ნეტგაზეთი • RU

მიწა 20%-იანი ფასდაკლებით ქობულეთის ფიჭვნარში, ზღვისპირას 

აჭარის მთავრობა გასაყიდი მიწებიდან ჯერარმიღებული ფულით ბიუჯეტს ზრდის და სხვადასხვა პროგრამის დასაფინანსებლად ანაწილებს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო კი, ქობულეთის ფიჭვნარში, ზღვისპირას, მიწის ნაკვეთს მესამე წელია ვერ ყიდის.

11 235 კვ.მ ფართობის მიწა გასაყიდად სამინისტრომ აუქციონზე უკვე მერვედ გამოიტანა. ამჯერად 20-პროცენტიანი ფასდაკლებით მეორედ, ვინაიდან იმავე ფასად წინა აუქციონზე ეს ნაკვეთი არ გაიყიდა – მონაწილეობა არავინ მიიღო.

მიმდინარე აუქციონი 9 ივლისს დასრულდება. მიწის საწყისი გასაყიდი ფასი, წინა აუქციონის მსგავსად, კვლავ 4 360 000 ლარია, ბიჯი კი – 100 ათასი ლარი.

მიწა პირობებით იყიდება – მთავარი პირობაა მომავალმა მესაკუთრემ ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 წელში აამოქმედოს არანაკლებ 100-ნომრიანი სასტუმრო, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ან/და სარეაბილიტაციო ცენტრი, მოაწყოს არანაკლებ 60 ავტომანქანაზე გათვლილი ავტოსადგომი და სკვერი.

აუქციონის პირობები სრულად ნახეთ აქ:
  • საბოლოო საპრივატიზებო საფასურის (“ბე“-ს (საწყისი საპრივატიზებო საფასურის 25%-ის ოდენობით) გამოკლებით) გადახდა აუქციონის დასრულებიდან 2 ეტაპად, კერძოდ:
    2021 წლის 1-ელ დეკემბრამდე არანაკლებ 25%-ის გადახდა;
    2022 წლის 1-ელ დეკემბრამდე დარჩენილი საპრივატიზებო საფასურის გადახდა.
  • ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2 თვის ვადაში არანაკლებ ქონების საწყისი საპრივატიზებო ღირებულების 1%-ის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარმოდგენა, რომლის ვადაც არანაკლებ 2 თვით უნდა აღემატებოდეს საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას;
  • ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვის ვადაში საპროექტო ობიექტის ვიზუალური ესკიზის (4 მხრიდან ხედი მოცულობაში, საპროექტო ობიექტის გაბარიტები ფასადის მოსაპირკეთებელი მასალების ჩვენებით), მათ შორის ზღვაზე გადასასვლელი ბილიკის სამინისტროში შესათანხმებლად წარმოდგენა (3 ეგზემპლარად);
  • ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვის ვადაში საკუთრებაში გადაცემული მიწის ნაკვეთზე განსათავსებელი მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობ(ებ)ის მშენებლობის ნებართვის მიღება, სადაც მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობა უნდა შეიცავდეს არანაკლებ 100-ნომრიან სასტუმროს, სპორტულ-გამაჯანსაღებელ ან/და სარეაბილიტაციო ცენტრს, არანაკლებ 60 ავტომანქანაზე გათვლილ ავტოსადგომს, სკვერს;
  • ხელშეკრულების გაფორმებიდან 36 თვის ვადაში მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობ(ებ)ის ნულოვანი ნიშნულის დასრულება;
  • ხელშეკრულების გაფორმებიდან 48 თვის ვადაში მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობ(ებ)ის მზიდი კონსტრუქციის (კარკასი) მშენებლობის დასრულება;
  • ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 თვის ვადაში შენობა-ნაგებობ(ებ)ის, (რომელიც უნდა მოიცავდეს არანაკლებ 100 (ასი)-ნომრიან სასტუმროს, სპორტულ-გამაჯანსაღებელ ან/და სარეაბილიტაციო ცენტრს, არანაკლებ 60 (სამოცი) ავტომანქანაზე გათვლილ ავტოსადგომს, სკვერს) ამოქმედება და არანაკლებ 20 წლის განმავლობაში პროფილის შენარჩუნება, სადაც დასაქმებულთა არანაკლებ 90%-ს უნდა შეადგენდეს საქართველოს მოქალაქეები;
  • ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 თვის ვადაში აღნიშნულ პროექტში არანაკლებ 20 000 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება.

 

სამინისტრომ ეს ნაკვეთი ერთ-ერთ აუქციონზე 75%-იანი ფასდაკლებითაც კი გაყიდა  – 1 146 250 ლარად [ერთ-ერთი პირობით მყიდველს არანაკლებ 50 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა ჩაედო]. მყიდველი შპს „ჯორჯიან რიზორთს კომპანი“ იყო, რომელმაც ხელშეკრულებას ხელი არ მოაწერა. შესაბამისად, უქციონი გაუქმდა.

ამის შემდეგ, მიმდინარე წლის თებერვალში, ეს ნაკვეთი 5 450 000 ლარად იყო გამოტანილი [თუმცა მყიდველს ამჯერად არანაკლებ 20 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა]. აუქციონი არ შედგა.

მიმდინარე წლის აპრილში კი, სამინისტრომ მიწა 20-პროცენტიანი ფასდაკლებით [ანუ 1 მილიონით ნაკლებად] გამოიტანა პირობებიან აუქციონზე, რომელიც ასევე არ შედგა.

აჭარის მთავრობა 2021 წელს, დაგეგმილთან შედარებით, დამატებით 62 მილიონ ლარს მარტო მიწის გაყიდვიდან ელის, ამ პროგნოზის საფუძველზე კი ბიუჯეტი გაზარდა.

რა არის მთავრობის როლი, როცა ბიუჯეტი მიწების გაყიდვის ხარჯზე იზრდება? –

„მნიშვნელოვანია, რომ ყველა იმ საპრივატიზაციო ობიექტს, გარდა იმისა, რომ მისი პრივატიზების შედეგად მოხდება ბიუჯეტში თანხების შევსება, თვითონ ეს ობიექტები მნიშვნელოვანია ეკონომიკური  აქტივობის თვალსაზრისით. აბსოლუტური უმრავლესობა ამ მიწის ნაკვეთებისა, რომელიც ჩვენ შეთავაზებული გვაქვს, ითვალისწინებს შესაბამის ვალდებულებებს,“ – განაცხადა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ ბათუმის დრამატული თეატრის შენობაში გამართულ მთავრობის სხდომაზე.

ამავე თემაზე:

აჭარის მთავრობა მიწების გაყიდვიდან 89 მილიონ ლარს ელოდება – ცვლილებები ბიუჯეტში

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com