მთავარი,სიახლეები

რთულია იყო მარტოხელა დედა, ხალხის შეხედულების მეშინოდა – ქალი სოფელ სხალთიდან

23.04.2022 • 3269
რთულია იყო მარტოხელა დედა, ხალხის შეხედულების მეშინოდა – ქალი სოფელ სხალთიდან

ხულოში, მაღალმთიანი აჭარის მუნიციპალიტეტში, პროგრამა, რომლითაც სახელმწიფო მარტოხელა დედებს დაეხმარებოდა, არ აქვთ. რა სჭირდებათ მარტოხელა დედებს ხულოში? – „ბათუმელები“ ამ თემაზე ხულოში მცხოვრებ დედას ესაუბრა, რომელსაც მარტოხელა მშობლის სტატუსი აქვს, თუმცა ამ სტატუსის მიუხედავად მას სახელმწიფო მხარს არ უჭერს.

31 წლის სალომე დავითაძე ხულოში, სოფელ სხალთაში ცხოვრობს და 5 წლის შვილს, ერეკლე დავითაძეს ზრდის. სალომე მარტოხელა დედაა.

სალომე სხალთაში შვილთან ერთად მშობლების სახლში ცხოვრობს. იგი იხსენებს, რომ ერეკლეს დაბადების შემდეგ სახლიდან გასვლა გაუჭირდა.

„საზოგადოებაში გამოჩენა – ეს ჩემთვის ძალიან რთული იყო.

რის გამოც არ მინდოდა სახლიდან გასვლა, ეს ხალხის არასწორი დამოკიდებულება იყო ჩემ მარტოხელა დედობაზე. სოფელში ცხოვრობ და მოსახლეობისთვის უჩვეულოა მარტო, ქმრის გარეშე ზრდიდე შვილს. ხალხის არასწორი შეხედულებების მეშინოდა. მათ არ იციან არაფერი და ჭორაობენ“, – ამბობს სალომე.

სალომე ამ პერიოდს ყველაზე დიდ სირთულედ მოიხსენიებს და დასძენს, რომ ის უკვე დასძლია. ახალგაზრდა დედა ახლა სხალთის საჯარო სკოლაში ქართულს ასწავლის.

სალომე ამბობს, რომ ფინანსურად დამოუკიდებელია და ამ ეტაპზე მისი და ერეკლეს საჭირო ხარჯებს სწვდება. თუმცა ამბობს იმასაც, მშობლებთან რომ არ ცხოვრობდეს და ოჯახისთვის საჭირო ხარჯებსაც თავად რომ ფარავდეს, ხელფასი საკმარისი არ იქნებოდა.

სალომე მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია ხულოს მუნიციპალიტეტს მარტოხელა მშობლების მხარდაჭერის პროგრამა ჰქონდეს. მით უმეტეს იმ ფონზე, რომ ხულოში ბევრ ოჯახს აქვს რთული ეკონომიკური მდგომარეობა.

„მარტოხელა მშობლების მხარდასაჭერი პროგრამა რომ მოქმედებდეს ხულოში, ვთქვათ, საკვებით ან თანხით დახმარება, ასეთ სიახლეს მივესალმები“, – ამბობს სალომე.

სალომე გვიყვება, რომ დედებს, განსაკუთრებით მარტოხელებს, რომელთაც არ აქვთ სახელმწიფო დახმარება, ძალიან უჭირთ. განსაკუთრებით კი მაშინ, თუ მათ ჩვილი ბავშვები ჰყავთ.

„დედებს არ შეუძლიათ ბავშვებისთვის ჰიგიენური ნივთების ყიდვა, ისეთი ფასი აქვს უკვე ყველაფერს. ვთქვათ, 200 ლარი აქვს დედას თვეში, აქედან შაქარში უნდა იყიდოს, ფქვილში და ბავშვისთვის რომ რაღაცები იყიდოს, აღარ რჩება შემოსავალი. ამ ოჯახებისთვის რაღაც უფრო მეტი უნდა კეთდებოდეს და ეხმარებოდნენ“, – გვითხრა სალომემ.

ერეკლე რომ დაიბადა, სალომემ 2 წლის განმავლობაში მუშაობას თავი დაანება, ბავშვზე რომ ეზრუნა.

„ამ ხნის განმავლობაში რთული პერიოდი ბევრჯერ მქონია. ხომ გესმით, იყო მარტოხელა დედა, არ არის მარტივი. ბავშვს სჭირდება ბევრი რამ და შენ, ერთი დედა, უკეთებ იმას, რასაც ოჯახები აკეთებენ. 

ბავშვი სწორად უნდა აღზარდო. ამასთან, მარტო ხარ, მაგრამ უმამობა არ უნდა აგრძნობინო. ყველაფერი ეს, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია. ბევრ პირად დათმობაზე წავედი“, – ამბობს სალომე.

სალომე დავითაძე შვილთან ერთად

სალომე მიიჩნევს, რომ აუცილებელია ქალს შემოსავალი ჰქონდეს, რათა შვილების სათანადოდ გაზრდა შეძლოს. „მე არ ვფიქრობ, რომ ყოველთვის ვიღაც უნდა დაგეხმაროს. შენ უნდა შეგეძლოს, შენი შვილის, საკუთარი თავის საჭიროებები დააკმაყოფილო“, – ამბობს სალომე.

სალომე გვიყვება, რომ მისი დღე ყოველთვის ძალიან დატვირთულია. დილით ბავშვს ამზადებს, ბაღში ტოვებს, თვითონ კი სკოლაში მიდის. სკოლის შემდეგ სალომე ოჯახის საქმეებით კავდება.

5 წლის ერეკლე, სალომეს თქმით, მშვიდი ბავშვია. მას ყველაფერი აინტერესებს. ერეკლეს მთავარი გატაცება ახლა ციური სხეულებია. უკვე დიდი ხანია სთხოვს დედას ტელესკოპის ყიდვას, ვარსკვლავებზე დაკვირვება რომ შეძლოს. ერეკლე აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში მოხვედრაზე ოცნებობს.

„საღამოობით ვსეირნობთ ხოლმე. ერეკლეს სიმღერა უყვარს. ერთად ვთამაშობთ – ვხატავთ, ვაფერადებთ, ვჭრით რაღაცებს. მთელ ყურადღებას ერეკლეს ვუთმობ. ჩემი მშობლებიც ასე არიან. როცა რაღაც აქვს ერეკლეს სამეცადინო, მთელი ოჯახი ფეხზე ვდგავართ“, – გვითხრა სალომემ.

ახალგაზრდა მარტოხელა დედას სამომავლო გეგმებიც აქვს. ტიხრულ მინანქარზე მუშაობა სტუდენტობისას ისწავლა და ძალიან უნდა, რომ საკუთარი პატარა სახელოსნო მოაწყოს.

______________________

ამავე თემაზე: 

აჭარაში მხოლოდ ხულოსა და ქედაში არ აქვთ პროგრამა მარტოხელა დედებისთვის

გადაბეჭდვის წესი


ასევე: