ბათუმი,განათლება,მთავარი,სიახლეები

კოლეჯ „ბლექსის“ მშენებლობის თანხა 1,1 მილიონით გაიზარდა და 17,5 მილიონია – ტენდერი

23.04.2022
კოლეჯ „ბლექსის“ მშენებლობის თანხა 1,1 მილიონით გაიზარდა და 17,5 მილიონია – ტენდერი

კოლეჯი „ბლექსი“-ს შენობის მშენებლობაზე საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ ხელახალი ტენდერი 17 534 630 ლარით გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება წინა ტენდერთან შედარებით 1 114 387 ლარითაა გაზრდილი.

კოლეჯის ახალი შენობა ბათუმში, სვიშევსკის ქ N1-ში უნდა აშენდეს.

წინა ტენდერი 16 420 243 ლარით იყო გამოცხადებული, თუმცა, ის უარყოფითი შედეგით დასრულდა. შესყიდვების პორტალის მიხედვით, სააგენტოს სამუშაოებს კომპანია „დაგი“ ზუსტად 16 420 243 ლარად სთავაზობდა. სატენდერო კომისიამ კომპანიას ჯერ ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტება მოსთხოვა, მაგრამ საბოლოოდ დისკვალიფიკაცია მისცა.

სააგენტომ ტენდერი შეწყვიტა და ხელახლა გამოაცხადა.

სატენდერო კომისიის 21 აპრილის სხდომის ოქმში აღნიშნულია, რომ:

  • „კოლეჯი „ბლექსი“-ს შენობის მშენებლობის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე 2022 წლის 27 იანვარს გამოცხადებული ტენდერი არ შედგა, ხოლო 2022 წლის 23 თებერვალს გამოცხადებული ტენდერი დასრულდა უარყოფითი შედეგით;
  • სააგენტოს თანამშრომლების მიერ მოხდა პროფესიული სასწავლებლის სახარჯთაღრციხვო დოკუმენტაციის გადათვლა-გადაანგარიშება მშენებლობის შემფასებელთა კავშირის (სამშენებლო რესურსების ფასებით) 2022 წლის I კვარტლის დონეზე და პროფსასწავლებელ ,,ბლექსის” სამშენებლო სამუშაოების შესასრულებელი თანხა შეადგენს 17 534 630 ლარს;
  • სამშენებლო სამუშაოები ვერ დასრულდება მიმდინარე წლის ბიუჯეტის ფარგლებში, ამდენად, პროექტის მშენებლობის შესრულების სახარჯთაღრიცხვო ღირებულება სავარაუდოდ ასე გადანაწილდება:
  • 2022 წელს სავარუდოდ განხორციელდება – 4 000 000 ლარის ღირებულების სამუშაოები; 2023 წელს სავარუდოდ განხორციელდება – 7 000 000 ლარის ღირებულების სამუშაოები; 2024 წელს სავარუდოდ განხორციელდება დარჩენილი – 6 534 630 ლარის ღირებულების სამუშაოები.
  • ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით სააგენტოში წარმოდგენილია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა“.

ახალ ტენდერში წინადადებების მიღება 2022 წლის 11 მაისს დაიწყება და ხუთ დღეში, 16 მაისს დასრულდება. მშენებლობის ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 თვეა.

ამავე თემაზე:

ბათუმში ტექნოლოგიური ქალაქი 7 ჰექტარზე გაშენდება – განათლების სამინისტრო

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: