მთავარი,სიახლეები

„პენსიონერი როცა ხდება ადამიანი, შშმ აღარ არის?!“ – დისკუსია ბათუმში შშმ პირთა პრობლემებზე

05.05.2022 •
„პენსიონერი როცა ხდება ადამიანი, შშმ აღარ არის?!“ – დისკუსია ბათუმში შშმ პირთა პრობლემებზე

დღეს, 5 მაისს, ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“, ევროპის დამოუკიდებელი ცხოვრების დღისადმი მიძღვნილ პანელური დისკუსია გაიმართა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებებთან დაკავშირებით. დისკუსიაში სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები შშმ პირები მონაწილეობდნენ.

დისკუსიაში მონაწილე პირები იმ პრობლემებზე საუბრობდნენ, რაც საქართველოში ხელს უშლის შშმ ადამიანებს დამოუკიდებელ ცხოვრებაში. საუბარი იყო როგორც გაუმართავ და არახელმისაწვდომ გარემოზე, ასევე ჯანდაცვის სერვისებსა და განათლების ხელმისაწვდომობაზე.

შშმ პირების განცხადებით, დღემდე პრობლემად რჩება არაადაპტირებული გარემო ეტლით მოსარგებლე და უსინათლო ადამიანებისთვის.  სმენის არმქონე პირები საუბრობდნენ ჟესტური ენის აუცილებლობაზე საჯარო უწყებებში, რადგან ისინი საჭიროების შემთხვევაში ვერ იღებენ შესაბამის მომსახურებას.

ასევე, საუბარი იყო იმაზე, რომ ბანკებში თუ სხვა დაწესებულებებში, სადაც დოკუმენტაციის გაცნობა და მოქალაქის ხელმოწერაა საჭირო, უსინათლო მოქალაქეები მომსახურებას ვერ იღებენ.

„ადამიანებს ვერ გამოაქვთ სამომხმარებლო სესხი, იმიტომ, რომ დოკუმენტზე ხელს ვერ მოგაწერინებო – ასე ეუბნებიან ბანკში. მაშინ, როცა მათ შეუძლიათ სხვა, ალტერნატიული მომსახურება შესთავაზონ, აუდიოჩაწერა მოხდეს, ვთქვათ, ამ შეთანხმების ან სხვა რამ.

ელექტრონულ ხელწერაზეც უარს ეუბნებიან, რადგან ვერ ხედავს. ელექტრონული ხელწერა რომც ჰქონდეს უსინათლო ადამიანს, მაინც პრობლემაა,“ – ამბობს რამინ მაჭარაშვილი.

დისკუსია შშმ პირების უფლებებზე

პრობლემაა ჟესტური ენის სწავლების საკითხი როგორც სკოლებში, ასევე სხვა სტრუქტურებშიც, რადგან სმენის არმქონე ადამიანები ვერ ამყარებენ სრულფასოვან კომუნიკაციას მომსახურე პერსონალთან.

პრობლემად რჩება შშმ ბავშვებისთვის სასკოლო ტრანსპორტით მომსახურება. დისკუსიაში მონაწილე ქალმა, რომელიც თელავთან ახლოს სოფელში ცხოვრობს, თქვა, რომ მისი შვილი, რომელსაც მობილობის შეზღუდვა აქვს, ერთი წელია სკოლაში არ წასულა, რადგან ტრანსპორტი არ ემსახურება.

დეა ერემაშვილის თქმით, ცვლილებებია საჭირო საკანონმდებლო მიმართულებითაც, რადგან როდესაც შშმ პირი საპენსიო ასაკს აღწევს, პენსიონერთა რეესტრში გადასვლის შემდეგ კარგავს შშმ პირის სტატუსს.

„შემდეგ დრო სჭირდება ამ სტატუსის აღდგენას და ის ვეღარ იღებს სახელმწიფო შემწეობას. გარდა ამისა,  სახელმწიფო პენსია უფრო მაღალია, ვიდრე შშმ პირის შემწეობა. თუ პირი ასაკობრივ პენსიას დაიტოვებს, მაშინ შშმ სტატუსი უნდა მოიხსნას და ეს გაუგებარია. პენსიონერი როცა ხდება ადამიანი, შშმ აღარ არის?! ეს საკანონმდებლო ხარვეზი, ვფიქრობ, უნდა გამოსწორდეს,“ – ამბობს დეა.

დისკუსიაზე ასევე ითქვა, რომ დიდი მოთხოვნაა პერსონალური ასისტენტის სერვისზე, რომლის საპილოტე პროგრამა მხოლოდ წელს დაინერგა აჭარაში, ქვეყნის მასშტაბით კი მხოლოდ 2025 წლიდან არის ამ პროგრამის ამოქმედებაზე საუბარი.

შშმ პირების თქმით, პერსონალური ასისტენტი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან შშმ ბავშვების თუ მოზარდების მშობლები ვეღარ ახერხებენ დასაქმებას, რადგან ისინი მთლიანად ჩართულნი არიან მათ მოვლაში, „შესაბამისად, ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაც მძიმდება“.

შეხვედრაზე მოწვეულნი იყვნენ საქართველოს პარლამენტის, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე და, ასევე, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.

შეხვედრის ორგანიზატორები იყვნენ: ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“, „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის“ და სამოქალაქო საზოგადოება შშმ პირთა უფლებებისთვის საქართველოში“.

გადაბეჭდვის წესი