მთავარი,სიახლეები

ევროკომისია რუსულ ნავთობსა და გაზზე ემბარგოს 5 კვირაში განიხილავს

25.04.2022 • 1148
ევროკომისია რუსულ ნავთობსა და გაზზე ემბარგოს 5 კვირაში განიხილავს

„რუსულ ნავთობსა და გაზზე ემბარგო ან სადამსჯელო ტარიფის დაწესება იქნებოდა მნიშვნელოვანი ზომა, რომელიც პუტინს მოლაპარაკების მაგიდასთან დასვამდა. მაგრამ ამ დროისთვის ევროკავშირში ამ საკითხზე ერთიანი პოზიცია არ გვაქვს,“ – განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჟოზეფ ბორელმა WELT-თან ინტერვიუში.

ბორელის თქმით, ევროკომისია რუსეთის წინააღმდეგ წარსადგენ სანქციათა მეექვსე პაკეტზე მუშაობს, თუმცა უკვე დანებდა ემბარგოს საკითხის ამ პაკეტში შეყვანის მცდელობას. ემბარგოს საკითხი შემდეგ სესიაზე კვლავ განიხილება, თუმცა შემდეგი სესია 5 კვირის შემდეგ, 30-31 მაისს გაიმართება.

ავსტრია და გერმანია ხმამაღლა ეწინააღმდეგებიან რუსულ ნავთობსა და გაზზე ემბარგოს მანამდე, სანამ თავად არ ექნებათ გარანტირებული ალტერნატიული წყაროები. როგორც WELT-ი წერს, ამ ქვეყნების განწყობაა, რომ რუსულ ნავთობსა და გაზზე დამოკიდებულება უნდა შემცირდეს, მაგრამ არა ისე, რომ ამან რუსეთზე არანაკლებ დააზარალოს ევროკავშირის ის ქვეყნები, რომლებიც რუსულ ენერგორესურსებზე არიან დამოკიდებული.

უნგრეთი კატეგორიულად გამორიცხავს ემბარგოს რუსულ ენერგორესურსებზე. უნგრეთის ახალი ვადით არჩეული პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი, ვლადიმერ პუტინთანაა დაახლოებული. მან არჩევიდან მალევე დაურეკა რუსეთის პრეზიდენტს და მხოლოდ სანახევროდ შეუერთდა ევროკავშირის სანქციებს. ორბანმა განაცხადა, რომ ვეტოს დაადებს ევროკავშირში რუსულ ენერგორესურსებზე რაიმე ტიპის ემბარგოს დაწესების ინიციატივას.

როგორც გერმანული გამოცემა წერს, ბორელი იმედგაცრუებულია. „ზოგმა წევრმა ქვეყანამ ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ ისინი არ დაუჭერენ მხარს ემბარგოს ან სადამსჯელო ტარიფს რუსულ ნავთობსა და გაზზე. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ჯერ არ გვაქვს ევროკავშირში ერთსულოვნება, რომ გადავწყვიტოთ ემბარგოს ან ტარიფის საკითხი ამ ეტაპზე“, – განაცხადა მან.

ბორელის თქმითვე, ევროკავშირის წევრი ქვეყნები ყოველდღიურ რეჟიმში ეძებენ ახალ მომწოდებლებს: „მთელი ევროკავშირი კრიზისშია. ყოველთვის, როცა წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს ვურეკავ და ვეკითხები სად არიან, ისინი მპასუხობენ, რომ გაზს ყიდულობენ. ისინი არიან ახლო აღმოსავლეთში, კონგოში, ალჟირში, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში და იქ ყიდულობენ გაზს“.

WELT-ი წერს, რომ წამყვანი ეკონომისტები ასევე მხარს უჭერენ რუსული ნავთობისა და გაზის სადამსჯელო ტარიფებს. საუბარია რუსეთისთვის ნავთობისა და გაზის მიწოდებისთვის თანხის მხოლოდ ნაწილის მიცემაზე, ხოლო მეორე ნაწილის ესქროს ანგარიშზე გადატანაზე, სადაც გაყინული იქნება მანამ, სანამ მოსკოვი ომს არ დაასრულებს. ასევე შესაძლებელია დაწესდეს სანქციები მხოლოდ გარკვეული ტიპის ნავთობზე, რომლის ჩანაცვლებაც შედარებით მარტივია.

ამერიკის შეერთებული შტატები სიფრთხილით ეკიდება რუსულ ენერგორესურსებზე ემბარგოს საკითხს. აშშ-ს ხაზინის მდივანმა ჯანეტ იელენმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოველწლიურ შეხვედრაზე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ, მართალია, ევროპისთვის საშუალოვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვანია რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შემცირება, მაგრამ „ფრთხილად უნდა ვიყოთ მთლიან ევროპულ ემბარგოზე საუბრისას ისეთ რამეებზე, როგორიცაა, მაგალითად, ნავთობი. ეს ცალსახად გაზრდიდა ფასებს ნავთობზე მსოფლიოს გარშემო და დააზარალებდა ევროპასა და მსოფლიოს სხვა ნაწილებს“.

ოფიციალური კიევი, უკრაინის პრეზიდენტი და მისი გუნდის წევრები უკვე დიდი ხანია მოითხოვენ ემბარგოს დაწესებას რუსულ ნავთობსა და გაზზე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: