მთავარი,სიახლეები

ამდენ საშინელებაშია დამნაშავე რუსეთი და ამბობს, რომ არ არის დამნაშავე – გალკინი

25.04.2022 • 3435
ამდენ საშინელებაშია დამნაშავე რუსეთი და ამბობს, რომ არ არის დამნაშავე – გალკინი

რუსი შოუმენი, იუმორისტი და ტელეწამყვანი მაქსიმ გალკინი ინსტაგრამზე გამოეხმაურა ოდესაში საცხოვრებელი სახლის დაბომბვას, რის შედეგადაც 6 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, 3 თვის ბავშვი.

„აღდგომის დღესასწაულის წინ, წმინდა ცეცხლის გადმოსვლის დღეს, რუსეთის მფრინავი რაკეტები მიფრინავენ ოდესაში საცხოვრებელი სახლისკენ, იღუპება ოჯახი, იღუპება 3 თვის ბავშვი.

ერთდროულად ლოცულობთ იერუსალიმის პატრიარქთან ერთად მშვიდობაზე. თქვენ, ოფიციალურ პირებს, მოგაქვთ წმინდა ცეცხლი რუსეთში და ამავე დროს იგივე ხელისუფლება აგზავნის ამ რაკეტებს.

თუ ეს ისევ „ჩვენ არ ვართ“?

ამდენ საშინელებაში დამნაშავეა რუსეთი და ამავე დროს ამბობს, რომ არ არის დამნაშავე.

მხეცობა ბუჩაში – ეს ჩვენ არ ვართ; მალაიზიური ბოინგი – ეს ჩვენ არ ვართ, მარიუპოლი მიწასთან გაასწორეს – ეს ჩვენ არ ვართ; ოდესაში რაკეტა მიფრინავს – ეს ჩვენ ვართ, მაგრამ მთლად ჩვენც არ ვართ, ყველაფერი – ეს ჩვენ არ ვართ.

აბა, რას ვაკეთებთ ჩვენ იქ?!“ – ამბობს მაქსიმ გალკინი ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ ვიდეოში.

გალკინმა, რომელსაც 9 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს ინსტაგრამზე, პირველი პოსტი რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის პირველსავე დღეს, 24 თებერვალს, გამოაქვეყნა. „დილიდანვე ვუკავშირდები ნათესავებსა და მეგობრებს უკრაინიდან! სიტყვებით ვერ გადმოვცემ, რას ვგრძნობ! ომის გამართლება არ შეიძლება!“ – დაწერა გალკინმა.

მან ცოლთან, ალა პუგაჩოვასთან და შვილებთან ერთად რუსეთი დატოვა და ამჟამად ისრაელში იმყოფება.

ერთი კვირის წინ გალკინმა მარიუპოლელი ბავშვის, კირას ვიდეო გამოაქვეყნა ინსტაგრამზე, სადაც პატარა ბავშვი ჰყვება, როგორ დაშავდა მარიუპოლიდან გამოქცევისას. „ეს უკრაინელი გოგონა ნამდვილად არ აპირებდა არავისზე თავდასხმას, “ – დაწერა გალკინმა.

გალკინი აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც მისი პოზიცია ომთან დაკავშირებით ცნობილი გახდა, რუსეთში შეუჩერეს სარეკლამო ხელშეკრულებები, უკვე დაგეგმილი კონცერტები და სატელევიზიო ეთერიდან ჩახსნეს ის სარეკლამო რგოლებიც, სადაც თვითონ მონაწილეობდა.

გალკინმა ივნისში კონცერტები დააანონსა ისრაელში და განაცხადა, რომ ბილეთებიდან შემოსული თანხის ნაწილი უკრაინელი დევნილების დასახმარებლად გადაირიცხება.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: