მთავარი,სიახლეები

ოდესაში სარაკეტო თავდასხმის შედეგად 3 თვის ბავშვი დაიღუპა – პოდოლიაკი

23.04.2022 • 1187
ოდესაში სარაკეტო თავდასხმის შედეგად 3 თვის ბავშვი დაიღუპა – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი წერს, რომ ოდესაში დღეს განხორციელებული რუსული სარაკეტო თავდასხმების შედეგად 3 თვის ბავშვი დაიღუპა. მისი თქმით, თავდასხმამ სულ 6 ადამიანი იმსხვერპლა, 18 კი დაშავდა.

პრეზიდენტის მრჩეველი წერს:

„ოდესაში დღევანდელი სარაკეტო თავდასხმის 6 მსხვერპლს შორის იყო 3 თვის ბავშვი. ასევე დაშავდა 18 ადამიანი. კიდევ რამდენი ბავშვი უნდა მოკლას რუსეთმა, ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოთა სიაში რომ მოხვდეს? გვითხარით, ჩვენ დავითვლით“.

როგორც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე ვკითხულობთ, „ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოების“ სიაში სახელმწიფო მდივანს შეჰყავს ქვეყნები, რომლებმაც არაერთხელ დაუჭირეს მხარი საერთაშორისო ტერორისტულ აქტებს.

ერთად აღებული ოთხი ძირითადი კატეგორიის სანქციები, რომლებიც წარმოიქმნება ამ უფლებამოსილებების შესაბამისად, მოიცავს შეზღუდვებს აშშ-ის საგარეო დახმარებაზე; თავდაცვის ექსპორტსა და გაყიდვების აკრძალვას; ორმაგი დანიშნულების პროდუქციის გარკვეულ კონტროლს ექსპორტზე; ფინანსურ და სხვა სახის შეზღუდვებს.

ასევე, აშშ-ს აძლევს უფლებამოსილებას დააჯარიმოს ქვეყნები და პირები, რომლებიც ტერორიზმის სპონსორ ქვეყნებთან გარკვეული სახის სავაჭრო ურთიერთობაში ჩაერთვებიან.

ამჟამად ამ სიაში შეყვანილია ოთხი ქვეყანა: კუბა, კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა (ჩრდილოეთ კორეა), ირანი და სირია.

დღეს, 23 აპრილს, რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ დასახელება ასევე მოითხოვა, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ:

„ოდესაზე რუსული სარაკეტო დარტყმის ერთადერთი მიზანი ტერორია. რუსეთი უნდა დასახელდეს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ და, შესაბამისად, უნდა მოვეპყროთ. არც ბიზნესი, არც კონტაქტები, არც კულტურული პროექტები. ჩვენ გვჭირდება კედელი ცივილიზაციასა და ბარბაროსებს შორის, რომლებიც მშვიდობიან ქალაქებს რაკეტებით ესხმიან“.

___

რუსეთის ჯარებმა დღეს პირველად განახორციელეს სარაკეტო თავდასხმა ოდესაზე – უკრაინის შავიზღვისპირეთის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ქალაქზე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: