მთავარი,სიახლეები

ზელენსკიმ დაასახელა გარემოებები, რა შემთხვევაში დატოვებს უკრაინა მოლაპარაკებებს

23.04.2022 • 5049
ზელენსკიმ დაასახელა გარემოებები, რა შემთხვევაში დატოვებს უკრაინა მოლაპარაკებებს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს პრესკონფერენცია კიევის მეტროსადგურიდან გამართა, სადაც განაცხადა: „თუ ჩვენ ხალხს განადგურებენ მარიუპოლში, თუ რეფერენდუმს გამოაცხადებენ უკრაინის ნებისმიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, უკრაინა ნებისმიერი მოლაპარაკებიდან გამოვა“.

ბოლო კვირების განმავლობაში რუსული არმიის მიერ ოკუპირებულ ხერსონში მყოფი ჟურნალისტები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ რუსეთი „რეფერენდუმის“ ჩატარებას გეგმავს, რის შედეგადაც აპირებს ხერსონის ოლქის დამოუკიდებლობა გამოაცხადოს. ჟურნალისტების თქმით, რუსეთი ამას მონაცემების ფალსიფიკაციის გზით აპირებს.

სწორედ ამაზე ისაუბრა ცოტა ხნის წინ პრეზიდენტმა ზელენსკიმ და თქვა, რომ ის მზად არის პირადად შეხვდეს ვლადიმერ პუტინს:

„მე არ მეშინია პრეზიდენტთან [პუტინთან] შეხვედრის. უბრალოდ, შიშის უფლება არ მაქვს, რადგან ჩვენმა ხალხმა აჩვენა, რომ არაფრის ეშინია, შიშველი ხელებით შეაჩერეს ტანკები, ისევე როგორც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, ეროვნულ გვარდიამ. დიახ, ხალხს საკუთარი შვილების გამო ეშინია. სწორედ ამიტომ ნორმალურ ლიდერს არ უნდა ეშინოდეს, როცა საქმე ჩვენს სახელმწიფოსა და დამოუკიდებლობას ეხება“.

ზელენსკი აქვე ახსენა რეფერენდუმის საკითხი და განაცხადა, რომ უკრაინა გამოვა ნებისმიერი მოლაპარაკების პროცესიდან, თუ ხერსონის დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმს ჩაატარებენ:

„თუ ჩვენ ხალხს გაანადგურებენ მარიუპოლში, თუ რეფერენდუმს გამოაცხადებენ უკრაინის ნებისმიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, უკრაინა ნებისმიერი მოლაპარაკებიდან გამოვა.

იქ [ოკუპირებულ ტერიტორიებზე] ხალხმა უნდა იცოდეს და არ დაეხმაროს ოკუპანტს. ადგილობრივი მცხოვრებლები დადიან სახლიდან სახლში და მონაცემებს აგროვებენ. ეს რუსეთის არასწორი ნაბიჯია. ეს აჩვენებს, რომ ყველა წინა მოლაპარაკება არის ფიქცია – თეატრი ძალიან ცუდი მსახიობებით“.

ზელენსკიმ ასევე ისაუბრა იმაზეც, რომ უკრაინა ამ ომში აუცილებლად გაიმარჯვებს: „როცა გავიმარჯვებთ, ყველაზე ძლიერი და გამოცდილი არმია გვეყოლება. ჩვენ ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სახელმწიფო გავხდებით“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: