რუსები თავისიანებს ტოვებენ, ივიწყებენ, წვავენ, შლიან ისტორიიდან – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი უკრაინაში განადგურებულ კრეისერ „მასკვაზე“ მყოფი ახალწვეულის მამის პოსტს ეხმაურება. კაცი გემის ჩაძირვიდან ანუ 13 აპრილიდან დღემდე ცდილობს გაარკვიოს თავისი შვილის ბედი. პოდოლიაკის თქმით, რუსები თავისიანებს „ტოვებენ, ივიწყებენ, კარგავენ, წვავენ, შლიან ისტორიიდან“.

„ერთ-ერთი მთავარი რუსული პროპაგანდისტული მითი – „რუსები არ ტოვებენ თავისიანებს“. მშვენივრადაც ტოვებენ! ტოვებენ, ივიწყებენ, კარგავენ, წვავენ, შლიან ისტორიიდან. მაგალითად, წვევამდელის (!) მამამ, რომლის შვილიც კრეისერ „მასკვაზე“ მსახურობდა, დღემდე ვერ მოახერხა საკუთარი შვილის ბედის გარკვევა. ერთ-ერთი ათასობით მიტოვებულს შორის.

ის არ იბრძოდა, არ მომკვდარა, უბრალოდ, გაქრა – უკრაინაში თვითმკვლელი ჯარისკაცების ახალ პარტიის გაგზავნის სამზადისში მხრებს იჩეჩავენ რუსი გენერლები. არანაირი ღირსება, დიდება, ანაზღაურება, მედლები. ვინც მოკვდა – დაიკარგა, ვინც გადარჩა – დარჩა მარადიული სირცხვილის დამღით. სამშობლო [რუსეთის ფედერაცია] ყოველთვის მიგატოვებს.

ხომალდ „მასკვაზე“ მყოფი მეზღვაურის მამას გუშინ, 5 მაისს, ოფიციალურად აცნობეს, თუ რა მოუვიდა მის შვილს. მამისთვის გაგზავნილ წერილში ერთ-ერთი სამხედრო ნაწილის ხელმძღვანელი წერს: „მოკვლევამ დაადასტურა, რომ გემი, რომელზეც მსახურობდა შკრებეცი ე.დ. არ იმყოფებოდა უკრაინის ტერიტორიულ წყლებში. ასევე არ იყო სამხედრო ნაწილის სიაში, რომელიც მონაწილეობს სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში. 13.04.2022 -ის საგანგებო შემთხვევის დროს, რამაც გამოიწვია გემის დაღუპვა, უკანასკნელი უგზო-უკვლოდ დაიკარგა… დღეისათვის თქვენი შვილის ადგილსამყოფელი არ არის დადგენილი“.

სწორედ ამ ოფიციალურ წერილს გამოეხმაურა მიხაილო პოდოლიაკი.

დაჭრილმა 15 წლის გოგომ ავტომანქანით 4 ადამიანი გამოიყვანა – გზა დანაღმული იყო

15 წლის გოგომ ლუგანსკის ოლქის ქალაქ პოპასნაიადან ოთხი ზრდასრული გამოიყვანა ავტომანქანით. მან დაახლოებით 30 კილომეტრი გაიარა ავტომობილით მიუხედავად იმისა, რომ ტყვიით იყო დაჭრილი ფეხებში.

ინფორმაციას, ვიდეოსთან ერთად, ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი გაიდაი ავრცელებს.

ოთხმა ზრდასრულმა პირმა და 15 წლის გოგომ პოპასნიადან ევაკუაცია გადაწყვიტეს, მაგრამ რუსმა სამხედროებმა ავტომანქანას სროლა აუტეხეს. მძიმედ დაშავდა ავტომანქანაში მყოფი ორი კაცი, მათ შორის, მძღოლი და 15 წლის გოგო იძულებული გახდა მას ემართა ავტომობილი დანაღმულ გზაზე.

„მე მომიწია საჭესთან დაჯდომა და ბახმუტისკენ წაყვანა. სასწრაფო დახმარება იყო საჭირო, რომ ბევრი სისხლი არ დაკარგულიყო. იქ ნაღმები იყო, ჭადრაკისებური განლაგებით, გასვლა შეუძლებელი იყო, მაგრამ რაღაცნაირად გავიარე ავტომანქანით.

შევუხვიე და იქ გვესროლეს. მე ფეხებში მესროლეს, არაფრის გაკეთება არ შემეძლო, მანქანა ჩაქრა, ძლივს დავქოქე, გზა გავაგრძელეთ, მაგრამ მანქანა ისევ ჩაქრა იმიტომ, რომ აკუმულატორში ტყვია იყო მოხვედრილი. რაც შევძელი, მოვდიოდი.

არ იყო მარტივი, ძალიან მტკივნეული იყო. მაგრამ რაღაცნაირად მაინც შევძელი. მათ ხომ ვერ მივატოვებდი,“ – ამბობს 15 წლის მოზარდი.

მან დაახლოებით 30 კილომეტრი გაიარა. ავტომანქანას ისევ ესროდნენ და 15 წლის მოზარდი ფეხებში დაიჭრა, თუმცა მართვას მაინც აგრძელებდა.

ნახეთ ვიდეო:

სატრანსპორტო პოლიტიკა ბათუმშიც უნდა მოწესრიგდეს – მაია ბითაძე

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე აცხადებს, რომ სატრანსპორტო პოლიტიკა ბათუმშიც უნდა მოწესრიგდეს.

„აჭარაში, ბათუმში, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი (EBRD) ახროციელებს პროექტს, რომლის ფარგლებში ბათუმშიც უნდა მოწესრიგდეს სატრანსპორტო პოლიტიკა“, – განაცხადა მაია ბითაძემ 6 მაისს პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე.

გირჩევთ ამ თემაზე:

მაია ბითაძის თქმით, სატრანსპორტო პოლიტიკის ცვლილებები თბილისში 2018 წლიდან სერიოზულად დაიწყო და რამდენიმე წელიწადში უნდა დასრულდეს.

თბილისის სატრანსპორტო რეფორმაზე გირჩევთ „ნეტგაზეთის“ არქივიდან:

უკრაინაში კიბოთი დაავადებულთა მკურნალობა შეჩერებულია – ზელენსკი

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრისა და ომის გამო კიბოთი დაავადებულთა მკურნალობა მთლიანად შეჩერებულია. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხუთშაბათს სპეციალური მიმართვისას განაცხადა.

ზელენსკის თქმით, რუსეთის სამხედრო აგრესიის გამო უკრაინაში ჯანდაცვის სისტემა სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდა. მისივე თქმით, დღემდე რუსეთის ჯარებმა უკრაინაში გაანადგურეს ან დააზიანეს 400-მდე სამედიცინო დაწესებულება: საავადმყოფოები, სამშობიაროები, კლინიკები.

„ჩვენს ქვეყანაში ამჟამად არ არსებობს კიბოთი დაავადებული პაციენტების მკურნალობა.  გარდა ამისა, უკრაინას პრობლემები აქვს ინსულინზე წვდომასთან დაკავშირებით, არის ანტიბიოტიკების ნაკლებობა …

უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე აღმოსავლეთსა და სამხრეთში კატასტროფული ვითარებაა სამედიცინო სერვისებსა და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის მხრივ. უმარტივესი წამლების ნაკლებობაც კი არსებობს,“ – თქვა ზელენსკიმ.

„რუსეთმა ისეთი პრობლემები მოუტანა უკრაინასა და ევროპას, რასაც რამდენიმე თვის წინ ვერ წარმოვიდგენდით … ეს არის ქირურგიული ოპერაციის ჩატარების შეუძლებლობა, ეს არის ანტიბიოტიკების უკმარისობაც!“ – დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.

18 წლის ბიჭი, რომელსაც დედა თვალწინ მოუკლეს და ახლა ოთხ და-ძმას ზრდის

ომამდე 18 წლის ვიაჩესლავი ოთხ და-ძმასთან ერთად დონეცკის ოლქში, სოფელ ვერხნეტორეცკოეში ცხოვრობდა. მარტის იმ დღეს, რომელმაც მისი და მისი ოჯახის ცხოვრება მთლიანად შეცვალა, ვიაჩესლავი დედასთან, 37 წლის მარინასთან ერთად, შინ ბრუნდებოდა – მათ სახლთან ახლოს ორი ჭურვი ერთმანეთის მიყოლებით აფეთქდა.

„დედა დაიღუპა, უბრალოდ… ხელებში ჩამაკვდა. პირველი ჭურვი ჩვენგან ათ ნაბიჯში ჩამოვარდა. დავინახე, როგორ დაეცა. დედა დაწვა, მე ჩავიმუხლე. ჩემ გვერდით იყო, იქვე… თვალი გავახილე და დედა გვერდულად წევს. მისი უკანასკნელი სიტყვები იყო – „კარგად ვარ“, – „ნასტოიაშჩეე ვრემიასთან“ საუბარში ვიაჩესლავი იხსენებს, რომ დედას ჭრილობები ტანსაცმლით შეუხვია და დახმარების საძებნად გაიქცა. უკან დაბრუნებულს დედა დაღუპული დახვდა.

„უბრალოდ ვერ ვიჯერებდი, რომ ეს მოხდა. ვერ ვიჯერებდი. შინ რომ მივდიოდი, რა უნდა მეთქვა ბავშვებისთვის, არ ვიცოდი, როგორ უნდა მეთქვა? სახლში რომ შევედი, ბავშვები თავისით მიხვდნენ ყველაფერს,“ – ჰყვება 18 წლის ვიაჩესლავი.

შვილებმა დედა იქვე, აფეთქების შედეგად გაჩენილ ღრმულში დაასაფლავეს, რადგან ადგილობრივი სასაფლაო დანაღმული იყო.

„იქ არავის უშვებდნენ. როდესაც სასაფლაოს განაღმავენ, ახლობლები მივლენ და გადაასვენებენ“, – ამბობს ვიაჩესლავი.

ის და მისი და-ძმები დონეცკიდან ნაცნობებმა გაიყვანეს და ახლა უსაფრთხოდ არიან. უკვე თვეზე მეტია ლვოვის ოლქში, ქალაქ დროგობიჩში, საერთო საცხოვრებელში ცხოვრობენ.

ბავშვებს ერთმანეთის გარდა ნათესავი არ დარჩათ, ამიტომ მცირეწლოვან და-ძმებზე მეურვეობა 18 წლის ვიაჩესლავმა გაიფორმა და მათზე ახლა თავად ზრუნავს.

ვიაჩესლავი დებთან ერთად. ის 18 წლისაა და 4 და-ძმის მეურვეობა აიღო

„მინდა, რომ ბავშვებს ბავშვობა ჰქონდეთ. მინდა, ჰქონდეთ ბედნიერი მომავალი და მე ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ. მჯერა, რომ დედა ახლა ჩვენთანაა და გვეხმარება“, – ამბობს ვიაჩესლავი, რომელმაც და-ძმები სკოლაში მიიყვანა, თვითონ კი მუშაობს და თან სამედიცინო უნივერსიტეტში ჩასაბარებლად ემზადება.

იაპონია დამატებით სანქციებს უწესებს რუსეთს

იაპონია დამატებით სანქციებს აწესებს რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაზე თავდასხმის გამო – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ განაცხადა.

ტოკიო გაყინავს კიდევ რამდენიმე რუსული ბანკისა და 140-მდე ფიზიკური პირის აქტივებს იაპონიაში, ასევე, რუსეთში ექსპორტის აკრძალვა შეეხება დამატებით 70 სამხედრო ორგანიზაციას და რუსეთში აიკრძალება უახლესი ტექნოლოგიებთან დაკავშირებული საქონლის ექსპორტი, მათ შორის კვანტური კომპიუტერების.

ჯერ კიდევ აპრილის დასაწყისში იაპონია შეუერთდა ფინანსურ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და დამატებით აკრძალა იაპონიიდან რუსეთში იაპონური ძვირადღირებული მანქანების, მოტოციკლების და ალკოჰოლის ექსპორტი. რუსული ბაზარი დატოვა იაპონურმა Toyota-მ.

4 მაისს კრემლმა იაპონიის პრემიერ-მინისტრს ფუმიო კიშიდას და იაპონიის კიდევ 62 მოქალაქეს, დეპუტატებს, მინისტრებს, ჟურნალისტებსა და უნივერსიტეტების პროფესორებს რუსეთში შესვლა სამუდამოდ აუკრძალა.

ახალი მონაცემები სამხედრო დანაკარგებზე რუსეთ-უკრაინის ომში

უკრაინამ და რუსეთმა, ომის დაწყებიდან დღემდე პერიოდში, სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 6 მაისამდე პერიოდში რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 24 900 ადამიანი
  • ტანკი – 1110 ერთეული
  • ჯავშანტექნიკა / APV – 2 686 ერთეული
  • საარტილერიო სისტემა – 502 ერთეული
  • MLRS – 171 ერთეული
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 83 ერთეული
  • თვითმფრინავი – 199 ერთეული
  • ვერტმფრენი – 155 ერთეული
  • საავტომობილო მანქანა – 1 926 ერთეული
  • გემი/ნავი – 11 ერთეული
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 324
  • სპეციალური აღჭურვილობა – 38
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 90

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს, 6 მაისს, დილით გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 6 მაისამდე პერიოდში, სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 151 თვითმფრინავი
  • 112 ვერტმფრენი
  • 742 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 290 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 2 854 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 329 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 1 338 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 2 683 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

[yellow_box]პენტაგონი დონბასში რუსების პროგრესზე: მზარდი და გაუწონასწორებელი, მაგრამ არა არარსებული[/yellow_box]

უკრაინული მედიის ცნობით, ექიმი, რომელიც ახლა „აზოვსტალში“ იმყოფება, ყირიმელი თათარია და თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს მიმართავს. იგი ერდოღანს ხალხის გაყვანაში დახმარებას სთხოვს:

ბრიტანული დაზვერვის ბოლო მონაცემებში საუბარია აზოვსტალზე განახლებულ თავდასხმებსა და რუსეთის დანაკარგების ზრდაზე:

აზოვსტალზე განახლებული თავდასხმები სავარაუდოდ 9 მაისს უკავშირდება – ბრიტანული დაზვერვა

გერმანია უკრაინაში ჰაუბიცებს გაგზავნის, ფინეთიც აცხადებს, რომ სამხედრო დახმარებას ზრდის

გერმანია უკრაინას 7 თვითმავალ, ბრონირებულ „ჰაუბიცას“ მიაწვდის – ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული მედია ავრცელებს ქვეყნის თავდაცვის მინისტრ კრისტიან ლაბერხტზე დაყრდნობით.

„ჰაუბიცა“ – Panzerhaubitzen 2000-ს შეუძლია ჭურვის გასროლა 40 კილომეტრამდე მანძილზე.

ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ გერმანია შესთავაზებს უკრაინელ სამხედროებს მძიმე არტილერიის გამოყენების სწავლებას. გერმანიის თავდაცვის სამინისტროს არ დაუსახელებია „ჰაუბიცების“ მიწოდების ვადა, მაგრამ უკრაინელი ჯარისკაცების წვრთნა მომავალ კვირას იგეგმება.

უკრაინაში დამატებით დახმარებას გაგზავნის ფინეთიც. ამის შესახებ 5 მაისს განაცხადა ფინეთის თავდაცვის მინისტრმა. ფინეთის დახმარების, მიწოდების მეთოდისა და განრიგის დეტალები არ საჯაროვდება, „რათა უზრუნველყოფილი იყოს დახმარების დანიშნულების ადგილის უსაფრთხოდ მიღწევა,“ – აცხადებს ფინეთის თავდაცვის სამინისტრო.

თუმცა ფინეთის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ დამატებითი დახმარება ითვალისწინებს როგორც უკრაინის საჭიროებებს, ასევე ფინეთის თავდაცვის ძალების ამჟამინდელ რესურსებს.

„უკრაინას ძალიან სჭირდება დამატებითი დახმარება. ჩვენ გავზრდით უკრაინის სამხედრო ტექნიკით დახმარებას”, – განაცხადა ფინეთის თავდაცვის მინისტრმა ანტი კაიკონენმა.

_______________

ფოტოზე: Panzerhaubitzen 2000. ფოტო: ვიკიპედია

 

ბათუმის მერიამ გორგასალზე კორპუსის მშენებლობის ნებართვა შეაჩერა

ბათუმის მერიამ შეაჩერა ბათუმში, გორგასლის 116 ნომერში 14-სართულიანი კორპუსის მშენებლობის ნებართვა.

„ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ შპს „გრინკო გორგასლის“ სახელზე მრავალბინიანი სახლის მშენებლობის ნებართვის მოქმედება შეაჩერა და ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.
ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, დაინტერესებულ პირებს უფლება აქვთ წარმოადგინონ საკუთარი მოსაზრებები,“ – ეს ინფორმაცია „ბათუმელებმა“ მერიიდან მიიღო.

ბათუმში, გორგასლის 116 ნომერში, შპს „გრინკო გორგასალი“ მრავალბინიანი კორპუსის მშენებლობას გეგმავს. მოსამზადებელი სამუშაოები კომპანიას უკვე დაწყებული აქვს.

მშენებლობას ეწინააღმდეგებიან მოქალაქეები, რომელთა საცხოვრებელი ბინებიც მშენებლობის არეალში ხვდება. ვახტანგ გორგასლის ქუჩა ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩის პარალელურად მდებარეობს. ახალი კორპუსი, რომლის აშენებაც 116 ნომერში იგეგმება, ბინებს ჩაუბნელებს ფარნავაზ მეფის #113/121-ში მცხოვრებ იმ ოჯახებს, რომელთა აივნებიც გორგასლის ქუჩაზე გადიოდა.

დოკუმენტების მიხედვით, კომპანია გორგასლის #119-ში მშენებლობის ნებართვის მოპოვებას 2019 წლიდან ცდილობს. თავდაპირველად „გრინკო გორგასალმა“ მერიას ხუთსართულიანი კორპუსის პროექტით მიმართა, შემდეგ კი პროექტში ცვლილება მოითხოვა და ის ჯერ 12 სართულამდე, შემდეგ კი 14 სართულამდე გაზარდა. პროექტი ბათუმის ყოფილმა მერმა ლაშა კომახიძემ შეითანხმა, საბოლოო ნებართვას კი მოქმედმა მერმა, არჩილ ჩიქოვანმა მოაწერა ხელი.

14 სართული 501 კვ.მეტრზე და კედელი ფანჯრებთან – აქ მცხოვრებლები რიჟვაძის ჩარევას ითხოვენ

პენტაგონი დონბასში რუსების პროგრესზე: მზარდი და გაუწონასწორებელი, მაგრამ არა – არარსებული

პენტაგონის პრესსპიკერმა ჯონ კირბიმ 5 მაისს გამართულ ბრიფინგზე მარიუპოლის შესახებ დასმულ შეკითხვებს უპასუხა. მისი თქმით, მარიუპოლი კვლავაც რჩება ალყაში, უმეტესწილად საჰაერო თავდასხმებისა და დაბომბვების გამო. მას არ დაუსახელებია რამდენი უკრაინელია აზოვსტალში, თუმცა აღნიშნა, რომ გრძელდება უკრაინული წინააღმდეგობა და „ისევ ვხედავთ მარიუპოლის თავს დამტყდარ ძალადობას და ნგრევას“.

კირბის ჰკითხეს მარიუპოლში რუსი სამხედროების რაოდენობის შესახებ. მან განაცხადა, რომ ეს საფრთხილო საკითხია, რადგან პენტაგონის „ცოდნა რუსული ძალების განლაგების შესახებ იდეალური არაა“. თუმცა, მისი თქმით, ზოგადი შეფასებით რუსული სახმელეთო ძალების უდიდესი ნაწილი, რომელიც მარიუპოლისთვის იყო გამოყოფილი, მარიუპოლიდან ჩრდილოეთით გადავიდა.

„ამ დროისთვის, მცირე რაოდენობა, უხეშად რომ ვთქვათ – ორი ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფის ეკვივალენტური რაოდენობა რჩება მარიუპოლსა და მის გარშემო. უპირატესად (საბრძოლი) მოქმედებები საჰაერო თავდასხმებს მოიცავს მარიუპოლსა და მის ირგვლივ და, რა თქმა უნდა, აზოვსტალის ქარხანაში“.

პენტაგონის პრესსპიკერს ასევე ჰკითხეს, ბელარუსის სამხედრო წვრთნებისა და იმის შესახებ, ჩანს თუ არა რაიმე ნიშნები, რომ ბელარუსი ომში აქტიურად ჩართვას გეგმავს. კირბის თქმით, ამ დროისთვის არ შეინიშნება მსგავსი ნიშნები.

„არ არის ნიშნები, რომ ბელარუსს უკრაინის ომში აქტიურად ჩართვის განზრახვა აქვს. მივცემ მათ უფლებას თავად ისაუბრონ თავიანთ წვრთნებზე, მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ რაიმე მინიშნებას, რომ ისინი გეგმავენ ან განიზრახავენ პირდაპირ ჩაერთონ ომში უკრაინაში“, – განაცხადა კირბიმ.

შეკითხვა ასევე შეეხო დონბასში რუსეთის ტაქტიკური მოქმედების ხასიათისა და ინტენსივობის ცვლილებას 9 მაისის მოახლოებასთან დაკავშირებით. აღნიშნულზე კირბიმ უპასუხა, რომ ვერ ხედავს კორელაციას მოახლოებულ 9 მაისსა და რუსების დონბასში ქცევას შორის:

„იმაზე დაკვირვებით, რაც შეგვიძლია დავინახოთ, შეგვიძლია დავასკვნათ, მე ვერ ვიტყვი, რომ არის ცვლილება ქცევაში ან აგრესიულობაში ან იმპულსში, რომელიც დაფუძნებულია 9 მაისის მოახლოებულ თარიღთან. რის გაკეთებას ან თქმას აპირებენ გამარჯვების დღეს, ეს ნამდვილად მათზეა დამოკიდებული. არ მგონია, ჩვენ სრულყოფილი წარმოდგენა გვქონდეს“.

მისი თქმით, პენტაგონის შეფასების მიხედვით, დონბასში რუსებმა ვერ მიაღწიეს იმ წარმატებას, რასაც ამ დროისთვის ელოდნენ. ამის მიზეზი კი დიდწილად უკრაინელების წინააღმდეგობაა, თუმცა ასევე ისიც, რომ რუსეთმა შეუსაბამო ძალისხმევა გაიღო იმ გამოწვევების ადეკვატურად მოსაგვარებლად, რაც კიევის გარშემო ჩრდილოეთით ჰქონდა.

კირბის განმარტებით, როდესაც საუბარია, რომ რუსეთს არ მიუღწევია დიდი წინსვლისთვის დონბასში, ეს ისე არ უნდა გავიგოთ, რომ მას საერთოდ არ აქვს პროგრესი. მათი პროგრესი შეიძლება შეფასდეს, როგორც „მზარდი და გაუწონასწორებელი, მაგრამ არა – არარსებული“.

გაიარე გასაუბრება, შეიძინე ახალი პროფესია უფასოდ და დასაქმდი

პროფესიული კოლეჯი „გოლდენ სიი“ აცხადებს მიღებას.

სტუდენტებს, რომლებიც გასაუბრებას წარმატებით გაივლიან, სასწავლო პროცესი სრულად დაუფინანსდება, წარჩინებულები კი – დასაქმდებიან.

სასწავლებელი, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად გთავაზობთ დუალურ სწავლებას შემდეგ პროგრამებზე:

  • მზარეული
  • კონდიტერი
  • მასაჟისტ-რეაბილიტატორი
  • სასტუმროს(დეპარტამენტების) ვაიზერი
  • სასტუმროს საქმის მწარმოებელი
  • რესეფშენისტი
  • HR-ის ასისტენტი
  • საოფისე საქმე
  • მიმტანი
  • ბართენდერი

სასწავლო კურსს სტუდენტები გაივლიან შემდეგ ბრენდულ სასტუმროებში:

[checklist]

  • სასტუმრო პრინცესა ვინდჰემი
  • სასტუმრო პიაცა
  • სასტუმრო ინტურისტი
  • სასტუმრო ეუფორია
  • სასტუმრო ლეგენდა
  • სასტუმრო გრანდ გლორია
  • სასტუმრო ველმონდი
  • სპა შანგრი ლა

[/checklist]

საბუთების მიღება გრძელდება 14 მაისამდე.

შეავსე განაცხადი 

დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე: 577190653; 591718142; 599523403.
ელ ფოსტა: batumigoldensea@gmail.com
www.goldensea.ge

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ ნათია კაპანაძის სარჩელი არ დააკმაყოფილა

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ ნათია კაპანაძის სარჩელი არ დააკმაყოფილა. მან ძირითადად ტელევიზიის ყოფილი ბორდის არგუმენტები გაიზიარა სატელევიზიო რეიტინგის, პროგრამული პრიორიტეტების შეუსრულებლობის, შრომის ანაზღაურების ცვლილების და თანხის არამიზნობრივი ხარჯვის ნაწილში.

„ნათია კაპანაძის საქმეზე“ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს, 6 მაისს, გამოცხადდა.

გადაწყვეტილების გამოცხადებამდე მოსამართლე 17-ივე საკითხზე ისაუბრა, რაც ნათია კაპანაძეს ჩაუწერეს იმპიჩმენტის საფუძვლად და ის საკითხები, რაც მისთვის აღმოჩნდა დამაჯერებელი, ბოლოს ჩამოთვალა.

მოსამართლემ გაიზიარა ყოფილი ბორდის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ „პროგრამული პრიორიტეტები არ სრულდებოდა“. მოსამართლემ ასევე გაიზიარა მოსაზრება რეიტინგებზე, მაშინ, როდესაც ბორდის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ნატა იმედაშვილმაც კი უთხრა, რომ რეიტინგი არაა საკითხი, რაც შესაძლოა იმპიჩმენტის საფუძველი გახდეს.

მოსამართლეს რეიტინგების დათვლის სპეციალისტმაც უთხრა, როგორც მოწმემ, რომ რეიტინგის შემცირება უკავშირდებოდა სატელევიზიო ბადიდან მექანიკის (სერიალები, მხატვრული ფილმები) ამოღებას და მცდელობას, ტელევიზიას საკუთარი გადაცემები შეეთავაზებინა მაყურებლისთვის.

მოსამართლემ ასევე გაიზიარა ყოფილი ბორდის პოზიცია შრომის ანაზღაურების ცვლილებაზე, რაც ბორდის შეფასებით, დისკრიმინაციული იყო. მოსამართლეს არ განუმარტავს, რატომ მიიჩნია მან კაპანაძის ეს გადაწყვეტილება დისკრიმინაციულად.

„ეს გადაწყვეტილება ცალსახად დაუსაბუთებელია, ამას კვლევაც არ სჭირდება“, – მიიჩნევს პაატა დიასამიძე, საიას აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი. საია სასამართლოში ნათია კაპანაძის ინტერესებს იცავს.

„გარემოებების ნაწილს სასამართლო დაუშვებლად მიიჩნევს“, – აღნიშნა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ და ამის მაგალითად „დაუსაბუთებელი ხარჯვა“ მოიტანა, რაც ასევე იმპიჩმენტის საფუძვლად დასახელდა.

„ვერ იქნა დასაბუთებული ეს“, – ხაზი გაუსვა საკუთარ შეფასებას მოსამართლემ, თუმცა ამავე დროს მიიჩნია, რომ ერთი გადარიცხვა იყო „არამიზნობრივი“, რადგან დაირღვა ფორმალური საფუძველი.

ჯუმბერ ბეჟანიძის თქმით, შესყიდვების ნაწილში, რაც ბორდმა ჩაწერა იმპიჩმენტის ერთ-ერთ საფუძვლად, ნათია კაპანაძემ კანონიერად იმოქმედა.

ერთ-ერთი საკითხი, რასაც ნათია კაპანაძეს ედავებოდნენ, იყო ტელევიზიის თანამშრომლის გათავისუფლება, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით აღადგინეს.

„თუნდაც სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ შეიძლება იყოს უნდობლობის გამოცხადების საფუძველი“, – დასძინა მოსამართლემ.

„ვწუხვარ, რომ ჯუმბერ ბეჟანიძე დარჩა მხარე და მიიღო ეს სამარცხვინო გადაწყვეტილება, მან შეასრულა პოლიტიკური დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი“, – თქვა სასამართლო სხდომის შემდეგ ნათია კაპანაძემ.

————–

ნათია კაპანაძე სასამართლოში მისთვის უნდობლობის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, თანამდებობაზე აღდგენას, იძულებით განაცდურის ანაზღაურებასა და დირექტორის პოზიციაზე გამოცხადებული კონკურსის შეჩერებას ითხოვდა.

ნათია კაპანაძე 2019 წლის 19 აპრილს იმპიჩმენტის წესით გაათავისუფლეს აჭარის ტელევიზიის დირექტორის თანამდებობიდან. დირექტორის იმპიჩმენტის პროცედურის წამოწყებას წინ უსწრებდა არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის, უცხო ქვეყნის საელჩოსეუთოს სპეცწარმომადგენლების შეშფოთება სარედაქციო პოლიტიკაში გარე ძალების ჩარევაზე, მაგრამ ამას მაშინდელი მრჩევლებისთვის [ნატა იმედაიშვილი, გიგა ჩხარტიშვილი, ირაკლი ირემაძე, ირაკლი დარცმელიძე] არ შეუშლია ხელი დირექტორის იმპიჩმენტის პროცედურა ბოლომდე მიეყვანა.

„ნათია კაპანაძის საქმის“ განხილვა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ სარჩელის შეტანიდან დაახლოებით ორი წლის შემდეგ, 2021 წლის 25 მაისს დაიწყო.

რა თქვეს მოწმეებმა სასამართლო პროცესებზე ნახეთ აქ.

ნათია კაპანაძის შემდეგ სასამართლოს 11-მა ჟურნალისტმა და რედაქტორმა მიმართა, რომლებიც აჭარის ტელევიზიის ახალი მენეჯმენტის პირობებში სამსახურიდან გაუშვეს, ან მათი სამსახურებრივი მდგომარეობა შეცვალეს. ამ საქმეების დიდი ნაწილის განხილვა ჯერ არ დაწყებულა.

___

მთავარი ფოტო: ნათია კაპანაძე და ჯუმბერ ბეჟანიძე

ამ თემაზე:

რა თქვეს მოწმეებმა „ნათია კაპანაძის საქმეზე“

დრო არ გვაქვს, ხალხი კვდება – ექიმი მარიუპოლიდან ერდოღანს მიმართავს

უკრაინული მედიასაშუალებები ავრცელებენ მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ქარხანაში მყოფი ახალგაზრდა ექიმის მიმართვას. მედიის ცნობით, მარიუპოლელი მედიკოსი ყირიმელი თათარია და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს მიმართავს. ექიმი „აზოვსტალიდან“ ერდოღანს ხალხის გაყვანაში დახმარებას სთხოვს.

ახალგაზრდა კაცი ამბობს, რომ არც კი ახსოვს ომის დაწყებიდან რამდენი დღე გავიდა, მის ხელებში კი ხალხი იხოცება: ტყვიების, შიმშილის, არასაკმარისი წამლების, საშინელი პირობების გამო.

„ჩვენ არ გვაქვს დრო, არ ვიცი, ხვალ მე ვიქნები თუ არა“ – ამბობს ექიმი.

ერდოღანისადმი მიმართვაში ახალგაზრდა კაცი ჰყვება, რომ ის მუსლიმია, ყირიმელი თათარი, წარმოშობით გირეადან. ოკუპაციამდე სწავლობდა სამედიცინოზე, ახლა კი „აზოვსტალში“ დაჭრილებს სამედიცინო დახმარებას უწევს. ამბობს, რომ ომამდე სიკვდილი არასოდეს ენახა, სასწრაფო დახმარების მანქანაზე მუშაობდა  და ყოველთვის ეხმარებოდა ადამიანებს.

„მაგრამ აქ, 2022 წელს, მტკივნეულია იმის გადატანა, თუ როგორ გვაკვდებიან ხელებში ჩირქოვანი ჭრილობებით ადამიანები ანტიბიოტიკების უქონლობის გამო. ჩვენ მუდმივად გვბომბავენ ჰაერიდან, ზღვიდან და ხმელეთიდან“, – ამბობს ექიმი.

ის დასძენს, რომ იღუპებიან ქალები და ბავშვები. ექიმი ითხოვს, აზოვსტალის ტერიტორიიდან გაიყვანონ ყველა ადამიანი, როგორც სამოქალაქო პირები, ასევე სამხედროები. ის ამ კოშმარის დასრულებას ითხოვს.

ახალგაზრდა ექიმი აღნიშნავს, რომ თურქეთსა და უკრაინას ყოველთვის მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდათ და ერთმანეთს უჭერდნენ მხარს. სახელმწიფოს და თავად ერდოღანს კი დიდი გავლენა აქვს რეგიონის პოლიტიკაზე.

„ჩვენ არ ვიცით, სად მივწეროთ და ვის მივმართოთ. ამიტომ მოგმართავთ პირადად თქვენ. გულწრფელად მჯერა, რომ ყოვლისშემძლე ალაჰი არ დატოვებს ჩვენს კეთილ საქმეებს და თქვენ დაგვეხმარებით“, – ამბობს ექიმი მიმართვაში.

ქალაქ მარიუპოლში რუსეთის არმია „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიას ბომბავს როგორც ხმელეთიდან, ისე ციდან და ზღვიდან. „აზოვსტალში“ მყოფი აზოვის პოლკის მეთაურები აცხადებენ, რომ რუსები უკვე შეიჭრნენ ქარხნის ტერიტორიაზე და მიდის სასტიკი ბრძოლები.

აზოვის პოლკის მეთაურები მიმართავენ უკრაინის და უცხოეთის ლიდერებს, გაიყვანონ ბავშვები, ქალები და დაჭრილები.

ამავე თემაზე: 

„აზოვსტალი“ – მარიუპოლის უკანასკნელი ციხესიმაგრე

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 6 მაისის 21 საათიდან 7 მაისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით – უმეტეს რაიონებში, დღისით კი ზოგან დროგამოშვებით წვიმა.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 15 – 20 გრადუსი 
  • ღამით: 8 – 13 გრადუსი 

შიდამთიან რაიონებში მოსალოდნელია:

  • დღისით: 13 – 18 გრადუსი
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 8-9 მაისს, აჭარაში დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი.

„მე და ევროპა“ – ახალი ქართული დოკუმენტური ფილმი ევროპის დღისთვის

წელს, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში 9 მაისს, ევროპის დღეს, ოთხი მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის შექმნით აღნიშნავს.

პროექტი რეჟისორ გიორგი ქველიძესთან თანამშრომლობით ხორციელდება. დოკუმენტური ფილმი საქართველოს ოთხი რეგიონიდან (კახეთი, იმერეთი, გურია და რაჭა-ლეჩხუმი) ოთხ სხვადასხვა ისტორიას მოგვითხრობს და ქართველებისა და ევროპელების საერთო ხედვას, სულს, ღირებულებებსა და მიზნებს ასახავს.

დოკუმენტური ფილმის პრემიერა 9 მაისს 21:00 საათზე, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გაიმართება: https://bit.ly/37Wa8Xv.

სამი ფილმის თრეილერი იხილეთ აქ:

ისტორია რაჭიდან- https://bit.ly/3vImgVb

ისტორია კახეთიდან – https://bit.ly/38ZQNFi

ისტორია გურიიდან – https://bit.ly/3Fn3vKo

„ევროპის დღე ჩვენთვის განსაკუთრებულია. ეს არის ევროკავშირის ისტორიისა და ჩვენი ღირებულებების აღნიშვნა – საიდან მოვდივართ და რას ვუჭერთ მხარს“, განმარტავს ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი. „მნიშვნელოვანია იმის ჩვენება, რომ საქართველოსა და ევროკავშირის ღირებულებები მართლაც ერთსა და იმავე პრინციპებზეა დაფუძნებული. თითქმის ოთხი წელია, რაც საქართველოში ვარ და ვხედავ, რომ ეს ღირებულებები საერთოა ევროკავშირსა და საქართველოში. ყოველთვის ვიყურები წარსულისკენ და ვიხსენებ საქართველოს კონსტიტუციას. თუ ამ კონსტიტუციას ევროკავშირის ქვეყნების კონსტიტუციებს და საკანონმდებლო ჩარჩოებს შევადარებთ, დავინახავთ, რამდენად პროგრესული იყო საქართველო, როგორ იზიარებდა ქვეყანა დემოკრატიის, უმცირესობების დაცვისა და ქალთა უფლებების პრინციპებს. ღირებულებები, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ერთი საერთო წყაროდან იღებს სათავეს და მინდა, რომ ეს ფილმი ამას ასახავდეს“, – ამბობს ელჩი ჰარცელი.

მრავალფეროვნება, შემწყნარებლობა და ადამიანის უფლებები – ამ ღირებულებებს წარმოაჩენს კახეთში, სოფელ უდაბნოში განვითარებული ისტორია. ფილმში აღმოვაჩენთ, თუ როგორ ახერხებენ სხვადასხვა წარმომავლობის, რელიგიისა და კულტურის მქონე ადამიანები საერთო მიზნის გარშემო გაერთიანებას და მშვიდობიანად თანაცხოვრებას.

სულ სხვა თემაზე – თავისუფლებისკენ სწრაფვაზე გვიყვებიან რაჭიდან, სადაც ფილმის მთავარი გმირი, საბჭოთა დროიდან მოყოლებული, რადიოებს აგროვებს, სხვადასხვა სიგნალს პოულობს და, ამ გზით, საქართველოს პატარა სოფლიდან, კავშირს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ამყარებს.

მესამე ისტორია გურიის რეგიონში, ქალაქ ლანჩხუთში არსებულ ქალთა საფეხბურთო კლუბს უკავშირდება – გუნდის წევრებმა, საერთო წარმატების მიღწევის მიზნით, სტერეოტიპების მსხვრევაც შეძლეს და ევროპის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზეც გავიდნენ.

ემოციურია მეოთხე ისტორიაც, რომელიც ქართველ აქტივისტ აკაკისა და ორი წლის წინ, პორტუგალიიდან საქართველოში, ქუთაისში საცხოვრებლად გადმოსულ ლეონორზე გვიყვება, რომელმაც ქართული ენა ისწავლა, ნაციონალურ ცეკვებსაც მარტივად აუღო ალღო და აქ შეძენილ მეგობრებთან ერთად, გარემოს დაცვის მიზნით, სამოქალაქო აქტივისტიც გახდა.

„ეს პროექტი ევროპის დღეს ეძღვნება და ოთხ მოკლემეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმს მოიცავს, რომლებიც ერთ ფილმად ერთიანდება. ფილმის მთავარი გზავნილია, რომ საქართველო და ქართველი ხალხი ევროპულ ღირებულებებს იზიარებენ. ამ გზით, ჩვენ საქართველოს რეგიონებში არსებულ რეალობას და ღირებულებებს წარმოვაჩენთ“, – განმარტავს ფილმის რეჟისორი გიორგი ქველიძე.

დემოკრატია, თავისუფლება, თანასწორობა, მრავალფეროვნება – ეს იმ ღირებულებების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც ევროკავშირის წევრ 27 ქვეყანას აერთიანებს. ეს ღირებულებები ღრმად არის ფესვგადგმული ქართულ ისტორიასა და კულტურაშიც. საქართველო და ევროპა ერთსა და იმავე სულისკვეთებას, მიზნებსა და ღირებულებებს იზიარებენ. ეს არის ერის მისწრაფებები, გამოცდილება და ტრადიციები, რომლებიც, საბოლოოდ, საქართველოს ევროკავშირთან აკავშირებს.

ევროკავშირს საფუძველი სამოცდათორმეტი წლის წინ, 1950 წლის 9 მაისს ჩაეყარა. სწორედ ამ დღეს წარადგინა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რობერტ შუმანმა დეკლარაცია, რომელიც დღევანდელი ევროკავშირის საწყისად მიიჩნევა. ამიტომ, ევროპაში მშვიდობის და ერთიანობის აღსანიშნავად, სწორედ 9 მაისს ზეიმობენ ევროპის დღეს, რომელსაც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ყოველწლიურად უერთდება.

საწყისი ფასი 3,6 მილიონი – აჭარის მთავრობა ქობულეთში კლინიკა „ბომონდის“ შენობას ყიდის

ქობულეთში, ზღვასთან ახლოს მდებარე მიწის ნაკვეთს და შენობას, რომელშიც ამჟამად კლინიკა „ბომონდი“ ფუნქციონირებს, აჭარის მთავრობა პირობიან აუქციონზე ყიდის. საწყისი გასაყიდი ფასი 3,6 მილიონი ლარია.

პირობა ახალი შენობის აშენებას და მასში [ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 5 წლის ვადაში] კლინიკის განთავსებას ითვალისწინებს, თუმცა მომავალი მესაკუთრე ვალდებული იქნება საავადმყოფოს პროფილი მხოლოდ 10 წლით შეუნარჩუნოს.

მომავალი მესაკუთრე ასევე ვალდებული იქნება საკუთრებაში გადაცემულ ქონებაში უზრუნველყოს სამედიცინო დაწესებულების ფუნქციონირება – მშენებლობის პერიოდშიც.

აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი ქონება ქობულეთში/ფოტო აუქციონიდან

ქობულეთში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე 7 241 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების [საერთო ფართობით – 1 345 კვ.მ] საწყისი გასაყიდი ფასი 3,6 მილიონი ლარია. ბიჯი – 80 ათასი ლარი. ელექტრონული აუქციონი 2022 წლის 25 მაისს დასრულდება.

აუქციონის შენიშვნაში მითითებულია, რომ „უძრავ ქონებაში განთავსებულია მოქმედი სამედიცინო დაწესებულება [„ბომონდი“-ავტ.], რომელიც აუქციონში გამარჯვებულთან შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს ორი თვის ვადაში უზრუნველყობს ფართობის გამოთავისუფლებას.“

საჯარო რეესტრის მონაცემებით, შპს „ქობულეთის ცენტრალური საავადმყოფო – ბომონდის“ მესაკუთრეა შპს „სამედიცინო საინვესტიციო ჯგუფი“, რომელიც ქუთაისშია რეგისტრირებული. ამ კომპანიის 100% წილის მფლობელი და დირექტორი კი, მამუკა მიქაძეა.

აპირებს თუ არა „ბომონდი“ აუქციონზე გამოტანილი ქონების შესყიდვას? – ამის გარკვევა „ბათუმელებმა“ მამუკა მიქაძესთან სცადა, თუმცა მან ჩვენს სატელეფონო ზარს არ უპასუხა.

ვინ არის დაინტერესებული ქონების ყიდვით და რა პირობით სარგებლობდა/სარგებლობს სახელმწიფო ქონებას „ბომონდი“ – ამ კითხვებზე „ბათუმელებმა“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან პასუხი ამ დრომდე ვერ მიიღო.

აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი ქონება ქობულეთში/ფოტო აუქციონიდან

აუქციონის პირობა

„საბოლოო საპრივატიზებო საფასურის გადახდა აუქციონის დასრულებიდან 2 ეტაპად, კერძოდ: 2022 წლის 1-ელ დეკემბრამდე საბოლოო საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 25%-ის გადახდა; 2023 წლის 1-ელ დეკემბრამდე დარჩენილი საპრივატიზებო საფასურის გადახდა.

ხელშეკრულების გაფორმებიდან:

  • არაუგვიანეს 2 თვის ვადაში უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარმოდგენა საბოლოო საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 1%-ის ოდენობით, რომლის ვადაც არანაკლებ 2 თვით უნდა აღემატებოდეს საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას;
  • არაუგვიანეს 12 თვის ვადაში მშენებლობა/რეკონსტრუქცია/რემონტის შესაბამისი ნებართვის მიღება;
  • არაუგვიანეს 36 თვის ვადაში სამედიცინო დაწესებულებისათვის საჭირო შენობა-ნაგებობის მშენებლობა/რეკონსტრუქცია/რემონტის სამუშაოების დასრულება;
  • არაუგვიანეს 60 თვის ვადაში სამედიცინო დაწესებულების აღჭურვა, ექსპლუატაციაში მიღება და ამოქმედება;
  • არაუგვიანეს 60 თვის ვადაში სამედიცინო დაწესებულების მშენებლობა/რეკონსტრუქცია/რემონტისთვის და აღჭურვისათვის არანაკლებ 10 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელება;

სამედიცინო დაწესებულების ამოქმედებიდან არანაკლებ 10 წლის განმავლობაში პროფილის შენარჩუნება და პროფილის შენარჩუნების ვადით არანაკლებ 100 ადამიანის დასაქმება;

საინვესტიციო ვალდებულებების შესრულების, მათ შორის მშენებლობა/რეკონსტრუქცია/რემონტის პერიოდში, საკუთრებაში გადაცემულ ქონებაში სამედიცინო დაწესებულების ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

ხელშეკრულების გაფორმებიდან 36 თვის ვადაში საკუთრებაში გადაცემული ქონების ნაწილზე, არანაკლებ 1 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, სკვერის მოწყობა და მუდმივად მისი მოვლა-პატრონობა, სადაც არ შეიზღუდება მესამე პირთა გადაადგილება“.

აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი ნაკვეთი ქობულეთში [მონიშნულია წითელი ფერით]

აზოვსტალზე განახლებული თავდასხმები სავარაუდოდ 9 მაისს უკავშირდება – ბრიტანული დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის 6 მაისის მონაცემებით, რუსეთის დანაკარგები იზრდება, რაც სამხრეთ დონბასში მათ ოპერატიულ გეგმებს ჩაშლის. დაზვერვის დღევანდელი მონაცემები ასევე მიანიშნებს 9 მაისის მოახლოებაზე. როგორც ვკითხულობთ, აზოვსტალის ქარხნის განადგურების განახლებული ძალისხმევა რუსეთის მხრიდან, სწორედ ამ დღის მოახლოებასა და პუტინის სურვილს უკავშირდება, აღნიშნოს სიმბოლური გამარჯვება.

„მიუხედავად რუსი ოფიციალური პირების განცხადებებისა, რომ ისინი მხოლოდ აზოვსტალის ქარხნის დაბლოკვას ცდილობენ, მეორე დღეა რუსული ძალები მარიუპოლში აგრძელებენ სახმელეთო თავდასხმებს აზოვსტალის ფოლადის ქარხანაზე.

აზოვსტალის გაუვნებლებისა და მარიუპოლის სრულად აღებისთვის რუსეთის განახლებული ძალისხმევა, სავარაუდოდ, დაკავშირებულია 9 მაისის – გამარჯვების დღის მოახლოებასთან და პუტინის სურვილთან – გამოაცხადოს სიმბოლური გამარჯვება უკრაინაში.

ეს ძალისხმევა რუსეთს ადამიანური, აღჭურვილობის და საბრძოლო მასალის ფასად უჯდება. მანამ აზოვსტალში უკრაინული წინააღმდეგობა არსებობს, რუსული დანაკარგები კვლავაც გააგრძელებს ზრდასა და სამხრეთ დონბასში მათი ოპერატიული გეგმების ჩაშლას,“ – ვკითხულობთ ბრიტანული დაზვერვის ბოლო განახლებაში.

____

მთავარი ფოტო: აზოვსტალი

 

ნარჩენების დახარისხება – რა აჩვენა ექსპერიმენტმა ბათუმსა და თბილისში

რამდენად მზად არის საქართველოში მოსახლეობა ნარჩენების დახარისხებისთვის [სეპარირებისთვის]? – საპილოტე პროექტის ფარგლებში ჩატარებული ექსპერიმენტი, რომელიც ამის შემოწმებას ისახავდა მიზნად, საქართველოს ორ დიდ ქალაქში, ბათუმსა და თბილისში შედგა, გაეროს განვითარების პროგრამისა და ბათუმისა და თბილისის მერიების თანამშრომლობით.

ექსპერიმენტი 8 კვირას გაგრძელდა. პლასტმასის ბოთლების შესაგროვებლად ბათუმში 15 ურნა დაიდგა, თბილისში კი – 25.

ბათუმში ექსპერიმენტის ავტორებმა ურნები პლასტმასის ბოთლების შესაგროვებლად ხიმშიაშვილის, ინასარიძისა და  ჯავახიშვილის ქუჩებზე, მუნიციპალური ურნების გვერდით განათავსეს, რათა შეემოწმებინათ, წაახალისებდა თუ არა მოსახლეობას ნარჩენების სეპარირებისკენ საჭირო ინფრასტრუქტურა იქ, სადაც ჩვეულებრივ ყრიან ნაგავს.

გაეროს განვითარების პროგრამის სწრაფი განვითარების ლაბორატორიის გადაწყვეტების ხელმძღვანელის, სესილი ვერძაძის თქმით, აქამდე განხორციელებული პროექტების ფარგლებში ძირითადად საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თავსდებოდა ნარჩენების გადახარისხებისთვის საჭირო ურნა, რაც მოსახლეობისთვის ნაკლებად მოსახერხებელია, რადგან მოქალაქემ მიზანმიმართულად უნდა გაიაროს კონკრეტული მანძილი ნარჩენების შესაბამის ურნაში მოსათავსებლად.

სესილი ვერძაძე

როგორც სესილი ვერძაძემ გვითხრა, ექსპერიმენტის ფარგლებში, ბათუმში, ორი ქუჩაზე საკომუნიკაციო კამპანია მიმდინარეობდა, ერთ ქუჩაზე კი – არა.

„ერთ ქუჩაზე გზავნილი იყო  – „შეუერთდი ევროპის მოსახლეობის 60 პროცენტს, რომელიც ახარისხებს ნარჩენს“. მეორე ქუჩაზე გზავნილი იყო – „მადლობას გიხდით გადამუშავებისთვის, ამით თქვენ ასუფთავებთ საქართველოს“. ამ ფორმით მოსახლეობაში კმაყოფილების გრძნობის შეტანა გვინდოდა. მესამე ადგილას საკომუნიკაციო კამპანია არ განხორციელებულა, მხოლოდ ურნა დაიდგა“. 

სესილი ვერძაძის თქმით, ექსპერიმენტში აქტიურად იყვნენ ჩართულები მოხალისეები.

„თითოეულ ურნასთან შეგროვებული ნარჩენები იზომებოდა. შედარებით მეტი ნარჩენი გროვდებოდა იქ, სადაც საკომუნიკაციო კამპანია მიმდინარეობდა“, – ამბობს სესილი ვერძაძე.

8 კვირის განმავლობაში, ორივე ქალაქში განთავსებულ პლასტმასის ბოთლების ურნებში დაახლოებით 2 ტონა ნარჩენი შეგროვდა. აქედან დაახლოებით  600 კილოგრამი – ბათუმში.

სესილი ვერძაძის თქმით, შეგროვებული ნარჩენების 80% პლასტმასის ბოთლი იყო, დანარჩენი 20%  კი სხვა ტიპის ნარჩენი – შუშის, თუნუქის ქილა, ან ისეთი პლასტმასა, რომელიც საქართველოში ამ ეტაპზე არ მუშავდება, მაგრამ გადამუშავებადი ნარჩენია.

მოსახლეობა ხედავდა, თუ რა უნდა მოეთავსებინათ ექსპერიმენტისთვის გამოყოფილ ურნებში, რადგან ყველა ეს ურნა გამჭვირვალე იყო, განსხვავებით სხვა პროექტების ფარგლებში განთავსებული ურნებისგან, რომლებზეც მხოლოდ წარწერაა – თუ რა ტიპის ნარჩენისთვისაა განკუთვნილი. ამ გზით შეგროვებული ნარჩენების ხარისხი 60 პროცენტით იყო გაუმჯობესებული დახურულ ურნებთან შედარებით – აღნიშნავს სესილი ვერძაძე „ბათუმელებთან“ საუბრისას.

„დახურულ ურნებში მოსახლეობა სველ ნარჩენსაც ურევს და მათგან მხოლოდ ნარჩენების 40% შეადგენს პლასტმასის ბოთლებს. კვლევამ გვაჩვენა, რომ მოსახლეობა მზად არის სეპარაციისთვის და შეიძლება სხვადასხვა ურნის დამატება, თუნუქის, ქაღალდის და ა.შ. სეპარაციისთვის.

ამ ექსპერიმენტის საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუ მოსახლეობას ექნება ნარჩენების სეპარირების საშუალება სახლთან ახლოს, სადაც ჩვეულებრივ ყრიან ხოლმე ნარჩენებს, ბევრად მეტ ნარჩენს დაახარისხებენ, ვიდრე იმ შემთხვევაში, თუ ნარჩენების გადახარისხებისთვის საჭირო ურნები მხოლოდ საზოგადოების თავშეყრის ადგილებში იქნება განთავსებული“, – გვითხრა სესილი ვერძაძემ.

მხოლოდ პლასტმასის ნარჩენისთვის განკუთვნილი ურნები ჩვეულებრივი ურნის გვერდით. ფოტო: გაეროს განვითარების პროგრამა

ბათუმსა და თბილისში ექსპერიმენტისთვის დადგმული ურნები მუნიციპალიტეტებს გადაეცათ. მათ შეგროვებული პლასტმასის ნარჩენები ცალკე მანქანით გადააქვთ. ნარჩენებს სანდასუფთავების სამსახური ახარისხებს, პრესავს და ასაწყობებს, დასაწყობებული ნარჩენები კი აუქციონის წესით რეალიზდება ნარჩენების გადამამუშავებელ ქარხნებში.

სესილი ვერძაძის თქმით, ამ წამოწყებას  სხვადასხვა მუნიციპალიტეტისგან დიდი ინტერესი მოჰყვა, მუნიციპალიტეტებს გამოცდილების გაზიარება სურთ, რისი მზაობაც არსებობს.

მხოლოდ პლასტმასის ნარჩენისთვის განკუთვნილი ურნები ჩვეულებრივი ურნების გვერდით. ფოტო: გაეროს განვითარების პროგრამა

პლასტმასასა და პოლიეთილენს ასწლეულები სჭირდება დასაშლელად, თუმცა ამ ტიპის ნარჩენები დაშლის შემდეგაც არ ქრება უკვალოდ.

„შავი ზღვის გარემოს მონიტორინგის გაუმჯობესების“ ფარგლებში ჩატარებული ყველაზე მასშტაბური კვლევის შედეგების თანახმად შავ ზღვაში ნაპოვნი მყარი ნარჩენების 87% პლასტმასაა, მათგან 68% პლასტმასის ნატეხებია, 9% – პლასტმასის კონტეინერები, 3% – ბოთლები, 3% – პენოპლასტი, 83% კი – პოლიეთილენის პარკები.

გარემოსდამცველები წლებია საუბრობენ პლასტმასის გადაჭარბებული მოხმარებით გამოწვეულ საფრთხეებზე, რაც ადამიანსა და გარემოს აყენებს ზიანს. „ოკეანეები იხრჩობიან პლასტმასის ნარჩენებით“ – განაცხადა 2020 წელს გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა.

სკვითური ოქრო, აივაზოვსკი და სხვა – რა მოიპარეს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის მუზეუმებიდან

მარიუპოლის საქალაქო საბჭო აცხადებს, რომ უკრაინაში, რუსეთის ინტერვენციის დღიდან, რუსმა სამხედროებმა გაქურდეს სამი ადგილობრივი მუზეუმი.

„ოკუპანტებმა მარიუპოლი „გაათავისუფლეს“ ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობისგან” – წერს მარიუპოლის საქალაქო საბჭო. საბჭოსვე ცნობით, რუსმა სამხედროებმა დაადასტურეს მარიუპოლის მუზეუმებიდან 2000-ზე მეტი უნიკალური ექსპონატის მოპარვისა და დონეცკში გატანის ფაქტი.

საუბარია მხატვრების: არქიპ კუინჯის [„წითელი მზის ჩასვლა”, „შემოდგომა” და „ელბრუსი”] და ივან აივაზოვსკის [„კავკასიის სანაპიროებზე“] ორიგინალური ნამუშევრებზე, წაღებულია უძველესი ხატები და უნიკალური ხელნაწერი – თორის გრაგნილი, ასევე, ვენეციური სტამბის მიერ მარიუპოლელი ბერძნებისთვის დამზადებული 1811 წლის სახარება და 200-ზე მეტი მედალი.

მარიუპოლის მერის მრჩეველმა, პეტრო ანდრიუშჩენკომ, ტელეგრამის არხზე დაწერა, რომ „ოკუპანტებმა მხარეთმცოდნეობის მუზეუმიდან და ხელოვნების მუზეუმიდან მთლიანად ამოიღეს ყველა ღირებული ექსპონატი”. მისივე თქმით, მარიუპოლში ინახებოდა შვიდი ორიგინალური შედევრი, რომლებიც, წინასწარი ინფორმაციით, ოკუპანტებს გადასცა მარიუპოლის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორმა ნატალია კაპუშნიკოვამ, რომელმაც იცოდა საიდუმლო ადგილი, სადაც ექსპონატები იყო შენახული.

მარიუპოლის საქალაქო საბჭო ამზადებს მასალებს სამართალდამცავი ორგანოებისთვის სისხლის სამართლის პროცესის დასაწყებად და ინტერპოლისთვის.

ასევე, უკრაინის ქალაქ მელიტოპოლიდან რუსმა ოკუპანტებმა წაიღეს ოქროს არტეფაქტები სკვითების ეპოქიდან – იუწყება ნიუ იორკ თაიმსი. კერძოდ, მოპარულია სულ მცირე 198 ოქროს ნივთი, მათ შორის ყვავილების ფორმის ორნამენტები; ოქროს ფირფიტები; იშვიათი ძველი იარაღი; 300 წლის ვერცხლის მონეტები და სპეციალური მედლები.

„მელიტოპოლის საოკუპაციო ხელისუფლებამ ძვ.წ. IV საუკუნით დათარიღებული სკვითური ოქროს კოლექცია მოიპარა” – თქვა მელიტოპოლის მერმა ივან ფედოროვმა. ამის შესახებ Ukrinform-ი წერს.

„ორკებმა ხელში ჩაიგდეს ჩვენი სკვითური ოქრო. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ძვირადღირებული კოლექცია უკრაინაში და დღეს ჩვენ არ ვიცით სად წაიღეს, დამალეს თუ მოიპარეს. ჩვენ არ ვიცით მისი ბედის შესახებ, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს ოქრო მოიპარეს ჩვენს საზოგადოებას და ვიმედოვნებ, რომ ჩვენ შევძლებთ მის დაბრუნებას“, – თქვა ფედოროვმა.

მელიტოპოლის ადგილობრივი ისტორიის მუზეუმის დირექტორი, ლეილა იბრაჰიმოვა „ნიუ იორკ თაიმსთან“ ჰყვება, რომ ძარცვა მაშინ დაიწყო, როცა მუზეუმში თეთრხალათიანი, იდუმალი რუსულენოვანი კაცი გამოჩნდა, უკან შეიარაღებული ჯარისკაცებითა და დაზვერვის ოფიცრებით. გრძელი პინცეტისა და სპეციალური ხელთათმანების გამოყენებით, თეთრ ხალათში გამოწყობილმა კაცმა ფრთხილად ამოიღო უძველესი ოქროს ნივთები მელიტოპოლის მუზეუმის სარდაფში გადამალული მუყაოს ყუთებიდან.

იუნესკო, გაეროს ნარკოტიკების და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისი (UNODC), ინტერპოლი, მსოფლიო საბაჟო ორგანიზაცია (WCO ) და ხელოვნების დილერების საერთაშორისო კონფედერაცია (CINOA) მოუწოდებენ პროფესიონალებს და საზოგადოებას, რომლებიც ჩართულნი არიან კულტურული ფასეულობებით ვაჭრობაში, თავი შეიკავონ კულტურული ფასეულობების იმპორტის, ექსპორტის ან საკუთრებაში გადაცემის პროცესებში მონაწილეობისგან, როდესაც მათ აქვთ გონივრული ეჭვი, რომ ობიექტები მოპარული, უკანონოდ გასხვისებული, ფარულად ან უკანონოდ გამოტანილია უკრაინიდან.

პროტესტის მიუხედავად, მშენებლობა გორგასალზე მაინც იწყება – რას ამბობენ აჭარის მთავრობაში

მოქალაქეთა პროტესტის მიუხედავად, ბათუმში, გორგასლის 116 ნომერში შპს „გრინკო გორგასალმა“ მრავალბინიანი კორპუსის მშენებლობისთვის სამუშაოები დაიწყო.

კომპანიის მიერ დაქირავებულმა მუშებმა დაიწყეს ბელეტაჟის ტიპის სახლის დანგრევა, რომლის ადგილასაც „გრინკო გორგასალი“ 14-სართულიანი კორპუსის აშენებას აპირებს.

ვახტანგ გორგასლის ქუჩა ბათუმში ფარნავაზ მეფის ქუჩის პარალელურად მდებარეობს. ახალი კორპუსი, რომლის აშენებაც 116 ნომერში იგეგმება, ბინებს ჩაუბნელებს ფარნავაზ მეფის #113/121-ში მცხოვრებ იმ ოჯახებს, რომელთა აივნებიც გორგასალის ქუჩაზე გადიოდა.

გორგასალზე, სადაც 14-სართულიანი უნდა აშენდეს. ბელეტაჟს უკვე ანგრევენ და ადგილს სამშენებლოდ ამზადებენ

ოჯახებმა, ვისაც ახალი კორპუსის აშენების შემთხვევაში ბინაში შემავალი მზის შუქის გარეშე დარჩენა ემუქრებათ, პრემიერ-მინისტრს სთხოვს დახმარებას. მოქალაქეებმა წერილი შეიტანეს საქართველოს მთავრობაში, ღარიბაშვილმა კი წერილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან გადმოამისამართა.

„როდესაც თბილისში დავრეკეთ ჩვენს განცხადებასთან დაკავშირებით, გვითხრეს, რომ მიიღეს განცხადება და საქმე ისევ ბატონ თორნიკეს დააწერეს რეაგირების მიზნით. პირდაპირ მითხრეს კონტროლზეა აყვანილიო. ეს მოხდა 29 აპრილს. ვხედავთ, რომ არაფერი არ მოხდა. დაიწყო სამუშაოები. არავინ რეაგირებას არ ახდენს. უბრალოდ, ტელეფონით გვაცნობეს კონტროლზე აყვანილიაო, მაგრამ არავინ საკონტროლოდ არ მოსულა,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ადვოკატმა ლინდა შალამბერიძემ, ის ფარნავაზ მეფის #113/121-ში მცხოვრებთა ინტერესებს იცავს.

მისი თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ სხვა გზა აღარ რჩება, დაგეგმილი მშენებლობის შეჩერების ერთადერთ გზად მოქალაქეებს სასამართლო რჩებათ.

„ბათუმელებმა“ კომენტარისთვის აჭარის მთავრობას მიმართა, სადაც განგვიმარტეს, რომ მთავრობის ადმინისტრაცია განიხილავს წერილს და პასუხი განხილვის დასრულების შემდეგ გახდება საჯარო.

____

„ბათუმელები“ გორგასლის 116-ში დაგეგმილ მშენებლობაზე 21 აპრილს წერდა. პროექტის მიხედვით, კომპანია „გრინკო გორგასალი“ მშენებლობას 501 კვ. მეტრზე გეგმავს. აქედან კომპანიამ 375 კვ.მეტრი მიწა ამავე მისამართზე მდებარე ბელეტაჟის ტიპის სახლის მფლობელისგან შეიძინა, 126 კვ.მეტრი კი  შპს „ბი აი სი“-სგან, რომელმაც ფარნავაზ მეფის #113/121-ში მდებარე კორპუსი ააშენა.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, შპს „ბი აი სი“-ს და „გრინკო გორგასლის“ მესაკუთრეები ერთი და იგივე პირები არიან. მათ ჯერ #113/121-ში ააშენეს კორპუსი, ახლა კი თავიანთი აშენებული და გაყიდული ბინის მესაკუთრეებს ფანჯრების წინ კედელს უშენებენ.

14 სართული 501 კვ.მეტრზე და კედელი ფანჯრებთან – აქ მცხოვრებლები რიჟვაძის ჩარევას ითხოვენ

ზოგჯერ მინდა ჩამოვგლიჯო დაფა და მეორე მხარეს მივაკრა, კლასი რომ შემოტრიალდეს – პედაგოგი

როგორ შეიძლება იქცეს მასწავლებელი მოსწავლისთვის მოტივაციად და პირიქით, შესაძლოა დაუქვეითოს მოსწავლეს როგორც თვითშეფასება, ასევე გაუნელოს სწავლის მიმართ ინტერესი. სწორედ ამ პრობლემაზე გვესაუბრა „ბათუმელებს“ ბათუმის მეორე საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი მინდია ფუტკარაძე. მისი თქმით, დანაშაულია, როცა მასწავლებელი მხოლოდ წარმატებული მოსწავლეების გადმოსახედიდან აფასებს პროცესებს, რადგან სწორედ აქედან იწყება სხვა მოსწავლეების უგულებელყოფა.

  • ბატონო მინდია, ხშირად მოსწავლეები ერთ რომელიმე მასწავლებელზე ამბობენ, რომ ძალიან უყვართ, ენდობიან და მის საგანსაც უკეთ სწავლობენ, სხვა რომელიმე მასწავლებლის მიმართ კი არ აქვთ იგივე დამოკიდებულება. როგორია თქვენი დაკვირვება, გამოცდილება, როდის უყვარს ბავშვს მასწავლებელი და როდის შეიძლება არ ენდობოდეს მას, რა არის ამის მიზეზები?

ბევრი კვლევა, ბევრი რამ დაიწერა იმის შესახებ, როგორ შეიძლება ავუმაღლოთ ბავშვებს სწავლის მოტივაცია, თუმცა მე მხოლოდ ჩემი გამოცდილებიდან შემიძლია ამაზე ვისაუბრო. ჩემი მთავარი ამოცანაა, რომ მოსწავლის ნდობა მოვიპოვო. რას ნიშნავს ნდობის მოპოვება? ერთი შეხედვით ბანალური ფრაზაა თითქოს, მაგრამ ნდობის მოპოვება არც ისე მარტივი ამბავია.

ნდობის მოპოვება ხდება ეტაპობრივად, ეს დამოკიდებულია მასწავლებლის ქცევაზე, მიდგომაზე, რაც შემდგომში ქმნის ამ ნდობას.

ჩემი მთავარი პრინციპია, ასევე, რომ ვიყო გულწრფელი. რასაც ვფიქრობ, იმას ვამბობ, რაც ხდება ჩემს თავს, იმაზე ვსაუბრობ, ემოციაც კი მიმაქვს მოსწავლემდე. მაგალითად, კლასში თუ ვიღაცამ დააშავა რაღაც და ამის გამო ვერ გავედი მიზანზე, შემიძლია ეს ავუხსნა მოსწავლეებს. ვუთხრა, რას ვგეგმავდი და რატომ არ გამოვიდა. შეიძლება მოვიწყინო ამის გამო გაკვეთილზე. ამის მერე ისეთი თანაგრძნობა მოდის მოსწავლეებიდან, რომ ვერც კი წარმოიდგენთ.

თითქოს დიდი ადამიანები არიან, ისე თანაგიგრძნობენ. მინდია მასწავლებელმა მოიწყინა, თან ჩვენ გამო მოიწყინა და მოდი, რაღაც შევცვალოთ. მარტივად ხვდებიან შენი ემოციიდანაც ვინ რა დააშავა და რა არის გამოსასწორებელი. ამიტომ, ზედმეტი ახსნა, ლაპარაკი ან შენიშვნის მიცემა არც გჭირდება, როცა ხარ გულწრფელი.

გულწრფელობას ძალიან აფასებენ ბავშვები. თუ მიხვდა, რომ შენ არ ხარ გულწრფელი, თუნდაც მის შეფასებაში ან რჩევის მიცემაში, ამას მაშინვე გრძნობენ.

ხომ ამბობენ ხოლმე მასწავლებლები, რომ რაღაც ისე ვერ მომიყვა, ვერ გააკეთა, მაგრამ მე მაინც შევაქე იმიტომ, რომ მოტივაცია მისცემოდა. მე არ ვიზიარებ მაინცადამაინც ამ პოზიციას, რადგან პირიქით მგონია, შეიძლება დემოტივაცია მივცეთ ამით, რადგან ბავშვები თვითშეფასებასაც კარგად აკეთებენ, გარემოსაც კარგად აფასებენ. ამიტომ თუ ბავშვმა იგრძნო, რომ უსამართლოდ შეაქე და არ დაუმსახურებია ეს შექება, შესაძლოა, პირიქით იმოქმედოს მასზე ამ ყველაფერმა.

  • როგორ ეუბნებით, რომ  მისი მომზადებით ან პასუხებით არ ხართ კმაყოფილი?

ავიღოთ ყველაზე ცუდი ვარიანტი, ვთქვათ, არ დაწერა მოსწავლემ დავალება. ვერ დაწერა კი არა, არ დაწერა. მე არ ვეკითხები, თუ რატომ არ დაწერა, რადგან ეს არაფრის მომცემია. ისედაც ვიცით, რომ დაეზარა ან დაავიწყდა. მაგრამ თუ ეტყვი, გეწყინა დავალება რომ არ დაწერა, უკვე მისთვის ნათქვამია შენ რას ფიქრობ და პასუხიც მოთხოვნილი გაქვს.

თუმცა სანამ შენ აქამდე მოხვალ, უკვე უნდა გქონდეს ბავშვის სიყვარული მოპოვებული. სხვანაირად მასზე არ იმოქმედებს ის, რომ შენ მისგან რაღაც გეწყინა. ბუნებრივია, თუ მას უყვარხარ და პატივს გცემს, მხოლოდ მაშინ აქვს ასეთ მიდგომას აზრი. მე დაწყებითი საფეხურის ბავშვებზე ვსაუბრობ და არა უფროსკლასელებზე, მათთან მეწყინაზე ვერ დაიწყებ საუბარს.

ჩემს კლასში არასდროს მქონია შემთხვევა, რომ მოსწავლეს ვერ ესაუბრა მიზეზზე, რის გამოც ვერ შეასრულა, ვთქვათ, დავალება. გარემო უნდა შექმნას მასწავლებელმა, რომ ბავშვი იყოს გულწრფელი და თამამად შეეძლოს აზრის გამოთქმა. ამას კეთილგანწყობილ გარემოს ვეძახით ხოლმე.

  • თქვენ საუბრობთ ისეთ გარემოს შექმნაზე, სადაც ბავშვს არ მოუწევს თავის გასამართლებლად ტყუილის თქმა?

დიახ. როცა ვეკითხებით მოსწავლეს „რატომ არ დაწერე დავალება?“ ის იწყებს ფიქრს ისე მოიტყუოს, რომ დაგაჯეროს. არ უნდა, რომ მასზე წარმოდგენა შეგეცვალოს. მან იცის, რომ შენ ის გიყვარს და არ უნდა ეს სიყვარული და ნდობა დაკარგოს. ამიტომ  იწყებს ტყუილის მოფიქრებას და თან თუ „დაიჯერებ“ ამ ტყუილს, შესაძლოა ის შეეჩვიოს ტყუილის თქმას.

ვფიქრობ, მოტივაციის შესაქმნელად ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საკლასო გარემო და მე სულ ვსაუბრობ ამაზე. მხოლოდ მასწავლებელი ვერ შესწვდება გარემოს შექმნას –  ამაში აუცილებლად უნდა ჩაერთოს სახელმწიფო და შეეცადოს მასწავლებელს დაეხმაროს, რომ მოსწავლეები წარმატებული და მოტივირებულები იყვნენ.

  • რას გულისხმობთ?

ვგულისხმობ სკოლების ტექნიკურ აღჭურვას. მე, მაგალითად, თითქმის ყოველდღიურად მჭირდება პროექტორი კლასში, რომელიც გარემონტებულ სკოლებშიც კი არ გვხვდება. 1-2 კლასი თუ იქნება სკოლაში, სადაც პროექტორია დამონტაჟებული.

ტექნოლოგიები პირდაპირ გავლენას ახდენს მოსწავლეების მოტივაციაზე. უამრავი საგანმანათლებლო თამაშია იმისთვის, რომ ასწავლო ხალისით. როცა მუშაობა დავიწყე, ვნახე, რომ თითქმის ყველა ბავშვს ჰქონდა ბუკში თამაში ჩამოწერილი, თუმცა არასწორი გაგება ჰქონდათ კომპიუტერული თამაშების გამოყენების. ინტერნეტში არასწორად ჩართული კომპიუტერი ზიანის მომტანი უფროა ბავშვებისთვის, ვიდრე სარგებლის, თუ არ იციან, როგორ გამოიყენონ ის.

მე შევთავაზე, რომ გაგვეთავისუფლებინა კომპიუტერები და მიგვენიჭებინა მისთვის საგანმანათლებლო ფუნქცია. ინტერნეტი აუცილებელია საკლასო ოთახებში, ამიტომ აქვს ამ ბუკებს ფუნქცია დაკარგული, ინტერნეტის და მასწავლებლის მომზადების გარეშე როგორ შეიძლება მათ ფუნქცია ჰქონდეთ. მეც კი, მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ადამიანი ვარ, გამიჭირდა რაღაცების გახსენება და ახლაც ვსწავლობ, როგორ უნდა გამოვიყენო ბუკები ოთახში. ვფიქრობ, ყოველი სასწავლო წლის დაწყებამდე საჭიროა მასწავლებლების გადამზადება და გამოცდილების გაზიარება.

ბუკებში ჩაწერილი პროგრამები არ შეესაბამება დღევანდელ მოთხოვნებს, რადგან პირველკლასელებისთვის ჩაწერილი თამაშები ძალიან მარტივია, არც კი მიიღეს ბავშვებმა. ამიტომ მესამე-მეოთხე კლასის აქტივობებს ვიყენებთ ხოლმე.

ვცდილობ, ჩემი პირადი ინტერნეტი გავუზიარო ბავშვებს, რადგან Wi-Fi კლასში არ გვაქვს. თუმცა 29 მოსწავლეს ვერ სწვდება. ეს საკითხი აუცილებლად გამოსასწორებელია სკოლებში.

  • ვიზუალიზაცია, მერხების წყობა, კედლები, ილუსტრაციები შედის განწყობის შექმნაში, მოქმედებს ბავშვების მოტივაციაზე?

მზამზარეული ილუსტრაციების კედლებზე გაკვრა უკვე წარსული მგონია: თუ მოსწავლემ თვითონ არ მიიღო მონაწილეობა ამ რესურსის შექმნაში, მისთვის ეს უინტერესო ხდება. მიცდია ასეთი გზაც, მაგრამ არ მიუქცევიათ დიდი ყურადღება. კვლევაც კი ჩავატარე ამაზე, თუ რამდენად მიაქცია ყურადღება ბავშვმა კედლებზე განთავსებულ ილუსტრაციებს. მათი ჩართულობით რაც გაკეთდა, მას უფრო დიდ ყურადღებას აქცევენ და ხშირადაც უყურებენ. თან უვლიან, რომ არ დაზიანდეს და ასე უფრო მეტს სწავლობენ, ვიდრე წინასწარ გამზადებულით.

  • ეს ნიშნავს, რომ თანამონაწილეობას სწავლების პროცესში უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ბავშვები?

დიახ, ეს არის შემოქმედებითი მიდგომა, როცა სურთ თვითონ იყონ პროცესის მონაწილე. ზოგადად, მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მომხრე ვარ და აქედან გამომდინარე მიმაჩნია, რომ ბავშვის პროცესში ჩართვა მნიშვნელოვანია.

ჩართულობაში გვეხმარება სწორედ თანამედროვე ტექნოლოგიები. როცა კლასში არის პროექტორი და ინტერნეტი, ცუდი მასწავლებელიც კი, გაამრავალფეროვნებს გარემოს.

არ არის საჭირო ყოველდღე საათივით აწყობილი პრეზენტაციები აჩვენო. აი, მაგალითად, გარეული და შინაური ფრინველების შესახებ თუ გაქვს გაკვეთილი, ამდენი ფრინველის პლაკატს ვერ მიიტან კლასში. შეგიძლია ამ დროს დაგუგლო და ბავშვიც ჩართო ძიების პროცესში. ჩაწერს და მოიძიებს როგორია, ვთქვათ, ქათამი, შეუძლია მოისმინოს ხმები ამ ფრინველების და ნახავთ, როგორია მათი ემოციები და ენთუზიაზმი, როცა ამას თავად ეძებენ და აღმოაჩენენ. ეს არის შემოქმედებითი სწავლება და არა წინასწარ გამზადებული პრეზენტაციები და კედლებზე გაკრული მასალები და არა ის, როცა მხოლოდ მასწავლებელია წამყვანი კლასში და არა – ბავშვები. ასეც უჩნდებათ სწავლის მოტივაცია.

  • მოდით, ახლა დემოტივაციაზე ვისაუბროთ. რა არის დემოტივატორი სწავლის დროს. რა გახსენდებათ თქვენი პრაქტიკიდან ან გამოცდილებიდან?

ჩემთვის, მაგალითად, დემოტივაციის საფუძველი არის ერთნაირი მიდგომა სწავლების დროს. სტუდენტობის დროსაც კი ვაპროტესტებდი, არ მინდოდა ერთნაირი მიდგომით გვესწავლა რაღაც საკითხები. წარმოიდგინეთ ფეხბურთის სტადიონი, ზრდასრული ადამიანი რატომ შეიძლება მიდიოდეს თამაშის საყურებლად? იქ იძულებით არავინ მიჰყავთ, ხომ? ჩვენი სურვილით მივდივართ, ჩვენი მოტივაციით. მაგრამ წარმოიდგინეთ, ყველა თამაშზე ერთი და იგივე სიტუაცია თუ გხვდება, მოთამაშეები არ ცდილობენ შემოგთავაზონ განსხვავებული სანახაობა, არ ცდილობენ გაიზარდონ, ყოველთვის ერთი და იგივე სურათი გხვდება, შენც გიქრება მოტივაცია, რომ ისევ წახვიდე მატჩის საყურებლად. ასევეა სკოლაც.

მთავარია პროცესი, რა ხდება იქ, სადაც მივდივარ. მოსწავლესაც ასეთი განცდა აქვს, როცა სკოლაში მოდის. იცის, რომ იქ უნდა ისწავლოს, მაგრამ თუ ყოველდღე ერთი და იგივე ხვდება კლასში, შემდეგ სკოლაში სიარული მოვალეობაში, რუტინაში გადადის, მისი მოტივაცია იკლებს.

მერე ჩნდება კითხვები – „დღეს რომ არ წავიდე სკოლაში შეიძლება?“, „რატომ უნდა წავიდე სკოლაში?“, „სახლში რომ ვისწავლო, ხომ შეიძლება?“ აქ უკვე ყველაფერი დამთავრებულია, ვერაფერს ვეღარ მისცემ ბავშვს, როგორც მასწავლებელი.

საინტერესო პროცესის შემოქმედია მასწავლებელი, როგორც სტადიონზე ფეხბურთელი. არ მოგივა მაყურებელი, თუ შენ არ იქნები შემოქმედებითი, არ აჩვენებ ახალ მიდგომებს, ახალ-ახალ სანახაობას, ასეა სკოლაშიც, თუ ყოველ დღე ერთსა და იმავე გაკვეთილს დუნედ ატარებ. კარგი გაკვეთილიც რომ ჩაატარო, თუ ერთსა და იმავე მეთოდს ხშირად გაიმეორებ, ესეც ჰბეზრდებათ.

  • ცოტა ხნის წინ რედაქციაში სტუმრად მოსულ მოზარდებს ვესაუბრე. მათ თქვეს, რომ მასწავლებლები ხშირად იყენებენ მსგავს ფრაზებს: „თქვენგან არაფერი გამოვა“, „წადით სკოლიდან“, „ვერაფერს მიაღწევთ“, „ვერ ისწავლი“, – რამდენად დამაზიანებელია მსგავსი საუბარი ბავშვებთან?

შეუძლებელია დაეთანხმო მასწავლებელს, რომელიც ბავშვს ეუბნება, რომ „შენგან არაფერი გამოვა“. სწავლება ცოცხალი პროცესია, ამიტომ მიყვარს მასწავლებლობა, ამიტომ ვხედავ აქ ჩემს თავს.

ხშირად გვემართება ხოლმე მსგავსი რამ პედაგოგებს, ავიღებთ წარმატებული მოსწავლის ნამუშევარს და დავიწყებთ სხვებთან შედარებას. „აი, ნიკომ რა კარგად დაწერა და შენ რა დაგემართა?“, „შენ თუ ბევრს არ იშრომებ, შენგან არაფერი გამოვა“. დავიწყებთ ხოლმე ამ წარმატებული ბავშვის გადმოსახედიდან ყურებას – აი, ეს არის მასწავლებლების დანაშაული. მოსწავლის თვალებიდან თუ არ გამოიხედე, მასწავლებელი არ ხარ, ჩემი აზრით. რატომ არ დაწერა, რატომ არ გამოუვიდა, ამას არავინ არკვევს.

ზოგჯერ არის დამოკიდებულება, რომ ვიღაც მოსწავლე ბოლო მერხზე უნდა იჯდეს და შეიძლება მას ყურადღება არ მივაქციოთ – მას რაღაცები არ გამოსდის და მოდი, ბევრი დრო აღარ დავხარჯოთ მასზე. ასეთ დროს ჩემი პირველი რეაქცია არის ის, რომ ყველაფერი შევცვალო, ავაყირაო, ჩამოვგლიჯო დაფა და მეორე მხარეს მივაკრა, რომ კლასი შემოტრიალდეს. ერთხელ ვცადე კიდეც, მაგრამ ვერ მოვხსენი, მაგრად იყო მიკრული… რას ჰქვია, რომ ვინმეს რამე არ შეუძლია? რომ არ გამოუვა?

სხვათა შორის, კლასში ადგილების გადანაცვლებაც მოტივაციის ერთ-ერთი საშუალებაა. როცა ბავშვი ყოველთვის ერთ ადგილზე ზის, ის ეჩვევა გარემოებას და შემდეგ უჭირს ცვლილება. ეს უკვე რაღაც უნარის დაქვეითებაა, რადგან ვერ ეგუება განსხვავებულ მდგომარეობას. ჩვენ ხომ სკოლაში მარტო საგნებს არ ვასწავლით, უნარებზე უნდა გავიდეთ საბოლოოდ ხომ? საგნები კი საშუალებაა იმისთვის, რომ უნარები განუვითაროთ. ამას თუ არ მივაქცევთ ყურადღებას, ფასი ეკარგება მათემატიკის სწავლასაც.

  • გამოდის, რომ მასწავლებლებს არ უნდათ ზედმეტი ძალისხმევის გაღება, ენერგიის დახარჯვა და ვინც ადვილად ითვისებს, მათ  ხარჯზე სურთ საკუთარი წარმატების ჩვენება.

ასეა ზუსტად. კლასში 29 მოსწავლიდან თუ ათი მოსწავლე წარმატებულია, მასწავლებელი სინდისს იმით იმშვიდებს, რომ, ესე იგი, ჩემი ახსნილი გასაგებია, კარგია. თუ ათმა გაიგო, დანარჩენსაც უნდა გაეგო.

შემდეგ ეს ათი მოსწავლე ჩანს ყველგან, ესენი მიდიან კონფერენციებზე, ოლიმპიადებზე, ესენი არიან მხოლოდ კარგები და ის მშობლებიც, ვისი შვილებიც არ ჩანან, ეგუებიან იმ აზრს, რომ მათ შვილებს რაღაც არ შეუძლიათ და ნაკლებად წარმატებული არიან.

  • როცა იმავე მიზეზით ვსვამთ ბავშვს უკანა მერხზე, ფიქრობთ, რომ აქედან იწყება მისი უგულებელყოფა?

დიახ, ასეა და ამ პროცესს არ უნდა შევეგუოთ. კლასში ვიღაც უფრო აქტიურობს, ვიღაც – ნაკლებად. ვიღაცის ბუნებაა აქტიური, ვიღაც ფიქრობს, რომ ჯერ სხვამ თქვას და მერე ვიტყვი მე. აი, ამის სწორად დანახვა უნდა შეგვეძლოს.

შემდეგ გრძნობს ბავშვი ამ დამოკიდებულებას, როცა ყოველთვის ერთსა და იმავე მოსწავლეს ეკითხები გაკვეთილს, ყოველთვის ერთი და იგივე ბავშვი გამოგყავს დაფასთან, ერთსა და იმავე ბავშვს აქებ, ესეც კარგი მაგალითია ბავშვის ინტერესების უგულებელყოფის.

კომუნიკაცია არ უნდა იყოს ცალმხრივი. თუ ბავშვი გიზიარებს რაღაც გასაჭირს, რატომ არ შეიძლება, რომ შენც გაუზიარო? ჩვენსა და ბავშვებს შორის ხომ მხოლოდ ასაკია განსხვავებული. დარწმუნებული ვარ, ჩვენზე უკეთესები იქნებიან, როცა გაიზრდებიან.

ცოტა ხნის წინ 29 წლის გავხდი. ბავშვებმა არ იცოდნენ  ჩემი ასაკი და როცა გაიგეს, გაუკვირდათ  – „მას, თქვენ 29 წლის ხართ?“- მეკითხებოდნენ. იცით რატომ? დაიწყეს შედარება, აი, დედაც 29 წლისაა, მამაც, მაგრამ ისინი არ არიან ასეთები.

ისინი უფრო სერიოზულები არიან, მაშინ, როცა მე შემიძლია მათთან ვითამაშო და გავერთოთ. დედა და მამა კი ასე არ იქცევიან. ერთმა ბავშვმა მითხრა – „მასწავლებელო, მე მგონია, რომ ცხრა წლის ხართ“. ეგეცაა, შენ უნდა გახდე მათნაირი, თუ გინდა, რომ ასწავლო. უნდა იყო მათი მსგავსი იმ დროს. ბავშვს თუ რაღაც მისი ენით არ აუხსენი, არა მგონია, რომ შედეგი ჰქონდეს რამეს.

  • როცა მასწავლებელი კლასში შედის საკუთარი პრობლემებით, რაღაც პირადი ტკივილებით, ცუდი განწყობით – ეს როგორ მოქმედებს ბავშვებზე?

თუ შენ არ შეგიძლია შენი პრობლემები დატოვო გარეთ, ისე გაკვეთილს ვერ ჩაატარებ. უნდა დაფიქრდე, რა გელოდება იქ. მე ვიცი, რომ როცა კლასის კარს შევაღებ, 29 მოსწავლე მელოდება ანთებული თვალებით. ისინი ცდილობენ, რაღაც გაიგონ ჩემგან, რაღაც ახალი ისწავლონ და წარმოიდგინეთ, თუ მათ დახვდებათ ვიღაცაზე გაბრაზებული მასწავლებელი, რა თქმა უნდა, დემოტივირებული გახდებიან ბავშვებიც.

განწყობას თუ ვერ ქმნი კლასში, ამაში მასწავლებელია დამნაშავე. მაშინ რა მასწავლებლობაზე და მისიონერობაზე ვსაუბრობთ? მასწავლებლობა მარტო სამსახური არ არის, მე ასე ვფიქრობ და სხვისი არ ვიცი. „სამსახურში მივდივარ“ ასე არასდროს მითქვამს, სამსახურად არ უნდა აქციო კლასში შესვლა და გაკვეთილის ახსნა.

თუ განწყობა არ გაქვს, შეიძლება ფილმი ჩართო და აყურებინო ბავშვებს, ან იქნებ სპორტი უნდა იმ დღეს ძალიან და შეიძლება გადაანაცვლო გაკვეთილი. მთავარია, განწყობა არ მოკლა ბავშვებში.

  • მოსწავლეები ასევე საუბრობენ დისკრიმინაციაზე მასწავლებლების მხრიდან. „რას ჰგავხარ“, „მოსწავლეს არ ჰგავხარ“, მიუთითებენ წონაზე, გარეგნობაზე და ასე შემდეგ. თქვენ გაქვთ მოსწავლის რამე სტანდარტები? – რას უნდა ჰგავდეს მოსწავლე?

ეს არის საბჭოთა სტერეოტიპი, რომ მოსწავლეები ერთნაირები უნდა იყვნენ და ყველა ერთმანეთს უნდა ჰგავდეს. ჩვენ ხომ ამ სამყაროში აღარ ვცხოვრობთ, არა? გამოვედით ამ მდგომარეობიდან და ვიცით, რომ ყველა მოსწავლე არის ინდივიდუალური.

ყველა მოსწავლეს აქვს თავისი ინტერესები და აქვს შესაძლებლობები.

კლასში მყავს მოსწავლე, რომელსაც მოსწონს გრძელი თმა, არც კი მიფიქრია, რომ შენიშვნა მიმეცა. თუ ვინმე ფიქრობს, რომ მოსწავლე ასეთი უნდა იყო და არა ისეთი, ეს არის ჩვენი, მასწავლებლების პრობლემა და არა ბავშვების. მოსწავლემ კი არ უნდა შეიცვალოს შეხედულებები, მასწავლებელი უნდა შეიცვალოს. ჩვენ გვაქვს ბევრი სამუშაო.

შესაცვლელია დამოკიდებულებაც – „შენ ბიჭი ხარ და არ გეკადრება ასეთი მოქცევა“, ან „გოგო ხარ და როგორ იქცევი“, ეს უკვე დისკრიმინაციაა, ეუბნები, რომ რადგან გოგო ხარ, ამიტომ არ გეკადრება.

არც აქტივობების დროს დამიყვია გოგოები და ბიჭები, არც სპორტული თამაშების დროს. ეს მიუღებელია ჩემთვის, რადგან თუ ამას სპორტში გააკეთებ, შემდეგ მოინდომებენ, რომ ასე იყოს მათემატიკაშიც, ქართულშიც და მორჩა, შემდეგ ასე დამკვიდრდება ყველგან სტერეოტიპები.

  • როცა მასწავლებელი მეცხრეკლასელ ბავშვს ეუბნება, რომ „გადი სკოლიდან, მაინც არაფერი გამოვა შენგან“, აქ ვის პასუხისმგებლობაზე შეგვიძლია ვისაუბროთ, სკოლის, მასწავლებლის თუ სახელმწიფოსი, რომელმაც 9 წლის მანძილზე ვერაფერი მისცა ბავშვს?

არ არსებობს მოსწავლე, რომელსაც რაიმეს კეთების უნარი არ გააჩნია. ასევე, ისეთი ბავშვები, რომლებსაც ზუსტად ერთნაირი უნარები აქვთ, ერთნაირად შეუძლიათ კითხვა, ამოცანის ამოხსნა, ერთნაირი ხმის ტემბრი აქვთ. ვფიქრობ, მასწავლებლად არ ივარგებს ის ადამიანი, ვინც ასე უდგება საკითხს. ჩვენი მოვალეობაა ბავშვის შესაძლებლობები და უნარები ვიკვლიოთ.

ზოგიერთი ბავშვი 7 წლის შედის სკოლაში, ზოგიერთი – 6-ის, ზოგიერთი საბავშვო ბაღში სწავლობს კითხვას, ზოგიერთი ბაღშიც ვერ შედის. ყველა ბავშვს არ აქვს ერთნაირი სოციალური გარემო ოჯახში, ყველა ბავშვის მდგომარეობა განსხვავებულია. ეს უნდა გაითვალისწინოს სკოლამ, მასწავლებელმა. ზოგიერთს ჰგონია, რომ მხოლოდ შეძლებულ ოჯახებში იზრდებიან წარმატებული ადამიანები, არადა, ზოგჯერ პირიქითაა.

ხშირად მასწავლებლებს ასეთი „გამოსავალი“ ურჩევნიათ – „არ შეუძლია და ამიტომ არ ისწავლა, თორემ ჩემი ბრალი კი არ არის“. ეს უნდა შეიცვალოს.

„პენსიონერი როცა ხდება ადამიანი, შშმ აღარ არის?!“ – დისკუსია ბათუმში შშმ პირთა პრობლემებზე

დღეს, 5 მაისს, ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“, ევროპის დამოუკიდებელი ცხოვრების დღისადმი მიძღვნილ პანელური დისკუსია გაიმართა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებებთან დაკავშირებით. დისკუსიაში სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები შშმ პირები მონაწილეობდნენ.

დისკუსიაში მონაწილე პირები იმ პრობლემებზე საუბრობდნენ, რაც საქართველოში ხელს უშლის შშმ ადამიანებს დამოუკიდებელ ცხოვრებაში. საუბარი იყო როგორც გაუმართავ და არახელმისაწვდომ გარემოზე, ასევე ჯანდაცვის სერვისებსა და განათლების ხელმისაწვდომობაზე.

შშმ პირების განცხადებით, დღემდე პრობლემად რჩება არაადაპტირებული გარემო ეტლით მოსარგებლე და უსინათლო ადამიანებისთვის.  სმენის არმქონე პირები საუბრობდნენ ჟესტური ენის აუცილებლობაზე საჯარო უწყებებში, რადგან ისინი საჭიროების შემთხვევაში ვერ იღებენ შესაბამის მომსახურებას.

ასევე, საუბარი იყო იმაზე, რომ ბანკებში თუ სხვა დაწესებულებებში, სადაც დოკუმენტაციის გაცნობა და მოქალაქის ხელმოწერაა საჭირო, უსინათლო მოქალაქეები მომსახურებას ვერ იღებენ.

„ადამიანებს ვერ გამოაქვთ სამომხმარებლო სესხი, იმიტომ, რომ დოკუმენტზე ხელს ვერ მოგაწერინებო – ასე ეუბნებიან ბანკში. მაშინ, როცა მათ შეუძლიათ სხვა, ალტერნატიული მომსახურება შესთავაზონ, აუდიოჩაწერა მოხდეს, ვთქვათ, ამ შეთანხმების ან სხვა რამ.

ელექტრონულ ხელწერაზეც უარს ეუბნებიან, რადგან ვერ ხედავს. ელექტრონული ხელწერა რომც ჰქონდეს უსინათლო ადამიანს, მაინც პრობლემაა,“ – ამბობს რამინ მაჭარაშვილი.

დისკუსია შშმ პირების უფლებებზე

პრობლემაა ჟესტური ენის სწავლების საკითხი როგორც სკოლებში, ასევე სხვა სტრუქტურებშიც, რადგან სმენის არმქონე ადამიანები ვერ ამყარებენ სრულფასოვან კომუნიკაციას მომსახურე პერსონალთან.

პრობლემად რჩება შშმ ბავშვებისთვის სასკოლო ტრანსპორტით მომსახურება. დისკუსიაში მონაწილე ქალმა, რომელიც თელავთან ახლოს სოფელში ცხოვრობს, თქვა, რომ მისი შვილი, რომელსაც მობილობის შეზღუდვა აქვს, ერთი წელია სკოლაში არ წასულა, რადგან ტრანსპორტი არ ემსახურება.

დეა ერემაშვილის თქმით, ცვლილებებია საჭირო საკანონმდებლო მიმართულებითაც, რადგან როდესაც შშმ პირი საპენსიო ასაკს აღწევს, პენსიონერთა რეესტრში გადასვლის შემდეგ კარგავს შშმ პირის სტატუსს.

„შემდეგ დრო სჭირდება ამ სტატუსის აღდგენას და ის ვეღარ იღებს სახელმწიფო შემწეობას. გარდა ამისა,  სახელმწიფო პენსია უფრო მაღალია, ვიდრე შშმ პირის შემწეობა. თუ პირი ასაკობრივ პენსიას დაიტოვებს, მაშინ შშმ სტატუსი უნდა მოიხსნას და ეს გაუგებარია. პენსიონერი როცა ხდება ადამიანი, შშმ აღარ არის?! ეს საკანონმდებლო ხარვეზი, ვფიქრობ, უნდა გამოსწორდეს,“ – ამბობს დეა.

დისკუსიაზე ასევე ითქვა, რომ დიდი მოთხოვნაა პერსონალური ასისტენტის სერვისზე, რომლის საპილოტე პროგრამა მხოლოდ წელს დაინერგა აჭარაში, ქვეყნის მასშტაბით კი მხოლოდ 2025 წლიდან არის ამ პროგრამის ამოქმედებაზე საუბარი.

შშმ პირების თქმით, პერსონალური ასისტენტი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან შშმ ბავშვების თუ მოზარდების მშობლები ვეღარ ახერხებენ დასაქმებას, რადგან ისინი მთლიანად ჩართულნი არიან მათ მოვლაში, „შესაბამისად, ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაც მძიმდება“.

შეხვედრაზე მოწვეულნი იყვნენ საქართველოს პარლამენტის, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე და, ასევე, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.

შეხვედრის ორგანიზატორები იყვნენ: ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“, „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის“ და სამოქალაქო საზოგადოება შშმ პირთა უფლებებისთვის საქართველოში“.

„ბუჩას მერიამ მშენებლობაზე ნებართვა მოგვცა“ – საბავშვო ბაღი ქართველი ხალხის სახელით

„ბუჩას მერიამ მშენებლობის ნებართვა ოფიციალურად მოგვცა,“ – ამბობს სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი. ის უკრაინის ქალაქ ბუჩაში ქართველი ხალხის სახელით საბავშვო ბაღის აშენების ორგანიზებას აპირებს.

„ფინანსების მობილიზებას დავიწყებთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ზუსტი ბიუჯეტი გვეცოდინება. თანხა სპეციალური ფონდის საშუალებით შეგროვდება,“ – ამბობს გიგა მაქარაშვილი. მისივე თქმით, ამ ეტაპზე ჯგუფი მუშაობს ბიუჯეტის შედგენაზე, რაც საბავშვო ბაღის მშენებლობას დასჭირდება.

უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, ბუჩაში რუსეთის ძალებმა 300-ზე მეტი ადამიანი მოკლეს და აწამეს. ქალაქის რუსებისგან გაწმენდის შემდეგ მთელმა მსოფლიომ ნახა ცხედრებით მოფენილი ქუჩები.
ბუჩას საბავშვო ბაღის მაკეტი – ესკიზი მოგვაწოდა გიგა მაქარაშვილმა

არესტოვიჩი ამბობს, როდის შეძლებს უკრაინის ჯარი კონტრშეტევაზე გადასვლას 

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა მრჩეველმა, ოლექსეი არესტოვიჩმა, ТСН-ის ეთერში საუბრისას თქვა, რომ უკრაინის ჯარები რუსეთის არმიაზე კონტრშეტევას, ყველაზე ადრე ივნისის შუა რიცხვებიდან შეძლებენ. მისივე თქმით, ეს მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც დასავლელი პარტნიორებისგან დიდი რაოდენობის იარაღის დაგროვება მოხერხდება. ამის შესახებ წერს უკრაინული გამოცემა უნიანი.

„ეს შეიარაღება საკმარისი უნდა იყოს სრულად აღჭურვილი, გაწვრთნილი, კოორდინირებული და კარგად განლაგებული მინიმუმ რამდენიმე ბრიგადისთვის. ამის შემდეგ უკვე შესაძლებელია წინსვლის დაწყება“, – განაცხადა არესტოვიჩმა.

არესტოვიჩის განმარტებით, დასავლელი პარტნიორებისგან მიწოდებულ იარაღის პირველ ნაკადს მაისის ბოლოს ელიან და ეს შეიარაღება თავდაცვისთვის არის გამიზნული.

„პირველი იარაღი, რომელსაც შეუძლია მტრის შეჩერება, უკრაინაში მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში ჩამოვა. ამიტომ კონტრშეტევა შესაძლებელია არაუადრეს ივნისის შუა რიცხვებამდე. დიდი ალბათობით, ეს იქნება ივნისის მეორე ნახევარი“, – განაცხადა არესტოვიჩმა.

დღეს უკრაინის პრეზიდენტის კიდევ ერთმა მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა თქვა, რომ „დენაციფიკაცია არის ის, რაც უახლოეს მომავალში მოელის რუსეთს“.

___

ამავე თემაზე:

დენაციფიკაცია არის ის, რაც უახლოეს მომავალში მოელის რუსეთს – პოდოლიაკი

დენაციფიკაცია არის ის, რაც უახლოეს მომავალში მოელის რუსეთს – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი წერს, რომ დენაციფიკაცია – ტერმინი, რომელიც რუსეთმა უკრაინაზე თავდასხმის საბაბად გამოიყენა, რუსებისთვის „რთული გასაგები და წარმოსათქმელი“ აღმოჩნდა. მაგრამ ახლა „ტერმინის სწორად წერის, წარმოთქმისა და ინტერპრეტირების სწავლის დროა“, რადგან ეს „ელის რუსეთს“.

„კრემლმა გადაწყვიტა უარი თქვას ტერმინზე – „დენაციფიკაცია“; რამდენადაც კვლევამ აჩვენა, რუსებმა არ იციან მისი მნიშვნელობა და უჭირთ მისი გამოთქმა. სერიოზულად? შეიჭერით სხვა ქვეყანაში, მასობრივად დახოცეთ მშვიდობიანი მოქალაქეები გამოგონილი საბაბით და შემდეგ უბრალოდ გადაიფიქრეთ?

კეთილი, მომიწევს ამ ომის ყველა მხარდამჭერი გავანაწყენო. ახლა ამ ტერმინის სწორად წერის, წარმოთქმისა და ინტერპრეტირების სწავლის დროა. რადგან დენაციფიკაცია არის ის, რაც უახლოეს მომავალში ელის რუსეთს მასობრივად. ჩვენ უნდა გავანადგუროთ რუსული ნაციზმი,“ – წერს პოდოლიაკი.

რუსეთის არმია უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. მაშინ ვლადიმერ პუტინმა ამ „სპეცოპერაციის“ მიზნები ასე ჩამოაყალიბა – უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია.

თომასმა ჰუმანიტარულ ფუთაში ზელენსკისთვის წერილი ჩადო, 12 წლის ბიჭს პრეზიდენტმა უპასუხა – BBC

12 წლის თომასმა, ბრიტანელმა სკოლის მოსწავლემ, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის წერილი მისწერა და  მისგან პასუხიც მიიღო. მან წერილი თანაკლასელებთან ერთად უკრაინელებისთვის შეგროვებული ჰუმანიტარული დახმარების ფუთებში ჩადო. როგორც BBC-ი წერს, თომასი დარემის ტრინიტის სკოლისა და სასპორტო კოლეჯის მოსწავლეა.

თომასი მიმართავს რა „საუკეთესო პრეზიდენტს“, ვოლოდიმირ ზელენსკის სწერდა, რომ „ბედნიერია ეხმარებოდეს“ უკრაინას.  მიუხედავად იმისა, რომ არავინ ელოდა პასუხს, გასულ კვირას თომასის სკოლამ 23 აპრილით დათარიღებული, ინგლისურად დაბეჭდილი წერილი მიიღო ვოლოდიმირ ზელენსკის ხელმოწერით.

12 წლის თომასის წერილი უკრაინის პრეზიდენტს. ფოტო: დარემის ტრინიტის სკოლა

მასწავლებელი რობინ ჰადდენი, BBC-სთან ამბობს, რომ როდესაც წერილი მიიღეს, ვერ იჯერებდნენ, რომ მათ უკრაინის პრეზიდენტმა უპასუხა: „ვერ ვიჯერებდით, როდესაც წერილი მოვიდა. ჩვენი ოფისის თანამშრომლებმა გახსნეს იგი. წერილის ადრესატად მითითებული იყო: „თომასს, ტრინიტის სკოლაში“. შემდეგ მოიკითხეს საკლასო ოთახებში, რადგან უკან არაფერს ველოდით. ეს ნამდვილად პერსონალური პასუხია, რომელიც მადლობას უხდის თომასს მისი ფიქრებისათვის და ეუბნება, რომ (ზელენსკი) იმედოვნებს უკრაინის ყველა მოქალაქისთვის მშვიდობას, ისევე როგორც უყვება, თუ როგორ ააშენებენ თავიდან ქალაქებს და როგორ ახარებს გაერთიანებული სამეფოს დახმარება“.

„ძვირფასო თომას,

გმადლობ შენი მხარდამჭერი წერილისთვის. მე კარგად ვარ და მადლობას გიხდი დახმარებისთვის. იმედი გვაქვს, გვექნება მშვიდობა უკრაინაში, საკვები მთელი ქვეყნის მოსახლეობისთვის და თავიდან ავაშენებთ ქალაქებს. მე და ბევრ სხვას გვახარებს, რაც ჩვენთვის გამოგზავნილ წერილში თქვი და რასაც გაერთიანებული სამეფო აკეთებს მხარდაჭერისთვის,“ – ვკითხულობთ უკრაინის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ წერილში.

 

უკრაინის პრეზიდენტის საპასუხო წერილი 12 წლის თომასის. ფოტო: დარემის ტრინიტის სკოლა

ჰუმანიტარული ტვირთი, რომელშიც თომასმა თავისი წერილი ჩადო, პოლონეთში აღმოსავლეთ ვარშავის რკინიგზის სადგურზე გახსნილ ლტოლვილთა მიმღებ ცენტრში გასულ თვეს გაიგზავნა.

გაგზავნილ ნივთებთან ერთად იყო რბილი სათამაშო დათუნიები, რომელთა შესახებაც თომასი ზელენსკის სწერდა: „რამდენიმე დათუნია შენი ქვეყნისთვის, მათ შორის, საჭმელთან ერთად“. იგი ასევე სწერდა, რომ იმედოვნებს უკრაინა „დაამარცხებს რუსეთს“ და რომ „პუტინს ძალიან ეშინია ომის შესახებ სიმართლის თქმის“.

თომასის დედამ, კიმბერლიმ, BBC-ის უთხრა, რომ მისი შვილი აღტაცებული დაბრუნდა პარასკევს სახლში:

„თომასი სკოლიდან სახლში (წერილის) ფრიალით დაბრუნდა – არ ვიცი, თუ მოვახერხებთ მისთვის ხელიდან [წერილის] გამორთმევას, მაგრამ ვაპირებთ ჩარჩოში ჩავსვათ და ჩვენს სახლში საპატიო ადგილზე განვათავსოთ“.

სკოლა ასევე აპირებს პრეზიდენტის წერილის ასლი ჩარჩოში ჩასვას და გამოფინოს.

„ბედნიერი ვიყავი პასუხის მიღებით. სკოლამაც სერტიფიკატი გადმომცა და მითხრა – „ყოჩაღ“, – დასძენს თომასი.

____
მთავარი ფოტო: 12 წლის თომასი პრეზიდენტ ზელენსკისგან მიღებული წერილით ხელში. დარემის ტრინიტის სკოლა

ოფთალმოლოგის უფასო კონსულტაცია ქედაში 40+ ასაკის პირებისთვის

ხვალ, 6 მაისს, ქედაში, სოფელ პირველ მაისის ამბულატორიაში, ოფთალმოლოგები: ეკა გვარიშვილი და ლიკა მელიქაძე უფასო გამოკვლევებსა და კონსულტაციებს ჩაატარებენ.

აქციაში მონაწილეობა შეუძლიათ ქედაში მცხოვრებ იმ პირებს, რომელთა ასაკი 40 წელს აღემატება.

აქციის ორგანიზატორია კლინიკა „საგიტარიუსი“. კლინიკის ცნობით, უფასო გამოკვლევები ქედაში ჩატარდება უახლესი აპარატურით.

მოქალაქეების მიღება სოფელ პირველ მაისის ამბულატორიაში დილის 10 საათზე დაიწყება.

მარიუპოლელ 8 წლის ბიჭს დედა დაეღუპა, თავად სარდაფში დაიმარხა, მაგრამ გადარჩა

უკრაინული მედიის მიხედვით, მარიუპოლელი მიშკასა და მისი ოჯახის ისტორია გამაოგნებელია: მიშკა მხოლოდ 8 წლისაა. მისი დედა მარტში დაიღუპა… მოგვიანებით კი ბიჭი ოჯახთან ერთად სარდაფში დაიმარხა, სადაც რუსული ავიაციის დაბომბვების დროს იმალებოდნენ. ოჯახმა გადარჩენა მოახერხა.

მიშკას მამა ზრდის. კაცს მიშკას გარდა კიდევ 2 შვილი ჰყავს. სწორედ კაცმა მოახერხა გადაერჩინა თავისი შვილები, რომლებთან ერთადაც სარდაფში დაიმარხა. მან ნიჩბებით გათხარა გადასასვლელი მეზობელ სარდაფში.

„დედა მარტის თვეში გარდაიცვალა, მამას სამი შვილი დარჩა. ერთ დღესაც დაბომბეს და… 8 წლის მიშა და მისი ოჯახი სარდაფში ცოცხლად დაიმარხნენ… მამამ ნიჩაბი აიღო და მეზობელ მიწისქვეშა თავშესაფარში გადასასვლელი გამოთხარა. ასე გადარჩნენ“, – ნათქვამია შეტყობინებაში.

გადარჩენილ ბიჭს ჰკითხეს, რაზე ოცნებობს. ბავშვმა თქვა, რომ მხოლოდ ერთი სურვილი აქვს – დედა რომ გაცოცხლდეს…

მას ჰკითხეს, კიდევ ხომ არ სურს რამე. ბიჭი დაფიქრდა და თქვა, რომ „სხვა არაფერი სჭირდება“.

მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ არც ერთი უკრაინელი არ დარჩეს საცხოვრებლის გარეშე – თინათინ ზოიძე

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის განცხადებით, მაქსიმუმს აკეთებენ იმისთვის, რომ უკრაინიდან ლტოლვილი არც ერთი მოქალაქე არ დარჩეს საცხოვრებლის გარეშე. ამის შესახებ დღეს, 5 მაისს, განაცხადა თინათინ ზოიძემ, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

„იმატა მომართვიანობამ როგორც საზღვრიდან ახალშემოსული უკრაინის მოქალაქეების, ასევე, საქართველოს სხვა რეგიონებში მყოფი მოქალაქეებიც უკვე ჩამოდიან ბათუმში, გაზრდილია მომართვიანობა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან, აჭარის მთავრობასთან და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად მაქსიმუმს აკეთებს, რომ უკრაინის თითოეული მოქალაქისთვის მოძიებული იქნას ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი.

უკრაინის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც განთავსებულნი არიან მაღალი კლასის სასტუმროებში, უკვე გამოიძებნა ბინები. ასევე, სხვა ტიპის ალტერნატიული საცხოვრებელი ეტაპობრივად იქნება შეთავაზებული.

ჩვენთვის უკრაინის თემა არის ძალიან სენსიტიური. ძალიან სოლიდარულად ვართ განწყობილი იმ პროცესების მიმართ, რაც უკრაინაში ხდება. სახელმწიფო აკეთებს მაქსიმუმს შესაძლებლობების ფარგლებში, რომ არც ერთი უკრაინელი არ დარჩეს საცხოვრებლის გარეშე.

აქტიურად ვართ კომუნიკაციაში იმ მოქალაქეებთან, რომლებიც განთავსებულნი არიან როგორც მაღალი კლასის სასტუმროებში, ასევე, ზოგადად აჭარაში და ჩვენ მათთან კოორდინაციაში მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ უკრაინის არც ერთი მოქალაქე არ დარჩეს საცხოვრისის გარეშე,“ – განაცხადა თინათინ ზოიძემ.

ამავე თემაზე: 

„6 მაისს უნდა დავტოვოთ სასტუმრო“ – დევნილები მარიუპოლიდან ბათუმშიც ღია ცის ქვეშ რჩებიან

 

თიბისი ქუთაისში რეგიონულ ბიზნეს ფორუმს მასპინძლობს

7 მაისს, 300-მდე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელი ქუთაისში თიბისის მიერ ორგანიზებულ ფორუმზე შეიკრიბება, რომელიც აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება.

ბიზნესის მხარდაჭერა და რეგიონული განვითარების ხელშეწყობა თიბისისთვის პრიორიტეტული მიმართულებებია. რეგიონული ფორუმების მიზანი კი ადგილობრივი ბიზნესების მხარდაჭერა, სექტორში მიმდინარე სიახლეების გაცნობა და ინფორმაციის მიწოდებაა. 2022 წელს ეს რიგით მეორე ფორუმია, რომელიც თიბისი ბიზნესის ორგანიზებით ჩატარდება.

ფორუმის სპიკერები დარგის გამოცდილი ექსპერტები არიან, რომლებიც ბიზნესისთვის აქტუალურ თემებზე ისაუბრებენ, მათ შორის, სოფლის მეურნეობის პროდუქტების საექსპორტო შესაძლებლობებზე, ფინანსური აღრიცხვიანობის სტანდარტის დანერგვაზე, კანონმდებლობაში მნიშვნელოვან საგადასახადო ცვლილებებზე, ბრენდისა და მარკეტინგის აქტუალურ საკითხებზე.

ფორუმის დასაწყისში მაკრო-ეკონომიკურ მიმოხილვას გააკეთებს თიბისის მთავარი ეკონომისტი ოთარ ნადარაია, ხოლო ფორუმის მეორე ნაწილში სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებს საინტერესო მასტერკლასი ელოდებათ შეფ ლუკა ნაჭყებიასგან. ასევე, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ დაესწრონ დავით მაყაშვილის, მარიამ ქოიავას, დავით პაპიაშვილის, შოთა ჩინჩალაძის და გიორგი პოპიაშვილის სესიებს.

გარდა ამისა, ფორუმის მიზანი, ბიზნესების ერთად შეკრება და მათი კომუნის გააქტიურება, ერთმანეთში აზრების და გამოცდილების გაზიარებაა. ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ იმერეთის რეგიონის მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგებლები, ასევე დაინტერესებული პირები თბილისიდან.

პირველი რეგიონული ბიზნესფორუმი, რომელიც 2022 წელს თიბისიმ ჩაატარა, გორში გაიმართა, შეხვედრები წლის განმავლობაში ეტაპობრივად საქართველოს ყველა რეგიონში ჩატარდება.

რა შეუძლია Stormer-ს, რომელსაც ბრიტანეთი უგზავნის უკრაინას

„ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ტანკსაწინააღმდეგო იარაღი უკრაინის შეიარაღებულ ძალებში,“ – წერს უკრაინული გამოცემა „უნიანი“ ბრიტანული Brimstone-ის ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების შესახებ.

ბრიტანული რაკეტების უკრაინისთვის მიწოდების შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა, უკრაინის უმაღლეს რადაში ონლაინგამოსვლის დროს განაცხადა. 3 მაისს ბორის ჯონსონმა თქვა, რომ სამხედრო დახმარება მოიცავს Brimstone-ის რაკეტებსა და Stormer-ის საზენიტო სისტემებს ჯავშანტექნიკასთან ერთად, რაც უკრაინას დაეხმარება თავდასხმის ქვეშ მყოფი ტერიტორიებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციასა და ოფიციალური პირების დაცვაში.

Brimstone-ის რაკეტები

Brimstone შეიქმნა, როგორც ამერიკული საჰაერო რაკეტის მოდერნიზებული ვარიანტი AGM-114 Helllfire. ის 45 კილოგრამს იწონის და მისი გაშვების დიაპაზონია 40-დან 60 კილომეტრამდე. ის ვერტმფრენებისა და თვითმფრინავების ერთ-ერთი მთავარი ტანკსაწინააღმდეგო იარაღია და 2005 წლიდან არის ნატოს წევრი ქვეყნების არსენალში.

Brimstone-ის რაკეტას აქვს ლაზერის სხივით დამიზნების, ასევე ზალპური გაშვების შესაძლებლობა.

ბრიტანული ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები ასევე შეძლებენ სანაპიროდან 10-12 კილომეტრის რადიუსში მდებარე საპატრულო კატარღების განადგურებას.

Stormer-ის ჯავშანტექნიკა კი, შესაძლოა გამოიყენო საჰაერო თავდასხმისგან დასაცავად.

Stormer -ის ჯავშანტექნიკა 13.5 ტონაა და გადაადგილდება 80 კმ/სიჩქარით. ჯავშანტექნიკა აღჭურვილია სახურავზე დამონტაჟებული საჰაერო თავდაცვის გამაფრთხილებელი მოწყობილობით, რომელიც სამიზნეების აღმოჩენას უზრუნველყოფს.

Stormer -ში სამი ადამიანის ადგილია: მძღოლის, მეთაურისა და ოპერატორის.

___

მთავარი ფოტო:


	

რუსეთისა და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – ახალი მონაცემები

უკრაინამ და რუსეთმა, ომის დაწყებიდან დღემდე პერიოდში, სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 5 მაისამდე პერიოდში რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 24 700 ადამიანი
  • ტანკი – 1092 ერთეული
  • ჯავშანტექნიკა / APV – 2 651 ერთეული
  • საარტილერიო სისტემა – 499 ერთეული
  • MLRS – 169 ერთეული
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 83 ერთეული
  • თვითმფრინავი – 196 ერთეული
  • ვერტმფრენი – 155 ერთეული
  • საავტომობილო მანქანა – 1 907 ერთეული
  • გემი/ნავი – 10 ერთეული
  • საწვავის ავზი – 76 ერთეული
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 312
  • სპეციალური აღჭურვილობა – 38
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 89

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს, 5 მაისს, დილით გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 5 მაისამდე პერიოდში, სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 149 თვითმფრინავი
  • 112 ვერტმფრენი
  • 726 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 288 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 2 834 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 325 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 1 306 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 2 646 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა 5 მაისის განახლებაში წერს, რომ შეინიშნება ბელარუსის სახმელეთო ძალების გადაადგილება გარნიზონიდან საწვრთნელ ველზე. თუმცა ეს სეზონური ნორმების ფარგლებში ჯდება, რადგანაც ზამთრის წვრთნები ბელარუსში მაისში სრულდება.

ამავე თემაზე:

ომი უკრაინაში: რა სურს თურქეთს?

აზოვსტალის საიდუმლო გვირაბები ოკუპანტებს ქარხნის ყოფილმა თანამშრომელმა აჩვენა – გერაშჩენკო

რუსებმა იპოვეს აზოვსტალის მოღალატე ყოფილი თანამშრომელი, რომელმაც მათ საწარმოს საიდუმლო მიწისქვეშა შესასვლელები აჩვენა. ოკუპანტებს ახლა შტურმი ამ გვირაბებზე მიაქვთ. ამის შესახებ მედიას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, ანტონ გერაშჩენკომ განუცხადა.

„არამზადა რუსებმა ქარხნის თანამშრომლებს შორის იპოვეს მოღალატე, რომელიღაც ელექტრიკოსი. მან აჩვენა გვირაბები, რომლებიც მიწისქვეშ გადის ქარხნის ტერიტორიაზე. მოღალატისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, გუშინ რუსებმა ამ გვირაბებზე დაიწყეს შტურმი“, – განაცხადა გერაშჩენკომ.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სწორედ ამიტომ მარიუპოლში მოულოდნელად ჩავიდა რუსი პროპაგანდისტი ვლადიმერ სოლოვიოვი.

„მას [სოლოვიოვს] დაჰპირდნენ, რომ არამზადა რუსები „აზოვსტალზე“ შტურმს მიიტანდნენ და ის შეძლებდა გადაეღო უკრაინელ მცველებზე „გამარჯვება“. გუშინ ეს არ მოხდა, ჩვენი მებრძოლები აზოვსტალის ტერიტორიის დაცვას აგრძელებენ“, – ხაზგასმით აღნიშნა გერაშჩენკომ.

აზოვის პოლკის მეთაურმა, პოდპოლკოვნიკმა დენის პროკოპენოკომ წუხელ გაავრცელა ვიდეომიმართვა, სადაც მან თქვა, რომ აგრძელებენ წინააღმდეგობის გაწევას. გუშინ უკრაინის მაღალი თანამდებობის პირებმა განაცხადეს, რომ ქარხანას ბომბავდნენ ციდან, ხმელეთიდან და ზღვიდანაც. ასევე, შეტაკებებში მონაწილეობდა არტილერია.

გუშინ, 4 მაისს, რამდენიმე საათის განმავლობაში უკრაინის ხელისუფლება აცხადებდა, რომ აზოვსტალის მებრძოლებთან კავშირი დაიკარგა. საღამოს საათებში კი განაცხადეს, რომ კავშირი აღდგა.

___

მთავარი ფოტო: უნიანი. აზოვსტალი

5 მაისს ხულოში მოთოვა

დღეს, 5 მაისს, ხულოში მოთოვა. სოფელ თხილვანაში, როგორც ამ სოფლის მცხოვრები თეიმურაზ ქამადაძე „ბათუმელებს“ ეუბნება, ამ დროისთვის ინტენსიურად თოვს.

თხილვანაში 5 მაისს თოვლი მოვიდა/ფოტო: თეიმურაზ ქამადაძე.

სოფელში ხეხილი აყვავებულია. როგორც თეიმურაზ ქამადაძე გვეუბნება, შესაძლოა თოვლმა ყვავილი დააზიანოს, რაც მოსავალზე აისახება. „შეიძლება მოყინოს“- გვითხრა ქამადაძემ.

ხულო, სოფელი თხილვანა, 2022 წლის 5 მაისი.
ფოტო: თეიმურაზ ქამადაძე

რუსეთი ბელარუსის სამხედრო წვრთნების გამოყენებას შეეცდება – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა 5 მაისის განახლებაში წერს, რომ შეინიშნება ბელარუსის სახმელეთო ძალების გადაადგილება გარნიზონიდან საწვრთნელ ველზე. თუმცა ეს სეზონური ნორმების ფარგლებში ჯდება, რადგანაც ზამთრის წვრთნები ბელარუსში მაისში სრულდება.

„რუსეთი, დიდი ალბათობით, ეცდება, უფრო სერიოზულად  წარმოაჩინოს საფრთხე, რომელსაც ეს წვრთნები უკრაინისთვის წარმოადგენს და ამით უკრაინის ძალები ჩრდილოეთში შეაჩეროს, არ მისცეს მათ დონბასში მიმდინარე ბრძოლებში ჩართვის საშუალება“, – აღნიშნავს უწყება.

ბრიტანეთის დაზვერვა მიუთითებს, რომ დღეისთვის არაა მოსალოდნელი სტანდარტული წვრთნებიდან გადახვევა, რაც საფრთხეს შეუქმნიდა მოკავშირეებსა და პარტნიორებს.

საერთაშორისო მედიის ცნობით, ფართომასშტაბიანი წვრთნების მიზანი, ბელარუსის ხელისუფლების განცხადებით, ქვეყნის შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების შემოწმებაა.

ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, საველე წვრთნები „არანაირ საფრთხეს არ შეუქმნის არც კონკრეტულად მეზობელ სახელმწიფოებს და არც მთლიანად ევროპას“.

ბელარუსს სამხრეთით ესაზღვრება უკრაინა, დასავლეთით – პოლონეთი, ჩრდილოდასავლეთით – ლიეტუვა და ლატვია, ხოლო აღმოსავლეთით – რუსეთი.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის უწყება უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებას ყოველდღიურად აქვეყნებს. გუშინდელ, 4 მაისის შეფასებაში უწყება აღნიშნავდა, რომ რუსეთი, სავარაუდოდ, აპირებს, გასცდეს იზიუმს და დაიპყროს ქალაქები – კრამატორსკი და სევეროდონეცკი. ამ ქალაქების დაკავება კი რუსეთს საშუალებას მისცემს, გააძლიეროს თავისი სამხედრო კონტროლი ჩრდილო-აღმოსავლეთ დონბასში, ხოლო ეს ტერიტორიები გამოიყენოს პლაცდარმად იმისთვის, რომ რეგიონიდან მთლიანად განდევნოს უკრაინის სამხედრო ძალები.

მთავარი ფოტო: ალექსანდრ ლუკაშენკო სამხედრო წვრთნებზე, 2020/Atlantic Council

„6 მაისს უნდა დავტოვოთ სასტუმრო“ – დევნილები მარიუპოლიდან ბათუმშიც ღია ცის ქვეშ რჩებიან

„გაგვაფრთხილეს, რომ 6 მაისს, დილის 12 საათამდე უნდა დავტოვოთ სასტუმრო. სად წავიდეთ? – ვიკითხეთ ჩვენ. გვიპასუხეს, არ ვიცითო,“ – ამბობს დევნილი მარიუპოლიდან, სადაც დღეს, 4 მაისს მარიუპოლის მერის, ვადიმ ბოიჩენკოს განცხადებით, დაკარგეს კონტაქტი აზოვსტალის მეტალურგიულ ქარხანაში გამაგრებულ მებრძოლებსა და მშვიდობიან მოქალაქეებთან.

კიევიდან დევნილი ადამიანების ნაწილი ბათუმში სასტუმრო „თანამგზავრში“ ცხოვრობს. კაცი, რომელმაც გვთხოვა მისი ვინაობა არ გაგვემხილა, გვაჩვენა ერთ-ერთი სასტუმროს ფოიეში გამოკრული განცხადებაც: „უკრაინელმა სტუმრებმა სასტუმრო უნდა დატოვოთ 6 მაისამდე“

ფოტო მოგვაწოდა უკრაინიდან დევნილმა

ის, რასაც უკრაინელი დევნილი ამბობს, დაგვიდასტურეს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში. აქ განმარტეს, რომ უკრაინიდან შემოსულ ადამიანებს მხოლოდ ორი კვირა შეუძლიათ უფასოდ სასტუმროში გაჩერება, რადგან „იმატა ნაკადების შემოსვლამ უკრაინიდან“ . დეპარტამენტში განმარტეს, რომ სასტუმრო „თანამგზავრი“ გამონაკლისი არ არის და ეს ერთიანი მიდგომაა.

„თავდაპირველად მარტო ჩამოვედი ბათუმში 15 მარტს და „ორბიში“ ჩვეულებრივად ფულს ვიხდიდი,“ – გვიყვება დევნილი უკრაინიდან, – „შემდეგ შევხვდი უკრაინელებს აქ და მითხრეს, რომ შემეძლო სხვა სასტუმროში მეცხოვრა უფასოდ. მაშინვე გადავედი სასტუმრო „ინტურისტში“, სადაც რამდენიმე ღამე გავჩერდი და 24 აპრილიდან უკვე „თანამგზავრში“ ვარ. ჩემი მეგობარი ქალი და მისი ორი შვილი შემდეგ ჩამოვიდნენ ჩემთან. ისინი მიწისქვეშა სამალავში იყვნენ რამდენიმე დღე მარიუპოლში და შემდეგ მანქანით მოახერხეს გამოღწევა…

სამსახურს ვეძებთ, არ ვიცი, სად წავიდეთ. ჩემ მეგობარ ქალს დაპირდნენ სამსახურს და ველოდებით. მას შეუძლია სილამაზის სალონში იმუშაოს, სტილისტია. თუ ის იმუშავებს, მირჩევნია ბავშვებს მივხედო, ისინი პატარები არიან და მარტო ვერ დავტოვებთ.

ამ სასტუმროში ბევრი უკრაინელია, სულ ცოტა 24 მანქანაა სასტუმროს ეზოში უკრაინელების. არ ვიცი, სად უნდა წავიდეთ… ჩვენც მანქანით ვართ, მაგრამ ის შესაკეთებელია, თანაც, მანქანაში არ ვიცი, როგორ ვიცხოვრებთ,“ – გვითხრა უკრაინიდან დევნილმა.

„ჩვენი ქვეყნის ფინანსური რესურსი არის შეზღუდული, უკვე 20 დღეა ისინი ამის შესახებ გაფრთხილებული არიან,“ – ამბობს თინა ზოიძე, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღანელი. ის განმარტავს, რომ დეპარტამენტი უკრაინიდან დევნილებს იაფად ბინის პოვნაში დაეხმარება და ამისთვის მოხალისეთა ჯგუფი შექმნეს.

რას სთავაზობს საქართველო იმ დევნილს, რომელსაც არსად წასასვლელი არ აქვს და ვერც სამსახური იპოვა?

„ეს ძალიან სიღრმისეული საკითხია, ამ ეტაპზე თანამონაწილეობა არ არის თანხობრივი… ეს გამოწვეა არის დღის წერსიგში, მაგრამ მხოლოდ ტურიზის დეპარტამენტი არ არის კომპეტენტური ყველა კითხვას გავცეთ პასუხი,“ – აღნიშნა თინა ზოიძემ „ბათუმელებთან“.

დეპარტამენტში ვერ გვითხრეს ზუსტი ციფრი, რამდენით გაიზარდა ნაკადი უკრაინიდან საქართველოში. თინა ზოიძის თქმით, 4 მაისის მდგომარეობით, 400-მდე ადამიანი უკრაინიდან უფასოდ არის განთავსებული სხვადასხვა სასტუმროში.

„ახალ ნაკადსაც ვთავაზობთ 2 კვირით უფასოდ გაჩერებას, რომ იპოვონ სამსახური და საცხოვრებელი ადგილი. 150-მდე ადამიანი უკვე გადავიდა კიდეც ცალკე საცხოვრებლად… ზაფხული მოდის, ჩამოდიან ვიზიტორები და ეს ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ კერძო სექტორის ინტერესებიც, რაღაც ბალანსი უნდა ვიპოვოთ,“ – გვითხრა თინა ზოიძემ, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

Exit mobile version