ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ნაკვეთი პლაჟთან და სათბურები ქობულეთში – აჭარის მთავრობა ქონებას ფასდაკლებით ყიდის

23.04.2022
ნაკვეთი პლაჟთან და სათბურები ქობულეთში – აჭარის მთავრობა ქონებას ფასდაკლებით ყიდის

ქობულეთში, ფიჭვნარის სანაპიროზე მდებარე მიწის ნაკვეთი და ალამბარში – სასათბურე მეურნეობა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ გასაყიდად აუქციონზე ხელახლა გაიტანა.

ქონება ამჯერად, როგორც აუქციონშია აღნიშნული, 20-პროცენტიანი ფასდაკლებით იყიდება. პირობები ორივე შემთხვევაში იგივეა და განსხვავება მხოლოდ ვადებშია.

რაც შეეხება გასაყიდ ფასს:

  • ფიჭვნარის მიწის ნაკვეთის საწყისი გასაყიდი ფასი არ შეცვლილა და წინა, არშემდგარი აუქციონის მსგავსად 4 360 000 ლარია.
  • სასათბურე მეურნეობის საწყისი გასაყიდი ფასი კი, შემცირებულია და 1 816 000 ლარია [ნაცვლად 2 270 000 ლარისა].

ფიჭვნარში, პლაჟთან ახლოს მდებარე 11 235 კვ.მ ფართობის მიწა გასაყიდად სამინისტრომ აუქციონზე უკვე მეცხრედ გაიტანა. იმავე ფასად წინა ორ აუქციონზე ეს ნაკვეთი არ გაიყიდა – მონაწილეობა არავინ მიიღო.

მიმდინარე აუქციონი 2022 წლის 9 ივლისს დასრულდება.

აუქციონის ერთ-ერთი პირობით, ქონების შემძენი ვალდებულია „ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვის ვადაში მიიღოს საკუთრებაში გადაცემულ მიწის ნაკვეთზე განსათავსებელი მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობ(ებ)ის მშენებლობის ნებართვა; მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობა უნდა შეიცავდეს არანაკლებ 100-ნომრიან სასტუმროს, სპორტულ-გამაჯანსაღებელ ან/და სარეაბილიტაციო ცენტრს, არანაკლებ 60 ავტომანქანაზე გათვლილ ავტოსადგომს, სკვერს;

ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 თვის ვადაში კი, ქონების მყიდველმა აღნიშნულ პროექტში არანაკლებ 20 მილონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.“

ქობულეთში არსებული სასათბურე მეურნეობა, რომლის მრავალწლიანი იჯარით გაცემა აჭარის მთავრობამ რამდენჯერმე უშედეგოდ სცადა, წინა აუქციონზე 2 270 000 ლარად იყიდებოდა, თუმცა არც ეს აუქციონი შედგა.

განმეორებით გამოცხადებული აუქციონი 2022 წლის 10 მაისს დასრულდება.

სასათბურე მეურნეობის მყიდველის ვალდებულება იქნება „შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 3 თვის ვადაში, არსებული სათბურების, თავისი სასაწყობე მეურნეობით (აგროპარკი) ამოქმედება და აგროპარკის არსებული ინფრასტრუქტურის შენარჩუნება არანაკლებ საპრივატიზებო საფასურის გადახდამდე, სადაც დასაქმებულთა არანაკლებ 80% უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე“.

მყიდველი ასევე ვალდებული იქნება „საკუთრებაში გადაცემულ ქონებაზე დასაქმებულთა თანაფარდობა და სასოფლო-სამეურნეო პროფილი შეინარჩუნოს არანაკლებ 20 წლის ვადით. ასევე დასაშვებია სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებისათვის საჭირო [გადამუშავება, დაფასოება, შეფუთვა, შენახვა და ა.შ.] ნაგებობების განთავსება“.

აუქციონში გამარჯვებულმა, ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 წლის ვადაში, საკუთრებაში გადაცემულ უძრავ ქონებაზე არანაკლებ 500 000 ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: