გერმანია უკრაინას 7 თვითმავალ, ბრონირებულ „ჰაუბიცას“ მიაწვდის – ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული მედია ავრცელებს ქვეყნის თავდაცვის მინისტრ კრისტიან ლაბერხტზე დაყრდნობით.
„ჰაუბიცა“ – Panzerhaubitzen 2000-ს შეუძლია ჭურვის გასროლა 40 კილომეტრამდე მანძილზე.
ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ გერმანია შესთავაზებს უკრაინელ სამხედროებს მძიმე არტილერიის გამოყენების სწავლებას. გერმანიის თავდაცვის სამინისტროს არ დაუსახელებია „ჰაუბიცების“ მიწოდების ვადა, მაგრამ უკრაინელი ჯარისკაცების წვრთნა მომავალ კვირას იგეგმება.
უკრაინაში დამატებით დახმარებას გაგზავნის ფინეთიც. ამის შესახებ 5 მაისს განაცხადა ფინეთის თავდაცვის მინისტრმა. ფინეთის დახმარების, მიწოდების მეთოდისა და განრიგის დეტალები არ საჯაროვდება, „რათა უზრუნველყოფილი იყოს დახმარების დანიშნულების ადგილის უსაფრთხოდ მიღწევა,“ – აცხადებს ფინეთის თავდაცვის სამინისტრო.
თუმცა ფინეთის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ დამატებითი დახმარება ითვალისწინებს როგორც უკრაინის საჭიროებებს, ასევე ფინეთის თავდაცვის ძალების ამჟამინდელ რესურსებს.
„უკრაინას ძალიან სჭირდება დამატებითი დახმარება. ჩვენ გავზრდით უკრაინის სამხედრო ტექნიკით დახმარებას”, – განაცხადა ფინეთის თავდაცვის მინისტრმა ანტი კაიკონენმა.
_______________
ფოტოზე: Panzerhaubitzen 2000. ფოტო: ვიკიპედია






