მთავარი,სიახლეები

„დამნაშავე ყოველთვის სხვაა“ – რას ასწავლიან რუსულ პროპაგანდისტულ ანიმაციებში I ვიდეო

22.04.2022 •
„დამნაშავე ყოველთვის სხვაა“ – რას ასწავლიან რუსულ პროპაგანდისტულ ანიმაციებში I ვიდეო

რა ქმნის სიცრუის, დამახინჯებული ისტორიის, ან გეოგრაფიის ეფექტს, რასაც რუსეთში აჩვენებენ ბავშვებს, ამჯერად უკვე პირველივე კლასიდან? – ეს სამივე რესპონდენტს ვკითხეთ, ვისაც თანამედროვე რუსულ ანიმაციურ ფილმებზე ვესაუბრეთ. მაგალითად, ერთ-ერთ ანიმაციაში რუსეთი ძალიან კეთილი ვანიაა, უკრაინელი „კოლია“ კი ჯერ ითხოვს მიკოლი დამიძახეთო, ხოლო შემდეგ ის ბიჭი, ამერიკის დროშებიანი მაისური რომ აცვია, აქეზებს სხვების ჩაგვრისკენ. რუს ვანიას ფილმში ამერიკელი პერსონაჟი მაშინ უწყრება, როცა უკრაინელ მიკოლს ხელკეტს ართმევს.

ინტერნეტსივრცეში ნახავთ სხვა ზღაპრებს და ანიმაციებს, სადაც ჩანს რუსეთის სტრატეგია – შეაყვაროს ომი ბავშვებს, უთხრას, რომ სინამდვილეში რუსეთი მხოლოდ „რუსულ მიწას“ იცავს.

მაგალითად, ერთ ასეთ ვიდეო კლიპში მოსწავლეები გეოგრაფიის გაკვეთილზე მღერიან: „დონეცკიდან კრემლამდე ეს ჩემი სამშობლოა“. მოსწავლეები მასწავლებელს აბარებენ გაკვეთილს „შეცვლილ გეოგრაფიაზე“, სადაც რუსეთ საზღვარი არ აქვს, როგორც ეს პუტინმა ერთ-ერთ მუსიკალურ შოუში უთხრა ბავშვს. მოსწავლეები სწრაფად ატრიალებენ ხელში გლობუსს. მასწავლებელი კმაყოფილია.

რა ჩანს ანიმაციური ფილმებიდან, რასაც დღეს რუსეთში უჩვენებენ ბავშვებს? – „ბათუმელები“ ამ თემაზე ესაუბრა ფსიქოლოგ მაია ცირამუას, კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილს და პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას. მათ, პირველ რიგში, ეს ანიმაციები საკუთარ ბავშვობას ახსენებს, როცა საბჭოთა პროპაგანდა ისევ ამერიკას აჩვენებდა, როგორც მტერს.

„რუსეთში განსაკუთრებით უყვართ ისტორიის გაყალბება“ – პოლიტოლოგი რუსულ ანიმაციებსა და ომზე, რომელსაც რუსეთში ბავშვებსაც აყვარებენ  

„გეოპოლიტიკური ბოდვები“ – ასე ასათაურებს პოლიტოლოგი რუსეთის მცდელობებს, ბავშვებსაც თავს მოახვიოს რუსული პროპაგანდა და დააჯეროს, რომ რუსეთი სინამდვილეში კეთილია და მშვიდობას ამყარებს. კორნელი კაკაჩია მიიჩნევს, რომ რუსეთში განსაკუთრებულად უყვართ ისტორიის გაყალბება და ხშირად საზოგადოებას აქვს ამაზე მოთხოვნა.

„ფაქტია, რომ მუშაობს ეს გეოპოლიტიკური ბოდვები… მათ ისტორიულად გამოუმუშავდათ ეს ფსიქოლოგია. მოგეხსნებათ, რუსეთში ბევრგან სტეპებია და მტრისთვის წინაღობა რომ შეექმნათ, ძირითადად გარე ტერიტორიაზე აწყობდნენ თავდაცვით ზღუდეებს. მაგალითად, პირველი და მეორე მსოფლიო ომები ძირითადად ახლანდელი ბელარუსიისა და უკრაინის ტერიტორიაზე იწარმოებოდა, რუსეთის ცენტრალურ ტერიტორიაზე კი, ნაკლებად. მათი მიზანი ყოველთვის იყო, რომ ცენტრალურ რუსეთს საფრთხე არიდებოდა.

კორნელი კაკაჩია

ეს პროპაგანდისტული ხრიკები, რომელსაც დღეს კრემლი იყენებს, მიმართულია იმის ხაზგასასმელად, რომ თითქოს რუსებსა და უკრაინელებს შორის არავითარი განსხვავება არ არის და მესამე ძალის ბრალია, რომელიც სხვადასხვა ფორმით მათ დაახლოებას ხელს უშლის. ისინი დღეს ბავშვებსაც ამას უნერგავენ, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად დაკარგეს ისტორიული ტერიტორიები და სულაც არ აინტერესებთ, რომ იმ ტერიტორიაზე მანამდე ცხოვრობდა ხალხი, სახელმწიფოები არსებობდა. რუსეთი ისევ ამ შოვინისტური, იმპერიალისტური იდეოლოგიით ზრდის ახალ თაობებს,“ – მიიჩნევს კორნელი კაკაჩია.

პოლიტოლოგის დაკვირვებით, ამ კუთხით რუსეთი განსაკუთრებით მას შემდეგ გააქტიურდა, როცა პუტინის მომხრეებმაც კი იგრძნეს საერთაშორისო წნეხის გავლენა და მიხვდნენ, რომ ამ შემთხვევაში რუსეთი მშრალად ვერ გამოვა, როგორც სხვა დროს.

„მათ სურთ მორალური დილემის გადალახვაც, რადგან ახლა უკვე პუტინის მომხრეებსაც ვერ მოატყუებ, თუ ვინ დაიწყო ომი უკრაინაში და რატომ. რუსები საკუთარ თავს ხომ არ გამოუტყდებიან, რომ თავად ჩაიდინეს ეს და არაფრით განსხვავდებიან მათგან, ვინც მეორე მსოფლიო ომი დაიწყო. შესაბამისად, ისინი მოქმედებენ „გაღმა შეედავეს“ პრინციპით.

რა არის მიმზიდველი ამ მითებში, გაყალბებულ გეოგრაფიასა და ისტორიაში? – კორნელი კაკაჩია გვიზიარებს კიდევ ერთ შეხედულებას, რაც მას აფიქრებინებს, რომ რუსეთში არაფერი არც ახლო მომავალში შეიცვლება.

„ზოგადად, რუსული საზოგადოებას ახასიათებს ცენტრალური ხელისუფლების ნარატივის მიმღებლობა. რასაც მეფის რუსეთი ამბობდა, იმის სჯეროდათ, შემდეგ საბჭოთა ხელისუფლების სჯეროდათ და ასე მოვიდნენ აქამდე… ისტორიული ფაქტების მიჩქმალვა არის ჩვეულებრივი გასართობი საშუალება რუსული ელიტისთვის. გახსოვთ ხომ, პუტინმა საქართველოს ისტორიის საკუთარი ვერსიაც როგორ შეთხზა. ისინი ისტორიულ ფაქტებსაც კი ისე აყალბებენ, როგორც მოეჩვენებათ. პუტინს რა ვერსიაც აკმაყოფილებდა, ის მოყვა, ისტორიოგრაფიულ წყაროებს აქ არ აქვს მნიშვნელობა.

ეს არის ხელსაყრელი მითები, რომ საკუთარი აგრესიული გეოპოლიტიკური განზრახვები დამალონ. მეტ-ნაკლები წარმატებით ისინი ამას ახერხებენ კიდეც. ჯერჯერობით, რასაც კვლევები აჩვენებს, რუსები მზად არ არიან სიმართლეს თვალებში შეხედონ, თუმცა ომის დამთავრების შემდეგ დასჭირდებათ მათ გარკვეულწილად კონკრეტული საკითხების გააზრება და არავინ იცის, როგორ დასრულდება ეს პროცესი,“ – მიიჩნევს კორნელი კაკაჩია.

„ალყაშემორტყმული ციხესიმაგრის სინდრომი“ – პოლიტოლოგის აზრით, ამ კომპლექსით იმართება რუსეთი ამ დრომდე, რაც ანიმაციებშიც ჩანს.

„თითქოს ის ერთგვარი ციხესიმაგრეა, რომელსაც მთელი დანარჩენი სამყარო თავს ესხმის, მათი წმინდა მოვალეობა კი, მხოლოდ თავის დაცვაა, ისინი საერთოდ არ აჩვენებენ იმას, რომ პირიქით, თვითონ არიან დამპყრობლები. ეს სინდრომი დღემდეა აქტუალური რუსულ აზროვნებაში, განსაკუთრებით კი, პოლიტიკურ აზროვნებაში. ისინი თვლიან, რომ საქართველო [და ბალტიისპირეთის ქვეყნებიც კი], უტევს და საფრთხეს უქმნის მის არსებობას, მაგალითად იმით, რომ ნატოში უნდა შესვლა. ცდილობენ სიტუაციის ისე წარმოჩენას, რომ თითქოს ყველა მხრიდან ალყაში არიან,“ – ამბობს კორნელი კაკაჩია.

რუსულ საბავშვო ანიმაციებში რუს ვანიას კეთილი პერსონაჟის როლი აქვს. რატომ სჭირდება რუსეთს ეს როლი? – ესეც ვკითხეთ პოლიტოლოგს.

„მათ ჰგონიათ, რომ ეს არის მათი ისტორიული, მისიონერული მისია – აზიარონ ხალხები რუსულ ცივილიზაციას. რეალურად რუსეთში ხვდებიან, რომ დასავლეთთან შედარებით არ აქვთ ე.წ. „რბილი ძალა“ მეზობლებთან მიმართებაში, რაც რუსეთის მიმართ კეთილგანწყობას გამოიწვევდა, არც ეკონომიკაა განვითარებული, არც განათლების სისტემაა სანიმუშო… რუსეთს არ აქვს ეს „რბილი ძალა“ და იძულებულია ხისტი ძალით იმოქმედოს. ხისტი ძალით კი, მეზობლებს თავს ვერ შეაყვარებ, მით უფრო, ომით და ეთნიკური წმენდით,“ – მიიჩნევს კორნელი კაკაჩია.

რუსეთი ამ დრომდე ვერ ეგუება საბჭოთა კავშირის დაშლას, როცა ის აშშ-ის ერთგვარი საპირწონე იყო, განსაკუთრებით კი, „ცივი ომის“ დროს.

„რუსებს გამოჰყვათ კომპლექსი ამერიკაზე. პუტინის რეჟიმმა ვერ მოინელა ის, რომ საბჭოთა კავშირი დაიშალა. მათ უნდათ, აშშ-მ და დასავლეთმა აღიაროს რუსეთის იმპერია, როგორც აშშ-ის საპირწონე. მათ მიაჩნიათ, რომ ამერიკა რუსეთს თავს არც კი უყადრებს და, მაგალითად, აშშ-თვის ჩინეთი უფრო მნიშვნელოვანი სახელმწიფოა, ვიდრე რუსეთი, რომელიც რეალურად სუსტია.

ამ ომით და პოლიტიკით რუსეთი ცდილობს დაუმტკიცოს მთელ მსოფლიოს, რომ ისინი არიან რეალური მეტოქეები, რომ თითქოს თანაბარ დონეზე არიან და რუსეთი წარმოადგენს მსოფლიო პოლიტიკის დამოუკიდებელ პოლუსს,“ – გვითხრა კორნელი კაკაჩიამ.

კონფლიქტოლოგი: „მულტფილმებით ბავშვებს ვერ გააფუჭებენ, თუ მასობრივ ტერორზე არ გადავიდა რუსეთი“ 

„ბავშვს პროპაგანდით ვერ გააფუჭებ, ის მაშინ იჯერებს ამას, როცა სხვადასხვა გარიგება შემოდის მის ცხოვრებაში: დასაქმება, დაოჯახება და ასე შემდეგ. მხოლოდ მაშინ ფუჭდება, თუ მშობელიც იმავეს ეუბნება და ეშინია, რადგან ქვეყანაში ტერორია,“ – სკეპტიკურად უყურებს პოლიტიკური ანიმაციების და მულტფილმების ეფექტურობას კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი. მისი აზრით, ანიმაციები ბავშვებზე იმ შემთხვევაში „იმუშავებს“, თუკი ქვეყანაში მასობრივი ტერორი იქნება და რეპრესიები დაიწყება.

დღეს კი, პაატა ზაქარეიშვილს რუსული ანიმაციის პერსონაჟებმა ის კარიკატურები გაახსენა, ბავშვობაში ყველა გაზეთში რომ პოულობდა.

„ჩემს ბავშვობაშიც იყო სამიზნე ამერიკა. გაზეთს ვერ ნახავდი, რომ იქ რამე კარიკატურა ამ თემატიკაზე არ გეპოვა, მაგალითად, ამერიკელი როგორ არის გადამჯდარი დოლარს გამოსახულებიან ტომარაზე და მას საბჭოთა მუშა ხელს ურტყამს… არ მინახავს ვინმეს ექილიკოს ამერიკელზე. პირიქით, ყველაფერი ამერიკული მოგვწონდა,“ – იხსენებს პაატა ზაქარეიშვილი.

კონფლიქტოლოგის მოსაზრებით, ახალ-ახალი ზღაპრებით და ანიმაციებით, ან პუტინზე შესრულებული სიმღერებით არაფერი იცვლება, რადგან რუსეთში იმპერიალისტური აზროვნებაა ზოგადად, ეს არ შეცვლილი და არც არასდროს შეიცვლება, თუ რუსებმა ერთადერთი რამ არ იგრძნეს, რასაც ისინი ანგარიშს უწევენ – ფიზიკური ძალა.

„პროპაგანდა არ მუშაობს ბავშვების და ახალგაზრდების გარეშე, მაგრამ ამით უფროსები უფრო ამართლებენ საკუთარ ხელფასს… ახლა რუსეთში ავტომატურად ამუშავდა სისტემა, რომ აი, თითქოს კრიზისის დროს რაღაცას აკეთებენ, თორემ სკოლა, როგორც წესი, ვერ ხდება პროპაგანდის გამტარი, თუ ავტორიტარიზმს არ კვებავს შიში და რეპრესიები, რაც მუშაობდა, მაგალითად, სტალინის დროს. ჩემს ბავშვობაში კარიკატურებს ჩვენი მშობლებიც ღიმილით უყურებდნენ, მაგრამ ბაბუას და ბებიას თაობა ამაზე შიშით საუბრობდა, რადგან იცოდნენ, რაც იყო შიში. ასე რომ, ტერორის გარეშე პროპაგანდა ბავშვებისთვის ანეკდოტი ხდება მხოლოდ,“ – მიიჩნევს პაატა ზაქარეიშვილი.

პაატა ზაქარეიშვილი

პაატა ზაქარეიშვილის აზრით, საზოგადოებრივი აზრის მხარდაჭერა, რაც დღეს პუტინს აქვს რუსეთში, პროპაგანდაზე არ დგას. ამ ფაქტორზე გვესაუბრა კონფლიქტოლოგი იმის დასანახად, რომ პროპაგანდისტული ანიმაციური ფილმებიც უფრო მეორადი ფაქტორია და არა წამყვანი.

„…წარმოიდგინეთ, საბჭოთა წლებშიც კი, ჩვენ დახშულ „ამერიკულ ხმას“ ვიჭერდით და ამერიკა გვიყვარდა, ახლა კი, ათასი საშუალებაა, რომ რუსმა ბავშვებმა გაიგონ, რა ხდება… ბრეჟნევის პერიოდიც კი ამას ვერ უშველის… დღეს რაც ხდება, ეს არ არის ტერორი, რადგან ის ადამიანებს გაქცევის საშუალებას აძლევს, თუმცა ერთადერთი გამოსავალი პუტინს ეს დარჩა – რეპრესიები.

მხარდაჭერა, რომელიც აქვს პუტინს, არ დგას პროპაგანდაზე. იქ არის იმპერიალიზმი და ეს არსებობს ისედაც, ყოველგვარი პროპაგანდის გარეშეც, როგორც ჩვენთან, ნებისმიერი კულტურაში არსებობს რაღაც, რაც არსებობს ისედაც, ეს ქართული ნაციონალისტური ნარატივიც არსებობს ხომ პროპაგანდის გარეშე…

როცა ადამიანები დანაშაულში მონაწილეობენ, ამ დროს მათ სინდისს სძინავს. ნუ გვექნება ილუზია, რომ მათი სინდისი გაიღვიძებს. არსებობს ფსიქოლოგიური მუხრუჭი, როცა ადამიანებს ურჩევნიათ, რაღაც საერთოდ დაივიწყონ. გერმანიაში თავის დროზე ყველა ნაცისტური პარტიის წევრი იყო, მაგრამ ომის დასრულების შემდეგ, როცა იქ ამერიკელები შევიდნენ, ერთი კაციც ვერ იპოვეს – ყველა ამბობდა, სხვა იყოო, მე არაო.

დღეს საშუალო სტატისტიკური რუსი ვერ ხედავს აუცილებლობას, რომ უკრაინის თემა თავში გაატაროს. თქვენ უყურებთ მათ, როგორც ცივილიზებულ ადამიანებს, მაგრამ ისინი სულ სხვა ჯიშის ადამიანები არიან, ღარიბები არიან, უამრავი საქმე აქვთ და არ უნდათ, რომ უკრაინა იყოს კიდევ დამატებით პრობლემა.

მულტფილმი და ანიმაცია ამ დროს მხოლოდ ბიუროკრატიის საქმეა, რომ რაღაც დაიბრალონ, საქმე გავაკეთოო. მერწმუნეთ, ამ ანიმაციებზე გაზრდილი ბავშვები სხვა რუსეთში იცხოვრებენ. ეს არის უფროსების აქტივობა. ნახავთ, რომ ამ თაობის ბავშვებს ვერ მოწამლავენ ისე, როგორც დღევანდელ თაობას, რადგან დემოკრატია მაინც იმუშავებს,“ – გვიყვება პაატა ზაქარეიშვილი.

„სიახლეებს უნდა ველოდოთ, რუსებს აფხიზლებს ძალა,“ – რუსულ ანიმაციებზე და ბავშვებთან პროპაგანდისტულად მუშაობაზე საუბრისას საკუთარი ოპტიმისტური პროგნოზიც გაგვანდო კონფლიქტოლოგმა. მას მოლოდინი აქვს, რომ უკრაინა ამ ომში გაიმარჯვებს, თუმცა დონეცკი-ლუგანსკიდან, ისევე, როგორც ყირიმიდან რუსული ჯარი არ გავა. პაატა ზაქარეიშვილი არ გამორიცხავს, რომ ამ დროს უკვე განსაკუთრებული ეფექტი ფინანსურ სანქციებს ექნება, რომელსაც დასავლეთი რუსეთს არ მოუხსნის, ვიდრე პუტინის რეჟიმი არ შეიცვლება.

„ჩემი აზრით, პუტინიც იყო ილუზიების ქვეშ და ახლა მოვიდა გონს, როცა ეს ძალა იგრძნო. დაიჯერა, რომ უკრაინა მართლაც არ ყოფილა მითიური სახელმწიფო, როგორც ამას ეუბნებოდნენ თავისი ისტორიკოსები, სოციოლოგები, ექსპერტები და ასე შემდეგ. იგრძნო, რომ უკრაინას ასე ვერ დაამარცხებ. ძალა ახლა იგრძნო პუტინმა და, შესაბამისად, ახლა იწყება რეალური პოლიტიკა.

პუტინი არ წავა არჩევნებით, მას გაუშვებენ, როგორც ელცინი და ხრუშჩოვი გაუშვეს. მოვა ახალი ლიდერი, რომელსაც ექნება დასავლეთთან ურთიერთობის გამოცდილება, შესაძლოა ყოფილი ელჩიც იყოს, ნავალნის გამოუშვებს ციხიდან და იქნება არჩევნები. დასავლეთს აუცილებლად ექნება მოთხოვნა, რომ რუსებმა თავისი ჯარები გაიყვანოს ყველა დაკავებული ტერიტორიიდან, მათ შორის, საქართველოდან…

ჩემი აზრით, სწორედ ელიტა მიხვდება რუსეთში, რომ სიტუაცია უნდა შეიცვალოს, მათ არ აწყობთ დაშლილი რუსეთი,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ პაატა ზაქარეიშვილმა.

ფსიქოლოგის დასკვნა: „ხვალ ეს ბავშვები იმავეს გააკეთებენ, რასაც დღეს აკეთებენ რუსი ჯარისკაცები…“ 

„ეს არის ტიპური მოძალადის ბუნება,“ – მოძალადის ფსიქოლოგიური პორტრეტი ახსენდება რუსულ ანიმაციებზე საუბრის დაწყებისთანავე ფსიქოლოგ მაია ცირამუას, რომელსაც ვთხოვეთ ეთქვა: რა ფსიქოლოგიურ მოცემულობაშია რუსეთი, რომელიც ცდილობს, ბავშვებსაც შეაყვაროს ომი – „მოძალადეს არასდროს აქვს პასუხისმგებლობა საკუთარ ქმედებაზე, არ შეუძლია განიცადოს მსხვერპლის ტკივილი, მისთვის დამნაშავე ყოველთვის არის სხვა, ასეა ამ ანიმაციებშიც, დამნაშავე არის სხვა სახელმწიფო…“

ფსიქოლოგ მაია ცირამუას თქმით, „მოძალადე მუდმივად ცდილობს წარმოაჩინოს, რომ მასთან ტყუის მთელი დანარჩენი სამყარო და თვითონ, როგორც ექცევა მსხვერპლს, ეს არის წმინდათა წმინდა. მოძალადე ცდილობს ისე წარმოაჩინოს, თითქოს თავად არის მსხვერპლი, რომ ვერ დაინახეს, არ დააფასეს მისი სიკეთე… ერთგვარად ფსიქოპათიური მორალი ყალიბდება, როცა ადამიანს ხელი არც აუკანკალდება და ე.წ. მტრის ხატში ვინც შედის, ნებისმიერი შეიძლება გაანადგუროს.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ის ბავშვები, რომლებიც ახლა ამას ისმენენ, ხვალ მოიქცევიან ისე, როგორც დღეს იქცევიან რუსი ჯარისკაცები უკრაინაში“.

ამ აღწერის შემდეგ ფსიქოლოგი საქართველოში პრორუსულ ულტრამემარჯვენე ჯგუფების ძალადობასაც იხსენებს იმის საილუსტრაციოდ, რომ მოძალადის ქცევა იგივეობრივია:

„მთავარია, რომ მოძალადე ემპათიისგან დაიცალოს, რომ არავითარი თანაგრძნობის უნარი არ დარჩეს… ულტრამემარჯვენე ჯგუფებსაც აქვთ ეს გამოგონილი, ფანტომური იდეა, როგორც ამ ანიმაციურ ფილმებშია, მაგალითად, თითქოს ამერიკის წაქეზებით ჩაგრავს თანატოლებს უკრაინელი ბავშვი და ამ ულტრამემარჯვენე ჯგუფებსაც აქვთ მტრის ხატი, ის ყველა ძალადობრივ მეთოდს გამოიყენებს, რომ ობიექტი გაანადგუროს. ეს ძალიან საშიში ტენდენციაა“.

მაია ცირამუა, ფსიქოლოგი

რატომ ხდება, რომ რუსეთში თაობები იცვლება, იმპერიალისტური სულისკვეთება კი უცვლელია? – მაია ცირამუა მიიჩნევს, რომ „შიშსა და ტყუილზე დგას ეს სისტემა“. ფსიქოლოგი რამდენიმე შემთხვევას იხსენებს, როცა რუსეთში აქციაზე ბავშვებიც დააკავეს, ან ადამიანები ცარიელი, სუფთა ფურცლებით ხელში.

„სისტემა დევნის ყველას, ვინც განსხვავებულია… გარდა ამისა, მუშაობს კიდევ ერთი ფაქტორი – თითოეული ჩვენგანი გარკვეულწილად ნარცისულია, ყველას გვინდა, რომ კარგი ადამიანები ვიყოთ,“ – შენიშნავს ფსიქოლოგი და ანიმაციური ფილმების სულისკვეთებას უსვამს ხაზს – თითქოს რუსეთი სინამდვილეში სიკეთეს სჩადის.

„როცა ხვდები, რომ ძალადობ და, მაგალითად, სხვის ტერიტორიაზე იჭრები, ზოგჯერ აანალიზებ ამას და აღარ მოგწონს. გავრცელდა კადრები რუსი ჯარისკაცების, რომლებიც ამბობდნენ, გვეგონა, ყვავილებით დაგვხვდებოდნენ უკრაინაშიო, ანუ ისინი პროპაგანდას ჰყავდა დამუშავებული, რომ მათ უნდა ეხსნათ ადამიანები ფაშიზმისგან. შესაბამისად, პროპაგანდის მუდმივი ამოცანაა იმის ჩვენება, რომ სინამდვილეში მოძალადე სიკეთეს აკეთებს, წმინდათა წმინდა იდეას ემსახურება და ადამიანებს ათავისუფლებს.

ეს არის უდიდესი ტრაგედია ერისთვის, რომელსაც „აჭმევენ“ ამ პროპაგანდას,“ – აღნიშნა მაია ცირამუამ.

ფსიქოლოგის დაკვირვებით, რუსულ იმპერიალისტურ ცნობიერებაში არაფერი იცვლება. პაატა ზაქარეიშვილის მსგავსად, მაია ცირამუასაც ბავშვების სიმღერები პუტინსა თუ დამახინჯებულ გეოგრაფიაზე საკუთარ ბავშვობას ახსენებს.

„ჩვენც გვყავდა წარმოსახვითი ბელადი, რომელიც იყო თითქოს ყველაზე ძლიერი, სიკეთით სავსე, ჩვენც გვაშინებდნენ ნატო-თი და კაპიტალიზმით, გვეუბნებოდნენ, რომ ეს ძალიან საშიშია. ზუსტად იგივე გრძელდება ახლაც – ეს არის პროპაგანდისტული მანქანა, რომელიც ღრმად შეჭრილია საგანმანათლებლო სივრცეში. თუმცა, ეს ბევრად საშიშია იმისგან, რაც ჩემს ბავშვობაში იყო. იმ დროს არავის ეშინოდა იმის, რომ დააპატიმრებდნენ.

თაობები გაიზარდა ამ იდეოლოგიით და ასე გაიზრდებიან კიდეც, თუ არ შეიცვლება რუსეთი. ეს იდეოლოგია ამოზრდილია რუსეთისთვის ტრავმულ მოვლენაზე, როგორიც იყო საბჭოთა კავშირის დაშლა და მტრის ხატი შემოიტანეს…

დღეს ძალიან ნათელია რა არის სიკეთე და რა – ბოროტება. დღეს ღირებულებების ომია. თუ გაიმარჯვებს დამოუკიდებლობის და თავისუფლების იდეა, მჯერა, ეს დიდ გარღვევას მოახდენს რუსეთშიც,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ ფსიქოლოგმა მაია ცირამუამ.
___

გადაბეჭდვის წესი


ასევე: