ბათუმი,კულტურული მემკვიდრეობა,მთავარი,სიახლეები

ინტურისტის გვერდით 8-სართულიანი ახალი სასტუმრო აშენდება

24.04.2022
ინტურისტის გვერდით 8-სართულიანი ახალი სასტუმრო აშენდება

ბათუმში, რუსთაველის ქუჩის 20 ნომერში, 150-ნომრიანი სასტუმრო აშენდება. მშენებლობა დაგეგმილია „ინტურისტის“ გვერდით, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

ახალი შენობა, პროექტის მიხედვით, 8-სართულიანი [დამატებით ერთი სართული მიწის ქვეშ],  28 მეტრი სიმაღლის იქნება. მასში სასტუმროს ნომრებთან ერთად განთავსდება ასევე სასტუმროს ტიპის ბინები და კომერციული ფართობები.

ბათუმის მერიამ სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების [სგშ] ჩატარების საჭიროების დასადგენად საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში 2022 წლის 12 აპრილს რუსთაველის ქუჩაზე, №20-ში არსებული მიწის ნაკვეთის განაშენიანების დეტალური გეგმა და სკრინინგის განცხადება წარადგინა.

სამინისტრომ უნდა გადაწყვიტოს, საჭიროა თუ არა სგშ-ს ჩატარება.

ბათუმში, რუსთაველის ქუჩა N20-ში არსებული შენობა [ზემოთ] და რენდერი [ქვემოთ] / ფოტოები განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციიდან

  • სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება [სგშ] – ეს არის „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ გათვალისწინებული სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელებით გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე შესაძლო ზემოქმედების შესწავლისა და ზოგადი პროგნოზირების პროცედურა. სგშ მოიცავს სკოპინგს, სგშ-ის ანგარიშის მომზადებას, საზოგადოების მონაწილეობას, უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებთან კონსულტაციების გამართვას და მათგან მიღებული რეკომენდაციებისა და შეფასების შედეგების მხედველობაში მიღებას სტრატეგიული დოკუმენტის მიღებისას/დამტკიცებისას“.
  • სკრინინგი კი არის პროცედურა, რომელიც განსაზღვრავს სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ჩატარების საჭიროებას.
  • სამინისტროს ინფორმაციით, წარმოდგენილ სკრინინგის განცხადებასა და სტრატეგიული დოკუმენტის პროექტთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები მოქალაქეებს შეუძლიათ წარუდგინონ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2022 წლის 2 მაისის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი №6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge

ბათუმში, რუსთაველის ქუჩა N20-ში მდებარე 1043 კვ/მეტრი ტერიტორია შპს ORIX-ს ეკუთვნის. ამ კომპანიის დირექტორი ზვიად ხავლოშვილია, ხოლო 100 პროცენტი წილის მფლობელი – შპს „ანურია“. „ანურიას“ მესაკუთრე კი არის კლიმენტი ქასრაძე, რომელიც საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეა.

ამავე თემაზე „ბათუმელები“ არქივიდან:

ინტურისტთან 10-სართულიანი სასტუმროს მშენებლობას გეგმავენ

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: