მთავარი,სიახლეები

ომის 5 ქალი კორესპონდენტი, რომლებიც უკრაინაში ფრონტის წინა ხაზზე მუშაობენ 

23.04.2022 • 2194
ომის 5 ქალი კორესპონდენტი, რომლებიც უკრაინაში ფრონტის წინა ხაზზე მუშაობენ 

ახალი ამბების გლობალური გამოცემა The Insider-ი ვრცელ სტატიას აქვეყნებს ომის საერთაშორისო კორეპონდენტებზე, ქალებზე, რომლებიც უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიას აშუქებენ. გამოცემა წერს, რომ ქალი რეპორტიორები კვლავაც აწყდებიან წინასწარგანწყობებს ომში მუშაობისას, თუმცა გარკვეულ უპირატესობებსაც ფლობენ. The Insider-ი ესაუბრა 5 ქალს, CNN-ის, CBS-ის, ABC-ისა და Fox News-ის კორესპონდენტებს, რომლებიც საკუთარი საქმისადმი ერთგულების გამო მოსალოდნელ რისკებზე მიდიან.

„CNN-ის მთავარი საერთაშორისო გამომძიებელი კორესპონდენტი, ნიმა ელბაგირი, ხარკოვიდან აშუქებდა მოვლენებს, როცა უკრაინელ ჯარისკაცს სთხოვა, გუნდთან ერთად ფრონტის ხაზთან მიეყვანა. კილომეტრ-ნახევრის მოშორებით რუს ჯარისკაცებს უკრაინული სოფელი ჰქონდათ დაკავებული და საარტილერიო ცეცხლს უხსნიდნენ მჭიდროდ დასახლებულ რაიონს.

შორეული აფეთქებების ფონზე, ჯარისკაცმა თითი გაიშვირა ელბაგირის კაცი კოლეგისკენ და თქვა, – „წაგიყვანთ ფრონტის ხაზისკენ უფრო ახლოს, მაგრამ წავიყვან მხოლოდ მას“.

ელბაგირისთვის და კონფლიქტის ზონებში მომუშავე ბევრი ქალისთვის ასეთი რამ უცხო არ ყოფილა.

„ვუპასუხე, მეც უნდა წამიყვანო-მეთქი და გავუღიმე. ალბათ, ეს მაძლევს საშუალებას, არ გავღიზიანდე. უფრო ფართო, სოციოპოლიტიკურ დონეზე ყველანი გაღიზიანებული უნდა ვიყოთ, მაგრამ მე აქ სამუშაოდ ვარ“, – ამბობს ჟურნალისტი.

ქალები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ უკრაინაში რუსეთის შეჭრის გაშუქებაში, მიუხედავად იმისა, რომ საომარი ჟურნალისტების უმრავლესობა კაცია. ახალი ამბების არხებზე გადართვა-გადმორთვისას აუცილებლად წააწყდებით ელბაგირის გამოძიებას რუსული ჯარის მიერ ჩადენილ ომის დანაშაულებზე; ABC News-ის მარტა რადაცის ინტერვიუებს უკრაინელ ჟურნალისტებთან; Fox News-ის ალექს ჰოგანის რეპორტაჟს ლვოვიდან, უკანა ფონზე ამომავალი კვამლით; CBS News-ის ჰოლი უილიამსის საუბარს დაბომბვისგან შოკირებულ ბავშვებთან ქალაქ ბუჩის მიმდებარე საევაკუაციო ცენტრებში.

CNN-ის მთავარი საერთაშორისო საგამოძიებო კორესპონდენტი ნიმა ელბაგირი აშუქებს მოვლენებს ხარკოვიდან, უკრაინა. შეინ ბელი / CNN. ფოტო: The Insider

ქალები, რომლებიც საომარი ჟურნალისტები არიან, კვლავ აწყდებიან წინაღობებს, მაგრამ მათი მუშაობა უკრაინაში წარმოადგენს მნიშვნელოვან პროგრესს იმის დამტკიცებაში, რომ ქალების ადგილი წინა ხაზებზეა“.

  • საომარ ჟურნალისტიკაში ქალები კვლავაც აწყდებიან წინასწარგანწყობებს და ბარიერებს

„ჟურნალისტიკა კაცებისა და თეთრკანიანების სფეროდ რჩება“, – წერს The Insider-ი და Pew-ის 2018 წლის კვლევას იშველიებს, რომლის თანახმადაც, ამერიკული ნიუსრუმების თანამშრომელთა 61% კაცია, 77% კი – არალათინოამერიკელი თეთრკანიანი.

„დაახლოებით ხუთი წლის წინ, ჰოლი უილიამსმა და მისმა კოლეგებმა CBS News-ში შეიტყვეს, რომ ტელეარხმა სტანდარტული, საბრძოლო შეიარაღების ნამსხვრევებისგან დამცავი ქურთუკები შეიძინა, თუმცა მხოლოდ კაცების ზომები. მოგვიანებით კომპანიამ ქალი კორესპონდენტებისთვის ახალი ქურთუკები შეუკვეთა.

„როცა ჟურნალისტად მუშაობა დავიწყე, უამრავი კაცი კოლეგა მყავდა, მაგრამ ქალებიც ყოველთვის იყვნენ“, – ამბობს უილიამსი და იხსენებს ელიზაბეტ პალმერს, რომელიც 2000 წელს შეუერთდა არხს უფროსი საგარეო კორესპონდენტის რანგში – „ტელევიზიაში ვნახულობდი ქალებს, რომლებიც საგარეო და საომარი კორესპონდენტები იყვნენ და არასდროს მომსვლია თავში, რომ ამას მე ვერ გავაკეთებდი“.

როცა იონატ ფრილინგმა ისრაელის ერთ-ერთ მედიაში მუშაობისას ველზე გადაყვანა ითხოვა, უპასუხეს, რომ საომარ ზონებში მხოლოდ კაცების ადგილი იყო. იგი სამსახურიდან წამოვიდა და ახლა Fox News-ის იერუსალიმის ბიუროს უფროსი საველე პროდიუსერია. უკრაინაში ყოფნისას უფრო მეტ ქალს შეხვდა, ვიდრე ნებისმიერ სხვა დროს, მაგრამ აღნიშნავს, რომ პროფესიაში მაინც კაცები ჭარბობენ.

„მეტი ქალი გვჭირდება. აქეთ მივდივართ, თუმცა, როცა კარგი დღეა, სამიდან ერთია ქალი. ნაკლებად კარგ დღეს კი – ათიდან ერთი“, – ამბობს იგი.

CBS News-ის გლობალურ საქმეთა მთავარი კორესპონდენტი, მარტა რადაცი კონფლიქტებს ათწლეულებია აშუქებს, ჯერ კიდევ 1990-იანი წლების ბოსნიის ომიდან. ის ბევრი ქალი ჟურნალისტის მენტორიც იყო, თუმცა ლვოვში გამგზავრებული გუნდის ერთადერთი ქალი წევრი გამოდგა.

„ერთადერთი ქალი ვიყავი და შევამჩნიე კიდეც“, – ამბობს რადაცი.

Fox News-ის კორესპონდენტი ალექს ჰოგანი ამჟამად ლვოვში მუშაობს და ამბობს, რომ როგორც წესი, გუნდში ერთადერთი ქალი თავადაა. უკრაინაში წასვლისას მას ქალი შუამავალი და პროდიუსერი ჰყავდა, რაც „იშვიათობაა“, მაგრამ ჰოგანს უფრო მეტად სხვების მიერ გამოჩენილი წინასწარგანწყობა აღელვებს.

„ყოველ შემთხვევაში, გაჩენილი კითხვები სხვა ადამიანების თვალთახედვიდან მოდის და ჩემს ოჯახურ ურთიერთობებს ეხება. ვფიქრობ, ბევრ ქალ კორესპონდენტს უწევს ამასთან გამკლავება. ეს შეიძლება იმედგამაცრუებელი იყოს. ბევრ კითხვას მისვამენ იმაზე, თუ რას გრძნობს ჩემი პარტნიორი, აქ რომ ვარ. მაშინვე იმას ვფიქრობ, ალბათ, ამას აქ კაცებს არ ეკითხებით“, – ამბობს ალექსი.

ელბაგირი „სი-ენ-ენის“ პირველი შავკანიანი ქალი რეპორტიორია, რომელსაც მთავარი კორესპონდენტის სტატუსი აქვს. იგი ამბობს, რომ წინასწარგანწყობა კიდევ უფრო მეტია ფერადკანიანი ქალების მიმართ:

„ჩემთვის ეს ორმაგდება, არა? იკვეთება წინასწარგანწყობები სქესსა და რასაზე. ისე ჩანს, რომ არსებობს რაღაც დისკომფორტი კომპეტენტური ქალების მიმართ ზუსტად ისევე, როგორც წინა ხაზზე მომუშავე ქალების მიმართ. გასაოცარია. ძალაუფლების დერეფნებში ყოფნისას ჯერ კიდევ რჩება ჯოხი კარში, როდესაც საქმე მიდის იმის აღიარებამდე, რომ კი, არ გამოვიყურები როგორც ასაკოვანი თეთრკანიანი კაცი, რომელსაც შეუძლია ჩამოარაკრაკოს საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონმდებლობის ყველა მუხლი, მაგრამ ჩვენც ვიცით ჩვენი საქმე.“

მარცხნივ: Fox News-ის კორესპონდენტი ალექს ჰოგანი ლვოვში, უკრაინა; მარჯვნივ: CBS News-ის უცხოური კორესპონდენტი ჰოლი უილიამსი პირდაპირ ეთერში უკრაინიდან იუწყება. CBS News. ფოტო: The Insider

  • ქალები აშუქებენ ომის ტაქტიკურ ასპექტებს და მის გავლენას ადამიანთა ცხოვრებაზე

ისტორიკოსი ენ სება, წიგნის ავტორი  „ბრძოლა ახალი ამბებისთვის: ქალი რეპორტიორის აღზევება“ გამოცემას უყვება, რომ ისტორიულად, ომის დროს ქალები დაკავებულნი იყვნენ „ნაზი ახალი ამბების“ წერით დაჭრილ ჯარისკაცებსა და დაობლებულ ბავშვებზე, რადგანაც ქალებს საბრძოლო ზონებში არ უშვებდნენ. თანამედროვე ომებმა კი ყველა ადგილი საბრძოლო ზონად აქცია.

„სწორედ ამდენი ხანი დასჭირდა იმის გაცნობიერებას, რომ სწორედ „ნაზი ახალი ამბები“ იყო მნიშვნელოვანი. პირველ მსოფლიო ომში სანგრების ომი იყო, შემდეგ კი ოფიცრები თავიანთ სასტუმროებში, კარვებში თუ სადღაც ბრუნდებოდნენ, მაგრამ პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ასე აღარ ხდებოდა. სწორედ ქალები იბომბებოდნენ პურის რიგებში და ჭიდან წყლის ამოღების მცდელობისას. მაშინ ყველამ გაიაზრა, რომ როდესაც ომი ქალაქებსა და სოფლებში მივიდა, საავადმყოფოებსა და ობოლთა სახლებზე ქალები აკეთებდნენ რეპორტაჟებს, და ეს აღარ იყო „ნაზი ახალი ამბები“, ეს იყო ახალი ამბები“, – ხსნის სება.

უკრაინაში ქალ რეპორტიორებს უნიკალური მდგომარეობა აქვთ კონფლქტის ისეთი ასპექტების გასაშუქებლად, როგორიცაა საზღვართან არსებული ლტოლვილთა კრიზისი. გაეროს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ცნობით, ომის დაწყების შემდეგ 7,1 მილიონ ადამიანს იძულებით გადაადგილება მოუწია. ვინაიდან 18-60 წლის ასაკის კაცები უკრაინაში რჩებიან და იბრძვიან, ლტოლვილთა უმრავლესობა ქალი და ბავშვია.

ჰოგანი ამბობს, რომ ქალ რეპორტიორებს უკრაინაში ლტოლვილებთან საუბრისას „მცირე უპირატესობა აქვთ“. შესაძლოა, ლტოლვილებმა უფრო კომფორტულად მიიჩნიონ თავიანთი ისტორიის სხვა ქალისთვის მოყოლა.

„ვფიქრობ, ამ ისტორიამ ხალხს, მიუხედავად სქესისა, თვალები აუხილა და დაანახა ამ ვითარების – ბავშვების გადასარჩენად ყველაფრის მიტოვების და ახალი ცხოვრების დაწყების საჭიროების – საშინელება. შესაძლოა, ამან ქალებს, რომლებიც ასეთ ისტორიებს აშუქებენ, საშუალება მისცა, ქალებთან ცოტაოდენი შიშის გარეშე მივიდნენ, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რის გავლაც მოუწიათ ამ ქალებს საზღვართან მისვლამდე“.

უილიამსი, რომელიც უკრაინის მოვლენებს 2014 წლიდან აშუქებს, ასევე მიიჩნევს, რომ საომარ ზონაში ქალ რეპორტიორს კონკრეტული უპირატესობებიც აქვს.

„როგორც წესი, უმეტესობა უფრო მიდრეკილია დაელაპარაკოს ქალს, საქმე დაიჭიროს ქალთან, ქალი იყოს წინა ხაზზე ან ესაუბროს ჯარისკაცებს. ზოგჯერ, ქალი რომ ხარ, შეიძლება ოდნავ არ დაგაფასონ, რაც, ჩემი აზრით, ჟურნალისტისთვის უპირატესობაც კი შეიძლება იყოს, რადგან ხალხი სიფხიზლეს ოდნავ კარგავს, ვინაიდან ნაკლებ საფრთხედ მიგიჩნევს“, – ამბობს იგი.

კონფლიქტის ადამიანური დანაკარგების გარდა, ჰოგანი ცდილობს იმ ქალთა ისტორიებიც მოჰყვეს, რომლებიც ომში არიან ჩართულნი და უკრაინის თავისუფლებისთვის იარაღით იბრძვიან:

„ომმა გვაჩვენა, რომ ქალები უკრაინაში მზად არიან, კაცების გვერდით დადგნენ. მოხუცი ქალები სწავლობენ, როგორ ისროლონ და გააკეთონ მოლოტოვის კოქტეილები. ქალები ფრონტზე იბრძვიან. ქალები მუშაობენ საავადმყოფოებში და ატარებენ სასწრაფო დახმარების მანქანებს. ქალები ამ ომსაც აშუქებენ“.

იონატ ფრილინგი, Fox News-ის იერუსალიმის ბიუროს უფროსი საველე პროდიუსერი, Fox News-ის სტივ ჰარიგანთან და იბრაჰიმ ჰაზბუნთან ერთად კიევში, უკრაინა. ფოტო: The Insider

  • საფრთხე

მარტა რადაცმა ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტების გაშუქებაში წლები გაატარა, მაგრამ უკრაინაში, ახლო აღმოსავლეთისგან განსხვავებით, ამერიკელი სამხედროები არ არიან.

„სულ სხვა გრძნობაა. ერაყსა და ავღანეთში იცოდი, რომ ამ ქვეყნებში არიან აშშ-ის წარმომადგენლები. თუ დაშავდები, უმალ გაგიყვანენ. უკრაინაში ასე არაა. აქ საკუთარი თავის იმედად ხარ“, – ამბობს იგი.

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის ცნობით, რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ მოკლულია 7 და დაჭრილია 11 ჟურნალისტი, თუმცა ეს რიცხვი გაცილებით მეტია უკრაინის კულტურისა და ინფორმაციის სამინისტროს ცნობით.

„იცი, რომ ასეთი სიტუაციები შეიძლება მოხდეს და აკეთებ ყველაფერს რისკის შესამცირებლად. ჩვენი მიზანია, წავიყვანოთ ხალხი იმ ადგილას, სადაც ნახავენ, როგორია ომი. რა თქმა უნდა, არ გვინდა, ვინმე უკან დაშავებული დაბრუნდეს. ბალანსია. უნდა მიიღო სწორი გადაწყვეტილებები – იმდენად ახლოს უნდა მიხვიდე მოვლენებთან, რომ ხალხს ისინი აგრძნობინო, მაგრამ ძალიანაც არ უნდა გარისკო,“- აღნიშნავს უილიამსი.

„დავდივართ წარმოსახვითი ფარით და დარწმუნებული ვართ, რომ არაფერი მოგვივა. ეს ჩვენთვის რთულია, რადგან ჩვენი ძვირფასი მეგობრები და ყველაზე მამაცი ადამიანები, ვისაც კი ვიცნობდი, ჩემნაირად დადიოდნენ ამ წარმოსახვითი ფარით და დაშავდნენ და დაიღუპნენ… ეს განგაცვიფრებს, მაგრამ უნდა განვაგრძოთ ამბების მოყოლა. ვგრძნობ, რომ ჟურნალისტობა მხოლოდ პროფესია არაა. ესაა მოწოდება, ესაა ძირეული ღირებულება, მოესწრო [ამბავს] და მოუყვე იგი ხალხს, ვისაც არ აქვს შესაძლებლობა, იქ იყოს და ის თავად ნახოს“, – ამბობს ფრილინგი.

ABC News-ის გლობალური ურთიერთობების მთავარი კორესპონდენტი მარტა რადაცი თავის გუნდთან ერთად უკრაინაში. მარტა რადაცი. ფოტო: The Insider

  • თავიანთი სამსახურის მნიშვნელობის გამო ქალები საომარ ჟურნალისტიკაში იღებენ თანმდევ რისკებს

ომის წინა ხაზებიდან მოვლენების გაშუქება სუსტი ნერვების მქონე ადამიანებისთვის ნამდვილად არაა. თუმცა, ელბაგირს არტილერიასა და ტყვიებზე მეტად აშინებს კონფლიქტის ზონის დატოვება ამბის მოსაყოლად აუცილებელი ელემენტების გარეშე.

„შეიძლება სოციოპათის სიტყვებს ჰგავდეს, მაგრამ ყველაზე საშიში იმის გაფიქრებაა, რომ უკან დაბრუნდი ისე, რომ რაც გჭირდებოდა, ვერ მიიღე. რომ ამხელა რისკი გასწიე, გარისკე საკუთარი და სხვების სიცოცხლით იმისთვის, რომ უკან არაფრით დაბრუნდე. დღესაც კი, როცა ჩვენს გადაღებულ კადრებს ვუყურებთ, ვხედავთ მომენტს, როცა არტილერიის ცეცხლი სულ უფრო და უფრო ახლოვდება.  მაყურებლისთვის ამის ასახსნელად მხოლოდ ერთი შანსი მაქვს, ხმაურის ფონზე. მნიშვნელოვანია იმის ახსნა, რა ხდება უკრაინის ამ კუთხეში და რაღაცნაირად გადასცე, როგორ გრძნობს თავს ხალხი, ვინც ამ სახლებში დარჩა“.

საბოლოო ჯამში, ამბები ომსა და მის გავლენაზე მშვიდობიან მოქალაქეებზე ვინმემ უნდა მოჰყვეს. ქალები ამტკიცებენ, რომ [კაცების] მსგავსად შეუძლიათ ამის კეთება.

„ხალხი უკრაინაში მიმდინარე ამბებს მიჯაჭვულია. ასე არ იქნებოდა, იქ რომ ხალხი არ მიდიოდეს, არ ჰყვებოდეს ამ ისტორიებს და არ სურდეს რისკის აღება. ამ რისკს კი იმიტომ იღებ, რომ ეს მნიშვნელოვანია… ეს სიკვდილ-სიცოცხლეა. ეს მსოფლიოს მომავალია. რა ხდება კონფლიქტის ზონებში, გავრცელდება თუ არა ომი და რა დაემართება ხალხს, აი, ამისთვისაა რისკი. ვფიქრობ, სწორედ ამიტომ ვაკეთებთ ამ ყველაფერს“.

__________

სტატია გამოქვეყნდა The Insider-ზე.

ინგლისურიდან თარგმანი: ნიკა ბურდული

გადაბეჭდვის წესი


ასევე: