მთავარი,სიახლეები

ბათუმში სამსახური ვიპოვე – ლტოლვილი უკრაინიდან

22.04.2022 • 5866
ბათუმში სამსახური ვიპოვე – ლტოლვილი უკრაინიდან

ანია მალინოვსკაია უკრაინიდან ბათუმში ორ აპრილს ჩამოვიდა, ქვეყანაში რუსეთის შეჭრიდან მალევე. ანია იშვიათი გამონაკლისია, მან ბათუმში ჩამოსვლისთანავე იპოვა სამსახური.

ანია პარიკმახერია, სილამაზის სალონში ადგილი დაიქირავა და ახლა მსურველებს ბათუმში თმებს კრეჭს.

„გამიმართლა, რომ მოქნილი პროფესია მაქვს, ყველა ქვეყანაში გამოსადეგი. ბათუმში დამხვდნენ ყურადღებიანი თანამშრომლები, მიმიღეს ძალიან თბილად და საერთოდაც, აშკარაა, რომ უკრაინელებს საქართველოში ძალიან კარგად ხვდებიან.

მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენი ცხოვრება აქ ყოველდღიური დარდია. ჩვენი ფიქრები უკრაინაშია ახლა. იქ დავტოვეთ დედა, რომელიც ყოველ ღამეს სარდაფში ათენებს.

ჩვენმა 61 წლის დედამ სლავიანსკიდან გამოსვლა ვერ მოახერხა. საევაკუაციო ავტობუსებსაც ესროდნენ არაერთხელ და შეეშინდა, ვერ გარისკა. სახლში მარტო დარჩენა არჩია“ – გვეუბნება ანია.

ანიას სლავიანსკში დარჩენის შეეშინდა. დასთან და 5 წლის შვილთან ერთად პოლონეთში გადაფრინდა, პოლონეთიდან – ქუთაისში, ქუთაისიდან კი ბათუმში ჩავიდა, სადაც მეგობრები ელოდებოდნენ. ანია ამბობს, რომ სწორედ მეგობრები დაეხმარნენ სამსახურისა და ბინის პოვნაში.

ანიასთან და მის დასთან ბათუმში დეიდაც ჩამოვიდა დონეცკიდან. ახლა ანია ბათუმში 5 წლის შვილისთვის ბაღს ეძებს, სამსახურს ეძებს მისი დაც.

ანია მარტივად გაერკვა, თუ როგორ უნდა მოეზიდა თმის შეკრეჭის მსურველები, დიდი ფეისბუქგვერდები დაძებნა ბათუმში და აქ მყოფ უკრაინელებსა და ბელორუსებშიც გაავრცელა ინფორმაცია, რომ სტილისტის მომსახურების გაწევა შეუძლია. ახლა მისი მომხმარებლები ბათუმში ძირითადად უკრაინელები და ბელორუსები არიან. ეცნობიან ანიას რეზიუმეს და სალონში ეწერებიან.

„350 დოლარად ვიქირავეთ ბათუმში ბინა, ჩვენს მეზობლად 800 დოლარის გადახდაც უწევთ თვეში უკრაინელებს და ბინის ფასები კიდევ უფრო გაიზრდება ზაფხულშიო, შიშობენ აქ. არ ვიცი, როგორ ვიქნებით.

საქართველოში ძალიან მცირეა ხელფასი, ჩვენთან, უკრაინაში 4-5-ჯერ მეტს უხდიან დასაქმებულებს. მაღაზიაში კი პროდუქტი საქართველოში შესამჩნევად ძვირია უკრაინასთან შედარებით“ – ამბობს ანია.

ანია გვიყვება რომ, სლავიანსკში, სადაც ახლა დედამისი ყოველ ღამეს სახლის სარდაფში ათევს, სროლებია, დაიწყეს სახლების დაზიანებაც, ქალაქი მოსახლეობის დიდმა ნაწილმა დატოვა და ქუჩაში გასვლისგან ყველა თავს იკავებს. ჩანან მხოლოდ სამხედროები და საბრძოლო მზადყოფნაა.

ანიას ახლა ბათუმში ახალჩამოსული უკრაინელებიც უყვებიან ამბებს:

„ერთი კლიენტი მყავდა რამდენიმე დღის წინ, ქალი მელიტოპოლიდან, მითხრა ძლივს გამოვიქეცით, მაროდიორები ყველაფერს ძარცვავენ და ყველგან შედიანო.

დედა ამბობს, რომ ყველაზე საშინელი პერიოდი ღამეა: როცა ისვრიან, მაგრამ ვერ ხვდები საიდან ისვრიან, რას ისვრიან და საიდან მოდის საფრთხეო. დედას უკვე დიდი ხანია სძინავს სარდაფში, არ ვიცით ეს რამდენ ხანს გაგრძელდება, ან ომი როდემდე გაგრძელდება საერთოდ?

ეს ომი უკრაინელი ხალხის გენოციდია, ენით აღუწერელი საშინელება. ისიც კი არ ვიცით დავბრუნდებით კი საკუთარ ქვეყანაში, ან როცა დავბრუნდებით დაგვხვდება იქ ჩვენი სახლები? რომ არ დაგვხვდეს რა უნდა ვქნათ, სად უნდა წავიდეთ? ძალიან გვენატრება სახლი. ჩვენ აქ დასასვენებლად არ ჩამოვსულვართ.

ჯერ დგას ჩვენი სახლები, ვლოცულობთ რომ ადგილზე დაგვხვდეს როცა უკრაინაში დავბრუნდებით“ – ამბობს ანია.

______________

ფოტოზე: ანია შვილთან ერთად/facebook

გადაბეჭდვის წესი


ასევე: