ქობულეთში, სოფელ ალამბარში მდებარე სასათბურე მეურნეობას აჭარის მთავრობა პირობებით აუქციონზე ყიდის. აუქციონი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ გამოაცხადა.
ქონების საწყისი გასაყიდი ფასია 2 270 000 ლარი, ვაჭრობის ბიჯი – 45 000 ლარი. 567 500 ლარი კი საგარანტიო თანხაა.
სასათბურე მეურნეობის მრავალწლიანი იჯარით გაცემა აჭარის მთავრობამ რამდენჯერმე სცადა, თუმცა უშედეგოდ. ამჯერად კი, ერთ ლოტად, პირობებით იყიდება შემდეგი ქონება:
- ჯამში 62 220 კვადრატული მეტრი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა;
- სათბურები, საერთო ფართობით 22 768,56 კვადრატული მეტრი
ელექტრონული აუქციონი დაწყებულია და ის 2022 წლის პირველ მარტს დასრულდება.
რაც შეეხება აუქციონის პირობას:
- ქონების მყიდველი ვალდებულია ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 3 თვის ვადაში, აამოქმედოს არსებული სათბურები და აგროპარკი, ამასთან, აგროპარკის არსებული ინფრასტრუქტურა შეინარჩუნოს 2023 წლის დეკემბრამდე. ამ პერიოდში დასაქმებულთა არანაკლებ 80% უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე;
- მყიდველი ასევე ვალდებულია საკუთრებაში გადაცემულ ქონებაზე 20 წლის ვადით შეინარჩუნოს დასაქმებულთა თანაფარდობა და სასოფლო-სამეურნეო პროფილი. მას უფლება ექნება, აუქციონზე შეძენილ მიწის ნაკვეთზე განათავსოს სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებისათვის [გადამუშავება, დაფასოება, შეფუთვა, შენახვა და ა.შ] საჭირო სხვა ნაგებობებიც.
- მყიდველმა, ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 წლის ვადაში საკუთრებაში გადაცემულ უძრავ ქონებაზე არანაკლებ 500 000 ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.
აუქციონში აღნიშნულია, რომ საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შემძენი არ შეიძლება იყოს:
- უცხოელი [ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე, ასევე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი];
- იურიდიული პირი, რომლის დომინანტი პარტნიორია უცხოელი ან/და საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირი ან რომლის დომინანტი პარტნიორი ვერ დგინდება.
აუქციონის პირობის სრულად სანახავად დააწკაპუნეთ აქ:
პირობა:
ა. აუქციონში მონაწილეობის “ბე“ განისაზღვროს ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასურის 25%-ის ოდენობით, რომელიც ჩაითვლება ქონების საპრივატიზებო საფასურში;
ბ. საბოლოო საპრივატიზებო საფასურის გადახდა აუქციონის დასრულებიდან 2 ეტაპად, კერძოდ:
- ბ.ა. 2022 წლის 1 დეკემბრამდე საბოლოო საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 25%-ის გადახდა;
- ბ.ბ. 2023 წლის 1 დეკემბრამდე დარჩენილი საპრივატიზებო საფასურის გადახდა.
გ. შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2 თვის ვადაში არანაკლებ ქონების საბოლოო საპრივატიზებო ღირებულების 1%-ის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარმოდგენა, რომლის ვადაც არანაკლებ 2 თვით უნდა აღემატებოდეს საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას;
დ. შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 3 თვის ვადაში, საპრივატიზებო მიწის ნაკვეთებზე არსებული სათბურების, თავისი სასაწყობე მეურნეობით (აგროპარკი) ამოქმედება და აგროპარკის არსებული ინფრასტრუქტურის შენარჩუნება არანაკლებ საპრივატიზებო საფასურის გადახდამდე, სადაც დასაქმებულთა, არანაკლებ 80% უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე;
ე. საკუთრებაში გადაცემულ ქონებაზე დასაქმებულთა თანაფარდობის და სასოფლო-სამეურნეო პროფილის შენარჩუნება არანაკლებ 20 წლის ვადით, ასევე დასაშვებია სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებისათვის საჭირო (გადამუშავება, დაფასოება, შეფუთვა, შენახვა და ა.შ) ნაგებობების განთავსება.
ვ. ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 (ორი) წლის ვადაში საკუთრებაში გადაცემულ უძრავ ქონებაზე არანაკლებ 500 000 (ხუთასი ათასი) ლარის ინვესტიციის განხორციელება;
ზ. პროფილის ვადით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 12 (თორმეტი) თვის ვადაში და შემდგომ პერიოდულად ყოველ 3 წელიწადში ერთხელ ნიადაგის ნაყოფიერების და ხარისხის შენარჩუნება /გაუმჯობესების გამოკვლევის მიზნით ნიადაგის ანალიზის დამადასტურებელი დოკუმენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის წარდგენა (რომლითაც უნდა დასტურდებოდეს ნიადაგის ნაყოფიერების და ხარისხის შენარჩუნება), ხოლო დადასტურებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის გამყიდველისათვის წარდგენა.
შენიშვნა:
1. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შემძენი არ შეიძლება იყოს: უცხოელი (ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე, ასევე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი); იურიდიული პირი, რომლის დომინანტი პარტნიორია უცხოელი ან/და საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირი ან რომლის დომინანტი პარტნიორი ვერ დგინდება.
2. აუქციონში გამარჯვებული საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიული პირი ვალდებულია, აუქციონის ჩატარებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში სამინისტროს წარუდგინოს ინფორმაცია/დოკუმენტაცია (მათ შორის, იურიდიული პირის წესდება და სააქციო საზოგადოების შემთხვევაში, შესაბამისი რეგისტრატორის მიერ გაცემული ამონაწერი ფასიანი ქაღალდების რეესტრიდან), რომლითაც უნდა დგინდებოდეს დომინანტი პარტნიორ(ებ)ი, ხოლო თუკი აუქციონში გამარჯვებული კერძო სამართლის იურიდიული პირის პარტნიორ(ებ)ი არის/არიან საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ი – ინფორმაცია/დოკუმენტაცია ყოველი შემდეგი პარტნიორი იურიდიული პირის დომინანტი პარტნიორ(ებ)ის შესახებ. ამასთან, აუქციონის შედეგები ძალას კარგავს და აუქციონში გამარჯვებულს არ უბრუნდება წარმოდგენილი საბანკო გარანტია/ბე აუქციონში გამარჯვებულის მიერ დადგენილ ვადაში აღნიშნული ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოუდგენლობისას ან/და თუკი აუქციონში გამარჯვებული პირი არ შეიძლება წარმოადგენდეს აუქციონის ფორმით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შემძენს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
3. ქონების პრივატიზებისას მყიდველი (მესაკუთრე) უფლებამოსილია ცალმხრივად ვადამდე შეწყვიტოს იჯარის ხელშეკრულება მეიჯარისადმი ხელშეკრულების შეწყვეტამდე არანაკლებ 2 თვით ადრე წერილობითი შეტყობინების საფუძველზე. ამასთან, მეიჯარე ვალდებულია გამოათავისუფლოს ქონება მესაკუთრის წერილობით მოთხოვნიდან არაუმეტეს 2 თვის ვადაში.
საუკეთესო წინადადების გამოვლენის კრიტერიუმად განისაზღვროს: მაქსიმალური გასაყიდი ფასის დასახელება, რომელიც უნდა აღემატებოდეს გამოცხადებულ საწყის საპრივატიზებო საფასურს დამატებული არანაკლებ ერთი ბიჯის ოდენობა (ქონება ითვლება პრივატიზებულად ელექტრონულ აუქციონში საბოლოო თანხის შემომთავაზებელ მონაწილეზე).
სასათბურე მეურნეობის 2046 წლამდე სარგებლობაში გადაცემაზე აუქციონი ბოლოს „აგროსერვისცენტრს“ ჰქონდა გამოცხადებული. აუქციონის საწყისი ფასი 188 240 ლარით, ხოლო წლიური საწყისი სარგებლობის საფასური 141 180 ლარით იყო განსაზღვრული.
ეს აუქციონი 2021 წლის 25 იანვარს უნდა დასრულებულიყო მაგრამ „აგროსერვისცენტრმა“ იგი შეწყვიტა.
ამავე თემაზე:
აჭარის მთავრობამ 160 ტონა ბოსტნეული მოიყვანა, სათბურებს კი 25 წლით ასხვისებს