ბათუმი,მთავარი,სიახლეები

საწყისი ფასი 3,6 მილიონი – აჭარის მთავრობა ქობულეთში კლინიკა „ბომონდის“ შენობას ყიდის

06.05.2022 • 2955
საწყისი ფასი 3,6 მილიონი – აჭარის მთავრობა ქობულეთში კლინიკა „ბომონდის“ შენობას ყიდის

ქობულეთში, ზღვასთან ახლოს მდებარე მიწის ნაკვეთს და შენობას, რომელშიც ამჟამად კლინიკა „ბომონდი“ ფუნქციონირებს, აჭარის მთავრობა პირობიან აუქციონზე ყიდის. საწყისი გასაყიდი ფასი 3,6 მილიონი ლარია.

პირობა ახალი შენობის აშენებას და მასში [ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 5 წლის ვადაში] კლინიკის განთავსებას ითვალისწინებს, თუმცა მომავალი მესაკუთრე ვალდებული იქნება საავადმყოფოს პროფილი მხოლოდ 10 წლით შეუნარჩუნოს.

მომავალი მესაკუთრე ასევე ვალდებული იქნება საკუთრებაში გადაცემულ ქონებაში უზრუნველყოს სამედიცინო დაწესებულების ფუნქციონირება – მშენებლობის პერიოდშიც.

აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი ქონება ქობულეთში/ფოტო აუქციონიდან

ქობულეთში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე 7 241 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების [საერთო ფართობით – 1 345 კვ.მ] საწყისი გასაყიდი ფასი 3,6 მილიონი ლარია. ბიჯი – 80 ათასი ლარი. ელექტრონული აუქციონი 2022 წლის 25 მაისს დასრულდება.

აუქციონის შენიშვნაში მითითებულია, რომ „უძრავ ქონებაში განთავსებულია მოქმედი სამედიცინო დაწესებულება [„ბომონდი“-ავტ.], რომელიც აუქციონში გამარჯვებულთან შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს ორი თვის ვადაში უზრუნველყობს ფართობის გამოთავისუფლებას.“

საჯარო რეესტრის მონაცემებით, შპს „ქობულეთის ცენტრალური საავადმყოფო – ბომონდის“ მესაკუთრეა შპს „სამედიცინო საინვესტიციო ჯგუფი“, რომელიც ქუთაისშია რეგისტრირებული. ამ კომპანიის 100% წილის მფლობელი და დირექტორი კი, მამუკა მიქაძეა.

აპირებს თუ არა „ბომონდი“ აუქციონზე გამოტანილი ქონების შესყიდვას? – ამის გარკვევა „ბათუმელებმა“ მამუკა მიქაძესთან სცადა, თუმცა მან ჩვენს სატელეფონო ზარს არ უპასუხა.

ვინ არის დაინტერესებული ქონების ყიდვით და რა პირობით სარგებლობდა/სარგებლობს სახელმწიფო ქონებას „ბომონდი“ – ამ კითხვებზე „ბათუმელებმა“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან პასუხი ამ დრომდე ვერ მიიღო.

აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი ქონება ქობულეთში/ფოტო აუქციონიდან

აუქციონის პირობა

„საბოლოო საპრივატიზებო საფასურის გადახდა აუქციონის დასრულებიდან 2 ეტაპად, კერძოდ: 2022 წლის 1-ელ დეკემბრამდე საბოლოო საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 25%-ის გადახდა; 2023 წლის 1-ელ დეკემბრამდე დარჩენილი საპრივატიზებო საფასურის გადახდა.

ხელშეკრულების გაფორმებიდან:

  • არაუგვიანეს 2 თვის ვადაში უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარმოდგენა საბოლოო საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 1%-ის ოდენობით, რომლის ვადაც არანაკლებ 2 თვით უნდა აღემატებოდეს საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას;
  • არაუგვიანეს 12 თვის ვადაში მშენებლობა/რეკონსტრუქცია/რემონტის შესაბამისი ნებართვის მიღება;
  • არაუგვიანეს 36 თვის ვადაში სამედიცინო დაწესებულებისათვის საჭირო შენობა-ნაგებობის მშენებლობა/რეკონსტრუქცია/რემონტის სამუშაოების დასრულება;
  • არაუგვიანეს 60 თვის ვადაში სამედიცინო დაწესებულების აღჭურვა, ექსპლუატაციაში მიღება და ამოქმედება;
  • არაუგვიანეს 60 თვის ვადაში სამედიცინო დაწესებულების მშენებლობა/რეკონსტრუქცია/რემონტისთვის და აღჭურვისათვის არანაკლებ 10 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელება;

სამედიცინო დაწესებულების ამოქმედებიდან არანაკლებ 10 წლის განმავლობაში პროფილის შენარჩუნება და პროფილის შენარჩუნების ვადით არანაკლებ 100 ადამიანის დასაქმება;

საინვესტიციო ვალდებულებების შესრულების, მათ შორის მშენებლობა/რეკონსტრუქცია/რემონტის პერიოდში, საკუთრებაში გადაცემულ ქონებაში სამედიცინო დაწესებულების ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

ხელშეკრულების გაფორმებიდან 36 თვის ვადაში საკუთრებაში გადაცემული ქონების ნაწილზე, არანაკლებ 1 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, სკვერის მოწყობა და მუდმივად მისი მოვლა-პატრონობა, სადაც არ შეიზღუდება მესამე პირთა გადაადგილება“.

აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი ნაკვეთი ქობულეთში [მონიშნულია წითელი ფერით]

გადაბეჭდვის წესი


ასევე: