის, რა თქმა უნდა, ყველა საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელიც სამთავრობო ბიუჯეტიდან ფინანსდება, ან სამთავრობოა, ამ ორბიტაზე ექცევა.
გადახედეთ, რომელმა სამთავრობო ორგანიზაციამ ან სამეცნიერო ორგანიზაციამ, რომელმა გააპროტესტა ომი?
მაგალითად, მეცნიერებათა აკადემიამ. ერთი განცხადება მაინც იყო? ეს მაშინ, როდესაც თვითონ რუსეთში აპროტესტებენ მეცნიერები ამ ომს. ზოგიერთი ციხეში წავიდა ამის გამო.
რატომ ხდება ასე?
რაღაცნაირი ჭაობი შეიქმნა, სადაც სელექციაა და ეს ავტომატურად ხდება. მე იმას კი არ ვამბობ, რომ ამას ვიღაც ავალებთ. არა, ეს ბუნებრივად ხდება. შენ როდესაც ქმნი სისტემას, რომელიც არ არის დემოკრატიული და რომელშიც ადამიანს ეშინია თავისი აზრის გამოთქმის, იქ სელექცია ბუნებრივად მოხდება. ის გაისუსება, გაჩუმდება. იტყვის, ახლა მე რატომ ავიტკივო თავი, სად გამოვიდე და ა.შ.
შესაბამისად, შემდეგ მოხდება ის, რომ ნორმალური ხალხი ასეთ სტრუქტურებს დატოვებს, არანაირი სურვილი არ ექნებათ ასეთ სტრუქტურაში იმუშაონ და ეცდებიან თვითონ დააარსონ რაღაც ორგანიზაცია. ბუნებრივად ხდება გადარჩევა. ძალიან დიდი პრობლემაა ჩვენს ქვეყანაში ის, რომ საზოგადოების ხმა არ ისმის.