მთავარი,სიახლეები

რუსეთი შავი ხვრელია, ჩვენი ორბიტა მისკენ მიექანება – ინტერვიუ გია დვალთან

22.04.2022 • 8790
რუსეთი შავი ხვრელია, ჩვენი ორბიტა მისკენ მიექანება – ინტერვიუ გია დვალთან

პოლიტიკურ განტოლებაში სად არის სინდისის და პრაგმატიზმის ადგილი, რა პოზიცია უნდა ჰქონდეს საზოგადოებას, როცა ხედავს, რომ ქვეყანა არასწორ ორბიტაზეა და ამის გამო მას შავი ხვრელი შთანთქმით ემუქრება? – ფიზიკოსი გია დვალი „ბათუმელებს“ ესაუბრება თანამედროვე საქართველოს არჩევანზე.

  • ბატონო გია, საქართველოში დიდი ვნებათაღელვაა იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანა შეიძლება აღმოჩნდეს რკინის ფარდის მიღმა, ანუ რუსეთის ორბიტაზე და ამაში თავის წვლილი შეაქვს ქვეყნის ხელისუფლებას, თავისი პრაქტიკული თუ ვერბალური ქცევებით, იქნება ეს „გვამების შემოდების“ რიტორიკა თუ უკრაინის მთავრობის ქართველი წევრების გათავისუფლების მოთხოვნა. რა უნდა გააკეთონ ამ ქვეყნის მოქალაქეებმა, რომ მართლა არ აღმოჩნდეს ქვეყანა რკინის ფარდის მიღმა? მოქალაქეების როლს სად ხედავთ?

ვინაიდან ეს არის მთავარი და გადამწყვეტი კითხვა დღეს საქართველოსთვის, მოდით ასე გავშალოთ – რა არის რეალობა და შემდეგ რა შეიძლება საქართველოს საზოგადოებამ გააკეთოს იმისთვის, რომ გადარჩეს.

რეალობა  შემდეგია – ის ორბიტა, რაზეც ქვეყანა, ასე ვთქვათ, მეთოდურად შესვა საქართველოს მთავრობამ, არის დამღუპველი. ეს ორბიტა არის დამღუპველი.

მზის სისტემის ანალოგია რომ წარმოიდგინოთ. არის ორბიტები, სადაც სიცოცხლე არსებობს  და კომფორტულია. ეს არის ევროკავშირი და დასავლეთის ცივილიზაცია. არის ორბიტები, სადაც სიცოცხლე არის შესაძლებელი, მაგრამ – არაკომფორტული და შემდეგ არის დამღუპველი ორბიტები. ამ ორბიტაზე ჩვენთან ერთად ტრიალებს შავი ხვრელი. ანალოგია რომ ავიღოთ, რუსეთი, ფაქტობრივად, არის შავი ხვრელი. მთელი ჩვენი ამოცანა არის ის, თუ საით მივყავართ ამ ორბიტას.

ომამდე არსებობდა ლეგიტიმური ილუზია [მე არ ვიზიარებ ამ მიდგომას], მაგრამ ბევრი ადამიანი ამას იზიარებდა და იზიარებს, რომ არსებობდა ისეთი ორბიტა, რომელსაც მთლად არ გადაყლაპავდა შავი ხვრელი. [რუსეთთან] რაღაც ოპტიმალურ მანძილზე ვიარსებებდით. რატომ? ომამდე სხვა რეალობა იყო. პერსპექტივა ჩვენი ევროკავშირში მიღების ძალიან შორეული იყო, ასევე ნატოში და ა.შ.

არავინ რუსეთს არ უპირისპირდებოდა ღიად და, შესაბამისად, ამ აზრს ჰქონდა ლეგიტიმური არსებობის უფლება – „რა ვქნათ, თავს ზემოთ ძალა არაა. იქ [ევროკავშირსა და ნატოში] არ გვიღებენ,  ამიტომ ვიყოთ ამ რუსეთის ორბიტაზე“.

მაგრამ ეს ყველაფერი მოისპო ომის შემდეგ. აღარ არსებობს ეს ორბიტა. მოხდა ჯახი, კოსმიური ჯახი, რის შედეგადაც ჩვენი ორბიტა ცალსახად მიდის ამ შავი ხვრელისკენ, ეს შავი ხვრელი გადაგვყლაპავს.

ის რეალობა, რომელიც თითქოს მანამდე არსებობდა, რაღაც ორბიტა, სადაც ჩვენ შეგვეძლო გავჩერებულიყავით, ახლა აღარ არის. ამ ორბიტაზე დამჯდარი საქართველო ვერანაირად ვერ შედგება, როგორც მინიმალური დემოკრატიის ქვეყანაც კი. ამისათვის საკმარისია დააკვირდეთ და იცოდეთ რუსეთში რა ხდება. საკონცენტრაციო ბანაკებს აშენებენ, ფილტრაციის ბანაკებს. თვალნათლივ ჩანს ეს ქვეყანა საით მიექანება. უკვე სამხედრო ცენზურა მოქმედებს ქვეყანაში.

ეს რკინის ფარდა იმას ნიშნავს, რომ შავი ხვრელი გადაგვყლაპავს. დღეს ერთადერთი გამოსავალი არის, რომ ამ ორბიტას მოვშორდეთ.

დრო გვაქვს შეზღუდული. ევროკავშირმაც და დასავლეთმაც გააცნობიერა, ისინი ხედავენ, რომ მართლაც მოხდა ეს კოსმოსური დაჯახება, ჩვენი ორბიტა ცალსახად მიექანება იმისაკენ, რომ შავმა ხვრელმა გადაგვყლაპოს. შესაბამისად, მათ გადმოგვიგდეს მაშველი რგოლი, რომელიც მივიღეთ EU კითხვარის სახით.

ევროპაც ხვდება და დასავლეთიც, რომ თუ ასე მიგვატოვეს, ჩვენ ვართ დაღუპულები, ჩვენი ქვეყანა არის განწირული.

Batumelebi|Netgazeti · Გია Დვალი – რუსეთი, როგორც შავი ხვრელი

ეს არ გავიგოთ ისე, რომ აი, დღეს ერთი მაშველი რგოლი გადმოგვიგდეს, ჩვენ თუ მას ხელს არ მოვკიდებთ, ხვალ კიდევ გადმოგვიგდებენ და ა.შ.

ჩვენი ქვეყანა დააყენეს რაღაც შუალედური გამოცდის წინ. ამიტომ დღეს უმნიშვნელოვანესია, ქვეყანამ ღირსეულად შეავსოს ეს კითხვარი და ღირსეულად ჩააბაროს ეს გამოცდა. ეს მთავრობა თავის ნებაზე მიშვებული ამ გამოცდას ვერ ჩააბარებს, ან არ ჩააბარებს. 

ძალიან ცოტა დრო გვაქვს. ამიტომ აუცილებელია, საზოგადოება გაერთიანდეს. დიდი ძალისხმევა და ზეწოლა განახორციელოს ჩვენს მთავრობაზე, რომ მთავრობამ ორბიტა შეცვალოს. მე სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ.

მუშაობა უნდა ჩატარდეს სამი მიმართულებით: პირველი – კითხვარი უნდა შეივსოს და ამას ამ მთავრობის ინტელექტუალური პოტენციალი არ ეყოფა. იმიტომ, რომ არ არის მარტივი კითხვარი. შესაბამისად, საზოგადოება მაქსიმალურად უნდა ჩაერთოს. ვგულისხმობ პროფესიონალებს, იმ ადამიანებს, ვისაც აქვს გამოცდილება, არასამთავრობოები, პოლიტიკოსები და ა.შ.

მეორე – არის სამუშაო ევროკავშირის მიმართულებით, რომ საქართველოს საკითხის აქტუალიზაცია გაასმაგებული ძალით მოხდეს. რა თქმა უნდა, ამის ნაწილია, ასევე, დემოკრატიზაცია, მაგრამ დემოკრატიზაცია, ეს არის პროცესი.

ასევე ამის ნაწილია გაასმაგებული მხარდაჭერა უკრაინისადმი. უნდა შევქმნათ ჩვენი საკითხი განუყოფელი უკრაინის საკითხისგან. ამისათვის ყველანაირი პლატფორმა უნდა იქნას გამოყენებული ჩვენი მესიჯის მისაბმელად.

  • სინდისი და პრაგმატიზმი პოლიტიკურ განტოლებაში – თქვენ ამ საკითხზე ბევრი ისაუბრეთ უკვე და ამბობთ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ამოიღო სინდისი თავის დღის წესრიგიდან და ის დადგა ბოროტების მხარეს. საქართველოს აქვს რამდენიმე კვირის შესაძლებლობების ფანჯარა [ევროკავშირის კითხვარი უკვე გადმოეცა ქვეყანას და მალე პასუხებით უნდა დააბრუნოს] და საქართველოს მთავრობამ შეიძლება ეს ფანჯარას სათანადოდ არ გამოიყენოს. რას არ აკეთებს ხელისუფლება? თქვენ როგორ ხედავთ?

ზუსტად ეს არის საშიშროება – თუ თავის ნებაზე იქნება მიშვებული, თუ არ იქნება საზოგადოების მხრიდან ძალიან მკაფიო გზავნილი და გზავნილები, მე ვთვლი, რომ ამ გამოცდას ეს ხელისუფლება ვერ ჩააბარებს. კი, შეიძლება რაღაც კითხვარი გააგზავნო შევსებული, მაგრამ ეს ის არ იქნება და ქვეყანა ვერ ჩააბარებს ამ გამოცდას. ასეთი რამეები არ შეიძლება სანახევროდ გააკეთო. ეს ყველაფერი ნაწილია იმ პატერნის, როცა ორი თვის თავზე როგორც იქნა მოწყალება გაიღო საქართველოს მთავრობამ და ჩავიდა უკრაინაში. რაღაც დელეგაცია გაემგზავრა.

ეს ისე არის გამოყვანილი, თითქოს ჩვენ უნდა ვიყოთ მადლობლები, რომ მთავრობამ მოწყალება მოიღო, ასეთი ნაბიჯი გადადგა და ჩავიდა.

ომის დაწყებამდეც, მაგრამ განსაკუთრებით ომის დაწყებიდან, საქართველო უნდა ყოფილიყო იქ წარმოდგენილი.

ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ უნდა ყოფილიყო გამუდმებული. ის, რომ ორი თვის თავზე, ამდენი კინკლაობის და ჯახირის მერე დელეგაცია ჩავიდა, ეს რა არის? ეს არის ზღვაში წვეთი. ეს არის სანახევროდ გაკეთებული საქმე და ეს არ არის საკმარისი.

ახლა ჩვენ ვართ სიტუაციაში, როდესაც გემი ჩაიძირა და ადამიანები არიან გაყინულ წყალში. ვფართხალებთ. ჩვენ უნდა მივაღწიოთ რაღაც განსაზღვრულ ადგილს, საიდანაც მოჩანს სინათლე. იქ მიცურდები ან ვერ მიცურდები. სანახევროდ რამის გაკეთებას არ აქვს არანაირი აზრი. შეიძლება ვიღაცამ ორჯერ მეტად მოუსვა ხელი, მაგრამ მაინც დაიღუპა გზაში, ეს არაფერს ცვლის. ორი თვის თავზე რომ დელეგაცია სადღაც ჩავიდა, ეს არ არის არც საამაყო, არც დასაყვედრებელი.

მაგრამ ასეთი კომიკური სიტუაციაა შექმნილი. მთავრობა, რომელიც დაქირავებულია, რომ ქვეყანას მიხედოს, ლამის გვაყვედრის, რომ იქ ჩავიდნენ. ამიტომ აუცილებელია საზოგადოების კონსოლიდაცია იმისათვის, რომ ეს მესიჯი გავიდეს.

  • საქართველოს რიგითი მოქალაქის დილემა ერთის მხრივ ჩვენ გვინდა საქართველოს ხელისუფლებამ კარგად შეავსოს ეს კითხვარი, მეორეს მხრივ, ვიცით, რომ გვაქვს პრობლემები. მაგალითად, დამოუკიდებელი სასამართლოს არარსებობა, გვაქვს 5 ივლისი, სადაც ჟურნალისტებს სცემეს ძალადობრივმა ჯგუფებმა. მოქალაქემ რა ქნას? მხარი დაუჭიროს მთავრობას ტყუილში და თავი დაიბრმაოს, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა, თუ სიმართლე თქვას და არ მისცეს არც მთავრობას მოტყუების უფლება?

ეს კითხვარი არის დემოკრატიის გამოცდა. ძალიან დიდი ნაწილი ამ კითხვების არის იმაზე, რომ შენ იმსახურებ თუ არა იყო ევროპული ოჯახის ნაწილი, შენი დემოკრატიული განვითარების დონით და დემოკრატიისადმი მისწრაფებით.

ობიექტური რეალობა რა არის? 5 ივლისი ხომ გამოვლინებაა. სინამდვილეში დაავადება არის ქვეყანაში დემოკრატიის არქონა. 5 ივლისი არის სიმპტომი, რომელიც კომბინაციაა დემოკრატიის არ ქონის, რუსული პროპაგანდის და ა.შ. მაგრამ მთავარი რა არის, ქვეყანაში არ არის განვითარებული დემოკრატიული ინსტიტუციები სათანადო დონეზე. არ არის სასამართლო დამოუკიდებელი.

სიტყვის თავისუფლება არის ჟურნალისტების და საზოგადოების დამსახურება. ის კი არა, რომ მთავრობიდან მოდის –  „ოღონდ თქვენი ჭირიმე რაღაცა თქვით განსხვავებული“. არა. ეს არის ბრძოლა ქვემოდან.

შესაბამისად, ჩვენ ვართ უკეთეს შემთხვევაში ჰიბრიდული რეჟიმი, რომელშიც დემოკრატიული ინსტიტუციები ზოგი ჩანასახშია, ზოგი ჩანასახშიც არ არის და ა.შ.

ასეთი რეალობა გვაქვს.

ეს კითხვა, რასაც სვამთ, არის ფუნდამენტური. ასეთ სიტუაციაში გვაქვს კითხვარი და მას პასუხები უნდა გავცეთ.

დიდი ცდუნება იქნება სახელმწიფოს მხრიდან, რომ მოიტყუოს.

ჩვენი ამოცანა რა არის. ვინაიდან სხვა არჩევანი არ გვაქვს, ეს არის ფანჯარა, რომელშიც თუ ჩვენ ვერ გავძვერით, პრაქტიკულად დაღუპულია ქვეყანა. იმიტომ, რომ სხვა ტრაექტორია არ არსებობს. ან იმ შავ ხვრელში ვეცემით, ან გამოვძვრებით იმ ორბიტიდან. ამიტომ ჩვენ ევროპას უნდა განვუმარტოთ გულახდილად ის სიტუაცია, რომელშიც აღმოვჩნდით.

Batumelebi|Netgazeti · Გია Დვალი EU – Ს Კითხვარზე

ევროპამ უნდა გაიაზროს შემდეგი – ჩვენ, როგორც საზოგადოება, ვიმსახურებთ ევროპაში ინტეგრაციას. ჩვენს საზოგადოებას აქვს ძალიან მძაფრი შეგრძნება სამართლიანობის და დემოკრატიის.

99 %-ს ეს შეგრძნება გვაქვს, მაგრამ ასევე ჩვენ უნდა ავუხსნათ, რომ დიდი გავლენა ხდებოდა ჩვენზე რუსეთის მხრიდან და ეს გავლენა მარტო პროპაგანდაში კი არ გამოიხატება, არამედ არსებობს პირდაპირი გავლენები. ამიტომ რაღაცნაირად უნდა შეარბილონ ჩვენი მიღების კრიტერიუმები, რადგან ჩვენ რუსეთთან მეზობლობაში და რუსეთის ორბიტაზე ყოფნით უფრო დემოკრატიულები ვერ გავხდებით. ეს ძალიან რთულია.

პირიქით, ევროპა უნდა დაგვეხმაროს უფრო დემოკრატიულები გავხდეთ. ამიტომ გვჭირდება ჩვენ ზუსტად ეს მაშველი რგოლი, რომ ამ ორბიტიდან გამოგვიყვანოს. აი, ეს არის ასახსნელი.

ჩვენს ქვეყანაში, როდესაც მეზობლად გყავს ასეთი მონსტრი, რომელსაც თან ოკუპირებული ჰყავხარ, იმაში რა არის გასაკვირი, რომ რუსული პროპაგანდის და მთავრობის არადემოკრატიულობის შედეგად 5 ივლისი და კიდევ უფრო უარესი მოხდეს.

ამიტომ აუცილებელია გულწრფელობა. ვერავის ჩვენ ვერ მოვატყუებთ. ეს არის ჩვენი ილუზიები, რომ ვითომ რაღაცას ჩავწერთ და ვითომ მოვიტყუებით და ამას ვიღაც გადაყლაპავს. არავინ არაფერს არ გადაყლაპავს. ყველა ჩვენზე ჭკვიანია. ერთადერთი, რაც უნდა ვთქვათ, არის სიმართლე. სიმართლე არის ყოველთვის მომგებიანი და ასევე არის ყოველთვის განმაიარაღებელი.

რაც არ გვაქვს, უნდა ვაღიაროთ და ვთქვათ, რომ გვიშველონ ამის გამოსწორებაში.

  • თქვენ გაქვთ საქართველოს ევროპული მომავლის ხედვა – რკინის ფარდის მიღმა რომ არ აღმოჩნდეს ქვეყანა, ყველამ უნდა იმუშაოს ევროპარლამენტარებთანო. თქვით, რომ უნდა შეიქმნას ახალგაზრდული ფოკუს-ჯგუფები, რომლებიც კავშირზე გავლენ ევროპარლამენტარებთან. რომ ეს ფოკუს-ჯგუფები მთელ ქვეყანაში უნდა გაიშალონ. როგორ წარმოგიდგენიათ ამ ჯგუფების შექმნა და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? რა უნდა გააკეთონ ამ ფოკუს-ჯგუფებმა, რა უნდა იყოს მათი მესიჯები?

სხვათა შორის, ამ იდეას უკვე გამოეხმაურა ძალიან კარგი და აქტიური ახალგაზრდების ჯგუფი. ასე ვთქვათ, ახლა მიმდინარეობს ამ ჯგუფების ჩამოყალიბება. იდეა ისაა, რომ ეს ჯგუფი უნდა იყოს ენთუზიაზმზე დაფუძნებული. ის ვერც ერთ ვარიანტში ვერ ჩაანაცვლებს მთავრობას ან პოლიტიკოსებს. ეს არის სპონტანურად შექმნილი ახალგაზრდული ჯგუფები, მათი მიზანია პირდაპირ კავშირზე გავიდნენ ევროპარლამენტარებთან. ჩაერთონ ზუმში და პირდაპირ გაიტანონ ეს მესიჯი, რომ საქართველო იმსახურებს ევროკავშირში მიღებას და რომ სხვა შემთხვევაში საქართველო დაიღუპება.

ეს ძალიან ეფექტურია. იმიტომ, რომ ნებისმიერი დასავლელი პოლიტიკოსი ყოველთვის სიმპათიით იქნება გამსჭვალული ასეთი ტიპის შეხვედრების და ასეთი ტიპის გზავნილების მიმართ. ეს ჯგუფები ყალიბდება.

ვფიქრობ, უნდა შეიქმნას საზოგადოებრივი მოძრაობა ნეირონული ქსელის პრინციპზე. როგორც ნერვული უჯრედებია ერთმანეთზე გადაბმული, ასეთი ეროვნული ქსელი. ეს უნდა იყოს ენთუზიაზმზე დაფუძნებული, ყველა ყველასთან კავშირში, საზოგადოებრივი მოძრაობის ქსელი, რომელიც აი, ამ მესიჯების გატანას მოემსახურება.

Batumelebi|Netgazeti · Გია Დვალი Კონსოლიდაციის Შესახებ

კონსოლიდაციის, გაერთიანების მომენტია ყველაზე მნიშვნელოვანი.

იმისათვის, რომ საზოგადოება გაერთიანდეს, ჯერ უნდა გავიაზროთ რა არის საზოგადოების დაქსაქსულობის მიზეზი. შემდეგ რას ნიშნავს გაერთიანება.

როდესაც ვსაუბრობთ გაერთიანებაზე, იმას კი არ ვგულისხმობთ, რომ ერთ ღამეში საზოგადოება მოვიდეს ერთ ჭკუაზე და ერთმანეთს გამოუცხადონ უპირობო ნდობა. ასეთი რამ არცერთ საზოგადოებაში არ ხდება. აქ იგულისხმება არა რაღაც აბსტრაქტული გაერთიანება, არამედ გაერთიანება კონკრეტული მიზნისკენ, რომ ქვეყანა გამოვგლიჯოთ ამ დამღუპველ ორბიტას და გადავიყვანოთ ევროპული მომავლისკენ მიმავალ ორბიტაზე.

რეალობა როგორაა, დაქსაქსულობის ერთ-ერთი მიზეზი რა არის საზოგადოებაში? მოუშუშებელი ჭრილობები. უამრავი ადამიანი, როდესაც თქვენ მათ ეტყვით, რომ უნდა გავერთიანდეთ, გაიხსენებენ ან წინა მთავრობიდან მიყენებულ მოუშუშებელი ჭრილობებს, ან ამ მთავრობიდან. გეტყვიან – მე ახლა ვისთან გავერთიანდე?

როდესაც უამრავ ადამიანს აქვს მოუშუშებელი ჭრილობა, რომელიც წლებია გრძელდება, გეტყვიან, რომ წინა მთავრობის გამო ჩემი ახლობლები დაიღუპნენ. ვიღაცას ცხოვრება დაენგრა. ქონებებზე აღარ ვლაპარაკობ.

ძალიან ბევრი ადამიანია, ვინც ეს გადალახა და თქვა – მოდი, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ.

ადამიანების უმეტესობას უსამართლობა ამახსოვრდება. ეს ბუნებრივია. ჩვენ ადამიანები ვართ და ვიღაც თუ მოგვექცა უსამართლოდ, რა თქმა უნდა, ეს ჩვენში მოუშუშებელ ჭრილობას ტოვებს. ის ადამიანი იქნება 100 %-იანი მართალი. გეტყვის, „რომელ გაერთიანებაზე მელაპარაკები, ვისთან უნდა გავერთიანდე?“

აი, ზუსტად ეს უნდა ავუხსნათ, რომ ეს გაერთიანება არის კონკრეტული მიზნის გარშემო გაერთიანება, რომელიც ზუსტად იმას ემსახურება, რომ მსგავსი ჭრილობები აღარავის მიადგეს ჩვენს საზოგადოებაში.

დემოკრატიულები ჩვენ ევროპასთან ურთიერთობის გარეშე ვერ გავხდებით და დემოკრატიულები თუ ვერ გავხდებით, ყოველთვის იქნება ასეთი ჭრილობები. ყველა უბედურება საქართველოში მოდის იქიდან, რომ საქართველომ ვერ მოახერხა დემოკრატიული საზოგადოების შექმნა. ვერ მოახერხა დამოუკიდებელი სასამართლო და ა.შ.

როგორც კი დემოკრატიული საზოგადოება შეიქმნება, ეს პრობლემები… გამონაკლისის ყველგან არის, მაგრამ მეტ-ნაკლებად დემოკრატიული საზოგადოება იძლევა საშუალებას, რომ ასეთი ჭრილობები აღარ იყოს.

ეს უნდა განემარტოს ჩვენს საზოგადოებას, რომ გაერთიანებას არავინ არ სთხოვს არავის, რაღაცა კონკრეტული პოლიტიკური მესიჯების გარშემო. ეს არის გაერთიანება გადასარჩენად.

  • დღეს ქართული საზოგადოება, სხვადასხვა მხარეს მდგარი ადამიანები ერთმანეთს არ ელაპარაკებიან და არ უსმენენ. არსებობს გამოთქმა – „ვერ გააღვიძებ ადამიანს, რომელიც თავს იმძინარებს“. როცა არცერთ მხარეს არ უნდა ერთმანეთის მოსმენა, რა შეიძლება აღმოჩნდეს ის გადაკვეთის წერტილი, როცა ადამიანები ერთმანეთის მოსმენას დაიწყებენ?

ძალიან იშვიათად ხდება, როდესაც სიმართლე არის იმდენად შიშველი, რომ ცხადია და იმას არ სჭირდება ძალიან ბევრი გამართლება.

აი, ასეთ სიტუაციაში ვართ დღეს. არის სიმართლე, რომელიც არის ცალსახა და შეუიარაღებელი თვალითაც უნდა იყოს დასანახი ნებისმიერი მხარისთვის. ზუსტად აქ არის აუცილებელი, რომ საზოგადოებას ავუხსნათ. აქ უფრო გამოიკვეთება საზოგადოების წარმომადგენლების როლი.

მე  რატომ ვლაპარაკობ ამ დღეებში ამდენს, როცა ცხოვრებაში პოლიტიკურ თოქ-შოუში მონაწილეობა არ მიმიღია არასდროს. ახლა ვთვლი, რომ მოვალეობაა ჩვენი საზოგადოების წარმომადგენლების, რომლებიც არანაირ პოლიტიკურ დღის წესრიგში არ ვეწერებით, მაგრამ ჩვენ გვინდა საზოგადოებას დავანახოთ რა არის სიმართლე, რის გარშემოც საზოგადოების კონსოლიდაცია არის შესაძლებელი.

სიმართლე არის გადარჩენა. გაყინულ წყალში ვართ და უნდა გადავრჩეთ. რომ გადავრჩეთ, ერთად უნდა მივცუროთ რაღაც ადგილამდე. ამის გარშემოა გაერთიანებაზე ლაპარაკი და არა პოლიტიკური დღის წესრიგის გარშემო.

ეს უნდა იყოს გააზრებული. რა თქმა უნდა, ამას ხელს უშლის სამთავრობო პროპაგანდა მარტივი მესიჯებით – ომი თუ თავისუფლება. ამ მარტივი მესიჯებით ცდილობენ სიმართლე დაბურონ.

როდესაც სიმართლე არის ცალსახა, ერთადერთი არგუმენტი, რაც რჩება მოწინააღმდეგეს, არის ის, რომ რაღაცნაირად ეს სიმართლე დაბუროს. პრიმიტიული მესიჯები, რომელიც იწვევს ირაციონალურ შიშს ადამიანებში, სწორედ აქეთკენაა მიმართული, რომ ვერ მოხდეს ორიენტირის გამოკვეთა.

  • „აბა ომი გინდათ?“ – ეს არის ხელისუფლების რიტორიკა ნებისმიერ განსხვავებულ აზრზე. თქვენ საუბრობთ ირაციონალურ შიშზე. თქვენი აზრით, რა კვებავს ამ შიშს საქართველოში სამთავრობო რიტორიკის გარდა?

ეს მესიჯი არის რუსული პროპაგანდა. ეს არის ერთი-ერთი ფსევდო არგუმენტი იმ ორბიტაზე ქვეყნის გადაყვანისთვის. მთელი რუსული პროპაგანდა ამას კვებავს. ჩვენ უნდა გავიაზროთ შემდეგი – არავინ ჭკუათმყოფელი არ ამბობს, რომ ომი არ მოხდება. აქ ლაპარაკი სხვა რამეზეა. რამ შეიძლება გამოიწვიოს ომი და რამ შეიძლება თავიდან აგვაცილოს. ჩვენ ხომ ვლაპარაკობთ ალბათობაზე. ჩვენ გაურკვეველი, ქაოსური მეზობლის გვერდით ვცხოვრობთ. რა თქმა უნდა, არანაირი გიჟური მოქმედების გამორიცხვა არ შეიძლება. ჩვენ ვერ ვიწინასწარმეტყველებთ, რა ხდება ამ ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის თავში.

ამიტომ ჩვენ რაც შეგვიძლია, ის უნდა გავთვალოთ მკაფიოდ არსებულ ორიენტირებზე. მორჩა, ჩვენ სხვა ვერაფერზე ვერ ვიმარჩიელებთ. მკაფიოდ არსებული ორიენტირი, რომელსაც რაღაც დაცვის შანსი აქვს, ეს არის ევროკავშირი და დასავლეთი – ნატო.

კონკრეტული ამ სიტუაციაში ევროკავშირია. სხვა არაფერს კონკრეტიკა არ გააჩნია.

ახლა ამის ლაპარაკი და მარჩიელობა – უარვყოთ ევროკავშირი, გავშეშდეთ, ამით ჩვენ რამე რეალურ საფრთხეს თავიდან ავიცილებთ – ამას არანაირი საფუძველი არ აქვს. არანაირი არგუმენტი არაა.

ჩვენ გვაქვს ასეთი არჩევანი – ერთის მხრივ სრული გაურკვევლობა და დიდი ალბათობით შავი ხვრელის ორბიტაზე მოხვედრა, თუ ჩაყლაპვა არა და მეორეს მხრივ არის ორიენტირი, რომლისკენაც ცურვა შეგვიძლია.

რა უნდა ამოირჩიოს ადამიანმა ამ დროს? როდესაც გაყინულ წყალში ტივტივებ და არის ორიენტირი, სადაც უნდა მიცურდე და მეორე – სრული ქაოსი და გაურკვევლობა? შეიძლება ვიღაცამ გითხრას – მე არ მინდა გაცურვა. დავრჩეთ აქ ადგილზე, ვიტივტივოთ და შეიძლება რაღაც ხომალდი ციდან ჩამოფრინდეს და გადაგვარჩინოს. ან რა ვიცი, უცებ კუნძული ამოვიდეს.

რა თქმა უნდა, შეიძლება რაღაც მოხდეს, მაგრამ რაციონალურად ადამიანმა ხომ არ შეიძლება ეს გადაწყვეტილება მიიღოს, არა?! რაციონალური გადაწყვეტილებით ადამიანი მიდის იმ გზით, რასაც ხედავს. იმხელა ბეწვის ხიდზე უნდა გავიაროთ ამ ღია ფანჯრის განმავლობაში, რომ ევროკავშირი დავარწმუნოთ, მაგრამ სხვა ალტერნატივა ვინმეს წარმოუდგენია ჩვენთვის? რამე არგუმენტი მოუცია? გარდა აზრიდან დაცლილი მანტრების – „აბა ომი გინდათ?! აბა მშვიდობა გინდათ?!“

შესაბამისად, მე, მოქალაქეს, როდესაც მთავრობა მელაპარაკება ასეთი მესიჯებით, ჩემი რეაქცია არის, რომ ამ მესიჯების უკან არანაირი საღი აზრი არ დგას. ეს მესიჯი ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ სიმართლე დაბუროს.

სამწუხაროდ, ეს მოქმედებს ადამიანებზე.

ჩვენ ასე ვართ მოწყობილი, რაც უფრო პრიმიტიულია მესიჯი, უფრო ადვილად მოქმედებს ჩვენზე. ბინარული კოდი რომ ავიღოთ. ბინარული კოდი რა არის? ყველაზე მარტივი ინფორმაციის მატარებელი. 0 და 1. კი – არა. 0 და 1. ამაზე მარტივი პრიმიტიული ინფორმაცია არ არსებობს და ეს ყველაზე მოქმედებს, იმიტომ, რომ შენ თუ ადამიანს აძლევ ორ არჩევანს და მეტს არაფერს, რა თქმა უნდა, ის ოდნავი გადახრაც მას დააჯერებს არჩევანში, რომელიც შეესაბამება მისი გადარჩენის ინსტინქტს.

ადამიანს როცა თქვენ ეუბნებით, ომი თუ თავისუფლება, გადარჩენის ინსტინქტი მას ეტყვის, რომ რა თქმა უნდა, არ მინდა ომი. ყოველთვის იქით გადაიხრება.

პრობლემა ის არის, რომ არ არსებობს არანაირი გახსნილი სივრცე, არანაირი დიალოგი, არანაირი სურვილი, რომ რაღაც გავიაზროთ, რაღაც გადავწყვიტოთ.

თან ახლა უკვე ამის დროც აღარ არის, ისეთ სიტუაციაში ვართ. ე.ი. ყველამ ერთად უნდა გავიაროთ იმ ბეწვის ხიდზე, რომ ფანჯარაში ფეხი მაინც შევყოთ.

  • საჯარო პირების გამოსვლის მნიშვნელობაზე მინდა გკითხოთ. „ბათუმელები“ ცდილობს აპოლიტიკურ ადამიანებთან ინტერვიუ ჩაწეროს და მათი პოზიცია გაიგოს ქვეყნის კურსთან და საქართველოში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. რატომ არის მნიშვნელოვანი თავის სფეროში წარმატებულმა ადამიანებმა გამოხატონ თავიანთი პოზიცია ამ ქვეყანაზე?

ასეთ სიტუაციაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას მიეწოდოს საღი აზრი ისეთი მხრიდან, რომელსაც არ აქვს პოლიტიკური დღის წესრიგი. მე იმას კი არ ვიძახი, რომ პოლიტიკური დღის წესრიგი ცუდია. პირიქით, პოლიტიკოსები რაც უფრო იაქტიურებენ, მით უკეთესია. ჩვენი პრობლემა ისაა, რომ არ აქტიურობენ. რა თქმა უნდა, ოპოზიციას უდიდესი როლი გააჩნია ქვეყნის განვითარებაში და მაქსიმალური ძალისხმევა უნდა გაიღოს, მაგრამ კონსოლიდაციისთვის ასევე აუცილებელია არსებობდეს საღი აზრის სივრცე, რომელიც თავისუფალია პოლიტიკური დღის წესრიგისგან.

ახლა მე რასაც ვლაპარაკობ, პოლიტიკურია აბა რა არის, რუსეთის ორბიტიდან უნდა გამოვიდეთ და წავიდეთ ევროკავშირისკენ. ამაზე პოლიტიკური შეუძლებელია, მაგრამ ეს არის უფრო გლობალური პოლიტიკური დღის წესრიგი, რომელიც შიგნით დანაწევრებული არ მაქვს პატარ-პატარა რაღაცებად. ვცდილობ, რომ დიდ სურათზე ვილაპარაკო.

პრობლემა არის შემდეგი – როდესაც ქვეყანა არ არის დემოკრატიული, შესაბამისად ამ ქვეყანაში არ არსებობს გარანტიები, რომ ადამიანის პოლიტიკური შეხედულებების გამო არ მოხდება მათი დევნა. ხომ გვქონდა ჩვენ შემთხვევები, როდესაც მუზეუმიდან მეცნიერები გაყარეს, თანამშრომლები გაყარეს, რაც პირდაპირი დარღვევაა აკადემიური თავისუფლების.

წინა მთავრობის დროსაც იყო ასეთი მაგალითები.

როდესაც ხალხი დასაქმებულია სახელმწიფო ინსტიტუციებში, მათთვის ძალიან რთულია, რომ გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები, რადგან პირდაპირ ტერორი მიდის მათზე. ახლა ომმა გადაფარა, თორემ ხალხმა, რომელმაც პროტესტი გამოთქვა, შეიძლება სამსახური დაკარგოს და ა.შ.

სისტემა, რომელიც არის მაამებლურ პრინციპებზე აგებული, თავისას შვრება. როდესაც მთავრობა სელექციას აკეთებს ამ პრინციპის, რა თქმა უნდა, ყველა საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელიც სამთავრობო ბიუჯეტიდან ფინანსდება, ან სამთავრობოა, ამ ორბიტაზე ექცევა.

გადახედეთ, რომელმა სამთავრობო ორგანიზაციამ ან სამეცნიერო ორგანიზაციამ, რომელმა გააპროტესტა ომი?

მაგალითად, მეცნიერებათა აკადემიამ. ერთი განცხადება მაინც იყო? ეს მაშინ, როდესაც თვითონ რუსეთში აპროტესტებენ მეცნიერები ამ ომს. ზოგიერთი ციხეში წავიდა ამის გამო.

რატომ ხდება ასე?

რაღაცნაირი ჭაობი შეიქმნა, სადაც სელექციაა და ეს ავტომატურად ხდება. მე იმას კი არ ვამბობ, რომ ამას ვიღაც ავალებთ. არა, ეს ბუნებრივად ხდება. შენ როდესაც ქმნი სისტემას, რომელიც არ არის დემოკრატიული და რომელშიც ადამიანს ეშინია თავისი აზრის გამოთქმის, იქ სელექცია ბუნებრივად მოხდება. ის გაისუსება, გაჩუმდება. იტყვის, ახლა მე რატომ ავიტკივო თავი, სად გამოვიდე და ა.შ.

შესაბამისად, შემდეგ მოხდება ის, რომ ნორმალური ხალხი ასეთ სტრუქტურებს დატოვებს, არანაირი სურვილი არ ექნებათ ასეთ სტრუქტურაში იმუშაონ და ეცდებიან თვითონ დააარსონ რაღაც ორგანიზაცია. ბუნებრივად ხდება გადარჩევა. ძალიან დიდი პრობლემაა ჩვენს ქვეყანაში ის, რომ საზოგადოების ხმა არ ისმის.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: