კულტურული მემკვიდრეობა,მთავარი,სიახლეები

როცა ძეგლისგან მხოლოდ ფასადი რჩება – სააგენტოს გადაწყვეტილება

24.04.2022 •
როცა ძეგლისგან მხოლოდ ფასადი რჩება – სააგენტოს გადაწყვეტილება

ბათუმში, ბარათაშვილისა და გორგასლის ქუჩების კვეთაში მდებარე ბელეტაჟისგან მხოლოდ ფასადი დატოვეს. სახლს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს და მას კანონი იცავს. სახლის რეაბილიტაციის პროექტზე ნებართვა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ გასცა.

რამდენად გულისხმობს რეაბილიტაციის პროექტი მხოლოდ ფასადის ნაწილის შენარჩუნებას, როცა საქმე ძეგლს ეხება და რამდენად კანონიერია, როცა ძეგლის ძირითადი ნაწილი ავთენტურობას ვერ ინარჩუნებს? – ამ საკითხზე კითხვებს იკომოსის ხელმძღვანელი ლია ბოკუჩავა სცემს პასუხს.

  • ქალბატონო ლია, რამდენად კანონიერია, როცა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისგან, მისი რეაბილიტაციის პროცესი მხოლოდ ფასადის ნაწილის შენარჩუნებას ითვალისწინებს?

მგონი, აღარ არის საჭირო კიდევ გავიმეორო კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობაზე. რამდენად მნიშვნელოვანია ის ნებისმიერი ერისთვის, რადგან ის არის მისი სახე, წარსული და მომავალი თაობებისთვის მათი დატოვება აუცილებელია, ანუ თითოეული ერის მნიშვნელობა დევს აი ამ ძეგლებში. ამიტომ უნდა შევინარჩუნოთ ისინი თავდაპირველი სახით.

რა თქმა უნდა, მესმის, რომ თუ ძეგლი ეკუთვნოდა ერთ მესაკუთრეს, ახლა რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს ამ სახლში და სჭირდებათ პირობების გაუმჯობესება. ამის გამო სურთ ხოლმე გეგმარების შეცვლა, შენობის გადიდება, სახურავზე მანსარდის დამატება და შენობის მოცულობაში გაზრდა. ეს სრულიად დაუშვებელია. ფასადი არის კულტურული მემკვიდრეობის ერთი ნაწილი, მემკვიდრეობა არის მთლიანად შენობა თავისი გეგმარებით და იმ ყველაფრით, რაც შიგნითაა – ეს შეიძლება იყოს ბუხარი, სახელური, კარები, კარნიზი, თუ რაც არის შიგთავსი. ეს იგივეა ადამიანს გამოაცალო ყველაფერი და მხოლოდ ფიტული დატოვო.

ძეგლის შინაარსი არის მთლიანი, როგორც ფასადი, ასევე ინტერიერი და გეგმარება. ეს არის ის, რაც არის ღირებული და რისი შეცვლაც ნამდვილად არ შეიძლება, ასეთი გადაწყვეტები არ არის სწორი.

ბარათაშვილის #37 – აქ ადრე ბელეტაჟის ტიპის სახლი იდგა. ახლა სახლს მხოლოდ ფასადის კედელი დაუტოვეს. სახლს დაუნგრიეს სახურავი.

  • თქვენ, სპეციალისტები და ძეგლების დამცველი მიიჩნევთ, რომ არასწორია და ეს გასაგებია. მაგრამ რამდენად შეესაბამება ეს კანონს? 

წაგიკითხავთ ციტატას საერთაშორისო კონვენციიდან, რომლის დაცვაც სავალდებულოა ყველა ქვეყნისთვის, რომელსაც აქვს კულტურული მემკვიდრეობა. კონვენციაში ნათქვამია: „ძეგლთა კონსერვაციას მუდამ ხელს უწყობს მათი გამოყენება საზოგადოებისათვის სასარგებლო მიზნით. ასეთი გამოყენება სასურველია, თუმცა დაუშვებელია ამ მიზნით შენობის გეგმარებითი სტრუქტურის ან დეკორის შეცვლა. ფუნქციის ცვლილებით გამოწვეული გადაკეთება მოაზრებულ და ნებადართულ უნდა იქნას მხოლოდ ამ შეზღუდვების გათვალისწინებით“.

ესე იგი, ჩვენ თუ გვინდა, რომ რამე გადავაკეთოთ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ არც დეკორი და არც გეგმარება არ უნდა შეიცვალოს. არათუ დაინგრეს მთელი შენობის ნაწილი.

სამწუხაროა, რომ ჩვენთან არის ასეთი შემთხვევები, არა მარტო ბათუმში.

  • ასეთ გადაწყვეტილებებს იღებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების საბჭო და სააგენტო, რომლის მოვალეობაც ის არის, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ძეგლის ინტერესები დაიცავს.

სპეციალისტმა არ უნდა გასცეს თანხმობა, თუ თავისი ქვეყანა უყვარს და კულტურას პატივს სცემს. უნდა შევუნარჩუნოთ მომავალ თაობას, მომავალმა თაობამ უნდა ნახოს, თუ რას წარმოადგენდნენ მათი წინაპრები. ეს მათ მისცემს საფუძველს, შეიქმნან წარმოდგენა საკუთარ ქვეყანაზე, საკუთარ თავზე. სამწუხაროდ, ამას ვართმევთ ჩვენს თაობას – კანონს არ იცავენ.

მხოლოდ ფასადის შენარჩუნება, ფაქტობრივად ნიშნავს ძეგლის დაკარგვას. ეს, რა თქმა უნდა, კანონს არ ექვემდებარება. ეს არის ერთპიროვნული გადაწყვეტილებები ქვეყნისა და კულტურის საზიანოდ მომავალში. ახლა იმიტომ მოსწონთ, რომ ის მოსახლე, რომელსაც დაუნგრევენ სახლს და ახალს აუშენებენ, კმაყოფილია და ამ დროს კმაყოფილია მთავრობაც. მაგრამ თუ ცოტა უფრო შორს გავიხედავთ, ეს არის ძალიან ცუდი მაგალითები.

  • ხშირად გვეუბნებიან, რომ ეს სახლები საცხოვრებლად სახიფათოა, რომ მათი შენარჩუნება იგივე ფორმით შეუძლებელია. თუმცა, რამდენად არის ეს ექსპერტიზით დადასტურებული არ ვიცით.

საკმაოდ კარგი შენობებია ბათუმში და მათი გამაგრება შესაძლებელია. არ არსებობს შენობა, როგორ ავარიულიც არ უნდა იყოს… ეს თემები კონსტრუქტორებთან ერთად გვაქვს გავლილი. შენობა უნდა ღირდეს აი, ამ ძალისხმევად. ეს ყველაფერი უნდა განიხილონ ხელოვნებათმცოდნემ, არქიტექტორ-რესტავრატორმა და თქვან – ღირს ეს შენობა თუ არა, რომ შევინარჩუნოთ.

თუ გადაწყვეტილება უარყოფითი იქნება, ჯობია იქ ახალი, თანამედროვე შენობა ააშენონ, ვიდრე ასეთი დამახინჯებული, გადაკეთებული რაღაც.

სამწუხაროდ, ჩვენ ძალიან დაბალი შეფასება გვაქვს იმ ძეგლებისა და შენობების, რაც გვაქვს. ბევრი დასანგრევად განწირული სახლი გადარჩა ბათუმში და ასე მგონია, რომ იქ მცხოვრებლები ძალიან კმაყოფილები არიან. სამწუხაროდ, უფრო მეტი ფიქრობს, რომ ამ სახლით პირობები გაიუმჯობესოს, როდესაც ვინმე სთავაზობს რომ გაუკეთებს, მათი სურვილები უფრო ზემოთ მიდის.

რენდერი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: