მთავარი,სიახლეები

გამოცდებზე პირბადე ისევ სავალდებულო იქნება – ახალი რეკომენდაციები გამოცდების ცენტრისთვის

23.04.2022
გამოცდებზე პირბადე ისევ სავალდებულო იქნება – ახალი რეკომენდაციები გამოცდების ცენტრისთვის

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული გამოცდებისთვის, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დადგენილი რეკომენდაციები შეიცვალა.

პერსონალი, მეთვალყურეები და გამოსაცდელები საგამოცდო ცენტრში ინდივიდუალური დაცვის საშუალებების [პირბადის] გარეშე ისევ არ დაიშვებიან, თუმცა აღარ იქნება სავალდებულო ტემპერატურის შემოწმება.

ახალი რეკომენდაციები საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა 2022 წლის 20 აპრილს დაამტკიცა.

გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა:

  • გამოსაცდელები წინასწარ უნდა გააფრთხილოს, რომ ზედმეტი ნივთები [გარდა კალმისა და აუცილებელი ნივთებისა] საგამოცდო ცენტრში არ შეიტანონ;
  • გელიანი კალმები, რომლებსაც ხშირად იყენებენ გამოსაცდელები, ყოველი მოხმარების შემდეგ უნდა გაიწმინდოს სადეზინფექციო ხსნარით;
  • მაქსიმალურად უნდა შეამციროს მეთვალყურეთა რაოდენობა ან უნდა გამოიყენოს როტაციის პრინციპი იმგვარად, რომ ერთ სესიაზე ერთ სექტორში არაუმეტეს ორმა მეთვალყურემ შეასრულოს თავისი ვალდებულებები;
  • ყოველი ცვლის შემდგომ უნდა გამოიყენონ სანიტარიული შესვენება;
  • მაგიდებს შორის, როგორც სიგანეში, ასევე ერთმანეთის მიმდევრობით მანძილი უნდა იყოს არანაკლებ 1 მეტრისა [ადრე იყო 2 მეტრი].
  • სესიის დაწყებამდე საგამოცდო სივრცის დასუფთავება/დეზინფექცია სავალდებულოა – განიავება გაღებული ფანჯრებისა და კარის პირობებში, 30 წუთის განმავლობაში ორპირი ქარის პრინციპით; სესიის განმავლობაში უპირატესობა უნდა მიენიჭოს უსაფრთხო ბუნებრივ ვენტილაციას, ხოლო კონდიცირების საჭიროებისას – უზრუნველყოფილი უნდა იყოს სუფთა ჰაერის შემოდინება ფანჯრების ან მცირე სარკმლების საშუალებით;

 

 

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ღია სივრცეში პირბადეების ტარების ვალდებულება 28 მარტიდან გაუქმდა.

თუმცა, პირბადის ტარების ვალდებულება რჩება, როგორც დახურულ სივრცეებში, ისე – ტრანსპორტში. ეს არის, პრაქტიკულად, ერთადერთი შეზღუდვა ამ ეტაპზე, რომელიც პანდემიის გამო საქართველოში დარჩა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დიდი ალბათობით, წელს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია პანდემიას დასრულებულად გამოაცხადებს, თუ ვირუსის ევოლუციაში რაიმე ექსტრაორდინარული არ მოხდა.

ქვეყანაში კოვიდრეგულაციები და რეკომენდაციები, არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, მუდმივად იცვლება.

მთავარი ფოტო: ერთიანი ეროვნული გამოცდები 2021

 

ნახეთ რა კოვიდრეგულაციები მოქმედებდა გამოცდებზე 2021 წელს:

რა ხდება, თუ გამოცდაზე აბიტურიენტს 37 და მეტი ტემპერატურა აქვს – ახალი რეკომენდაციები

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: